უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა იცვლება? | ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი 

_____________________

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეორე მოსმენით უკვე მიიღეს უსინათლოს მიერ გარიგების დადებისას მისი ნების ნამდვილობის დადასტურების (ხელმოწერის) მომწესრიგებელი ნორმები.

31 ოქტომბერს მესამე პლენარული მოსმენის წინა საკომიტეტო მოსმენაც გაიმართა, ანუ ამ ცვლილებების კანონად ქცევამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. მესამე მოსმენაზე ტექნიკური შესწორებების გარდა აღარაფერი იცვლება, ამიტომ უკვე შემიძლია აღვწერო ის მრავალწლიანი, მინიმუმ 2-წლიანი მძიმე პროცესი, რომელიც უძღოდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებს და რომელშიც მეც ვმონაწილეობდი.

მინიმუმ 2-წლიანი იმიტომ ვთქვი, რომ 2020 წლის დასაწყისში უკვე დაიწყო პარლამენტის დონეზე ცვლილებების მზა/დაწერილი სამუშაო ვერსიის განხილვა. მანამდე ისე ვლაპარაკობდი უსინათლოსთვის დამოუკიდებლად ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ, რომ არანაირი რეგულაციის პროექტს არ გავცნობივარ, იმიტომ, რომ არ მქონია გაცნობის შესაძლებლობა და არა იმიტომ, რომ დამეზარა.

პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვუხადო დანარჩენ შშმ პირებს, ვისაც ასევე ექმნებათ დოკუმენტებზე ხელის მოწერისას პრობლემები. 4 წელია, ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი პარლამენტამდე იმის მიტანა, რომ ხელმოწერის პრობლემა გვაქვს არამხოლოდ უსინათლოებს, არამედ სხვა შშმ პირებსაც. უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა, რომელიც მოგვევლინა ამ საკანონმდებლო ცვლილებების ლობისტად, პირდაპირ ამბობდა,  რომ სხვები არ აინტერესებთ და შევეშვათ. არადა კავშირი არის კოალიციის – „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” წევრი, შესაბამისად, ელემენტარული სოლიდარობა მართებთ სხვა შშმ პირებისა და კოალიციის წევრი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობენ, მითუმეტეს, რომ მართლა ორიოდე სიტყვის ჩამატება-გამოკლებით იყო შესაძლებელი დანარჩენი შშმ პირების ინტერესების ასახვაც.

კავშირის ხელმძღვანელობას რომ თავი გავანებოთ, ბოლოსდაბოლოს, კანონს პარლამენტი იღებს. შესაბამისად კონკრეტული არასამთავრობო თუ რაღაც საკითხს მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან აღიქვამს, კანონმდებელი მას ყველა მოქალაქის პერსპექტივიდან უნდა აფასებდეს, მითუმეტეს, როდესაც შშმ პირი გვყავს ერთ-ერთ დეპუტატად და მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ.

ახლა კი უფრო კონკრეტულად განვმარტავ, რა იცვლება და როგორ შეეძლებათ უსინათლოებს ხელის მოწერა დამოუკიდებლად, სხვების გარეშე.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს აქვს უფლება გარიგებას მოაწეროს ხელი დამოუკიდებლად, სხვებზე გადანდობის გარეშე. რამდენიმე უსინათლო თანამებრძოლი ვითხოვდით, რომ ამავე კანონში ან განმარტებულიყო, თუ რას ნიშნავს “წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო” ან ეს განსაზღვრება საერთოდ აღარ ყოფილიყო, რაზეც უარი მივიღეთ, არადა ერთ-ერთ სამუშაო ვერსიაში მშვენიერი განმარტება იყო.

“წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს” ცნების კანონში ჩაწერას უსინათლოთა კავშირი ითხოვდა. მათი არგუმენტით ეს ჩანაწერი საზოგადოებრივ ცნობიერებას აამაღლებს. ყველა გაიგებს, რომ უსინათლო ავტომატურად არ ნიშნავს “უწიგნურს”.

ასეთი წარმოდგენა მართლაც არსებობს. ადამიანები ვერ იგებენ, როგორ შეიძლება, უსინათლო რომ წერდეს და კითხულობდეს, ანუ ქმნიდეს და აღიქვამდეს წერილობით ტექსტს. მაგრამ ეს განმარტების გარეშე ხალხს ვერაფერს გააგებინებს, პირიქით – ბუნდოვანებას შემოიტანს.

აი, თქვენც გკითხავთ: რას ნიშნავს თქვენთვის „წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო“? ვინაა „წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო“? უსინათლოსთან მიმართებაში “წერა-კითხვის ცოდნის” გაგება განსხვავდება მხედველებთან მიმართებაშიც. ანუ უსინათლოსთვის “წერა-კითხვის ცოდნა”, მაგალითად, არ ნიშნავს ფურცელზე დაწერილი ტექსტის თვალით წაკითხვას და ბრტყელი შრიფტით, კალმის გამოყენებით ტექსტის რომელიმე ზედაპირზე მოხაზვას.

საკანონმდებლო ცვლილებებს რომ დავუბრუნდეთ, სამოქალაქო კოდექსის მიღებული რედაქციით უსინათლოს შეეძლება ან ხელი მოაწეროს დოკუმენტს (აქ, სავარაუდოდ, მოიაზრება თავისი ხელით სახელისა და გვარის მოხაზვა, თუმცა რამდენად გარკვევით, თუ ინიციალებიც იქნება შესაძლებელი, დამოკიდებული იქნება მე-2 მხარის ჭირვეულობაზე) ან დაასვას წინასწარ ნოტარიულად დამოწმებული ფაქსიმილე/ბეჭედი.

ფაქსიმილეს დასამოწმებლად უსინათლომ ნოტარიუსის წინაშე ერთხელ თავისი ხელით უნდა დაწეროს სახელი და გვარი (ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით, სხვა აქტებითა და პრაქტიკით დადგენილია, რომ ნოტარიუსები ითხოვენ სახელ-გვარის გარკვევით, ერთ ხაზზე, ხშირად ერთი ზომის ასო-ნიშნებით დაწერას). ნოტარიუსი უსინათლოს მიერ დაწერილ სახელ-გვარს დაამოწმებს, როგორც მის უნიკალურ ხელმოწერას. ეს დაწერილი შემდეგ უსინათლომ უნდა მიიტანოს ხელოსანთან და დაამზადებინოს ბეჭედი.

უსინათლოს ბეჭდით ხელმოწერა შეეძლება, თუკი ის ბეჭედთან ერთად წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ფურცელს, სადაც მისი ხელმოწერა იქნება დაფიქსირებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ არ ყოფილიყო საჭირო ნოტარიუსთან ბეჭდის დამოწმება, რადგან, ისევ და ისევ, ბევრი უსინათლო ვერ შეძლებს ასე გარკვევით სახელ-გვარის დაწერას. ზოგს, მაგალითად, მხედველობის დარღვევასთან ერთად, მოტორული დარღვევებიც აქვს, თუმცა უარი მივიღეთ.

რატი იონათამიშვილმა გაითვალისწინა 2022 წლის ზაფხულში გაჟღერებული ჩვენი თხოვნა და პარლამენტის კვლევით ცენტრს მიმართა დავალებით, შეესწავლათ ევროპული ქვეყნების, აშშ-სა და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება უსინათლოთა ხელმოწერის მიმართულებით. შედეგები მრავალფეროვანი იყო, თუმცა სახელის და გვარის სრულად და გარკვევით დაწერა ხელმოწერად რომ ჩათვლოდათ, არსად ყოფილა მოთხოვნა.

რატომ ვწერ პირველ რიგში იმაზე, რაც არ გაითვალისწინეს? იმიტომ და იმისთვის, რომ კანონმდებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თუკი აღნიშნული არასრულყოფილებები შემდეგ ან კანონქვემდებარე აქტებით არ შეივსება/აღმოიფხვრება ან პრაქტიკით ან სხვა საკანონმდებლო ცვლილებებით, უსინათლოთა დისკრიმინაცია და ჩაგვრა, რომლის აღმოფხვრასაც წესით ეს ცვლილებები უნდა ემსახურებოდეს, გაგრძელდება.

შესაბამისად გაგრძელდება ამ ჩაგვრის დასასრულებლად ჩვენი ბრძოლა და საქმიანობა, იქნება ეს საკონსტიტუციო სარჩელის, გაეროს შშმ პირთა კომიტეტისადმი მიმართვისა თუ სხვა რამე ფორმით. და არ მინდა, მჯეროდეს, რომ ვინმეს უნდოდეს უსარგებლო კანონის მიღება, მხოლოდ სათქმელად, კანონი კანონისთვის.

ამიტომ იმასაც მიმოვიხილავ, თუ რომელი რეკომენდაციები გაითვალისწინა პარლამენტმა.

  1. ბრაილის შრიფტით მომზადებულ ტექსტზე ხელმოწერისას იყო მოთხოვნა, რომ ბრაილის შრიფტითა და ბრტყლად დაბეჭდილი დოკუმენტების იდენტურობა დაედასტურებინა ბრაილის შრიფტის მცოდნე სპეციალისტს, რომელიც არ იქნებოდა გარიგების რომელიმე მხარის ოჯახის წევრი. ჯერ ერთი, რომ ლიცენზირებული ბრაილის შრიფტის მცოდნე სპეციალისტები არც გვყავს. ამასთან, არის პრინტერები, რომლებიც მექანიკურად, 1 ფურცელზე ბეჭდავენ ერთდროულად ბრაილით და “თვალხილულად”. ასეთი პრინტერით დაბეჭდილს გადამოწმება აღარ სჭირდება. ბრაილის შრიფტის მცოდნე სპეციალისტის მოყვანა ისევ უსინათლოს დააწვებოდა ტვირთად, მოითხოვდა დროსა და რესურსებს. ამიტომ დღევანდელი რედაქციით ბრაილისა და ბრტყელი ვერსიები უბრალოდ შეინახება.
  2. უახლეს სამუშაო ვერსიაში ეწერა, რომ წერა-კითხვის მცოდნე უსინათლოს დამოუკიდებლად შეუძლია მოაწეროს ხელი დოკუმენტს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ჩვენი თხოვნითა და რეკომენდაციით ამოიღეს ბოლო დათქმა – “თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”. შესაბამისად, არჩევანი, მოაწეროს თუ არა ხელი დამოუკიდებლად, რჩება მხოლოდ უსინათლოს და ეს აღარ იქნება დამოკიდებული მეორე მხარის ნება-სურვილზე. იმ რეალობაში, როდესაც უსინათლოსადმი უამრავი სტერეოტიპია, როდესაც უსინათლოს სიტყვას ფასი არ აქვს (მაგალითად, კბილის ექიმი დედაჩემს ეკითხებოდა, თუ რა უთხრა სხვა ექიმს წინა დღეს, იმის მაგივრად, რომ მე დამლაპარაკებოდა, არადა დედა წინა დღეს არც მახლდა), ამ რეალობაში ადვილი წარმოსადგენია, რომ უამრავი დაწესებულება უარს იტყოდა უსინათლოს ხელმოწერის მიღებაზე და ეს გასაღდებოდა, როგორც – “მეორე მხარემ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და არ დათანხმდა. მხარეთა შეთანხმება უსინათლოს მიერ დამოუკიდებელ ხელმოწერაზე ვერ შედგა”.
  3. ბატონი რატი იონათამიშვილი, რომელიც არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი გამტარებელი პარლამენტში, დაგვპირდა, რომ სამომავლოდ იმუშავებს ხელმოწერის საკითხის სხვა (არა უსინათლო) შშმ პირთათვის მოსაწესრიგებლადაც. იგი ასევე დაგვპირდა, რომ ნოტარიუსებთან და ზოგადად უსინათლოს მიერ ხელმოწერისას სახელ-გვარის სრულად და გარკვევით დაწერის ვალდებულება მოიხსნება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, როგორც ნოტარიუსებთან, ასევე სხვა სტრუქტურებთან მიმართებაშიც (მაგ. ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისთვის გაცემული ინსტრუქციით). მან გვითხრა, რომ პირადად გაუძღვება ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან ამ საკითხზე მუშაობას და დასვამს მათ წინაშე ამ მოთხოვნას.

ამ რთული, ოფლისმღვრელი პროცესის პირველი ეტაპის დასასრულს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, ვინც კეთილსინდისიერად და გულწრფელად ცდილობდა, კანონი სარგებლის მომტანი ყოფილიყო ყველა უსინათლოსთვის.

მადლობა სახალხო დამცველის აპარატს კომენტარების მოწოდების, შეხვედრებზე დასწრებისა და ჩვენი არგუმენტირებული მსჯელობისთვის მხარდაჭერისთვის.

მადლობა ბატონ რატის კონსტრუქციულობისთვის, მზაობისთვის, გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები.

და ბოლოს, მადლობა დეპუტატ ანი წითლიძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისმა ჩართვამ ამ პროცესში შეთანხმება დააჩქარა და კომპრომისები შესაძლებელი გახადა, თორემ ჩვენ მინიმუმ 2 წელი დაახლოებით ერთსა და იმავე რეკომენდაციებს ვიმეორებდით, თუმცა მათს ასახვას პირი არ უჩანდა.

ისიც მიხარია, რომ უსინათლოთა ხელმოწერის საკითხმა ერთ მაგიდასთან დასვა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად, რაც ასე იშვიათია ჩვენს რეალობაში.

შშმ პირები აღვიქმებით ნეიტრალურ, აპარტიულ, თემად და ხელმოწერის დარეგულირების პროცესმაც აჩვენა, რომ გვაქვს პოტენციალი, რესურსი და შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ პოლიტიკურ დეპოლარიზაციაში.

საკითხის გარშემო როგორც საჯარო საკომიტეტო მოსმენები, ასევე დახურული შეხვედრები დაპირისპირებული პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამოირჩეოდა საქმეზე ორიენტირებული ტონით, რაც იმედს მაძლევს, რომ მსგავს დამოკიდებულებას მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანაში.

ზემოაღწერილი მიზეზებიდან გამომდინარე ამ რედაქციით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება შშმ პირთა ხელმოწერის გაადვილების საქმეში ბოლო ნაბიჯი არაა. მას მუდმივი მიდევნება და დახვეწა დაჭირდება, შესაბამისად, კვლავ დაგვჭირდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ინტერესი, მხარდაჭერა და ღიაობა.

რომელ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და სად მუშაობს სპეცტექნიკა

წუხელ, ძლიერი წვიმის შემდეგ, აჭარის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, სპეცტექნიკა რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს, თუმცა გზა ამ ეტაპზე არც ერთი მიმართულებით ჩაკეტილი არ არის.

აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის სპეცტექნიკა მუშაობს ქედის სოფლებში: მერისი, გუნდაური, ჭალათი, გობრონეთი, ასევე ქვის ჩამონაშალი გააქვთ ხელვაჩაურში – სალიბაური ზედა სამების გზიდან, ქობულეთში – ზედა კვირიკედან. სამუშაოები უკვე დასრულდა ხულოში თაგოს გზაზე.

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნებს საფეხბურთო სტადიონზე გადაიტანენ

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში გადაიტანენ და იქ დაასაწყობებენ, ვიდრე ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია არ დასრულდება. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ქიძინიძემ ისაუბრა.

მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, სტადიონმა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დასაწყობებისთვის მერიას, ადმინისტრაციულ შენობაში, 800 კვ.მეტრი სივრცე დაუთმო. მისივე განმარტებით, გარემო წიგნადი ფონდისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს.

საბიბლიოთეკო ფონდის შეფუთვისა და შენახვის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ბიუჯეტიდან 52 000 ლარი გამოყო.

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, აკაკი ბერიძის ინფორმაციით, მერია ბიბლიოთეკის შენობის გამაგრების პროექტის შესყიდვას უახლოეს მომავალში გეგმავს. მისივე განმარტებით, შენობა არსებული იერ-სახით გამაგრდება და დაშენება არ იგეგმება.

საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, როგორ დააბრუნეს მოქალაქეებმა გატანილი წიგნები, რაზეც საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“, თეონა ბერიძემ განმარტა, რომ გატანილი წიგნების ჩაბარება ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალშია შესაძლებელი.

„ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები  მწვავედ ავარიული და საფრთხის შემცველია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია“, – ნათქვამია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა 23 მაისს მიიღო.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დასკვნაში მკაცრად განსაზღვრა, ასევე უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უნდა დაიწყოს შენობის, განსაკუთრებით კი წიგნთსაცავის, დაცლა.

___

ამავე თემაზე:

წიგნის გარეშე დავრჩით – ათასობით მკითხველს არ ეუბნებიან, როდის გაიხსნება ბიბლიოთეკა ბათუმში

2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს – ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინის არმია მთელი ქვეყნის დეოკუპაციას შეძლებს.

საკუთარი პროგნოზის შესახებ გენერალმა „ამერიკის ხმის“ ეთერში ისაუბრა.

„უკრაინა აღადგენს სუვერენიტეტს მთელ თავის ტერიტორიაზე, ცხადია, ყირიმის ჩათვლით. მე ველოდები, რომ ეს მომავალი წლის ზაფხულისთვის მოხდება. თუმცა მანამდე, ამ წლის ბოლომდე, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარებს დააბრუნებენ იმ საზღვრებთან, რომლებთანაც ისინი თებერვლამდე იყვნენ, შემდეგ კი დაიწყებენ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას ყირიმის დასაბრუნებლად,“ – ამბობს ბენ ჰოჯესი.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ფიქრობს, რომ ზამთარში უკრაინის არმია რუსეთისაზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდება, რადგან ისინი საკუთარ ტერიტორიაზე არიან, მათთვის უფრო მეგობრულ გარემოში. გარდა ამისა, ფაქტორებია უკრაინელთა მაღალი მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების დახმარებაც:

„50 ქვეყანა ერთსულოვნად ცდილობს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. ეს მოიცავს ზამთრის ტანსაცმელსა და აღჭურვილობასაც, მაშინ, როდესაც რუსეთის მომარაგების სისტემა უკვე ძალაგამოცლილია. ახლა ისინი ფრონტზე მოუმზადებელ, გაუწვრთნელ და არადისციპლინირებულ ადამიანებს გზავნიან. ეს მათ მხოლოდ სირთულეებს დაუმატებს.“

ჰოჯესის აზრით, უკრაინის ტერიტორიების უფრო სწრაფი გათავისუფლებისთვის, საჭიროა, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას მეტი ტანკი მიაწოდონ, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა „აბრამსები“, გერმანიამ კი „ლეოპარდები“.

უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევას ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთებზე, უკრაინული მედიაც და ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ კონტრშეტევის ტემპი ბოლო პერიოდში შენელებულია, თუმცა ოპერაცია გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ მისი პროგნოზით, სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე 2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულში დასრულდება – ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე გავლენ.

თიბისი ლიზინგმა ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ლიზინგი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიის სანდო პარტნიორისგან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 3 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, საიდანაც რესურსის სულ მცირე 70 პროცენტი მიმართული იქნება მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად. რაც, თავის მხრივ ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს მწვანე საქმიანობის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

აღნიშნული პროგრამა – EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი – მოიცავს საგრანტო კომპონენტს რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

პროგრამის სარგებელი გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესი მიიღებს წამახალისებელ გრანტს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. პროექტის სრულად განხორციელების და ვერფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილი იქნება გრანტის სახით უკან დაიბრუნოს ლიზინგის თანხის 15%მდე ოდენობის თანხა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ლიზინგის ფორმით, მათ შევთავაზოთ დაფინანსების ალტერნატიული გზა, რომელიც გაუმარტივებთ საქმიანობას და დაფინანსების მიღებასთან  ერთად,  ასევე საშუალებას მისცემთ ორიენტირებული იყვნენ მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე და ამ გზით დამატებითი სარგებლის სახით მიიღონ შესაბამისი გრანტი.

მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგსა და EBRD-ს შორის კიდევ ერთხელ შედგა წარმატებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც შევუერთდით EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნიან, თუმცა, მათ ხშირად ექმნებათ ისეთი დაბრკოლებები, როგორებიცაა: ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, კანონმდებლობრივი შეზღუდვები და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.

ჩვენი, როგორც საქართველოში მოწინავე სალიზინგო კომპანიის როლი, სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობასა და უფრო მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნაში მდგომარეობს. აღნიშნული მისცემს საშუალებას ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის ისარგებლონ ალტერნატიული დაფინანსების ხელმისაწვდომობით. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით, ეს პროგრამა მხარს უჭერს ჩვენს მისიას და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე,“ – თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე.

3 პირი ბათუმშიც დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის – ამოიღეს 2 კილოგრამამდე კოკაინი

„…სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი – წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, პირველ ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 24 პირი დააკავეს, მათ შორის, 18 ნარკორეალიზატორია. საქმეშია ფარული აუდიოვიდეო ჩანაწერები.

„პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა.

„ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“. ისინი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი.“

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ვადით ან უვადოდ  დააპატიმრებენ.

იალაღებზე ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას პეტიციით ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „სოლიდარობის თემის” ორგანიზებით აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტიცია დარეგისტრირდა, რომლითაც აჭარის სამთო იალაღებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე თვეს ატარებს, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხშირ შემთხვევაშია მოკლებულია ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას, რესურსების სიმწირის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რთულად აღწევენ სხვადასხვა დასახლებამდე, პრაქტიკულად უფუნქციოა ათწლეულების წინ გახსნილი რამდენიმე ამბულატორია,  მედიკამენტების შესაძენად მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში უწევთ გადაადგილება.

…პეტიციის მიზანია, აჭარის უმაღლესმა საბჭომ არსებული დოკუმენტებისა და მონაცემების გათვალისწინებით, მოიკვლიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სამთო იალაღებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დამატების, ახალი, სამთო რელიეფზე მორგებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და მათი სრულად დატვირთვის შესაძლებლობები.

ვფიქრობთ, რომ აჭარის მთავრობას ნამდვილად აქვს რესურსი, სულ მცირე, 1-1 სასწრაფო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების მანქანა დაამატოს ქედაში, შუახევსა და ხულოში – ეს მანქანები პარამედიკოსებთან ერთად ზაფხულის პერიოდში იალაღებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურებიან, შემოდგომა-ზამთარში კი – მთელ მუნიციპალიტეტს.

ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ახალი პროგრამები იმისთვის, რომ მოილაღეებს გარკვეული პერიოდულობით შესთავაზონ უფასო სამედიცინო კვლევები, პირველადი საჭიროების მედიკამენტები, პროცესის ადმინისტრირებაში შეიძლება ჩაერთონ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, მუნიციპალიტეტების მერიების რწმუნებულები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კვლევების საჭიროება გამომდინარეობს მოიალაღე ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, არასახარბიელო სოციალ-ეკონომიკური ფონიდან და ჯანდაცვის სერვისებზე არასათანადო ხელმისაწვდომობიდან.

ასევე, მნიშვნელოვანია სამინისტრომ მოიკვლიოს და შეისწავლოს ფუნქციური მოძრავი ამბულატორიების (სპეციალური სამედიცინო ავტომობილების) შეძენისა და დამატების შესაძლებლობა მთიანი აჭარის იალაღებზე“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 71 ადამიანი აწერს ხელს. პეტიცია ღიაა და მასზე ხელმოწერა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამავე თემაზე: 

რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

სად შეწყდება დღეს წყლის მიწოდება ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება.

„სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისის, თამარის დასახლებებსა და ფრ. ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში განმარტეს, რომ შეზღუდვა უამინდობის გამო სათავე ნაგებობაზე წყლის სიმღვრივეს უკავშირდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ნოემბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ნოემბრის 21 საათიდან 2 ნოემბრის 21 საათამდე ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

აჭარის მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -3 –+2 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთელ აჭარაში 3 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 4-5 ნოემბერს კი – დროგამოშვებით ზოგან წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ხულოს სოფლებში გათოვდა | ფოტო

ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ გათოვდა.

„წუხელ ღამით დაიწყო თოვა, ეს პირველი თოვლია ჩემს სოფელში,“ – გვიყვება თეიმურაზ ქამადაძე, ის ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს, – „ხეხილი დაამტვრია, ხეები ჯერ კიდევ დაფოთლილი იყო და ვერ გაუძლო…“ – ამბობს ის.

მოქალაქის თქმით, თოვას შეფერხება არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმე ოჯახს მის სოფელში შეშის მარაგი ჯერ კიდევ არ აქვს.

„სოფელში მოსავალი უკვე ძირითადად დაბინავებულია,“ – დასძინა თეიმურაზ ქამადაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთელ აჭარაში სამშაბათს, პირველ ნოემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, მომდევნო 2 დღეს კი, 2-3 ნოემბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ხულო, სოფელი ქვედა თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

 

ხულო, სოფელი ქვედა თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
ხულო, სოფელი ქვედა თხილვანა, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

 

უსმინე მაღალი ხარისხით მუსიკას საქართველოში მხოლოდ Deezer-ით

მუსიკალური აპლიკაცია Deezer საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. როგორია სტრიმინგ პლატფორმა, რომელიც 90,000,000 + აუდიო ჩანაწერს თავაზობს მომხმარებელს?

კონტენტის მრავალფეროვნება და ხმის მაღალი ხარისხი, უკონკურენტოს ხდის აპლიკაციას. სილქნეტის მობილურ  ქსელში ჩართულ მომხმარებლებს წვდომა აქვს მუსიკალურ კატალოგებზე, პოდკასტებზე, სხვა აუდიო ჩანაწერებზე, განსაკუთრებული პირობით –  თვეში მხოლოდ 10 ლარად. 

მარტივი და დახვეწილი ფუნქციონალი აქვს!“; „მაღალი ხარისხია, თითქოს ჩამწერ სტუდიაში ხარ“; „ვუსმენ მუსიკას ონლაინ და ოფლაინ“; „პატარა კოლექციები მეც შევქმენი: სახლისთვის, გზაში მოსასმენად, ვარჯიშის დროს“; „აღმოვაჩინე ახალი კომპოზიციები, ბევრი შემსრულებელი უკეთ გავიცანი“; „ფლეილისტს მეგობრებს ვუზიარებ“.

უნიკალური პლატფორმის Deezer-ის  აპლიკაციის აქტივაცია მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის არის შესაძლებელი: 

  • კრეფ *403# და SMS სახით იღებ შენთვის განკუთვნილ კოდს;
  • რეგისტრირდები Deezer-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შეგყავს შენი უნიკალური კოდი;
  • აპლიკაციას ჩამოტვირთავ მოწყობილობაზე და უსმენ მუსიკალურ კატალოგებს შეუზღუდავად, რეკლამის გარეშე.

Deezer-ის აპით სარგებლობა შესაძლებელია  ნებისმიერი პროვაიდერის ფიქსირებული ან მობილური ინტერნეტ კავშირის (wifi) პირობებში.

გაეცანი შეთავაზებას დეტალურად: https://silknet.com/ge/deezer

რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს ბელარუსში დასავლეთის დასანახად ინახავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც უწყების ვარაუდით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ინახავს.

ამის დასტურად დაზვერვას სატელიტური გამოსახულება მოჰყავს.

„ფოტოებზე ჩანს, რომ ორი გამანადგურებელი MiG-31K FOXHOUND თვითმფრინავი 17 ოქტომბერს ბელარუსში, მაჩულიშჩის აეროდრომზე იდგა. იქვე, სიახლოვეს, დამცავი მიწაყრილის ქვეშ ინახებოდა დიდი კონტეინერი.

სავარაუდოდ, კონტეინერი განკუთვნილია საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტისთვის, AS-24 KILLJOY, რომელიც მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო მასალაა და რომლის გადასატანადაც ადაპტირებულია MiG-31K,“ – წერს დაზვერვა პირველი ნოემბრის რელიზში.

უწყება აღნიშნავს, რომ KILLJOY-ს რუსეთი 2018 წლიდან იყენებს, თუმცა ის დღემდე ბელარუსში არ გამოჩენილა.

„უკრაინაში ომის დროს რუსეთი ზოგჯერ იყენებდა ამ იარაღს, თუმცა მისი მარაგები, სავარაუდოდ, ძალიან შეზღუდულია,“ – აღნიშნავს დაზვერვა და დასძენს, რომ ბელარუსში KILLJOY-ს ქონა რუსეთს მხოლოდ მცირე დამატებით უპირატესობას აძლევს უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად.

უწყების შეფასებით, ბალისტიკური რაკეტების ბელარუსში განლაგებას რუსეთმა სხვა მიზნით მიმართა – დაანახოს ეს დასავლეთს და ბელარუსი ომში უფრო მეტად ჩართულ მხარედ წარმოაჩინოს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება რუსი მობილიზებულების ცუდ აღჭურვილობაზე წერდა და მიუთითებდა, რომ რეზერვისტების ნაწილს გამოუსადეგარი ავტომატები დაურიგეს.

მთავარ ფოტოზე: სატელიტური ფოტო, აეროდრომი ბელარუსში/ფოტო: ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 72 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 2 698 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 5 501 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1 730 ერთეული [+2]
  • MLRS – 383 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 197 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 276 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 257 ერთეული [+4]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 415 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 397 ერთეული [+45]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 143 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 154 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 329 თვითმფრინავი
  • 167 ვერტმფრენი
  • 2 402 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 233 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 881 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 544 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 937 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აქ რაც ხდება ჰგავს ბუჩას – რას ჰყვება ქალი, რომელიც ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრობს

„პუტინის მზარეული“ ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალად ყალიბდება – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი რუსი ბიზნესმენი, „პუტინის მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალად ყალიბდება.

როგორც დღევანდელ ანგარიშში ISW აღნიშნავს, პრიგოჟინი კვლავაც ცდილობს თავისი სტატუსის ამაღლებას რუსულ ელიტაში. 31 ოქტომბერს მან „ვაგნერის“ სანკტ-პეტერბურგის ცენტრის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

„უცნობია, შექმნის თუ არა ევგენი პრიგოჟინი საკუთარ პარტიას, თუმცა ის ნამდვილად ყალიბდება პოლიტიკურ ძალად და „ვაგნერთან“ თავის კავშირს ელიტურ წრეებში ოპონენტების კრიტიკისა და საკუთარი ავტორიტეტის ინსტიტუციონალიზაციისთვის იყენებს,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ისინი მიუთითებენ, რომ პრიგოჟინი ღიად აკრიტიკებს რუს ოლიგარქებს და ელიტას იმის გამო, რომ ისინი კომფორტში ცხოვრობენ და სრულ მობილიზაციას ხელს უშლიან.

ინსტიტუტის დღევანდელი ანგარიშის სხვა თემები უკრაინის ქალაქების მორიგ დაბომბვას და საბრძოლო მოქმედებებს შეეხება.

ექსპერტების აზრით, თავდასხმის გუშინდელი ტალღის მიზანი კვლავაც უკრაინელი ხალხის დაშინება და მკაცრი ზამთრის ფონზე, მათი ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაა.

„რუსეთის ძალებმა 50-ზე მეტი Х-101 და Х-555 ტიპის რაკეტა გაუშვეს კასპიის ზღვის ჩრდილოეთ მხრიდან და ვოლგოდონსკის რაიონიდან. ამ რაკეტების სამიზნე უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები იყო,“ – წერს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალების მორიგმა მასირებულმა სარაკეტო და საავიაციო შეტევამ კიევი და სხვა ქალაქები ნაწილობრივ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა;
  • საოკუპაციო ძალებმა აცხადებენ, რომ ოლქიდან ევაკუაციის მასშტაბებს აფართოებენ, რადგან უკრაინა კახოვკის ჰესზე აფეთქებას გეგმავს;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან გასვლას;
  • რუსეთის თავდაცვა საშემოდგომო გაწვევის ფონზე არწმუნებს მოსახლეობას, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალწვეულებს უკრაინაში არ გაგზავნიან;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში განაცხადეს, რომ რუსულ რუბლთან ერთად უკრაინული გრივნის გამოყენებასაც დაუშვებენ.

„კუნძული სახარბიელო რამ არი, მაგრამ კაცი რომ მოკვდება, სად დავმარხავთ“ – დისკუსია საკრებულოში

„კუნძულის ქონა, იცოცხლე, სახარბიელო რამ არი, მაგრამ კუნძულზე კაცი რომ მოკვდება, სად ვაპირებთ იმ ადამიანის დამარხვას და ამ უმოქმედო სასაფლაოს თანამშრომლებს რატომ ვუზრდით ხელფასს?“ – ეს კითხვა საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ სხდომაზე დასვა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.

მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატება, წლების წინ დაანონსებული ქალაქის სასაფლაოს გახსნის შეუმდგარი პროექტი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო პოლიტიკა, „ქალაქის ჩაბეტონება“ და ფემიციდიც კი – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზედაც დღეს ბათუმის საკრებულოში დიდხანს იმსჯელეს.

მთავარი დისკუსია სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დაიწყო. საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი ითხოვდა დღის წესრიგიდან „საერთოდ ამოეღოთ“ ხელფასების გაზრდის საკითხი ან ცვლილება შეეტანათ განკარგულების პროექტის დანართში.

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

„თქვენ მგონი აცდენილი ხართ რეალობას, მგონი არ იცით გარეთ რა ხდება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს. რეზო ხარაზის წინადადება კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა „ოცნების“ უმრავლესობამ ის ჩააგდო.

„მე მხარს არ დავუჭერ თანამდებობის პირების კიდევ უფრო გაზულუქებას“ – ამ სიტყვებით მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, მანამდე კი კოლეგას „ოცნებიდან“ რიჩარდ სირაბიძეს, რომელიც მისთვის ვიდეოს გადაღებას ცდილობდა, ურჩია ჩამქრალი გარე განათების ბოძებისთვის გადაეღო ფოტოები და მერთან მიეტანა.

საკრებულოს სხდომა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ არასწორია, როცა „თანამდებობის პირის ხელფასი 500 ლარით იზრდება და მერიის რიგითი თანამშრომლის ხელფასი 100 ლარით“ – ენმ დღეს ითხოვდა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასები არ მოემატებინათ.

„მე არ ვარ წინააღმდეგი ხელფასები გაეზარდოთ ბაღის პედაგოგებს, დაბალი თანამდებობის პირებს. მე ვარ წინააღმდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის. ან დაკორექტირდეს და ხელფასები, მიემართოს იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სჭირდება და რეალურად საქმეს აკეთებს“, – განაცხადა რეზო ხარაზმა მისივე ინიცირებული საკითხის კენჭისყრამდე.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ განმარტა, რომ მერიის თანამშრომლებს ხელფასები არ გაზრდიათ 2012 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ მერიას ბევრი პროგრამა და პროექტი დაემატა. შესაბამისად, გაიზარდა სამუშაოც: „მე მგონია, მერიის თანამშრომლები ამას იმსახურებენ.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 5 500 ლარი იქნება

„მე ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, რადგან მათთან შეთანხმებული არ ვარ, მაგრამ ვიცი რიგითი თანამშრომლები, რომლებიც აქ არიან კვირასაც და დილიდან საღამომდე მუშაობენ. მათ მოვუმატოთ ხელფასი“, –  განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

მამუკა ქობულაძე დღეს განსაკუთრებით აქტიური იყო, მან სხდომაზე სპორტსმენ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის სამართლებრივი დავაც გაიხსენა, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სინანული გამოთქვა და კოლეგებსაც კი უსაყვედურა, ამ თემაზე პოზიცია რატომ არ გამოხატეთო:

„ის, რაც დღევანდელმა სასამართლომ ფემიციდის სახით დააკანონა, ვგულისხმობ ნეკა დოროყაშვილსა და ბასილაშვილს შორის დავას, სადაც სასამართლომ არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა ქალბატონის… ბასილაშვილის ყოველ მოწოდებულ ბურთზე, ყოველ გეიმზე განვიცდით ისე, როგორც საკუთარ თავზე და ვგულშემატკივრობთ მას, მაგრამ ამ დაკანონებული ფემიციდის გამო არც ერთ ჩვენგანს სიტყვა არ ამოუღია და არც სტატუსი დაუწერია საკუთარ გვერდზე, ალბათ ეს არ არის სწორი. სულ მცირე, ეს არის დასაგმობი ჩვენგან.“

მამუკა ქობულაძე

ფემიციდის თემას „ოცნებიდან“ არავინ გამოხმაურებია.

მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ კოლეგას დაუზუსტა: „სასაფლაოების თანამშრომლები, რომლებსაც ხელფასი ეზრდებათ, მუშაობენ მოქმედ სასაფლაოზე და იმ არგახსნილზე, იქ მხოლოდ დაცვაა და მეტი არავინ არაა.“

„შენ შემოგევლე ზურა, ამ ქვეყანაში საზღვრებს ვერ ვიცავთ და ცარიელ სასაფლაოს… კტარი კი არა, ცოცხალი არავის ვუნდივარ სახლში, ვის იცავ და რას? – ზუსტად მაგის გარკვევა მინდოდა თქვენნაირ პროფესიონალთან. ხუთი მილიონი დავხარჯეთ სასაფლაოსთვის, რომელსაც ერთი ყარაული ჰყავს? – არ შეეშინდეს იმას მარტო, დახურეთ მაი სასაფლაო“, – უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა ქობულაძემ.

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი

მოგვიანებით მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ განმარტა, რომ ხელფასების ზრდა მხოლოდ მოქმედი სასაფლაოს თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული.

მამუკა ქობულაძემ – კარგი, მაგრამ სასაფლაო მაინც საჭიროა ქალაქისთვისო.

სასაფლაოს მოწყობის შეუმდგარ პროექტზე ამდენი მსჯელობის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემაც ამოიღო ხმა. [ის, როგორც წესი, სხდომაზე ბევრს არ ლაპარაკობს] მან კოლეგა დაამშვიდა: „ასი წელი იცოცხლე, ბატონო მამუკა და ჩვენი ახლობლობიდან გამომდინარე ისე არ დაგტოვებთ“.

ბათუმის მერი სხდომას არ დასწრებია, სხდომას არც მისი მოადგილეები დაესწრნენ, სამაგიეროდ მერიის სამსახურის უფროსები სრული შემადგენლობით იყვნენ სხდომაზე წარმოდგენილები. მათ ბევრი საყვედური მიიღეს, საკრებულოს წევრებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისა და ტელეფონის ზარებზე უპასუხობის გამო.

განსაკუთრებით ბევრი საყვედური კი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, აკაკი ბერიძემ მიიღო.

დღეს საკრებულოს სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცეს. გარდა ამისა, საკრებულომ მხარი დაუჭირა გრანტების მიღებასთან დაკავშირებით მერისთვის შუამდგომლობას, განაშენიანების დეტალურ გეგმას, უსახლკაროდ ბათუმში დარეგისტრირების წესს და კიდევ რამდენიმე საკითხს.

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს.

  • ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს?

საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 წლიდან ვასწავლი, მათ შორის უნივერსიტეტშიც.

მე, ზოგადად, ბავშვობიდანაც ძალიან მიყვარდა, როგორც სწავლის, ასევე სწავლების პროცესი. დაწყებით კლასებში რომ ვსწავლობდი, ჩემი მთავარი დავალება სკოლაში იყო, რომ დავხმარებოდი სხვა ბავშვებს მეცადინეობაში. შემდეგ, სამეზობლოშიც ვეხმარებოდი ბავშვებს, ვისაც სწავლა უჭირდა. ალბათ ეს როლი დამრჩა გონებაში – რომ შემიძლია ვიღაცას რაღაც ვასწავლო, შემიძლია დავეხმარო ადამიანს განვითარებაში.

  • რა განსხვავებაა იმ მეთოდებს შორის, რითაც გასწავლიდნენ და როგორც თქვენ ასწავლით ახლა სკოლაში?

ეს ცოტა რთული საკითხია ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიყავი კლასიკური გაგებით კარგი მოსწავლე. არასდროს მიმიღია დაბალი ნიშანი, არასდროს მქონია სწავლის პრობლემა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რასაც ვუყურებ, მგონია, რომ არ ვიყავი კომფორტული მოსწავლე, რადგან ძალიან ბევრ შეკითხვას ვსვამდი.

  • კითხვების დასმა იმდროინდელ სკოლაში დისკომფორტი იყო მასწავლებლისთვის?

კი. იყო რამდენიმე მასწავლებელი, ვისაც ნამდვილად ვუქმნიდი დისკომფორტს. პასუხის არქონის შემთხვევაში არ ვიწყებდით ხოლმე კითხვაზე ერთად მსჯელობას, მასწავლებლები ცდილობდნენ აერიდებინათ კითხვა თავიდან ან მადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხელს ვუშლიდი გაკვეთილზე, მეუბნებოდნენ – „არ არის საჭირო ზედმეტი კითხვები“ და ასე შემდეგ.

ახლა კი, როგორც მასწავლებელი, სულ ვცდილობ „მოსწავლე ნანას“ საჭიროებები გავითვალისწინო. ის, რაც მე მინდოდა – მეტი თავისუფლება, ან თუნდაც განყენებულ თემებზე საუბარი მასწავლებელთან, იქნებოდა ეს ისტორიასა თუ ლიტერატურასთან დაკავშირებით, უფრო მეტი მასალის მოძიება და არა მითოლოგიური ისტორიის სწავლა მაგალითად.

  • როგორია იტალიურის გაკვეთილი, რომელსაც თქვენ ატარებთ?

მე ვასწავლი იტალიურს ფართოდ აზროვნებისთვის და არ მინდა, რომ მიჯაჭვული ვიყოთ რაღაც სქემაზე.

პირველ რიგში, როცა კლასში შევდივარ, ვცდილობ გავიგო, როგორი ატმოსფეროა კლასში. ხომ არ არის ცუდი განწყობა, ცუდად ხომ არ არის რომელიმე ბავშვი. ვერ ვიწყებ გაკვეთილის ახსნას, თუ ვხედავ, რომ რომელიმე ბავშვი ცუდ ხასიათზეა. არ შემიძლია თავი მოვიტყუო, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ჩემს პროგრამას მივყვები და ამით ჩავთვალო თავი ვალმოხდილად.

ისეთი პრობლემების მოგვარებასაც ვცდილობ, რომელიც ერთი შეხედვით მე არ მეხება, მაგრამ კლასს ძალიან ცვლის.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ რაიმე ამბავი თვალსაჩინოებისთვის?

მესამე კლასელებთან მქონდა ასეთი შემთხვევა, ერაყელი გოგონა შემოვიდა კლასში, რომელიც ქართულად არ ლაპარაკობდა. რაღაც ცივი ურთიერთობა დავინახე ბავშვებისგან. ვერ ვიტყვი, რომ გარიყული იყო, მაგრამ დიდი ინტერესიც არ ჩანდა მის მიმართ.

მე ერთი სიტყვის – ჩემი სახელის – დაწერა ვიცი მხოლოდ არაბულად და დაფაზე დავწერე. მინდოდა მენიშნებინა, რომ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია. ძალიან გაუხარდა.

შემდეგ, გამოვიყენე ეს თემა, როცა ეროვნებების შესახებ ვხსნიდი გაკვეთილს და უნდა გველაპარაკა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნებში მოგზაურობა იმისათვის, რომ რაღაც გამოცდილებები დავაგროვოთ.

ვკითხე ბავშვებს, აი, ერაყელი მოსწავლე გვყავს და ხომ არ გამოიყენებთ შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ ქვეყანაზე-მეთქი. პრეზენტაციებიც მოამზადეს და ვფიქრობ უფრო დაუახლოვდნენ ამ გოგონას.

  • როგორ ფიქრობთ, როცა ამბობენ, რომ მასწავლებელი ყველა ბავშვის საჭიროებას უნდა მისწვდეს, ეს გამოსვლადია ჩვენ სკოლაში?

დავიწყოთ იქიდან, რომ 30-ბავშვიანი კლასების შემთხვევაში ძალიან რთული მგონია ამის მიღწევა. მით უმეტეს მაშინ, თუ იტალიურს, როგორც მესამე ენას ისე ასწავლი. ასეა ძირითადად მაღალკლასებში, მაგრამ უფრო დაბალ კლასებში, როცა მეორე ენად ისწავლება იტალიური, არ მიწევს ბავშვებთან იმის ახსნა, რატომ უნდა ისწავლონ.

ზოგადად, ჩემ გაკვეთილზე ბავშვებმა იციან, რომ ღია ვარ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ამიტომ, თუკი რაიმე კითხვა უჩნდებათ, თავად სვამენ და შეგვიძლია მსჯელობა.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარი ღირებულება ნებისმიერ სიტუაციაში არის ადამიანი. ასე, რომ ბავშვებთანაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიურს კარგად სწავლობ თუ არა, ისინი მაინც განსაკუთრებულები არიან ჩემთვის. ეს გვეხმარება იმაში, რომ არ გვქონდეს პასუხგაუცემელი კითხვები.

  • რა არის მნიშვნელოვანი მოსწავლის შეფასებისას, როცა გაკვეთილს ყვება, თუ როცა კარგ კითხვებს სვამს?

ჩემთვის მთავარია ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე, „არ დაიზეპიროთ“, არამედ გაიაზრეთ ყველა სიტყვა. ბავშვი თუ  შეკითხვებს არ სვამს, მაგრამ სხაპასხუპით გაბარებს გაკვეთილს, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ არ უნდა ჩაიჭრას, უნდა თავი მოაწონოს მასწავლებელს და ნიშანი მიიღოს. თუ ვერ გიყვება ასე, მაგრამ გააზრებულ კითხვებს სვამს ან გააზრებულად პასუხობს, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ჩემთვის, რომ კარგი ნიშანი დავუწერო ბავშვს.

ენის სწავლება, ენისა და კულტურის ერთობლიობა უნდა იყოს. სწავლაში ძალიან ეხმარება ბავშვებს ინსცენირება, მაგალითად, პატარები პიცერიაში წავიყვანე და როლური თამაში გავაკეთეთ მენეჯერიდან დაწყებული, მიმტანით დასრულებული.

შესაბამისად, ყველა ბავშვი ცდილობდა ესწავლა ის ტერმინოლოგია, რომელიც მის როლს სჭირდებოდა. ვერც კი გაიგეს, ისე დაიმახსოვრეს ამხელა ტერმინები. დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს თამამად შეუძლიათ პიცის შეკვეთა იტალიურ პიცერიაში.

  • იტალიურის სწავლება გეხმარებათ ბავშვებს კარგად რომ აუხსნათ ევროპული ღირებულებები?           

პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ იტალიური სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით შევიყვარე. ის, რაც დღეს ვარ, ამ კულტურასთან კავშირით ჩამოვყალიბდი. ეს არის არა უბრალოდ საგანი, რომელიც სამუშაოდ ან სწავლებისთვის ავირჩიე, არამედ როგორც ცხოვრების ნაწილი, რომელსაც ვუზიარებ სხვას.

ჩემთვის ჯერ არის ღირებულებები და შემდეგ საგნის ცოდნა. თუ 10-იანზე სწავლობს ადამიანი იტალიურს, მაგრამ გვერდით მჯდომს ისეთ სიტყვას ეუბნება, რამაც შეიძლება გული ატკინოს, ან დავინახო, რომ ქუჩაში სხვას სცემს იმის გამო, რომ ის სხვანაირად გამოიყურება, მაშინ ამ ბავშვის ცხოვრებაში იტალიურის სწავლას რაიმე ღირებულება არ აქვს.

თუ ბავშვს იმას არ გავააზრებინეთ, რომ საჭიროა, ევროპა როგორც კონცეფცია და არა იტალია, როგორც შოპინგზე წასასვლელი ქვეყანა, მგონი ასეთი ცოდნა ვერაფრისთვის ვერ მოამზადებს ბავშვებს.

ჩემი საგნის სწავლებით, მინდა ღირებულებებზე დავაფიქრო ბავშვები. ამიტომ ვეუბნები ხოლმე, როცა ვამბობთ, „ყველა ასე ამბობს“, „არავის არ მოსწონს“, ეს „ყველა“ და „არავის“ არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი უბანი, ან ჩვენი სკოლა, არამედ სამყარო, რომლის ნაწილი ვართ ჩვენც. აქედან გამომდინარე მინდა უფრო ფართოდ შეხედონ ბავშვებმა ყველაფერს და ამას უკავშირდება ისიც, როცა ვეუბნები – „გაიაზრეთ“.

  • როგორია თქვენთვის პროფესიონალი მასწავლებელი?

ჩემთვის საუკეთესო მასწავლებელი არის ის, ვისაც ესმის ბავშვის, ზოგადად, ესმის ადამიანის. არ ვიცი, რამდენად გამართლებულია, მაგრამ როცა ბავშვს რაღაც უჭირს, სევდიანია ან სხვა პრობლემა აქვს, სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ცხოვრება არ იწყება არც იტალიურის ან რომელიმე საგნის სწავლით და არც აქ, სკოლაში მთავრდება.

2022 წლის სკოლა ვერ იქნება ისეთი, როგორიც 90-იანებში იყო. დღევანდელი ბავშვი არ დადგება და სხაპასხუპით არ მოგიყვება ბოლომდე ლექსს, დღეს სხვა გამოწვევები და სხვა ინტერესებია სამყაროში. ამ საჭიროებებს უნდა მოერგოს სკოლა და არა ბავშვი სკოლას.

  • სად უფრო თავისუფლად გრძნობს თავს ბავშვი – ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში?

ჩემთვის ფორმალური გარემო უფრო ნაკლები შედეგის მომცემია, ამიტომ მიყვარს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება, ეს უფრო შედეგიანია ხოლმე.

მე-3 კლასელებთან მქონდა ასეთი შემთხვევა – ვხსნიდი ანბანს და რაღაც შეკითხვები რომ წამოვიდა, უცებ გამახსენდა ჩემი მეგობარი, რომელიც ჩინურის სპეციალისტია. ისიც ჩავრთე ონლაინგაკვეთილზე და ნათლად ავუხსენით ბავშვებმა რა განსხვავებაა ანბანსა და იეროგლიფებს შორის.

მივხვდი, რომ ეს გაკვეთილი ყველაზე უკეთ აღიქვეს და დაამახსოვრდათ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ პარალელის გავლება, განსხვავებების დანახვით სწავლება, ვიდრე ტრადიციული და ჩვეულებრივი გაკვეთილები.

აჭარაბეთ არენა 2023 წელს FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე წარსდგება.

აჭარაბეთ არენამ პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022, საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა და უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა. 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართულ მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, აჭარაბეთ არენაც იქნება წარდგენილი.

უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება-FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022 – ,,უძრავი ქონების ოსკარები“ ჩატარდა “საქართველოს ბანკის”, “გალტ ენდ თაგარტის” და “დიჯითალ არეას” მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ ასევე ,,თეთრი კვადრატი“-ვერცხლის სპონსორი, ,,ალიანს ჯგუფი“, ,,აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა“ და ,,გრინ საიდი.“ პარტნიორთა შორის ასევე იყვნენ: Colliers Georgia, Expo Georgia და ,,საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).

საქართველოს მასშტაბით რჩეული პროექტები, 16 წევრიანი ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთან, მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ექსპერტმა FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმებით გამოავლინეს.

ღონისძიების პარტნიორები არიან Colliers International Georgia, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საგამოფენო ცენტრი Expo Georgia, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) და ICCA ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.

დაჯილდოება გაიხსნა საერთაშორისო კონფერენციით ,,მწვანე, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან. ღონისძიება ჩატარდა ,,პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს“ პარტონაჟის ქვეშ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. სპონსორები გახლდნენ კომპაიები: ,,ვილა რეზიდენსი“-გენერალური სპონსორი, ,,ალიანს ჯგუფი“, ,,ლისი დეველოპმენტი,“ ,,იმპოსტი მეპი“, ,,ქინგს გარდენი“, ,,იორკ თაუერსი“. ,,რეფორმა“ და ,,ბიდიო.“

FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ს დაჯილდოებას ესწრებოდნენ უძრავი ქონების სექტორის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. დაჯილდოების ღონისძიების პარალელურად, ჩატარდა საერთშორისო კონფერენცია „Building Smart, Green and Liveable Cities“.

ღონისძიების შედეგად საქართველო საერთაშორისო რუკაზე წარმოჩინდა, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების ქვეყანა.

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

„კლიმატურ პირობებს“ უკავშირებენ თხილის დაბალ ფასს საქართველოს მთავრობაში, სადაც დღეს, 31 ოქტომბერს გადაწყვიტეს, რომ უკვე თხილის სუბსიდირებაც საჭიროა ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირების შემდეგ.

თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოყვეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ბაღის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას აგრობარათზე დარიცხული ქულების სახით.

„დახმარების გამოყენებას ფერმერები შეძლებენ იმ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად, რომელიც საჭიროა თხილის მოვლისთვის, რითაც ხელს შევუწყობთ თხილის მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, – აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, სუბსიდია თხილზე „ხარისხიანი მოსავლის მიღებას“ შეუწყობს ხელს. ხარისხიანი თხილის მაქსიმალური ფასი დღეს ბაზარზე 4,5 ლარია, დაახლოებით იმის ნახევარი, რაც წინა წლებში ღირდა. დღეს საშუალო ხარისხის თხილის ჩაბარების ფასი 2-დან 3 ლარამდე მერყეობს, საუკეთესოს კი  – 4-4,5 ლარია. შარშან საშუალო ხარისხის თხილის ფასი 5-6 ლარი იყო.

„2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამოც ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობა შემცირდა. ასევე, შემცირდა ხარისხი. საექსპორტო ღირებულების და ზოგადად მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი,“ – აღნიშნა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ვისაც 3 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს თხილის ბაღი გაშენებული, მას ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიზნესპროექტის სესხის პროცენტის ნაწილს დაუფარავენ:

„ჩვენ ფერმერებს დავუფინანსებთ სესხის დაახლოებით 8 პროცენტს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას“ – დასძინა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

„ყოველთვის იყო ეს პრობლემა, რომ ვერ იყიდეს შესაბამისი პრეპარატები, ამას სჭირდება ფინანსები და არ აქვთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ლანჩავა, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. ამ ორგანიზაციის გათვლებით, მეთხილეს ერთი ჰექტარი თხილის ბაღის მოვლისთვის დაახლოებით 500 ლარი სჭირდება.

„ეს არის საჭირო იმისთვის, რომ 6-ჯერ შეიწამლოს ბაღი… არ ვიცით, როდის, მაგრამ სავარაუდოდ გაზაფხულამდე ჩაერიცხებათ მეთხილეებს ეს თანხა, რომ დროულად მოხერხდეს სასუქების ბაღში შეტანა, პირველი წამლობა და ასე შემდეგ. ეს სამუშაოები ადრე გაზაფხულზე იწყება,“ – აღნიშნა გიორგი ლანჩავამ.

ჯერ უცნობია, სად გაანაღდებენ მეთხილეები აგრობარათებს, სადაც მათ თხილის ბაღისთვის საჭირო სუბსიდია დაერიცხებათ. გიორგი ლანჩავა აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში თითო აგრომაღაზიაა და შესაბამისად, კონტროლია საჭირო, რომ ფასები ხელოვნურად არ გაიზარდოს.

„ამ ეტაპზე დაიწყება ფართობების აღრიცხვა, რაშიც ჩვენც ვართ ჩართული, ასოციაცია. მთავარი არაა საკუთრება, არამედ ის, რომ თხილის ბაღი ჰქონდეს და უვლიდეს.

წელს იყო მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პრობლემა… წვიმებმა იქონია თავისი გავლენა, ფაროსანაც აზიანებდა ბაღებს, სოკოვანი სიდამპლეებიც დაფიქსირდა. იმედია, გაისად თხილის ხარისხი მოიმატებს,“ – გვითხრა გიორგი ლანჩავამ.

მისი დაკვირვებით, წელს აჭარა-გურიაში თხილის მინიმუმ 30 %-ით ნაკლები მოსავალია. შესამჩნევია ხარისხის გაუარესებაც, დასკვნებს კი, შესაბამისი ანალიზი სჭირდება.

„სუბსიდიას დასჭირდება დრო, რომ აისახოს ხარისხზე,“ – მიიჩნევს თხილის ექსპორტიორი კომპანიის, „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ თანადამფუძნებელი, ბაია სალუქვაძე. მისი თქმით, წელს თხილის გაუფასურების მთავარი პრობლემა თხილზე მოთხოვნის შემცირებაა მსოფლიო ბაზარზე.

„თურქეთში დიდი მოსავალია, ასევე – აშშ-ში. გასული წლის მარაგიც დიდი იყო შემორჩენილი, შესაბამისად, წელს თხილით ბაზარი გაჯერებულია,“ – გვითხრა ბაია სალუქვაძემ.

„თუ ასეთი რამ გჭირდა, შვილს რას აჩენდი“ – ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტერეოტიპები

თინათინ შალამბერიძე სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. 18 წლის ასაკში მას დეპრესია დაეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება იყო. მას შემდეგ თინათინმა სხვადასხვა   დაწესებულებაში ცხოვრების სხვადასხვაგვარი გამოცდილება მიიღო.

  • „ინფორმაცია რომ მქონოდა, დროულად რომ შემეწყვიტა ლაქტაცია, ჩემი დაავადება არ გამწვავდებოდა“

მიუხედავად მიუხედავად იმისა, ვერც საკუთარი შესაძლებლობები შეაფასა ორსულობის შემდგომ ეტაპზე და მიაჩნდა, რომ ღამისთევები, გადაღლა, გამოფიტვა და უწყვეტი ლაქტაცია ის ჩვეულებრივი საფეხურები იყო, რასაც გართულებების გარეშე გადალახავდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი დაავადება გამწვავდა გადაღლის ფონზე, რაც ჩვილის მოვლას ახლავს თან:

„ინფორმაცია არ მქონდა საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეგონა, რომ მედიკამენტების მიღების პარალელურად ვერ წარიმართებოდა ორსულობა. ექიმსაც კი არ ჰქონდა ეს ინფორმაცია. არადა, თურმე არსებობს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ორსულობისას ინიშნება – ორსულობა რომ გართულებების გარეშე წარიმართოს და ნაყოფი რომ არ დაზიანდეს“ – ამბობს თინათინი.

თინათინი შემთხვევაში ორსულობამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ლაქტაციის პერიოდში ღამისთევებისგან გამოიფიტა, ბევრ ენერგიას და მიკროელემენტს ხარჯავდა.

საკვებისგან საჭირო ელემენტებს ვერ იღებდა და ძილის დეფიციტი ჰქონდა:

„ამ ყველაფერმა ჩემი დაავადება 7 წლის შემდეგ დააბრუნა და გაამწვავა.დარწმუნებული ვარ, საჭირო საკვები რომ მიმეღო, დროულად რომ შემეწყვიტა ლაქტაცია და საკუთარი საჭიროებები სწორად შემეფასებინა, დაავადება არ გამწვავდებოდა.

ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, ისეთი დაავადებებია, რომელთა გამოვლინებაც თუ ერთხელ გქონდა, მერე მუდმივად ფხიზლად უნდა იყო და არ უნდა ჩავთვალო, რომ მორჩი და დამთავრდა“- ამბობს თინათინი.

თინათინის მონათხრობის მიხედვით, დაავადების გამწვავებას თან სდევდა გარშემომყოფთა ხისტი დამოკიდებულება და შეგონებები:

„ასეთი რაღაც თუ გჭირდა, რას ქორწინდებოდი“, „ჯანმრთელობის ასეთი პრობლემა თუ გქონდა, შვილს რას აჩენდი“. თინათინი იხსენებს, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაშინ გაჩნდა, როცა დაავადება გამწვავდა და რაღაც ეტაპზე ბავშვის მოვლა ვერ შეძლო.

  • „დაწესებულებებში არც კი განიხილება, რომ შესაძლოა პაციენტს სქესობრივი კავშირი ჰქონდეს

შვილის გაჩენამდე იყო მკურნალობის ხანგრძლივი ეტაპები სხვადასხვა დაწესებულებაში. თინათინი გვიამბობს, რომ კონტრაცეპტივების მნიშვნელობის, უსაფრთხო სქესობრივი კავშირის და პირადი ცხოვრების უფლების თემა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ტაბუირებული და იგნორირებულია.

ყოფილი პაციენტის ნაამბობის მიხედვით, დაწესებულებებში არც კი განიხილება, რომ შესაძლოა პაციენტს სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, თინათინის მონათხრობის მიხედვით ეს წესი მოქმედებს ყველა დაწესებულებაში.

„შერეული განყოფილებებია დაწესებულებებში: ქალებისა და კაცების. ქალებს ეკრძალებათ კაცების განყოფილებებში და კაცებს ქალების განყოფილებაში შესვლა. ზოგან პირდაპირ აფრთხილებენ პაციენტებს, რომ ამგვარი კავშირები დაწესებულებებში არ უნდა იყოს, ზოგან ეს თემა საერთოდ ტაბუირებულია და არსებობს უბრალოდ უსიტყვო შეთანხმება, რომ სექსუალობის თემა არც კი განიხილება.

ზოგადად, დამოკიდებულებაა ასეთი პაციენტების მიმართ არამხოლოდ დაწესებულებებში, არამედ გაწერის შემდეგაც, სახლში: კონტროლდები ოჯახის წევრების, ნაცნობების, გარშემომყოფებისგან, რადგან მიიჩნევა, რომ მოგატყუებენ, „შეცდები“, ხშირად ოჯახის წევრებისთვის წარმოუდგენელია, რომ შესაძლოა პარტნიორი გყავდეს. თუმცა უსაფრთხო სექსსა და კონტრაცეპტივების თემაზე დაწესებულებებში არავინ საუბრობს” – ამბობს თინათინი.

  • „ქალებს არ ჰქონდათ ბევრ დაწესებულებაში ჰიგიენური საფენები და ციკლის დროს დახეულ, ძველ სამოსს იყენებდნენ“

„პირადად მე თემქის ფსიქიატრიულ კლინიკაში ასეთი რამ შემემთხვა: გვიან ღამით დამეწყო ციკლი, მივედი ექთანთან და ვთხოვე საფენები, ცოტა იბუზღუნა, რა არის კი მაგრამ ამ დროსო, თითქოს ჩემი დაგეგმილი იყო დრო. შევიდა პალატაში და გამობრუნდა დიდი პამპერსით, რომელსაც იყენებენ ხოლმე პაციენტებთან, ვისაც შარდის შეუკავებლობა აქვს.

გაჭრა ეს პამპერსი და ნახევარი მომცა. კი არ დაენანა, არა, არ ჰქონდათ უბრალოდ. მერე მეუბნებოდნენ, მოატანინე ხოლმე ოჯახის წევრებსო.

ესეც არ არის მარტივი. მე მაშინ ძმა მაკითხავდა კლინიკაში და მერიდებოდა მისთვის ჰიგიენური საფენების მოტანა მეთხოვა. ეს ცალკე პრობლემაა.

მსმენია, რომ ქალებს საერთოდ არ ჰქონდათ ბევრ დაწესებულებაში ჰიგიენური საფენები, არც ვინმე ჰყავდათ, ვინც მოუტანდა ამ საშუალებებს და ციკლის დროს დახეულ, ძველ სამოსს იყენებდნენ, “ – ჰყვება თინათინი.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი ინსტიტუციებში მყოფ შშმ ქალებზე ძალადობის გავრცელებულ ფორმად განიხილავს ისეთი ყოველდღიური ზრუნვის სერვისების უგულებელყოფას, როგორიცაა მენსტრუალური მენეჯმენტი.

  • ორსულობის დროს არ არის დაშვებული ყველა ფსიქოტროპული მედიკამენტის მიღება

ანტიფსიქოზური მედიკამენტები სხვადასხვა გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. პაციენტებს უფლებსა აქვთ ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ მკურნალობის დაწყებამდე.

თინათინი იხსენებს, რომ მისმა ახლობელმა, თინათინის მსგავსად ანტიფსიქოზური მედიკამენტებით მოსარგებლემ, არ იცოდა ამგვარი მედიკამენტების უმრავლესობა ციკლის შეწყვეტას რომ იწვევს სისხლში პროლაქტინის დონის მომატებასთან ერთად:

„ჩემს ერთ ახლობელს დაემართა ასე: არ იცოდა მედიკამენტის უკუჩვენების შესახებ. ციკლი რომ შეუწყდა, ჩათვალა, რომ გინეკოლოგიური პრობლემები ჰქონდა, დახარჯა ბევრი ფული და დრო კვლევებში.

შეიძლება გინეკოლოგმაც არ იცოდეს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები იწვევს ამენორეას (ციკლის შეწყვეტას) და შეიძლება არც დასვას კითხვა, იღებ თუ არა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს“, – ამბობს თინათინი.

მისივე მონათხრობით, იყო შემთხვევები, როცა პაციენტმა იცოდა, რომ ციკლის შეწყვეტას იწვევდა მედიკამენტი, ამენორეა მიიჩნია მედიკამენტის მიღების შედეგად, სინამდვილეში კი ექვსი თვის ორსულობამდე მივიდა ისე, რომ ვერ იგრძნო საკუტარი მდგომარეობა. პაციენტმა ვერ დაუშვა, რომ მედიკამენტის მიღების პარალელურად დადგა ორსულობა.

  • მედიკამენტები ინდივიდუალურად მოქმედებს. მე ხელებიც კი მიკანკალებდა

ფსიქოტროპული მედიკამენტების ნაწილი სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული პაციენტების მონათხრობის მიხედვით მოქმედებს ლიბიდოზე.

ანტიფსიქოზური მედიკამენტების უმრავლესობა ცენტრალურ ნერვულ სისტემას თრგუნავს და ამით ფსიქიკური დაავადებების თანმხლები სიმპტომები მცირდება.

„მოთენთილობა მეც მქონია, უხასიათობაც, ლიბიდოც თავისთავად დაქვეითებულია ამ დროს, მე არ მყავდა მაშინ პარტნიორი, მაგრამ წყვილის შემთხვევაში ამან შეიძლება დიდი პრობლემა წარმოშვას. ნამდვილად ყურადღებამისაქცევი საკითხია და თუ ასე იმოქმედებს წამალი პაციენტზე, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქიატრს და სთხოვოს მედიკამენტის შეცვლა, დოზა შეამცირო, ან სხვა გზა უნდა იპოვო“, – ამბობს პაციენტი.

ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ხშირად პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს მათ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მედიკამენტები, რა გვერდითი მოვლენებით ხასიათდება ისინი.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი. კვლევაში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების დაცვის მდგომარეობაა შეფასებული.

_______________________________________

მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

აქ რაც ხდება ჰგავს ბუჩას – რას ჰყვება ქალი, რომელიც ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრობს

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნებს ხერსონს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს გაჰყავთ ქალაქიდან ფინანსური სტრუქტურები, საოკუპაციო ხელისუფლება და დაჭრილები. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაციაა, რათა შექმნან ილუზია, რომ ხერსონში ყველაფერი დაკარგეს რუსებმა.

ამასობაში კი ხერსონში რჩებიან ადგილობრივები, რომლებიც უარს ამბობენ რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ ე.წ. ევაკუაციაზე, საკუთარ სახლებში უწევთ დამალვა ოკუპანტებისგან და ყოველდღე ელოდებიან უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ხერსონს გაათავისუფლებენ.

ლუდმილა ვასილევაც ქალაქ ხერსონის მკვიდრია, ოროთახიან ბინაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ლუდმილა „ბათუმელებთან“ ოკუპირებული ქალაქის ახლანდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

ლუდმილა ვასილევა

აქ ძალიან რთულია ყოფნა. ვიმალებით. ვცდილობთ სახლიდან არ გავიდეთ. ვემალებით რუსებს, რომლებიც, მათი თქმით, ევაკუაციას, სინამდვილეში კი გადასახლებას აიძულებენ ადამიანებს.

ჯერჯერობით ვცოცხლობთ და აქ ვრჩებით. არ გვინდა ჩვენი სახლების, ჩვენი ქვეყნის დატოვება. ფანჯრებსაც არ ვაღებთ, ვითომ შინ არ ვართ. მათი ნდობა არ შეიძლება, ვვარაუდობდით, რომ თუ შეგვნიშნავდნენ სახლში ვართ ძალით გადაგვასახლებდნენ. არ გადაგვასახლეს ძალით, მაგრამ სხვა მეთოდებით გვკლავენ: შეწყვიტეს მაღაზიებში პროდუქტის გაყიდვა, დაკეტეს აფთიაქები, აღარ გვაქვს არანაირი წამალი.

გაიტაცეს და წაიყვანეს ქალაქ ხერსონიდან სასწრაფოსა და სახანძრო სამსახურის ავტომობილები – დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც თავისიანები და კოლაბორანტები ჰყავთ გამაგრებულები.

იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც ანთია ჩვენს გულებში – ვხედავთ, როგორ ფრიალებს ყოველდღე ხერსონში უკრაინის დროშები – პარტიზანები ამაგრებენ ქალაქში ყველგან დროშებს.

ქალაქიდან გაიყვანეს პოლიციელები და ადმინისტრაცია, ოკუპაციური მთავრობა, გახიზნეს კოლაბორანტები, დარჩნენ მხოლოდ რიგითი რუსი სამხედროები, მაგრამ მათი რაოდენობა ქალაქში ცოტაა.

საოკუპაციო ძალების დიდმა ნაწილმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა. რუსი ჯარისკაცები რჩებიან ხერსონის საოკუპაციო საზღვრებთან.

ქალაქში სასწრაფო დახმარების მხოლოდ 10 მანქანა დარჩა, საავადმყოფოებიდან აღჭურვილობაც კი გამოაქვთ და მიეზიდებიან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

ექიმებსაც აიძულებენ იქით გადასვლას და ქალაქ ხერსონის დატოვებას. თავიანთი ექიმები არ ჰყოფნით და ამიტომ მიჰყავთ, ვინც უარს ამბობს, საავადმყოფოში მისვლას უკრძალავენ პირადი ნივთების წამოსაღებადაც კი.

ძარცვავენ ჯერ კიდევ გადარჩენილ ოფისებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, ბანკებს, ყველაფერი მიაქვთ, ლინოლეუმსაც კი აცლიან იატაკს და მიაქვთ.

მეწარმეებს სძალავენ ყველაფერს, რაც გასაყიდი აქვთ და აიძულებენ დაკეტონ მაღაზიები, აფთიაქებიც, კერძო ვაჭრობა მიდის ახლა, ვისაც რა დარჩა მარაგში იმას ყიდის. მაღაზიები აღარ არის.

ინტერნეტი რამდენიმე თვე არ გვქონდა, გუშინ ჩაირთო, ინფორმაციის გარეშე ვიყავით, კაბელები გადაჭრეს ოკუპანტებმა. დღეს მოვიდა. ჩვენი პროვაიდერები შეიკრიბნენ და რაღაც მოიფიქრეს, ახლა ინტერნეტი გვაქვს, მართალია ძალიან სუსტი, მაგრამ ზოგიერთ უკრაინულ არხს მაინც ვუსმენთ.

ამბობენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებამდე ინტერნეტი გვექნება, მერე უკვე არ ვიცით.

დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქი ხერსონია, მარცხნივ ხერსონის ოლქი, ახლა ტექნიკა ქალაქ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქის მხარეს გაჰყავთ. გადაიყვანეს თავიანთი მთავრობაც და იქ გზავნიან ფრონტზე დაჭრილ თავიანთ ჯარისკაცებსაც. ამიტომ აწყობენ იქ საავადმყოფოებს და ძალით მიჰყავთ ექიმებიც.

ადგილობრივი, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცდილობენ შეუძლებელი გახადონ ხერსონში ცხოვრება, ყველას მარცხენა სანაპიროზე ეპატიჟებოდნენ, მაგრამ რახან იქ ყველა ვერ დაეტევა, ბევრს აიძულებენ რუსეთში წასვლას.

ჩვენ კატეგორიულად არ გვსურს რუსეთში გადასახლება. ვსხედვართ სახლში და ჩვენს ჯარისკაცებს ველოდებით.

რუსებმა უკრაინული არხები უკვე დიდი ხანია გაგვითიშეს, აღარც კი მახსოვს რომელი თვიდან, აჩვენებს მხოლოდ მათი არხები, რადიოც მათი ისმის.

რუსულ არხებზე სასტიკი, ოკუპანტების სამარცხვინო პროპაგანდაა.

ხერსონიდან ევაკუაცია, სინამდვილეში კი გადასახლება თითქოს მოხალისეობრივი პროცესი იყო მათი პროპაგანდით, მაგრამ ლამის სახლებში გვივარდებოდნენ, შეტყობინებები და ზარები უწყვეტად მოდიოდა ტელეფონზე.

გთავაზობენ ქალაქის დატოვებას, თავად უკეთებდნენ ორგანიზებას ტრანსპორტირებას, თითოეულ ადამიანს ჰპირდებიან ასი ათას რუბლს, რაღაც სერტიფიკატებს საცხოვრებლისთვის იმის სანაცვლოდ, რომ აქ უარი უნდა გვეთქვა ჩვენს საცხოვრებელზე.

ზოგმა ეს დაიჯერა, მაგრამ ესენი ძირითადად იყვნენ გულუბრყვილო, გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ან დნეპრის მარცხენა სანაპიროს სოფლებიდანაც ასახლებენ ხალხს რუსეთში, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია. აძლევენ ორდღიან ვადას და ასახლებენ.

პარტიზანები ოკუპაციის პირველი დღეებიდანვე იბრძვიან. თავიდან მათი ქმედებები ფრთხილი იყო, მერე ეს ბრძოლა გამძაფრდა.

ჩვენებმა ჰაიმარსებით გაანადგურეს მათი სამუშაო ადგილები, ააფეთქეს სასტუმროები, სადაც ცხოვრობდნენ, ასევე სააპელაციო სასამართლო, სადაც დაიღუპნენ მათი პირველი პირები.

პარტიზანებით შეწუხებულ კოლაბორანტებს ქალაქ ხერსონში არ დაედგომებათ, აქ არ ცხოვრობენ. აქ ჩამოდიან, იღებენ პროპაგანდისტულ ვიდეორგოლებს და უკან გარბიან. ძირითადად ისინი ვინიცესკში, ყირიმში არიან თავმოყრილები. ოჯახები მათ ქალაქ ხერსონიდან დიდი ხნის წინ გაიყვანეს, რადგან ეშინოდათ, ხერსონელმა პარტიზანებმა იცოდნენ, სად ცხოვრობდნენ ისინი.

ერთგვარი საკონცენტრაციო ბანაკი გვქონდა ხერსონში, ფილტრაციის ბანაკები, სადაც მიჰყავდათ „საეჭვო“ ადამიანები, ვიღაცებს საერთოდ არ უშვებდნენ და დღემდე ჰყავთ ჩაკეტილი სარდაფებში.

იტაცებენ უამრავ ადამიანს: აქტივისტებს, მოხალისეებს, ადამიანებს ქუჩიდან, რომლებიც უბრალოდ არ მოსწონთ რაღაც ნიშნით. ჩემმა ქმარმაც გაიარა ფილტრაციის ბანაკი. რაც მან იქ ნახა და მოისმინა მე ამ საუბრისას ვერ გეტყვით. იქნებ ოდესმე შევძლოთ ამ საშინელებების ხმამაღლა მოყოლა.

ხალხს კეტავენ სარდაფებში, კლავენ, ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებიან ახლაც. ვიცით, რომ სადღაც აქვთ მოწყობილი ბანაკი, სადაც დაპატიმრებულები ჰყავთ, მაგრამ არ ვიცით სად. იქ ახლა ბევრი ჩვენი ახლობელი ჰყავთ.

კი, ეს ამბები ჰგავს ბუჩას, მაგრამ ბუჩა პატარა ქალაქია და იქ სწრაფად გამოვლინდა სისასტიკე –  ერთ პატარა ტერიტორიაზე ეს თვალნათლივ ჩანდა. ხერსონი ბევრად დიდია და ჯერ ოკუპირებულია, ამიტომ არ ჩანს აქაური სისასტიკე, არაა გაცხადებული, ვიცით, რომ სასტიკად აწამებენ დაპატიმრებულებს.

„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

რა აიძულებს ადამიანს დასახლდეს ადგილზე, სადაც 170-ათასიანი ქალაქის საყოფაცხოვრებო ნაგავი იყრის თავს?

„უქონლობა“ აიძულებს ადამიანს იმუშაოს ნაგავსაყარზე, გადაარჩიოს ნაგავი, იპოვოს ისეთი ნივთი, რასაც გაყიდის და მერე ამით იყიდოს პური – ამბობენ ისინი, ვინც თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს.

  • „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შემეძლო“ – გოჩას ისტორია

გოჩა დუმბაძე 13 წელია ნაგავსაყარზე ცხოვრობს. პირველად 2009 წელს მივიდა. იმ ზაფხულს თურქეთში ბევრი იმუშავა, აღებული ხელფასით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი იყიდა, ცოტა ფულიც წამოიღო და საქართველოში დაბრუნდა. სარფის საბაჟოზე ყველაფერი ჩამოართვეს.

წლების მერე მებაჟესთან დიალოგს ისე იხსენებს, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა. იხსენებს, როგორ სთხოვდა სასოწარკვეთილი არ მოეხდინათ მისი შენაძენის კონფისკაცია.

ამაოდ.

უფულოდ და უსამსახუროდ დარჩენილს ახლობელმა უთხრა, რომ არსებობდა ადგილი, სადაც შეეძლო ემუშავა. სადაც არც უფროსი ეყოლებოდა და არც წინასწარ ეცოდინებოდა, რამდენს აიღებდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ იმუშავებდა.

დღემდე გულისრევის შეგრძნება აქვს, როდესაც იხსენებს პირველ სამუშაო დღეს ნაგავსაყარზე. ახლა ყველაფერი სულერთია.

„მკვდარი ძაღლი, მკვდარი კატა, ჩემზე რეაქციას აღარ ახდენს. შევეჩვიე…“ – ამბობს გოჩა.

13 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ გოჩას სხვა სამუშაო ეპოვა, რომლითაც თავს ირჩენდა. ამ 13 წელიწადში იყო მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, კლინიკებში გატარებული წელიწადზე მეტი და გადარჩენის სიხარული.

გოჩას ჯანმრთელობა ნაგავსაყარმა დააზიანა. სუნმა, ანტისანიტარიულმა გარემომ და სასმელმა წყალმა, რომელსაც სვამდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ნაგასაყარზე დაბრუნდა, რადგან სხვაგან „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შეეძლო“.

გოჩა წარმოშობით ქედიდანაა, სოფელ მეძიბნადან. მისი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია. საშუალო სკოლაც სოფელში დაამთავრა. უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ უყვარს წიგნები. ნაგავსაყარზე ჯართთან და ფერად ლითონებთან ერთად წიგნებსაც აგროვებს. „წაკითხვის დრო არ მაქვს, მაგრამ ოდესმე შეიძლება მქონდეს და წავიკითხავო,“ – ამბობს ის.

გოჩა დუმბაძე

უკანასკნელი ორი წელი გავიდა მცდელობაში დაეტოვებინა ნაგავსაყარი და სხვაგან ეპოვა სამუშაო.

„ბათუმელები“ გოჩას პირველად გასული წლის აპრილში შეხვდა. ის მაშინ, როგორც ახლა, ნაგავსაყარზე ცხოვრობდა და უწყებიდან უწყებაში დადიოდა, კუთვნილი საცხოვრებლის მისაღებად.

გოჩა, როგორც მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები, სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვდა. ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქედაში ბინა მისცეს, თუმცა ცხოვრებას ისევ ნაგავსაყარზე აგრძელებს.

რატომ? – ეს იყო მთავარი კითხვა, როცა მას კიდევ ერთხელ შევხვდით.

„ყველაზე რთულ დროს შემიფარა აქაურობამ. იმ გარემოს დატოვება, სადაც ცხოვრობ, რომელსაც ეგუები, ძალიან რთულია. ახალი ბინა ცარიელია. ავეჯი არ მაქვს. ჯერ არც ფული, რომ ვიყიდო. ნაგავსაყარზე ვმუშაობ, როცა ავეჯის ფულს მოვაგროვებ, აუცილებლად წავალ ბინაში, სულ ხომ აქ არ ვიქნები,“ – გვითხრა გოჩამ პასუხად.

მოგვიანებით კი დროც განსაზღვრა, როდის წავა. „წავალ გაზაფხულზე. თუ ვიცოცხლე მანამდე“.

ჯერ არც ის იცის რას გააკეთებს, როცა გაზაფხული მოვა.

თუმცა ოცნებობს, რომ იყოს რამე ფონდი, რომელსაც მიმართავს, ის ფონდი მისცემს ფულს, რომელი ფულითაც „სადმე კოტეჯებს ჩადგამს და ტურიზმის სფეროში ჩაერთვება“.

თუმცა ჯერ გაზაფხულამდე შორია და არც რამე ფონდი ჩანს ჰორიზონტზე.

„ჩემი ადგილი არსად იყო“ - როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

  • „ნაგავსაყარზე ცხოვრება არ არის არჩევანი, იძულებაა“ – ლაშას ისტორია

ის, რაც ზუსტად ჩანს გოჩას ფანჯრიდან, ლაშას ქოხია.

ლაშა 28 წლისაა. გოჩასგან განსხვავებით მას არ სურს, რომ სახე გამოაჩინოს და ღიად ილაპარაკოს. თუმცა ლაპარაკი უნდა.

„შეგიძლიათ ჩემი სახლი გადაიღოთ, ოღონდ მე არა. ორი შვილი მყავს – 9 და 1 წლის. მხოლოდ ოჯახმა და ახლო მეგობრებმა იციან, სად ვმუშაობ. შეიძლება მე და ჩემი ოჯახი ამის გამო გავირიყოთ, ამიტომ მირჩევნია ფოტო არ გადამიღოთ,“ – გვეუბნება ლაშა და ინტერვიუზე გვთანხმდება.

6 წელია ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს. 22 წლის იყო, როდესაც მეგობარს გაჰყვა სამუშაოდ და დარჩა. ინტერვიუს მის ქოხში ვწერთ. ქოხში ორი რკინის საწოლი დგას, საწოლის თავთან მაგიდა, რომელზეც სადილისთვის განკუთვნილი პროდუქტი აწყვია.

„ნაქირავებში ვცხოვრობდი ცოლ-შვილთან ერთად თავიდან და აქ სამუშაოდ ქალაქიდან დავდიოდი. მერე ვნახე, რომ იყო საშუალება ქოხის ასაშენებლად და ავაშენე. გარეთ სამსახური არ არის, რომ მუდმივად იმუშაო და ოჯახი არჩინო. ამიტომ ვარ აქ“, – ხსნის მიზეზს ლაშა, თუ რატომ ცხოვრობს და მუშაობს ნაგავსაყარზე.

ლაშასთვის გარეთ არის ნებისმიერი ადგილი ნაგავსაყრელის მიღმა. „გარეთ“ არის ბათუმიც.

ლაშას სახლი

„ჯართს ვაგროვებ და ვაბარებ. დღეში 40-50-60 ლარი შეიძლება გამოიმუშაო. გააჩნია როგორ იმუშავებ. შეიძლება უფრო მეტიც,“ – გვიხსნის მისი სამუშაოს სპეციფიკას.

როგორ აღწერდით აქ ცხოვრებას? – ვეკითხებით ლაშას.

პასუხამდე ხანგრძლივ პაუზას აკეთებს და იწყებს:

„აქ ცხოვრება არის საშინელება. წყალი არაა. ჰაერზე ხომ ზედმეტია საუბარი. არ შეიძლება აქ ცხოვრება. ნაგავსაყარზე ცხოვრება არ არის არჩევანი, იძულებაა“, – ამბობს ლაშა.

მშენებლობაზე მუშაობა სცადა, მაგრამ „რამდენიც ვიმუშავე, იმდენჯერ გამიჭირდა ნამუშევრის აღება. ბევრ ადგილას დამრჩა ფული ასაღები. თან დაბალი იყო ანაზღაურებაო“.

„აქ ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ ადამიანს ძალიან ბევრის ატანა შეუძლია. მე ახლა სადაც ვარ, აქ ხომ არ შეიძლება ადამიანი იყოს? მაგრამ ვიტან ამას. ასეთი ვართ ადამიანები.

ამ ყველაფრის ატანის ძალას ოჯახი მაძლევს. ოჯახს სჭირდება შემოსავალი – ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვარ აქ. შემოსავლის გარეშე ვერ იცხოვრებ. ჩემი ცოლი და შვილები ბათუმში ცხოვრობენ, ნაქირავებ ბინაში. 500 ლარს ვიხდი ქირაში. ისე გადის თვე, რომ ვერც კი ვხვდები. იმის ფიქრი მაქვს სულ, რომ ქირაა გადასახდელი. ძნელია. ხანდახან საღამოობით გავდივარ ხოლმე მათ სანახავად,“ – ამბობს ლაშა.

ბათუმის ნაგავსაყარის დახურვა გადაწყვეტილია. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში შენდება. ოფიციალური ინფორმაციით, როგორც კი ახალი ნაგავსაყარი გაიხსნება, უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება. ბათუმის ნაგავსაყარი მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს.

რა მოუვათ ნაგავსაყარზე მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს, როცა ის დაიხურება? – ვკითხეთ ლაშას.

„არაფერი არ მოუვა აქ მცხოვრებ ადამიანებს, უფრო კარგი იქნება,“ – ამბობს ლაშა და აგრძელებს: „ყველა თავის გზას გამონახავს. როგორც მაშინ გამოინახა, როცა აქ მოვედით და შიმშილისგან გადავრჩით, დღემდე თავს ვირჩენთ, ისე იქნება შემდეგიც. ახლა უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ საქმე არის, ფულის შოვნა შეიძლება და სხვასაც არ ვეძებთ. შეგუებულები ვართ. აქ არც უფროსი გვყავს, არც უმცროსი. ჩვენ ვართ ჩვენი თავის უფროსი“.

  • „შვილი ეზოში მომიკლეს, სახლში არ დავბრუნდები“ – ნათელას ისტორია

35 წელია ნათელა ბერიძე ცხოვრობს იქ, სადაც ახლა ბათუმის ნაგავსაყარია. 35 წლის წინ, როცა ნათელა და მისი ქმარი ჭოროხისპირას გადავიდნენ საცხოვრებლად, ნაგავსაყარი ნათელას სახლიდან შორს იყო. 35 წლის შემდეგ ნათელას ქოხის ფანჯრიდან ნაგვის გორები ჩანს.

ნათელას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა პირადმა ტრაგედიამ აიძულა.

„32 წლის შვილი მომიკლეს ჩემი სახლის ეზოში. იმის შემდეგ შემძულდა იქაურობა. ადლიაში ვცხოვრობდით. წამოვედით მე და ჩემი მეუღლე სახლიდან, რადგან იმ სახლში ცხოვრება გაუსაძლისი იყო. აქ ამ ადგილას ჩემს მამამთილს ჰქონდა ადრე ნაკვეთი, მოვედით და დავსახლდით. გაუვალი ეკალ-ბარდები იყო. ნაგავსაყარი შორს იყო მაშინ. მერე წლებთან ერთად მოგვიახლოვდა, მოგვიახლოვდა და ახლა ცხვირწინ მოვიდა,“ – გვიყვება ნათელა.

ნათელას ოფიციალურად სახლი აქვს. ადლიაში. ახლა იქ მისი რძალი და შვილიშვილი ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდაეცვალა, დედასთან მეორე შვილი მიდის ხოლმე და რჩება.

სახლი, რომელიც ნაგავსაყარზე აქვს, უფრო ქოხია. ნათელა, როგორც პირველი მოსახლე, ყველაზე დიდ ფართობს ფლობს ნაგავსაყარზე. ამბობს, რომ ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს. ის, რომ ნაგავსაყარის დასახლებაში სხვა მოსახლეებს ელექტროენერგია აქვთ, ესეც ნათელას დამსახურებაა.

„წლების წინ ღორების ფერმა მქონდა, გავყიდე ის ღორები და შუქი შემოვიყვანეო“, – გვიყვება. მერე სხვებსაც გაუნაწილა. მაგრამ იმდენად დაბალია ძაბვა, ტელევიზორს ძლივს ამუშავებს, ნათურა კი ბჟუტავს.

ნათელა ბერიძე

ნათელა ახლა 73 წლისაა და მიუხედავად უმძიმესი სოციალური პირობებისა, არსად წასვლა არ უნდა.

„ვარიანტი არაა დავბრუნდე. მოვკვდები და იქ არ წავალ. იქიდან წამოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. აღარ დამედგომებოდა იქ, შესასვლელ ჭიშკართან მომიკლეს შვილი,“ – ამბობს ნათელა.

ის შეგუებულია, რომ ცხოვრების ბოლო წლებს ნაგავსაყარზე გაატარებს. რასაც ვერ ეგუება, ეს მატერიალური დანაკარგია.

თავს ძროხით ირჩენს, რომელსაც პერიოდულად უცნობი პირები იპარავენ ხოლმე.

„გავზრდი ძროხას, მომპარავენ. გავზრდი, კიდევ მომპარავენ. ახლა 17 ლიტრიანი ძროხა მომპარეს სამი კვირის წინ. აქ არც მილიცია მოდის და არც არავინ. მიხვალ მილიციაში და გეუბნებიან – თუ დაინახეთ ვინ წაიყვანა, გვითხარითო. მე თუ დავინახე, მილიცია რაღად მინდა?“- კითხულობს ნათელა.

გოჩასთან, ლაშასთან, ნათელასთან და მარისთან ერთად ბათუმის ნაგავსაყარზე კიდევ 17 ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანი თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს. თითქმის ყველას სხვადასხვა დაავადება აწუხებს და მკურნალობა ესაჭიროებათ.

  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

რას აპირებს, ან აპირებს თუ არა სახელმწიფო რაიმეს ამ ადამიანების დასახმარებლად? ამ კითხვით აჭარის ორ სამინისტროს – ჯანდაცვასა და ეკონომიკას მივმართეთ.

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ბათუმის ნაგავსაყარი და იქ მაცხოვრებთა საკითხი ამ უწყებას არ ეხება.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, აქ ნაგავსაყრელის რედიზაინის პროექტზე მუშაობენ, რომელიც მას შემდეგ განხორციელდება, რაც ახალი ნაგავსაყარი ამუშავდება. გერმანელი სპეციალისტები იმუშავებენ ძველი ნაგავსაყარის კონსერვაციაზე.

ნაგავსაყარზე მცხოვრები ადამიანების საკითხზე არც ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს არავინ.

ამავე თემაზე:

20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“

ბათუმში 2023 წლიდან ავტობუსში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხდით მგზავრობის თანხას

31 ოქტომბერს ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა დადგენილებაში – ცვლილების თანახმად, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის დასაწყისში შევა.

სისტემის გაუმჯობესების მიზნით ინერგება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით [VISA, MASTERCARD] მგზავრობისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდას.

გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი, თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს, შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც.

 

რუსმა მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქებაზე უარი თქვა

რუსმა მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რომელიც ბრიტანეთში საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის თანადამფუძნებელია, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

„ნიკი ბრიტანეთის მოქალაქეა“ – განაცხადეს კომპანიაში, რომელმაც გამოცემა Forbes-ს დაუდასტურა, რომ სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობა დატოვა.

Revolut-ის წარმომადგენლებს მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა როგორც მანამდე ბრიტანულ The Telegraph-თან საუბარში აღნიშნეს, ეს უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება, რადგან ბიზნესმენი პოზიცია ომთან დაკავშირებით მანამდეც საყოველთაოდ ცნობილი იყო და „ის კვლავაც კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს საომარი მოქმედებები“. 

ფინტექს-სტარტაპი Revolut 2015 წელს ლონდონში დააფუძნეს ნიკოლაი სტორონსკიმ და მისმა უკრაინელმა ბიზნესპარტნიორმა ვლად იაცენკომ. გასული წლის ივლისში კომპანია 33 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. თავად სტორონსკი კი 2022 წელს Forbes-ის რუს მილიარდერთა სიაში მე-16 ადგილს იკავებდა.

როგორც Forbes-ი წერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ Revolut-მა დახმარება შესთავაზა უკრაინაში მყოფ თავის თანამშრომლებს და დახურა ოფისები რუსეთში. სტორონსკიმ კი ღიად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომის გამო და მას „გულისამრევი და არასწორი უწოდა.“

19 ოქტომბერს უკრაინამ სანქციები დაუწესა მილიარდერის მამას, „გაზპრომ-პრომგაზის“ გენერალურ დირექტორს, უფროს ნიკოლაი სტორონსკის. როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში განაცხადეს, უფროს სტორონსკის „უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მატერიალურ-ფინანსურ მხარდაჭერაზე ეკისრება პასუხისმგებლობა“.

Revolutის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მანამდე თქვა, ვიდრე უკრაინა მამამისს სანქცირებულთა სიაში შეიყვანდა.

ნიკოლაი სტორონსკი უკვე მეოთხე ბიზნესმენია Forbes-ის რეიტინგის ახლანდელი და ყოფილი მონაწილეებიდან, რომელმაც ბოლო თვეებში რუსეთის პასპორტი დათმო.

მანამდე მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა იური მილნერმა, რომელმაც რუსეთი ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ 2014 წელს დატოვა. მილნერი წელს Forbes-ის რუს მილიარდერთა რეიტინგში მე-15 ადგილზე იყო, მისი ქონება კი $7,3 მილიარდით ფასდებოდა.

სექტემბერში ერევანში დაბადებულმა რუსმა ბიზნესმენმა რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობაზე. 2021 წელს მისი ქონება $1 მილიარდით იყო შეფასებული.

ივნისში რუსეთის მოქალაქეობა დატოვა საინვესტიციო კომპანია Freedom Finance-ის დამფუძნებელმა ტიმურ ტურლოვმა. ის ბოლო 10 წელია ყაზახეთში ცხოვრობს და იმის გამო, რომ ყაზახეთი ორმაგ მოქალაქეობას არ უშვებს, მან რუსეთის პასპორტზე უარი თქვა. Forbes-ის შეფასებით, ტურლოვის ქონება 2022 წელს $2,4 მილიარდის ღირებულების იყო.

რუსეთში სამხედრო აეროდრომზე 2 ვერტმფრენი აფეთქდა, ორიც დაზიანდა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში, პსკოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ვერტმფრენი Ka-52 განადგურდა.

„რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 31 ოქტომბრის ღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა. ორი მოიერიშე ვერტმფრენი Ka-52 „ალიგატორი“ სრულიად განადგურებულია, კიდევ ორი – სერიოზულად დაზიანდა“, – ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობაში. დაზვერვა დასძენს, რომ ერთი Ka-52 „ალიგატორი“ დაახლოებით $ 16 მილიონი ღირს.

უწყების ინფორმაციით, მთელი სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა „დივერსანტების“ ძებნაშია ჩართული, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ჯერ კიდევ ზუსტდება სხვა ტიპის ტექნიკის დაზიანების ხარისხი და ასევე, ინფორმაცია სამხედროების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

დღეს დილით ანონიმურ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთში აფეთქება მოხდა სამხედრო-საავიაციო ბაზაზე, რომელიც პსკოვის ოლქში, რუსეთ-ლატვიის საზღვართან მდებარეობს.

31 ოქტომბერს დილიდან რუსეთმა კიევისა და უკრაინის ქალაქების დაბომბვა განაახლა. ძირითადი სამიზნე ამჯერადაც ენერგოინფრასტრუქტურაა.

რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, კიევი, ხარკოვი და ზაპოროჟიე ნაწილობრივ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 50 ფრთოსანი რაკეტა უკრაინისკენ როსტოვის რაიონიდან გაუშვა.

50-დან 44 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, თუმცა კიევსა და სხვა ქალაქებშიც რამდენიმე აფეთქება მაინც მოხდა.

44.3 პროცენტს ყალბი ინფორმაცია გაუზიარებია – მედიაწიგნიერების ფორუმი დასრულდა

27 ოქტომბერს ყოველწლიური მედიაწიგნიერების ფორუმის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მედიაწიგნიერების ფორუმი მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ იყო ორგანიზებული და ის UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ფორუმზე მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის აღქმების თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციაც გაიმართამისი მიზანი მედიის მოხმარების ჩვევებისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის შესწავლა იყო.

კვლევის ფარგლებში 140 რესპონდენტი გამოკითხეს საქართველოს 7 ქალაქიდან: ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, თბილისი, თელავიქუთაისი.

კითხვაზეგაგიზიარებიათ თუ არა ყალბი ინფორმაცია განზრახვის გარეშე, 44.3% ამბობსრომ გაუზიარებია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დეზინფორმაციის გამავრცელებლებად ტელევიზიებსფეისბუქანგარიშებსა და ონლაინგამოცემებს ასახელებს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაციის გამავრცელებლად გამოკითხულები ყველაზე ხშირად ოპოზიციასრუსულ მხარესა და მედიას ასახელებენ.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოება დეზინფორმაციისადმი მოწყვლადია. ჩვენთან ყოველთვის ხილული არ არის რუსული პროპაგანდა და თუნდაც ისრომ ოპოზიციას აბრალებენ ყველაზე ხშირად დეზინფორმაციის გავრცელებას, აჩვენებს იმასრომ სამთავრობო პროპაგანდაც მუშაობს,” – ამბობს თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ფორუმის მიმდინარეობისას მედია და ინფორმაციული წიგნიერების თამაშების ბაზრობაც მოეწყო, სადაც მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი ახალი საგანმანათლებლო თამაში – “კიბერ ხოკერა” წარმოადგინეს.

გამოფენის მონაწილეებმა ადგილზევე გამოცადეს MDF-ის მიერ შექმნილი ონლაინთამაშები და მინიშეჯიბრის ფარგლებში სიმბოლური პრიზებიც მიიღეს.

MDF-ის მკვლევრისმარიამ დანგაძის თქმითორგანიზაცია თამაშებს სასწავლო რესურსად იყენებსამ მიზნით შექმნილია სხვადასხვა თამაშიმათ შორისკიბერუსაფრთხოებისფიშინგისა და დეზინფორმაციის მიმართულებით:

კიბერ ხოკერა ეხება კონკრეტულად მედიის განვითარების ისტორიას და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიგონთუ რა გზა გაიარა მედიამ გუტენბერგის ეპოქიდან ციფრულ მედიამდე. 

კი“ და „არა“ ტიპის კითხვებიარათა ახალგაზრდებმა ფაქტები გაიგონ მედიის განვითარების შესახებ“ – ამბობს მარიამ დანგაძე.

ფორუმზე The Bad News Gameდან განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლესრომელმაც მონაწილეებს არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი თამაში გააცნო. 

მოთამაშეები ყალბი ამბების გამავრცელებელი ბოროტი გენიოსის როლს ირგებდნენ დეზინფორმაციისადმი მოსახლეობის მოწყვლადობის დონის შესამცირებლად.

ღონისძიებას დისტანციურად შემოუერთდა Meta-ს მცდარი ინფორმაციის პოლიტიკის ხელმძღვანელი აფრიკისახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონებისთვისტომ ბონსუნდი ობრაიანირომელმაც მცდარი ინფორმაციისადმი Meta-ს მიდგომაზე ისაუბრა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

მედიაწიგნიერების უნარი ადამიანს ეხმარება გაფილტროს საზიანო ინფორმაციადღევანდელ ეპოქაში ტრადიციულ და ახალ მედიას შორის ზღვარი წაშლილიაშესაბამისადამ ინფორმაციულ ქაოსში ძალიან რთულია სიმართლის და სიცრუის გამიჯვნა. 

ასეთ მოცემულობაშიაუცილებელია მოქალაქეებს განვითარებული ჰქონდეთ ის საბაზისო უნარებირაც წყაროების გარჩევაში დაეხმარებათმოქალაქეებს უნდა შეეძლოთ გონებაში გაფილტრონ ისრასაც ჩვენ ფაქტჩექინგის საშუალებით ყოველდღიურად ვავლენთრადგან შეუძლებელია ჩვენ, MDF-ყველა დეზინფორმაციას მივწვდეთ,“ – აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.

დეზინფორმაციის გამოვლენის კონკურსს მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად ატარებსრათა ახალგაზრდებს საშუალება მისცესთავიანთი მედია და ინფორმაციული უნარები და კომპეტენციები გამოსცადონ და გაიუმჯობესონ. 

დაჯილდოების დასკვნით ნაწილში „მითების დეტექტორის“ 2022 წლის ყველაზე პოპულარული სტატიები გამოვლინდა. 

ყველაზე პოპულარული სტუდენტური ნაშრომისთვის  – დეზინფორმაციათითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებსგიორგი მინაშვილი დაჯილდოვდა. 

კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების საუკეთესო გამოძიებისთვის – სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტიანი ქისტაური დასახელდა 

უკრაინის თემაზე “მითების დეტექტორის” საუკეთესო სტატიისთვის – რა აკავშირებთ “ალტინფოს”, ლუგანსკელ АНДРЕЙ ВИТАЛЬЕВИЧ МАРОЧКО- და ქართველ კონსერვატორებს გაყალბებულ ფილმთან?” – მარიამ დანგაძე დაჯილდოვდა. 

ინფოდემიის თემაზე “მითების დეტექტორის” ყველაზე პოპულარული სტატიისთვის მოუსვენარი მიცვალებულითუ კლიმატთან დაკავშირებული პროტესტი?” პრიზი მარიამ ტალახაძეს გადაეცა. 

მედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან ატარებს საქართველოში აშშ –ის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის” – ფარგლებში. 2022 წლის მედიაწიგნიერების ფორუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.

დანიის მოქალაქეს 15 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხვინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტზე წერს.

პროკურატურის ცნობით, დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა დანიის მოქალაქე წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა – 15 000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

შემდგომში, უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის – ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, აღნიშნული თანხა დაანაწევრეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს“ – იუწყება პროკურატურა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

რუსი პროგრამისტი ომს უღრან ტყეში ემალება

IT კომპანიის თანამშრომელი უკვე თვეზე მეტია მობილიზაციას რუსეთის სამხრეთში, უღრან ტყეში ემალება. მას უკრაინასთან ომში წასვლა არ სურს, თუმცა არც იმისთვის აღმოჩნდა მზად, ოჯახი სამშობლოში დაეტოვებინა და თვითონ უცხოეთში გაქცეულიყო.

ადამ კალინინი – გამოგონილი სახელია კაცისა, რომლის შესახებაც რეპორტაჟი Настоящее Время-მ მოამზადა.

ადამი ტყეში გაქცევამდეც ღიად გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, დააჯარიმეს და გარკვეული დროით დააკავეს კიდეც.

ტყეში კალინინის ცხოვრება ორ კარავს შორის იყოფა: ერთში „სახლია“, მეორეში – „ოფისი“.

უცხოეთში წასვლას სხვადასხვა მიზეზით ვერ შევძლებდი. მარტო გაქცევაც არ მინდა. თუ წავალ, ცოლთან ერთად უნდა წავიდე. არის კიდევ ემოციური მომენტიც: არ მინდა ნათესავებსა და მეგობრებს მოვშორდე. არ მინდა, საკუთარი თავი მათ გეოგრაფიულად დავაშორო,“ – ეუბნება ჟურნალისტებს კალინინი, რომელიც ფიქრობს, რომ უღრან ტყეში ცხოვრება კიდევ კარგა ხანს მოუწევს.

„ვიდრე აქ ვარ, ახალი ამბები გაჩნდა, კერძოდ ეს დე-ფაქტო საომარი მდგომარეობა, უბრალოდ ამასაც რაღაცნაირად ვითომ „ნაწილობრივი“ დაარქვეს. ეს ფორმულირებები, სრულიად დაუკონკრეტებელი, დიდი მოედანია თვითნებობისთვის,“ – ამბობს ადამ კალინინი.

ადამი ტყიდან მუშაობასაც ახერხებს, ტელეგრამში საკუთარი არხი აქვს. საჭმელს თვითონ იმზადებს – რაციონი მოლაშქრისაა.

„სახლიდან“ დაახლოებით ერთი საათის სავალზე კალინინმა პროდუქტების საცავი მოაწყო და იქ კვირაში რამდენჯერმე, როგორც მაღაზიაში, ისე დადის.

თავისუფალ დროს ხეზე მუშაობს, დაფებს ამზადებს.

თავიდან ფიქრობდა, რომ ტყეში ასე ერთი თვით მოუწევდა დარჩენა, თუმცა ახლა ამბობს, რომ გეგმები შეიცვალა –  „სახლში“ ღუმელის მოწყობას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ ქალაქში დაბრუნება ჯერ ისევ საშიშია.

ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი.

მოსამართლეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს რაიმე სახის განმარტება არ გაუკეთებია. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არ დასწრებია.

„სასამართლოს როლი სად არის აქ?“ – კითხულობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე, რომელიც ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შინაარსობრივად უნდა განეხილა სასამართლოს, აჭარის მთავრობის მიერ მიღებული დისკრიმინაციული, პოლიტიკური გადაწყვეტილების პირდაპირ გაზიარების ნაცვლად.

„მაგალითად, სასამართლო რომ შეამოწმოს აუდიტის მსგავსმა სამსახურმა, ყველა მოსამართლეს დაუწერს დარღვევებს: პროცესები ჭიანურდება, განხილვა შესაბამის დროს არ არის დაწყებული და ასე შემდეგ… აუდიტმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაადასტურა დარღვევა, მაგრამ არ დგინდება ირაკლი ჯინჭარაძის ბრალეულობა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

აუდიტის დასკვნა ეხებოდა ბულვარში ფილების დაგებას, მიყენებული ზარალის გამო კი, ბულვარის ადმინისტრაცია სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სასამართლოში უჩივის. საია-ს იურისტი განმარტავს, რომ „ბულვარის ადმინისტრაციას“ ჰყავდა დაქირავებული ინდმეწარმე, რომელსაც წლიურად 62 ათას ლარს უხდიდა და ის ამოწმებდა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვასთან.

რადგან დასტურდება, რომ „ბათუმის ბულვარი“ დაზარალდა და თავად ირაკლი ჯინჭარაძემ მის გათავისუფლებამდე მიმართა სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, არ არის ეს საკმარისი საფუძველი დირექტორის პასუხისმგებლობა დადგეს? – ვკითხეთ იურისტს.

„განუსაზღვრელად შეუძლებელია ყველაფერზე პასუხი მოსთხოვო დირექტორს. კანონი ითვალისწინებს ხელმძღვანელი პირის მხრიდან გულისხმიერ დამოკიდებულებას… მეხი რომ ჩამოვარდეს ბულვარში და რაღაცას დაეცეს, ამაზე პასუხისმგებელი დირექტორი ხომ ვერ იქნება? ირაკლი ჯინჭარაძემ გააკეთა ყველაფერი, რის გაკეთებაც მას კანონით ევალებოდა,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

საიას-ს შეფასებით, მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას, შიშის განცდაა, როცა განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა გსურს. პაატა დიასამიძე აქცენტს მოვლენების ქრონოლოგიაზე აკეთებს – აუდიტის დასკვნიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში ირაკლი ჯინჭარაძე ისევ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი იყო. სამაგიეროდ, ის ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გამოხატული პროტესტიდან რამდენიმე დღეში სწორედ აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აჩვენებს თუ არა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა, როცა კონკრეტული საქმის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს?

„დიახ, ასეა. ეს გადაწყვეტილება ყველაფერზე მეტყველებს… ადამიანს ვერ ექნება დაცულობის განცდა, რომ განსხვავებული აზრის გამო თუკი დევნას დაუწყებენ, მას სასამართლო დაიცავს,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

———-

ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის დირექტორი იყო და 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს. იგი სასამართლოში სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

___

ამ თემაზე:

რა თქვეს ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე სასამართლოში

ბათუმის საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ „ოცნება“ დატოვა

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ნინო ცხვარაძემ, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე იყო, „ოცნება“ დატოვა.

ნინო ცხვარაძე „ხალხის ძალას“ შეუერთდა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს.

„ვტოვებ ქართულ ოცნებას, ვუერთდები ხალხის ძალას, შესაბამისად ვტოვებ ფრაქციის მოადგილის პოსტს.

გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია უფრო ხმამაღლა და უფრო დეტალურად ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“ – აღნიშნა ნინო ცხვარაძემ ჟურნალისტებთან.

თავდაპირველად „ქართული ოცნება“ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გატანის მიზეზით დატოვეს პარლამენტის დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. მათ გაააქტიურეს „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო.

პარლამენტის დეპუტატების კვალდაკვალ მმართველი პარტიის დატოვება დაიწყეს საკრებულოებში წარმოდგენილმა „ქართული ოცნების“ წევრებმაც. მოგვიანებით მათ შეუერთდა პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, რომლის მიზნადაც დაასახელეს „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 71 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 2 686 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 5 485 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 1 728 ერთეული [+4]
  • MLRS – 383 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 197 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 275 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 253 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 413 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 352 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 128 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 154 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 328 თვითმფრინავი
  • 167 ვერტმფრენი
  • 2 393 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 213 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 879 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 540 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 920 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზამთარს ელოდება იმის გასარკვევად, შეარყევს თუ არა ყინვა და ცივი ამინდები უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას.

ამავე თემაზე:

ბაირაქტარს ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ რაკეტებით შეაიარაღებენ

რუს რეზერვისტებს გამოუსადეგარი ავტომატები დაურიგეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინაში ფრონტის ხაზზე რუსეთმა რამდენიმე ათასი ახლად მობილიზებული რეზერვისტი გადაისროლა – მათი უმრავლესობა არამხოლოდ ცუდად მომზადებული, არამედ ცუდად აღჭურვილიცაა.

„ჯერ კიდევ სექტემბერში რუსი ოფიცრები შეშფოთებულნი იყვნენ, რომ ზოგიერთი მობილიზებული უკრაინაში საერთოდ იარაღის გარეშე გაგზავნეს.

ღია წყაროებით მოპოვებულ ვიზუალურ მასალებში ჩანს, რომ მობილიზებულ რეზერვისტებს დაურიგეს AKM-ები, ავტომატი, რომელიც საბჭოთა შეიარაღებაში 1959 წელს გამოჩნდა. შენახვის ცუდი პირობების გამო, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი უკვე საბრძოლოდ გამოუსადეგარია,“ – წერს უწყება 31 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვა მიუთითებს, რომ AKM-ის ტიპის ავტომატი 7,62 მმ კალიბრის ტყვიას ისვრის, მაშინ, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები ძირითადად აღჭურვილი არიან АК-74М ან АК-12 ავტომატებით, რომლებშიც 5,45 მმ კალიბრის ტყვია გამოიყენება.

„რეზერვისტების ინტეგრაცია უკრაინაში მყოფ რუსეთის ძალებთან ნიშნავს, რომ რუსეთის ლოგისტიკურ სამსახურებს მოუწევთ, მოწინავე პოზიციებამდე სულ მცირე ორი სახის საბრძოლო მასალები მიიტანონ მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღისთვის. ეს კი კიდევ უფრო მეტად გაართულებს რუსეთის ისედაც გადატვირთულ ლ[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth]ოგისტიკურ სისტემას,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. უწყების გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ და ევგენი პრიგოჟინი იყო. დაზვერვის შეფასებით, „ვაგნერმა“ თავის რიგებში მებრძოლების მიღების კრიტერიუმები უკიდურესად დაწია – მძიმე სამედიცინო დიაგნოზის მქონე პატიმრების ციხეებიდან გამოყვანა მიუთითებს, რომ დაჯგუფებისთვის რაოდენობა ხარისხზე მნიშვნელოვანია.

532 მილიონი ლარი 4 820 დევნილი ოჯახის ბინებისთვის – ტენდერის გამო სააგენტოს უჩივიან

იძულებით გადაადგილებული 4 820 ოჯახისთვის ბინების მშენებლობაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა, სადაც სავარაუდო/სატენდერო ღირებულება, ჯამში, ნახევარ მილიარდზე მეტი ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში.

ტენდერის პირობა – პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ – დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“.

კერძოდ, სატენდერო პირობების ერთ-ერთი ქვეპუნქტით განსაზღვრულია გამოცდილების არეალი და მითითებულია, რომ „პრეტენდენტის მიერ სამშენებლო სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე“.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები მორგებულია შემსყიდველის სასურველ კომპანიაზე/კომპანიებზე, რადგანაც ემსახურება უცხოური კომპანიების ჩახსნას აღნიშნული ტენდერებიდან და უსამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს რეზიდენტ კომპანიებს და სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს“, – მიიჩნევენ მომჩივან კომპანიაში.

„შემსყიდველის მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები არის ცალსახად დისკრიმინაციული და არაადეკვატური შესყიდვის კატეგორიასთან მიმართებით, ასევე აღნიშნულ სფეროში ზღუდავს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას… არსებითად მნიშვნელოვანია, აღნიშნული დანაწესი გამომდინარეობდეს შემსყიდველის საჭიროებიდან და განსაზღვრული იქნეს ის გარემოება, ამ დანაწესის გარეშე შესაძლებელი იქნება თუ არა შესყიდვის მიზნის მიღწევა“, – აცხადებს მომჩივანი.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ [სატენდერო პირობებიდან]:

  • „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების მოცულობა არ უნდა იყოს 100 000 კვ.მ-ზე ნაკლები.
  • ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 300 000 000 ლარზე ნაკლები.
  • გამოცდილების არეალი: პრეტენდენტის მიერ სამშენებლო სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე.
  • საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2017-დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს“.

მომჩივანი შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“, მოითხოვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბათილად ცნოს სატენდერო პირობების შესაბამისი პუნქტი – გამოცდილების არეალის შესახებ და დაავალოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო პირობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

[მომჩივანი ხაზს უსვამს, რომ „სატენდერო პირობების განსაზღვრისას დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების, როგორც უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის პროცედურის არსი და მიზანი, ასევე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ იმპერატიული შინაარსის მოთხოვნა და რაც ყველაზე არსებითია, შემსყიდველის მხრიდან ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა“].

დავის განხილვის დროდ 2022 წლის პირველი ნოემბერია მითითებული.

გასაჩივრებული ტენდერების შესახებ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 17 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 22 ნოემბერს დასრულდება.

ტენდერები მომსახურების შესყიდვას ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით ითვალისწინებს:

[checklist]

  • თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე [იძულებით გადაადგილებული 2 400 ოჯახისთვის] მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი 256 100 500 ლარითაა გამოცხადებული.

სრული მომსახურების ხანგრძლივობის საორიენტაციო ვადა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1095 დღეა [ანუ დაახლოებით 3 წელი].

  • ქალაქ ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე იძულებით გადაადგილებული 1 700 ოჯახისთვის და ქალაქ ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩა N53-ში იძულებით გადაადგილებული 720 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის მიზნით საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე კი, ტენდერი 276 867 560 ლარითაა გამოცხადებული.

ზუგდიდის შემთხვევაში სრული მომსახურების ხანგრძლივობის საორიენტაციო ვადაა – 1095 დღე [დაახლოებით 3 წელი];

ქუთაისის შემთხვევაში, სრული მომსახურების ხანგრძლივობის საორიენტაციო ვადა 1030 დღეა [დაახლოებით 2 წელი და 8 თვე]; არსებული პროექტის გამოყენების შემთხვევაში კი, არაუმეტეს 790 დღე [დაახლოებით 2 წელი და 1 თვე. ქუთაისთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერს თან ახლავს მშენებლობის პროექტიც].

[/checklist]

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სატენდერო კომისიას უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებით შეკითხვა შესყიდვების პორტალზეც დაუსვეს.

შეკითხვა: „ის პრეტენდენტები, უცხოური კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ სატენდერო პირობების მოთხოვნას გამოცდილების კუთხით, თუმცა გამოცდილების არეალია არა საქართველოს ტერიტორია, არამედ უცხოეთი, მათ შორის დისიეფთიეის ქვეყნები, რატომ ვერ შეასრულებენ შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს და შემსყიდველის რომელი საჭიროებიდან გამომდინარეობს ამ შეზღუდვის დაწესება?“

პასუხი: „მოცემულ საკითხზე მსჯელობა შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმში“.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ოქმიდან:

სატენდერო კომისიის ოქმიდან

ამავე ოქმში აღნიშნულია, ისიც, რომ სააგენტომ შესყიდვის სატენდერო/სავარაუდო ღირებულების დადგენამდე ბაზრის კვლევა ჩაატარა.

მთავარი ფოტო: რენდერი ქუთაისში ასაშენებელი სახლების პროექტიდან / წყარო: ტენდერი

პუტინი იმედოვნებს, რომ ცივი ზამთარი ევროპას გატეხს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზამთარს ელოდება იმის გასარკვევად, შეარყევს თუ არა ყინვა და ცივი ამინდები უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს 2023 წლამდე უკვე არსებულ რეჟიმში განაგრძობს, არ მიმართავს ტაქტიკური ბირთვული იარაღს, მაგრამ ამავე დროს არც საკუთარ მიზნებზე იტყვის უარს.

„პუტინი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას უკრაინაში, რათა შეინარჩუნოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიები, მოიპოვოს ახალი პოზიციები და შექმნას პირობები დასავლეთის მხარდაჭერის შესასუსტებლად – სწორედ ამისთვის ის ზამთარს ელოდება,“ – წერს ISW დღევანდელ ანგარიშში და დასძენს, რომ ნაკლებსავარაუდოა, პუტინმა NATO-სთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტი მოინდომოს, თუმცა მოსალოდნელია, კვლავაც განაგრძოს მუქარა, რათა „დასავლეთის სიმტკიცე გატეხოს“.

ISW-ის აზრით, ახლახან დასრულებული მობილიზაცია და ყოველწლიური საშემოდგომო გაწვევა უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარების პირადი შემადგენლობით შევსების ორ ტალღას ნიშნავს – ერთს მიმდინარე და უახლოეს კვირებში, მეორეს კი 2023 წლის გაზაფხულზე.

ანალიტიკოსების აზრით, ახლა მობილიზებულების უკრაინაში გაგზავნის მიზანი თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაა –  უკრაინელთა კონტრშეტევების ფონზე რუსები ეცდებიან, ზამთრამდე პოზიციების შენარჩუნება მოახერხონ.

ISW ასევე მიმოიხილავს პუტინის მცდელობებს რუსული ენერგორესურსების შეწყვეტის გზით „გატეხოს ევროპა“ და უკრაინის მხარდაჭერაზე ხელი ააღებინოს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ევროპულმა ხელისუფლებებმა საკუთარი ხალხი უკვე მოამზადეს რთული ზამთრისთვის, მაქსიმალურად მოიმარაგეს ენერგორესურსები და შექმნეს პირობები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად.

„ეს ქმედებები ადასტურებს, რომ ევროპის ლიდერები მზად არიან ზეწოლისთვის, რომელსაც ისინი ცივი ზამთრის დასაწყისში აუცილებლად წააწყდებიან,“ – წერს ISW, რომლის აზრითაც, პუტინს იმედი აქვს, რომ ევროპა ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს. – „პუტინი დააკვირდება ზამთრის გავლენას ევროპელთა ნებაზე და შემდეგ გადაწყვეტს – გაგზავნის გაზაფხულზე უკრაინაში თავის ახალწვეულებს, თუ მოქმედების სხვა გეგმას აირჩევს.“

ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა შეცვალა

ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება. ახალი სქემა ქალაქის მერიამ ბათუმის საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხს საკრებულო დღეს, 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს.

სამარშრუტო მიკროავტობუსების ახალი სქემა საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ამოქმედდება.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში შევიდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები სრულად აკმაყოფილებს და მორგებულია მგზავრების მოთხოვნებზე.“ – აღნიშნულია პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა.

„ახალი სქემით მიკროავტობუსების უმრავლესობის მარშრუტები უცვლელი რჩება და იცვლება ძირითადად, მიკროავტობუსების ყოველდღიური რაოდენობა და ინტერვალი.“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

ამასთან, ახალი სქემით:

  • გარკვეულწილად იცვლება N 39, 40 და 44 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტები [ისინი პუშკინის ქუჩით იმოძრავებენ].
  • ქალაქში აღარ იმოძრავებს N47 და N52 სამარშრუტო მიკროავტობუსები.
  • ზოგიერთ ხაზზე მიკროავტობუსების ყოველდღიური რაოდენობა მცირდება, ზოგიერთ ხაზზე კი – იზრდება.

ძირითადად იზრდება საშუალო ინტერვალი ერთიდაიგივე ნომრთ მოძრავი მიკროავტობუსებისთვის. მაგალითად, N20, და N21, რომლებიც ყოველ 10 წუთში უნდა მოძრაობდნენ, ახალი სქემით იმოძრავებენ ყოველ ნახევარ საათში; N27 მიკროავტობუსებისთვის ინტერვალი 10-ის ნაცვლად 20 წუთი იქნება, N29-ისთვის 12 წუთი, ნაცვლად 6 წუთისა; N33 მიკროავტობუსებს შორის ინტერვალი 15 წუთის ნაცვლად იქნება 30 წუთი და ა.შ.

  • ახალი სქემით მცირდება მიკროავტობუსების რაოდენობა შემდეგ ხაზებზე: NN 20, 21, 27, 29, 30, 33, 36 და 42;
  • მიკროავტობუსების ყოველდღიური რაოდენობა იზრდება შემდეგ ხაზებზე: NN 25, 28, 32, 34, 39, 40, 44, 45 და 46.

ბათუმის მერიას ვკითხეთ, რომ მიკროავტობუსები ფაქტობრივად აღნიშნულ ინტერვალებს ძირითადად არ იცავენ და როგორ ხორციელდება კონტროლი?-

„მიკროავტობუსებს შორის ინტერვალი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აკონტროლოს“ – გვითხრეს მერიაში.

ქალაქის მერიას ამ დრომდე არ შეუტანია პროექტი საკრებულოში, მგზავრობის ტარიფების გადახედვაზე. მიკროავტობუსებში კი, თითქმის 10 თვეა რაც მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად 70 თეთრს უკანონოდ ახდევინებენ.

[yellow_box]ამ თემაზე ვრცლად: მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ბათუმში 50 თეთრი რჩება 2025 წლის აპრილამდე[/yellow_box]

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებში საბანკო ბარათით გადახდის სისტემის დანერგვასაც გეგმავს.

სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კი, ხელახალი კონკურსი მერიამ უახლოეს მომავალში უნდა გამოაცხადოს, ვინაიდან არსებულ ნებართვებს ვადა 2022 წლის პირველ დეკემბრამდე აქვს.

ჩადებს თუ არა მერია კონკურსის მოთხოვნებში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას, ჯერ უცნობია.  ასეთი მოთხოვნა წინა კონკურსის პირობაშიც იდო, მაგრამ მაშინ ელექტრონული გადახდის სისტემის დანერგვა მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს აღარ დაავალა.

სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის ახალი სქემა,
რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს

განახლება: ახალი სქემა ბათუმის საკრებულომ 31 ოქტომბრის დადგენილებით დაამტკიცა, რომელიც ძალაში შევიდა პირველ ნოემბრიდან.

ბაირაქტარს ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ რაკეტებით შეაიარაღებენ

რაკეტების ინტეგრაცია უპილოტო Akıncı-სა და Bayraktar TB2-თან იქნება საჰაერო პატრულირების ის კონცეფცია, რომელიც მტრის შვეულმფრენებისა და დრონების თავდასხმის საფრთხეებს აღმოფხვრის.

უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების თურქი მწარმოებელი Baykar-ი აპირებს თავისი ის დრონები, რომლებსაც უკრაინა იყენებს, აღჭურვას „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებით, რათა დაუპირისპირდეს ირანულ კამიკაძე დრონებს, რომელსაც რუსეთი იყენებს.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა.

„მალე ჩვენი Bayraktar TB2 და Akıncı-ი აღიჭურვებიან რაკეტებით „ჰაერი-ჰაერი“ – არა მხოლოდ დრონების, არამედ მტრის სხვა შვეულმფრენების განადგურების მიზნით. ჩვენ ვატარებთ ტესტირებას“, – თქვა ბაირაქტარმა.

თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებში კომპანია Sungur-ის რაკეტების ინტეგრირება იგეგმება.

Sungur-ი გამოცდილი საბრძოლო პროდუქტია, განსაკუთრებით მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა შვეულმფრენები და დრონები. მისი გამოყენება უპილოტო საფრენი აპარატებიდან შეცვლის სიტუაციას, – განაცხადა მურატ იკინჯიმ, Roketsan-ის გენერალურმა მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ Akıncı-სა და Bayraktar TB2-თან „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების ინტეგრაციით, ძვირადღირებული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენების ნაცვლად, შეიძლება შეიქმნას საჰაერო პატრულირების იაფი კონცეფცია ისეთი საფრთხეების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა თავდასხმები მტრის შვეულმფრენებიდან, უპილოტო სამხედრო მოწყობილობებიდან, მათ შორის კამიკაძე დრონებიდან.

ბაირაქტარმა ასევე აღნიშნა, რომ ირანული კამიკაძე დრონები ნელია, ხმაურიანი და დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, რაც მათ „ადვილ სამიზნეებად“ აქცევს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას თავისი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში“, – განაცხადა ბაირაქტარმა.

მან ასევე აღიარა, რომ ახლახან უკრაინა პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც TB2 სამხედრო-საზღვაო მისიაში გამოიყენა. თუმცა ბაირაქტარმა დეტალები არ დააკონკრეტა.

უპილოტო სამხედრო საფრენ აპარატებს – ბაირაქტარებს რუსეთ-უკრაინის ომში, განსაკუთრებით ომის საწყის ეტაპზე, აქტიურად იყენებდა უკრაინის შეიარაღებული ძალები.

ასევე დაადსტურებულია, რომ კომპანია უკრაინაში გახსნის ბაირაქტარების მწარმოებელ ქარხანას.

რუსები ცდილობენ ლუგანსკში უკრაინის არმიის წინსვლა შეაჩერონ – გაიდაი

რუსეთის სარდლობამ თავის სამხედროებს უბრძანა შეაჩერონ უკრაინელი მეომრების წინსვლა ლუგანსკის რეგიონში. ამის შესახებ FREEDOM-ის ეთერში ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კრემენნაია-სვატოვოს მონაკვეთს დაიკავებენ, რეგიონში ოკუპანტების ლოგისტიკა „მოიშლება“.

„ყველაფერს ნაღმავენ, ალბათ ამოცანაა – წინსვლის შეჩერება, რადგან მათ კარგად იციან, რომ თუ სვატოვოდან კრემენნაიამდე მონაკვეთს ვერ დაიცავენ, მაშინ უკვე მარშრუტი პირდაპირ სტარობელსკისკენ იქნება. მთელს ლუგანსკში კი რეგიონის ლოგისტიკის ჯაჭვი იქიდან კონტროლი“, – დასძინა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ოკუპანტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის მხოლოდ „შენელება“ შეუძლიათ. ასე რომ, კრემენნაია-სვატოვოს მონაკვეთზე რუსები ნაღმავენ მდინარის ნაპირებს, მაგისტრალებს და გზებს.

„მათ ძალიან ეშინიათ, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. რუსებმა კრასნორეჩენსკოეს მახლობლად, მდინარე კრასნაიაზე ხიდი ააფეთქეს“.

რუსები რეგულარულად უშენენ ცეცხლს ბელოგოროვკას და ცდილობენ შეამოწმონ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა – ბახმუტის რაიონში კი სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

გაიდაიმ ოკუპანტის ტაქტიკაზეც  ისაუბრა: „ისინი საათობით ისვრიან, ბომბავენ გარკვეულ ტერიტორიებს, შემდეგ კი ცდილობენ გააგზავნონ 20-30 ადამიანი სიტუაციის შესაფასებლად – თუ დარჩა ვინმე დაბომბვის შემდეგ, შეუძლიათ თუ არა მათ თავდაცვა, ხომ არ არის შესაძლებელი იქ რაიმეზე ჩაჭიდება“.

გაიდაის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებით რუსეთი ანადგურებს საკუთარ ჯარისკაცებს: „ამ მიზნით იმდენი ხალხი გაუშვეს, როგორც ზოლოტეს, ასევე კრემენნაიას, სევეროდონეცკის თუ რუბიჟნოეს მიმართულებაზე… ეს ათასობით ჯარისკაცია. ნებისმიერი სხვა ნორმალური მეთაურობის პირობებში, ისინი ცოცხლები იქნებოდნენ“.

Exit mobile version