მთავარი,სიახლეები

რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე

22.11.2022 • 935
რატომ ვითხოვთ სარჩელის ფორმების გამართვას უსინათლოებისთვის – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი 

_________________

სასამართლო სხდომაში მონაწილეობა გამორჩეული გამოცდილებაა. მათ შორის მხარედ ყოფნა. ყველა ცხოვრებისეულ განცდას, ფიქრს, აზრს მართლა იმ სასამართლო დარბაზის კარს უკან ტოვებ.

ის საათ-ნახევარი, დარბაზის კარის დახურვიდან და სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე სხვა არაფერზე მიფიქრია. ალბათ ასეთივე განცდაა დიდ სპორტში რომელიმე ჩემპიონატზე თამაში. მთლიანად გათქვეფილი ვიყავი თანამოსარჩელეს, ჩვენი ადვოკატის, მოპასუხის, მოსამართლეების მოსმენაში, ნათქვამის დამახსოვრებასა და პასუხების გაცემაში.

მოსარჩელეების ინტერესებს ამ საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“/PHR იცავს, კონკრეტულად კი სააპელაციო სასამართლო პროცესზე ადვოკატი სოფო მენაბდიშვილი მუშაობდა.

ეს საქმე 2017 წლიდან მიმდინარეობს. ვითხოვთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უსინათლოებისთვის მისაწვდომი გახადოს სასამართლო სარჩელების ფორმები, დამოუკიდებლად რომ შეგვეძლოს მათი ტექნიკურად შევსება.

2017 წელს სარჩელი არათუ არ ივსებოდა, გამხმოვანებელი პროგრამითაც კი ვერ წაიკითხავდი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გადაწყვეტილებით დისკრიმინაციის ფაქტი არ დაადგინა და საქმე სააპელაციოში გავასაჩივრეთ. მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სარჩელის ფორმა განბლოკა უსინათლოთათვის. ამან ის გახადა წაკითხვადი, მაგრამ არა შევსებადი. რომელიმე გრაფაში რომ წერ მონაცემს, (მაგ. მოპასუხის სახელწოდება), შემდეგ მისი პოვნა ისრის ღილაკებით შეუძლებელია ან სხვა ველში გხვდება ჩაწერილი.

განბლოკვის შემდეგ, ამავდროულად, შესაძლებელი გახდა ფორმაში თვითონ სათაურების/ველების დასახელებების წაშლა, რაც სტანდარტულ ფორმაში არ შეიძლება.

4 წელი ველოდით სააპელაციო სასამართლოს სხდომას. მოპასუხე უწყების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ადვოკატი რომ შემოვიდა, არც კი მოგვესალმა. არც „გამარჯობა“, არც – „ნახვამდის“. სასამართლო მდივანს რომ არ ჩამოეთვალა პროცესის მონაწილეები, მეგონებოდა, რომ მოპასუხე საერთოდ არ გამოცხადდა. მარტო პოლიტიკური კი არა, სასამართლო კულტურაც არ გვაქვს ქვეყანაში.

მოპასუხემ თქვა, რომ 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქვთ სარჩელების სრული ადაპტირება; რომ ჩვენ, მოსარჩელეები, ვიყავით მიწვეულები სარჩელების ფორმების დატესტვის სამუშაო შეხვედრაზე, მაგრამ არ მივედით (დამირეკეს მხოლოდ მე და არა მეორე მოსარჩელეს, ისიც შეხვედრის წინა დღეს და, სხვაგან რაკი ვიყავი მისასვლელი, ვერ მივედი. მაგრამ ეს შეხვედრები რამდენიმე იყო და დანარჩენებზე რაღატომ არ მიგვიწვიეს არცერთი?); რომ უსინათლოთა კავშირია ჩართული ამ ფორმების დახვეწაში (ვერც თავმჯდომარის სახელი გაიხსენა, ვერც- იმ პროგრამისტისა, რომელიც ფორმების ტექნიკურ გამართულობაზე მუშაობს. თქვა, რომ ერთადერთი უსინათლო პროგრამისტია, არადა ჩვენ რამდენიმე ვიცით და არა ერთი).

შემდეგ თვითონვე თქვა, რომ უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ ფორმის შევსება დამოუკიდებლად შეუძლებელია. აბა მარტო წაკითხვა რას უშველის, თუ ვერ ავსებ? სხდომის თავმჯდომარე მოსამართლემ რომ სთხოვა, წარმოედგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სამუშაო შეხვედრების ოქმები, პირდაპირ უთხრა, რომ ასეთი შეხვედრები არ ოქმდება.

მე განვუმარტე სასამართლოს, რომ სარჩელებს ჩვენი უცოდინარობის გამო რომ ვერ ვავსებდეთ და არა მათი მიუწვდომლობის გამო, მოპასუხე მხარე მოიყვანდა უსინათლოს, რომელიც შეძლებდა სასამართლო სხდომაზევე სარჩელის შევსებას და მისი მისაწვდომობის დემონსტრირებას. ეს რომ არ გააკეთეს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს სარჩელების მიუწვდომლობაზე.

თანაც პირველი ინსტანციის სასამართლოზე მოპასუხემ აღიარა კიდეც, რომ სარჩელის ფორმის შევსება შეუძლებელი იყო. მაშინ სასამართლო სხდომაზევე ჩავრთეთ ლეპტოპი და ვაჩვენეთ, რომ გამხმოვანებელი პროგრამა მას ვერ კითხულობდა და ვერც რამის ჩაწერა შეგვეძლო ფორმაში.

სასამართლოს შევახსენე ისიც, რომ დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ განზრახვით, ის გაუფრთხილებლობისა და გულგრილობის შედეგიცაა ხშირად.

დისკრიმინაციული მოპყრობაა, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის ერთნაირი პირობების შექმნას ან, პირიქით, თანასწორ მდგომარეობაში მყოფთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას.

მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპამდე ვერ მივედით. ჩაინიშნა მეორე სასამართლო სხდომა წლის ბოლოს. სავარაუდოდ მოსამართლეებს უნდოდათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დრო მისცენ, დაასრულონ მუშაობა მისაწვდომ ფორმებზე. არადა იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარსავე სამოქმედო გეგმას არღვევს. 2022 წელს ჰქონდათ სარჩელების ადაპტირება გათვალისწინებული და აგერ წელი იწურება კიდეც, ფორმები კი ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

ამ პროცესსაც, წინასი არ იყოს, ცნობიერების ამამაღლებელი ფუნქციაც ჰქონდა.

როდესაც ერთ-ერთმა მოსამართლემ კითხვის დასმა დამიპირა, ჩვენმა ადვოკატმა გამიჟღერა მისი სახელი და გვარი (რომელიც უწერიათ, მაგრამ უსინათლობის გამო, ბუნებრივია, ვერ ამოვიკითხავდი).

რატომ ვითხოვთ არამხოლოდ სარჩელის ფორმების გამართვას, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც?

ამ ფორმების ადაპტირება მართლა 1 თვის საქმეა, ნება რომ იყოს. ასეთი ხარვეზების აღმოფხვრას სასამართლო არ უნდა სჭირდებოდეს. წერილით რომ მივმართეთ 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პასუხი არ გვაღირსეს და ამ რამდენიმე კვირის საქმეს 5 წელია, არ აკეთებენ. გვაწვალებენ, სასამართლოებში გვარბენინებენ, ანუ ხელოვნურად არ აკეთებენ. ტყუილად ფლანგავენ ჩვენს დროს, რესურსებს, ენერგიას. გვამათხოვრებენ, ფაქტობრივად. ამიტომაც ნამდვილად გვეკუთვნის მორალური ზიანის კომპენსაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: