მთავარი,სიახლეები

რუსეთს 3 მასშტაბური შეტევისთვის საკმარისი რაკეტების მარაგიღა დარჩა – „უკრაინსკა პრავდა“

22.11.2022 • 1785
რუსეთს 3 მასშტაბური შეტევისთვის საკმარისი რაკეტების მარაგიღა დარჩა – „უკრაინსკა პრავდა“

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ბოლო მასშტაბური სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთს რაკეტების არსენალი მხოლოდ სამი მსგავსი თავდასხმისთვის ეყოფა.

გამოცემის ცნობით, ასეთი ინფორმაცია მის ჟურნალისტებს ძალოვანი ბლოკის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.

„პრავდას“ წყაროების თქმით, ნოემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, რუსეთის სარაკეტო არსენალი 15 ნოემბრის მსგავსი მხოლოდ სამი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის იქნება საკმარისი.

წყაროები დასძენენ, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უკვე რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტებისა და ირანული კამიკაძე-დრონების 70%-ს ანადგურებს, საკუთარი სარაკეტო მარაგების შესავსებად კი რუსეთს 14-16 თვე სჭირდება.

„ახლა რუსეთი ხარჯავს თავისი რაკეტების სტრატეგიულ მარაგებს, რომელთა აღდგენაც საკუთარი წარმოებით უკვე აღარ შეუძლია,“ – ამტკიცებენ გამოცემის წყაროები. მათი აზრით, ამ პრობლემაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რუსეთი ეძებს გზებს ირანიდან ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მისაღებად. – „მოსკოვს რომ ოპერატიულად შესძლებოდა რაკეტების მარაგის შევსება, იმპორტს არ მიმართავდა“.

ინფოგრაფიკა ოლექსი რეზნიკოვის ტვიტერიდან

რუსეთის არსენალის შემცირებაზე ტვიტერზე წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც, რომელიც აქვეყნებს მონაცემებს, რამდენი და რა ტიპის რაკეტა დახარჯა რუსეთმა და რომელი მათგანი რა რაოდენობით დარჩა.

„რუსეთის არსენალს ოთხი მტერი ჰყავს: უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრწყინვალე ძალები, რუსეთის უვარგისი სარაკეტო ჯარები, სანქციები და დრო. მშვიდობისთვის საჭიროა ტერორისტული სახელმწიფოს დემილიტარიზაცია,“ – წერს რეზნიკოვი.

რაკეტების შემცირების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ირანთან დადო ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი მოსკოვის უპილოტო საფრენი აპარატების დასამზადებლად ინსტრუქციებსა და კომპონენტებს გაუგზავნის.

ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული მედია (The Washington Post, CNN) ავრცელებს.

წყაროების ცნობით, რუსები გეგმავენ ათასობით კამიკაძე-დრონი უკვე თავად დაამზადონ.

„თუ ორი ქვეყანა ამ შეთანხმების და თავიანთი გეგმის განხორციელებას შეძლებს,  წარმოება შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს, ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ამ დრონებს უკრაინაში უკვე მომავალი წლიდან გამოიყენებს,“ – წერს CNN-ი.

___

„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: