მთავარი,სიახლეები

გლეხები მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან – „საზღვარგარეთ პირუტყვის გაყიდვა აგვიკრძალეს“

15.10.2022 • 1448
გლეხები მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან – „საზღვარგარეთ პირუტყვის გაყიდვა აგვიკრძალეს“

ხობელი ინვერ ჩიკორია, ჯემალ მარკოზია და ვახტანგ მიმინოშვილი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მთავრობის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან საქონლის ექსპორტის გატანაზე ახალი რეგულაციები დაწესდა.

გლეხები მოსამართლეებს უკვე მოუყვნენ, რომ აქამდე საქონლის ხორცს ძირითადად აზერბაიჯანსა და ირანში ჰყიდდნენ, ახლა კი, ამის საშუალება აღარ ეძლევათ და ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაყიდვა იაფად უწევთ.

დავის საგანია საქართველოს მთავრობის დადგენილება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

გლეხების ინტერესების დამცველმა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც არსებითი განხილვა უკვე შედგა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 140 კგ ის რაოდენობაა, რაც წვრილ ფერმერს უზღუდავს საქონლის ხორცის ექსპორტს, ხოლო მსხვილი ექსპორტიორისთვის ეს პრობლემას არ ქმნის.

„…საქონელს ვეღარ ვგზავნი საზღვარგარეთ, ადგილზე კი, დაბალ ფასს მიხდიან… ფურს ვიტოვებ და შვილებს ვყიდი… არ მაქვს დიდი მიწის ფართობი, ამიტომ არათუ ახალი საქონლის დამატება, არამედ 6 საქონლის ყოლა და გაზრდაც სიძნელესთან არის დაკავშირებული. ზაფხულში არის ბალახი, მაგრამ დეკემბერი – მარტის პერიოდში ჩალის ყიდვაა საჭირო. ერთ სულ საქონელს დაახლოებით 400 კონა ჩალა სჭირდება 4 თვე, რაც 300 ლარია. 300 ლარი სიმინდის შეძენას სჭირდება… გაყიდვის შემთხვევაში კი, ადგილობრივ ბაზარზე ავიღებ 400 ლარს, რაც არ მიღირს, ხოლო საზღვარგარეთ, აზეირბაიჯანსა და ირანში გაყიდვის შემთხვევაში ავიღებდი 900 ლარს თითო საქონელში,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი მოსარჩელე ვახტანგ მიმინოშვილი კონსტიტუციურ სარჩელში, რომელიც 2020 წელს არის შედგენილი და ახლა განიხილავს სასამართლო.

ამავე სარჩელში მესაქონლეები აზუსტებენ, რომ 140 კგ არის დაახლოებით 2 წლის საქონელი.

სასამართლო სხდომაზე მთავრობის ინტერესების დამცველებმა თქვეს, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნას ბაზარზე, მოსარჩელეების აზრით კი: „დიდმა ფერმერებმა შეიტანეს საჩივარი, ჩვენ ვერ ვყიდულობთ საქონლის ხორცს, ძვირს აფასებენო. რეალურად ბაზარზე ხორცის არ ყოფნაზე კი არ არის პრობლემა, არამედ დაბალ ფასად უნდათ, რომ იყიდონ ჩვენგან“.

„დეფიციტი რომ არ შეიქმნას და ამ მიზნით ჩაერიოს სახელმწიფო, შეიძლება ეს სასამართლომ დაინახოს შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად?“ – იკითხა არსებითი განხილვის სხდომაზე მოსამართლე მანანა კობახიძემ.

„არა… პირუტყვის რაოდენობის კონტროლი ვერ იქნება მთავრობის ლეგიტიმური მიზანი. მისი ლეგიტიმური მიზანი უნდა იყოს თავისუფალი ეკონომიკური ბრუნვის უზრუნველყოფა, ამის შედეგი თავისთავად იქნება პირუტყვის შესაბამისი რაოდენობა საქართველოში,“ – უთხრა მოსამართლეებს მესაქონლეების ინტერესების დამცველმა.

არსებითი განხილვა დასრულდა, კოლეგია თუ გლეხების სარჩელს დააკმაყოფილებს, მთავრობას სადავო დადგენილების შეცვლა მოუწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: