მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

27.08.2021 • 3662
ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

„არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. 26 ივლისის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხდყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

ლარი და თეთრი სახელმწიფოს სესხად ნამდვილად არ აუღია. მთავრობამ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ზემოთ აღნიშნული 2 ახალი სასესხო ხელშეკრულებით, IBRD-ისგან დამატებით ჯამში 113 700 000 ევრო ისესხა.

[checklist]

  • 2021 წლის 17 მაისს გაფორმდა –  საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი) – 85 მილიონ ევროზე.

[/checklist]

პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული გადახდებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.

[checklist]

  • 2021 წლის 9 ივნისს კი გაფორმდა –  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და საქართველოსა შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) – 28 700 000 ევროზე.

[/checklist]

ამ სესხის დანიშნულებაა: COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის განსახორციელება.

გარდა სესხისა, 2021 წლის მაის-ივნისში საქართველომ გააფორმა 2 ახალი საგრანტო შეთანხმებაც, ჯამში 66 960 382 აშშ დოლარსა და 23 737 626 ევროზე:
  • 2021 წლის 21 მაისს გაფორმდა – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად და 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა) – 66 960 382 აშშ დოლარზე.

საგრანტო შეთანხმების მიზანია საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, ასევე მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებითა და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებით.

  • 2021 წლის 24 ივნისს გაფორმდა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის საგრანტო შეთანხმება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ – 23 737 626 ევროზე.

ეს საგრანტო შეთანხმება გაფორმდა არსებული და ახალი დაცული ტერიტორიების დასახმარებლად, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგრადი სატყეო მეურნეობის დასაარსებლად, რაც მოიცავს ადგილობრივ სატყეო ოფისებს, მოსაზღვრე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და განმახორციელებელი კონსულტანტების მომსახურებას.

2021 წლის ახალ სესხებსა და გრანტებზე ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ოფიციალურად დაახლოებით 1 თვის წინ გამოითხოვა, პასუხი კი დღეს, 27 აგვისტოს მივიღეთ.

სასესხო ხელშეკრულებებისა და საგრანტო შეთანხმებების გარდა, მთავრობა სწორედ წელს გახდა იძულებული ძველი ევრობონდების დასაფარად ახალი ევრობონდები გამოეშვა, ანუ 1,7 მილიარდი ლარის სესხი/ვალი აეღო. ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები სწორედ ვალის აღების ფორმებია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ევრობონდების გამოშვება 2021 წლის 15-21 აპრილს განხორციელდა. საქმე იმაშია, რომ ადრე გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდები საქართველოს 2021 წლის აპრილში უნდა დაეფარა. სახელმწიფო ამ ვალის დაფარვას მიმდინარე წელს გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ იძულებული გახდა ძველი ვალი ახალი ვალით დაეფარა.

პრემიერის თქმით, „ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი“, რასაც ის მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდას უკავშირებს: „12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში“.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 22 ივლისს შევიდა.

ცვლილებაშესულ და გაზრდილ ბიუჯეტში გაწერილი 19,4 მილიარდი ლარიდან კი, ჯამში 5,2 მილიარდი ლარი, სწორედ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული სესხია. აქედან:

  • ევრობონდის რეფინანსირებისთვის – 1 მილიარდ 713 მილიონ 200 ათასი ლარი;

ასევე, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების დასაფინანსებლად:

  • საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172 მილიონი ლარი;
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229 მილიონი ლარი;
  • COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 მილიონი ლარი;
  • აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 1 მილიარდ 427 მილიონი ლარი;
  • ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286 მილიონი ლარი;
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები – 1 მილიარდ 389 მილიონ 800 ათასი ლარი.

გარდა ამისა, 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხადასხვა ღონისძიება, ჯამში 49 მილიონ 480 ათასი ლარის უცხოური გრანტითაც დაფინანსდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ბიუჯეტში სულ ჩამორიცხული და ათვისებულია:

სესხები[კრედიტები]:

537,78 მილიონი [USD] აშშ დოლარი [აქედან ევრობონდები – 500 მილიონი აშშ დოლარი],
518,87 მილიონი [EUR] ევრო,
0,03 მილიონი [KWD] ქუვეითური დინარი,
84,16 მილიონი [SDR] ინტერნაციონალური ვალუტა – ნასესხობის სპეციალური უფლებები;

გრანტები:

1,67 მილიონი [EUR] ევრო,
9,29 მილიონი [USD] აშშ დოლარი.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: