მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

17.03.2020 • 2894
გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

ბათუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიგიენის წესების დაცვისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის საკითხი.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნაღდი ფულის გამოყენებისგან და ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ.

ბათუმის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა კი ქალაქის მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თავიდანვე არ დაავალა.

მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ ბოლო კონკურსი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ნებართვის მფლობელებს ლიცენზიის ვადა კი, 2020 წლის ოქტომბრამდე აქვთ. მანამდე ახალი კონკურსი გამოცხადდება.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟების მოთხოვნას, სავარაუდოდ, მომავალი კონკურსის პირობებში შეიტანენ.

სამარშრუტო მიკროავტობუსი N20ა / ბათუმი / 15.03.2020

სამარშრუტო მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მერია 2018 წელშიც გეგმავდა და 2019-შიც, თუმცა ეს საკითხი გადადო.

კონკურსში გამარჯვებულები ბოლო პერიოდში ფაქტობრივად ერთი და იგივე კომპანიები არიან, რომლებსაც გადახდის ელექტრონული სისტემის შემოღების ვალდებულება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით არ აქვთ.

ბათუმის მერიაში ადრეც და ახლაც ვერ გვითხრეს კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ამბობდა და ამბობს მუნიციპალიტეტი აღნიშნული სერვისის შემოღებაზე უარს.

გასულ წელს მერიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ამ კუთხით გრძელდება მუშაობა და შესაძლოა კონკურსიდან ექვსი თვის შემდეგ შემოიღონ გადახდის ასეთი სისტემა [ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნებოდა აუცილებელი].

ასეთი რამ მერიას აღარ გაუკეთებია.

ბათუმის მერმა კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მერიის სამსახურების თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა, გააუქმა გარკვეული ღონისძიებები და „იაფ სახლზე“ განაცხადების მიღებაც კი შეწყვიტა.

„ახლა, რომც დავავალოთ კომპანიებს, 2-3 თვე მაინც დასჭირდება ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას. ზაფხულში ახალი კონკურსი გამოცხადდება და ამ საკითხს, ალბათ, მაშინ შევიტანთ ერთ-ერთ მოთხოვნად კონკურსის პირობებში,“ – გვითხრეს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, ბათუმში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებში შესაძლებელი იქნებოდა მგზავრობის საფასურის გადახდა იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც გადახდა დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი.

ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსებს დეზინფექცია უტარდება, თუმცა ქალაქში ვერ ხერხდება მიკროავტობუსებით ჭარბი მგზავრების გადაყვანის პრობლემის მოგვარებაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ.

ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/260074/

მთავარი ფოტო: ფეხზე მდგომი მგზავრები და მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ფულით ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსში N39

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: