მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, ოპოზიცია მოტივირებული რომ იყოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიღებაზე? – ინტერვიუ

13.07.2022 • 1328
რა მოხდება, ოპოზიცია მოტივირებული რომ იყოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიღებაზე? – ინტერვიუ

„პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არის… ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით,“ – მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი. ის დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტარების განცხადებებს უსმენდა საქართველოს შესახებ, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე.

კახა გოგოლაშვილის აზრით, ვიდრე დასავლეთში ექნებათ განცდა, რომ საქართველოში რეალურად პოლიტიკურ ძალებს ევროინტეგრაცია არ სურთ, კანდიდატის სტატუსის მოლოდინი და ევროინტეგრაცია შესაძლოა წლობით გაგრძელდეს.

რა შეუძლია ამ დროს ხალხს? – „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის უფროს მკვლევართან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, რატომ გაუხანგრძლივა ევროკავშირმა რეკომენდაციების შესრულების ვადა საქართველოს? თქვენთვის რის მაჩვენებელია ევროპარლამენტარების დღეს გაკეთებული განცხადებები? 

ევროკომისიას რომ დაენახა, საქართველო სწრაფი ტემპით შეუდგა იმ შენიშვნების გამოსწორებას, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციებში იყო ასახული, ამას არ გააკეთებდა. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად საქართველოში რჩება პოლარიზება და ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ შეიმჩნევა. დღეს ამას გაუსვა ხაზი ევროკომისიის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა.

როგორც ჩანს, ევროკავშირი ყველაზე დიდ პრობლემას ხედავს საქართველოს შემთხვევაში ამ დეპოლარიზებაში, რადგან დეპოლარიზების გარეშე შეუძლებელია სხვა საკითხების გადაწყვეტა რეალურად. შეუძლებელია თანხმობის მიღწევა რეალურად რეფორმების პროცესის გატარება და ეფექტური შედეგის მიღწევა. აბსოლუტურად ყველა საკითხს სჭირდება შეთანხმება და კომპრომისების მოძიება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, სხვაგვარად ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება.

  • თუმცა ევროპელი ლიდერები ხშირად ხაზგასმით საუბრობენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. თუ მმართველი პოლიტიკური ძალა დღეს არ დგამს ნაბიჯს პოლარიზების შესამცირებლად, ხვალ რატომ მოინდომებს ამას? 

არ მოინდომებს, მაგრამ 2023 წელს ევროკომისიამ მაინც უნდა მოამზადოს ანგარიში გაფართოებასთან დაკავშირებით და შეიმუშაოს გეგმა. ამიტომაც იფიქრეს, რომ ახლა ცალკე აღარ უნდა იწვალონ საქართველოს გამო, როცა საქართველოში ჩანან პოლიტიკური ძალები დაინტერესებული ტემპის შენარჩუნებით. საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა აისახოს ევროკომისიის მიერ გაფართოების სტრატეგიაში, რომელსაც ევროკომისია აკეთებს 2023 წელს არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ეს შეეხება ყველა ქვეყანას, რომელიც ჩართულია გაფართოების პროცესში.

წლის ბოლოს რომც ყოფილიყო მინიშნება, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ევროსაბჭო მაინც დაელოდება გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელსაც აკეთებს ევროკომისია. ერთგვარად რაციონალიზაცია მოახდინეს ამ საკითხის, რომ ცალკე რესურსი არ დახარჯონ საქართველოზე.

ჩემი აზრით, ისინი [დასავლეთი] არა მგონია, მარტო ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. ოპოზიციამაც დაუშვა შეცდომები დეპოლარიზების მიმართულებით, მაგალითად, როცა შეთავაზებულ მოლაპარაკებებში არ მიიღეს მონაწილეობა და არ დასხდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ევროკომისიაში ეჭვი ეპარებათ ხელისუფლების ინტერესში, რომ მათ რეალურად სწრაფად უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ხელისუფლებას შესაძლოა არ აწყობდეს რეკომენდაციების შესრულება. მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილსაც არ სურდეს კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის ახლა მინიჭება. იქნებ, კანდიდატის სტატუსით ამ ხელისუფლებას შემდეგ არჩევნებზე უფრო მყარი პოზიციები გაუჩნდეს. ეს ეჭვები ჩნდება, როცა დეპოლარიზებაზე ვსაუბრობთ.

ევროკომისიაში ხედავენ, რომ პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არ არის, ამ როლს დღეს არავინ ასრულებს. ევროკომისიაში ფიქრობენ, ჩვენ რატომ მოვიკლათ თავი, დაველოდოთ 2023 წელს. თუ არ იქნება მინიმუმ დეპოლარიზება მიღწეული, ევროკომისია მაინცადამაინც არ იდარდებს, გინდა თუ არა მიანიჭოს საქართველოს ეს სტატუსი. შესაძლოა, ეს პროცესი წლები გაგრძელდეს და გაიწელოს.

  • ანუ ევროკავშირი ტოვებს შანსს, რომ საქართველო რეალურად ევროინტეგრაციის მიღმა დარჩეს? 

ევროინტეგრაციის მიღმა საქართველო ვეღარ დარჩება, რადგან უკვე მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა, თუმცა შესაძლოა, წინსვლა არ გვქონდეს ამ პროცესში.

  • თქვენი დაკვირვებით, დღეს რამდენიმე ევროპარლამენტარმა რატომ გააკეთა აქცენტი ოლიგარქიაზე და იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას? 

არც ერთი დემოკრატია არ არსებობს, სადაც არაფორმალური მმართველობა განაგებს ქვეყანას. დემოკრატიას აქვს თავისი კანონები და ევროკავშირს აქვს ეს მოთხოვნა ქვეყანასთან, რომელიც მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე წინ. ეს მოთხოვნა არის, პირველ რიგში, პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობა და დემოკრატიის განვითარების დონე.

დეპოლარიზებაც ამიტომაც არის უპირველესი ამოცანა, რომ ქვეყანაში არსებობდეს კომპრომისი და კონსენსუსი, წავიდეს რეფორმების პროცესი. დეოლიგარქიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. თუ პრემიერი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ევროკომისია როგორ ესაუბროს მას, ან რომელიმე მინისტრს საქართველოში? თუ ეს მინისტრები მანდატებს იღებენ ხალხისგან და შემდეგ რეალურად სხვა პირის დავალებას ასრულებენ?

  • ეს ნიშნავს თუ არა წინაპირობას ივანიშვილის სანქცირებისთვის, თუ მხოლოდ გზავნილია საქართველოში ამომრჩევლებისთვის? 

არ ვიცი, რეალურად რა იქნება სანქციებთან დაკავშირებით. ვიცი ის, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება და სანქციებს იყენებენ რეალურად მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ატარებს ცუდ პოლიტიკას, როგორც, მაგალითად, რუსეთი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ, მაგალითად, რუსეთს ეხმარებიან, ან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაშია ერთი კონკრეტული პირი ჩართული.

თუმცა, თუ საქართველოს სურს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიდეს, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს ხელისუფლების საქმიანობაში გარედან ჩარევას. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ივანიშვილზეა საუბარი. ამას რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, საჭიროა ხელისუფლება და ოპოზიცია სერიოზულად და მშვიდად დაელაპარაკოს ერთმანეთს. შესაძლოა, ევროკომისიაც ჩართონ ამ პროცესში, მაგრამ თუ ისინი ერთმანეთს ვერ ესაუბრებიან, ცხადია, ევროკომისიასაც ვერ ჩართავენ.

  • სამოქალაქო სექტორიც საუბრობს კონკრეტულ კანონპროექტებზე, მაგალითად, საარჩევნო რეფორმაზე, ან გენპროკურორის დანიშვნის წესზე, რის მიღებაც ხელისუფლებას დღესვე შეეძლო. 

ევროპარლამენტში უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილებები და ამჯერად უფრო მკვეთრი ფორმები მიიღო დეოლიგარქიზაციაზე საუბარმა. საბოლოო ჯამში, მიიჩნიეს, რომ საქართველოში უნდა შეიზღუდოს ოლიგარქის შესაძლებლობები, ჩაერიოს პოლიტიკაში.

  • ხედავთ ამის რესურსს, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ დაუშვას ასეთი კანონის მიღება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენებს შეასუსტებს? 

შესაძლებელია, რომ შეუკვეცონ შესაძლებლობები, რომ ჩაერიოს გადაწყვეტილებებში, ამისთვის საჭიროა იურისტების მუშაობა. ეს შესაძლებელია პრინციპულად, მაგრამ ჩანს მოტივაციის პრობლემა. მე რომ დარწმუნებული  ვიყო,  ოპოზიცია რეალურად მოტივირებულია საქართველომ სწრაფად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დარწმუნებული ვარ, მეტი იქნებოდა ზეწოლა ხელისუფლებაზე… სხვაგვარად გაუგებარია, როცა ხელისუფლება გთავაზობს, შევხვდეთ და ვისაუბროთო, რატომ არ იღებ ამ შეთავაზებას.

  • რატომ არ არის დამაჯერებელი ოპოზიციის არგუმენტი, როცა იგივე საარჩევნო რეფორმაზე კანონპროექტი თაროზეა შემოდებული, ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მას შემდეგ გვექნება, თუკი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. 

მესმის, მაგრამ როცა დეპოლარიზაციის მოთხოვნაზეა საუბარი, ნებისმიერი წინადადება უნდა მიიღო, თუ ეს არ ეწინააღმდეგება რაღაც პრინციპულს. გარდა ამისა, მიდი ამ შეხვედრაზე და თანაც ეს მოითხოვე, ეს რატომ არ შეიძლება? ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით და შენც უშლი ხელს რეალურად დეპოლარიზაციას.

ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ტაქტიკა და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა. თუ ის მიზანს ვერ მიაღწევს, შემდეგ ჩარიოს ხალხი და მასობრივად მოახდინოს ზეწოლა. ოპოზიციამ ჯერ მთლიანად უნდა ამოწუროს შესაძლებლობები.

  • რეკომენდაციების შესრულების გადავადება ამცირებს კანდიდატის მიღების რესურსს? 

ჩვენ შესაძლოა წლებია ასე ველოდოთ სტატუსს, თუ არ იქნება რეალური ინტერესი ევროინტეგრაციის. ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში კი, ხელისუფლება, რომ შეასრულოს ის, რასაც ევროკავშირი ითხოვს.

ვფიქრობ, ეს [ვადის გახანგრძლივება] უფრო ზრდის შანსს, რადგან ევროკომისიამ მეტი დრო მისცა პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, დეპოლარიზება მოახდინონ. დასავლეთში ხედავენ, რომ ოპოზიციაც ვერ უდგება სათანადო პასუხისმგებლობით ამ პროცესს. ძირითადად ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩანს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლებაც თავის სტრატეგიას აგებს მოწინააღმდეგის მარცხზე, მის დაკნინებაზე. გამოდის, რომ არც ერთს არ აწყობს შედეგი, რომელსაც მივიღებთ რეკომენდაციების  შესრულებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: