მთავარი,სიახლეები

ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – ქართველი მებრძოლი 

23.11.2022 • 30250
ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – ქართველი მებრძოლი 

„ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს,“ – უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის სარაკეტო დაბომბვის შესახებ გვიყვება ნიკა ჭურაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლაც ფრონტის ხაზზეა. მას „ბათუმელები“ სოციალური ქსელით ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს.

  • „სანთებელა აღარ ჩააქრო, უყურებს და ამბობს: ეს S-300 მართლაც რომ აფეთქებულიყო?“ 

„იმ ღამით აქტიური დაბომბვის ზონაში მოვყევით,“ – განაგრძობს თხრობას ქართველი მებრძოლი, ნიკა ჭურაძე. – „თქვენც ნახავდით ჩამონგრეული კორპუსების კადრებს. აი, ზუსტად მაგ მომენტში შევედით ქალაქში, ნამსხვრევები ცვიოდა ყველგან, ჩამქრალი ფარნით მივდიოდით, ღამის ხედვაც არ გვქონდა.

ქალაქიდან როცა გავედით, ამოვისუნთქეთ, ჩავთვალეთ, რომ სამშვიდობოს ვიყავით უკვე. ტელეფონზე დავრეკეთ იქ, სადაც მივდიოდით, ევაკუაცია ხომ არ დაიწყეს, ან რამე ხომ არ შეიცვალა? უცებ, დავარდნის ხმა მოგვესმა, ვერ გავიგეთ, რა იყო. ფარანი მივანათეთ, ფარებს ისევ ვერ ავანთებდით – ზუსტად 20 მეტრის დაშორებით, ჩვენგან ხელმარცხნივ S-300 იყო მიწაში ჩარჭობილი – არ აფეთქდა.

მეგობრის ხმა მესმის ზურგიდან, რა იყო, ხომ არ შეგეშინდაო… მერე სანთებელა აანთო და აღარ აქრობს, თვალს აღარ აშორებს და ამბობს: ეს S-300 მართლა რომ აფეთქებულიყო, რა გვეშველებოდა, ბიჭო?

ომში სხვანაირად აღიქვამ ხმებს. თავდაპირველად ყველა ხმაზე რეაგირებ. სულელი უნდა იყო, რომ არ გეშინოდეს, გეშინია, მაგრამ შემდეგ დაკვირვებას იწყებ: რა რის ხმაა? ვარდნაა თუ სარაკეტო გასროლა? ჭურვია?

ახლაც გვეშინია, თუმცა ზუსტად ეს შიში გვაძლებინებს. მთავარია, შიში სწორად მართო, არ დანებდე,“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.

  • ქართველი მებრძოლი: „ზამთარში შენიღბვა რთულია, მე დაზვერვაზე ვმუშაობ“

ნიკა ჭურაძე პროფესიით მხატვარია. თებერვალშივე წასულა უკრაინაში, როცა იქ რუსი ოკუპანტები შევიდნენ. მიიჩნია და ახლაც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში.

ნიკა დაზვერვის ჯგუფში მუშაობს და გვიყვება, როგორ გაართულა ზამთარმა დაზვერვის საქმე.

„სადაზვერვო ჯგუფი ვართ, ცხელ წერტილში ვართ ახლაც… მინიმალური საკონტაქტო მანძილი მტერთან დაახლოებით 250 მეტრია.  სხვადასხვა სირთულის დავალება გვაქვს, არსებული აღჭურვილობის და გამოცდილების გათვალისწინებით. ვმოძრაობთ სხვადასხვა მოძმე დანაყოფთან ერთად.

საჰაერო თავდაცვისთვის მცირე დრონებს ვიყენებთ, მაგით შეგიძლია 5 – 6 კილომეტრი დაზვერო მარტივად. არის უფრო ძლიერი საშუალებები, სიღრმეში შედის.

ახლა ხეებს ფოთლები უკვე დასცვივდა და შენიღბვა რთულია. აქამდე თუ ობიექტის მოძებნა ჭირდა, ახლა უკვე ხელის გულზე ჩანს.

ჩვენც ხელისგულზე  ვართ იმათთვის, საფარი გვჭირდება, შესაბამისად შენიღბვა… რუსები მუდმივად შემაღლებული ტერიტორიების დაპყრობას ცდილობენ, რომ იქიდან იოლად შეძლონ შესაბამისი მანევრი. ზამთარში ჯარისკაცსაც მეტი რესურსი სჭირდება: მეტ სითბოს გამოყოფ, მეტი ენერგია გჭირდება, მსუბუქად აღჭურვილიც ვერ გახვალ, თანაც, აქაური ზამთრისა ხომ გესმით? აქაურები „მამხნევებენ“, ნამდვილი ზამთარ ჯერ არ დაწყებულაო,“ – ამბობს ნიკა ჭურაძე.

ხერსონში რუსების უკან დახევის შემდეგ ქართველი მებრძოლი ელის, რომ რუსებს სხვა ტერიტორიების დატოვებაც მოუწევთ.

„ხერსონში რუსებმა დაინახეს, რომ ლოჯისტიკის ხაზები მოჭრილი ჰქონდათ. მე ვფიქრობ, სხვა ადგილების დატოვებაც მოუწევთ მალე. უკვე ზამთარია, ისინი უცხო ქვეყანაში არიან, უკრაინელები – საკუთარ მიწაზე.

უკრაინას დასავლეთი აწვდის უახლეს, თანამედროვე აღჭურვილობას, ჩვენ მუდმივად გადამზადებას გავდივართ, რუსები კი, ლამის თავზე ვედროებით მოდიან. აღჭურვილობა რუს ჯარისკაცს არ აქვს, ეს აქვს მხოლოდ სპეცდანიშნულების დანაყოფს, „ვაგნერს“…

ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – თურმე რამდენიმე მათგანი აპირებდა, უკრაინელებს ტყვედ  ჩაჰბარებოდა.

ნიკა ჭურაძე

  • „ბავშვებმაც შეგვიგროვეს თანხა. მერე მკითხეს: საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებს?“ 

„თებერვლიდან დღემდე ვერ ვიპოვე ერთი ადამიანიც კი, რომელიც დაიწუწუნებდა. აქეთ გვამხნევებენ მებრძოლებს, უნდა გავუძლოთ, გამარჯვება ახლოს არისო,“ – უკრაინელების შემართების შესახებაც გვესაუბრა ქართველი მებრძოლი.

ნიკა ჭურაძე იმ დღეს იხსენებს, რუსებმა რომ ჰესების მასობრივად დაბომბვა  დაიწყეს უკრაინაში.

„როცა დაიწყო ენერგორესურსებზე მასობრივი შეტევები, ქართველი ბიჭები ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ხალხს გაუჭირდება ძალიან, ყელში ამოუვათო… ზოგჯერ გინდა, რომ წინასწარ განჭვრიტო რაღაც.

საპირისპირო სურათი ვნახეთ: ადამიანები, მაგალითად, როცა შუქია ჩართული, ელექტრომადუღარას არ იყენებენ: მე რომ გამოვიყენო ეს ენერგია, იქნებ საავადმყოფოში ვიღაცას დააკლდესო.

ვერ გეტყვით, რამხელა ნდობა აქვს ჯარს, მაქსიმალური სიყვარულით გვხდებიან ყველგან.

ამას წინათ ბავშვები მოგვადგნენ, ფული აგიგროვეთო, დაახლოებით 100 ლარამდე გამოდიოდა ჩვენი ფულით… კითხვაც ჰქონდათ ბავშვებს, ხომ იცით, ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან: კი, მაგრამ საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებსო,“ – გვითხრა ქართველმა მებრძოლმა და შემდეგ ყოველდღიურობაც აღგვიწერა, როცა ადამიანები ზოგჯერ განგაშის ზარსაც აღარ აქცევენ ყურადღებას.

„…მუდმივად არის სარაკეტო გაშვებები, გვესვრიან S-300-ებს, „ისკანდერებს“, ახალი დრონებიც აქვთ, „ლანცეტები“, რომლებიც აღჭურვეს დასაბომბი საშუალებებით, ესენი დაახლოებით 100 კილომეტრი სიღრმეში შემოდიან.

ქალაქში პერიოდულად ირთვება განგაშის ზარი, თუმცა ზოგიერთი უკვე ისე შეეჩვია ამ ხმას, აღარც კი შედის სამალავში, მუშაობას განაგრძობს, რაც იქნება, იქნებაო, იძახის.

თითქმის ყველა ოჯახს აქვს სამალავი მოწყობილი სარდაფებში, ამის გამოცდილებაც აქვს ხალხს, სურსათ-სანოვაგეც მომარაგებული აქვთ.

ომში ვერ იგებ, როდისაა რთული და მარტივი სიტუაცია. იყო მომენტი, როცა გვეგონა, რომ სარაკეტო შეტევა დასრულდა და ჩემგან 300 მეტრის რადიუსში გავარდა 8 ჭურვი. იმ ადგილზე არ ველოდით საერთოდ არაფერს. საკმაოდ ძლიერი ხმა აქვს ჭურვს, წნევა ახლავს, ტალღები. ვერ იტყვი, რომელი ადგილია ნაკლებად სახიფათო, როდის რა დაგეცემა თავში, არ იცი.

ამ საფრთხის მიუხედავად, ადამიანები ცდილობენ, რომ იმუშაონ, ცხოვრება განაგრძონ. რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, ნახევარ ხელფასზე მუშაობდნენ, დარჩენილი ხელფასებითაც მოხალისეებს ეხმარებოდნენ. მაგალითად, დასაქმებული ადამიანების ასე შეგროვებული ფულით ყიდულობენ მანქანებს. ხშირად ზიანდება მანქანები ან ნადგურდება, ახლის შეძენა – ძვირია,“ – გვიყვება ნიკა ჭურაძე.

მისივე დაკვირვებით, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო შესაძლებლობები დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ამჯერად უკრაინას შემდგომი ნაბიჯების „კარგად დაგეგმვა“ სჭირდება.

„დღეს უკვე სხვანაირი ომი მიდის,“ – განაგრძობს ნიკა ჭურაძე, – „ავტომატი, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვანი იარაღია, მეხუთეხარისხოვანიც ზოგჯერ… დღეს ვინც კარგად ამუშავებს არტილერიას, გამარჯვებაც მის ხელშია. მეტი თანამედროვე იარაღი შიშსაც იწვევს მოწინააღმდეგეში. ყველამ ვნახეთ, „ჰაიმარსებმა“ როგორი გარდატეხა მოახდინეს ამ ომში. ბევრი მწვანე ზონა გაჩნდა, სადაც შეგიძლია ჯარის კონცენტრაცია მოახდინო.

სიტუაცია ისეთია, რომ გადაჯგუფებები ხდება. ხალხში იყო განცდა, რომ აი, რას ელოდებით, ხომ მიიღეთ აღჭურვილობა? ჩემი აზრით, ამჯერად გენშტაბს შემდეგი სვლების კარგად დაგეგმვა სჭირდება.

თითოეული მებრძოლის უკან ოჯახებია, უკრაინელები მაქსიმალურად უფრთხილდებიან თავიანთ ქვეითებს,“ – ეს შთაბეჭდილება შეჰქმნია ქართველ მებრძოლს.

  • „ამ დროს ხელისუფლებიდან გესმის: დაქირავებულია… განა რა უნდა გადაგიხადონ, რომ შენი სიცოცხლე სასწორზე დადო? 

ეს კითხვა უჩნდება უკრაინაში მებრძოლ ნიკა ჭურაძეს, როცა საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას აკვირდება. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გეოპოლიტიკურ სურათს ცვლის, ხოლო საქართველო საჭირო აქტიურობის ნაცვლად, საერთაშორისო ტრიბუნებთანაც იმალება.

„აქ წყდება საქართველოს ბედი, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, სხვა გეოპოლიტიკური სურათი შეიქმნება. დამარცხება კი, საქართველოთვისაც იქნება ძალიან ცუდი – უკრაინის დამარცხება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოიცლის საქართველოსთვისაც.

ამიტომაც ჯობია, აქ გადავტეხოთ გველეშაპი. აქ არსებობს ამის რესურსი. ჩვენ, საქართველოს, ძლიერი მოქალაქეები გვყავს, მებრძოლებიც, მაგრამ ომის მოგებას სხვა რესურსი სჭირდება.

შესაძლოა, ვინმე მიიჩნევდეს, რომ კარგს აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ შედეგს ხომ უნდა ვხედავდეთ? ჩვენ უნდა მიგვეღო ახლა საარტილერიო მანქანები დასავლეთიდან, უნდა გაგვეხსენებინა საერთაშორისო ტრიბუნებზე მათ შორის 2008 წლის ომი, რომ ერთი და იგივე ხელწერა აქვს რუსეთს, ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს ატალახებული დასავლეთის ქვეყნების კარები, შეწუხებული გვყავდეს ხალხი, მაგრამ ალბათ მეათასეხარისხოვნებიც აღარ ვართ.

ამ კუთხით აქტიურობის ნაცვლად, ვისმენთ დასავლეთის ლიდერების ლანძღვას.

ჩვენც მოგვიხსენებენ მოღალატეებად, დაქირავებულ მებრძოლებად. დიახ, ჩვენ გვიხდიან ხელფასს, რადგან ვითვლებით უკრაინის შეიარაღებული ნაწილის შემადგენლობაში, მაგრამ განა რა თანხა უნდა გადაგიხადონ, რომ შენი სიცოცხლე სასწორზე დადო?“ – კითხულობს ქართველი მებრძოლი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: