მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში

15.10.2022 • 3928
როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში

„კუბაში არ არის საჭმელი, არ არის უფლებები. იქ კომუნიზმია,“ – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა. დაიბადა და გაიზარდა კუბაში, ჰავანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ახლა საკუთარი სამშობლოდან აზრის გამოხატვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დევნილად იქცა.

„წარმოშობით კუბიდან ვარ. ჰავანას უნივერსიტეტში ვსწავლობდი კულტურულ მემკვიდრეობას, სანამ იძულებული გავხდებოდი ქვეყანა დამეტოვებინა.

ცხოვრება კუბაზე არ ჰგავს იმას, რასაც ტურისტული სააგენტოები სთავაზობენ ტურისტებს კუბაში ჩამოსვლის შემთხვევაში. ადგილობრივებისთვის, ჩვეულებრივი ხალხისთვის ყველაფერი რთულია.

მაგალითად, არ არის საჭმელი. ფული გაქვს, მაგრამ საჭმელს ვერ ყიდულობ, იმიტომ, რომ არ არის. სპეციალურ ტალონებს არიგებს მთავრობა საჭმელზე იმის მიხედვით, რამდენი სულია ოჯახში. ხშირად ყოფილა მე და დედაჩემი დილის სამ საათზე ჩავმდგარვართ რიგში და ჩვენი რიგი როცა მოსულა, მაღაზიაში საჭმელი აღარ ყოფილა. მერე სხვა მაღაზიაში მიდიხარ, იქაც არაფერია და ასე. ხშირად არ არის ელექტროენერგია. თუ მოხდა ისე, რომ საჭმელი იყიდე, მაცივარში ვერ შეინახავ, რადგან შუქი არ არის,“ – გვიყვება ალბერტო და საკუთარი მონათხრობის დასადასტურებლად რამდენიმე კვირის წინ ჰავანაში გამართულ საპროტესტო აქციის კადრებს გვაჩვენებს ტელეფონში. მოქალაქეები ელექტროენერგიის არქონას აპროტესტებდნენ.

ალბერტო ორტეგას კუბიდან გაქცევის მიზეზიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობა იყო. ის საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა.

„2021 წლის 11 ივლის კუბაში, ჰავანაში დიდი მანიფესტაცია გაიმართა, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას. როგორც აქციის მონაწილე მოვხვდი იმ დღეს გადაღებულ ვიდეო კადრებში. 25 აგვისტოს დამიბარეს უნივერსიტეტში დედაჩემთან ერთად, სადაც მაჩვენეს კადრები, რომელშიც საპროტესტო აქციაში ვმონაწილეობდი. ასევე  დამხვდა დედაჩემის და ბებიაჩემის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული კუბის მთავრობის კრიტიკის შემცველი სტატუსების სქრინშოტები. ჩვენი ოჯახი ანტიკომუნისტად ითვლებოდა.

უნივერსიტეტიდან გამრიცხეს და მითხრეს, რომ სტუდენტების ადგილი, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ არიან, არ არის სასწავლო დაწესებულებაში,“ – გვიყვება ალბერტო ორტეგა.

ალბერტოს მონათხრობის თანახმად ის პოლიციაში დაიბარეს. ასევე მისცეს რეკომენდაცია, რომ პოლიციაში მისვლამდე სახლი არ დაეტოვებინა.

ალბერტო ამბობს, რომ მისთვის ცხადი გახდა, კუბის მთავრობა მის დაპატიმრებას აპირებდა, როგორც ანტიკომუნისტის.

„ჩემი ნივთები ჩავალაგე, იმის გამო, რომ სახლს დარაჯობდნენ, სახურავიდან გამოვიპარე, ვარადეროს აეროპორტში მივედი და ერთადერთ ქვეყანაში, სადაც უვიზოდ შემეძლო წასვლა, რუსეთში წავედი,“ – ამბობს ალბერტო ორტეგა.

იხსენებს, რომ მას მგზავრობის ფული კანადაში მცხოვრებმა დეიდამ, ხოლო ბინის ფული, მაიამიში მცხოვრებმა ბებიამ გადაუხადა. მაგრამ რუსეთში ცხოვრება მისთვის ახალ განსაცდელად იქცა, ამიტომ ისეთი ქვეყნის ძებნა დაიწყო, სადაც წასვლას შეძლებდა.

„რუსეთში ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი. იყო რასიზმის შემთხვევები. ისევ დეიდაჩემმა იპოვა გუგლში საქართველო. ვნახეთ, რომ იყო კარგი ქვეყანა და გადავწყვიტე ჩამოსვლა. სამი დღე მოვდიოდი მატარებლით საზღვრამდე. შარშან ოქტომბერში ჩამოვედი. ერთი წელი ხდება, რაც საქართველოში ვცხოვრობ,“ – გვიყვება ალბერტო.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ალბერტომ თავშესაფარი მოითხოვა. მას მისცეს დროებითი მოწმობა და სტატუსი. ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება კი 2023 წლის თებერვლამდე აქვს, რადგან ერთი კვირის წინ საქართველოს საემიგრაციო სამსახურმა მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

„მათ არ დაიჯერეს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო პატიმრობა მემუქრება ჩემს ქვეყანაში. ჩემი მეგობრები, სამწუხაროდ ციხეში ზიან იმ აქციებში მონაწილეობის გამო. თუ კუბაში დავბრუნდები, არ ვიცი რა დამემართება. ალბათ დამაკავებენ და მეც ციხეში ჩამსვამენ,“ – ამბობს ალბერტო ორტეგა.

  • რა მოხდა კუბაში 2021 წლის ივლისში

2021 წლის 11 ივლისის აქცია ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია იყო კუბაზე 1959 წლის შემდეგ. 11 ივლისის აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებების შეზღუდვას, საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას.

კუბის მთავრობამ ანტისამთავრობო გამოსვლები აღკვეთა, დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და პლასტმასის ხელკეტები გამოიყენა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ კუბის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც კუბის მთავრობამ კუბელების უფლებას გამოეხატათ პროტესტი უპასუხა სასტიკი, სისტემური რეპრესიებითა და ცენზურით.

„ჰუმან რაით ვოჩის“ მონაცემებით საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს 1400-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 700-ზე მეტი, 2022 წლის ივლისში, როცა ანგარიში გამოქვეყნდა, ისევ ციხეში რჩებოდა.

„ჰუმან რაით ვოჩმა“ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელიც კუბის მთავრობამ დააკავა, ციხეებში გაუსაძლის ვითარებაში იმყოფებოდნენ.  დაკავებულები იმყოფებოდნენ ხალხმრავალ, ანტისანიტარიულ ციხის საკნებში. სადაც არ იყო სუფთა წყალი, საკვები და მედიკამენტები. ზოგიერთ დაკავებულს არასათანადოდ ექცეოდნენ, აიძულებდნენ შიშვლად ჩაჯდომების გაკეთებას, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას და აყენებდნენ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, რასაც უფლებადამცველი ორგანიზაცია წამებას უტოლებს.

ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

  • ალბერტოს ცხოვრება საქართველოში          

„როცა საქართველოში ჩამოვედი, პირველი ერთი თვე მარტო ვიყავი, არავის ვიცნობდი და არც სამსახური მქონდა.

შემდეგ ერთი ადამიანი გავიცანი, შაკო, რომელმაც სპორტდარბაზში სამსახური შემომთავაზა. სპორტდარბაზიდან ვიპოვე მეორე სამსახურიც. ერთ დღეს სპორტდარბაზს ვალაგებდი, როდესაც ორი ტიპი მოვიდა და მკითხეს: „გამარჯობა ძმაო, გინდა რესტორანში იმუშაო?“ მე ვუთხარი: – ოქეი, რატომაც არა.

სავარჯიშო დარბაზში იატაკს ვწმენდ, დამლაგებელი ვარ. თევზის რესტორანშიც ვალაგებ – თეფშები მიმაქვს სამზარეულოში.

შაკო ძალიან დამეხმარა. მისი დახმარებით აღმოვაჩინე ბარი ფაზენდაც, სადაც ასევე კარგი ადამიანები გავიცანი. ბედნიერი ვარ აქ ცხოვრებით. ქართველი ხალხი ძალიან მეხმარება. ბევრი რამ არ მესმის, მაგრამ მეხმარებიან, რომ გავიგო,“ – ჰყვება ალბერტო საქართველოში მისი ცხოვრების შესახებ.

ალბერტო ამბობს, რომ ქართულის სწავლა სპორტდარბაზში მისი თანამშრომლის, მარინას დახმარებით დაიწყო.

„პირველი სიტყვა რომელიც ვისწავლე, იყო გამარჯობა.

მერე მასწავლა თვლა – ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და მითხრა, ხვალ, როდესაც მოხვალ, გკითხავო. სახლში მთელი საღამო ვიმეორებდი და მეორე დღეს უკვე ნასწავლი მქონდა. ასევე სამსახურში ვისწავლე ბევრი სიტყვა, რომელიც მუშაობისას მჭირდებოდა.

რესტორანში ძირითადად ქართულად მიწევს საუბარი, რადგან ჩემზე ბევრად უფროსი ადამიანები არიან ხშირი სტუმრები და ინგლისურად ვერ ველაპარაკები“.

მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე პირველ ეტაპზე უარი უთხრა, ალბერტომ აპელაცია შეიტანა და იმედია აქვს, რომ საქართველოს საიმიგრაციო სამსახური კარგად შეისწავლის მის საქმეს.

„საქართველოში ვეძებ თავშესაფარს, რადგან ჩემი ქვეყნის მთავრობა მდევნის. არ ვიცი, სად უნდა წავიდე, თუკი ისევ უარს მეტყვიან. კუბაში დაბრუნება არ მინდა. არ შემიძლია, ვერ დავბრუნდები“, – ამბობს ალბერტო.

ის გეგმავს, რომ ქართული კარგად ისწავლოს და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: