ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია.
სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანაანის კომენტარს სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Европейская правда ავრცელებს.
„გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დასავლეთის წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარაღება ომში ჩართული არც ერთი მხარისთვის“, – ამბობს ნასერ კანაანი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე იმსჯელებენ.
უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბრის დილით „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.
პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა კიევის დაბომბვის შედეგად. ერთ–ერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ნანგრევებიდან 19 ადამიანი ამოიყვანეს, სამი მათგანი კლინიკაშია მოთავსებული.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ირანული წარმოების 11 კამიკაძე-დრონი „შაჰედ-136“ ჩამოაგდო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ დრონებს რუსეთი „გერან 2-ის“ დასახელებით იყენებს.
მთავარ ფოტოზე: დრონის ნარჩენები კიევის დღევანდელი დაბომბვის შემდეგ/ფოტო: უკრაინის პროკურატურა






