ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ ბუნებასა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. ზრუნვის ეს პრაქტიკა დღეს ძირითადად სოფლებში, უფრო კი მაღალმთიან რეგიონებშია შემორჩენილი.
სწორედ ამ ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი ამ ზაფხულს აჭარის იალაღებზე ავიდა. მულტიმედიური კვლევა მცენარეების შესახებ მაღალმთიანი აჭარის მემთეური ქალების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას ისახავდა მიზნად.
„აჭარის მლხენელები“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის საბოლოო პროდუქტიც პატარა ილუსტრირებული წიგნი იქნება. პროექტს აფინანსებს „ქალთა ფონდი საქართველოში“, სიტყვა „დალხენასაც“ სწორედ ეს ფონდი ე.წ. healing-ის ეკვივალენტად აბრუნებს ლექსიკონში. სულხან-საბას განმარტებით, „სნეულთ მლხენელი“ მკურნალს ნიშნავს.
პროექტის იდეის ავტორი, მკვლევარი-ბოტანიკოსი ნინი ხუროშვილი ამბობს, რომ ამ ცოდნის დოკუმენტირება და გავრცელება ემსახურება როგორც საერთო ცოდნის შენახვა-გაზიარებას, ისე ბუნების დახმარებით ადამიანების ურთიერთზრუნვის პრაქტიკის წახალისებას: „სამწუხაროდ, ეს ცოდნა იკარგება, ჩვენც რომ ავდიოდით და ვეძებდით ამ ქალებს, უკვე გაგვიჭირდა პოვნა. ზოგადი ცოდნა ამა თუ იმ გავრცელებული მცენარის თვისებებზე უმრავლესობას აქვს, მაგრამ ამათ გარდა იქ, ალპურ ზონაში, განსაკუთრებული მცენარეები იზრდება. აი, ამ – სხვა მცენარეებზე ინფორმაცია უკვე ნაკლებად აქვთ.

ნინი ხუროშვილი
ამ პროექტის კიდევ ერთი მიზანი ის არის, რომ რაღაცნაირად დავუბრუნდეთ ამ მიდგომას. მცენარესთან და ბუნებასთან ურთიერთობაში არის ძალიან დიდი ძალა და დამოუკიდებლობა, როცა შენ არ ხარ პირდაპირ მიბმული ქალაქის უაზრო რიტმს და შენით ცდილობ რაღაც მოიპოვო, თავს მოუარო. მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სიძლიერეა, რაც დავკარგეთ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრაქტიკის განხილვა და დამატება ფემინისტური თვითზრუნვის, თვითლხენის ჭრილში; დალხენის ნებისმიერი პრაქტიკა, იქნება ეს პატარა აქტივობები თუ სხვა რამ, სადაც ზრუნვა არის საზოგადო და გაზიარებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მუდმივად ქალაქში მუშაობს და ა.შ.” – ამბობს ის.

მკვლევარები და ახალგაზრდა მლხენელები უჩხოს მთებში და ხარიათაღის იალაღებზე, რომლებმაც მკვლევარებს ხალი მცენარე “კაკნის საკნატუნო” გადასცეს ჰერბარიუმისთვის. ელენე კურტანიძის ფოტო
ბოტანიკოსი მაია დარჩიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მაღალმთიან აჭარაში სამკურნალო რეცეპტებისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც ამ რეგიონის კვებითი თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან აჭარული სამზარეულოს დიდ ნაწილს რძის პროდუქტები შეადგენს.
„ალბათ ისინი მცენარეებს იყენებდნენ უფრო იმისთვის, რა პრობლემაც აქვთ უმეტესად. როცა ვკითხულობდით მცენარეზე, უმეტესად გვეუბნებოდნენ, რომ არის კუჭ-ნაწლავისთვის, კუჭის აშლილობისთვის, ნაწლავებისთვის და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ისინი იკვებებიან ძირითადად ცხიმიანი საკვებით, შესაბამისად ეს პრობლემა აქვთ,“ – ამბობს მაია.

მაია დარჩიძე
ამ ყველაფერს, პარალელურად, ძალიან საინტერესო რაღაც მოსდევს და ეს არის ტრადიციები, მლხენელების ტრადიციები. მაგალითად, ძალიან საინტერესოა ამ მხრივ შვიდი მაისობის ტრადიცია, როცა სამეზობლოს ქალები, ნაცნობები ერთად იკრიბებიან, გადიან და კრეფენ 40 სხვადასხვა მოყვავილე ბალახოვან მცენარეს, მერე ბრუნდებიან შინ, აკეთებენ ამ მცენარეების ნახარშს, რომლითაც მთელმა ოჯახმა უნდა იბანაოს და ეს კეთდება იმის რწმენით, რომ მთელი წლის განმავლობაში დაცული ხარ, არ შეგხვდება ვირუსი. ამბობენ, რომ იმუნიტეტისთვის არის კარგი – ნინი ხუროშვილი.
მაია დარჩიძე ამბობს, რომ ჰერბარიუმში დაახლოებით 80-100 მცენარე აქვთ, რომლებიც ძირითადად ალპურ ბოტანიკურ ბაღში შეაგროვეს, თუმცა ყველა მათგანის თვისებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა მოსახლეობას, მათ ნაწილს აჭარელი ქალები სამკურნალოდ, ნაწილს კი საკვებად იყენებენ.
სამუშაო ჯგუფში 12 ადამიანი იყო, მათ შორის იყვნენ: ეთნობოტანიკოსი, ბოტანიკოსი, ილუსტრატორები, მხატვარი და ფოტოგრაფები.

ანა სარალიძის ილუსტრაცია
პროექტის ფარგლებში ინტერვიუ ჩაწერეს 35 ქალთან, რომლებიც მცენარეებით მკურნალობენ: “ეს პრაქტიკა უფრო არის ქალების ურთიერთდახმარება – აი, იმის ბავშვს რაღაც სჭირს და იქნებ შენ იცოდე, ინტერვიუების დროსაც ხშირად უზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნას, მაგალითად, მიგვასწავლიდნენ რომელიმე ქალს, მერე ამ ქალის გარშემო იკრიბებოდა დაახლოებით 5-6 ქალი, რომლებიც ასეთი ცოდნით ავსებდნენ ერთმანეთის ნათქვამს. არავინ მიიჩნევს, რომ ეს არის რაღაც საიდუმლო ცოდნა. ასეთები არიან უფრო ექიმბაშები, რომლებიც არ გიმხელენ, მაგრამ ქალების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვისაც შევხვდით, ძალიან ღია იყო ამ ცოდნის გაზიარების მიმართ“, – ამბობს ნინი ხუროშვილი.
მაია დარჩიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო მცენარე მაღალმთიან აჭარაში არის ანწლი, „ყველა მათგანი იყენებდა ანწლს, სხვადასხვა დანიშნულებით, კერძოდ ანწლის „ვიშნოვკას“. მის დასამზადებლად კრეფენ ანწლის მწიფე ნაყოფს, აყრიან შაქარს, აფარებენ მარლას და რამდენიმე დღე აჩერებენ, შემდეგ ასმევენ ბავშვებს (დიდებსაც), უმეტესად მუცლის ტკივილის დროს. ისინი ანწლისგან ასევე ამზადებენ ძმარს, ამბობენ სასარგებლოა ორგანიზმისთვისო.“
მრავალძარღვას ფოთოლს იყენებენ ძირმაგარას სამკურნალოდ; კიდევ არის მცენარე ვირისტერფა, რომელსაც „პირბამბას“ ეძახიან, მასაც უმეტესად კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის იყენებენ, ნაყავენ და სვამენ მცირე დოზებით. მისი ნახარშით სახის დაბანა ასევე გამოიყენებოდა აკნეს საწინააღმდეგოდ; გვირილას დღემდე ძალიან აქტიურად იყენებენ, კრეფენ გვირილას გვირგვინის ფოთლებს, ანუ ზემოთა ნაწილს. თუ იმ პერიოდში არ სჭირდებათ, ახმობენ, შემდეგ აკეთებენ მის ნაყენს – იკეთებენ აბაზანასაც, სვამენ კიდევაც, იყენებენ სავლებად პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს; კიდევ არის მცენარე „დვალურა“, რომლისგანაც ამზადებდნენ საჭმელს, გემრიელიაო, მაგრამ თან ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოაო ამბობენ; ასევე ჭინჭარი დღემდე გამოიყენება საჭმელად და სამკურნალოდ – მის ნახარშს ივლებენ თავზე, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – მაია დარჩიძე.
მკვლევრები ჰყვებიან, რომ თავად მემთეური ქალების თქმით, ეს მცენარეული სამკურნალო რეცეპტები თანამედროვე ფარმაცევტული პროდუქციით ჩანაცვლდა, მცენარეული სამკურნალო რეცეპტები სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანს ახსოვს და კიდევ უფრო ცოტა ადამიანი იყენებს აქტიურად. „ახალგაზრდებიდან ერთი-ორმა იცის ალბათ, ვისაც აინტერესებს და ბებიას მიჰყვება მდელოზე,“ – ამბობს მაია დარჩიძე.

ქალები ამოწმებენ ჰერბარიუმში შეგროვებულ მცენარეებს. სოფ. ვაშლოვანი, ალმის მთის სამხრეთი ფერდი. სანდრო სულაბერიძის ფოტო
„დღეს არის ზოგადად ყველაფრის მედიკამენტად ქცევისა და ყველაფრის ამ პროდუქციულ ჯაჭვში ჩაბმის ტენდენცია, რასაც ეს ფარმაცევტული კომპანიები აკეთებენ; ამ კვლევით და დოკუმენტირებით ერთგვარ ვალიდაციას ვუკეთებთ მათ ცოდნას/პრაქტიკას. ცხადია, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ მეცნიერულად, მაგრამ იმის ჩვენება, რომ, აი, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც აფასებენ ამას, რაც თქვენ გაქვთ, კი არ დასცინის ამ ცოდნას, რადგან თანამედროვე ფარმაკოლოგიას ცოტათი აქვს ეს მიდგომა, არამედ ვიკვლევთ, ჩავხატავთ და გამოვცემთ. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ მივცეთ ამ ადამიანებს თვითრწმენა“, – ამბობს ნინი ხუროშვილი.
მაგალითად, თითქმის აღარავინ საუბრობდა შქერის (შკერის) შესახებ. ის რელიქტური მცენარეა, რომელიც აჭარის ტყეებისთვის არის დამახასიათებელი და რომლის ფოთოლსაც ადრე აჭარაში ბავშვის ერთგვარ საფენად [აკვანში ქილასთან დამაკავშირებელი რეზინის მილის ნაცვლად] იყენებდნენ.
ბოტანიკოსები ამბობენ, რომ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აჭარის იალაღებზე საველე კვლევისას გამოვლინდა, ზოგიერთი სამკურნალო მცენარის, მაგალითად, ნეგოსა და ხბოშუბლას არასწორი და გადამეტებული კრეფაა, რის გამოც შესაძლოა მომავალში ამ სახეობების გადაშენების რისკი წარმოიქმნას.
„ნეგოსა და ხბოშუბლას თავადაც იყენებდა ადრე მოსახლეობა, მაგრამ ახლა აღარ, კრეფენ და წარმოებისთვის აბარებენ კომპანიებს ტომრებით. საქმე ის არის, რომ ადამიანებმა არ იციან ამ მცენარის სწორად კრეფა, იმისთვის, რომ ნეგო არ გადაშენდეს, უნდა მოიკრიფოს მისი მხოლოდ ზედა ნაწილი, რომელიც უნდა მოიჭრას დანით ან მაკრატლით, ან მოიტეხოს. თუმცა ნეგო ადვილად ამოდის ფესვიანადაც და ხშირად ასეც ხდება. დღეს ეს მცენარე საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მომავალში შესაძლოა გადაშენების საფრთხის წინაშე დადგეს,“ – ამბობს მაია დარჩიძე.