მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები

17.10.2022 • 2350
რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები

თინეიჯერების ბრაზი ზოგჯერ მშობლების ან თანატოლების მიმართ ძალადობრივ ქცევად გარდაიქმნება. რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდების ბრაზის მიზეზი და რის გაკეთება შეუძლია მშობელს ამ დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ირმა, რატომ არის ბრაზი და აგრესია ხშირი მოზარდობისას?

დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდობის ხანა ყველაზე რთული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის თავისი ცხოვრების მანძილზე. ეს არის ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის ეტაპი, როდესაც იწყება პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფების ხანა და ძალიან რთული პერიოდი საიმისოდ, რომ სხეული და ფსიქიკა ჰარმონიაში მოვიდეს ერთმანეთთან.

საქმე ის არის, რომ ფსიქიკური პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და სხეულშიც უამრავი რთული პროცესია, ამიტომ მოზარდები განწყობილნი არიან დაძაბულობისა და ემოციური არასტაბილურობისთვის, შესაბამისად, ისინი ხშირად ბრაზდებიან, ხშირად სწყინთ და ხშირად გამოხატავენ ამას (ჩვენი, უფროსების შეფასებით) არასწორი ფორმით, თუმცა ჩვენგან დასწავლილი ფორმით.

  • რა აბრაზებთ მოზარდებს?

ბრაზდებიან იმაზე, რომ ჩვენ ზედმეტად ვერევით მათ პირად სივრცეში. უფროსები ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ისინი უკვე ემზადებიან ზრდასრული ცხოვრებისთვის და დამოუკიდებლად სურთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათი შემდგომი ცხოვრებისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი ჰიპერმზრუნველობით დავიცვათ ისინი ყველა განსაცდელისგან, ყველა შეცდომისგან და ავაცილოთ თავიდან მათ ეს ცხოვრებისეული გამოცდა, რითაც ისინი გამოცდილებას იღებენ.

ბრაზისა და აგრესიის დაგროვების მიზეზი დიდწილად იმის ბრალია, რომ მათ შეზღუდული აქვთ ფიზიკური აქტივობა. თანამედროვე ცხოვრებამ მოგვიტანა ის, რომ ჩვენი მოზარდები ძირითადად სხედან, სკოლაში სხედან, სახლში მოდიან – ისვენებენ, ინტერნეტსივრცეში – სხედან და შესაბამისად ის ჭარბი ენერგია, რომელიც მათ ზღვა დოზით აქვთ ორგანიზმში, რომელიც უნდა სუბლიმირდეს, რომელიც უნდა დაიხარჯოს მოძრაობაში, აქტივობაში, ვერ იხარჯება, არ იხარჯება, ილექება და შემდგომში შფოთვად გადაიქცევა.

ეს იწვევს იმას, რომ ისინი ვერ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში, რადგან შფოთვას არასოდეს აქვს მიზეზი, ეს არის უმიზეზო შიში. მოზარდები იძაბებიან და დაძაბული მოზარდი მერე ძალიან მალე ბრაზდება, ძალიან მალე სწყინს და ამას გამოხატავს შესაბამისი, ძალიან აქტიური ფორმით, ყვირილით, ჩხუბით და შეიძლება რაღაცების მსხვრევითაც კი.

  • რატომ ხდებიან მოზარდები აგრესიულები თანატოლების მიმართ?

ჩვენ ვთავაზობთ მათ ცხოვრებისეულ მოდელს.

ბავშვები ჯერ კიდევ სულ მცირე ასაკიდან მშობლების მიბაძვით სწავლობენ ყველაფერს. როდესაც ბავშვი სახლში ხედავს, რომ თუ კი რაიმეს არასწორად აკეთებს, აშავებს, მას მშობელი უხსნის, ელაპარაკება, უსმენს, პატივს სცემს მის პიროვნებას – ის ქმნის ცხოვრებისეულ მოდელს, მისი ცხოვრებისეული სცენარი ასე იწერება, რომ ყოველთვის რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შესაძლოა საუბრით, ერთმანეთის მოსმენით, აზრთა გაცვლით და ერთმანეთის პატივისცემით.

მაგრამ თუ კი საქმე გვაქვს ავტორიტარულ ოჯახთან, სადაც ბავშვებს ძალიან მკაცრად სთხოვენ პასუხს და მათ აზრს არც კი ეკითხებიან, სადაც შეცდომების დროსაც კი არ უხსნიან ბავშვებს, მოთმინებით კი არ უდგებიან სიტუაციას, არამედ აგრესიით და ჩხუბით, ცემით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, სჯიან ყვირილით, ცემით, ფიზიკური ძალადობით, შესაბამისად, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პოტენციურ მოძალადედ იქცევა.

რა თქმა უნდა, გვაქვს შემთხვევები და ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მშობლებს აქვთ ლომის წვლილი ბავშვის მოძალადე ქცევაში, შეიძლება მშობელი ძალიან სწორად მიჰყვებოდეს ბავშვის აღზრდის სწორ მიმართულებას, პოზიტიურად ზრდიდეს, მაგრამ ბავშვში მაინც დიდი აგრესია დაგროვდეს უკვე ეკრანიდან, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არის ძალადობის პროპაგანდის საუკეთესო საშუალება იმ ანიმაციებიდან, ფილმებიდან, რასაც უყურებენ, იმ კომპიუტერული თამაშებიდან, რასაც ჩვენი მოზარდები და თუნდაც უფრო პატარები თამაშობენ. 

ასეთ თამაშებს პლუსი ის აქვთ, რომ თუ რაღაც აგრესია აქვს და გაღიზიანებულია ბავშვი, დაახლოებით ნახევარ საათს ითამაშებს და შეიძლება იქ დახარჯოს, გათავისუფლდეს ბრაზისგან. მაგრამ, როცა ეს უფრო ხანგრძლივად ხდება, შემდეგ უკვე ირთვება უკურეაქციის მექანიზმი და პირიქით აისახება მასზე – უფრო აგრესიულს ხდის მოზარდს.

  • როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როცა იგებს, რომ მისი შვილი სხვებზე ძალადობს?

საერთოდ, უნდა ვეცადოთ, ბავშვებს პატარაობიდანვე გავუღვივოთ ემპათიის გრძნობა. თუ ბავშვს შეუძლია სხვისი ემოციები გაითავისოს და სხვისი ტკივილი ეტკინოს, ის არასოდეს იქნება მოძალადე.

თუ კი მოზარდი მუდმივად ძალადობრივად ცდილობს თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში, საუკეთესო ვარიანტია, რომ მშობელმა მიმართოს ფსიქოლოგს, თუმცა, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ არის ყოველთვის.

მშობელს შეუძლია მოზარდს მშვიდად, წყნარად გაესაუბროს, არ უნდა იძახოს ჩემმა შვილმა ეს რატომ უნდა გააკეთოს… მე რატომ გამიკეთე ეს.. რა დაგაკელი… არ ვიმსახურებ…” – ყოველთვის ჩვენ ნუ ვიქნებით ეპიცენტრში. უნდა განვიხილოთ სიტუაცია, ჯერ უნდა მივიღოთ, რომ ფაქტია, ჩვენი შვილი ამას აკეთებს, შემდეგ უნდა გავიგოთ, რა მიზანი აქვს მის ამ ქცევას და რით შეიძლება ეს ქცევა ჩავანაცვლოთ.

ხშირად ვურჩევ მშობლებს, დააკავონ მოზარდი სპორტით. დავუშვათ, ბავშვს უნდოდა კარატე, დედა მეუბნება, რომ ვერ შევიყვან კარატეზე, რადგან ისედაც ყველას სცემს; მე ვეუბნები – პირიქით, შეიყვანეთ, ასე უკვე მიზანმიმართულად დახარჯავს ენერგიას მოზარდი. თანაც, როდესაც კარატეზე დადიან ბავშვები, იქ აქვთ თავიანთი კოდექსი, წესები. როცა ბავშვს უყვარს სპორტი და უნდა იქ სიარული, იმ კოდექსს დაიცავს და სხვას არ დააზიანებს ამ ძალით და შინაგანი დიდი ენერგეტიკით, რომელიც შეიძლება ბრაზიც იყოს, წყენაც და მრისხანებაც.

დავეხმაროთ მოზარდს სწორად, მიზანმიმართულად მივმართოთ ეს ენერგია.

სამწუხაროდ, ბოლო დროს გოგონებს შორისაც ხშირია ფიზიკური დაპირისპირება. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა მოზარდს დაბალი თვითშეფასება აქვს და თვითრეალიზების საშუალებას ვერ პოულობს. ყოველთვის საჭიროა ბავშვს, მოზარდს მოვუსმინოთ, მივცეთ მას თვითრეალიზების საშუალება.

მაგალითად, არასწორია, როცა მოზარდს სპორტზე უნდა სიარული და ჩვენ ვაძალებთ ცეკვას. შეიძლება მას უნდა, რომ თანამედროვე ცეკვებზე (ჰიპჰოპზე) იაროს, ჩვენ კი ქართულ ცეკვაზე სიარულს ვაძალებთ. აი, ეს გვაძლევს უთანხმოებას მშობელსა და შვილს შორის, ამ დროს ერთ ენაზე ვეღარ ვსაუბრობთ, სხვადასხვა ენაზე საუბრით კი მათთან ურთიერთობას ვკარგავთ, ვწყვეტთ. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვართ მისთვის ქცევის მოდელი.

7-8 წლის მერე ბავშვებში ისედაც ის მექანიზმი ირთვება, რომ „მშობელმა არაფერი არ იცის“. ამის ფონზე კიდევ რომ ვყვირით, ვეჩხუბებით და არ ვუსმენთ მათ, ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ საკუთარ შვილებს.

ძალით და ძალადობრივად საქმეს ვერასოდეს მოვაგვარებთ ჩვენს შვილებთან. ხშირად ვცდილობთ, რომ ვუყვიროთ, დავაძალოთ და ისე ვაკეთებინოთ რაღაც. არ არის ეს სწორი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ გარკვეული წესები, რომელთაც ჩვენ უნდა მივყვებოდეთ.

მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები, დავუწესოთ წესები და მერე მოვითხოვოთ ამ წესების შესრულება. წესების შესრულებისთვის კი წავახალისოთ, შევიმჩნიოთ, როცა ისინი კარგად იქცევიან უნდა აღვნიშნოთ, რომ „აი, შენ კარგად იქცევი და ეს როგორ მომეწონა“ და მხოლოდ შენიშვნებით არ შემოვიფარგლოთ – ეს ხშირად ახალისებს აგრესიას მოზარდებში.

  • როგორ უნდა მოვუსმინოთ მოზარდებს სწორად?

მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ უსმენენ შვილებს – „სულ ვეუბნები, მომიყევი, მომიყევი…”, მაგრამ ბავშვების მოსმენა იცით, რას ნიშნავს? ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ კომენტარის გარეშე, რომ ვაჩვენოთ, ვეთანხმებით მას, მის აზრს ვიზიარებთ.

ჯერ ვეთანხმებით და მერე ვუხსნით, რა შეცდომა აქვს მას დაშვებული და საუბრის დაწყებისთანავე არ ვაფასებთ – „ვაიმე, ეს რა გიქნია, ეს რა სისულელე გაგიკეთებია”.

ხშირად, როცა მშობელს მოჰყავს ბავშვი, მეუბნება, მეც იმავეს ვეუბნები, მეც ვუსმენ, მაგრამ იქნებ თქვენ სხვანაირად მოუსმინოთ. ფსიქოლოგები მართლაც სხვაგვარად ვუსმენთ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ობიექტურები, ჩვენ სუბიექტურად არ ვაფასებთ მათ არც ქცევას და არც მათ ფიქრებს, აზრებს, რაც მათ აწუხებთ.

ჩვენ ვუსმენთ მათ ობიექტურად, ეს სჭირდებათ მოზარდებს ყველაზე მეტად.

  • როგორ გავაღვივოთ ბავშვებში ემპათია?

ბავშვს უნდა შეეძლოს სხვისი გრძნობების გათავისება. თავიდანვე სიბრალული უნდა ჰქონდეს სხვისი, ცხოველების მოვლა და მათზე ზრუნვა უნდა შეეძლოს, ეს ავითარებს ადამიანების სიყვარულსა და ზრუნვასაც.

თუ არ გვაქვს საშუალება, რომ ბავშვს სახლში ცხოველი მოვუყვანოთ, ამაზე შეგვიძლია საუბრით ვიმუშაოთ, მაგალითად, ქუჩაში თუ დავინახავთ მოხუცს, ვუთხრათ, რომ მას ქუჩაზე გადასვლა უჭირს, ბავშვს უნდა შეეძლოს, რომ იზრუნოს მასზე, მოუნდეს მისი დახმარება. კიდევ, ყველაზე მარტივი გზა, ოთახის მცენარე ვიქონიოთ სახლში და ბავშვს მივაბაროთ, ავუხსნათ, რომ თუ წყალს არ დაუსხამს, მცენარე მოკვდება, ვასწავლოთ მასზე ზრუნვა. ასე ემპათიის გრძნობა საკმაოდ კარგად ვითარდება.

თუმცა არის შემთხვევები, როცა ძალიან მშვიდი და ემპათიური ბავშვიც მიდის კულმინაციამდე, როდესაც თავდაცვის მექანიზმი ირთვება. როცა ბავშვის დაბულინგებას და დაჩაგვრას ცდილობენ, ეს თავდაცვის მომენტია, ეს არ არის აგრესიული ადამიანი, ამის შემდეგ შეიძლება ძალიანაც ინერვიულოს, მაგრამ იმ დროს მისი ქცევა იმპულსურია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: