მთავარი,სიახლეები

რუსეთმა კიევი და უკრაინის რამდენიმე ქალაქი „შაჰედებით“ დაბომბა – მედია

17.10.2022
რუსეთმა კიევი და უკრაინის რამდენიმე ქალაქი „შაჰედებით“ დაბომბა – მედია

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ოთხი აფეთქება მოხდა შევჩენკოვეს რაიონში.

უკრაინის ხელისუფლების თქმით, შეტევა ირანული დრონებით, „შაჰედებით“ განხორციელდა. სულ მცირე ერთი რაკეტა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ არასაცხოვრებელ შენობაში, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც.

„აფეთქებებია კიევში. დედაქალაქს კამიკაძე-დრონებით შეუტიეს. რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ უშველის, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეტი სისტემა და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ არ გვაქვს დრო, ნელა ვიმოქმედოთ. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“, – დაწერა 17 ოქტომბერს დილით ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ 17 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთის არმიის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

რუსეთმა მასირებული სარაკეტო და საავიაციო თავდასხმა კიევსა და უკრაინის 20-მდე ქალაქზე 10 ოქტომბერს დაიწყო. ამის შემდეგ რუსეთის არმიამ რამდენჯერმე დაბომბა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

მთავარ ფოტოზე: შენობა კიევში 17 ოქტომბრის დილით/ფოტო: nv.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: