მთავარი,სიახლეები

„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

14.10.2022 • 2158
„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე… მათ ახლა ყველაზე მეტად ამოსუნთქვა სჭირდებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსები სარაკეტო დარტყმებს გაძლიერებით ეცდებიან დაზამთრებამდე მისვლას.

გადამდგარ გენერალს გაზაფხულამდე გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. გაზაფხულზე კი, ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, თუ უკრაინა შესაბამისად არ აღჭურვეს და ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა ვარ წამოიწყო, რუსეთმა ახალი მიმართულებებით განაგრძოს შეტევა.

მანამდე კი, გადამდგარი გენერალი რამდენიმე მომენტს შენიშნავს, რაც აჩვენებს, რომ „რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ქალაქ ხერსონში ბრძოლებისთვის ემზადებიან?

კი, ეს ამას ნიშნავს. ამით რუსებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ ბრძოლა – მოსახლეობა არ იქნება მოსამარაგებელი და იოლად მოხერხდება სამხედრო გარნიზონის მომარაგება, არ დასჭირდებათ კონტროლი, საკომენდანტო სამსახურის აწყობა და ასე შემდეგ.

ერთმნიშვნელოვნად ამ ეტაპზე უკრაინელების კონტრშეტევა შენელებულია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, ერთ-ერთია ნაადრევად დაწყებული ძლიერი წვიმები. გარდა ამისა, უკრაინელებმა უნდა მოახერხონ გათავისუფლებული ტერიტორიების დაცვა. სვატოვოს მიმართულებით უკრაინელებს აქვთ წარმატება, მათ შეძლეს მდინარე ჟერებეცის გადალახვა, რომლის ზღუდეზეც რუსები არიან გამაგრებულები, მაგრამ იქ რუსებს ძალიან უჭირთ. ფაქტობრივად, ძალების დეფიციტის გამო რუსები გარნიზონებად არიან დაყოფილი და უწყვეტ თავდაცვას ვერ ახერხებენ, თუმცა უკრაინელების შენელებული შეტევის ტემპის გამო, შესაძლოა მათ „ღრიჭოების“ ამოვსება დაიწყონ.

მეორეს მხრივ, უკრაინელები უახლოვდებიან დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებს და, შესაბამისად, თავდაცვის იმ ზღუდეებს, რასაც 2014 წლის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში აწყობდნენ.

  • რა ტაქტიკით მოქმედებენ ამჯერად რუსები? ისინი ცდილობენ თავდაცვის ორგანიზებას, თუ ისევ აპირებენ დონეცკის საზღვრებამდე გასვლას? 

არა, რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე, ხვდებიან ამას, თუმცა გარკვეული შეტევებით ბახმუტის მიმართულებაზე ცდილობენ, არ მისცენ უკრაინელებს კონცენტრაციის საშუალება. რუსები ცდილობენ, დაზამთრებამდე ეს ვითარება გაწელონ, შემდეგ კი, უკვე ახალმობილიზებულებს შეიყვანენ ბრძოლის ხაზზე. ასე გაუიოლდებათ დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება. ეს პროცესი თუ ხანგრძლივ სახეს მიიღებს, შესაძლებელია, პოლიტიკური ვაჭრობის წარმატების იმედი გაუჩნდეთ.

რუსეთს ახლა ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის ამოსუნთქვა, ძალების მოკრება, გადაჯგუფება, მომძლავრება, იმ აღჭურვილობის მოგროვება, რაც საბრძოლო დანაყოფებს სჭირდება.

ვხედავთ უკვე რამდენი ხანია ბახმუტთან არიან ერთ წერტილში გაჩერებულები და მხოლოდ რამდენიმე მეტრით მიდიან წინ. გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დროს 6 დღეში აიღეს კენიგსბერგი, თავისი ყველა საფორტიფიკაციო სისტემით.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის დაბომბვით რუსეთი თავის მომხრეებსა და რუს ნაციონალისტებს „ამშვიდებს“, რუსული არმიის დაბალი მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობა კი, სარდლობას არჩევანის წინაშე აყენებს – გააგრძელოს თუ არა შეტევები დონეცკის ოლქში. თქვენი აზრით, რატომ არჩია რუსეთმა სარაკეტო დარტყმების გააქტიურება? 

აშკარად ჩანს, რომ სარაკეტო დარტყმების მიზანია ძირითადად რუსეთის შიდა აუდიტორიაზე მუშაობა. აქამდე გაუთავებლად ისმოდა რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანებში, უპირატესობა მოიპოვეს უკრაინელებმა და ჩვენ რას ვაკეთებთ? რატომ არ ვცემთ პასუხს? რატომ არ ვუთიშავთ უკრაინას შუქს? სარაკეტო დარტყმებით რუსეთი ცდილობს იმის ჩვენებას, რომ რუსებს კიდევ გააჩნია საპასუხოს დარტყმების ძალა.

მე ველოდი სარაკეტო დარტყმების გააქტიურებას მოგვიანებით, თუმცა გარკვეული დაჩქარება გამოიწვია ყირიმის ხიდის აფეთქებამ და სუროვიკინის მეთაურად დანიშვნამ. ეს დარტყმები ალბათ გაგრძელდება, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის საცეცხლე საშუალებები დააგროვონ და შემდეგ ერთდროულად დაარტყან ზამთრის მოახლოებასთან ერთად. დაზამთრებამდე უკრაინელები ახერხებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, როცა ყინვები იქნება, გაუჭირდებათ უკრაინელებს და ეს მოსახლეობაზეც აისახება. ლვოვის მხარემ განაცხადა უკვე, რომ 25 %-ით ამცირებს ელექტრომომარაგებას.

იყო ასევე ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში გასულია სახომალდე ჯგუფი 2 სარაკეტო ხომალდის და ერთი წყალქვეშა ნავის ჩათვლით, რომლებმაც უკვე შეივსეს სარაკეტო შეიარაღება, 20 ერთეული კალიბრის ტიპის რაოდენობას მოუყარეს თავი… აქამდე დარტყმების სამიზნე იყო დასავლეთ უკრაინა, ახლა შესაძლებელი იქნება დარტყმა ცენტრალურ უკრაინაზე. ახლა მთავარია, უკრაინა რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოახერხებს დასავლეთიდან მიღებული რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების ადაპტაციას. ვნახოთ, ასევე, რა რაოდენობიოთ გადასცემენ უკრაინას აღჭურვილობას. ამ ეტაპზე რაც აქვს უკრაინას, ეს არ არის საკმარისი უკრაინის საჰაერო სივრციდან დასაფარავად. იგივე „აირისი“ მოკლე და საშუალო დისტანციის საშუალებაა, მოკლე დისტანცია
კი, ნიშნავს იმას, რომ ახლოს უნდა იყო ერთმანეთთან, რათა გადაფარონ თავისი მოქმედების რადიუსები, „მკვდარი ზონა“ არ უნდა დარჩეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფართო ტერიტორიას ვერ გადაფარავენ.

  • უკრაინაში დაბრუნდა 10 ათასი ჯარისკაცი, რომლებმაც წვრთნები გაიარეს ბრიტანეთში, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მალე ჩაერთვებიან საომარ მოქმედებებში. რას შეცვლის ეს?

ცნობილია, რომ 30 ათას ადამიანს ამზადებენ დიდ ბრიტანეთში. ადრეც ვამბობდი, რომ უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევისთვის დასჭირდება ახალი ძალა, რომელიც იქნება სრულად დაკომპლექტებული დასავლური სისტემით, შესაბამისი აღჭურვილობით და დასვენებული შემადგენლობით. თუ უკრაინა ამ მომზადებულ ადამიანებს ნაწილ-ნაწილ არ გაუშვებს პირდაპირ ბრძოლაში და შეინახავს გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი, ოპერატიული დარტყმისთვის, ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტური იქნება.

უკრაინამ დასვენებული, მომზადებული დანაყოფები არ უნდა შეიყვანოს პოზიციურ ბრძოლაში, მან ცალკე დარტყმითი მუშტი უნდა გააკეთოს და სიღრმიდან, მეორე ეშელონიდან განახორციელოს კინეტიკური, ფართომასშტაბიანი დარტყმა. ამას სჭირდება შესაბამისი ძალების მობილიზება, სანგრებში მყოფი დანაყოფებით ვერ გადახვალ ასეთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე.

  • თქვენი მოსაზრება საინტერესოა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. რას აჩვენებს თქვენთვის რუსეთის ვერსია, რომც დავუშვათ, რომ საქართველოში დაუშვეს ტროტილის გატანა, როგორ შეიტანეს ის რუსეთში? 

ამ სცენარით გამოდის, რომ „ფეესბეში“ დოყლაპიები არიან, უფროსი რატომ არის მაშინ თავის ადგილზე? ვფიქრობ, საქართველომ საერთოდ არ უნდა გააკეთოს განცხადება ამ თემაზე, არ უნდა იმართლოს თავი. რაც უნდა ის ქნან რუსებმა, მაგათ ისევ ჩირქის მოცხება თუ უნდათ ჩვენთვის, ისედაც შეძლებენ ნებისმიერი მიზეზით.

ამ ვერსიით რუსებმა თითქოს რაღაცით იმართლეს თავი, რამე ხომ უნდა ეთქვათ? უკრაინელებმა მათ აჩვენეს, რომ ჩვენ აი, ამის გაკეთება შეგვიძლია, თანაც, პუტინის დაბადების დღეზე. ეს არის რუსეთის მორიგი ჩავარდნა, მაგრამ როცა არავის პასუხს არ სთხოვენ, ეს სხვა რამეს მაფიქრებინებს.

  • რას გაფიქრებინებთ? 

იმას, რომ „ფეესბეს“ ისევ აქვს ძალა, ვერ უბედავენ ვერაფერს. ეს აჩვენებს პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების სისტემის პრობლემას, მაგრამ პასუხს ვერ სთხოვენ.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კრიტიკის ახალ ტალღას რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ, რაც გამოიწვია ინფორმაციამ ახალმობილიზებულ და ცუდად მომზადებულ სამხედროებში პირველი მსხვერპლის შესახებ.

რუსეთი არასდროს არის სენსიტიური მსხვერპლის მიმართ. საბოლოოდ იტყვიან, რომ ეს დეზინფორმაციაა და განაგრძობენ დანაყოფების მომზადებას. ამ ეტაპზე ძირითადად დანაყოფებს ამზადებენ რუსები. ძალიან მოკლე დროში მოახერხეს 200 ათასი კაცის მობილიზება. ბუნებრივია, სწრაფად ვერ მოხერხდებოდა მათი მომზადება და აღჭურვა. თანაც, აღჭურვილობის მარაგები რუსეთში ურალს იქეთ აქვთ, ამის ჩამოტანას დრო სჭირდება, არ დაგავიწყდეთ კორუფციის მასშტაბი და რუსული ლოჯისტიკაც, რომელიც გაუმართავია.

ამას გარდა, რუსებს უჭირთ ახალი აღჭურვილობის შეძენა და შეტანა ქვეყანაში, შენახული აღჭურვილობის ნაწილის თავისი ვადა აქვს, მაგალითად, კევლარის მუზარადი და ჯავშანჟილეტის ფილა რაღაც დროის შემდეგ უვარგისია გამოსაყენებლად.

რუსებს დააკლდათ მუშახელიც – წარმოიდგინეთ, 200 ათასი ჯანღონიანი კაცი დააკლდა სამსახურს მრეწველობასა თუ სოფლის მეურნეობაში. ეს აკლდება ყველაფერს. თვითონ რუსეთმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სამხედრო ხარჯების 3-დან 5 ტრილიონ რუბლამდე გაზრდა, მაგრამ მხოლოდ 2 ტრილიონის მობილიზება შეძლეს. რუსეთს სამხედრო ბიუჯეტის უზრუნველყოფა უჭირს, მას ომის წარმოება უჭირს, რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს საჭირო ოდენობით.

  • მ მოცემულობაში აწყობს რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება? ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელიმ თქვა: „ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე გამოიწვევს პასუხს, რომელიც არ იქნება ბირთვული, მაგრამ იქნება იმდენად ძლიერი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“. გარდიანის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მძიმე შედეგების“ წინაშე დადგება, თუ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ თავდასხმას დაიწყებს.

კარგია, რომ კეთდება ეს განცხადებები. ის, რომ თვალს ადევნებენ და განაცხადი, უპასუხოდ არ დარჩებაო, არის მნიშვნელოვანი.

ვფიქრობ, რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია სხვა ფაქტორები, სხვა ხერხები, როგორიცაა, მაგალითად, ბელარუსიის ომში ჩართვა, ასევე 200 ათასი მობილიზებულის შეყვანა ბრძოლაში. ბრძოლის ველზე მარცხი ზრდის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა გამოიყენოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუმცა პუტინის გარშემო არიან სხვებიც, რომლებმაც შესაძლოა არ გაწირონ ასე საკუთარი თავი.

  • აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას გააგრძელებენ ზამთრის განმავლობაშიც. ამის შესახებ ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. რამდენად გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ამ კუთხით, თქვენი ინფორმაციით, რომ უკრაინამ ზამთარშიც შეძლოს ეფექტური კონტრშეტევა? 

მნიშვნელოვან აღჭურვილობას იღებს უკრაინა: იგივე ჭურვები „ვულკანო“, რაც გათვლილია 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისთვის, მაღალი სიზუსტის ჭურვია, 90 კილომეტრამდე მიფრინავს, ის არის „ერთი გასროლა – ერთი
სამიზნის „პრინციპის: მონაცემები შეჰყავთ და შემდეგ GPRS-ით თვითონ ახდენს ჰაერში კორექტირებას. გათვალისწინებულია 250 ასეთი ჭურვის უკრაინისთვის გადაცემა.

უკრაინა ასევე იღებს გერმანიიდან „აირისს“, მაგრამ გათვალისწინებულია სულ 4 ერთეული. არ მაქვს ინფორმაცია, რა მოდიფიკაციის „აირისს“ აძლევენ: საშუალო მანძილის მოდელის „აირისი“ გათვალისწინებულია, მაგალითად, 40 კილომეტრ სიშორემდე და 24 კმ აქვს სიმაღლე. რა მოდიფიკაციაც არ უნდა ჰქონდეს, 4 ერთეული მაინც ძალიან მცირეა.

უკრაინას უკვე აქვს 30-მდე „ჰაიმარსი“, რაც, როგორც ვხედავთ, ძალიან ეფექტურია. ამით გაანადგურეს უკრაინელებმა 400-ზე მეტი რუსული ობიექტი, მართვის პუნქტი, საწყობები.

მთლიანობაში, ეს ტექნიკა, რაც მიაწოდეს უკრაინას, საჭიროა დანაკარგების შესავსებად ძირითადად და ეს ხდება. ეს აღჭურვილობა არანაირად არაა საკმარისი ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის, ისევე როგორც მიწოდებული
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით შესაძლებელია რამდენიმე ქალაქი დაიცვა, მთლიანად ქვეყანა არ გამოვა, რადგან ტერიტორია დიდია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი ერთდროულად იყენებს დარტყმის სხვადასხვა შესაძლებლობას, ფრთოსანი რაკეტა იქნება ეს თუ, ბალისტიკური რაკეტა, რასაც კიდევ უფრო ართულებს უპილოტოების გამოყენებით. ამ დროს რეაგირება უჭირთ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს და რადარებიც იტვირთება, რეაგირებას ვეღარ ახერხებენ.

  • ეს რუსების ახალი მეთაურის, სუროვიკინის ტაქტიკაა? ელოდებით მისგან „სირიიზაციას“, თუ ეს ვერ გამოვა იმიტომ, რომ უკრაინის საბრძოლო სივრცე პრინციპულად განსხვავდება სირიის საბრძოლო სივრცისგან? 

ეს არის რუსეთის სტილი, მიწასთან გაასწოროს ყველაფერი და განსაკუთრებით ეს არის სუროვიკინის სტილი. რა მნიშვნელობა აქვს გვარებს, ვხედავთ, რასაც აკეთებენ რუსები და რის გამკეთებლებიც არიან. თავის დროზე, როცა საუბრობდნენ გერასიმოვის გენიოსობაზე, გამოჩნდა ესეც, რაც შეუძლია.

  • NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში NATO-ს დამარცხებასაც ნიშნავს. ეს მკაფიოდ აჩვენებს თუ არა, რას მიიჩნევს დასავლეთი გამარჯვებად? წინა ინტერვიუებში ამბობდით, რომ არ არის ცხადი, რა ეტაპამდე მისვლას მიიჩნევდა დასავლეთი უკრაინის გამარჯვებად. 

ფაქტია, რომ უკრაინა არ დამარცხდება. ნატო სულ რომ წავიდეს, უკრაინა მაინც არ მოაგებინებს რუსეთს ამ ომს. შეიძლება, ვერ დაამარცხონ უკრაინელებმა რუსეთი მარტო, მაგრამ არც გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ.

რა თქმა უნდა, უკრაინის წარუმატებლობა დიდი დარტყმა იქნება ნატოს პრესტიჟზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება.

ფაქტია, რომ ზამთარში არ იქნება დიდი ცვლილებები ბრძოლის ხაზზე. გაზაფხულისთვის გამოჩნდება, რა აღჭურვილობას მიაწვდიან უკრაინას და შეძლებს თუ ვერა ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას. თუ ამას ვერ მოახერხებს უკრაინა, რუსეთი ისევ მოინდომებს არათუ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, რაზედაც ეხლაა კონცენტრირებული, არამედ კვლავ შეტევის წამოწყებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: