ნეტგაზეთი • RU

რა ღირს ზაფხულში დასვენება ბეშუმში, გოდერძისა და გომარდულში

რა ღირს დასვენება 2022 წლის ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში და აისახა თუ არა გაძვირებული ფასები მთის კურორტებზეც?

„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა ბეშუმში, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ. მათი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ფასები გაზრდილია.

მადონა რიჟვაძე ბეშუმში კოტეჯს 20 დღით 1300 ლარად აქირავებს. ამ თანხაში კომუნალური გადასახადებიც შედის.

„ეს შედარებით იაფია, რადგან ამაზე ძვირიც ღირს კოტეჯები. ზოგიერთ კოტეჯში ადამიანების რაოდენობასაც ითვლიან, მე არ ვითვლი. კოტეჯი ორსართულიანია, უზრუნველყოფილია სველი წერტილებით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ამ თანხაში კვება არ შედის“ – გვეუბნება მადონა.

მისი თქმით, გასულ წელს კოტეჯი 1000 ლარად გააქირავა, მაგრამ წელს, რადგან კოტეჯში ტექნიკა დაამატა, ფასიც გაიზარდა.

კოტეჯი რომელიც 1300 ლარად ქირავდება

„პირველ რიგში ამ გზაზე უნდა იფიქროს ყველამ,  იქნება ეს ტურისტული სააგენტოები თუ სხვა, მიწერონ მთავრობას, რომ გზები მოაწესრიგონ. ძალიან ბევრი ტურისტი ამ გზის გამო იკავებს თავს. მაგალითად სოფელ რიყეთში იმხელა ორმოებია გზაზე, პატარა მანქანა ჩავა შიგ. საშინელი გზებია. დილით რვაზე რომ წავედი, საღამოს 5 საათზე ძლივს ავედით“ – გვეუბნება მადონა.

მისი თქმით, დამსვენებელთა ნაკადი ძირითადად აგვისტოდან მატულობს, თუმცა ახლაც არიან დასვენების მსურველები.

ბეშუმში სახლს აქირავებს ინდირა ნაკაშიძეც აქირავებს, დღეში – 50 ლარად. კოტეჯში 4 ადამიანს შეუძლია ღამის გათევა. ფასში არ შედის კვება.

„ტყეში არ ვარ, იქ გაცილებით ძვირია კოტეჯები, ჩემი კოტეჯი ე.წ. შემოღობილთან არის ახლოს“ – გვეუბნება ინდირა.

ეს სახლი კი ბეშუმში შეგიძლიათ დღეში 50 ლარად იქირაოთ.

ბეშუმში კიდევ ერთი კოტეჯის მფლობელს, დათო პაქსაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, წელს ნაკლებია დამსვენებელი.

„შარშან უფრო იყო მოთხოვნა, წელსაც არიან მსურველები, მაგრამ ფასს როცა ვეუბნები, ეძვირებათ. შარშან 1500 ლარში მქონდა გაქირავებული სეზონზე, წელს 1700 ლარია და როცა ფასს იგებენ, მაშინვე გარბიან, მიუხედავად იმისა, რომ მე შედარებით ლიბერალური ფასი მაქვს“- გვეუბნება ის.

მისი თქმით, კოტეჯში ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის, თუმცა დამსვენებლებს ფასი მაინც ეძვირებათ.

დათო პაქსაძის თქმით, კოტეჯს ძირითადად 20-25 დღით აქირავებს, მაგრამ თუ მსურველმა ნაკლები დროით მოინდომა, დამსვენებლისთვის მაინც ძვირი გამოდის.

„აი, ახლა რომ აიღოს კოტეჯი, 1 აგვისტომდე 800 ლარად გავცემ, მაგრამ აგვისტოში ამ ფასად ვერ აიღებს“ – გვითხრა მან.

გზებთან დაკავშირებით დათო პაქსაძეც კრიტიკულია. მისი თქმით, კომპანია გზებს კი აკეთებს, მაგრამ გაავდრების შემდეგ, გზები ისევ მწყობრიდანაა გამოსული.

„მძიმე ტექნიკა რადგან მოძრაობს, ადვილად ზიანდება გზები და შემდეგ თავიდან იწყებენ გაკეთებას. რა თქმა უნდა, ეს აფერხებს დამსვენებელსაც. ხულოდან ბეშუმში ასვლას მინიმუმ ორი საათი სჭირდება, რადგან ძალიან ცუდი გზაა. ვისაც „ჯიპი“ ჰყავს, მათ უფრო არ გაუჭირდებათ, მაგრამ სხვა ტიპის ავტომობილისთვის რთული იქნება გადაადგილება ამ გზებზე“- ამბობს დათო პაქსაძე.

რაც შეეხება ისეთ აჭარის ისეთ მთიან კურორტებს, როგორიცაა გოდერძი და გომარდული, ამ მდებარე სასტუმროებში ფასების შესახებ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია.

მაგალითად, ტურისტული ცენტრის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე სასტუმრო „ჩვენებურებში“ დღეში ორადგილიანი ნომრის ქირაობა 50 ლარად არის შესაძლებელი, 4-ადგილიანი ნომრის კი – 100 ლარად; ცენტრის ინფორმაციით, სასტუმრო „ირე-პალასში“ შედარებით მაღალია ფასები. აქ ორადგილიანი ნომრის ქირაობა 100 ლარი დაგიჯდებათ, 4-ადგილიანი კი – 200 ლარი.

აღნიშნულ სასტუმროებში ეს ფასები კვების გარეშეა.

აგვისტოში ფასები, ტრადიციულად, იზრდება.

„ბათუმელები“ ასევე ესაუბრა ხულოში, სოფელ დანისპარაულის მაცხოვრებელს ამირან პაქსაძეს. ეს სოფელი კურორტ გომარდულთან ახლოსაა და ზამთრის სეზონის დროს, ხშირად ჩერდებიან ხოლმე ტურისტები დაბალი ფასის გამო. მაგრამ ბოლო წლებში, როგორც ამირან პაქსაძე გვეუბნება, დამსვენებელთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია.

„გოდერძი რომ გაიხსნა, იმ წელს გვყავდა დამსვენებლები და იმედი გვქონდა, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდებოდა ჩვენს სოფელშიც, მაგრამ ასე აღარ არის. შარშან ძალიან ცოტა იყო, წელს საერთოდ არ გამოჩენილა არავინ. ერთი ღამის ღირებულება 30 ლარია კვების გარეშე, კვებით 50 ლარი ღირს, თუმცა მაინც არ გვყავს დამსვენებლები“ – გვეუბნება ამირან პაქსაძე.

მისი თქმით, ამის მიზეზი მაღალი ფასების და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობების გარდა, მოუწესრიგებელი გზებია.

„ზოგან ისეთი მონაკვეთებია გზებზე, ავტომობილი თუ ჩავარდა, ბუქსირის გარეშე ვერ ამოიყვან. ამ პრობლემას უნდა მიხედოს სახელმწიფომ“.

ბეშუმზე და გოდერძიზე შედარებით დაბალი ფასებია გომარდულში, რომელიც, გოდერძის მსგავსად, უფრო ხშირად სამთო კურორტად მოიაზრება, თუმცა შუახევის ამ სოფელს ზაფხულშიც სტუმრობენ.

გომარდულში მდებარე სასტუმრო-კოტეჯების ერთ-ერთი მფლობელმა, ჯემალ დარჩიძემ გვითხრა, რომ კოტეჯში ორადგილიანი ნომრის ქირაობა დღეში 50 ლარადაა შესაძლებელი. ამ თანხაში კვება არ შედის, დამსვენებელს შეუძლია თავად მოიმზადოს სადილი კოტეჯის სამზარეულოში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი.

რა ღირს ამ სეზონზე ბათუმში დასვენება, ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com