მთავარი,სიახლეები

რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაგავსაყარზე წვავდნენ – The Guardian

22.11.2022 • 1406
რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაგავსაყარზე წვავდნენ – The Guardian

ხერსონში, ქალაქის განაპირას მდებარე ნაგავსაყარზე, რუსი სამხედროები თავიანთი მებრძოლების ცხედრებს წვავდნენ – ეს ინფორმაცია ბრიტანულ The Guardian-ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს.

ხერსონის რამდენიმე მცხოვრები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ ცხედრები საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა რამდენჯერმე დაინახეს, როგორ მივიდა ნაგავსაყართან რუსული სატვირთო მანქანა, საიდანაც პოლიეთილენის შავი ტომრები გადმოტვირთეს და დაწვეს.

ადგილობრივების თქმით, ჰაერში ამის შემდეგ შავი კვამლი და საშინელი სუნი დგებოდა, მოქალაქეებს კი ნაგავსაყართან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.

„რუსებს მოჰყავდათ ნაგვითა და ცხედრებით სავსე კამაზი და აქ ტვირთავდნენ“ – ეუბნება The Guardian-ს ხერსონის დასუფთავების თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. – „რა გგონიათ, ვინმე მათ დამარხვას დაიწყებდა? აქ ყრიდნენ, მერე ზემოდან ნაგავს აყრიდნენ და ეგ იყო“.

დასუფთავების თანამშრომელი ამბობს, რომ არ იცის, ცხედრები სამხედროებისა იყო თუ სამოქალაქო პირების. „არ დამინახავს. ისედაც ბევრი გითხარით. არა, არ მეშინია, 2014 წლიდან ვიბრძოდი დონბასში, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იცი, მით უკეთ გძინავს,“ – ამბობს ის.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო თვითონ გამოცემა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.

ჟურნალისტები დასძენენ, რომ ნაგავსაყარზე ჩანს რუსული ჩაფხუტები, დროშებისა და სამხედრო ფორმების ნარჩენები.

ქალაქი ხერსონი, ისევე როგორც მთლიანად ოლქი, რუსეთის არმიას 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. უკრაინის ძალებმა ოლქის დასავლეთ ნაწილი 11 ნოემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც იქიდან რუსეთის დანაყოფები გავიდნენ და ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლეს.

მთავარ ფოტოზე: ხერსონის ნაგავსაყარი/ფოტო: The Guardian

გადაბეჭდვის წესი


ასევე: