მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ნავთობის მთავარი ევროპული ბაზრის 90% დაკარგა – Bloomberg

22.11.2022
რუსეთმა ნავთობის მთავარი ევროპული ბაზრის 90% დაკარგა – Bloomberg

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგო ორ კვირაში შევა ძალაში, თუმცა როგორც ირკვევა, რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ნავთობის ბაზრის 90% ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში.

Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში, რუსეთი დღეში მხოლოდ 95 ათას ბარელს ტვირთავს. შედარებისთვის: თებერვლის დასაწყისში ევროპულ პორტებში რუსეთიდან ყოველდღიურად 1,2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შედიოდა.

ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა: ლიეტუვა, საფრანგეთი და გერმანია რუსეთიდან ნავთობის მიღება რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში იგივე გააკეთა პოლონეთმაც.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ბალტიის პორტებიდან გასული ნავთობის სამი მეოთხედი ახლა აზიაში მიდის. ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბარელის ყიდვა მოასწრონ, რათა ისარგებლონ შეღავათების პერიოდით, რომელიც ემბარგოს ძალაში შესვლამდე მოქმედებს.

შეღავათის თანახმად, სანქციები არ შეეხება ტვირთებს, რომლებიც გასაგზავნად გამზადდება ემბარგოს ძალაში შესვლამდე, 5 დეკემბრამდე და დანიშნულების ადგილას 19 იანვრამდე მივა.

გამოცემა წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკვე უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ ფიქსირებულ ფასს რუსულ ნავთობზე. ტვირთები, რომლებშიც ამ ფასზე მეტი იქნება გადახდილი, არ დაიშვება ევროპულ და ბრიტანულ ხომალდებზე, ასევე, მათ არ შეეხებათ სადაზღვევო და სხვა ტიპის მომსახურება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის საერთო მოცულობა გასულ კვირაში ბოლო ცხრა კვირის მინიმუმზე, დღეში 2,67 მილიონ ბარელზე, ჩამოვიდა.

სექტემბერში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, დაეწყოთ მუშაობა რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვაზე, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ რუსეთის ფინანსური რესურსები უკრაინაში ომის საწარმოებლად.

მაშინ G7-ის ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს, რომ რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად იტყოდნენ უარს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: