მთავარი,სიახლეები

ჰაკერებმა მერკელის ნომრით ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის გატეხა სცადეს

13.07.2022
ჰაკერებმა მერკელის ნომრით ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის გატეხა სცადეს

კონსტიტუციის დაცვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტსა და გერმანელ პოლიტიკოსებზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტებს იძიებენ.

ჰაკერებმა ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის WhatsApp-ის ანგარიშის გატეხა სცადეს. მას გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მობილურის ნომრიდან გაუგზავნეს სმს შეტყობინება, რომელიც ლაგარდს კონტაქტის WhatsApp-ში გაგრძელებას სთავაზობდა.

ამის შესახებ გერმანულმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა სახელისუფლო წრეებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. მოგვიანებით ჰაკერული თავდასხმა ევროპის ცენტრალური ბანკის პრესსპიკერმაც დაადასტურა.

გამოცემის ცნობით, ჰაკერებს სურდათ, ლაგარდის ანგარიშზე წვდომა მოეპოვებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს – კრისტინ ლაგარდმა, რომელსაც ანგელა მერკელთან პირადი მეგობრობა აკავშირებს, სმს-ის მიღებისთანავე მერკელს დაურეკა და დააზუსტა, მართლა მან გაუგზავნა თუ არა შეტყობინება.

Business Insider-ის ცნობით, ლაგარდი ჰაკერების ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა, „მათ ნადირობა გამოაცხადეს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებზე და ამისთვის გერმანელი მაღალჩინოსნების მოპარულ პირად მონაცემებს იყენებდნენ“.

გამოძიებაში, რომელიც პოლიციამ დაიწყო, მონაწილეობენ კონსტიტუციის დაცვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურები. ორივე უწყებამ ბუნდესტაგის დეპუტატებს უკვე დაუგზავნა გაფრთხილება ჰაკერების მეთოდების შესახებ.

მთავარი ფოტო: კრისტინ ლაგარდი და ანგელა მერკელი/ფოტო: კრისტინ ლაგარდის ტვიტერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.