მთავარი,სიახლეები

„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე

15.10.2022 •
„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე

„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“.

რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? რა შეიძლება ამ დროს შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა? – „ბათუმელებმა“ დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო დავით, რას ცვლის პოლიტიკურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერი რეზოლუციაში სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ და იმაზე, რომ „საქმე უნდა გადაიხედოს“? 

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ამას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, ეს რეზოლუციაა და ალბათ უფრო გააძლიერებს ხალხის განწყობას. ჩემი აზრით, ძალიან ცუდია ის, რაც ჩაიწერა რეზოლუციაში სააკაშვილზე რამდენიმე მიზეზის გამო: მთავარი არის ის, რომ ამ ჩანაწერის გამო საქართველოს დელეგაციამ არ დაუჭირა მხარი ზოგადად რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

მეორე მხრივ, ეს გააძლიერებს ისევ დაპირისპირების, პოლარიზების ხარისხს საქართველოში, გამოვლენ ისევ სუბარი და ხუნდაძე და დეგნანს დაუსვამენ კითხვას: ეთანხმება თუ არა იგი ამ რეზოლუციას და წავა ისევ ეს უაზრო პროცესი.

სააკაშვილს კი, ეს ჩანაწერი აქ ვერაფერს შემატებს, რადგან მას ივანიშვილი არსად გაუშვებს, ვიდრე ბიძინა იქნება საქართველოს მმართველი, ეს გამორიცხულია.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ მსგავსი ჩანაწერით რეზოლუცია? 

საქართველოს ხელისუფლების სრულიად უგვანო საქციელის გამო მიიღეს ეს. მე რომ ვყოფილიყავი, ვიმუშავებდი იმაზე, რომ არ მომხდარიყო ასე, რადგან მე მაინტერესებს შედეგი, პროცესის ნორმალიზება… ფაქტია, რომ ასამბლეას ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ აკრეფილი აქვს. კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურას, საქართველოთი იქ რეალურად რამდენიმე დეპუტატია დაინტერესებული და მუშაობს ამ თემაზე, სხვები უყურებენ ეს 6 – 7 ადამიანი რას იტყვის, ესენი კი, სათითაოდ „ოცნებას“ გალანძღული ჰყავს უკანასკნელი სიტყვებით, ერთი დედა არ უგინებიათ, თორემ ყველაფერი თქვეს.

მე მომხრე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ის უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის საჭირო, მაგრამ ასე ეს შედეგი ვერ დადგება.

გეუბნებით, რომ ევროსტრუქტურებში ისე არიან „ოცნებაზე“ განაწყენებულები, მეგის ქარდავას გათავისუფლებაც რომ მოითხოვონ, არ გამიკვირდება.

დათო ზურაბიშვილი

  • პოლიტიკურად მომგებიანი იქნება „ოცნებისთვის“ ახლა ის, რომ რეაგირება არ მოახდინოს რეზოლუციაზე, როცა კანდიდატის სტატუსს ვითხოვთ? 

ამ სტატუსს მივიღებთ, თუ ვერა, ვიდრე ბიძინა აქ არის, ის არ გაუშვებს სააკაშვილს. ვერაფერი ვერ აიძულებს ივანიშვილს, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნება მისთვის კატასტროფული მარცხი.

გასათვალისწინებელია, რომ მთლად ტყუილი ბრალდებებით არ ზის სააკაშვილის ციხეში, იგივე „7 ნოემბრის საქმე“ იქნება, თუ „ვალერი გელაშვილის საქმე“… თანაც, როცა რეზოლუცია ამბობს, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი და იმავდროულად საქმე უნდა გადაიხედოს, არ მესმის ეს კარგად: თუ პოლიტპატიმარია, რატომ უნდა გადაიხედოს?

ასე რომ, სააკაშვილის ციხიდან გაშვება-არგაშვების საკითხზე აქ არანაირი აქციები არ აგორდება, ამას ასამბლეაც ვერ უშველის, რადგან სააკაშვილს ჰყავს, როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. სააკაშვილი კონტრავერსიული ფიგურაა და ის ოპოზიციისთვის განხეთქილების ფიგურა უფროა, ვიდრე გამაერთიანებელი.

  • რამ შეუწყო ხელი ამ ეტაპზე სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის გააქტიურებას? 

კონიუნქტურა იცვლება, აქამდე არავინ არ ითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას. ახლა „ოცნების“ ხელისუფლების რეპუტაცია დაცემული, უკრაინის ხელისუფლების რეპუტაცია კი, პირიქით, გაიზარდა და სწორედ უკრაინის ხელისუფლებამ წამოწია წინ ეს საკითხი, სადაც სააკაშვილს, ცხადია, ჰყავს მხარდამჭერები, გულშემატკივრები.

  • რას აჩვენებს ამ სახით ასამბლეის რეზოლუციის მიღება, სადაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად არის შეფასებული? 

ცხადია, ეს აჩვენებს დაპირისპირებას რუსეთთან, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა დგება რუსეთის წინააღმდეგ და უცხადებენ უკრაინას მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების ორჭოფულმა პოზიციამ კი, ჩვენი ქვეყანა დააზარალა. ამ სიტუაციაში, მე არც იმის მომხრე ვარ, რომ რადიკალური განცხადებები ვაკეთოთ, ბალტიისპირეთივით ვერ ვიქნებით, სპეციფიკური ვითარება გვაქვს, მაგრამ მკაფიოდ უნდა დავდგეთ უკრაინის მხარეს და რუსეთის წინააღმდეგ. ეს შეგვეძლო და ამ კუთხით შეეშალა სერიოზულად საქართველოს ხელისუფლებას…

ეს გააკეთა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ჩათვალა, რუსეთი მოიგებდა ამ ომს. ასე აღმოვჩნდით ამ გაურკვეველ მდგომარეობაში.

საქართველოს ხელისუფლების ამ მიდგომის შედეგია ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. „ოცნებას“ რომ ჰქონოდა მკაფიო პოზიციები რუსეთის აგრესიის მიმართ და არ ელანძღა ასე ევროპარლამენტარები, არაფერს მსგავს არ მივიღებდით.

  • თუმცა ბერლინში „ოცნების“ პარტნიორმა ევროპულმა პარტიამ „ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტია (PES)“ საერთაშორისო კონგრესზე რეზოლუცია მიიღო და ჩაწერა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას. 

ასე ცალ-ცალკე ყველა იმავეს ამბობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ზოგადად, უარს არ გვეუბნებიან ამ სტატუსზე, თუმცა არაა გამორიცხული, ისევ გადაგვიწიონ ვადა. ეს დამოკიდებულია მთლიანად კონიუნქტურაზე. შესაძლოა, ევროკავშირმა და შტატებმა გადაწყვიტონ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს სტატუსი უნდა მოგვცენ, რადგან ცხადია, რომ ეს იქნება გზავნილი რუსეთისთვის: კანდიდატის სტატუსის არ მოცემა ნიშნავს, რომ რუსეთს გაბარებს და გაგვწირეს, რაც გამორიცხულია.

ჩემი აზრით, თუ ხელისუფლება ისევ განაგრძობს სვლას იგივე მიდგომებით, რასაც აქამდე ვუყრუებთ, ეს პროცესი გაიწელება 2024 წლამდე. არაა გამორიცხული, ხელისუფლება თუ ვერ შეიცვალა, მაინც მოგვცენ ეს სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ეცდებიან, რაღაცნაირად დალაგდნენ „ოცნებასთან“. ეს ყველას გვესმის, რომ ქვეყნისთვის არ იქნება კარგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: