მთავარი,სიახლეები

ბათუმის ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია წელს ვერ ესწრება – მერია რისკებზე წერს

22.11.2022 • 789
ბათუმის ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია წელს ვერ ესწრება – მერია რისკებზე წერს

ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტი შეფერხდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში წერს, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. 2 მილიონ 244 996 ლარიდან, რომელიც მერიას ამ პროექტისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, კომპანიამ მხოლოდ 178 377 ლარის ათვისება შეძლო.

ამ შენობაში მიუსაფარი ადამიანებისთვის ღამის თავშესაფარი უნდა მოეწყოს.

შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ 2021 წლის აგვისტოში შეისყიდა – ბიუჯეტი 2 მილიონ 762 059 ლარი იყო. კონტრაქტორმა – შპს „ბეგი ჯორჯიამ“ ტენდერი კონკურენტულ პირობებში მოიგო, ხელშეკრულება 2 მილიონ 494 995 ლარზე გაფორმდა.

საკრებულოსთვის გაგზავნილ ანგარიშში მერია წერს, რომ არსებობს რისკი შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოები ვერ შეასრულოს.

„აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემსრულებელ კომპანიას ეცნობა წერილობით შესაძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“

შპს „ბეგი ჯორჯიას“ დირექტორის ინფორმაციით კი, სამუშაოები გრძელდება და „კომპანიას ჯერ ვადები აქვს“.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2022 წლის 30 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შეუტანიათ. ერთ-ერთი ცვლილებით კომპანიას სამუშაოებისთვის ვადა 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე გაუგრძელეს.

პირველი ცვლილებით კომპანია ვადების გაგრძელებას ითხოვდა იმ მიზეზით, რომ შენობის დროულად დაცლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაიწყო.

ამ შენობაში ბათუმის მერიას აქამდეც ღამის თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი.

„მიმდინარეობს სამუშაოები აქტიურ ფაზაში, კორექტირებები განხორციელდა. ეს იყო ძველი შენობა და დემონტაჟის განხორციელებისას გამოვლინდა გარკვეული დამატებითი სამუშაოები, რომელიც აუცილებელია ამ შენობის მოსაწყობად. გამომდინარე აქედან განხორციელდა კორექტირება რამდენჯერმე, ამან გამოიწვია ცვლილება, მაგრამ ჩვენ ჯერ ვადები გვაქვს და სამუშაოებს ვაგრძელებთ. დრო გვაქვს“, – განმარტა კომპანიის დირექტორმა გიორგი ნიკოლაძემ.

ღამის თავშესაფრის ბინადრების მისაღებად ბათუმის მერია შენობას ურეხის დასახლებაში ქირაობს.


შეფერხდა ბათუმისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი. ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა. 2 მილიონ 181 154 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის უნდა დახარჯულიყო, ხელუხლებლად დარჩა ბიუჯეტში.

მერია წერს, რომ სოციალური სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც მოითხოვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას და კორექტირებას.

სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში გამოვლინდა ხარვეზი: კერძოდ, ერთ-ერთი ბლოკის მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობა განსაზღვრული იყო 3,447 ტონა ბეტონით, ნაცვლად 207,541 ტონისა, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის დროს ტენდერის სტატუსი იყო შერჩევა/შეფასება, რის გამოც ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. დაგეგმილია განმეორებითი ტენდერის გამოცხადება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: