მთავარი,სიახლეები

როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ

16.10.2022 • 1190
როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ

ლარი ბოლო რამდენიმე თვეა სტაბილურად მყარდება, თუმცა ამის მიუხედავად არ შემცირებულა რეფინანსირების განაკვეთი. ამ განაკვეთზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ბანკში სესხის დაფარვის დროს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-დან 11 %-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა. მას შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი არც გაზრდილა  და არც შემცირებულა.

როგორ და როდის აისახება ლარის კურსის გამყარება რეფინანსირების განაკვეთზე – „ბათუმელებმა“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევართან, დავით კეშელავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო დავით, ლარის კურსი მყარდება და ამერიკულ დოლართან მიმართებით ივნისიდან დღემდე 3-დან 2.76 მაჩვენებელზე ჩამოვიდა. მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული. უნდა ველოდოთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას? 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ან შერბილება მეტწილად ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, თუმცა გაცვლითი კურსი შეგვიძლია განვიხილოთ ფაქტორად, რომელიც ინფლაციაზე მოქმედებს.

ვალუტის გამყარება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იმპორტი იაფდება, ჩვენი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, იმპორტირებული პროდუქტია, ამ ფაქტორმა უნდა შეამციროს ინფლაცია.

ამის მიუხედავად, ინფლაციის ბოლო მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვანი და ძირეული შემცირება სამწუხაროდ არ გაქვს – ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზე რჩება. ეს მიუთითებს იმას, რომ ფაქტორები, რაც ინფლაციას იწვევს, არ არის ამოწურული.

შესაბამისად, რთული სათქმელია, რას გადაწყვეტენ შემდეგ სხდომაზე, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მხარს დაუჭერენ იმას, რომ იგივე განაკვეთი დატოვონ.

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დაიწყება. რთული სავარაუდოა, შემდეგი სხდომიდან შეიძლება არა, მაგრამ მომდევნო სხდომებზე უფრო მოსალოდნელი გახდება ეს, თანდათან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებენ.

  • როცა ლარი უფასურდება, მაშინვე იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, რატომ არ ხდება საპირისპიროდ ლარის გამყარების შემთხვევაში? 

ამის მთავარი მიზეზი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, 11.5 % და მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა იყოს 3 %, ოთხჯერ უფრო მაღალი ინფლაცია გვაქვს.

ჩვეულებრივ პირობებში  უნდა გვქონდეს 3%-ის ირგვლივ ინფლაციის მაჩვენებელი, მაგრამ ახლა ისეთი პირობებია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ ყველგან მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქაც ორ-სამჯერ მაღალია მიზნობრივთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი. ცნობილია, რომ ომის შედეგად გაცილებით ძვირი ჯდება პროდუქტების ტრანსპორტირება.

დავით კეშელავა

  • თუმცა, მაგალითად, გერმანიაში პირველადი მოხმარების 5 პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გუშინ ვწერდით ამის შესახებ.

კონკრეტული პროდუქტები შესაძლოა იაფი იყოს, თუმცა საშუალო ფასები განვითარებულ ქვეყნებში ბევრად მაღალია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში… შესაძლოა, კონკრეტულ პროდუქტს თავად ეს ქვეყანა აწარმოებდეს, ან ნედლეული აქვს და არ სჭირდებოდეს ტრანსპორტირება. ჩვენ ყველაფერი იმპორტით შემოგვაქვს, ან იმპორტით შემოგვაქვს ნედლეული და შემდეგ მზადდება.

  • რადგანაც დიდწილად ვართ იმპორტზე დამოკიდებული, ხოლო დოლართან მიმართებით ლარი გამყარდა, რატომ ვერ აისახა ეს ინფლაციაზე? 

აისახება აუცილებლად, წესით, ასახულიც უნდა იყოს, რადგან უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ პროდუქტებს და იაფი გვიჯდება ნედლეულის შემოტანა.

  • რა არის ბარიერი – ხელოვნური ჩარევა ხდება, ან კონკურენციაა შეზღუდული? 

შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ამას დამატებით კვლევები სჭირდება, ზეპირად ვერ გეტყვით. ფაქტია ისიც, რომ ფაქტორები, რაც იწვევდნენ  ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს, ჯერ კიდევ მოქმედებენ და გაცვლითი კურსის ეფექტი იმდენად ძლიერი არ არის, რომ ეს ფაქტორები გადაფაროს. ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა ასეთი რომ არ ყოფილიყო, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

საომარი მდგომარეობა არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც სხვა ფაქტორებს იწვევს, მიწოდების არხების და დისტრიბუციის გართულებას. ვხედავთ, რომ უკრაინის პორტები ბლოკირებულია და იქიდან პროდუქცია ვერ გააქვთ, საწვავის ფასი ისევ მაღალია, განსაკუთრებით კი, დიზელის ფასი. ეს აძვირებს გადატანას, მიწოდების არხები შეზღუდულია… უკრაინა და რუსეთი ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორები იყვნენ და მათი პროდუქტების მიწოდებაში შეფერხებებია, რაც აძვირებს ღირებულებას.

  • დღეს არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რამდენით შეიძლება შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი? 

ამ სხდომაზე არ ველოდები, თუმცა არ გამიკვირდება მცირედი შემცირება. ვფიქრობ, რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება, რადგან არაბუნებრივად მაღალია დღეს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი, რაც აფერხებს დაკრედიტებას, ეს კი იწვევს შემდეგ ბევრ სხვა პრობლემას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: