„ვაგნერის“ მფლობელი ევროპარლამენტისთვის „სისხლიანი“ უროს გაგზავნას აპირებს. ასე ევგენი პრიგოჟინი პასუხობს ცნობას, რომ ევროპარლამენტმა „ვაგნერი“ შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.
22 ნოემბერს გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურთ. იმავე დღეს „ტელეგრამში“ ევგენი პრიგოჟინის კომენტარი და სამხედრო ბლოგერებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა.
„დღეს თათბირი მქონდა „ვაგნერის“ მეთაურებთან და ეს სამწუხარო ამბავიც ვაცნობე. არ ვიცი, რომელი კანონით ხელმძღვანელობს ევროპარლამენტი, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენ ევროპარლამენტს დაშლილად ვაცხადებთ. თუმცა მანამდე, ვიდრე ეს პროცედურა კანონიერ ძალაში შევა, მე დამევალა ევროპარლამენტს საინფორმაციო ამანათი გადავცე. გთავაზობთ, ერთად გავაკეთოთ ეს – მოვამზადოთ და გავგზავნოთ,“ – დაწერა პრიგოჟინმა.
მოგვიანებით პრიგოჟინის იურისტმა „საინფორმაციო ამანათი“ მიიტანა ტელეგრამარხის КИБЕР ФРОНТА Z-ს ბლოგერებთან, რომლებიც საკუთარ თავს „რუსეთის საინფორმაციო ჯარებს“ უწოდებენ.
„ამანათი“ აღმოჩნდა ვიოლინოს ფუტლარი, რომელშიც ბუტაფორიული სისხლით დასვრილი ურო იდო.
სწორედ ასეთი უროთი მოკლეს „ვაგნერელებმა“ ყოფილი ტყვე ევგენი ნუჟინი, რომელიც თავის დროზე პრიგოჟინმა გამოიყვანა საპატიმროდან უკრაინაში გასაგზავნად.
ნუჟინი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა, ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტს, პუტინი გააკრიტიკა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბრძოლის სურვილი გამოთქვა. მოგვიანებით, გაცვლის ფარგლებში, ევგენი ნუჟინი რუსეთში დაბრუნდა.
მისი მკვლელობის ვიდეო „ვაგნერთან“ დაკავშირებულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა და ახლდა მინაწერი – „მოღალატემ ჭეშმარიტად ვაგნერული სასჯელი მიიღო.“
ნუჟინის გაცვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაცვლა თავად სამხედრო ტყვის სურვილით მოხდა.
მთავარ ფოტოზე: პრიგოჟინის იურისტმა ბლოგერებთან „საინფორმაციო ამანათი“ მიიტანა/სქრინი ვიდეოდან
ფასდაკლების დღეებში შენთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს სილქნეტს. 25 და 28 ნოემბერს შეძლებ ყველაზე პოპულარული პაკეტების სპეციალურ ფასად ჩართვას, 25 ნოემბრიდან კი სანატრელი ახალი სმარტფონის საჩუქრებთან ერთად შეძენას.
შეიხედე აპლიკაციაში mysilknet, სადაც პაკეტების ვრცელი ნუსხა საუკეთესო ფასებით დაგხვდება:
ულიმიტო ინტერნეტი 25 ₾ /ნაცვლად 32 ₾/
ყველაფერი ულიმიტო – 35 ₾ /ნაცვლად 55 ₾/
პაკეტი მეტი უსასრულო + 26 ₾ /ნაცვლად 35 ₾/
ღამის ულიმიტო ინტერნეტი – 3 ₾ /ნაცვლად 4.9 ₾/
500 წუთი – 12 ₾ /ნაცვლად 15 ₾/
35000 MB – 21 ₾ /ნაცვლად 35 ₾/
აპლიკაციიდან მომხმარებელი შეძლებს სილქნეტის ქსელში ჩართულ სხვა ნომერს გაუაქტიუროს ნებისმიერი პირობა. ფასდაკლებული პაკეტები 30 დღიანია.
ესტუმრე 25 ნოემბერიდან 4 დეკემბრის ჩათვლით თბილისისა (ცინცაძის ქ.2) და ბათუმის (გორგილაძის ქ. #54/62) ფილიალებს და აარჩიე ტელეფონის სასურველი მოდელი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. თითოეულ ტელეფონს საჩუქრად ულიმიტო პაკეტები მოყვება. Black Friday-ზე აქსესუარებსაც განსაკუთრებულ ფასად შეიძენთ.
iPhone12, iPhone 13, iphone Pro Max, IPhone 14, iPhone 14 Plus , iPhone 14 Pro, iPhone Pro Max -ჩამონათვალიდან რომელიმე შენაძენს 6 თვის განმავლობაში 400 ლარამდე ღირებულების სასაჩუქრე პაკეტი -ულიმიტო მობილური ინტერნეტი + ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო SMS;
საჩუქრებს ისინიც აღმოაჩენენ, ვინც უპირატესობას ანდროიდს ანიჭებენ:
SAMSUNG GALAXY A23-ის, Xiaomi POCO M4 PRO/64GB/4GB/Cool Blue-ს ან Xiaomi POCO M4 PRO-ს არჩევისას 10 GB ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში აქტიურდება!
ამ ფილიალებში აქსესუარები სპეციალურ ფასად იქნება შეთავაზებული: საათი/Apple Watch Series 5 GPS/4 ; ყურსასმენი/AirPods with Charging Case
დღეს, 24 ნოემბერს, ხუთი წელი შესრულდა სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან. დღეს სასტუმროსთან, რომელსაც ტრაგედიის შემდეგ სახელი შეუცვალეს და „ველმონდი“ უწოდეს, დაღუპულების სურათები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე, ხოლო 21 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძარი სასტუმროში თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო. ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.
დაღუპულთა სურათები და სანთლები ბათუმში სასტუმროსთან, სადაც 5 წლის წინ ტრაგედია მოხდა. ფოტო: „ბათუმელები“
საქმეზე ორი მენეჯერი დააპატიმრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ მათგანს, თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი იყო, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საქართველოს მოქალაქეს კი, რომელიც სასტუმროს საწყობის ადმინისტრატორის/გამგეს პოზიციაზე მუშაობდა – ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 85 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +310]
ტანკი – 2 898 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 5 839 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 1 889 ერთეული [+2]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 547 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+51]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 400 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 558 უპილოტო საფრენი აპარატი
390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 791 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
902 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 616 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 340 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ცუდად გაწვრთნილი პერსონალი არათუ გააძლიერებს, არამედ უფრო დააქვეითებს რუსეთის ერთ დროს ელიტურად მიჩნეული საჰაერო-სადესანტო ძალების შესაძლებლობებს:
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში რუსეთმა თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების ძირითადი ელემენტები დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტზე გადაიყვანა.
„საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფების ყველაზე დასუსტებული ნაწილები სექტემბრიდან ოქტომბრამდე, ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაცვაზე იყვნენ მიმაგრებულნი. ახლა მათი გარკვეული დანაყოფები, სავარაუდოდ, მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერეს,“ – წერს უწყება 24 ნოემბრის რელიზში.
დაზვერვის შეფასებით, ცუდად გაწვრთნილი პერსონალი არათუ გააძლიერებს, არამედ უფრო დააქვეითებს ერთ დროს ელიტურად მიჩნეული საჰაერო-სადესანტო ძალების შესაძლებლობებს.
„სავარაუდოდ, რუსეთი ამ დანაყოფებს კვლავაც იმ სექტორებს მიამაგრებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. საჰაერო-სადესანტო ძალების ოპერატიული დავალება შეიძლება იყოს სვატოვო-კრემენაიას რაიონის დაცვის გამაგრება ლუგანსკში ან დონეცკის ქალაქ ბახმუტის გარშემო მიმდინარე შეტევის მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს უწყება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა წერდა, რომ რუსეთმა თითქმის ამოწურა ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი, რადგან 17 ნოემბრის შემდეგ ამგვარი დრონების შეტევის შესახებ საჯაროდ აღარ გამოცხადებულა.
აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება.
ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი].
გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 3 055 კვადრატული მეტრია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 5 661 კვადრატული მეტრი.
ლოჯისტიკური ცენტრები თავის დროზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აიპ „აგროსერვის ცენტრზე“ იყო გადაცემული სარგებლობაში. თუმცა აჭარის მთავრობამ მათი გაყიდვა გადაწყვიტა.
„ბათუმელებმა“ კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობდა ან საერთოდ მუშაობდა თუ არა ეს ცენტრები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ მიიღო. თუმცა „აგროსერვის ცენტრში“ გვითხრეს, რომ „იმ საქმეს, რისთვისაც გაკეთდა ეს ლოჯისტიკური ცენტრები – ფერმერებისგან პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია – კერძო სექტორი უფრო კარგად მოემსახურება და უკეთესად გაართმევს თავს“.
თუმცა აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მომავალ მყიდველს „ამ საქმის კეთების“ ვალდებულება მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ექნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, თავად გადაწყვეტს, რა პროფილით გამოიყენებს თავის საკუთრებას.
აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მყიდველმა უნდა აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრები და მას პროფილი და დანიშნულება 10 წლით შეუნარჩუნოს. პროფილში კი, „სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“ იგულისხმება.
ელექტრონული აუქციონი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, დაწყებულია და 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდება.
განახლება:ეს აუქციონი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. შესაბამისად, სამინისტრომ ქონება აუქციონზე ხელახლა გამოიტანა. პირობები ფაქტობრივად იგივეა. ახალი აუქციონი 2023 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.
გასაყიდი ქონების ჩამონათვალი:
ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის N201-ში მდებარე 1347 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 708,87 კვ.მ შენობა-ნაგებობა და აქვე განთავსებული მოძრავი ქონება
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მდებარე 1653 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 1180 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
ქედის სოფელ ძენწმანში მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 515,64 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
დაბა შაუხევში, რუსთაველის N69-ში მდებარე 761 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 245,04 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონება
ხულოს სოფელ ვაშლოვანში მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული 405,52 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ამ ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება და ორი ერთეული სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება [სახელმწიფო ნომრით XV-582-VX და OO-720-OK];
აუქციონის პირობა:
[checklist]
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად, კერძოდ:
2023 წლის 1-ელ ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა
2024 წლის 1-ელ ივნისამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული ლოჯისტიკური ცენტრების, ამოქმედება;
ლოჯისტიკური ცენტრების ამოქმედებიდან არანაკლებ 20 ადამიანის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ლოჯისტიკური ცენტრების პროფილის და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას;
აღნიშნული პროექტისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 წლისა არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის განხორციელება.
[/checklist]
მთავარი ფოტო: აგროსერვისცენტრები აჭარაში / ფოტოები აუქციონიდან
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში საკუთარი მიზნები არ შეუცვლია. ის ამ მიზნებს უბრალოდ ნიღბავს და აგრესიული და შედარებით გაწონასწორებული რიტორიკის დაბალანსებას ცდილობს, რაც რუს ნაციონალისტთა წრეებში უკმაყოფილებას იწვევს.
„კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალურ მიზნებზე უკრაინაში, ის მხოლოდ ამ მიზნების გაბუნდოვანებას ცდილობს, რათა დასავლეთის ქვეყნები შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.
ანალიტიკოსები პუტინისა და კრემლის ჩინოვნიკების ახლანდელ და ადრინდელ განცხადებებსაც იხსენებენ.
21 ნოემბერს პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების შეცვლა რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი არ არის და ამაზე მანამდე „პრეზიდენტმაც ილაპარაკა.“
26 და 27 ოქტომბრის გამოსვლებში ვლადიმერ პუტინი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ „უკრაინამ თავისი სუვერენიტეტი დაკარგა და მთლიანად NATO-ს კონტროლქვეშ მოექცა“. პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობას უარყოფდა, ამბობდა, რომ უკრაინა რუსეთმა „შექმნა“ და „ერთადერთი რეალური გარანტია უკრაინის სუვერენიტეტისთვის“ მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს. პუტინი დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა თეზისსაც, რომ უკრაინა ნაცისტური სახელმწიფოა და საჭიროა მისი „დენაციფიცირება“.
„პუტინის ეს მოთხოვნები კიევში რეჟიმის შეცვლის მოთხოვნის თანაბარია, მაშინაც კი, თუ თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში ის ამისკენ პირდაპირ არ მოუწოდებს. ის ფაქტი, რომ პესკოვი პუტინის ამ კომენტარებს ეყრდნობა, ძალიან საეჭვოდ ხდის ვარაუდს, თითქოს რუსეთი თავის პირველად მიზნებზე უარს ამბობს,“ – წერს ISW-ი.
ექსპერტები დასძენენ, რომ პესკოვის ბოლო განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია რუსი ნაციონალისტების ბანაკში. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ერთ-ერთმა სამხედრო ბლოგერმა დაწერა, რომ „რუსეთი ომს უმიზნოდ აწარმოებს“.
ინსტიტუტის უახლესი ანგარიშის თანახმად, ამ განცხადებების პარალელურად, რუსი პოლიტიკოსები ღიად გამოდიან გენოციდის რიტორიკით.
მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატმა და კრემლის ჟურნალისტმა ანდრეი მედვედევმა 23 ნოემბერს ტელეგრამში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც კატეგორიულად უარყოფდა უკრაინელი ერის არსებობას და უკრაინულ იდენტობას „პოლიტიკურ ორიენტაციასთან“ აიგივებდა.
მედვედევმა უკრაინას უწოდა სიკვდილის წარმართული კულტი, რომელიც თაყვანს სცემს ტყვეების სიკვდილით დასჯას და ხელისუფლებას „დღევანდელი უკრაინული სახელმწიფოს ლიკვიდაციისკენ“ მოუწოდა.
„ეს არის პირდაპირი მოწოდება გენოციდური ომისკენ უკრაინული სახელმწიფოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ამ რიტორიკითაა გაჟღენთილი დისკურსი რუსული პოლიტიკური მეინსტრიმის უმაღლეს დონეებშიც,“ – წერს ISW-ი.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამავე რიტორიკას იყენებს პუტინიც, რაც სრულიად შეუთავსებელია მოლაპარაკებებისკენ მოწოდებასთან. ექსპერტების შეფასებით, ერთი მხრივ, ამგვარი განცხადებები, მეორე მხრივ კი, მშვიდობაზე ლაპარაკი მიუთითებს „კრემლის ჩამოუყალიბებლობაზე, ღიად გამოუცხადოს უპირობო ერთგულება ნაციონალისტურ იდეოლოგიას“, რაც პროპაგანდისტების გაკვირვებასა და უკმაყოფილებას იწვევს.
„პუტინი ცდილობს, დააბალანსოს უკიდურესად ნაციონალისტური თეზისები, რათა ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების მხარდაჭერა შეინარჩუნოს და შედარებით გაწონასწორებული ნარატივი, რათა შეინარჩუნოს რუსეთის დანარჩენი მოსახლეობის მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს ISW-ი.
ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:
რუსეთმა მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე;
რუსი პოლიტიკოსები ღიად განაგრძობენ გენოციდის რიტორიკას უკრაინის წინააღმდეგ;
კრემლი განგებ ცდილობს თავისი მიზნების შენიღბვას, რათა დასავლეთი დააბნიოს და უკრაინას მოლაპარაკებები აიძულოს;
რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო;
რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე;
რუსეთის ძალები და საოკუპაციო ხელისუფლებები განაგრძობდნენ უკრაინის მოქალაქეების იძულებით გადასახლებას და მათი ქონების კონფისკაციას.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე არავინ დაუჯარიმებიათ.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბოლო მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯამში 16 373 მძღოლი დაჯარიმდა, მათგან ყველაზე მეტი, 11 019 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა; 3 473 – ტროტუარზე დგომისთვის; 1 116 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის; 613 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე; 139 – იდგა ველობილიკზე; 13 – დაპარკინგდა შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ამ პარტიას დაშლამდე მიიყვანს? – ეს კითხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებს დავუსვით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, აქ რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო დასუსტდება „ქართული ოცნებაც“, თუმცა ეს არსებითად ვერ შეცვლის ოპოზიციის ფლანგს.
პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას აზრით, თუ ენმ მართლაც დაიშლება, დაახლოებით ერთ წელში „ოცნება“ შეძლებს ძალაუფლება უფრო კომფორტულად განიმტკიცოს. შემდეგ კი, ოპოზიციას გააჩნია, რამდენად გამოიყენებს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას, ან დაშლის შედეგად მიღებულ შანსებს.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მეტ თავისუფლებას გააჩენს „ქართული ოცნებისთვის“. ვგულისხმობ იმას, რომ უფრო ნაკლებად არგუმენტირებული კრიტიკა იქნება „ოცნების“ მიმართ, ის უფრო თავისუფლად მოახერხებს თავისი პოლიტიკის გატარებას და ხელისუფლების განმტკიცებას… საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, ეს შესაძლებლობაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც შესაძლოა, ვერ გამოიყენონ“, – ამბობს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა.
პოლიტოლოგის დაკვირვებით, აქამდე სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხელს უშლიდა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფსიქოლოგია.
„ამ დრომდე ამომრჩევლის ნებას განსაზღვრავდა არამხოლოდ ის, თუ ვინ მოსწონს და მის შეხედულებებთან ვინ არის ახლოს, არამედ ის, თუ ვის შესწევს რეალური ძალა, მოახდინოს ცვლილებები. ბოლო 10 წელი მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებისთვის ეს იქნება შანსი, მაგრამ ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა,“ – ამბობს ბაკურ კვაშილავა და წინა საპარლამენტო არჩევნებიდან ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ შესაძლოა ოპოზიციამ „შანსი“ ვერ გამოიყენოს.
„ქართული პოლიტიკის თავისებურება ისაა, რომ პარტიები ცდილობენ არა ნელ-ნელა და თანმიმდევრული პოლიტიკით გაზარდონ მხარდამჭერთა რაოდენობა, არამედ ერთი „გასროლით“ მოიპოვონ უმრავლესობა…
ოპოზიცია საუბრობდა წინა არჩევნებზე იმაზე, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა 9 წელი ერთი და იგივე ხელისუფლება და ლოგიკაა შეცვლა, ასე ვეღარ გაგრძელდებაო. არადა, რატომ ვერ გაგრძელდება, კარმაა? ვხედავთ, რომ ასე მოხდა. ეს 9-წლიანი ციკლი წარმოაჩინეს, როგორც გარდაუვალობა და არაფერი არ იქნა რეალურად გაკეთებული იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები მომხდარიყო.
ამიტომაც ვამბობ, ეს ქმნის შესაძლებლობას და მეტს არაფერს. ეს არ არის გარდაუვალი რამ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პოლიტოლოგმა, ბაკურ კვაშილავამ.
ამ თემაზე საუბრის დროს პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს IRI-ის ბოლო კვლევაზეც, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 35 % წინააღმდეგია ენმ რაიმე ფორმით დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
„ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება „ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობას,“ – შენიშნავს პოლიტოლოგი. – „ეს აჩვენებს იმას, რომ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ურჩევნია ყველაფერი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
შესაბამისად, თუ ოპოზიციას ექნება სწორი სტრატეგია, შესაძლოა, მან მეტი ნდობა მოიპოვოს. თუ ეს შესაძლებლობაც ხელიდან იქნება გაშვებული, მაშინ „ოცნება“ კიდევ უფრო გაძლიერდება,“ – გვითხრა ბაკურ კვაშილავამ.
პოლიტოლოგის აზრით, ენმ-ს კრიტიკა „ოცნების“ მიმართ ვერ გახდა დამაჯერებელი. ოპოზიციურ პარტიებს კი, მეტი შესაძლებლობა ექნებათ, დამაჯერებელი და თანმიმდევრული სვლებით რეალურად შეცვალონ ბალანსი ქართულ პოლიტიკაში.
„ენმ-ს კრიტიკა ვერ გახდა დამაჯერებელი, ისეთი, როგორც ხალხს სურდა. ამას აჩვენებს ის, რომ უკმაყოფილების ზრდის მიუხედავად, ენმ-ს მხარდაჭერა არ იზრდებოდა. კრიტიკის ფორმა და ტაქტიკა უნდა შეიცვალოს,“ – დასძინა პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავამ.
ოპოზიციურ ფლანგზე ცვლილებებს ნაკლებად ელის „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი იმ შემთხვევაში, თუ ენმ დაიშლება. მისი აზრით, ენმ-ს დასუსტება შესაძლოა „ოცნებაზე“ უფრო აისახოს.
„არ ვგულისხმობ ანტიდასავლურ ძალებს და ღიად პრორუსებს, რომლებსაც არაფერი ეშველებათ, მაგრამ „ოცნების“ ამომრჩეველში ბევრია ისეთი, ვინც „ოცნებას“ ირჩევს იმიტომ, რომ „ნაციონალების“ დაბრუნება არ სურს და „ოცნებას“ განიხილავს, როგორც ყველაზე ნაკლებ პრობლემას. ახლა შესაძლოა ამ ამომრჩეველმა სხვაგან გაიხედოს, თუ დაინახავს, რომ ნაცმოძრაობის დაბრუნება აღარაა შესაძლებელი.
შემპასუხებელი „ოცნებას“ მაინც ეყოლება, თანაც ამ დრომდე „ოცნების“ პროპაგანდა იდგა იმაზე, რომ ყველა „ნაცია“: „ნაცია“ ხაზარაძე და გახარიაც, ელისაშვილიც „ნაცია“, თუ საქმეს დასჭირდა. ეს გზავნილი უკვე ეფექტს დაკარგავს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.
პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, ენმ-ს დაშლის შემთხვევაში, ენმ-ს ამომრჩეველი მაინც ოპოზიციის ამომრჩევლად დარჩება, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ისიც შინ დარჩენას ამჯობინებს, როცა მორიგი არჩევნების დრო მოვა.
„ამ პარტიის მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლები, სხვადასხვა ხალხია იქ, მაგრამ აერთიანებთ სააკაშვილის და მისი მმართველობის პერიოდისადმი დამოკიდებულება. ენმ-ში არიან კონსერვატორები, ლიბერალები, ყველანაირი ხალხია, მათი მთავარი გზავნილია, რომ წინა ხელისუფლება ამჟამინდელს სჯობდა.
ოპოზიციის ამ ფლანგზე, რომელსაც ნაცურ „ფლანგსაც“ ეძახიან, ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო უკეთესი, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ ფიქრობს ასე, ეს ნაწილი არც ხელისუფლების მხარდამჭერია. ამ ნაწილში არ არის ძლიერი ორიენტირი. ეს ამომრჩეველი, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა და არც „ქოცი“, დარჩენილია უპატრონოდ, პოლიტიკური ორიენტაციის გარეშე. ეს ნაწილი სახლში რჩება, ან რომელიმე 2-3 %-იან პარტიას უჭერს მხარს.
ამ დრომდე ყველა ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსებით ესარგებლა, ან მისი დღის წესრიგით მოქმედ მასმედიაში ყოფილიყო პოპულარული. ეს უფრო აინტერესებდათ, ვიდრე ამომრჩეველი და ხალხთან მუშაობა. ოპოზიციურ პარტიებს არც კი ჰქონდათ ამის სურვილი.
არ ვიცი, რატომ არის ასე, მაგრამ უფრო სუბიექტური მიზეზია: ჩვენთან სურთ, რომ ხვალვე დაიდოს შედეგი, შორს არ იხედებიან. გახარიას პარტია აქტიურობდა შედარებით, ანა დოლიძე, რესპუბლიკელები, ელისაშვილი, მაგრამ ძალიან პასიურები არიან. როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან საკუთარ მნიშვნელობას,“ – გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.
ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე დღეს, 23 ნოემბერს, საღამოს, სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.
პირველადი ინფორმაციით, ქუჩაში მყოფმა კაცმა, რომელიც ბენზინს ასხამდა მანქანაში, სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი წაეკიდა. სავარაუდოდ, მას საწვავი ხელზე ჰქონდა გადასხმული. ავტომანქანას ცეცხლი არ გასჩენია.
იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა, სადაც „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შემთხვევის ადგილიდან 30 წლამდე კაცი გადაიყვანეს.
კაცს, პირველადი დათვალიერებით, შესაძლოა მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული კონტაქტური იყო გადაყვანისას.
„ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს,“ – უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის სარაკეტო დაბომბვის შესახებ გვიყვება ნიკა ჭურაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლაც ფრონტის ხაზზეა. მას „ბათუმელები“ სოციალური ქსელით ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს.
„სანთებელა აღარ ჩააქრო, უყურებს და ამბობს: ეს S-300 მართლაც რომ აფეთქებულიყო?“
„იმ ღამით აქტიური დაბომბვის ზონაში მოვყევით,“ – განაგრძობს თხრობას ქართველი მებრძოლი, ნიკა ჭურაძე. – „თქვენც ნახავდით ჩამონგრეული კორპუსების კადრებს. აი, ზუსტად მაგ მომენტში შევედით ქალაქში, ნამსხვრევები ცვიოდა ყველგან, ჩამქრალი ფარნით მივდიოდით, ღამის ხედვაც არ გვქონდა.
ქალაქიდან როცა გავედით, ამოვისუნთქეთ, ჩავთვალეთ, რომ სამშვიდობოს ვიყავით უკვე. ტელეფონზე დავრეკეთ იქ, სადაც მივდიოდით, ევაკუაცია ხომ არ დაიწყეს, ან რამე ხომ არ შეიცვალა? უცებ, დავარდნის ხმა მოგვესმა, ვერ გავიგეთ, რა იყო. ფარანი მივანათეთ, ფარებს ისევ ვერ ავანთებდით – ზუსტად 20 მეტრის დაშორებით, ჩვენგან ხელმარცხნივ S-300 იყო მიწაში ჩარჭობილი – არ აფეთქდა.
მეგობრის ხმა მესმის ზურგიდან, რა იყო, ხომ არ შეგეშინდაო… მერე სანთებელა აანთო და აღარ აქრობს, თვალს აღარ აშორებს და ამბობს: ეს S-300 მართლა რომ აფეთქებულიყო, რა გვეშველებოდა, ბიჭო?
ომში სხვანაირად აღიქვამ ხმებს. თავდაპირველად ყველა ხმაზე რეაგირებ. სულელი უნდა იყო, რომ არ გეშინოდეს, გეშინია, მაგრამ შემდეგ დაკვირვებას იწყებ: რა რის ხმაა? ვარდნაა თუ სარაკეტო გასროლა? ჭურვია?
ახლაც გვეშინია, თუმცა ზუსტად ეს შიში გვაძლებინებს. მთავარია, შიში სწორად მართო, არ დანებდე,“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.
ქართველი მებრძოლი: „ზამთარში შენიღბვა რთულია, მე დაზვერვაზე ვმუშაობ“
ნიკა ჭურაძე პროფესიით მხატვარია. თებერვალშივე წასულა უკრაინაში, როცა იქ რუსი ოკუპანტები შევიდნენ. მიიჩნია და ახლაც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში.
ნიკა დაზვერვის ჯგუფში მუშაობს და გვიყვება, როგორ გაართულა ზამთარმა დაზვერვის საქმე.
„სადაზვერვო ჯგუფი ვართ, ცხელ წერტილში ვართ ახლაც… მინიმალური საკონტაქტო მანძილი მტერთან დაახლოებით 250 მეტრია. სხვადასხვა სირთულის დავალება გვაქვს, არსებული აღჭურვილობის და გამოცდილების გათვალისწინებით. ვმოძრაობთ სხვადასხვა მოძმე დანაყოფთან ერთად.
საჰაერო თავდაცვისთვის მცირე დრონებს ვიყენებთ, მაგით შეგიძლია 5 – 6 კილომეტრი დაზვერო მარტივად. არის უფრო ძლიერი საშუალებები, სიღრმეში შედის.
ახლა ხეებს ფოთლები უკვე დასცვივდა და შენიღბვა რთულია. აქამდე თუ ობიექტის მოძებნა ჭირდა, ახლა უკვე ხელის გულზე ჩანს.
ჩვენც ხელისგულზე ვართ იმათთვის, საფარი გვჭირდება, შესაბამისად შენიღბვა… რუსები მუდმივად შემაღლებული ტერიტორიების დაპყრობას ცდილობენ, რომ იქიდან იოლად შეძლონ შესაბამისი მანევრი. ზამთარში ჯარისკაცსაც მეტი რესურსი სჭირდება: მეტ სითბოს გამოყოფ, მეტი ენერგია გჭირდება, მსუბუქად აღჭურვილიც ვერ გახვალ, თანაც, აქაური ზამთრისა ხომ გესმით? აქაურები „მამხნევებენ“, ნამდვილი ზამთარ ჯერ არ დაწყებულაო,“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.
ხერსონში რუსების უკან დახევის შემდეგ ქართველი მებრძოლი ელის, რომ რუსებს სხვა ტერიტორიების დატოვებაც მოუწევთ.
„ხერსონში რუსებმა დაინახეს, რომ ლოჯისტიკის ხაზები მოჭრილი ჰქონდათ. მე ვფიქრობ, სხვა ადგილების დატოვებაც მოუწევთ მალე. უკვე ზამთარია, ისინი უცხო ქვეყანაში არიან, უკრაინელები – საკუთარ მიწაზე.
უკრაინას დასავლეთი აწვდის უახლეს, თანამედროვე აღჭურვილობას, ჩვენ მუდმივად გადამზადებას გავდივართ, რუსები კი, ლამის თავზე ვედროებით მოდიან. აღჭურვილობა რუს ჯარისკაცს არ აქვს, ეს აქვს მხოლოდ სპეცდანიშნულების დანაყოფს, „ვაგნერს“…
ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – თურმე რამდენიმე მათგანი აპირებდა, უკრაინელებს ტყვედ ჩაჰბარებოდა.
ნიკა ჭურაძე
„ბავშვებმაც შეგვიგროვეს თანხა. მერე მკითხეს: საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებს?“
„თებერვლიდან დღემდე ვერ ვიპოვე ერთი ადამიანიც კი, რომელიც დაიწუწუნებდა. აქეთ გვამხნევებენ მებრძოლებს, უნდა გავუძლოთ, გამარჯვება ახლოს არისო,“ – უკრაინელების შემართების შესახებაც გვესაუბრა ქართველი მებრძოლი.
ნიკა ჭურაძე იმ დღეს იხსენებს, რუსებმა რომ ჰესების მასობრივად დაბომბვა დაიწყეს უკრაინაში.
„როცა დაიწყო ენერგორესურსებზე მასობრივი შეტევები, ქართველი ბიჭები ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ხალხს გაუჭირდება ძალიან, ყელში ამოუვათო… ზოგჯერ გინდა, რომ წინასწარ განჭვრიტო რაღაც.
საპირისპირო სურათი ვნახეთ: ადამიანები, მაგალითად, როცა შუქია ჩართული, ელექტრომადუღარას არ იყენებენ: მე რომ გამოვიყენო ეს ენერგია, იქნებ საავადმყოფოში ვიღაცას დააკლდესო.
ვერ გეტყვით, რამხელა ნდობა აქვს ჯარს, მაქსიმალური სიყვარულით გვხდებიან ყველგან.
ამას წინათ ბავშვები მოგვადგნენ, ფული აგიგროვეთო, დაახლოებით 100 ლარამდე გამოდიოდა ჩვენი ფულით… კითხვაც ჰქონდათ ბავშვებს, ხომ იცით, ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან: კი, მაგრამ საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებსო,“ – გვითხრა ქართველმა მებრძოლმა და შემდეგ ყოველდღიურობაც აღგვიწერა, როცა ადამიანები ზოგჯერ განგაშის ზარსაც აღარ აქცევენ ყურადღებას.
„…მუდმივად არის სარაკეტო გაშვებები, გვესვრიან S-300-ებს, „ისკანდერებს“, ახალი დრონებიც აქვთ, „ლანცეტები“, რომლებიც აღჭურვეს დასაბომბი საშუალებებით, ესენი დაახლოებით 100 კილომეტრი სიღრმეში შემოდიან.
ქალაქში პერიოდულად ირთვება განგაშის ზარი, თუმცა ზოგიერთი უკვე ისე შეეჩვია ამ ხმას, აღარც კი შედის სამალავში, მუშაობას განაგრძობს, რაც იქნება, იქნებაო, იძახის.
თითქმის ყველა ოჯახს აქვს სამალავი მოწყობილი სარდაფებში, ამის გამოცდილებაც აქვს ხალხს, სურსათ-სანოვაგეც მომარაგებული აქვთ.
ომში ვერ იგებ, როდისაა რთული და მარტივი სიტუაცია. იყო მომენტი, როცა გვეგონა, რომ სარაკეტო შეტევა დასრულდა და ჩემგან 300 მეტრის რადიუსში გავარდა 8 ჭურვი. იმ ადგილზე არ ველოდით საერთოდ არაფერს. საკმაოდ ძლიერი ხმა აქვს ჭურვს, წნევა ახლავს, ტალღები. ვერ იტყვი, რომელი ადგილია ნაკლებად სახიფათო, როდის რა დაგეცემა თავში, არ იცი.
ამ საფრთხის მიუხედავად, ადამიანები ცდილობენ, რომ იმუშაონ, ცხოვრება განაგრძონ. რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, ნახევარ ხელფასზე მუშაობდნენ, დარჩენილი ხელფასებითაც მოხალისეებს ეხმარებოდნენ. მაგალითად, დასაქმებული ადამიანების ასე შეგროვებული ფულით ყიდულობენ მანქანებს. ხშირად ზიანდება მანქანები ან ნადგურდება, ახლის შეძენა – ძვირია,“ – გვიყვება ნიკა ჭურაძე.
მისივე დაკვირვებით, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო შესაძლებლობები დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ამჯერად უკრაინას შემდგომი ნაბიჯების „კარგად დაგეგმვა“ სჭირდება.
„დღეს უკვე სხვანაირი ომი მიდის,“ – განაგრძობს ნიკა ჭურაძე, – „ავტომატი, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვანი იარაღია, მეხუთეხარისხოვანიც ზოგჯერ… დღეს ვინც კარგად ამუშავებს არტილერიას, გამარჯვებაც მის ხელშია. მეტი თანამედროვე იარაღი შიშსაც იწვევს მოწინააღმდეგეში. ყველამ ვნახეთ, „ჰაიმარსებმა“ როგორი გარდატეხა მოახდინეს ამ ომში. ბევრი მწვანე ზონა გაჩნდა, სადაც შეგიძლია ჯარის კონცენტრაცია მოახდინო.
სიტუაცია ისეთია, რომ გადაჯგუფებები ხდება. ხალხში იყო განცდა, რომ აი, რას ელოდებით, ხომ მიიღეთ აღჭურვილობა? ჩემი აზრით, ამჯერად გენშტაბს შემდეგი სვლების კარგად დაგეგმვა სჭირდება.
თითოეული მებრძოლის უკან ოჯახებია, უკრაინელები მაქსიმალურად უფრთხილდებიან თავიანთ ქვეითებს,“ – ეს შთაბეჭდილება შეჰქმნია ქართველ მებრძოლს.
„ამ დროს ხელისუფლებიდან გესმის: დაქირავებულია… განა რა უნდა გადაგიხადონ, რომ შენი სიცოცხლე სასწორზე დადო?
ეს კითხვა უჩნდება უკრაინაში მებრძოლ ნიკა ჭურაძეს, როცა საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას აკვირდება. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გეოპოლიტიკურ სურათს ცვლის, ხოლო საქართველო საჭირო აქტიურობის ნაცვლად, საერთაშორისო ტრიბუნებთანაც იმალება.
„აქ წყდება საქართველოს ბედი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, სხვა გეოპოლიტიკური სურათი შეიქმნება. დამარცხება კი, საქართველოთვისაც იქნება ძალიან ცუდი – უკრაინის დამარცხება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოიცლის საქართველოსთვისაც.
ამიტომაც ჯობია, აქ გადავტეხოთ გველეშაპი. აქ არსებობს ამის რესურსი. ჩვენ, საქართველოს, ძლიერი მოქალაქეები გვყავს, მებრძოლებიც, მაგრამ ომის მოგებას სხვა რესურსი სჭირდება.
შესაძლოა, ვინმე მიიჩნევდეს, რომ კარგს აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ შედეგს ხომ უნდა ვხედავდეთ? ჩვენ უნდა მიგვეღო ახლა საარტილერიო მანქანები დასავლეთიდან, უნდა გაგვეხსენებინა საერთაშორისო ტრიბუნებზე მათ შორის 2008 წლის ომი, რომ ერთი და იგივე ხელწერა აქვს რუსეთს, ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს ატალახებული დასავლეთის ქვეყნების კარები, შეწუხებული გვყავდეს ხალხი, მაგრამ ალბათ მეათასეხარისხოვნებიც აღარ ვართ.
ამ კუთხით აქტიურობის ნაცვლად, ვისმენთ დასავლეთის ლიდერების ლანძღვას.
ჩვენც მოგვიხსენებენ მოღალატეებად, დაქირავებულ მებრძოლებად. დიახ, ჩვენ გვიხდიან ხელფასს, რადგან ვითვლებით უკრაინის შეიარაღებული ნაწილის შემადგენლობაში, მაგრამ განა რა თანხა უნდა გადაგიხადონ, რომ შენი სიცოცხლე სასწორზე დადო?“ – კითხულობს ქართველი მებრძოლი.
ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ ბუნებასა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. ზრუნვის ეს პრაქტიკა დღეს ძირითადად სოფლებში, უფრო კი მაღალმთიან რეგიონებშია შემორჩენილი.
სწორედ ამ ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი ამ ზაფხულს აჭარის იალაღებზე ავიდა. მულტიმედიური კვლევა მცენარეების შესახებ მაღალმთიანი აჭარის მემთეური ქალების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას ისახავდა მიზნად.
„აჭარის მლხენელები“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის საბოლოო პროდუქტიც პატარა ილუსტრირებული წიგნი იქნება. პროექტს აფინანსებს „ქალთა ფონდი საქართველოში“, სიტყვა „დალხენასაც“ სწორედ ეს ფონდი ე.წ. healing-ის ეკვივალენტად აბრუნებს ლექსიკონში. სულხან-საბას განმარტებით, „სნეულთ მლხენელი“ მკურნალს ნიშნავს.
პროექტის იდეის ავტორი, მკვლევარი-ბოტანიკოსი ნინი ხუროშვილი ამბობს, რომ ამ ცოდნის დოკუმენტირება და გავრცელება ემსახურება როგორც საერთო ცოდნის შენახვა-გაზიარებას, ისე ბუნების დახმარებით ადამიანების ურთიერთზრუნვის პრაქტიკის წახალისებას: „სამწუხაროდ, ეს ცოდნა იკარგება, ჩვენც რომ ავდიოდით და ვეძებდით ამ ქალებს, უკვე გაგვიჭირდა პოვნა. ზოგადი ცოდნა ამა თუ იმ გავრცელებული მცენარის თვისებებზე უმრავლესობას აქვს, მაგრამ ამათგარდა იქ, ალპურ ზონაში, განსაკუთრებული მცენარეები იზრდება. აი, ამ – სხვა მცენარეებზე ინფორმაცია უკვე ნაკლებად აქვთ.
ნინი ხუროშვილი
ამ პროექტის კიდევ ერთი მიზანი ის არის, რომ რაღაცნაირად დავუბრუნდეთ ამ მიდგომას. მცენარესთან და ბუნებასთან ურთიერთობაში არის ძალიან დიდი ძალა და დამოუკიდებლობა, როცა შენ არ ხარ პირდაპირ მიბმული ქალაქის უაზრო რიტმს და შენით ცდილობ რაღაც მოიპოვო, თავს მოუარო. მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სიძლიერეა, რაც დავკარგეთ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრაქტიკის განხილვა და დამატება ფემინისტური თვითზრუნვის, თვითლხენის ჭრილში; დალხენის ნებისმიერი პრაქტიკა, იქნება ეს პატარა აქტივობები თუ სხვა რამ, სადაც ზრუნვა არის საზოგადო და გაზიარებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მუდმივად ქალაქში მუშაობს და ა.შ.” – ამბობს ის.
მკვლევარები და ახალგაზრდა მლხენელები უჩხოს მთებში და ხარიათაღის იალაღებზე, რომლებმაც მკვლევარებს ხალი მცენარე “კაკნის საკნატუნო” გადასცეს ჰერბარიუმისთვის. ელენე კურტანიძის ფოტო
ბოტანიკოსი მაია დარჩიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მაღალმთიან აჭარაში სამკურნალო რეცეპტებისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც ამ რეგიონის კვებითი თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან აჭარული სამზარეულოს დიდ ნაწილს რძის პროდუქტები შეადგენს.
„ალბათ ისინი მცენარეებს იყენებდნენ უფრო იმისთვის, რა პრობლემაც აქვთ უმეტესად. როცა ვკითხულობდით მცენარეზე, უმეტესად გვეუბნებოდნენ, რომ არის კუჭ-ნაწლავისთვის, კუჭის აშლილობისთვის, ნაწლავებისთვის და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ისინი იკვებებიან ძირითადად ცხიმიანი საკვებით, შესაბამისად ეს პრობლემა აქვთ,“ – ამბობს მაია.
მაია დარჩიძე
ამ ყველაფერს, პარალელურად, ძალიან საინტერესო რაღაც მოსდევს და ეს არის ტრადიციები, მლხენელების ტრადიციები. მაგალითად, ძალიან საინტერესოა ამ მხრივ შვიდი მაისობის ტრადიცია, როცა სამეზობლოს ქალები, ნაცნობები ერთად იკრიბებიან, გადიან და კრეფენ 40 სხვადასხვა მოყვავილე ბალახოვან მცენარეს, მერე ბრუნდებიან შინ, აკეთებენ ამ მცენარეების ნახარშს, რომლითაც მთელმა ოჯახმა უნდა იბანაოს და ეს კეთდება იმის რწმენით, რომ მთელი წლის განმავლობაში დაცული ხარ, არ შეგხვდება ვირუსი. ამბობენ, რომ იმუნიტეტისთვის არის კარგი – ნინი ხუროშვილი.
მაია დარჩიძე ამბობს, რომ ჰერბარიუმში დაახლოებით 80-100 მცენარე აქვთ, რომლებიც ძირითადად ალპურ ბოტანიკურ ბაღში შეაგროვეს, თუმცა ყველა მათგანის თვისებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა მოსახლეობას, მათ ნაწილს აჭარელი ქალები სამკურნალოდ, ნაწილს კი საკვებად იყენებენ.
სამუშაო ჯგუფში 12 ადამიანი იყო, მათ შორის იყვნენ: ეთნობოტანიკოსი, ბოტანიკოსი, ილუსტრატორები, მხატვარი და ფოტოგრაფები.
ანა სარალიძის ილუსტრაცია
პროექტის ფარგლებში ინტერვიუ ჩაწერეს 35 ქალთან, რომლებიც მცენარეებით მკურნალობენ: “ეს პრაქტიკა უფრო არის ქალების ურთიერთდახმარება – აი, იმის ბავშვს რაღაც სჭირს და იქნებ შენ იცოდე, ინტერვიუების დროსაც ხშირად უზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნას, მაგალითად, მიგვასწავლიდნენ რომელიმე ქალს, მერე ამ ქალის გარშემო იკრიბებოდა დაახლოებით 5-6 ქალი, რომლებიც ასეთი ცოდნით ავსებდნენ ერთმანეთის ნათქვამს. არავინ მიიჩნევს, რომ ეს არის რაღაც საიდუმლო ცოდნა. ასეთები არიან უფრო ექიმბაშები, რომლებიც არ გიმხელენ, მაგრამ ქალების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვისაც შევხვდით, ძალიან ღია იყო ამ ცოდნის გაზიარების მიმართ“, – ამბობს ნინი ხუროშვილი.
მაია დარჩიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო მცენარე მაღალმთიან აჭარაში არის ანწლი, „ყველა მათგანი იყენებდა ანწლს, სხვადასხვა დანიშნულებით, კერძოდ ანწლის „ვიშნოვკას“. მის დასამზადებლად კრეფენ ანწლის მწიფე ნაყოფს, აყრიან შაქარს, აფარებენ მარლას და რამდენიმე დღე აჩერებენ, შემდეგ ასმევენ ბავშვებს (დიდებსაც), უმეტესადმუცლის ტკივილის დროს. ისინი ანწლისგან ასევე ამზადებენ ძმარს, ამბობენ სასარგებლოა ორგანიზმისთვისო.“
მრავალძარღვას ფოთოლს იყენებენ ძირმაგარას სამკურნალოდ; კიდევ არის მცენარე ვირისტერფა, რომელსაც „პირბამბას“ ეძახიან, მასაც უმეტესად კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის იყენებენ, ნაყავენ და სვამენ მცირე დოზებით. მისი ნახარშით სახის დაბანა ასევე გამოიყენებოდა აკნეს საწინააღმდეგოდ; გვირილას დღემდე ძალიან აქტიურად იყენებენ, კრეფენ გვირილას გვირგვინის ფოთლებს, ანუ ზემოთა ნაწილს. თუ იმ პერიოდში არ სჭირდებათ, ახმობენ, შემდეგ აკეთებენ მის ნაყენს – იკეთებენ აბაზანასაც, სვამენ კიდევაც, იყენებენ სავლებად პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს; კიდევ არის მცენარე „დვალურა“, რომლისგანაც ამზადებდნენ საჭმელს, გემრიელიაო, მაგრამ თან ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოაო ამბობენ; ასევე ჭინჭარი დღემდე გამოიყენება საჭმელად და სამკურნალოდ – მის ნახარშს ივლებენ თავზე, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – მაია დარჩიძე.
მკვლევრები ჰყვებიან, რომ თავად მემთეური ქალების თქმით, ეს მცენარეული სამკურნალო რეცეპტები თანამედროვე ფარმაცევტული პროდუქციით ჩანაცვლდა, მცენარეული სამკურნალო რეცეპტები სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანს ახსოვს და კიდევ უფრო ცოტა ადამიანი იყენებს აქტიურად. „ახალგაზრდებიდან ერთი-ორმა იცის ალბათ, ვისაც აინტერესებს და ბებიას მიჰყვება მდელოზე,“ – ამბობს მაია დარჩიძე.
ქალები ამოწმებენ ჰერბარიუმში შეგროვებულ მცენარეებს. სოფ. ვაშლოვანი, ალმის მთის სამხრეთი ფერდი. სანდრო სულაბერიძის ფოტო
„დღეს არის ზოგადად ყველაფრის მედიკამენტად ქცევისა და ყველაფრის ამ პროდუქციულ ჯაჭვში ჩაბმის ტენდენცია, რასაც ეს ფარმაცევტული კომპანიები აკეთებენ; ამ კვლევით და დოკუმენტირებით ერთგვარ ვალიდაციას ვუკეთებთ მათ ცოდნას/პრაქტიკას. ცხადია, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ მეცნიერულად, მაგრამ იმის ჩვენება, რომ, აი, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც აფასებენ ამას, რაც თქვენ გაქვთ, კი არ დასცინის ამ ცოდნას, რადგან თანამედროვე ფარმაკოლოგიას ცოტათი აქვს ეს მიდგომა, არამედ ვიკვლევთ, ჩავხატავთ და გამოვცემთ. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ მივცეთ ამ ადამიანებს თვითრწმენა“, – ამბობს ნინი ხუროშვილი.
მაგალითად, თითქმის აღარავინ საუბრობდა შქერის (შკერის) შესახებ. ის რელიქტური მცენარეა, რომელიც აჭარის ტყეებისთვის არის დამახასიათებელი და რომლის ფოთოლსაც ადრე აჭარაში ბავშვის ერთგვარ საფენად [აკვანში ქილასთან დამაკავშირებელი რეზინის მილის ნაცვლად] იყენებდნენ.
ბოტანიკოსები ამბობენ, რომ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აჭარის იალაღებზე საველე კვლევისას გამოვლინდა, ზოგიერთი სამკურნალო მცენარის, მაგალითად, ნეგოსა და ხბოშუბლას არასწორი და გადამეტებული კრეფაა, რის გამოც შესაძლოა მომავალში ამ სახეობების გადაშენების რისკი წარმოიქმნას.
„ნეგოსა და ხბოშუბლას თავადაც იყენებდა ადრე მოსახლეობა, მაგრამ ახლა აღარ, კრეფენ და წარმოებისთვის აბარებენ კომპანიებს ტომრებით. საქმე ის არის, რომ ადამიანებმა არ იციან ამ მცენარის სწორად კრეფა, იმისთვის, რომ ნეგო არ გადაშენდეს, უნდა მოიკრიფოს მისი მხოლოდ ზედა ნაწილი, რომელიც უნდა მოიჭრას დანით ან მაკრატლით, ან მოიტეხოს. თუმცა ნეგო ადვილად ამოდის ფესვიანადაც და ხშირად ასეც ხდება. დღეს ეს მცენარე საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მომავალში შესაძლოა გადაშენების საფრთხის წინაშე დადგეს,“ – ამბობს მაია დარჩიძე.
რუსო 23 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და სრულიად მარტო დარჩა. მერე ჰალუცინაციები დაეწყო. ერთხელ განსაკუთრებულად გამოეწყო, დედის სამკაულები გაიკეთა და შუაღამისას ქუჩაში გავიდა. წარმოედგინა, რომ ქალაქის დიდ მოედანზე თვითმფრინავით მისი შეყვარებული უნდა დაშვებულიყო და ელოდებოდა.
რუსო მეზობლებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს, მის ნათესავებს დაურეკეს. მისი თქმით, მოვიდნენ ნათესავები და არწმუნებდნენ, რომ აუცილებელი იყო ასათიანის ფსიქიატრიულიდან მოსულ ჯგუფს გაჰყოლოდა სამკურნალოდ:
„მე არ მინდოდა წასვლა, გავიქეცი, 4 სართული ჩავირბინე, მაგრამ დამეწია ჩემი ნათესავი ქალი და მცემა. რას ჰქვია ფსიქიატრიულში დაწოლა არ გინდაო“ – იხსენებს რუსო.
23 წლისას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა 48 წლისაა. თავიდან რამდენიმე თვე ასათიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა, 2 წელი ხონის ფსიქიატრიულში გაატარა, ცხოვრობდა ნათესავებთანაც, ქუთაისში, მერე კი 11 წელი დაჰყო ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
„ქუთაისის ფსიქიატრიულში ქალებისა და კაცების პალატები გვერდიგვერდ იყო. ექიმები, მედდები კარგად გვექცეოდნენ. ხანდახან გრიგოლეთშიც დავყავდით ზღვაზე.
ერთადერთხელ მყავდა შეყვარებული – ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში. მასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა – მოჰყავდათ ხანდახან, მკურნალობდნენ, მერე გაწერდნენ, ასე გრძელდებოდა დიდხანს.
ყველაფერს მინაწილებდა ეს ბიჭი, რაც მისთვის მოჰქონდათ: საჭმელს, ხილს, ნამცხვრებს. მაკითხავდა, ყურადღებას მაქცევდა, მიყვარდა. მგონი, მასაც ვუყვარდი. მეფერებოდა ხანდახან, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა, არა, არა – მეთქი, ვეუბნებოდი. ეს არ შეიძლებოდა, ქალიშვილი აღარ ვიქნებოდი და არ შეიძლებოდა,“ – ამბობს რუსო.
რატომ არ შეიძლებოდა, ვინ არ მოგცემდა უფლებას? ვკითხეთ რუსოს.
„არავინ არ მომცემდა უფლებას, მედდები, ექიმები, ჩემი ნათესავები. არ შეიძლებოდა და იმიტომ. ზოგი „უწესო ქალი“ აკეთებდა ,,ამას“ – გვიპასუხა რუსომ და გააგრძელა:
„მომწონდა ეს ბიჭი, მაგრამ მეშინოდა, რომ საავადმყოფოში გაიგებდნენ ყველაფერს. მერე ისე შემეშინდა, რომ მივედი და მე თვითონ ვაღიარე ყველაფერი მედდებთან. ასე და ასე მჭირს-მეთქი. გაბრაზდნენ, დაიბარეს ეს ბიჭი და უთხრეს, აღარ დაგინახოთ, ამ გოგოს მიუახლოვდეო.
მერე აღარ გამოჩენილა. ახლაც ვკითხულობ შორიდან მის ამბებს და ისევ კლინიკაშია.
მერე მენატრებოდა, ვნანობდი, რომ ვთქვი ყველაფერი მედდებთან, მაგრამ მისი ნომერი დავხიე, ვეღარასდროს რომ ვეღარ შემძლებოდა დარეკვა,“ – იხსენებს რუსო.
რუსო ბაბუნაშვილი
რუსო არაა ერთადერთი პაციენტი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, ვისაც სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებს.
შიში და სირცხვილი ხშირად აქვთ ინტიმურ თემებზე საუბრისას ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარებს.
სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, წერია, რომ პაციენტების, ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ, გამოკვეთილად დაბალია. ისინი არ უსვამენ კითხვებს პერსონალს საკუთარი სქესობრივი ფუნქციის გარშემო და განსაკუთრებით ერიდებიან ინტიმურ თემებზე საუბარს. აქვთ დაბალი თვითშეფასება და ხშირად ხდება თვითსტიგმატიზაცია.
ანგარიშის მიხედვით, ექიმების განმარტებითაც, პაციენტები ზოგადად თავს არიდებენ პერსონალთან ინტიმურ თემებზე საუბარს.
რუსოს ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, საკუთარი ოჯახი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოვიდაო, ამბობს.
„ერთი ნათესავი ქალი მყავდა, დაფასებული გინეკოლოგი. მეუბნებოდა, დაიმახსოვრე რუსო, შენ ისეთი დაავადება გაქვს და ისეთ მედიკამენტებს სვამ, ორსულობას ვერ გაუძლებ და მშობიარობას გადაჰყვები, ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინოო და მერე ამატებდა, არ გირჩევნია წამლები სვა და იცხოვრო შვილის გარეშე, ვიდრე გააჩინო და გადაჰყვეო? სულ ამას მეუბნებოდა.
მე მწყინდა, ძალიან ვბრაზდებოდი, ახალგაზრდა ქალს ამას როგორ მეუბნება-მეთქი, მაგრამ ვერ ვეპასუხებოდი. ახლა ყველაფერი გვიანია, მალე 50 წლის გავხდები,“- ამბობს რუსო.
ქალზე, რომელსაც ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, დიდი გავლენა მოახდინა მისმა ნათესავმა ექიმმა, რომელიც რუსოს ეუბნებოდა, რომ თუ ბავშვს გააჩენდა, მოკვდებოდა. ამ შეგონებამ იმდენად დათრგუნა და შეაშინა რუსო, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, უარი თქვა შვილის გაჩენაზე.
სხვა შემთხვევებშიც შშმ პირები ხშირად აღნიშნავენ საუბრისას, რომ მათ ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, საზოგადოებას, ხშირად ვერ წარმოუდგენია, რომ შშმ პირს ჰყავდეს პარტნიორი, ჰქონდეს ოჯახი და სურდეს, გააჩინოს შვილი.
ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პაციენტები რუსოს მსგავსად ხშირად არიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებების ზეგავლენის ქვეშ, რაც მათი სოციალური გარემოსთვისაა დამახასიათებელი. ამის შესახებ სახალხო დამცველის ზემოთ ხსენებულ ანგარიშშია აღნიშნული.
არ არის გამორიცხული, რომ რუსოს შესძლებოდა ცხოვრების ისე წარმართვა, როგორც მას წარმოედგინა: გაეჩინა შვილი, ჰყოლოდა პარტნიორი, შეექმნა ოჯახი, ფსიქიატრიული კლინიკების მიღმა, საკუთარ ბინაში რომ ეცხოვრა.
„ნათესავებმა ჩემი ბინა გაყიდეს”
რუსო ბაბუნაშვილმა 2 წელი ხონის, 11 წელი კი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მანამდე კი, როგორც თავად გვიყვება, ნათესავებმა ბინა ორჯერ გაუყიდეს.
„ასათიანის კლინიკიდან რომ გამომწერეს, თბილისელმა ნათესავებმა დამარწმუნეს, რომ ქუთაისში უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად, იქაურ ნათესავებთან. გადავედი. იქ ჩემი ნათესავის გარდაცვლილი დედამთილის ოთახში მეძინა. როცა საჭმელს გავამზადებთ, დაგიძახებთ ჩვენით და მერე გამოდიო, მეუბნებოდნენ. ოთახში უნდა ვყოფილიყავი ჩაკეტილი მთელი დღე.
მერე თბილისში ჩამომიყვანეს, მატარეს ნოტარიუსებთან და არ ვიცი, რას მოვაწერე ხელი, მითხრეს, ეს აუცილებელიაო, მაგრამ რა ეწერა დოკუმენტებში, არ წამაკითხეს. აღმოჩნდა, რომ ნათესავებმა ჩემი ბინა გაყიდეს. მიყიდეს სხვა ბინა, სხვა უბანში. კედლები ჩამომპალი იყო, იატაკი – აყრილი, ფანჯრები – ჩალეწილი, არ იცხოვრებოდა, სულ მეზობლებთან ვიყავი, მეზობლები მაჭმევდნენ და მასმევდნენ.
ვბრაზობდი, ბინა რომ გამიყიდეს და უარესი მიყიდეს. ჩემი ნათესავის ქმარმა გაყიდა ბინა. დავურეკე მის ცოლს და ვუთხარი, დასვენება მინდა, დასასვენებლად წამიყვანეთ-მეთქი. შენ ვერ ხარ კარგად, დასვენება კი არა, ფსიქიატრიულში მკურნალობა გჭირდებაო, მიპასუხა.
გავბრაზდი, გადმოვყარე კარადიდან ყველაფერი და მოვძებნე საბუთები, რაზეც ხელი მქონდა მოწერილი, წავიღე ყველაფერი ჩემი კლასელის ახლობელთან, რომელიც მოსამართლე იყო, ვთხოვე, დამხმარებოდა და გაერკვია, როგორ გაყიდეს ბინა, რას მოვაწერე ხელი. მეგონა, საჩივრის დაწერაში დამეხმარებოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ, ყველა ეს საბუთი ძალიან მალე ამ ჩემი ნათესავების ხელში აღმოჩნდა, მე კი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამგზავნეს.
ტიროდა მერე ჩემი კლასელი, რას ჰქვია, ხონის ფსიქიატრიულში უნდა დააწვინოთო“ – იხსენებს რუსო. მისი მონათხრობის მიხედვით, ნათესავებმა გაუყიდეს მეორე ბინაც:
„ამიხსნეს, რომ მეზობლებს ეშინოდათ, ცეცხლი არ გაგეჩინა სახლში და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდაო. არ ვიცი, როგორ გაყიდეს მეორე ბინა, ხელი არაფერზე მომიწერია, მაგრამ გაყიდეს. ფული მათ მოიხმარეს, მაგრამ კლინიკაში საჭმელი მოჰქონდათ ხანდახან და მაკითხავდნენ,“ – იხსენებს რუსო.
2 წელი ხონის, 11 წელი ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
ასე აღმოჩნდა ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში რუსო ბაბუნაშვილი 2005 წელს. გვიყვება, რომ ქალებისა და კაცების განყოფილება იქ სხვადასხვა სართულზე იყო და რკინის გისოსები ყოფდა ერთმანეთისგან. არ შეიძლებოდა ქალები კაცებს გამოლაპარაკებოდნენ ან პირიქით.
„8, 9, 10 ადამიანი ვიყავით ერთ პალატაში, ყველა ერთად, სხვადასხვა სირთულის პაციენტები ვიყავით, ღამე არ გვეძინა. ერთი ქალი არასდროს არ გვაძინებდა, შფოთავდა, მერე ჩვენც მთელი დღეები გამოუძინებლები, დაქანცულები ვიყავით.
არასდროს გვეუბნებოდნენ, რა გვერდითი მოვლენები ჰქონდა წამლებს. სულ მეძინა ხონში, თითქმის სულ ვიწექი, იშვიათად ვდგებოდი. მთიშავდა წამლები.
ხშირად მშიერი ვრჩებოდი. ხონის ფსიქიატრიულში სასადილოს ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც საჭმელს გვაწვდიდნენ. სადილის დროს ბევრი პაციენტი აწყდებოდა ამ ერთ პატარა ადგილს და მეშინოდა, ვინმეს არ წავექციე. ვიდექი უკან და ვიცდიდი, მაგრამ მერე არაფერი რჩებოდა. რაც რჩებოდა ხოლმე, ეს იყო ბორშჩი კომბოსტოს ერთი ფოთლით და ძვლების წვნიანი.
გამიმართლა, რომ ვინც ბინა გამიყიდა, ამ ნათესავს მოჰქონდა ჩემთვის ჰიგიენური და საჭმელი ხანდახან, ხონის ფსიქიატრიულშიც და მერე, ქუთაისის ფსიქიატრიულშიც.
ხონში არ იყო ჰიგიენური საფენები, ნათესავებს უნდა მოეტანათ ყველასთვის. ხანდახან გვიხევდნენ ძველ ნაჭრებს და გვაძლევდნენ მედდები, ხანდახან ესეც არ იყო.
ხონში გვიყენებდნენ. მედდის განათლება მქონდა, იცოდნენ ფსიქიატრიულში და უმძიმესი პაციენტი მომაბარეს, მოხუცი, მომაკვდავი ქალი, რომლისთვისაც ყოველდღე უნდა დამემუშავებინა ნემსით და სახვევებით ნაწოლები, უნდა გამომეცვალა მისთვის პამპერსი. ეს ჩემი მოვალეობა არ იყო, მაგრამ მავალებდნენ.
ქუთაისის ფსიქიატრიულიდან 11 წელი არ გამოვსულვარ“ – ამბობს რუსო.
ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში 11-წლიანი ცხოვრების შემდეგ მას უთხრეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია – „ხელი ხელს“ ბათუმში საოჯახო ტიპის საცხოვრებელს ხსნიდა შშმ პირებისთვის.რუსოსთვის ბათუმი უცხო ქალაქი იყო და თავიდან არ სურდა აქ გადმოსვლა საცხოვრებლად, მერე აზრი შეიცვალა და წელიწად-ნახევარია უკვე ოთხ სხვა შშმ პირთან ერთად ოჯახურ გარემოში ცხოვრობს. ბინაში აქვს საკუთარი ოთახი, ხშირად სეირნობს ზღვისპირას, ესწრება ფეხბურთის მატჩებს, დელფინების შოუს და ამბობს, რომ საოჯახო ტიპის სახლში საკუთარი ოთახიც აქვს და თავისუფლებაც, მაგრამ დიაგნოზმა და საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა განაპირობა ის, რომ რუსოს არ მიეცა შესაძლებლობა, ჰყოლოდა პარტნიორი და შვილი:
„ძალიან ვნანობ, შვილი რომ არ გავაჩინე, მაგრამ არა, არა, არაო, ჩამჩიჩინებდნენ … ახლა გვიანია, 48 წლის ვარ,“ – ამბობს რუსო.
_______________________________________
მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.
ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს „ეშმაკის ბორბლის“ წლიური სარგებლობის საფასურის დადგენის მიზნით მიმართა – შემდგომში ქონების იჯარით გასაცემად.
მერიაში მიიჩნევენ, რომ ქონების აუქციონზე გატანისას, საწყის ფასად, წინა აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული თანხა – 435 250 ლარი უნდა განისაზღვროს.
„ეს დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე… აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი ქონების სარგებლობის საფასურის სახით, ყოველწლიურად 435 250 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მერიის მიერ მომზადებულ პროექტში.
ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ატრაქციონი – პანორამული ბორბალი [„ეშმაკის ბორბალი“], მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-ობიექტებთან და 1419 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთთან ერთად, მერიამ აუქციონზე ბოლოს, 2021 წლის ივნისში გაიტანა.
წინა აუქციონზე საწყისი ფასი 287 250 ლარი იყო [ვაჭრობის ბიჯი 2 000 ლარი]. ქონება 74-ე ბიჯზე გასხვისდა. აუქციონში კი 2 პირი მონაწილეობდა.
აუქციონზე ვაჭრობის შედეგად მაშინ სარგებლობის საფასურად საბოლოოდ 435 250 ლარი დაფიქსირდა და აუქციონში გამარჯვებულთან იმავე წლის 25 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება [გამარჯვებულად შპს „პანორამა 2018“ გამოვლინდა].
ამ ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ნოემბრის ბოლოს იწურება. შესაბამისად, მერიამ იჯარით გაცემაზე ხელახალი აუქციონი უნდა გამოაცხადოს.
„ეშმაკის ბორბლის“ საწყისი საიჯარო ქირის განსაზღვრაზე ბათუმის საკრებულო 2022 წლის 29 ნოემბერს იმსჯელებს. საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია.
„გთხოვთ, ელექტრონული ფორმით მოგვაწოდოთ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თქვენ მიერ გამოცემული ყველა ბრძანების ასლი“, – ამ მოთხოვნით უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის წევრებს, ოთხივე მინისტრს მიმართა. მოთხოვნიდან 42-ე დღეს დეპუტატს არცერთი პასუხი არ მიუღია.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა დეპუტატის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს, მას ინფორმაცია არ მიაწოდეს.
დეპუტატის კითხვისა და მთავრობის წევრის პასუხის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების საინტერესო პრაქტიკა ახალი დანერგილია. მოქალაქეს შეუძლია ვებგვერდის საშუალებით თვალი ადევნოს მის მიერ არჩეული დეპუტატის აქტივობას, თუმცა ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როცა კითხვები უპასუხოდ რჩება, ან არასრულია.
დეპუტატი უპასუხოდ ხაზინის უფროსმა, ზურაბ ღომიძემაც დატოვა. გიორგი კირთაძე მისგან ხაზინის ანგარიშებზე განხორციელებულ გადარიცხვების ითხოვდა [შემოსული და გასული თანხების სრულ ჩამონათვალს], შესაბამისი საფუძვლების მითითებით. თუმცა ხაზინის უფროსმა პასუხის მოსამზადებლად თავი არ შეიწუხა. როგორც ჩანს, ზურაბ ღომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.
ფრიდონ ფუტკარაძემ „ქართული ოცნებიდან“ ვერ მიიღო პასუხი სარწყავებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ხულოში.
დეპუტატი ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს წერს:
„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გამოიკვეთა გამოწვევა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით… გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლების მიხედვით, სარწყავი წყლით მომარაგების მდგომარეობის შესახებ და გაქვთ თუ არა მუნიციპალური პროგრამა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით? – ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით“.
ამ წერილით დეპუტატმა ხულოს მერს 13 ოქტომბერს მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. სარწყავი არხების შესახებ ინფორმაცია ფრიდონ ფუტკარაძეს სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაც გამოუთხოვია. ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით ირკვევა, რომ დეპუტატი უპასუხოდ მხოლოდ ხულოს მერმა დატოვა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, თეიმურაზ გელდიაშვილმა უპასუხოდ დატოვა დეპუტატ გია აბულაძის კითხვები ქალაქში ნავთობის სუნის პერიოდულ გავრცელებასა და მისგან გამოწვეულ ზიანზე.
უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი თორნიკე რიჟვაძეს კორუფციაზე საკუთარ განცხადებას ახსენებს და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას სთხოვს:
ამონარიდი წერილიდან
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადეთ, რომ პირადად თქვენ არაერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეთ თანამდებობიდან კორუფციაში მხილების გამო, აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ მოგვაწოდოთ:
საჯარო მოხელეების სახელი, გვარი და თანამდებობა, რომლებიც თქვენ გაათავისუფლეთ თანამდებობიდან კორუფციაში მხილების გამო.
2. მოგვაწოდოთ აღნიშნული საჯარო მოხელეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალების [აუდიტის დასკვნა, აქტი, ადმინისტრაციული წარმოების ოქმი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი] ასლები.
3. ასევე მოგვაწოდოთ კორუფციის ფაქტებზე თქვენს მიერ რეაგირების დოკუმენტების ასლები.
მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატი უპასუხოდ დატოვა.
ელგუჯა ბაგრატიონს ასევე აინტერესებდა, რა სახის ნებართვებია გაცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მიერ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ობიექტებზე.
დეპუტატი ბათუმის მერს წერდა, რომ აქვს ინფორმაცია უკანონოდ აშენებულ შენობებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ და ინფორმაციის დაზუსტებას სთხოვდა. არჩილ ჩიქოვანმა ის უპასუხოდ დატოვა.
ამონარიდი ელგუჯა ბაგრატიონის წერილიდან
თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ არის აშენებული შენობები, რომლებზეც არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც ექსპლუატაციაშია მიღებული, სადაც ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის იქ საქმიანობენ ადამიანები. გთხოვთ გვაცნობოთ კანონიერად ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა თუ არა, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებაზე, რისკებსა და შესაძლო მძიმე შედეგებზე?
რა სახის სტატუსი და საგადასახადო შეღავათებია მინიჭებული გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ობიექტებსა და კომპანიებზე – მათ შორის ტურისტული საწარმო, საერთაშორისო კომპანია, სპეციალური ზონა და სხვა?
გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ობიექტებსა და კომპანიებზე? გაცემულია თუ არა სათამაშო ბიზნესის ლიცენზია, რომელი სახის, ასევე გავრცელებულია თუ არა შეღავათი კანონით დადგენილი რაოდენობის სასტუმრო ნომრების ქონის გამო?
უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე ამბობს ასევე, რომ არასრული და ბუნდოვანია სამინიტროს მიერ წარდგენილი 9 თვის შესრულების ანგარიში.
ბათუმში 14 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს.
შვილზე ძალადობის შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, 22 ნოემბერს, მოხდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, როცა მამამ გაიგო არასრულწლოვანი შვილის სქესობრივი კავშირის შესახებ, შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მამა ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს.
„გამოძიება ასევე დაწყებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზეც“, – გვითხრეს შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სექსუალური ძალადობის ბრალდებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, „მიმდინარეობს გამოძიება“.
ბათუმში 15 წლის მოზარდს მშობლების ნებართვის გარეშე ტუჩის ფილერი გაუკეთეს. პოლიციას ბავშვის ბებიამ მიმართა.
„ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ“, – ამბობს მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“.
ბებიას თქმით, მას კლინიკაში განუმარტეს, რომ „არ იცოდნენ, მოზარდი არასრულწლოვანი თუ იყო“.
„კლინიკაში მივედი და პოლიცია გამოვიძახე. იმიტომ ვუჩივლე, რომ მინდა სხვა ბავშვებიც დავიცვა ასეთი განუკითხაობისგან. არც ის ვიცით, რა წამალი გაუკეთეს, რა ხარისხის. არც ანალიზები აუღეს, არაფერი გამოჰკითხეს, ისე ჩაუტარეს პროცედურები“, – ამბობს ბებია.
„ბათუმელები“ ბავშვის დედასაც ესაუბრა, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ მის შვილს კოსმეტიკური პროცედურები მისი თანხმობის გარეშე ჩაუტარეს.
„ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა ფილერი… ექიმსაც კი არ ჩაუტარებია პროცედურები, როგორც კლინიკაში მითხრეს, ექთანმა გაუკეთა. როგორც ვიცი, ლიცენზირებული ექიმი უნდა ატარებდეს მსგავს პროცედურებს.
ექიმი რომ ხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ბავშვია და მშობლის თანხმობაა საჭირო? ისედაც ხომ ეტყობოდა, რომ არასრულწლოვანია, როგორ შეიძლება ასეთი თავაშვებულობა“, – ამბობს მოზარდის დედა.
მისი თქმით, საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოს სახელმწიფომ ამ საკითხს, რომ დაცული იყოს ბავშვების უსაფრთხოება და უფლებები.
„ზოგიერთს საერთოდ არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ორ ტრენინგს გაივლიან და ესთეტიკური მედიცინის კაბინეტს ხსნიან. უკონტროლოდა ყველაფერი“, – ამბობს დედა.
რას ნიშნავს ტუჩის ფილერით გადიდება და სახიფათოა თუ არა ის ბავშვის ორგანიზმისთვის?
როგორც ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი გვეუბნება, ორი სახის ფილერი არსებობს და აქედან ერთ-ერთი მოზარდებისთვისაც უსაფრთხოა.
„ფილერი არსებობს ორი სახის – გაწოვადი და გაუწოვადი. ჰიალურონის მჟავას რომელიც შეიცავს, ეს არის გაწოვადი და უსაფრთხო. ასეთი პრეპარატი მინიმუმ ცხრა თვე ჩერდება ორგანიზმში. რაც უფრო ხარისხიანია პრეპარატი, მით უფრო მდგრადია“, – გვითხრა მანანა ამაღლობელმა.
მისი თქმით, არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებზეც უამრავი კვლევაა ჩატარებული და რისკიც ნაკლებია, თუმცა არსებობს რისკის შემცველი პრეპარატებიც.
„ექიმი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია პრეპარატის შესახებ, რა პრეპარატი უკეთდება, რა შემადგენლობაა და ასე შემდეგ.
არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა. თუმცა ამის კონტროლი მაინც და მაინც არ ხდება ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში.
ჩვენც გვყოლია არასრულწლოვანი პაციენტები, თუმცა მშობლის ნებართვის გარეშე არ გამიკეთებია ესთეტიკური პროცედურა.
კლინიკაში შემოსვლის დროს, პირველ რიგში, ივსება პაციენტის ისტორია, პირადი მონაცემებიც შეგვყავს, ბუნებრივია, და იწერება ისიც, რა პრეპარატი უკეთდება, რა მოცულობის, რომელ ზონაში, რადგან წლები რომ გავიდეს და დასჭირდეს ეს ინფორმაცია პაციენტს, ხელმისაწვდომი იყოს მისთვის“, – ამბობს მანანა ამაღლობელი.
როგორც ექიმი გვეუბნება, ესთეტიკური მედიცინის სათანადო კონტროლი ქვეყანაში ვერ ხერხდება.
„ბევრი პრობლემის რეგულაცია არ ხდება დღეს, თუნდაც ის, რომ არასპეციალისტები აკეთებენ მსგავს პროცედურებს, სილამაზის სალონებში და სადღაც სარდაფებშიც კი აკეთებენ საეჭვო წარმოშობის ფილერებს, რომლებიც ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია.
ხშირად ექიმის ეთიკაზეა დამოკიდებული, მოიქცევა თუ არა ის კეთილსინდისიერად არასრულწლოვნის შემთხვევაში.
ფილერზე უფრო სახიფათოა E ვიტამინის პროცედურების ჩატარებაა, რომელსაც არასრულწლოვნები ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით სახლის პირობებში, თვითნებურად იკეთებენ. ამას ნამდვილად მოაქვს მძიმე შედეგები“, – ამბობს მანანა ამაღლობელი.
მისი თქმით, ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით E ვიტამინის თვითნებურად გაკეთება იმდენად საშიშია, რომ შესაძლოა პაციენტს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს:
„თუ პაციენტი გადაწყვეტს, რომ გაიკეთოს ფილერი, მაგრამ დაუმალავს ექიმს, რომ E ვიტამინი აქვს გაკეთებული და ფილერს დაიმატებს, ისეთი მძიმე გართულებები შეიძლება მიიღოს, რომ პლასტიკური ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.“
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე.
ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო.
„ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ – ამბობს ჯონსონი. – „ეს ყველასთვის უდიდესი შოკი იყო… ჩვენ ვხედავდით, როგორ ეწყობოდა რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური დაჯგუფებები, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას ძალიან განსხვავებული ხედვა ჰქონდა. გარკვეულ ეტაპზე გერმანელების პოზიცია იყო ისეთი, რომ თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა და დასრულდებოდა უკრაინის მარცხით.“
ჯონსონის თქმით, გერმანელებს ასეთი პოზიციის არგუმენტად „ეკონომიკური მიზეზები“ მოჰყავდათ.
„მე ამის მხარდაჭერა არ შემეძლო, ვფიქრობდი, რომ ეს მიდგომა დამღუპველი იყო, მაგრამ შემიძლია გავიგო, რატომაც ფიქრობდნენ ისე, როგორც ფიქრობდნენ,“ – ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც ინტერვიუში იტალიის პოზიციასაც აკრიტიკებს.
როგორც ჯონსონი ჰყვება, თავდაპირველ ეტაპზე, იტალიის ხელისუფლება, რომელსაც მაშინ სათავეში მარიო დრაგი ედგა, „უბრალოდ ამბობდა, რომ ისინი ვერ დაუჭერდნენ მხარს იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ვირჩევდით“, რადგან იტალია ძალიან იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დასძენს, რომ როდესაც რუსეთმა თებერვალში სამხედრო აგრესია მართლაც დაიწყო, ევროპული ქვეყნების განწყობა მკვეთრად შეიცვალა.
„მოხდა ის, რომ გერმანელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, ჯო ბაიდენმა, ყველამ დაინახა – უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობდა, რადგან შეუძლებელია მოლაპარაკებები ამ კაცთან (პუტინთან). ესაა მთავარი საკითხი,“ – ამბობს ჯონსონი. – „მთელი ჩემი ნერვიულობის შემდეგ… ვაღიარებ და ვაფასებ, რომ ევროკავშირი ასე მოიქცა. ისინი გაერთიანდნენ და სანქციებიც ძალიან მკაცრი იყო“.
ბორის ჯონსონი ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტსაც ახსენებს და ამბობს, რომ ზელენსკიმ თავი გამოიჩინა, როგორც „ბრწყინვალე ლიდერმა“: „ის ძალიან მამაცი ადამიანია. ის რომ იქ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ კონფლიქტის ისტორია სრულებით, სრულებით სხვაგვარი იქნებოდა“.
The New York Times-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს რუსეთისთვის ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების ბრალდებით.
გამოცემა ინფორმაციის წყაროდ უკრაინის ოფიციალურ პირებს ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ დაკავებული სასულიერო პირები – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ავტოკეფალიურ ეკლესიას, თუ რომელიმე სხვა კონფესიას.
The New York Times-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასობით სასულიერო პირი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ უკრაინულ ეკლესიას გამოეყო და კიევის დამოუკიდებელ ეკლესიას შეუერთდა, თუმცა რუსული ეკლესია უკრაინაში დღემდე დიდ გავლენას ინარჩუნებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში შევიდა და ჩხრეკა დაიწყო. უწყების ცნობით, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობდა „კონტრდაზვერვის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღსაკვეთად“.
უშიშროების განმარტებით, „ოპერაციის მიზანია“ არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს“ თავშესაფრად; გაარკვიონ, ხომ არ აფარებენ თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები და უცხოეთის მოქალაქეები, ან ხომ არ ინახება იარაღი.
კიევ-პეჩორის ლავრიდან ამოღებული პრორუსული ლიტერატურა/ფოტო: უკრაინის უშიშროება
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის გარდა, უკრაინის უშიშროება შევიდა კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაში.
უშიშროების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის ღონისძიებები დასრულდა კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაშიც. სამივე მათგანი მოსკოვის ეპარქიის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება.
უშიშროების პრესსამსახურის ცნობით, შემოწმდა 350-ზე მეტი საეკლესიო ობიექტი და 850 ადამიანი. მათგან 50 პოლიგრაფის საშუალებით დაიკითხა. მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ მონასტრების ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები.
„ზოგიერთმა მათგანმა შემოწმებისას წარმოადგინა საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტები და სამხედრო ბილეთები, ასლები, დოკუმენტების დედნები არ ჰქონდათ, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელსაც დაზიანება ან გაყალბების კვალი ეტყობოდა“, – ნათქვამია უშიშროების განცხადებაში.
კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანისთვის“ მუშაობდა. ჩხრეკისას ასევე აღმოჩნდა: პრორუსული და პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და ეკლესიის სკოლებში სწავლებისას გამოიყენებოდა, 2 მილიონი გრივნა (100 ათასი დოლარი) და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.
კიევ-პეჩორის ლავრიდან ამოღებული ფული/ფოტო: უკრაინის უშიშროება
უშიშროების სამსახურის ოპერაციას კრემლმა კიევის „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლის დადასტურება“ უწოდა. ვლადიმირ ლეგოიდამ, რუსეთის საპატრიარქოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია იმ ერთადერთი ინსტიტუტის „დაშინება“, რომელშიც „რუსები და უკრაინელები მშვიდობისთვის ერთად ლოცულობენ“.
უშიშროება კიევ-პეჩორის ლავრაში მას შემდეგ შევიდა, რაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა მიხაილ ომელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ასრულებს გუნდი კიევ-პეჩორის ლავრაში პრორუსულ სიმღერას. ვიდეოში ისმის სიტყვებიც „იღვიძებს დედა რუსეთი“.
1051 წელს დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა, ცნობილი ასევე, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, კიევის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი შტაბ-ბინა და ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა.
მთავარ ფოტოზე: უკრაინის უშიშროების თანამშრომლები კიევ-პეჩორის ლავრაში/ფოტო: უკრაინის უშიშროების სამსახური
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 85 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410]
ტანკი – 2 897 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 5 832 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 887 ერთეული [+5]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 396 ერთეული [+3]
სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 554 უპილოტო საფრენი აპარატი
390 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 782 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
901 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 615 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 329 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი. უწყების ცნობით, 17 ნოემბრის შემდეგ ამგვარი დრონების შეტევის შესახებ საჯაროდ აღარ გამოცხადებულა.
„სექტემბრიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში, სავარაუდოდ, ირანული წარმოების ასობით ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ეს აპარატები ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და უფრო ტრადიციული მრავალჯერადი შეიარაღების სისტემების ნაზავს წარმოადგენს.
ეს იარაღი რუსეთმა ფართოდ გამოიყენა ტაქტიკურ სამხედრო სამიზნეებსა და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,“ – წერს დაზვერვა 23 ნოემბრის რელიზში.
უწყების ვარაუდით, ბოლო პერიოდში რუსეთის სარდლობას ირანული წარმოების დრონების სამედიცინო დაწესებულებებზე დარტყმებისთვის გამოყენებაც სურდა.
„დიდი ალბათობით, რუსეთმა დრონების კამპანია ჩაიფიქრა, რათა ფრთოსანი რაკეტების მწვავე დეფიციტი ამ გზით შეევსო, თუმცა ამ მიდგომას შეზღუდული წარმატება ჰქონდა. გაშვებული დრონების უმრავლესობა უკრაინამ გააუვნებლა,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყების დასკვნით, რუსეთმა სავარაუდოდ თითქმის ამოწურა დრონების არსებული მარაგი და მისი შევსების გზებს ეძებს: „მოსკოვი, სავარაუდოდ, უფრო იოლად შეძლებს უპილოტო საფრენი აპარატების შემოტანას, ვიდრე ფრთოსანი რაკეტების თავისით წარმოებას“.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე თავდასხმა იყო.
დაზვერვა წერდა, რომ 18 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ნებისმიერი სახით იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას ნოვოროსიისკის პორტისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, რუსეთისთვის კიდევ ერთ სტრატეგიულ გამოწვევად იქცევა და შავ ზღვაში მის ისედაც შემცირებულ გავლენას კიდევ უფრო დაასუსტებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქზე ე.წ. False-Flag თავდასხმისთვის კრემლი საინფორმაციო წინაპირობებს ქმნის. False-flag ოპერაცია იმგვარად მოწყობილი სამხედრო ქმედებაა, რომელიც კონფლიქტის მეორე მხარეს ბრალდება.
ანალიტიკოსების დაკვირვებით, მოსკოვი საინფორმაციო სივრცეში აძლიერებს ჰიპოთეზებს, თითქოს უკრაინის არმია ბელგოროდის ოლქში შეჭრას აპირებს.
ISW-ის ცნობით, ამგვარ ვარაუდებს ბოლო დღეებში კრემლის პროპაგანდისტები გამოთქვამენ, სხვა რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, დაიბრუნოს კონტროლი კუპიანსკზე, ხარკოვის ოლქში, რათა უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხე მინიმუმამდე შეამციროს.
„ბელგოროდის გუბერნატორმა ვაიჩესლავ გლადკოვმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აწყობენ რუსები საფორტიფიკაციო ნაგებობებს ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ კრემლი ასეთი პროპაგანდით უკრაინაში წამოწყებული ომისთვის საზოგადოების მხარდაჭერის დაბრუნებას ცდილობს.
ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა წარუმატებელი მობილიზაციისა და ფრონტზე მუდმივი მარცხის გამო მცირდება.
საფორტიფიკაციო თხრილი ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან/ფოტო: ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამიდან
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის განცხადებები უკრაინის გარდაუვალ თავდასხმაზე აბსურდულია და ფართო აუდიტორიის დაშინებისკენაა მიმართული.
„უკრაინას რუსეთში შეჭრისთვის არც სტრატეგიული ინტერესი აქვს და არც ასეთ მასშტაბებში ამის გაკეთების შესაძლებლობა“, – წერს ISW-ი.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების არსენალი ძალიან შეუმცირდა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს რესურსი, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა გააგრძელოს;
რუსეთის სარდლობა მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის სხვადასხვა გზით შევსებას ცდილობს;
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი ირანში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაა;
რუსეთის არმიის გადაადგილების მარშრუტი მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები იმაგრებენ პოზიციებს ზაპოროჟიეს აღმოსავლეთ და დონეცკის დასავლეთ ნაწილებში;
რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევის ოპერაციას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში;
ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინელთა დარტყმებით ყირიმის ლოგისტიკურ ქსელებზე და ასევე, საბრძოლო მოქმედებებით კინბურნის ნახევარკუნძულზე;
კრემლი ცდილობს, წარუმატებელი მობილიზაციის გამო პასუხისმგებლობა თავდაცვის უწყებას დააკისროს.
მთავარ ფოტოზე: საფორტიფიკაციო ხაზის მშენებლობა ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან/ფოტო: ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამიდან
ქართული მეტყველების ამომცნობი სრულყოფილი, გამართული პროგრამა არ არსებობს, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი, ხმოვანი აპლიკაციები, პროგრამები ქართულ ენაზე ჯერ ვერ შეიქმნება, ვერც ქართულ მეტყველებას ცნობს ხელოვნური ინტელექტი, ვერ გარდაქმნის ქართულ ტექსტად.
ქართული მეტყველების ამომცნობი ბაზები და მერე ამ ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამები უმნიშვნელოვანესია ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის. ჟურნალისტების, ფილოლოგების, სხვადასხვა სფეროს მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის. ასეთი ბაზით შეიძლება შეიქმნას ასევე მრავალი სხვადასხვა დანიშნულების აპლიკაცია, პროგრამა ქართულ ენაზე.
პლატფორმაზე Common Voice მოხალისეებს შეუძლიათ შეიტანონ წვლილი და ასწავლონ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა: მოასმენინონ ქართული წინადადებები, რის შემდეგაც ამ წინადადებების თითოეული სიტყვის ჩანაწერი გაჩნდება ქართულ ენაზე ქართული შრიფტით.
იმისთვის, რომ სამომავლოდ შეიქმნას ქართული მეტყველების ამომცნობი პროგრამები, საჭიროა Common Voice-ზე ქართულად მეტყველების ბაზა, მონაცემები შეგროვდეს. ქართულად საუბრის დაახლოებით 10 000- საათიანი მასალაა საჭირო, ქართული მეტყველების ამომცნობი პროგრამის შესაქმნელად.
თუკი ყოველდღე 1000 ადამიანი 45 წინადადებას „უკარნახებს“ Common Voice-ს, ქართულად საუბრის 10 000-საათიანი მასალა დაახლოებით 6 თვეში შეგროვდება.
ჩვენი წილი ქართული რომ ვასწავლოთ კომპიუტერს, ამისთვის საჭიროა შევიდეთ ვებგვერდზე commonvoice.mozilla.org/ka ,დავაჭიროთ წითელ ღილაკს „ჩაწერა“ და ჩავწეროთ წინადადებები. ერთ ჯერზე არაუმეტეს 10-15-წამიან წინადადებას იწერს პროგრამა. წინადადების დასრულების შემდეგ ხმას ვინახავთ და ვაჭერთ ღილაკს „მოსმენა“. პროგრამა გვეკითხება, არის თუ არა შექმნილი ჩვენი ხმოვანი ჩანაწერის შესაბამისი სიტყვა სწორად დაწერილი. თუ სწორია სიტყვების შესატყვისი სკრიპტი, ვაჭერთ ღილაკს „დიახ“, თუ არასწორია, ღილაკს – „არა“. ასე ვეხმარებით ხელოვნურ ინტელექტს, ისწავლოს ქართული.
Common Voice პლატფორმა Mozilla firefox-ის პროექტია და გარდა ქართული ენისა, ივსება მსოფლიოს სხვადასხვა ენის ბაზები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოხალისეების მიერ. ქართულ ენაზე ამჯერად მხოლოდ 21-საათიანი მეტყველებაა ჩაწერილი, საჭიროა 10 000 საათი.
Common Voice-ზე ქართული მეტყველების ბაზას სხვა მოხალისეებთან ერთად რაზმიკ ბადალიანიც ავსებს. რაზმიკი აქტიური მოხალისეა, მართავს ფეისბუქჯგუფსაც სახელწოდებით Common Voice | ქართული ენა, სადაც მოხალისეებს რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევს რა როგორ მუშაობს პლატფორმაზე:
ეს მონაცემები ყველასთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, პლატფორმაზე ყველას შეუძლია ჩამოწეროს უკვე ატვირთული ხმები და გამოიყენოს სხვადასხვა პროგრამისთვის, კვლევისთვის, რისთვისაც დასჭირდება.
„ახლა ქართულ ენაზე 21-საათიანი ჩანაწერი არსებობს, უკვე იყენებენ ამ მონაცემს, მაგრამ ცოტაა მასალა, ჩვენი მიზანია შევაგროვოთ 10 000-საათიანი ბაზა. სხვა ენებს ამ პლატფორმაზე გაცილებით დიდი ბაზები აქვთ.
10 000-საათიანი საუბარი საკმარისი იქნება, ენის მანქანური სწავლებით პროგრამამ ქართული მეტყველების ამოცნობა რომ შეძლოს, ანუ რასაც ჩვენ ზეპირად ვიტყვით ქართულად, ქართულ ტექსტად რომ აქციოს.
მე შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში Mozilla-ს ამ პლატფორმას, დამაინტერესა და შევუერთდი ინიციატივას.
ჩემთვის, როგორც ყველა მოქალაქისთვის, ქართული ენა მნიშვნელოვანია და რაც მნიშვნელოვანია, ენა იქნება ეს თუ სხვა რამ, გინდა რომ განვითარდეს. ეს პლატფორმა აღმოჩნდა შესაძლებლობა, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ქართული ენის მიმართ და მის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი.
პროექტში ჩართვა ქართული ენისთვის დიდი შესაძლებლობების მიცემას ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ ბევრს ექნება ამის სურვილი და გვეყოლება ბევრი მოხალისე, ვინც დაგვეხმარება, ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა, ეს ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობაცაა“, – ამბობს რაზმიკ ბადალიანი.
რაზმიკ ბადალიანი
რაზმიკი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პროექტების მოხალისე და ორგანიზაცია Educare Georgia-ს წარმომადგენელია. ეს ორგანიზაცია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორია, მათ შორისაა charte.ge და ხანის აკადემიის ქართულენოვანი ვერსია.
Educare Georgia ამჯერად მუშაობს ინგლისური ენის ადვოკატირების პროექტზე – „რატომ ინგლისური“, რაც საქართველოში ინგლისური ენის სწავლებას შეუწყობს ხელს.
სამივე პროექტის მიზანი საქართველოში განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
29 ნოემბერს, 12 საათზე, გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროექტის პრეზენტაცია: „გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“. შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ორგანიზაციის მოხალისეთა პროგრამის შესახებ. პროგრამის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში.
„საკუთარი ამომრჩევლების მეტი მობილიზაციისთვის სჭირდება“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ვალერი ჩეჩელაშვილი იმაზე, თუ რატომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის და რადიკალური ლექსიკონის დათმობა.
ვალერი ჩეჩელაშვილს თანამოაზრეებთან ერთად აქვს ხედვა, როგორ შეიძლება დასრულდეს პოლარიზაცია საქართველოში.
ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჯერად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრია. ეს ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ ერთად ეროვნული თანხმობის პლატფორმას ქმნის აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.
ეროვნული თანხმობის იდეის შესახებ დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ვალერი, დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში პოლარიზება არ მცირდება. თქვენ რა გზით წარმოგიდგენიათ პოლარიზების შემცირება?
ვინც ეროვნული თანხმობის პლატფორმა შექმნა ამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ჩვენ ვართ პროოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია, „ჯეოქესის“ კი, თანამშრომლობს მთავრობასთან, თუმცა ჩვენ ერთმანეთი მოვძებნეთ. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმთავითვე დაინტერესდა ამ პროექტით, როგორც კი შევთავაზეთ.
ვიცი, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციაშიც ბევრს ხელს არ აძლევს ეს პროცესი: თანხმობის მიღწევა, აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა. ვფიქრობ, ჩვენ ამ პროექტით უნდა შევქმნათ შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობები და მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ დანერგონ ევროპული პოლიტიკური კულტურის სტანდარტები. თუ ამ მოთხოვნას ისინი არ გამოეხმაურებიან, ვერც ჩვენს მხარდაჭერას მიიღებენ.
თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსაც უჭირს ერთმანეთთან დიალოგი.
ასეა, მაგრამ ყველამ ვნახეთ 20 ივნისის დემონსტრაცია თბილისში ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ და ამას ყველა აღიარებს, რომ გვაქვს საერთო პლატფორმა, საერთო მისწრაფებები, არსებობს გამაერთიანებელი იდეები. გამოკითხვებით ჩანს, რომ 80% მხარს უჭერს ევროკავშირს, 75 % – ნატოში გაწევრებას. ეს არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ შევქმნათ ახალი განწყობები საზოგადოებაში.
რატომ შეიძლება მსგავსი პლატფორმას გაუწიონ ანგარიში პოლიტიკურმა აქტორებმა? მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინაც პარლამენტის ტრიბუნიდან ისევ რადიკალური რიტორიკის გამოყენება არჩია.
ღარიბაშვილს თუ დააკვირდებით, მას ერთი პოლიტიკური ენა აქვს ქვეყნის შიგნით, მეორე – ქვეყნის გარეთ, ბრიუსელისთვის. მას ეს სჭირდება შიდა პოლიტიკისთვის, მიაჩნია, რომ ეს არის კარგი და ასე საკუთარი ამომრჩევლების მეტ მობილიზაციასაც მოახდენს. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ მის ცნობიერებაში.
შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
რა ფაქტორის გამო შეიძლება ამ პოლარიზებაზე უარი თქვას, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა?
ეს შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლით და შესაბამისი მოლოდინების ფორმირებით… ეს ძალიან რთული პროცესია. თქვენ დღეს ამ პროცესს ადევნებდით თვალს უნივერსიტეტის აუდიტორიაში, ეს არ არის პირველი და ბოლო შემთხვევა, ეს აქტივობები გაგრძელდება.
მე იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ დაფიქრდებიან მინიმუმ ეს სტუდენტები, იმსჯელებენ და დასკვნებსაც გამოიტანენ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი განწყობები საზოგადოებაში, რასაც პოლიტიკური პარტიები ანგარიშს გაუწევენ. ჩვენ უნდა დავანახოთ პოლიტიკურ აქტორებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი და საქმიანი მიდგომები არის გაცილებით მომგებიანი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ნეგატიური დღის წესრიგი, გაუთავებელი კინკლაობა და ერთმანეთის ლანძღვა.
თუ გათვლა აქვს პოლიტიკოსს, რომ ეს აწყობს პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ცდება, როცა ის ასე ფიქრობს, ის საკუთარ ნაჭუჭშია მოქცეული… ბოლო კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობა თვლის, რომ მის მოსაზრებებს და პოზიციებს არ გამოხატავს საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ძალა. ეს არის ზუსტად ახალი რეალობა.
„ოცნებას“ აქვს 25 %, მაგრამ ვიცით, რომ აქ მოაზრებულია ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსიც. ისინი დაინახავენ, რომ ახალი რეალობაა ქვეყანაში, ეს უნდა იგრძნონ., თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ფლანგზე იქნებიან ადრესატები, რომლებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოვახდენთ. ზოგს მსოფლმხედველობა იმდენად მყარად აქვს ჩამოყალიბებული, რომ მათ შეცვლაზე ვერ გვექნება პრეტენზია.
ისევ 20 ივნისის აქციას დავუბრუნდები იმის საჩვენებლად, თუ როგორ იცვლება რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების. მაგალითად, 20 ივნისის აქციამდე გვესმოდა „ოცნებიდან“ განცხადებები, რომ არავინ იქნებოდა აქციაზე, რომ ეს სერიოზული არ იყო, აქციის შემდეგ კი, თქვეს, ჩემი მხარდამჭერებიც იქ იდგნენო. ეს არის მაგალითი, როცა საზოგადოებრივი განწყობა ქმნის ახალ პოლიტიკურ ლექსიკონს.
ვფიქრობ, ჯანსაღი ტენდენციები აუცილებლად გაძლიერდება.
მოქალაქისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი პოლარიზების შემცირება?
ამ გზით მიიღწევა ინსტიტუციური დემოკრატიის აღმშენებლობა ქვეყანაში, რომ გაგვეხსნას ჭეშმარიტად ევროპული პერსპექტივები. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ვიყავით კიდეც და, სამწუხაროდ, ამ როლს დღეს ვთმობთ. ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვტრანსლირებთ ევროპულ ფასეულობებს რეგიონში. ეს ადგილი და როლი უნდა დავიკავოთ ჩვენ, ეს მოიტანს მეტ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, მეტ პერსპექტივას.
დარწმუნებული ვარ, ამ აუდიტორიაშიც სტუდენტებს უფრო მეტად სურთ სწავლის გაგრძელება სორბონასა და ოქსფორდში, ვიდრე სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.
სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეთ ქართულ პოლიფონიურ სიმღერასა და თამადის როლზე, რომ ის მედიატორია სუფრასთან. თუ თანხმობის რესურსი გვაქვს, რატომ ვერ იცვლება რეალურად პოლარიზების მასშტაბი?
ეს არის ჩვენი ბუნება – პოლიფონიური სიმღერა, თამადა, რომელიც დიქტატორი კი არა, მედიატორია… ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხელმძღვანელობს მანკიერი პრინციპებით. ფიქრობენ, რომ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგი მათთვის უფრო მომგებიანია.
ანუ საზოგადოებრივ მოთხოვნას დაშორდა პოლიტიკური ელიტა?
ზუსტად ასეა. საქართველოში საზოგადოება არ არის ასეთი პრიმიტიული, საზოგადოებას არ აქვს ასეთ პრიმიტიულობაზე დაკვეთა, რომ გამუდმებით ვისმენდეთ ერთი მხრიდან იმას, რომ ვიღაც რუსეთუმე და მოღალატეა, მეორეს მხრივ კი: აი, თქვენ მკვლელებო.
ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა და საზოგადოების დაკვეთაა, ამოვავსოთ ის წარმოუდგენელი და ალოგიკური ბზარი, რაც გაჩნდა უკრაინასთან. დღეს ხელისუფლებას ნების გარდა, განსაკუთრებული არაფერი სჭირდება იმისთვის, რომ ჰუმანიტარული მიზნით, მაგალითად, ენერგოგენერატორები გაიგზავნოს უკრაინაში და საგარეო საქმეთა მინისტრიც გააყოლონ. ეს იქნება სწორი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინელები აუცილებლად დააფასებენ. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ამ ომის შემდეგ, ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების კონტექსტში.
ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, #3,5 და 7 – ნომერში, შპს „სახლი ძველ ბათუმში 2022“ ახალი კორპუსის მშენებლობის დასაწყებად კვარტლის ათვისებას გეგმავს. ამავე კვარტალში მდებარეობს ძეგლის ნიშნის მქონე ისტორიული სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ძველი მასკარონებიანი ფასადი.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალზე არსებული ინფორმაციით, 9 მარტის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი შენობა რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებული და მე-19 საუკუნის მე-3 პერიოდს ეკუთვნის – ის არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ობიექტად მიიჩნევა.
ეს სახლი შპს „გეოგრაფიკმა“ 2015 წელს ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ნუსხაში შეიტანა. მერიამ კი ეს მონაცემები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა.
ავარიული სახლი 9 მარტის ქუჩაზე
2020 წლის მარტში „გეოგრაფიკის“ მიერ სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ სახლებს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. 9 მარტის ქუჩაზე, #3-ში არსებული სახლი კი კიდევ რამდენიმე სახლთან ერთად უსტატუსოდ დატოვეს. რატომ მოიქცნენ ასე, სააგენტოს ამის თაობაზე არ განმარტა. შენობა ავარიული სახლების ნუსხაშია.
9 მარტის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის სადარბაზო
კომპანია, „სახლი ძველ ბათუმში 2022“, ბათუმის მერიას აქ მცხოვრები მოსახლეობის „საფრთხისგან დახსნას“ ჰპირდება თუ K2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას და 15-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას მიიღებს. საპროექტო მიწის ნაკვეთი 2030 კვ. მეტრია.
კომპანიამ მერიას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მცხოვრები მესაკუთრეების თანხმობის ხელწერებიც წარუდგინა [ხელწერები ამხანაგობების კრების ოქმებშია დაფიქსირებული].
შპს „სახლი ძველ ბათუმში 2022“ – ს ასივე პროცენტს გიორგი გოგიჩაიშვილი ფლობს, კომპანია 2022 წლის აგვისტოშია დაფუძნებული.
ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტი შეფერხდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში წერს, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. 2 მილიონ 244 996 ლარიდან, რომელიც მერიას ამ პროექტისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, კომპანიამ მხოლოდ 178 377 ლარის ათვისება შეძლო.
ამ შენობაში მიუსაფარი ადამიანებისთვის ღამის თავშესაფარი უნდა მოეწყოს.
შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ 2021 წლის აგვისტოში შეისყიდა – ბიუჯეტი 2 მილიონ 762 059 ლარი იყო. კონტრაქტორმა – შპს „ბეგი ჯორჯიამ“ ტენდერი კონკურენტულ პირობებში მოიგო, ხელშეკრულება 2 მილიონ 494 995 ლარზე გაფორმდა.
საკრებულოსთვის გაგზავნილ ანგარიშში მერია წერს, რომ არსებობს რისკი შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოები ვერ შეასრულოს.
„აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემსრულებელ კომპანიას ეცნობა წერილობით შესაძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“
შპს „ბეგი ჯორჯიას“ დირექტორის ინფორმაციით კი, სამუშაოები გრძელდება და „კომპანიას ჯერ ვადები აქვს“.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2022 წლის 30 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შეუტანიათ. ერთ-ერთი ცვლილებით კომპანიას სამუშაოებისთვის ვადა 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე გაუგრძელეს.
პირველი ცვლილებით კომპანია ვადების გაგრძელებას ითხოვდა იმ მიზეზით, რომ შენობის დროულად დაცლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაიწყო.
ამ შენობაში ბათუმის მერიას აქამდეც ღამის თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი.
„მიმდინარეობს სამუშაოები აქტიურ ფაზაში, კორექტირებები განხორციელდა. ეს იყო ძველი შენობა და დემონტაჟის განხორციელებისას გამოვლინდა გარკვეული დამატებითი სამუშაოები, რომელიც აუცილებელია ამ შენობის მოსაწყობად. გამომდინარე აქედან განხორციელდა კორექტირება რამდენჯერმე, ამან გამოიწვია ცვლილება, მაგრამ ჩვენ ჯერ ვადები გვაქვს და სამუშაოებს ვაგრძელებთ. დრო გვაქვს“, – განმარტა კომპანიის დირექტორმა გიორგი ნიკოლაძემ.
ღამის თავშესაფრის ბინადრების მისაღებად ბათუმის მერია შენობას ურეხის დასახლებაში ქირაობს.
შეფერხდა ბათუმისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი. ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა. 2 მილიონ 181 154 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის უნდა დახარჯულიყო, ხელუხლებლად დარჩა ბიუჯეტში.
მერია წერს, რომ სოციალური სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც მოითხოვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას და კორექტირებას.
სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში გამოვლინდა ხარვეზი: კერძოდ, ერთ-ერთი ბლოკის მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობა განსაზღვრული იყო 3,447 ტონა ბეტონით, ნაცვლად 207,541 ტონისა, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის დროს ტენდერის სტატუსი იყო შერჩევა/შეფასება, რის გამოც ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. დაგეგმილია განმეორებითი ტენდერის გამოცხადება.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება.
რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამ ვადამდე დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის კუთხით.
სტანდარტი ასევე დააწესებს სავალდებულო პირობებს სამედიცინო პერსონალის განათლების კუთხით და ასევე მათი რაოდენობა/თანაფარდობის თვალსაზრისით.
როგორც ცნობილია დღეს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებებში ექთნების დეფიციტისგამო, ხშირად ერთ ექთანს, თანაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად, 10-ზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს, რაც გარდა ექთნისთვის დამძიმებული სამუშაო პირობებისა, ნეგატიურად აისახება მომსახურების ხარისხზე.
„რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ზოგადად ეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, მაგალითად, როგორიცაა ფართობი საწოლებთან მიმართებაში, ასევე განსაზღვრავს პირობებს პერსონალის რაოდენობასთან დაკავშირებით, თუ რა კვლევებს უნდა ატარებდნენ ისინი ადგილზე, როგორი სამედიცინო აპარატურით უნდა იყოს აღჭურვილი განყოფილება.
ყველა ეს დეტალი გაწერილია რეანიმაციული მომსახურების პირობებში“ – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ადამია.
ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ორი წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.
მსოფლიოში საერთაშორისო აკრედიტაციის რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს, საქართველოში კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ექნებათ.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ბოლო მასშტაბური სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთს რაკეტების არსენალი მხოლოდ სამი მსგავსი თავდასხმისთვის ეყოფა.
გამოცემის ცნობით, ასეთი ინფორმაცია მის ჟურნალისტებს ძალოვანი ბლოკის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.
„პრავდას“ წყაროების თქმით, ნოემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, რუსეთის სარაკეტო არსენალი 15 ნოემბრის მსგავსი მხოლოდ სამი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის იქნება საკმარისი.
წყაროები დასძენენ, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უკვე რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტებისა და ირანული კამიკაძე-დრონების 70%-ს ანადგურებს, საკუთარი სარაკეტო მარაგების შესავსებად კი რუსეთს 14-16 თვე სჭირდება.
„ახლა რუსეთი ხარჯავს თავისი რაკეტების სტრატეგიულ მარაგებს, რომელთა აღდგენაც საკუთარი წარმოებით უკვე აღარ შეუძლია,“ – ამტკიცებენ გამოცემის წყაროები. მათი აზრით, ამ პრობლემაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რუსეთი ეძებს გზებს ირანიდან ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მისაღებად. – „მოსკოვს რომ ოპერატიულად შესძლებოდა რაკეტების მარაგის შევსება, იმპორტს არ მიმართავდა“.
ინფოგრაფიკა ოლექსი რეზნიკოვის ტვიტერიდან
რუსეთის არსენალის შემცირებაზე ტვიტერზე წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც, რომელიც აქვეყნებს მონაცემებს, რამდენი და რა ტიპის რაკეტა დახარჯა რუსეთმა და რომელი მათგანი რა რაოდენობით დარჩა.
„რუსეთის არსენალს ოთხი მტერი ჰყავს: უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრწყინვალე ძალები, რუსეთის უვარგისი სარაკეტო ჯარები, სანქციები და დრო. მშვიდობისთვის საჭიროა ტერორისტული სახელმწიფოს დემილიტარიზაცია,“ – წერს რეზნიკოვი.
რაკეტების შემცირების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ირანთან დადო ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი მოსკოვის უპილოტო საფრენი აპარატების დასამზადებლად ინსტრუქციებსა და კომპონენტებს გაუგზავნის.
ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული მედია (The Washington Post, CNN) ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რუსები გეგმავენ ათასობით კამიკაძე-დრონი უკვე თავად დაამზადონ.
„თუ ორი ქვეყანა ამ შეთანხმების და თავიანთი გეგმის განხორციელებას შეძლებს, წარმოება შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს, ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ამ დრონებს უკრაინაში უკვე მომავალი წლიდან გამოიყენებს,“ – წერს CNN-ი.
რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო ორ კვირაში შევა ძალაში, თუმცა როგორც ირკვევა, რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ნავთობის ბაზრის 90% ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში.
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში, რუსეთი დღეში მხოლოდ 95 ათას ბარელს ტვირთავს. შედარებისთვის: თებერვლის დასაწყისში ევროპულ პორტებში რუსეთიდან ყოველდღიურად 1,2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შედიოდა.
ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა: ლიეტუვა, საფრანგეთი და გერმანია რუსეთიდან ნავთობის მიღება რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში იგივე გააკეთა პოლონეთმაც.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ბალტიის პორტებიდან გასული ნავთობის სამი მეოთხედი ახლა აზიაში მიდის. ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბარელის ყიდვა მოასწრონ, რათა ისარგებლონ შეღავათების პერიოდით, რომელიც ემბარგოს ძალაში შესვლამდე მოქმედებს.
შეღავათის თანახმად, სანქციები არ შეეხება ტვირთებს, რომლებიც გასაგზავნად გამზადდება ემბარგოს ძალაში შესვლამდე, 5 დეკემბრამდე და დანიშნულების ადგილას 19 იანვრამდე მივა.
გამოცემა წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკვე უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ ფიქსირებულ ფასს რუსულ ნავთობზე. ტვირთები, რომლებშიც ამ ფასზე მეტი იქნება გადახდილი, არ დაიშვება ევროპულ და ბრიტანულ ხომალდებზე, ასევე, მათ არ შეეხებათ სადაზღვევო და სხვა ტიპის მომსახურება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის საერთო მოცულობა გასულ კვირაში ბოლო ცხრა კვირის მინიმუმზე, დღეში 2,67 მილიონ ბარელზე, ჩამოვიდა.
სექტემბერში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, დაეწყოთ მუშაობა რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვაზე, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ რუსეთის ფინანსური რესურსები უკრაინაში ომის საწარმოებლად.
მაშინ G7-ის ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს, რომ რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად იტყოდნენ უარს.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ადლიის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებით იცვლება სამარშრუტო ხაზი №2-ისა და №2ა-ს მოძრაობის მიმართულება.
კერძოდ, სამუშაოების დასრულებამდე ადლიისა და შარვაშიძის ქუჩების კვეთამდე გადასაადგილებლად №2 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს კობალაძის, შერიფ ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ზღვისპირის ქუჩისა და ელიავას ქუჩის გავლით.
სამარშრუტო ხაზი №2ა კი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად ზემოხსენებულ მონაკვეთამდე გადაადგილდება ელიავას ქუჩის გავლით.
დეტალური ინფორმაცია მუნიციპალური ავტობუსის შეცვლილი სამარშრუტო სქემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სასამართლო სხდომაში მონაწილეობა გამორჩეული გამოცდილებაა. მათ შორის მხარედ ყოფნა. ყველა ცხოვრებისეულ განცდას, ფიქრს, აზრს მართლა იმ სასამართლო დარბაზის კარს უკან ტოვებ.
ის საათ-ნახევარი, დარბაზის კარის დახურვიდან და სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე სხვა არაფერზე მიფიქრია. ალბათ ასეთივე განცდაა დიდ სპორტში რომელიმე ჩემპიონატზე თამაში. მთლიანად გათქვეფილი ვიყავი თანამოსარჩელეს, ჩვენი ადვოკატის, მოპასუხის, მოსამართლეების მოსმენაში, ნათქვამის დამახსოვრებასა და პასუხების გაცემაში.
მოსარჩელეების ინტერესებს ამ საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“/PHR იცავს, კონკრეტულად კი სააპელაციო სასამართლო პროცესზე ადვოკატი სოფო მენაბდიშვილი მუშაობდა.
ეს საქმე 2017 წლიდან მიმდინარეობს. ვითხოვთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უსინათლოებისთვის მისაწვდომი გახადოს სასამართლო სარჩელების ფორმები, დამოუკიდებლად რომ შეგვეძლოს მათი ტექნიკურად შევსება.
2017 წელს სარჩელი არათუ არ ივსებოდა, გამხმოვანებელი პროგრამითაც კი ვერ წაიკითხავდი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გადაწყვეტილებით დისკრიმინაციის ფაქტი არ დაადგინა და საქმე სააპელაციოში გავასაჩივრეთ. მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სარჩელის ფორმა განბლოკა უსინათლოთათვის. ამან ის გახადა წაკითხვადი, მაგრამ არა შევსებადი. რომელიმე გრაფაში რომ წერ მონაცემს, (მაგ. მოპასუხის სახელწოდება), შემდეგ მისი პოვნა ისრის ღილაკებით შეუძლებელია ან სხვა ველში გხვდება ჩაწერილი.
განბლოკვის შემდეგ, ამავდროულად, შესაძლებელი გახდა ფორმაში თვითონ სათაურების/ველების დასახელებების წაშლა, რაც სტანდარტულ ფორმაში არ შეიძლება.
4 წელი ველოდით სააპელაციო სასამართლოს სხდომას. მოპასუხე უწყების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ადვოკატი რომ შემოვიდა, არც კი მოგვესალმა. არც „გამარჯობა“, არც – „ნახვამდის“. სასამართლო მდივანს რომ არ ჩამოეთვალა პროცესის მონაწილეები, მეგონებოდა, რომ მოპასუხე საერთოდ არ გამოცხადდა. მარტო პოლიტიკური კი არა, სასამართლო კულტურაც არ გვაქვს ქვეყანაში.
მოპასუხემ თქვა, რომ 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქვთ სარჩელების სრული ადაპტირება; რომ ჩვენ, მოსარჩელეები, ვიყავით მიწვეულები სარჩელების ფორმების დატესტვის სამუშაო შეხვედრაზე, მაგრამ არ მივედით (დამირეკეს მხოლოდ მე და არა მეორე მოსარჩელეს, ისიც შეხვედრის წინა დღეს და, სხვაგან რაკი ვიყავი მისასვლელი, ვერ მივედი. მაგრამ ეს შეხვედრები რამდენიმე იყო და დანარჩენებზე რაღატომ არ მიგვიწვიეს არცერთი?); რომ უსინათლოთა კავშირია ჩართული ამ ფორმების დახვეწაში (ვერც თავმჯდომარის სახელი გაიხსენა, ვერც- იმ პროგრამისტისა, რომელიც ფორმების ტექნიკურ გამართულობაზე მუშაობს. თქვა, რომ ერთადერთი უსინათლო პროგრამისტია, არადა ჩვენ რამდენიმე ვიცით და არა ერთი).
შემდეგ თვითონვე თქვა, რომ უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ ფორმის შევსება დამოუკიდებლად შეუძლებელია. აბა მარტო წაკითხვა რას უშველის, თუ ვერ ავსებ? სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ რომ სთხოვა, წარმოედგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სამუშაო შეხვედრების ოქმები, პირდაპირ უთხრა, რომ ასეთი შეხვედრები არ ოქმდება.
მე განვუმარტე სასამართლოს, რომ სარჩელებს ჩვენი უცოდინარობის გამო რომ ვერ ვავსებდეთ და არა მათი მიუწვდომლობის გამო, მოპასუხე მხარე მოიყვანდა უსინათლოს, რომელიც შეძლებდა სასამართლო სხდომაზევე სარჩელის შევსებას და მისი მისაწვდომობის დემონსტრირებას. ეს რომ არ გააკეთეს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს სარჩელების მიუწვდომლობაზე.
თანაც პირველი ინსტანციის სასამართლოზე მოპასუხემ აღიარა კიდეც, რომ სარჩელის ფორმის შევსება შეუძლებელი იყო. მაშინ სასამართლო სხდომაზევე ჩავრთეთ ლეპტოპი და ვაჩვენეთ, რომ გამხმოვანებელი პროგრამა მას ვერ კითხულობდა და ვერც რამის ჩაწერა შეგვეძლო ფორმაში.
სასამართლოს შევახსენე ისიც, რომ დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ განზრახვით, ის გაუფრთხილებლობისა და გულგრილობის შედეგიცაა ხშირად.
დისკრიმინაციული მოპყრობაა, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის ერთნაირი პირობების შექმნას ან, პირიქით, თანასწორ მდგომარეობაში მყოფთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას.
მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპამდე ვერ მივედით. ჩაინიშნა მეორე სასამართლო სხდომა წლის ბოლოს. სავარაუდოდ მოსამართლეებს უნდოდათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დრო მისცენ, დაასრულონ მუშაობა მისაწვდომ ფორმებზე. არადა იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარსავე სამოქმედო გეგმას არღვევს. 2022 წელს ჰქონდათ სარჩელების ადაპტირება გათვალისწინებული და აგერ წელი იწურება კიდეც, ფორმები კი ჯერ არ არის გამოქვეყნებული.
ამ პროცესსაც, წინასი არ იყოს, ცნობიერების ამამაღლებელი ფუნქციაც ჰქონდა.
როდესაც ერთ-ერთმა მოსამართლემ კითხვის დასმა დამიპირა, ჩვენმა ადვოკატმა გამიჟღერა მისი სახელი და გვარი (რომელიც უწერიათ, მაგრამ უსინათლობის გამო, ბუნებრივია, ვერ ამოვიკითხავდი).
რატომ ვითხოვთ არამხოლოდ სარჩელის ფორმების გამართვას, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც?
ამ ფორმების ადაპტირება მართლა 1 თვის საქმეა, ნება რომ იყოს. ასეთი ხარვეზების აღმოფხვრას სასამართლო არ უნდა სჭირდებოდეს. წერილით რომ მივმართეთ 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პასუხი არ გვაღირსეს და ამ რამდენიმე კვირის საქმეს 5 წელია, არ აკეთებენ. გვაწვალებენ, სასამართლოებში გვარბენინებენ, ანუ ხელოვნურად არ აკეთებენ. ტყუილად ფლანგავენ ჩვენს დროს, რესურსებს, ენერგიას. გვამათხოვრებენ, ფაქტობრივად. ამიტომაც ნამდვილად გვეკუთვნის მორალური ზიანის კომპენსაცია.
ხერსონში, ქალაქის განაპირას მდებარე ნაგავსაყარზე, რუსი სამხედროები თავიანთი მებრძოლების ცხედრებს წვავდნენ – ეს ინფორმაცია ბრიტანულ The Guardian-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს.
ხერსონის რამდენიმე მცხოვრები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ ცხედრები საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა რამდენჯერმე დაინახეს, როგორ მივიდა ნაგავსაყართან რუსული სატვირთო მანქანა, საიდანაც პოლიეთილენის შავი ტომრები გადმოტვირთეს და დაწვეს.
ადგილობრივების თქმით, ჰაერში ამის შემდეგ შავი კვამლი და საშინელი სუნი დგებოდა, მოქალაქეებს კი ნაგავსაყართან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.
„რუსებს მოჰყავდათ ნაგვითა და ცხედრებით სავსე კამაზი და აქ ტვირთავდნენ“ – ეუბნება The Guardian-ს ხერსონის დასუფთავების თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. – „რა გგონიათ, ვინმე მათ დამარხვას დაიწყებდა? აქ ყრიდნენ, მერე ზემოდან ნაგავს აყრიდნენ და ეგ იყო“.
დასუფთავების თანამშრომელი ამბობს, რომ არ იცის, ცხედრები სამხედროებისა იყო თუ სამოქალაქო პირების. „არ დამინახავს. ისედაც ბევრი გითხარით. არა, არ მეშინია, 2014 წლიდან ვიბრძოდი დონბასში, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იცი, მით უკეთ გძინავს,“ – ამბობს ის.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო თვითონ გამოცემა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
ჟურნალისტები დასძენენ, რომ ნაგავსაყარზე ჩანს რუსული ჩაფხუტები, დროშებისა და სამხედრო ფორმების ნარჩენები.
ქალაქი ხერსონი, ისევე როგორც მთლიანად ოლქი, რუსეთის არმიას 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. უკრაინის ძალებმა ოლქის დასავლეთ ნაწილი 11 ნოემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც იქიდან რუსეთის დანაყოფები გავიდნენ და ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლეს.
მთავარ ფოტოზე: ხერსონის ნაგავსაყარი/ფოტო: The Guardian
უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს კიევ-პეჩორის ლავრაში შევიდა. უწყების ცნობით, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს „კონტრდაზვერვის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ“.
„რუსეთის სამხედრო აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკები, განსაკუთრებით მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში,“ – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ოპერაციის მიზანია“ არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს“ თავშესაფრად; გაარკვიონ, ხომ არ აფარებენ თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები და უცხოეთის მოქალაქეები, ან ხომ არ ინახება იარაღი.
ლავრის შენობებში მიმდინარეობს ჩხრეკა და მის ტერიტორიაზე მყოფი პირების შემოწმება.
1051 წელს დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა, ცნობილი ასევე, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, კიევის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი შტაბ-ბინა და ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ სამონასტრო კომპლექსზე კონტროლს დღეს უკრაინის სახელმწიფო მუზეუმი და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ინაწილებენ.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა მიხაილ ომელიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ასრულებს გუნდი კიევ-პეჩორის ლავრაში პრორუსულ სიმღერას.
ომელიანის თქმით, ვიდეო მას კიევის სასულიერო აკადემიის კურსანტმა მიაწოდა, რომელიც იმ დროს მეგობრებთან ერთად ლავრის ერთ-ერთ ტაძარში იმყოფებოდა.
ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა უკრაინის კულტურის სამინისტრო და განაცხადა, რომ მასალას შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.
მოგვიანებით მოსკოვის პატრიარქატის უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა პაველ ლებედმა ვიდეოს ნამდვილობა ირიბად დაადასტურა.
15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამართლება, სამართლიანად აღიარება და მისი მონაწილეების გლორიფიკაცია“.
უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ორიონი“, რომელიც Artemis-1-ის მისიის ფარგლებში გაფრინდა დედამიწიდან 16 ნოემბერს, მთვარეს მიუახლოვდა.
„ნასას“ 21 ნოემბრის მონაცემებით, „ორიონი“ მთვარიდან დაახლოებით 130 კმ მანძილზე იმყოფებოდა.
„ორიონმა“ კიდევ სამი კვირა უნდა იფრინოს, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდება.
მისია Artemis-ი საზოგადოებას 2020 წელს წარუდგინეს. მისიის მიზანია ასტრონავტების დაბრუნება მთვარეზე ბოლო მისიიდან [„აპოლონ 11“, ამერიკული მისია 1972 წელს] ნახევარი საუკუნის შემდეგ, ასევე, მთვარის სადგურის მშენებლობა და მომზადება მისიისთვის პლანეტა მარსზე.
2024 წელს NASA გეგმავს ოთხი ასტრონავტის გაგზავნას მთვარეზე Artemis 2-ის მისიის ფარგლებში. უკვე პილოტირებული ხომალდი მთვარის ირგვლივ იფრენს და წყნარ ოკეანეში დაეშვება.
2025 წელს კი დაგეგმილია მისია Artemis-3, რომლის ფარგლებში ამერიკელი ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაშვებას გეგმავენ.