მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ბათუმში 50 თეთრი რჩება 2025 წლის აპრილამდე

21.06.2022
მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ბათუმში 50 თეთრი რჩება 2025 წლის აპრილამდე

2022 წლის 20 ივნისიდან ძალაში შევიდა საკრებულოს ახალი დადგენილება, რომლითაც, მიკროავტობუსებით მგზავრობის ადრე დამტკიცებული საფასურის [50 თეთრი] მოქმედების ვადა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

ბათუმში უკვე მეშვიდე თვეა სამარშრუტო მიკროავტობუსებში მძღოლები მგზავრებს კანონით დადგენილი 50 თეთრის ნაცვლად, თვითნებურად, 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კი მერიას საკრებულოსთვის დღემდე არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით განცხადება მერიაში გადამზიდავ კომპანიებსაც აქვთ შეტანილი.

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით [სამარშრუტო მიკროავტობუსით] სამგზავრო გადაყვანის ტარიფი – 50 თეთრი 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. თავდაპირველად ამ ტარიფის მოქმედების ვადა 2020 წლის აპრილამდე იყო განსაზღვრული, შემდეგ – 2022 წლის აპრილამდე, ამჯერად კი აღნიშნული ტარიფი 2025 წლის აპრილამდე იმოქმედებს [თუ, რა თქმა უნდა, მას საკრებულო არ შეცვლის].

2018 წელს დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გახანგრძლივების „მიზეზი და მიზანი“ ბათუმის მერიას ასე აქვს განმარტებული: „საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის დადგენილებით, M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განისაზღვრა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. გამომდინარე აქედან, ცვლილება შედის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში და დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2025 წლის პირველ აპრილამდე“.

დაახლოებით ერთი კვირის წინ „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, რომ „ქალაქის ფარგლებში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი რჩება იგივე – 50 თეთრი. ამ ეტაპზე მერიას საკრებულოსთვის არ მიუმართავს ამ ტარიფის ცვლილებაზე. რაც შეეხება იმას, რომ მიკროავტობუსებში მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ, ამ კუთხით ალბათ მუნიციპალური ინსპექცია გააძლიერებს კონტროლს“.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფასურის თვითნებურ გაზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. მიმდინარე წელს პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 91-ჯერ დააჯარიმა მგზავრების გადაყვანაზე პასუხისმგებელი შეპესეები.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან 13 ივნისს.

ამ თემაზე:

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: