მთავარი,სიახლეები

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება

16.10.2022 • 2016
„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა… ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა, რუსები იყვნენ ყველა… რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია იქნება ერთი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება,“ – მორიგ პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რასაც საპატრიარქო ისევ არ იმჩნევს.

ეპისკოპოსი სპირიდონი გამორჩეულია კრემლისტური გზავნილების ტირაჟირებით და სიძულვილის ენით. 3 დღის წინ ფეისბუქგვერდზე „სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი“ სპირიდონის მორიგი ქადაგება გამოქვეყნდა, სადაც სპირიდონი ამბობს, რომ იგი ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებას აღწერს.

ქადაგების დასაწყისში ეპისკოპოსი სპირიდონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხყოფს და რუსეთის ომსაც უკრაინაში მას აბრალებს.

„…უკრაინას მასხარა დაღუპავსო [სპირიდონის თქმით, ეს მამა გაბრიელს უთქვამს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში] და მართლაც ასე ხდება: ეს საწყალი ზელენსკი მასხარა იყო მთელი თავისი ცხოვრება, ანტიქრისტიანულად ცხოვრობდა და საშინელი სოდომისტია, საშინელი მტერია ქრისტიანული მოძღვრების,“ – აღნიშნავს სხალთელი ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსის თქმით, ბერ გაბრიელს გასული საუკუნის ბოლოს დაუბარებია ისიც, რომ რუსებს საქართველოში შემოსვლაზე უარი არ უნდა ვუთხრათ.

„1992 წელს უბრძანებია კიდევ [ბერ გაბრიელს], ძალიან ბევრი რუსები შემოვლენო, მშვიდობიანი მოსახლეობა და არაფრის დიდებით საზღვარი არ ჩაუკეტოთ, კარი არ ჩაუკეტოთ, მიიღეთო, ეს მომიყვა კიდევ, მამა გაბრიელის აქვს ნათქვამი და ვიმეორებ,“ – ამბობს ეპისკოპოსი სპირიდონი.

ზელენსკის გარდა, ეპისკოპოსი უკრაინელ ხალხსაც  შეურაცხყოფს: „რუსები და უკრაინელები ერთია ფაქტიურად. ეს ერთი ნაციაა“, – ეპისკოპოსი მიზანმიმართულად აჟღერებს კრემლისტურ გზავნილს, რაც რუსეთის გარდა ყველასთვის ცხადია: სუვერენულ ქვეყანას რუსეთი თავს ესხმის.

ამ ქადაგებიდან ცხადად ჩანს, რომ სხალთელი ეპისკოპოსი იმ პერიოდის აღდგენას ნატრობს, როცა საქართველო სრულად იყო ანექსირებული რუსეთის მიერ. ქადაგების დროს ის ხაზგასმით ამბობს ფრაზას: „წმინდა რუსეთი“.

„…ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს კიევი, რომელიც არის რუსული ქალაქების დედა, კიევსკაია რუს, ასე იყო… წმინდა მამების ლოცვით იყოს მშვიდობა, შერიგდნენ ისინი და აი, მესამე ძალა, რომელიც აქეზებს იმას, რომ რუსებმა ერთმანეთი დახოცოს, მართლმადიდებლებმა ერთმანეთი ჟლიტოს, ეს ძალიან დიდი ცოდვაა, ეს სატანის გეგმაა…

ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება რუსებს… მამა გაბრიელი ამბობს, რომ რომანოვების ტახტი რომ აღდგება რუსეთშიო, იქვე, საქართველოში აღდგება ბაგრატიონების ტახტიო და ძალიან დაეხმარებიან ერთმანეთს რუსეთიდან მეფე  რომანოვები და ბაგრატიონებიო,“ – დაასრულა ქადაგება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: