მთავარი,სიახლეები

„ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინო“ – ცხოვრება ფსიქიკური დაავადების დიაგნოზით

23.11.2022 • 4572
„ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინო“ – ცხოვრება ფსიქიკური დაავადების დიაგნოზით

რუსო 23 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და სრულიად მარტო დარჩა. მერე ჰალუცინაციები დაეწყო. ერთხელ განსაკუთრებულად გამოეწყო, დედის სამკაულები გაიკეთა და შუაღამისას ქუჩაში გავიდა. წარმოედგინა, რომ ქალაქის დიდ მოედანზე თვითმფრინავით მისი შეყვარებული უნდა დაშვებულიყო და ელოდებოდა.

რუსო მეზობლებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს, მის ნათესავებს დაურეკეს. მისი თქმით, მოვიდნენ ნათესავები და არწმუნებდნენ, რომ აუცილებელი იყო ასათიანის ფსიქიატრიულიდან მოსულ ჯგუფს გაჰყოლოდა სამკურნალოდ:

„მე არ მინდოდა წასვლა, გავიქეცი, 4 სართული ჩავირბინე, მაგრამ დამეწია ჩემი ნათესავი ქალი და მცემა. რას ჰქვია ფსიქიატრიულში დაწოლა არ გინდაო“ – იხსენებს რუსო.

23 წლისას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა 48 წლისაა. თავიდან რამდენიმე თვე ასათიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა, 2 წელი ხონის ფსიქიატრიულში გაატარა, ცხოვრობდა ნათესავებთანაც, ქუთაისში, მერე კი 11 წელი დაჰყო ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

  • „მომწონდა ბიჭი, მაგრამ მეშინოდა, რომ საავადმყოფოში გაიგებდნენ ყველაფერს

„ქუთაისის ფსიქიატრიულში ქალებისა და კაცების პალატები გვერდიგვერდ იყო. ექიმები, მედდები კარგად გვექცეოდნენ. ხანდახან გრიგოლეთშიც დავყავდით ზღვაზე.

ერთადერთხელ მყავდა შეყვარებული – ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში. მასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა – მოჰყავდათ ხანდახან, მკურნალობდნენ, მერე გაწერდნენ, ასე გრძელდებოდა დიდხანს.

ყველაფერს მინაწილებდა ეს ბიჭი, რაც მისთვის მოჰქონდათ: საჭმელს, ხილს, ნამცხვრებს. მაკითხავდა, ყურადღებას მაქცევდა, მიყვარდა. მგონი, მასაც ვუყვარდი. მეფერებოდა ხანდახან, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა, არა, არა – მეთქი, ვეუბნებოდი. ეს არ შეიძლებოდა, ქალიშვილი აღარ ვიქნებოდი და არ შეიძლებოდა,“ – ამბობს რუსო.

რატომ არ შეიძლებოდა, ვინ არ მოგცემდა უფლებას? ვკითხეთ რუსოს.

„არავინ არ მომცემდა უფლებას, მედდები, ექიმები, ჩემი ნათესავები. არ შეიძლებოდა და იმიტომ. ზოგი „უწესო ქალი“ აკეთებდა ,,ამას“ – გვიპასუხა რუსომ და გააგრძელა:

„მომწონდა ეს ბიჭი, მაგრამ მეშინოდა, რომ საავადმყოფოში გაიგებდნენ ყველაფერს. მერე ისე შემეშინდა, რომ მივედი და მე თვითონ ვაღიარე ყველაფერი მედდებთან. ასე და ასე მჭირს-მეთქი. გაბრაზდნენ, დაიბარეს ეს ბიჭი და უთხრეს, აღარ დაგინახოთ, ამ გოგოს მიუახლოვდეო.

მერე აღარ გამოჩენილა. ახლაც ვკითხულობ შორიდან მის ამბებს და ისევ კლინიკაშია.

მერე მენატრებოდა, ვნანობდი, რომ ვთქვი ყველაფერი მედდებთან, მაგრამ მისი ნომერი დავხიე, ვეღარასდროს რომ ვეღარ შემძლებოდა დარეკვა,“ – იხსენებს რუსო.

რუსო ბაბუნაშვილი

რუსო არაა ერთადერთი პაციენტი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, ვისაც სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებს.

შიში და სირცხვილი ხშირად აქვთ ინტიმურ თემებზე საუბრისას ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარებს.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, წერია, რომ  პაციენტების, ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ, გამოკვეთილად დაბალია. ისინი არ უსვამენ კითხვებს პერსონალს საკუთარი სქესობრივი ფუნქციის გარშემო და განსაკუთრებით ერიდებიან ინტიმურ თემებზე საუბარს. აქვთ დაბალი თვითშეფასება და ხშირად ხდება თვითსტიგმატიზაცია.

ანგარიშის მიხედვით, ექიმების განმარტებითაც, პაციენტები ზოგადად თავს არიდებენ პერსონალთან ინტიმურ თემებზე საუბარს.

  • ისეთი დაავადება გაქვს და ისეთ მედიკამენტებს სვამ, ორსულობას ვერ გაუძლებ და მშობიარობას გადაჰყვები

რუსოს ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, საკუთარი ოჯახი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოვიდაო, ამბობს.

„ერთი ნათესავი ქალი მყავდა, დაფასებული გინეკოლოგი. მეუბნებოდა, დაიმახსოვრე რუსო, შენ ისეთი დაავადება გაქვს და ისეთ მედიკამენტებს სვამ, ორსულობას ვერ გაუძლებ და მშობიარობას გადაჰყვები, ამოიგდე თავიდან, რომ შეიძლება შვილი გააჩინოო და მერე ამატებდა, არ გირჩევნია წამლები სვა და იცხოვრო შვილის გარეშე, ვიდრე გააჩინო და გადაჰყვეო? სულ ამას მეუბნებოდა.

მე მწყინდა, ძალიან ვბრაზდებოდი, ახალგაზრდა ქალს ამას როგორ მეუბნება-მეთქი, მაგრამ ვერ ვეპასუხებოდი. ახლა ყველაფერი გვიანია, მალე 50 წლის გავხდები,“- ამბობს რუსო.

ქალზე, რომელსაც ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, დიდი გავლენა მოახდინა მისმა ნათესავმა ექიმმა, რომელიც რუსოს ეუბნებოდა, რომ თუ ბავშვს გააჩენდა, მოკვდებოდა. ამ შეგონებამ იმდენად დათრგუნა და შეაშინა რუსო, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, უარი თქვა შვილის გაჩენაზე.

სხვა შემთხვევებშიც შშმ პირები ხშირად აღნიშნავენ საუბრისას, რომ მათ ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, საზოგადოებას, ხშირად ვერ წარმოუდგენია, რომ შშმ პირს ჰყავდეს პარტნიორი, ჰქონდეს ოჯახი და სურდეს, გააჩინოს შვილი.

ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პაციენტები რუსოს მსგავსად ხშირად არიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებების ზეგავლენის ქვეშ, რაც მათი სოციალური გარემოსთვისაა დამახასიათებელი. ამის შესახებ სახალხო დამცველის ზემოთ ხსენებულ ანგარიშშია აღნიშნული.

არ არის გამორიცხული, რომ რუსოს შესძლებოდა ცხოვრების ისე წარმართვა, როგორც მას წარმოედგინა: გაეჩინა შვილი, ჰყოლოდა პარტნიორი, შეექმნა ოჯახი, ფსიქიატრიული კლინიკების მიღმა, საკუთარ ბინაში რომ ეცხოვრა.

  • „ნათესავებმა ჩემი ბინა გაყიდეს”

რუსო ბაბუნაშვილმა 2 წელი ხონის,  11 წელი კი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მანამდე კი, როგორც თავად გვიყვება, ნათესავებმა ბინა ორჯერ გაუყიდეს.

„ასათიანის კლინიკიდან რომ გამომწერეს, თბილისელმა ნათესავებმა დამარწმუნეს, რომ ქუთაისში უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად, იქაურ ნათესავებთან. გადავედი. იქ ჩემი ნათესავის გარდაცვლილი დედამთილის ოთახში მეძინა. როცა საჭმელს გავამზადებთ, დაგიძახებთ ჩვენით და მერე გამოდიო, მეუბნებოდნენ. ოთახში უნდა ვყოფილიყავი ჩაკეტილი მთელი დღე.

მერე თბილისში ჩამომიყვანეს, მატარეს ნოტარიუსებთან და არ ვიცი, რას მოვაწერე ხელი, მითხრეს, ეს აუცილებელიაო, მაგრამ რა ეწერა დოკუმენტებში, არ წამაკითხეს. აღმოჩნდა, რომ ნათესავებმა ჩემი ბინა გაყიდეს. მიყიდეს სხვა ბინა, სხვა უბანში. კედლები ჩამომპალი იყო, იატაკი – აყრილი, ფანჯრები – ჩალეწილი, არ იცხოვრებოდა, სულ მეზობლებთან ვიყავი, მეზობლები მაჭმევდნენ და მასმევდნენ.

ვბრაზობდი, ბინა რომ გამიყიდეს და უარესი მიყიდეს. ჩემი ნათესავის ქმარმა გაყიდა ბინა. დავურეკე მის ცოლს და ვუთხარი, დასვენება მინდა, დასასვენებლად წამიყვანეთ-მეთქი. შენ ვერ ხარ კარგად, დასვენება კი არა, ფსიქიატრიულში მკურნალობა გჭირდებაო, მიპასუხა.

გავბრაზდი, გადმოვყარე კარადიდან ყველაფერი და მოვძებნე საბუთები, რაზეც ხელი მქონდა მოწერილი, წავიღე ყველაფერი ჩემი კლასელის ახლობელთან, რომელიც მოსამართლე იყო, ვთხოვე, დამხმარებოდა და გაერკვია, როგორ გაყიდეს ბინა, რას მოვაწერე ხელი. მეგონა, საჩივრის დაწერაში დამეხმარებოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ, ყველა ეს საბუთი ძალიან მალე ამ ჩემი ნათესავების ხელში აღმოჩნდა, მე კი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამგზავნეს.

ტიროდა მერე ჩემი კლასელი, რას ჰქვია, ხონის ფსიქიატრიულში უნდა დააწვინოთო“ – იხსენებს რუსო. მისი მონათხრობის მიხედვით, ნათესავებმა გაუყიდეს მეორე ბინაც:

„ამიხსნეს, რომ მეზობლებს ეშინოდათ, ცეცხლი არ გაგეჩინა სახლში და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდაო. არ ვიცი, როგორ გაყიდეს მეორე ბინა, ხელი არაფერზე მომიწერია, მაგრამ გაყიდეს. ფული მათ მოიხმარეს, მაგრამ კლინიკაში საჭმელი მოჰქონდათ ხანდახან და მაკითხავდნენ,“ – იხსენებს რუსო.

  • 2 წელი ხონის, 11 წელი ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ასე აღმოჩნდა ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში რუსო ბაბუნაშვილი 2005 წელს. გვიყვება, რომ ქალებისა და კაცების განყოფილება იქ სხვადასხვა სართულზე იყო და რკინის გისოსები ყოფდა ერთმანეთისგან. არ შეიძლებოდა ქალები კაცებს გამოლაპარაკებოდნენ ან პირიქით.

„8, 9, 10 ადამიანი ვიყავით ერთ პალატაში, ყველა ერთად, სხვადასხვა სირთულის პაციენტები ვიყავით, ღამე არ გვეძინა. ერთი ქალი არასდროს არ გვაძინებდა, შფოთავდა, მერე ჩვენც მთელი დღეები გამოუძინებლები, დაქანცულები ვიყავით.

არასდროს გვეუბნებოდნენ, რა გვერდითი მოვლენები ჰქონდა წამლებს. სულ მეძინა ხონში, თითქმის სულ ვიწექი, იშვიათად ვდგებოდი. მთიშავდა წამლები.

ხშირად მშიერი ვრჩებოდი. ხონის ფსიქიატრიულში სასადილოს ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც საჭმელს გვაწვდიდნენ. სადილის დროს ბევრი პაციენტი აწყდებოდა ამ ერთ პატარა ადგილს და მეშინოდა, ვინმეს არ წავექციე. ვიდექი უკან და ვიცდიდი, მაგრამ მერე არაფერი რჩებოდა. რაც რჩებოდა ხოლმე, ეს იყო ბორშჩი კომბოსტოს ერთი ფოთლით და ძვლების წვნიანი.

გამიმართლა, რომ ვინც ბინა გამიყიდა, ამ ნათესავს მოჰქონდა ჩემთვის ჰიგიენური და საჭმელი ხანდახან, ხონის ფსიქიატრიულშიც და მერე, ქუთაისის ფსიქიატრიულშიც.

ხონში არ იყო ჰიგიენური საფენები, ნათესავებს უნდა მოეტანათ ყველასთვის. ხანდახან გვიხევდნენ ძველ ნაჭრებს და გვაძლევდნენ მედდები, ხანდახან ესეც არ იყო.

ხონში გვიყენებდნენ. მედდის განათლება მქონდა, იცოდნენ ფსიქიატრიულში და უმძიმესი პაციენტი მომაბარეს, მოხუცი, მომაკვდავი ქალი, რომლისთვისაც ყოველდღე უნდა დამემუშავებინა ნემსით და სახვევებით ნაწოლები, უნდა გამომეცვალა მისთვის პამპერსი. ეს ჩემი მოვალეობა არ იყო, მაგრამ მავალებდნენ.

ქუთაისის ფსიქიატრიულიდან 11 წელი არ გამოვსულვარ“ – ამბობს რუსო.

ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში 11-წლიანი ცხოვრების შემდეგ მას უთხრეს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაცია – „ხელი ხელს“ ბათუმში საოჯახო ტიპის საცხოვრებელს ხსნიდა შშმ პირებისთვის.რუსოსთვის ბათუმი უცხო ქალაქი იყო და თავიდან არ სურდა აქ გადმოსვლა საცხოვრებლად, მერე აზრი შეიცვალა და წელიწად-ნახევარია უკვე ოთხ სხვა შშმ პირთან ერთად ოჯახურ გარემოში ცხოვრობს. ბინაში აქვს საკუთარი ოთახი, ხშირად სეირნობს ზღვისპირას, ესწრება ფეხბურთის მატჩებს, დელფინების შოუს და ამბობს, რომ საოჯახო ტიპის სახლში საკუთარი ოთახიც აქვს და თავისუფლებაც, მაგრამ დიაგნოზმა და საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა განაპირობა ის, რომ რუსოს არ მიეცა შესაძლებლობა, ჰყოლოდა პარტნიორი და შვილი:

„ძალიან ვნანობ, შვილი რომ არ გავაჩინე, მაგრამ არა, არა, არაო, ჩამჩიჩინებდნენ … ახლა გვიანია, 48 წლის ვარ,“ – ამბობს რუსო.

_______________________________________

მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: