მთავარი,სიახლეები

ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

23.11.2022 • 2476
ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

ბათუმში 15 წლის მოზარდს მშობლების ნებართვის გარეშე ტუჩის ფილერი გაუკეთეს. პოლიციას ბავშვის ბებიამ მიმართა.

„ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ“, – ამბობს მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“.

ბებიას თქმით, მას კლინიკაში განუმარტეს, რომ „არ იცოდნენ, მოზარდი არასრულწლოვანი თუ იყო“.

„კლინიკაში მივედი და პოლიცია გამოვიძახე. იმიტომ ვუჩივლე, რომ მინდა სხვა ბავშვებიც დავიცვა ასეთი განუკითხაობისგან. არც ის ვიცით, რა წამალი გაუკეთეს, რა ხარისხის. არც ანალიზები აუღეს, არაფერი გამოჰკითხეს, ისე ჩაუტარეს პროცედურები“, – ამბობს ბებია.

„ბათუმელები“ ბავშვის დედასაც ესაუბრა, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ მის შვილს კოსმეტიკური პროცედურები მისი თანხმობის გარეშე ჩაუტარეს.

„ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა, საერთოდ არ სჭირდებოდა ფილერი… ექიმსაც კი არ ჩაუტარებია პროცედურები, როგორც კლინიკაში მითხრეს, ექთანმა გაუკეთა. როგორც ვიცი, ლიცენზირებული ექიმი უნდა ატარებდეს მსგავს პროცედურებს.

ექიმი რომ ხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ბავშვია და მშობლის თანხმობაა საჭირო? ისედაც ხომ ეტყობოდა, რომ არასრულწლოვანია, როგორ შეიძლება ასეთი თავაშვებულობა“, – ამბობს მოზარდის დედა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოს სახელმწიფომ ამ საკითხს, რომ დაცული იყოს ბავშვების უსაფრთხოება და უფლებები.

„ზოგიერთს საერთოდ არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ორ ტრენინგს გაივლიან და ესთეტიკური მედიცინის კაბინეტს ხსნიან. უკონტროლოდა ყველაფერი“, – ამბობს დედა.

რას ნიშნავს ტუჩის ფილერით გადიდება და სახიფათოა თუ არა ის ბავშვის ორგანიზმისთვის?

როგორც ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი გვეუბნება, ორი სახის ფილერი არსებობს და აქედან ერთ-ერთი მოზარდებისთვისაც უსაფრთხოა.

„ფილერი არსებობს ორი სახის – გაწოვადი და გაუწოვადი. ჰიალურონის მჟავას რომელიც შეიცავს, ეს არის გაწოვადი და უსაფრთხო. ასეთი პრეპარატი მინიმუმ ცხრა თვე ჩერდება ორგანიზმში. რაც უფრო ხარისხიანია პრეპარატი, მით უფრო მდგრადია“, – გვითხრა მანანა ამაღლობელმა.

მისი თქმით, არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებზეც უამრავი კვლევაა ჩატარებული და რისკიც ნაკლებია, თუმცა არსებობს რისკის შემცველი პრეპარატებიც.

„ექიმი ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია პრეპარატის შესახებ, რა პრეპარატი უკეთდება, რა შემადგენლობაა და ასე შემდეგ.

არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა. თუმცა ამის კონტროლი მაინც და მაინც არ ხდება ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში.

ჩვენც გვყოლია არასრულწლოვანი პაციენტები, თუმცა მშობლის ნებართვის გარეშე არ გამიკეთებია ესთეტიკური პროცედურა.

კლინიკაში შემოსვლის დროს, პირველ რიგში, ივსება პაციენტის ისტორია, პირადი მონაცემებიც შეგვყავს, ბუნებრივია, და იწერება ისიც, რა პრეპარატი უკეთდება, რა მოცულობის, რომელ ზონაში, რადგან წლები რომ გავიდეს და დასჭირდეს ეს ინფორმაცია პაციენტს, ხელმისაწვდომი იყოს მისთვის“, – ამბობს მანანა ამაღლობელი.

როგორც ექიმი გვეუბნება, ესთეტიკური მედიცინის სათანადო კონტროლი ქვეყანაში ვერ ხერხდება.

„ბევრი პრობლემის რეგულაცია არ ხდება დღეს, თუნდაც ის, რომ არასპეციალისტები აკეთებენ მსგავს პროცედურებს, სილამაზის სალონებში და სადღაც სარდაფებშიც კი აკეთებენ საეჭვო წარმოშობის ფილერებს, რომლებიც ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია.

ხშირად ექიმის ეთიკაზეა დამოკიდებული, მოიქცევა თუ არა ის კეთილსინდისიერად არასრულწლოვნის შემთხვევაში.

ფილერზე უფრო სახიფათოა E ვიტამინის პროცედურების ჩატარებაა, რომელსაც არასრულწლოვნები ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით სახლის პირობებში, თვითნებურად იკეთებენ. ამას ნამდვილად მოაქვს მძიმე შედეგები“, – ამბობს მანანა ამაღლობელი.

მისი თქმით, ტუჩის მოცულობის გაზრდის მიზნით E ვიტამინის თვითნებურად გაკეთება იმდენად საშიშია, რომ შესაძლოა პაციენტს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს:

„თუ პაციენტი გადაწყვეტს, რომ გაიკეთოს ფილერი, მაგრამ დაუმალავს ექიმს, რომ E ვიტამინი აქვს გაკეთებული და ფილერს დაიმატებს, ისეთი მძიმე გართულებები შეიძლება მიიღოს, რომ პლასტიკური ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: