მთავარი,სიახლეები

როგორ გახდა უკრაინის გმირი ევროპის ყოფილი ჩემპიონი – 34 წლის ვადიმის ისტორია

14.10.2022 • 1308
როგორ გახდა უკრაინის გმირი ევროპის ყოფილი ჩემპიონი – 34 წლის ვადიმის ისტორია

დაჭრილმა მაიორმა ზელენიუკმა ბრძოლის ველი არ დატოვა და მტრის განადგურება განაგრძო.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი გამბედაობისა და სიმამაცისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 6 ოქტომბერს მაიორ ვადიმ ზელენიუკს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

34 ზელენიუკი სამხედრო სპორტსმენი იყო. იგი სპორტული საქმიანობის პარალელურად, 2010 წლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების ელიტურ, ანტიტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა.

ვადიმ ზელენიუკის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური სამხედრო გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს.

ზელენიუკს სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა სამბოში, ოსტატობის კანდიდატი იყო ძიუდოში.

2013 წელს იგი ევროპის ჩემპიონი გახდა სპორტის ახალ სახეობაში – უნივერსალური ბრძოლები. ამავე წელს მესამე ადგილი დაიკავა 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე საბრძოლო სამბოს სპორტის სახეობაში.

საბრძოლო მისიებში 2014 წლის ყირიმის ომიდანვე ჩაერთო.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთი ისევ დაესხა თავს უკრაინას, პირველი კატეგორიის სპორტის ინსტრუქტორი ზელენიუკი ეროვნულ გვარდიაში ჩაეწერა.

ასევე მოიქცნენ მისი კოლეგა და მეგობარი სპორტსმენებიც უკრაინული სპორტული კლუბიდან – НГУ.

ვადიმი გვარდიის იმავე დანაყოფში დაბრუნდა, სადაც 2014 წელს იბრძოდა.  „ომეგა“ – ასე ერქვა მის დანაყოფს, რომელიც კიევის მისადგომებთან  მტერს აჩერებდა, შემდეგ კი იზიუმსა და სევეროდონეცკს იცავდა.

კიევის ოლქში ვადიმი სადაზვერვო სამუშაოებს ასრულებდა. თანამებრძოლები იხსენებენ, რომ  ობიექტზე პირველი ყოველთვის ის გადიოდა, კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმის და მზვერავების თანმიმდევრულობის წყალობით, ვადიმმა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

მაიორი ვადიმ ზელენიუკი თანამებრძოლთან ერთად ფრონტზე/ფოტო: გამოცემა „Armyinform”

მან მტრის საპატრულო დანაყოფების ადგილსამყოფელი, სადამკვირვებლო და სამეთაურო პუნქტები აღმოაჩინა და ზუსტად დაადგინა ოკუპანტების 24 ჯავშანტრანსპორტიორის ადგილსამყოფელი. ყველა ეს ინფორმაცია მზვერავმა არტილერისტებს გადასცა.

ვადიმის დანაყოფმა უსაფრთხო გზა გახსნა, გათავისუფლდა 12-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი მტრისგან და ვადიმის და მისი თანამებრძოლების წყალობით ფრონტის ხაზმა დედაქალაქიდან მოშორებით – სოფელ ბუზოვკამდე გადაინაცვლა.

გამოცემა Armyinform-ის კორესპონდენტთან საუბრისას ზელენიუკის კოლეგები იხსენებენ, რომ იზიუმთან მან წარმოუდგენელი გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინა, როცა საჰაერო თავდამსხმელთა 95-ე ბრიგადის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა. ეს მებრძოლი სამი დღე და ღამე მტრებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე მარტო იყო – დაჭრილი. ვადიმმა მის გადასარჩენად ოთხი ქვეითი ოკუპანტი და, ასევე, ჯავშანტექნიკა გაანადგურა.

ვადიმ ზელენიუკი ურთულესი შეტაკებებისას იბრძოდა სევეროდონეცკშიც. მონაწილეობდა ივნისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩასაგდებად. ამ ოპერაციისას ვადიმის მონაწილეობით დანაყოფმა ექვსი რუსი ჯარისკაცი დაატყვევა, რამაც უკრაინულ მხარეს შემდეგ მეტი ტყვეს გაცვლის შესაძლებლობა მისცა.

გარდა ამისა უკრაინელებმა მტრის ძალების განლაგებისა და საბრძოლო საშუალებების რაოდენობის შესახებ ამ ტყვეებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

მოპოვებულმა ინფორმაციამ უკრაინელების წარმატებულ კონტრშეტევას შეუწყო ხელი.

22 აგვისტოს, ავდეევკას მისადგომებთან, სოფელ კრასნოგოროვკას მახლობლად, ვადიმის „ომეგას“ სპეცრაზმმა გადაუდებელი დავალება მიიღო.

უკრაინის გმირი ვადიმ ზელენიუკი

სპეცრაზმს მტრის თავდასხმა უნდა მოეგერიებინა და მეტიც, იმ პოზიციებზე უნდა მოეკიდებინა ფეხი, სადაც ოკუპანტები საკმაოდ მყარად იყვნენ გამაგრებული.

ვადიმის დანაყოფმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ორი გასროლით მტრის ქვეითთა ორი საბრძოლო მანქანა გაანადგურა ეკიპაჟებიანად, თუმცა ოკუპანტები შეტევას განაგრძობდნენ.

მაიორი ზელენიუკი პირველი იყო, ვინც შემტევ პოზიციაში მყოფი მტრის დანაყოფისკენ მიიწევდა, მის კვალს მიჰყვებოდნენ თანამებრძოლები.

ისინი იხსენებენ, როგორ ეფარებოდა ვადიმი სასტიკი ბრძოლებისას სხვა ჯარისკაცებს. ზელენიუკი ამ ბრძოლაში მტრის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ წინსვლა და ცეცხლი არ შეუწყვეტია.

ზელენიუკის დანაყოფმა თავდამსხმელი ოკუპანტების რაზმი სრულად გაანადგურა, თუმცა ვადიმი ამ შეტაკებას შეეწირა.

2022 წლის 1-2 ოქტომბერს ზელენიუკის მშობლიურ ქალაქ ხმელნიცკიში, უკვე  უკრაინის გმირის, ვადიმ ზელენიუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა ძიუდოში.  ჩემპიონატში 100-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ტურნირი ყოველწლიურად ჩატარდება.

ვადიმ ზელენიუკის დაკრძალვა: ზელენიუკის სპორტული ჯილდოები/ფოტო: გამოცემა „Armyinform”

 


მთავარ ფოტოზე: უკრაინის გმირი ვადიმ ზელენიუკი/წყარო – გამოცემა „Armyinform”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: