მთავარი,სიახლეები

ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა

16.10.2022
ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, სექტემბრის მონაცემებით, ხაჭაპური 38%-ით გაძვირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით.

ამ ინსტიტუტის შეფასებით, ხაჭაპურის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა და ერთი ხაჭაპურის თვითღირებულებამ 6.30 ლარს მიაღწია.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 

„ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

ISET-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა – 41 %-ით, თუმცა გაიზარდა ხაჭაპურის სხვა ინგრედიენტების ფასიც: საფუარი (16.9%), რძე (17.1%), კვერცხი (19.7%), კარაქი (20.6%), ფქვილი (25.2%).

„სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, რომელიც საქონლის უფრო ყოვლისმომცველ კალათას ეყრდნობა, წლიურმა ინფლაციამ საკვების ფასებზე 17.6% შეადგინა. სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რძის, ყველისა და კვერცხის კატეგორიაში ფასები 23,6%-ითხოლო პურის და მარცვლეულის კატეგორიაში 32,8%-ით გაიზარდა.

სურსათის გლობალურ და, შესაბამისად, ადგილობრივ ფასებზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი. ზოგიერთი მარცვლეულის გლობალური ფასები ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ორივე ქვეყანა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მარცვლეულის ფასები 11,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რძის ფასებს, FAO-ს ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, წლიურ ჭრილში, რძის ინდექსი 20,7%-ით გაიზარდა.

გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა შესაბამისად აისახება ადგილობრივ ბაზრებზეც,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში „ხაჭაპურის ინდექსის“ შესახებ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.