მთავარი,სიახლეები

„სობიანინის პოლკი“ უკრაინაში მიდის – დაქირავებული მებრძოლების კავშირი მოსკოვის მერთან

13.07.2022 • 5679
„სობიანინის პოლკი“ უკრაინაში მიდის – დაქირავებული მებრძოლების კავშირი მოსკოვის მერთან

მოსკოვში დაქირავებული მებრძოლების სამხედრო დანაყოფი შექმნეს, რომელსაც უკრაინაში გზავნიან. როგორც გამოცემა „მედუზას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოარკვია, ორგანიზატორებიც და თვითონ დაქირავებულებიც დანაყოფს „სობიანინის პოლკს“ უწოდებენ.

„მედუზა“ წერს, რომ შენაერთი, ნაწილობრივ მოსკოვის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამავე დროს, ქალაქის მერი სერგეი სობიანინი ყველანაირად ცდილობს, საჯაროდ თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ომთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სობიანინის პოლკში“ მებრძოლების მიღება პირველ ივლისს დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, მასში არა მოსკოველები, არამედ სხვა რეგიონების მცხოვრები 60 წლამდე კაცები ეწერებიან. მებრძოლები მომზადებას ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, მულინოს პოლიგონზე გადიან, რის შემდეგაც მათ უკრაინაში გზავნიან. დაქირავებულ მებრძოლებს თვეში 200 ათას რუბლზე [10 000 ლარი] მეტს ჰპირდებიან.

„ამ თანხაში შედის დანამატი სობიანინისგან – 200 ათასი 50 ათასიან ოთხ ტრანშად იყოფა. სამხედრო ნაწილში იღებ VTB ბანკის ბარათს, რომელზეც მოსკოვიდან თანხები ჩაირიცხება“, – ეუბნება „მედუზას“ ერთ-ერთი გადამბირებელი.

მოსკოვის მერის პრესსამსახურმა „მედუზას“ ჟურნალისტის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა, მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა კი გამოცემას უთხრა, რომ „არაა უფლებამოსილი“ ასეთ შეკითხვებს უპასუხოს.

„მოხალისეთა ბატალიონების“ ფორმირება რუსეთის რეგიონებში ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ, ასეთი რაზმები გაჩნდა ჩეჩნეთში, ბაშკირეთში, პერმის მხარეში, კიროვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში.

ჯერ კიდევ მარტში BBC წერდა, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება დაქირავებულ მებრძოლებს აქტიურად იღებდა. შენაერთების შესავსებად, მათ მანამდე არსებული შეზღუდვებიც მოხსნეს და იღებდნენ ყველას, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისა და ყირიმის მცხოვრებლებს, უცხოელებსაც, თუმცა შეზღუდვა მოქმედებდა საქართველოს მოქალაქეებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: