მთავარი,სიახლეები

რატომ არ სურს „ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება? – ინტერვიუ

22.11.2022 •
რატომ არ სურს „ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება? – ინტერვიუ

„საკუთარი ამომრჩევლების მეტი მობილიზაციისთვის სჭირდება“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ვალერი ჩეჩელაშვილი იმაზე, თუ რატომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის და რადიკალური ლექსიკონის დათმობა.

ვალერი ჩეჩელაშვილს თანამოაზრეებთან ერთად აქვს ხედვა, როგორ შეიძლება დასრულდეს პოლარიზაცია საქართველოში.

ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჯერად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრია. ეს ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ ერთად ეროვნული თანხმობის პლატფორმას ქმნის აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ეროვნული თანხმობის იდეის შესახებ დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვალერი, დასავლეთის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში პოლარიზება არ მცირდება. თქვენ რა გზით წარმოგიდგენიათ პოლარიზების შემცირება? 

ვინც ეროვნული თანხმობის პლატფორმა შექმნა ამ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. ჩვენ ვართ პროოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია, „ჯეოქესის“ კი, თანამშრომლობს მთავრობასთან, თუმცა ჩვენ ერთმანეთი მოვძებნეთ. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმთავითვე დაინტერესდა ამ პროექტით, როგორც კი შევთავაზეთ.

ვიცი, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციაშიც ბევრს ხელს არ აძლევს ეს პროცესი: თანხმობის მიღწევა, აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა. ვფიქრობ, ჩვენ ამ პროექტით უნდა შევქმნათ შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობები და მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ დანერგონ ევროპული პოლიტიკური კულტურის სტანდარტები. თუ ამ მოთხოვნას ისინი არ გამოეხმაურებიან, ვერც ჩვენს მხარდაჭერას მიიღებენ.

  • თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსაც უჭირს ერთმანეთთან დიალოგი. 

ასეა, მაგრამ ყველამ ვნახეთ 20 ივნისის დემონსტრაცია თბილისში ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ და ამას ყველა აღიარებს, რომ გვაქვს საერთო პლატფორმა, საერთო მისწრაფებები, არსებობს გამაერთიანებელი იდეები. გამოკითხვებით ჩანს, რომ 80% მხარს უჭერს ევროკავშირს, 75 % – ნატოში გაწევრებას. ეს არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ შევქმნათ ახალი განწყობები საზოგადოებაში.

  • რატომ შეიძლება მსგავსი პლატფორმას გაუწიონ ანგარიში პოლიტიკურმა აქტორებმა? მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინაც პარლამენტის ტრიბუნიდან ისევ რადიკალური რიტორიკის გამოყენება არჩია. 

ღარიბაშვილს თუ დააკვირდებით, მას ერთი პოლიტიკური ენა აქვს ქვეყნის შიგნით, მეორე – ქვეყნის გარეთ, ბრიუსელისთვის. მას ეს სჭირდება შიდა პოლიტიკისთვის, მიაჩნია, რომ ეს არის კარგი და ასე საკუთარი ამომრჩევლების მეტ მობილიზაციასაც მოახდენს. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ მის ცნობიერებაში.

შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • რა ფაქტორის გამო შეიძლება ამ პოლარიზებაზე უარი თქვას, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა? 

ეს შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლით და შესაბამისი მოლოდინების ფორმირებით… ეს ძალიან რთული პროცესია. თქვენ დღეს ამ პროცესს ადევნებდით თვალს უნივერსიტეტის აუდიტორიაში, ეს არ არის პირველი და ბოლო შემთხვევა, ეს აქტივობები გაგრძელდება.

მე იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ დაფიქრდებიან მინიმუმ ეს სტუდენტები, იმსჯელებენ და დასკვნებსაც გამოიტანენ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი განწყობები საზოგადოებაში, რასაც პოლიტიკური პარტიები ანგარიშს გაუწევენ. ჩვენ უნდა დავანახოთ პოლიტიკურ აქტორებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი და საქმიანი მიდგომები არის გაცილებით მომგებიანი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ნეგატიური დღის წესრიგი, გაუთავებელი კინკლაობა და ერთმანეთის ლანძღვა.

  • თუ გათვლა აქვს პოლიტიკოსს, რომ ეს აწყობს პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად? 

ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ცდება, როცა ის ასე ფიქრობს, ის საკუთარ ნაჭუჭშია მოქცეული… ბოლო კვლევების მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობა თვლის, რომ მის მოსაზრებებს და პოზიციებს არ გამოხატავს საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ძალა. ეს არის ზუსტად ახალი რეალობა.

„ოცნებას“ აქვს 25 %, მაგრამ ვიცით, რომ აქ მოაზრებულია ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსიც. ისინი დაინახავენ, რომ ახალი რეალობაა ქვეყანაში, ეს უნდა იგრძნონ., თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ფლანგზე იქნებიან ადრესატები, რომლებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოვახდენთ. ზოგს მსოფლმხედველობა იმდენად მყარად აქვს ჩამოყალიბებული, რომ მათ შეცვლაზე ვერ გვექნება პრეტენზია.

ისევ 20 ივნისის აქციას დავუბრუნდები იმის საჩვენებლად, თუ როგორ იცვლება რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების. მაგალითად, 20 ივნისის აქციამდე გვესმოდა „ოცნებიდან“ განცხადებები, რომ არავინ იქნებოდა აქციაზე, რომ ეს სერიოზული არ იყო, აქციის შემდეგ კი, თქვეს, ჩემი მხარდამჭერებიც იქ იდგნენო. ეს არის მაგალითი, როცა საზოგადოებრივი განწყობა ქმნის ახალ პოლიტიკურ ლექსიკონს.

ვფიქრობ, ჯანსაღი ტენდენციები აუცილებლად გაძლიერდება.

  • მოქალაქისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი პოლარიზების შემცირება? 

ამ გზით მიიღწევა ინსტიტუციური დემოკრატიის აღმშენებლობა ქვეყანაში, რომ გაგვეხსნას ჭეშმარიტად ევროპული პერსპექტივები. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ვიყავით კიდეც და, სამწუხაროდ, ამ როლს დღეს ვთმობთ. ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვტრანსლირებთ ევროპულ ფასეულობებს რეგიონში. ეს ადგილი და როლი უნდა დავიკავოთ ჩვენ, ეს მოიტანს მეტ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, მეტ პერსპექტივას.

დარწმუნებული ვარ, ამ აუდიტორიაშიც სტუდენტებს უფრო მეტად სურთ სწავლის გაგრძელება სორბონასა და ოქსფორდში, ვიდრე სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.

  • სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეთ ქართულ პოლიფონიურ სიმღერასა და თამადის როლზე, რომ ის მედიატორია სუფრასთან. თუ თანხმობის რესურსი გვაქვს, რატომ ვერ იცვლება რეალურად პოლარიზების მასშტაბი? 

ეს არის ჩვენი ბუნება – პოლიფონიური სიმღერა, თამადა, რომელიც დიქტატორი კი არა, მედიატორია… ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხელმძღვანელობს მანკიერი პრინციპებით. ფიქრობენ, რომ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგი მათთვის უფრო მომგებიანია.

  • ანუ საზოგადოებრივ მოთხოვნას დაშორდა პოლიტიკური ელიტა? 

ზუსტად ასეა. საქართველოში საზოგადოება არ არის ასეთი პრიმიტიული, საზოგადოებას არ აქვს ასეთ პრიმიტიულობაზე დაკვეთა, რომ გამუდმებით ვისმენდეთ ერთი მხრიდან იმას, რომ ვიღაც რუსეთუმე და მოღალატეა, მეორეს მხრივ კი: აი, თქვენ მკვლელებო.

ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა და საზოგადოების დაკვეთაა, ამოვავსოთ ის წარმოუდგენელი და ალოგიკური ბზარი, რაც გაჩნდა უკრაინასთან. დღეს ხელისუფლებას ნების გარდა, განსაკუთრებული არაფერი სჭირდება იმისთვის, რომ ჰუმანიტარული მიზნით, მაგალითად, ენერგოგენერატორები გაიგზავნოს უკრაინაში და საგარეო საქმეთა მინისტრიც გააყოლონ. ეს იქნება სწორი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინელები აუცილებლად დააფასებენ. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც იქნება ბევრი რამ დამოკიდებული ამ ომის შემდეგ, ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების კონტექსტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: