მთავარი,სიახლეები

რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

13.07.2022 • 28471
რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

„გამარჯობა, გადავწყვიტე მექსიკით ამერიკაში წასვლა. მაინტერესებს რა თანხა დამჭირდება?“ „პოლონეთის ლოტოტრონს რამდენი ხანია ელოდებით?“ „გადამყვანის გარეშე კანკუნი თუ მექსიკო სიტი?“ „ფოლკსტონში, ციხეში თუ გადაუყვანიხართ ვინმე და რამდენი დღით ყოფილხართ?“ „სპონსორი თუ არ მყავს როგორ მოვიქცე?“ „მესამე დღეა ჩაბარდა და დარეკვის უფლება როდიდან აქვს?“ – ამ და მსგავსი სახის უამრავ კითხვას შეხვდებით ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში „მექსიკიდან ამერიკაში“.

საქართველოს ასობით მოქალაქე, ნახევარ წელზე მეტია ყოველდღიურად კვეთს მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს და ლტოლვილად ბარდება.

გზა აშშ-ის საზღვრამდე რთულია, ძვირი და სიცოცხლისთვის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, რამდენად სარისკოა ამ გზით შტატებში მოხვედრა, ისინი მაინც მიდიან. მიდის ყველა ასაკის ადამიანი, მიდიან ოჯახებით და ხშირად თოთო ბავშვებით.

ანა (სახელი შეცვლილია) საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება მექსიკის ვიზის მიღებაში. მექსიკაში ლეგალურად მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეებს ორი გზა აქვთ – მექსიკის ვიზა ან პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.

მექსიკის ვიზის მისაღებად საჭიროა ჯერ ელექტრონული განაცხადის შევსება, შემდეგ კი თურქეთში მდებარე მექსიკის გენერალურ საკონსულოში ჩასვლა და გასაუბრების გავლა. ანას თქმით, თუ ადრე მექსიკის ვიზის მიღება დიდ სირთულესთან არ იყო დაკავშირებული, ბოლო დროს გართულდა.

„ახალი წლის შემდეგ სისტემა დაალაგეს. ლეგალურად წასვლის შანსი შემცირდა, შემოსული განცხადებების მხოლოდ 20% იღებს ვიზას, ყველა ვეღარ გადის. სტამბოლში კონსული არაა, მექსიკის ელჩია და საკმაოდ მკაცრი ქალია. ეტყობა ელჩსაც უკვე მოსწყინდა ერთი და იგივე ისტორიების მოსმენა – „საქორწინო მოგზაურობაში მივდივარ“, „ჩემი ცოლის დაბადების დღეა“ და მსგავსი.

მექსიკაში წასვლის მეორე გზაა პოლონეთის D კატეგორიის ვიზა, რომლის მიღებაც ასევე გართულებულია. პოლონეთის საკონსულოში შეაქვთ საბუთები, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი რიგია, 3-4 თვე უწევთ მოქალაქეებს ლოდინი. ლოტოტრონით თამაშდება, თუ ვის განაცხადს განიხილავს საკონსულო,“ – გვიხსნის ანა.

თუ პირველ ბარიერს – მექსიკაში ლეგალურად ჩასვლას გადალახავს პირი, შემდეგ იწყება მეორე სირთულე – მოგზაურობა საზღვრამდე. ძირითადი მარშრუტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ათვისებული, რომელიმე ევროპული ქალაქიდან (ლისაბონი, მადრიდი) მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნამდე ჩასვლაა. კანკუნიდან კი შიდა ფრენით სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში ჩასვლა.

კანკუნიდან ტიხუანამდე ჩასასვლელად საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ე.წ. „გადამყვანის“ მომსახურებით.

გადამყვანები არიან ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 10-12 ათასი დოლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფენ მოქალაქეების აშშ-ის საზღვრამდე მიცილებას.

  • გადამყვანები

გვანცა თოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე გარკვეული ხნის განმავლობაში ფიქრობდა. პირველ რიგში დაიწყო ინფორმაციის მოძიება – რა უნდა ექნა, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში შესულიყო. როგორც გვანცა „ბათუმელებს“ უყვება, ამ ძიებისას აღმოაჩინა, რომ აუცილებელი იყო ეპოვა „გადამყვანი“. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ ჯერ მექსიკის საზღვარი გადაეკვეთა და შემდეგ მექსიკიდან აშშ-ის საზღვრამდე უსაფრთხოდ მისულიყო.

„უამრავი პოსტი წავიკითხე იმის შესახებ, როგორ წავსულიყავი მექსიკის გავლით ამერიკაში. ერთი ინფორმაცია, რაც ყველას აერთიანებს იყო ის, რომ აუცილებლად მჭირდებოდა ადამიანი, ვინც დამეხმარებოდა გადასვლაში. ე.წ. გადამყვანი. ეს ნიშნავდა, რომ უპრობლემოდ შევიდოდი მექსიკაში, რამდენიმე დღეს დავყოფდი იქ, მერე მეტყოდნენ კონკრეტულ დროს და მიმიყვანდნენ აშშ-მექსიკის საზღვართან. ვკითხე მეგობრებს, იმ ხალხს, ვინც უკვე ჩასული იყო ამერიკაში და დამაკავშირეს გადამყვანთან. გადამყვანმა მომთხოვა 12 ათასი დოლარი. წინასწარი პირობის თანახმად, მეტყოდა, რომელ აეროპორტში უნდა ჩავსულიყავი, შემიყვანდა მექსიკის საზღვარზე, შემდეგ აეროპორტიდან მიმიყვანდა სასტუმროში, სადაც რამდენიმე დღეს დავრჩებოდი და უნდა დავლოდებოდი მისგან ზარს. კონკრეტულ დღეს ვერ მეუბნებოდა, რამდენი დღე დამჭირდებოდა ლოდინი.

როცა დარეკავდა, ეს ზარი ნიშნავდა შემდეგს – ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ გადაგიყვანოთ საზღვარზე. მოგაკითხავდა სასტუმროში, ჩაგსვამდა მანქანაში, გზაზე რა პრობლემაც შეგვხვდებოდა (პოლიცია გაგვაჩერებდა თუ სხვა რამ), ყველას მოგვარებას მის თავზე იღებდა. რადგან ეს თანხა ძვირი იყო ჩემთვის, ვკითხე რა თანხის გადახდა მომიწევდა იმ შემთხვევაში, თუკი მე ჩავიდოდი მექსიკაში, დავიქირავებდი სასტუმროს და ის მხოლოდ საზღვრამდე მიმიყვანდა. 3500 დოლარი მითხრა მარტო საზღვარზე მიყვანა,“ – იხსენებს გვანცა თოთაძე.

მისივე თქმით საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამხელა თანხის გადახდა, შემდეგ კი საემიგრაციო ციხეში მოხვედრა არ უნდოდა და წასვლა გადაიფიქრა.

„იმდენად არარეალური თანხა თქვეს, გარანტიების და ყოველგვარი ნათელი გეგმის გარეშე, გამოდის ასე ზეპირ სიტყვას უნდა მიენდო. ამიტომ ამ მეთოდით და ამ სქემით წასვლას არ ვაპირებ. ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე და მივიღე, იმდენად მიუღებელია, რომ არ მინდა ამ „ბრმა ფულის კეთების“ პროცესში ჩაბმა,“ – ამბობს გვანცა თოთაძე.

საქართველოს მოქალაქეები, მექსიკიდან ამერიკაში წასვლის მსურველთათვის შექმნილ ფეისბუქჯგუფებში ჰყვებიან საკუთარი გამოცდილებაზე. ჰყვებიან, თუ როგორ მოუწიათ წელამდე წყალში მდინარის გადალახვა, როგორ გარბოდნენ საზღვრისკენ და როგორ ემალებოდნენ მექსიკელ მესაზღვრეებს.

არალეგალური მიგრაცია საფრთხის შემცველია. დიდი შანსია, რომ საზღვრამდე წაგართვან ფული, ტელეფონი, ძვირფასი ნივთები ან სულაც მექსიკის ციხეში აღმოჩნდეთ. იმის გამო, რომ სასაზღვრო ქალაქი ტიხუანა ცნობილია, როგორც არალეგალური მიგრაციისთვის ხელსაყრელი ადგილი, საპოლიციო კონტროლი გამკაცრებულია.

მიუხედავად ყველა ამ რისკისა, საქართველოს მოქალაქეები უკანასკნელ თეთრებს იხდიან და მაინც ადგებიან არალეგალური მიგრაციის გზას.

  • რა ხდება მას შემდეგ, რაც არალეგალი მიგრანტი ამერიკელ მესაზღვრეს ბარდება

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარს არალეგალურად კვეთს. უმრავლესობა არ გადის სტანდარტულ პროცედურებს (იგულისხმება, როდესაც ჯერ მექსიკის მხარეს გაივლი შემოწმებას და შემდეგ აშშ-ის მხარეს ბარდები ამერიკელ მესაზღვრეს), არამედ თავს არიდებენ მექსიკის მხარეს სასაზღვრო კონტროლის გავლას, არალეგალურად კვეთენ აშშ-ის საზღვარს და ელოდებიან ამერიკელ მესაზღვრეს.

მას შემდეგ, რაც ამერიკელ მესაზღვრეებს ჩაბარდებიან, მოქალაქეები გადაჰყავთ წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში. საიდანაც ან რამდენიმე დღეში პირობით გარეთ უშვებენ ან საემიგრაციო ციხეში ხვდებიან.

ბელა მაღლაფერიძე, საემიგრაციო კონსულტანტი

ბელა მაღლაფერიძე საემიგრაციო კონსულტანტია. ის და მისი მეგობარი ელენე ბერიძე საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევენ ამერიკაში ახალჩასულ საქართველოს მოქალაქეებს. ბელა „ბათუმელებს“ უყვება იმ სირთულეებზე, რომლის წინაშეც სარისკო და სახიფათო გზის გავლის შემდეგ ამერიკაში ჩასული მოქალაქეები დგებიან.

„ხშირად წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში მოხვედრის შემდეგ მოქალაქეს მალევე ათავისუფლებენ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც გადაამოწმებენ და დარწმუნდებიან, რომ ამ ადამიანს ამერიკაში ვიღაც ელოდება. საუბარია ე.წ. სპონსორზე. სპონსორი არის ადამიანი, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ ეს მოქალაქე ქუჩაში არ დარჩება და არ იქნება მშიერი. ამაში მესაზღვრე უნდა დარწმუნდეს. სხვა შემთხვევაში არ გაუშვებს.

რისკია მშიერი, გაწამებული, უფულო, უსაბუთო მიგრანტის გაშვება ქუჩაში. ეს ასევე არაჰუმანურია. მესაზღვრე რეკავს სპონსორის ამერიკულ ნომერზე და ამოწმებს ამერიკული მისამართის ნამდვილობას.

ამის შემდეგ არალეგალ პირს, რომელიც არის პირობითი მსჯავრდებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოსთვის, უმაგრებენ სპეციალურ ელექტრონულ სამაჯურს. მოქალაქე ვალდებულია, პრობაციის პერიოდში კვირაში ერთხელ, მის მიერ დაფიქსირებული მისამართიდან ჯიპიეს მოწყობილობის მეშვეობით გაიაროს მისამართის დადასტურება, რომ ნამდვილად იმყოფება ამ მისამართზე და სხვაგან არ წასულა,“ – ამბობს ბელა მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, ხშირად მესაზღვრე იღებს პირად გადაწყვეტილებას არალეგალი გადაიყვანოს თუ არა საემიგრაციო ციხეში.

„ეს არ გულისხმობს იმას, რომ ისინი, ვინც ციხეში გადაჰყავთ, გათავისუფლების შემდეგ რაიმე განსხვავებული საემიგრაციო სტატუსით იქნებიან, ვიდრე ისინი, ვინც პირდაპირ სასაზღვრო გამანაწილებელი პუნქტიდან გაუშვეს,“ – ამბობს ბელა.

  • წინასწარი დაკავების ოთახი

წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში ხვდება ყველა, ვინც საზღვარს არალეგალურად კვეთს. მესაზღვრე არალეგალებს ართმევს ყველა პირად ნივთს: ტელეფონს, ფულს, სამკაულებს, ტანსაცმელს. გათავისუფლების შემდეგ ტანსაცმლის გარდა ყველაფერს უკან უბრუნებენ. შედეგად, პირი, რომელიც წინასწარი დაკავების ოთახიდან ან საემიგრაციო ციხიდან გამოდის, რჩება მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რომელიც დაკავების მომენტში ეცვა.

„არიან ემიგრანტები, რომლებიც გააზრებულად წამოვიდნენ და არიან ისეთები, რომლებიც გამოიქცნენ. ამ უკანასკნელებს საზღვრისპირა ქალაქიდან ნიუ იორკამდე ჩამოსასვლელი ბილეთის ფულიც არ აქვთ. არალეგალი მიგრანტების 99% მოდის ნიუ იორკში. ნიუ იორკი არის დემოკრატიული შტატი: ამერიკის გული, სადაც ემიგრანტისთვის, ყველაზე მარტივია ადაპტირება, მარტივია მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღება, როგორიც არის მაგალითად, შტატის აიდი ბარათი, მართვის მოწმობა, უფასო დაზღვევა. აი, ამ ბენეფიტების გამო მოდიან ნიუ იორკში.

ასევე აქ არის დიდი ბირთვი ქართველი ემიგრანტების. ამიტომ თავის გატანა, ნაცნობის პოვნა, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება ძალიან მარტივია. ნიუ ორკამდე ფრენა, საემიგრაციო ციხეებიდან, რომელიც არის ჯორჯიაში, არიზონაში ან ტეხასში, ჯდება 300-500 დოლარი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ბელა მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, ამ ბილეთებს ადრე წითელი ჯვარი ყიდულობდა, მაგრამ ახლა აღარ ყიდულობს. ამას გარდა, საზღვარზე მრავლად არიან თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ყალბ ბილეთებს ყიდიან და ამერიკაში ახლადჩასული მიგრანტების ხარჯზე ხელს ითბობენ.

„მსმენია ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ და დარჩნენ ღია ცის ქვეშ. ასეთი ადამიანებისთვის მე და ჩემი მეგობარი ელენე ბერიძე გავერთიანდით. ჩვენს გაერთიანებას ხუმრობით დავარქვით „ელო და ბელო“, შევეხმიანეთ აქაური რესტორნის მფლობელებს, რომ თითოეულ რესტორანს ჩვენთვის დაეთმო ფართობი იმისათვის, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან ჩაგვეტარებინა საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრები. მათი თხოვნები და გასაჭირი მოგვესმინა და გადაგვეწყვიტა მათი პრობლემები.

რესტორნებმა თავის მხრივ გამოთქვეს სურვილი, რომ მათ გაუმასპინძლდებიან. ფაქტობრივად, ყოველ დღე ვხვდებით ამ ადამიანებს და ვუწევთ საინფორმაციო კონსულტაციას. ასევე შეუძლიათ ამ შეხვედრებზე კვება. ჩემი დაკვირვებით ამ ადამიანებს საჭმელზე უფრო ინფორმაცია სჭირდებათ, რადგან აბსოლუტურად გაუაზრებლად მოდიან.

წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ამ ქვეყანაში. მოდიან ილუზიებით, უცხო ადამიანების იმედად და ეს უცხო ადამიანები უცებ იკარგებიან, ისინი კი რჩებიან მარტო, რეალობის წინაშე.

ახლა იგეგმება საქველმოქმედო კონცერტი ახალჩამოსული უმუშევარი ემიგრანტებისთვის, რომლებიც სამხრეთ საზღვრიდან (მექსიკიდან) შემოვიდნენ და ვერ იპოვეს სამსახური,“ – ამბობს ბელა მარლაფერიძე.

  • ამერიკული ოცნება და დეპრესია

ბელა მაღლაფერიძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე უამრავი პირადი ისტორიის მოსმენა უწევს. ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც დიდი ოცნებებით ჩავიდნენ ამერიკაში, უამრავი დაბრკოლება გადალახეს, მაგრამ ახლა მძიმე დეპრესიას ებრძვიან.

„ეს ადამიანები არიან ძალიან მძიმე, ფარული ემოციური სტრესის ქვეშ. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, ბევრია ისეთი, რომელიც გაუაზრებლად ჩამოვიდა აქ. გაუაზრებლად გაყიდეს ბინა, ჩამოვიდნენ, რომ ის ბინა თავიდან იყიდონ და ახლა მიხვდნენ, რომ ეს არ უნდა ექნათ.

კი, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად გამოექცნენ გაჭირვებას. უამრავი ადამიანი მირეკავს, დოკუმენტების მოწესრიგებაში ვეხმარები და, შესაბამისად, ეს ისტორიები ჩემთან იყრის თავს. ზოგი დიდი ენთუზიაზმით მოდის.

ამერიკას ეს ენერგეტიკა აქვს, როგორც კი ამ მიწაზე ფეხს დადგამ, მაშინვე გერთვება ყოვლისშემძლეობის განცდა. ეს ქვეყანა ყველაფერს მოგცემს, თუკი იმუშავებ.

დეპრესია უფრო მხვდება არა ახლადჩამოსულებთან, არამედ ცოტა უფრო მერე. ერთი და ორი თვე რომ გადის და ვერ პოულობენ საკუთარ თავს.

პირველ დღეებში ეს ემოცია და სტრესი აბსოლუტურად გაბათილებულია იმით, რომ ისინი არიან ამერიკაში. მაგრამ გადის ერთი თვე და ხვდებიან, რომ ენის არასაკმარისი ცოდნის გამო, არასაკმარისი კონტაქტების გამო, იმის გამოც, რომ არ იყვნენ მზად ემიგრაციისთვის, გაუაზრებელი ნაბიჯების გამო წინ ვერ მიდიან. ვერ შოულობენ სამსახურს. იწყება დეპრესია. ეს არის უფრო არასწორი გადაწყვეტილების დეპრესია, ვიდრე განვლილი რთული გზის, რიო გრანდე რომ გადმოცურა და ა.შ. არავის არ უწუწუნია ჩემთან იმ გზაზე, რომ ციხეში იჯდა ან რამე. ამის პრობლემა არ აქვთ ამ ადამიანებს. სხვა იმედგაცრუება აქვთ.

დაურეკავთ ჩემთან და უთქვამთ – ფეხზე გვაქვს გამობმული ელექტრონული სამაჯური, როგორ მოვიხსნა, საქართველოში მივდივარ. გადიან მერე პროცედურებს და ბრუნდებიან საქართველოში. ამერიკა კი არის ოცნებების ქვეყანა, მაგრამ მათი ოცნებები არ ემთხვევა იმ რეალობას, რაც აქ დახვდათ. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება უკან დაბრუნების“.

  • ემიგრაციის გაახალგაზრდავებული ასაკი

ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წამსვლელთა ასაკი მნიშნელოვნადაა გაახალგაზრდავებული. ბელა მაღლაფერიძე პირად დაკვირვებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ემიგრანტების დიდი წილი მოდის 20-30 წლის ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოში საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს.

„ემიგრაცია ძალიან გაახალგაზრდავდა. გამოვყოფდი ორ ტიპს. 20-30 წლამდე ასაკის ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოდის. მთელი Gen-Z აქ არის. ეს მხვდება თვალში. ასევე თვალში საცემია ევროპის ქვეყნებიდან რემიგრაცია. ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საბერძნეთსა და იტალიაში მუშაობის უფლება, ახლა უკვე ამერიკაში გადმობარგდნენ. ემიგრაციის მეორე წრეზე წავიდნენ. დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა ფეისბუქჯგუფმა და სოციალურმა დისკუსიებმა. ზეპირად იციან ჩვენი ანაზღაურება, ხელფასები, ამერიკული ცხოვრების წესი.

საქართველოში დაბრუნებისთვის ვერ ხედავენ ვერანაირ მიზეზს, გაუჩნდათ იმის შანსი, იყვნენ ემიგრაციაში, ოღონდ ეკონომიკურად უფრო მძლავრ ქვეყანაში. აქ საუბარია იმაზე, რომ მათი, როგორც ემიგრანტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ისინი არც ევროპიდან აპირებდნენ საქართველოში დაბრუნებას და არც ამერიკიდან დაბრუნდებიან.

მათ საქართველოს მიმართ აქვთ რევერსული კულტურული შოკი. როდესაც დიდხნიანი ემიგრაციიდან ბრუნდები შენს ქვეყანაში, შენი ქვეყნის წესები გიშლის ნერვებს. ამას ჰქვია რევერსული კულტურული შოკი. ძალიან ბევრ ადამიანს დაემართა ეს რევერსული კულტურული შოკი“, – ამბობს ბელა მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს აქვს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა.

„ნაწილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. დაბალი ხელფასები, თვითრეალიზების  შეუძლებლობა. მე ცოტა ადრე ვარ წამოსული. ემიგრანტების ჩემ თაობას, კონკრეტული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ წამოვიდა. ახლა ახალი თაობის ემიგრანტებს ფინანსური პრობლემების პარალელურად, აქვთ საქართველოში თვითრეალიზების პრობლემაც. ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს და განვითარებას ამ ქვეყანაში.

ეს არის მძიმე მოსასმენი ჩემთვის, რადგან ჩემი შვილებიც საქართველოში იზრდებიან. არ მინდა მათაც ერთ დღეს გადაწყვიტონ, რომ თვითრეალიზებული არ არიან“.

___

მთავარი ფოტო: ნათია როყვა, ნიუ იორკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: