„გთხოვთ, ელექტრონული ფორმით მოგვაწოდოთ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თქვენ მიერ გამოცემული ყველა ბრძანების ასლი“, – ამ მოთხოვნით უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის წევრებს, ოთხივე მინისტრს მიმართა. მოთხოვნიდან 42-ე დღეს დეპუტატს არცერთი პასუხი არ მიუღია.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა დეპუტატის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს, მას ინფორმაცია არ მიაწოდეს.
დეპუტატის კითხვისა და მთავრობის წევრის პასუხის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების საინტერესო პრაქტიკა ახალი დანერგილია. მოქალაქეს შეუძლია ვებგვერდის საშუალებით თვალი ადევნოს მის მიერ არჩეული დეპუტატის აქტივობას, თუმცა ბოლო პერიოდში მომრავლდა შემთხვევები, როცა კითხვები უპასუხოდ რჩება, ან არასრულია.
დეპუტატი უპასუხოდ ხაზინის უფროსმა, ზურაბ ღომიძემაც დატოვა. გიორგი კირთაძე მისგან ხაზინის ანგარიშებზე განხორციელებულ გადარიცხვების ითხოვდა [შემოსული და გასული თანხების სრულ ჩამონათვალს], შესაბამისი საფუძვლების მითითებით. თუმცა ხაზინის უფროსმა პასუხის მოსამზადებლად თავი არ შეიწუხა. როგორც ჩანს, ზურაბ ღომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.
ფრიდონ ფუტკარაძემ „ქართული ოცნებიდან“ ვერ მიიღო პასუხი სარწყავებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ხულოში.
დეპუტატი ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს წერს:
„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გამოიკვეთა გამოწვევა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით… გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლების მიხედვით, სარწყავი წყლით მომარაგების მდგომარეობის შესახებ და გაქვთ თუ არა მუნიციპალური პროგრამა სოფლების სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით? – ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით“.
ამ წერილით დეპუტატმა ხულოს მერს 13 ოქტომბერს მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. სარწყავი არხების შესახებ ინფორმაცია ფრიდონ ფუტკარაძეს სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაც გამოუთხოვია. ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით ირკვევა, რომ დეპუტატი უპასუხოდ მხოლოდ ხულოს მერმა დატოვა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, თეიმურაზ გელდიაშვილმა უპასუხოდ დატოვა დეპუტატ გია აბულაძის კითხვები ქალაქში ნავთობის სუნის პერიოდულ გავრცელებასა და მისგან გამოწვეულ ზიანზე.

უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი თორნიკე რიჟვაძეს კორუფციაზე საკუთარ განცხადებას ახსენებს და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას სთხოვს:
- ამონარიდი წერილიდან
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადეთ, რომ პირადად თქვენ არაერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეთ თანამდებობიდან კორუფციაში მხილების გამო, აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ მოგვაწოდოთ:
- საჯარო მოხელეების სახელი, გვარი და თანამდებობა, რომლებიც თქვენ გაათავისუფლეთ თანამდებობიდან კორუფციაში მხილების გამო.
2. მოგვაწოდოთ აღნიშნული საჯარო მოხელეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალების [აუდიტის დასკვნა, აქტი, ადმინისტრაციული წარმოების ოქმი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი] ასლები.
3. ასევე მოგვაწოდოთ კორუფციის ფაქტებზე თქვენს მიერ რეაგირების დოკუმენტების ასლები.
მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატი უპასუხოდ დატოვა.
ელგუჯა ბაგრატიონს ასევე აინტერესებდა, რა სახის ნებართვებია გაცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული უწყებების, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მიერ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ობიექტებზე.
დეპუტატი ბათუმის მერს წერდა, რომ აქვს ინფორმაცია უკანონოდ აშენებულ შენობებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ და ინფორმაციის დაზუსტებას სთხოვდა. არჩილ ჩიქოვანმა ის უპასუხოდ დატოვა.
ამონარიდი ელგუჯა ბაგრატიონის წერილიდან
- თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ არის აშენებული შენობები, რომლებზეც არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც ექსპლუატაციაშია მიღებული, სადაც ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის იქ საქმიანობენ ადამიანები. გთხოვთ გვაცნობოთ კანონიერად ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა თუ არა, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებაზე, რისკებსა და შესაძლო მძიმე შედეგებზე?
- რა სახის სტატუსი და საგადასახადო შეღავათებია მინიჭებული გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ობიექტებსა და კომპანიებზე – მათ შორის ტურისტული საწარმო, საერთაშორისო კომპანია, სპეციალური ზონა და სხვა?
- გოგოლის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ობიექტებსა და კომპანიებზე? გაცემულია თუ არა სათამაშო ბიზნესის ლიცენზია, რომელი სახის, ასევე გავრცელებულია თუ არა შეღავათი კანონით დადგენილი რაოდენობის სასტუმრო ნომრების ქონის გამო?
უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე ამბობს ასევე, რომ არასრული და ბუნდოვანია სამინიტროს მიერ წარდგენილი 9 თვის შესრულების ანგარიში.

![ვის [არ] შეხვდა ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/06/pataradze-kaveri.jpg)




