მთავარი,სიახლეები

კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია

17.10.2022 • 1183
კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია

პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა დღეს დილით კიევის დაბომბვის შედეგად. ერთ-ერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ერთი 59 წლის ქალი და ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ცოლქ-მარი [ქალი ორსული იყო]. კიდევ სამი ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ნანგრევებიდან 19 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშოები გრძელდება და ზუსტდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დღეს დილით კიევის თავზე 28 კამიკაძე-დრონი გამოჩნდა, „მფრინავი ტერორისტების“ დიდი ნაწილი ჩამოაგდეს, თუმცა 4 დარტყმა ქალაქის ობიექტებზე მაინც განხორციელდა.

ერთ-ერთი რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა, საოფისე შენობაში ხანძარი გაჩნდა, მეორე რაკეტა კი – საცხოვრებელ სახლს, შედეგად შენობის ნაწილი და 4 სართული ჩამოინგრა.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბრის დილით „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევზე და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.

მთავარ ფოტოზე: სახლი კიევში, რომელსაც 17 ოქტომბრის დილას რაკეტა დაეცა/ფოტო: უკრაინის პროკურატურა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: