რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 15 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 115 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
  • ტანკი – 3 106 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 183 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 094 ერთეული [+4]
  • MLRS – 437 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 219 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 286 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 872 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+26]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 846 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 187 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 15 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 372 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 882 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 525 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 982 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 836 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 052 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]20-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი დნიპროში, რომელიც რუსეთმა დაბომბა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

გვჭირდება იარაღი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს საწყობებში ულაგიათ – ზელენსკი

გვჭირდება იარაღი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს საწყობებში ულაგიათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში დღევანდელ სარაკეტო თავდასხმაზე ისაუბრა.  ზელენსკიმ თქვა, რომ შესაძლებელია „რაშისტების ტერორისტული თავდასხმების შეჩერება“, ოღონდ ამისთვის მათ პარტნიორებმა უნდა მიაწოდონ შესაბამისი იარაღი.

„შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია ამის მიღწევა სხვაგან, გარდა უკრაინის ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში.

რა არის ამისთვის საჭირო? ის იარაღი, რომელიც ჩვენ პარტნიორებს აქვთ საწყობებში და რომელსაც ასე ელიან ჩვენი ჯარისკაცები. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ შეიძლება შეაჩერო ის, ვინც სიკვდილს თესავს. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვეხმარება!“ – განაცხადა ღამის მიმართვაში ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს რუსებმა უკრაინაში 30 რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო-თავდაცვის ძალებმა კი 20 რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

დღეს, 14 იანვარს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო განგაში, რადგან რუსეთმა მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ერთი რაკეტა დაეცა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ცდილობენ კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა.

თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს 

ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 30 იანვარს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 11 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის შედეგების მიხედვით [რაც სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს], თამარის ციხეს განსაკუთრებული ზიანი მიადგა გასულ საუკუნესა და ამ საუკუნის დასაწყისში:

[crosslist]

  • „მეორე მსოფლიო ომის დროს აქ განთავსდა ბათუმის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთ-ერთი ქვედანაყოფის საცეცხლე პოზიცია… თხემის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განათავსეს სხვადასხვა დანიშნულების დროებითი სამეურნეო თუ კომუნალური ნაგებობები… გორაკის სიღრმეში გაყვანილ იქნა დიდი ტევადობის კაპიტალური ბომბსაფარი, რომლის გვირაბების გაყვანის დროს მიკვლეულ იქნა ძველი ჭა და ყოროლისწყალზე ჩამავალი ძველი გვირაბის ტრასა, რომელიც ბომბსაფრის თაღების მშენებლობის დროს ცემენტის საფარქვეშ მოჰყვა. ბომბსაფრის გვირაბის ტრასას შეეწირა შიდაციხის ჭაც…
  • ციხის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის განადგურება კი განაპირობა 1960 წელს კაფე-პავილიონის მშენებლობამ, რომელმაც ციხის ტერიტორიის 200 კვ.მ ფართობი დაიკავა. კაფე-პავილიონი ჩაიჭრა თხემის რელიეფში, ისე, რომ მისი სახურავი გაუტოლდა მიწის ზედაპირის დონეს. პავილიონის თავზე მოწყობილი იყო ლითონის
    მოაჯირებიანი ტერასა ზღვისა და ქალაქის ხედების აღსაქმელად…
  • 2001 წლიდან, პავილიონის რეკონსტრუქციის შედეგად შენობაში ფუნქციონირება დაიწყო ბათუმის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ეკლესიამ. ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ჩუქურთმების მოტივებით ფასადის შემკობის მიუხედავად, სამლოცველო ესთეტიკური გადაწყვეტით არ გამოირჩევა… ეკლესიის მშენებლობას შეეწირა ციხის დასავლეთ მონაკვეთი.“

[/crosslist]

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს თამარის ციხის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების პროექტიც. თუმცა, მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ამ ტენდერის ფარგლებში, ციხის კონსერვაცია არ იგეგმება.

მაგალითისთვის – ამონარიდი ციხის კონსერვაციის პროექტიდან, რომელიც სატენდერო დოკუმენტებს ახლავს. ტენდერი კი, ტექნიკური დავალების მიხედვით, ასეთ სამუშაოებს არ ითვალისწინებს

თამარის ციხის სარესტავრაციო/საკონსერვაციო სამუშაოების [ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის] პროექტების მომზადებაში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შპს „ინჟინერიუსისთვის“ 49 500 ლარი აქვს გადახდილი 2022 წელს.

ტურისტული ინფრასტრუქტურა ციხის ტერიტორიაზე სწორედ ამ კომპანიის მიერ მომზადებული პროექტით მოეწყობა.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის დაიწყება უშუალოდ ციხის კონსერვაცია/გამაგრების სამუშაოები, ან იგეგმება თუ არა ასეთი სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში; ამასთან, რა თანხაა საჭირო, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში, დღეს ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

„გასამაგრებელია ძველი ციხის კედლები, ზოგ ადგილას ვფიქრობთ მოსაწყობი იქნება საძირკვლები, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო… ძეგლის უსაფრთხოება უპირველესია, როგორც ადგილზე არსებული ეკლესიის მსახურთათვის, ისე მრევლისა და მრავალი ტურისტისთვის. ძეგლის კონსტრუქციული გამაგრება უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს დამთვალიერებლებისათვის და რაც მთავარია, ძეგლს გაუხანგრძლივდება სიცოცხლე და ექსპლუატაციის ვადები“, – აღნიშნულია პროექტში.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით კი:

მოსამზადებელი სამუშაოებია:
  • თამარ მეფის გამზირის მხრიდან ასასვლელი კიბის დაშლა;
  • ეკლესიის წინ არსებული ტერასის დაზიანებული ფილის დაშლა;
  • ეკლესიის წინ, ტერასის დამჭერი ამორტიზებული ბეტონის კედლის დაშლა;
  • რკინიგზის მხრიდან, ეკლესიაში ასასვლელი საფეხმავლო ბილიკის და კიბის დაშლა;
  • თამარ მეფის გამზირის მხრიდან, ტროტუარის გასწვრივ არსებული რკინაბეტონის საყრდენი კონსტრუქციების მოხსნა;
  • ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფერდებზე ბეტონის კიბეების დაშლა;
  • ეკლესიის უკან, ციხის ტერიტორიაზე არსებული ბეტონის ბილიკის დაშლა;
  • აღმოსავლეთ მხრიდან ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკის მიმდებარედ, არსებული ბეტონის კედლების ნარჩენების დაშლა.
სარესტავრაციო სამუშაოებია:
  • ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • თამარ მეფის გამზირის მხრიდან, ციხეზე ასასვლელი მონოლითური რკინაბეტონის კიბის მოწყობა განშტოებით; ხიდური ტიპის მონოლითური რკინაბეტონის ბილიკის და კიბეების მოწყობა; მონოლითური რკინაბეტონის ბურჯების მოწყობა;
  • ეკლესიის წინ ტერასის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა; ტერასის მონოლითური რკინაბეტონის ფილის მოწყობა და მოპირკეთება მოზაიკით, არსებული ნახატის გამეორებით;
  • აღმოსავლეთის მხრიდან ეკლესიაში ასასვლელი ბილიკის და კიბის მოწყობა;
  • საპროექტო ტერიტორიაზე სამანქანო ასასვლელის მოწყობა; ავტოსადგომზე მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; ავტოსადგომისა და ავტოსადგომიდან ასასვლელი კიბის მოწყობა; სამანქანო ასასვლელის და შუა ტერასის დამაკავშირებელი ბილიკის და კიბეების მოწყობა;
  • არსებული ტერასის მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით; პირველი დონის არსებული ტერასიდან მეორე დონის არსებულ ტერასამდე ასასვლელი კიბის მოწყობა; მეორე დონის არსებული ტერასის მოპირკეთება; მეორე დონის ტერასიდან მესამე დონის ტერასამდე ასასვლელი კიბის მოწყობა;
  • პირველი დონის არსებული ტერასიდან თამარ მეფის გამზირის მხარეს, ციხეზე ასასვლელ კიბემდე დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა; თამარ მეფის გამზირის გასწვრივ ქვის წყობის საყრდენი კედლის მოწყობა; ტროტუარის მოწყობა საცხოვრებელი უბნის მხრიდან არსებული გზის გასწვრივ.
  • ასევე ელ. მომარაგების სამუშაოები.
ციხეზე ასასვლელი ბილიკები და ციხის ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერები სატენდერო დოკუმენტებიდან

ბათუმის მერიის სამმართველო, როგორც შემსყიდველი, მომავალ მიმწოდებელს, ანუ ტენდერში გამარჯვებულს უკრძალავს ინფორმაციის გაცემას შემდგომში ძეგლთან მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

კერძოდ, ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა თავიდან აცილებულ იქნას ამ სამუშაოებით დაინტერესებული პირების არასწორი ინფორმირება.“

ამასთან, აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს დაეკისრება ყოველ ასეთ დარღვევაზე ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით“.

 

[toggle title=”თამარის ციხის კვლევითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათის სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]

„ბათუმის (თამარის) ციხე“, იგივე „ლოსორიონი“ აჭარაში, ქალაქ ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროზე, მთავარი გზიდან აღმოსავლეთით, შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობის პირველი საფუძველი VI საუკუნეში ჩაიყარა, თუმცა, სხვადასხვა პერიოდში პერმანენტულად ხდებოდა უხეში ჩარევები.

ციხე არ არის ჩვეულებრივი თავდაცვითი ნაგებობა, თავდაპირველად იგი ცენტრს წარმოადგენდა, რის ირგვლივაც ხდებოდა ქალაქის განვითარება ტერასულად.

დროთა განმავლობაში, ციხის ტერასები მოიჭრა, გაჩნდა ცენტრალური მაგისტრალი და შიდა გზები, შესაბამისად, მანძილი ბორცვიდან ზღვამდე გაიზარდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით ამ დასახლების უძველესი კულტურული ფენები I ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.

ციხეზე რამდენიმე სამშენებლო პერიოდია გამოკვეთილი, შეიმჩნევა ორმაგი კედლები, გვიანდელი გადაკეთებები და უახლესი დროის უხეში ჩარევები.

სამანქანო გზიდანვე იწყება ციხეზე ასასვლელი საფეხურები, იქვეა დავით კომახიძის სახელობის რელიგიური მუზეუმი, რომლის წინა ეზოშიც, ბოლო დროს გამოიკვეთა ძველი დეკორატიული აუზი – ფანტანით.

პირველი საფეხურები მეტად მოუხერხებელი სიმაღლისაა, ცოტა ზევით, შედარებით ძველი, მასიური ქვის საფეხურებია, რითაც ავდივართ ციხის ქვედა ტერასაზე, სადაც, დღეისათვის ეკლესიაა მოწყობილი, ყოფილი კაფე-პავილიონის შენობაში.

ეკლესიის მშენებლობას შეეწირა ციხის დასავლეთ მონაკვეთი.

ციხის სამხრეთი კედელი რამდენიმე წლის წინ თვითნებურად აღუდგენიათ, გაუგებარია მცდელობა რა იყო, ამ ადგილზე ქონგურების თუ ფანჯრის ღიობების მოწყობა.

ბოლო დროის უხეში ჩარევები ციხის შიდა პერიმეტრზეც მრავლადაა, დარბაზის სამხრეთით და დასავლეთით ბეტონის მასიური ფილაა დასხმული, მიწის პირიდან დაახლოებით 40 სმ. სიმაღლის, რომელზეც ტრაპეზის ქვა დევს (დღეისათვის ეს ადგილი როგორც სამლოცველო არ ფუნქციონირებს), ბეტონის ფილის აღმოსავლეთ
ნაწილში, ძალზედ უხარისხოდ, ქვითაა მოწყობილი სამთაღედი კონქებით.

საარქივო ანაზომებსა და ფოტოებზე, ამ ადგილას, მსგავსი ფორმები არ შეიმჩნევა. სამთაღედის შიდა სივრცე ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკია, რომელშიც ავთენტური კამაროვანი გადახურვაა შემორჩენილი.

ბეტონის ფილის ქვეშ მოყვა ისტორიული ქვევრი, რომლის პირიც დაუზიანებლად მოჩანს.

დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში, მიწის სიღრმეში თხრილებია, რომელიც დღეისათვის რიყის ქვითაა მშრალად ამოვსებული, გაუგებარია თუ რა სიღრმისაა ეს ღრმულები, თუმცა, ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აქ ჩაბეტონებული იყო ღია სანაყინეები, რომელთა დემონტაჟის შემდგომაც დარჩა ეს თხრილები.

ქვითაა ამოვსებული დარბაზის ინტერიერიც, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ თავშესაფრად.

ციხის მდებარეობიდან გამომდინარე მოსაწყობია ინფრასტრუქტურული კომპონენტები, რაც ძალზედ ფრთხილად უნდა შეერწყას ავთენტურ ნაწილს, სასურველია იყოს მშვიდი, სადა თუ ფონური გადაწყვეტები.

სასურველია მოიხსნას გვიანდელი ბეტონის მასიური ჩანართები, თუმცა, შესაძლოა მსგავსი ტიპის სამუშაოები ძეგლისთვის მეტად საზიანო გახდეს პერსპექტივაში, ამდენად, ვფიქრობთ, ბეტონის მასების დატოვებას ციხის ტერიტორიაზე და მათ ზედაპირულ მოპირკეთებას (მასალა და ფაქტურა გადაწყდება პროექტირების ეტაპზე).

რაც შეეხება გვიანდელ სამთაღედს, რაც უაღრესად არაპროფესიონალურად არის შესრულებული, აუცილებლად უნდა მოიხსნას და საჭიროების შემთხვევაში გადაეწყოს ახალ კირხსნარზე, ქარგილზე დადებით, თაღოვანი ქვის წყობით.

გასამაგრებელია ძველი ციხის კედლები, ზოგ ადგილას ვფიქრობთ მოსაწყობი იქნება საძირკვლები, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, სასურველია ამოსუფთავდეს და შემდგომში ამოიკეროს გამჭოლი ბზარები, რაც არ ითვალისწინებს მასიურ ჩარევას ძეგლის ავთენტურ სხეულში, ძალზედ ფრთხილად, ირიბად გაკეთდება 14 მმ.-იანი ნაბურღები, სადაც ჩამაგრდება უჟანგავი ლითონის ღეროვანა და შეივსება რთული კირხსნარით, წნევით, აღმავალი მიმართულებით, ზედაპირი დამუშავდება რესტავრატორების მიერ ავთენტურის იდენტური ნალესობისა თუ წყობის ამოგოზვის მეთოდით.

ციხის მთელ პერიმეტრზე მოხდება მორყეული წყობების მოხსნა, წარმოების დროს – მხოლოდ თლილი ქვების მარკირება, დასაწყობება, გამოფიტული დუღაბის ამორეცხვა და ქვების უკან დაბრუნება მარკირების სქემის მიხედვით, შესაძლოა ზედა ნიშნულზე საკონსერვაციო ფენების მოწყობა ქვით, რთული კონსისტენციის სქელ კირდუღაბზე. მოხდება გარკვეული დაზიანებული ადგილების აღდგენა ქვით კირდუღაბზე და ა.შ.

პროექტის მიხედვით განხორციელებული რეაბილიტაციის მოსალოდნელი შედეგების მიხედვით, ძეგლის უსაფრთხოება უპირველესია როგორც ადგილზე არსებული ეკლესიის მსახურთათვის, ისე მრევლისა და მრავალი ტურისტისთვის.

ძეგლის კონსტრუქციული გამაგრება უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს დამთვალიერებლებისათვის და რაც მთავარია, ძეგლს გაუხანგრძლივდება სიცოცხლე და ექსპლუატაციის ვადები.

წარმოების დროს აუცილებელი პირობაა არქიტექტორ რესტავრატორის, კონსტრუქტორისა და არქეოლოგის მუდმივი ზედამხედველობა, რათა, შესაძლოა მიწის სამუშაოების დროს გამოიკვეთოს ახალი სურათი, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს სპეციალისტების მიერ და მოხდეს სწრაფი რეაგირება.“ – ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელსაც ხელს აწერს არქიტექტორ-რესტავრატორი ნანა ინწკირველი. [/toggle]

 

თამარის ციხის ადგილმდებარეობა / სატელიტიდან გადაღებული ფოტო
მთავარი ფოტო: თამარის ციხე ბათუმში / ფოტო საპროექტო-სატენდერო დოკუმენტებიდან

რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ

„რატომ ნიკა მელია? – მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და უნდა იყოს ის მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რასაც მარტო ვერ შეძლებ. საჭიროა ერთი დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება“, – ასე ახსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერა.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი მონაწილეობენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ისინიც, ვინც დღეს მასთან ერთად ნიკა მელიას მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, მიიჩნევენ, რომ ის „ყველაზე მეტად ასხივებს, რომ შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება.“

გიორგი კირთაძე 15 წელზე მეტია, რაც ამ პარტიის წევრია, 10 წელზე მეტი, რაც პარტიის ბათუმის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, იყო საკრებულოს წევრი, შემდეგ კი მისი თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია. მას, როგორც ერთ-ერთ ლიდერს, წლები აკავშირებს პარტიის იმ წევრებთან, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და აცხადებენ, რომ პარტიაში „ცვლილებების დრო“ სწორედ ახლაა.

„წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას. მიმაჩნია, რომ ისინი აბსოლუტურად  მნიშვნელოვანი ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქვეყნისთვის“, – ამბობს კირთაძე და გვარწმუნებს, რომ სჯერა – პარტია არჩევნების შემდეგ არ გაიყოფა.

მაგრამ ამბობს, რომ თუ ნიკა მელია გაიმარჯვებს, დარჩება და „ბრძოლას გააგრძელებს“, თუ სხვა „დარჩება და ბრძოლას გააგრძელებს ავტოკრატიის წინააღმდეგ, მაგრამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ იქნება. ახალი თავმჯდომარე მოვა თავისი გუნდით“.

გიორგი კირთაძე

მისი თანაპარტიელები, რომლებიც ნიკა მელიას მხარს არ უჭერენ, სოციალურ ქსელებში კრიტიკულად შეაფასეს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგი. გიორგი კირთაძემ კი არც ამჯერად უღალატა ჩვეულ თავშეკავებას, რასაც ვერ ვიტყვით მირდატ ქამადაძეზე. ბათუმში მელიას მხარდამჭერთა ახლადშექმნილი შტაბის ხელმძღვანელმა, გაცილებით ღიად და რადიკალურადაც კი შეაფასა ვითარება. ის არც პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის კრიტიკას მორიდებია.

„ნიკა მელია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვა. ეს, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენ პარტიაში სხვადასხვა კანდიდატებთან… დღეს ქვეყანაში საჯარო, თავისუფალი პოლიტიკის დროა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ნიკა მელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა იყოს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“

  • გავრცელებულ ჩანაწერებზე 

„ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს“, – ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებას ასე აფასებს მირდატ ქამადაძე, თუმცა ასევე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ დგას ამის უკან:

„ვინ დგას ამის უკან ამაზე კონკრეტული მტკიცებულება ჯერჯერობით არ გამაჩნია. მე მაქვს პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეს სტანდარტიც უნდა დამკვიდრდეს, ხელი უაპელაციოდ არ გავიშვიროთ ერთმანეთის წინააღმდეგ თუ მტკიცებულებები არ გვაქვს. საზოგადოების გონიერ ნაწილს შეუძლია დასვას კითხვა და პასუხი იქნება მარტივი, ყველაფერი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. ეს ეჭვები უნდა გაქარწყლდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართულ პოლიტიკაში ფარული ჩანაწერების პოლიტიკა დასრულდეს, ეს იქნება შიდაპარტიული თუ საჯარო პოლიტიკა. თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს და სწორად და სამართლიანად გვაქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ, ერთ-ერთი პრეტენზიაა, რომ არაფორმალურად მართავს ის ქვეყანას და ჩანაწერებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.“

მირდატ ქამადაძე

მირდატ ქამადაძე დარწმუნებულია, რომ „ჩანაწერები მოპოვებული და ფაბრიცირებულია სუსის მიერ“. თუმცა ასევე ფიქრობს, რომ „მისი გამოყენება შიდაპარტიულად ვიღაცას დასჭირდა ძალაუფლების მოპოვებისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია თუ სხვა, ნებისმიერი საშიშია, თუ ფაბრიცირებული ჩანაწერებით იბრძვის.“

  • ლევან ვარშალომიძე –  „მმართველი კულისებიდან“

დღევანდელ ბრიფინგზე ბათუმის ორგანიზაციაში პირველად გაისმა ხმამაღალი საყვედურები ლევან ვარშალომიძის მიმართ. ამ დრომდე ის, ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებთან, აჭარაში უპირობო ლიდერად სახელდებოდა. მირდატ ქამადაძემ ლევან ვარშალომიძე მათ შორის მოიხსენია, ვისაც წარმოუდგენია, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები არის პარტიისთვის დამღუპველი:

„ჩვენ პერსონალური დაპირისპირება არავისთან გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს იდეური და ღირებულებითი განსხვავება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია მთავარი ოპოზიციური პარტია განვითარდეს და ძალა მოიკრიბოს, თუ პარტიაში არ იქნება დემოკრატიული პროცესები. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ზემოთ, ვერტიკალი რასაც გადაწყვეტს, იმას ასრულებ“.

მირდატ ქამადაძის თქმით, ლევან ვარშალომიძის ეს პოზიცია საჯარო შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონმა გააჟღერა: „მან პირდაპირ თქვა, რომ ახმოვანებდა ლევან ვარშალომიძეს და პარტიაში დემოკრატიული პროცესები არის მიუღებელი.“

მირდატ ქამადაძეს დღეს ჰკითხეს, თუ გადაამოწმა მან ეს ინფორმაცია ლევან ვარშალომიძესთან, რაზეც მან განაცხადა:

„საუბარი რომ შევძლოთ, ეს ადამიანები, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, უნდა გამოვიდნენ კულისებიდან. თუ გამოვა ეს ხალხი გარეთ, მოვახერხებთ საუბარს. თუ დარჩებიან კულისებში კანდიდატები და ჩვენ, საზოგადოებას შეეცდებიან თვალი აგვიხვიონ თითქოს უკან არავინ არ დგას, საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს თურმე… საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილსაც“.

დღესვე, ბრიფინგზე ითქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის – ლევან ხაბეიშვილის უკან დგას.

  • „შტაბის გახსნა გავიგე, მაგრამ ლევან ვარშალომიძეზე ისრების გადატანა ვერ“ – ლევან ანთაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბის გახსნა, მაგრამ გაუგებარია, რატომ გადაიტანეს პარტიის წევრებმა ისრები პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე:

„იმის გამო, რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს? კანდიდატების შტაბის გახსნაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ არ ვიცი, რატომ დაიწყო მცდელობით, რომ ლევან ვარშალომიძეს ჩრდილი მიაყენოს, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს ასე ემოქმედათ მეგობრებს. მე ნამდვილად არ მომისმენია და პირველად მესმის ლევან ვარშალომიძეზე მსგავსი მოსაზრებები. მირდატ ქამადაძის გამოსვლებში იყო რაღაც ტონები, მაგრამ პირდაპირ არავის ულაპარაკია ჩემთან და არც სხვასთან. სასაცილო მგონია იმის თქმა, რომ ლევან ვარშალომიძე კულისებიდან მართავს. ჩვენ ხომ აჭარაში ვცხოვრობთ და ვიცით ვინ რა გააკეთა, თუნდაც იგივე ლევან ვარშალომიძემ“.

ლევან ანთაძის ინფორმაციით, ვარშალომიძეს 30 დეკემბერს ჰქონდა შეხვედრა აჭარის ორგანიზაციის წევრებთან, 31 დეკემბერს კი  თათბირი ბათუმის აქტივთან:

„რა არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობთ. არჩევნებში თუ აჭარის ორგანიზაციის მმართველი არ არის ჩართული, აბა ვინ არის? – ეს ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა საქართველოს მასშტაბით. შტაბის დაფუძნებაზე რომ ცდილობ ლევან ვარშალომიძე გააშავო, ეს გაუგებარია ჩემთვის. ან მელიას რაში აწყობს ლევან ვარშალომიძის გაშავება. ლევან ვაშალომიძე შეიძლება ერთს უჭერდეს მხარს, ან მეორეს. ამაში რა არის გასაკვირი. გიორგი კირთაძე თუ მელიას უჭერს მხარს, რატომ არ შეიძლება სხვამ მეორეს დაუჭიროს მხარი. ან ვანო მერაბიშვილს მისი შეხედულება რომ ჰქონდეს გასამტყუნია?“

გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ

რაც შეეხება ჩანაწერების გავრცელებას, ლევან ანთაძის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ ჩანაწერები სუსმა გაავრცელა. მან ასვე დაგვიდასტურა, რომ 30-31 დეკემბერს ლევან ვარშალომიძესთან გამართულ შეხვედრებს გიორგი კირთაძე არ ესწრებოდა.

  • საკრებულოს წევრები გაუგებრობაში არიან – რეზო ხარაზი

ბრიფინგს ბათუმის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ფრაქცია ნიკა მელიას უჭერს მხარს. ფრაქციის ყველა წევრი ბრიფინგს არ დასწრებია, მათ შორის იყო რეზო ხარაზიც. ის ნიკა მელიას მხარდამჭერი არ არის და მიიჩნევს, რომ ფრაქციაში „ცვლილებების დროა“.

„კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება და თითოეული ჩვენგანი ვრწმუნდებით, რომ ეს არჩევნები იყო აუცილებელი. პარტიაში მთავარი მუშაობაა, თუ შეგიძლია საქმე აკეთო, იმის დრო არ დაგრჩება, რომ ჭორაობას აჰყვე, რაღაცები გამოიგონო, დადგე და ილაპარაკო. პარტიამ რომ გამართულად იმუშაოს, სტრუქტურა და გამოცდილი ადამიანებია საჭირო. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვნახეთ უმოქმედობა და ეს აისახება არჩევნებზეც. დღეს ვნახეთ, რომ პარტიის მცირე ჯგუფმა გააკეთა განცხადება, ჩემთვის პატივსაცემია ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს ნიკა მელიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მელიამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა. დღეს სხვა რესურსი სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“.

2016 წელს პარტიის გაყოფამ ვერაფერი დააკლო „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ უფრო გაიზარდა და გაძლიერდა… დღეს ვხედავთ ვარშალომიძეზე აქცენტირებულ თავდასხმას, ახლა ვიღაცებს ეს დასჭირდათ, საზოგადოების უმრავლესობა გასცემს ამას პასუხს ამ არჩევნებზე. რაც შეეხება „თავისუფლების კვარტალს“, მის სულისჩამდგმელი თავიდან ბოლომდე ლევან ვარშალომიძე იყო თავისი რესურსით. ვისაც თითი თითზე არ დაუკარებია ამ წლების განმავლობაში და სატელევიზიო ინტერვიუებით შემოიფარგლებოდა, მათ მინდა მოვუწოდო თავი დაანებონ ლაფის სროლას“, – ამბობს რეზო ხარაზი.

  • ხვალ აჭარაში მხარდამჭერები ლევან ხაბეიშვილს ხვდებიან

ლევან ანთაძის ინფორმაციით, ხვალ, 15 იანვარს, მხარდამჭერებს ბათუმში ლევან ხაბეიშვილი შეხვდება.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

2023 წელს რუსეთმა პირველი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე – დაჭრილია მინიმუმ 10 ადამიანი

დღეს, 14 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობის ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 15 ადამიანი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება – სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო უკრაინაში, დღეს მთელი დღეა განგაშია. 2023 წლის დადგომის შემდეგ რუსებმა დღეს პირველად მიიტანეს უკრაინაზე მასშტაბური მასირებული სარაკეტო იერიში.

„ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რადგან მტერი მუდმივად ამატებს სამხედრო ძალებს“, – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, მტერი ურტყამს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.

„რუსი ოკუპანტები აფართოებენ ძალებს შავ ზღვაში. ამჟამად მოწინააღმდეგის საბრძოლო ფლოტი შედგება 5 ხომალდისგან, რომლებზეც განთავსებულია და მზადყოფნაშია „კალიბრის“ ტიპის 36 რაკეტა“, – აცხადებს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესცენტრის ხელმძღვანელი.

„სამხრეთის“ სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტების ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა არ აზუსტებენ ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობას, რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება მტერმა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს რუსეთმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს კი არ გააჩნიათ ეფექტური საშუალებები ამ რაკეტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

მედიის ინფორმაციით, ექსპერტებს ჯერ არ დაუდგენიათ ზუსტად რა ტიპის რაკეტები გამოიყენა რუსეთმა დღეს, 14 იანვარს, უკრაინის დედაქალაქის დასაბომბად. მათი ვარაუდით, ეს არის ბალისტიკური რაკეტა ან С-300, რომელიც ბალისტიკური ტრაექტორიით დაფრინავს.

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა. შტაბს ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 14 იანვარს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციიის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რომ იმ დროს, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად პარტიამ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, შიდაპარტიული არჩევნების დრო არ იყო, თუმცა, რადგან არჩევნები დანიშნულია ის უნდა ჩარტარდეს, ხოლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

გიორგი კირთაძის თქმით ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის წევრების უმრავლესობა ნიკა მელიას უჭერს მხარს.

მირდატ ქამადაძემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ „პარტია უნდა იმართებოდეს დემოკრატიულად და არა კულისებიდან“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ბრიფინგზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხეს.

ბრიფიგს ბათუმის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ფრაქცია ნიკა მელიას უჭერს მხარს.

2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი  გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია  უკვე დაიწყო და 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდება .

პარტიის განცხადებით, რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა, განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის, „ბლოკჩეინის“ სისტემის გამოყენებით.

ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის პროექტი მაისამდე უნდა მომზადდეს – 587 000 ლარად

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 587 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „აჭარკაპმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს.

სწორედ დეტალური პროექტირების შემდეგ დადგინდება, რა თანხა იქნება საჭირო ახალი სივრცის მოსაწყობად ჩაქვის დასახლებაში. ამის შემდეგ სამმართველო ტენდერს, უკვე მშენებლობაზე გამოაცხადებს.

ხელშეკრულებას თან ახლავს ესკიზი, რომლის მიხედვითაც:

  • „ძაღლების თავშესაფარი აღიქმება, როგორც ძაღლის ორი თათი. თითოეული თათი [ანუ თითოეული განყოფილება] თავისი დანიშნულებებისა და ფუნქციების მიხედვით შედგება ხუთი ძირითადი და ორი დამხმარე შენობა ნაგებობებისგან. ჯამში ორივე თათი შედგება 10 ძირითადი და ოთხი დამხმარე შენობა ნაგებობებით. ძაღლსაშენის მიმდებარედ განთავსებულია ძაღლების საწვრთნელი [სათამაშო] მოედანი. შენობა-ნაგებობები მიგვაჩნია იყოს მსუბუქი კონსტრუქციის. ჯამში ორივე განყოფილებაში შეგვეძლება განვათავსოთ 180-მდე ვოლიერი [ოთახი];
  • რაც შეეხება დამხმარე ნაგებობეს: დამხმარე ნაგებობებში განთავსდებილი უნდა იტოს ყველა საჭირო ოთახი, რომელსაც მოითხოვს თანამედროვე სტანდარტები და ნორმატივები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ობიექტის მაღალხარისხიან ფუნქციონირებას.
  • გრაფიკულ ესკიზე [რენდერი] მაგალითისთვის წარმოდგენილია იპოდრომის ტერიტორია, რომელზეც დაახლოებითი ზომებით განლაგებულია ძირითადი შენობა-ნაგებობები და სივრცეები თავისი დანიშნულებების მიხედვით: ადმინისტრაციული შენობა, დახურული მანეჟი, ტრიბუნა [საშუალოდ 200 ადამიანზე], არენა, ცხენების თავლა, ცხენსაბანი, საწყობი. თავლა გათვალისწინებულია დაახლოებით 30 ცხენზე…“
ჩაქვის დასახლებაში ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობის გეგმა ესკიზიდან

ხელშეკრულების მიხედვით:

  • „პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის პაკეტი დასრულებისთანავე, მიმწოდებლის მიერ შეტანილ უნდა იქნას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებებშიც [შესათანხმებელი მასალის ჩამონათვალი უნდა დაზუსტდეს კონკრეტულ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში].
  • პროექტის მომზადების ეტაპზე, თუ წარმოიშვა გარემოება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან უკვე გათვალისწინებული საჭიროებს ცვლილებას, შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ახალი გარემოება ან შეტანილი იქნას ცვლილება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას დამატებით წერილობით განუსაზღვროს მიმწოდებელს დამატებითი დავალება, პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით.
  • პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“.

ბათუმში, ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა ქალაქის მერიამ რამდენიმე წლის წინ დააანონსა, 2021 წელს კი, კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე; თუმცა, ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე, მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა [ხოლო ხელშეკრულება ამჯერად შპს „აჭარკაპმშენთან“ 587 ათას ლარზე გააფორმა].

ამავე თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

წუხელ ბათუმში „სანდასუფთავების“ საწყობი დაიწვა

14 იანვარს, ღამით, ბათუმში მერიის შპს „სანდასუფთავების“ საწყობში ხანძარი გაჩნდა. საწყობი ადლიის დასახლებაში მდებარეობს და ხანძარი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის გაჩნდა.

ხანძრის შედეგად, როგორც „ბათუმელებს“ სახანძროში უთხრეს, არავინ დაშავებულა.

შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, „სანდასუფთავების“ სხვადასხვა ინვენტარი იყო დასაწყობებული.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს და მიღებისთანავე აქვე მოგაწვდით.

ხანძარი ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ საწყობში / 14.01.2023

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 14 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 114 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 3 104 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 6 173 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 090 ერთეული [+4]
  • MLRS – 437 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 219 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 286 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 867 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 846 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 186 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 14 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 372 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 880 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 511 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 982 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 828 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 040 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბახმუტსა და სოლედართან რუსებმა 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს – პოდოლიაკი

ქობულეთში 5 მილიონად 25 ჰექტარი იყიდა კაცმა, რომელსაც აქამდე ბიზნესი არ ჰქონია

„მეხმარებიან“, – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ქობულეთში 25 ჰექტარი მიწა 5 მილიონ 250 000 ლარად იყიდა და 150 მილიონის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. შპს „სმარტ სითი ქობულეთის“ დამფუძნებელს ამ დრომდე ბიზნესი არ ჰქონია და, შესაბამისად, არც სერიოზული შემოსავალი. მან კომპანია ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე, უკვე შეძენილ ნაკვეთზე დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად დააფუძნა.

მაინც ვინ „ეხმარება“ აჭარის მთავრობის ახალბედა ინვესტორს? – ნიკა ევგენიძემ გვითხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს: „მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებო“.

აუქციონის პირობების მიხედვით, პროექტი „Smart City Kobuleti“ მრავალფუნქციური ობიექტების, სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.

რენდერი -კონცეფციის მონახაზიდან

რაც შეეხება ღირებულებას, აუქციონის პირობა საპრივატიზებო საფასურის ორ ეტაპად გადახდას ითვალისწინებს, ღირებულების 25 პროცენტი შემსყიდველს 2022 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, დარჩენილი ნაწილი კი 2024 წლის ივნისამდე უნდა დაფაროს.

აუქციონის პირობებიდან ირკვევა, რომ, საერთო ჯამში, ეს პროექტი არამხოლოდ მთავრობის მიერ გაყიდულ ნაკვეთზე აქვს წარმოდგენილი, არამედ სამინისტრო ქონების შემსყიდველისგან მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე, ჯამში 100 ჰექტრის განვითარების კონცეფციის წარდგენას ითხოვს. გარკვეულ მონაკვეთზე კი შემსყიდველს განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მომზადებაც მოუწევს.

შპს „სმარტ სითი ქობულეთი“ ნიკა ევგენიძემ 2020 წლის 8 ივნისს დააფუძნა და კომპანიის ხელმძღვანელადაც თავად ფიქსირდება.  2020 წლის 20 ივნისს კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ იგივე დასახელების „Smart City Kobuleti“-ს პროექტის შესაძლო განხორციელების შესახებ საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მისწერა და მოსაზრების გაზიარება სთხოვა – დაგეგმილი პროექტისთვის გათვალისწინებული ადგილი სახელმწიფო მნიშვნელობის გზას ესაზღვრება.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ მინისტრს აცნობა, რომ არ იყო წინააღმდეგი თუ „პროექტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ქობულეთის შემოსავლელის საავტომობილო გზის ღერძიდან 100 მეტრის ფარგლებს მიღმა განხორციელდებოდა.“ ამავე წერილში მოკლედ არის აღწერილი, თუ რა ტიპის, რა გაბარიტებისა და ფუნქციის მქონე შენობების მშენებლობას მოიაზრებდა აქ პროექტი.

მინისტრმა მოსაზრებები სხვა უწყებებისგანაც მიიღო, რის შემდეგაც ნაკვეთი აუქციონზე პირველად 2022 წლის თებერვალში გაიტანეს. ამ დროს კონცეფციის მონახაზი შპს „სმარტ სიტი ქობულეთს“ უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა და არც კომპანიის მფლობელი უარყოფდა, რომ ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო, მაშინ ვერ შეთანხმდნენ. აუქციონი ჩაიშალა.

სამინიტრომ ნაკვეთი გასაყიდად განმეორებით 2022 წლის ივნისში გაიტანა. კომპანიამ ის ერთი ბიჯით, უკონკურენტო გარემოში შეისყიდა.

ბსუ-ს სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურს ვერ იხდის – რას აპირებს უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები დაეწყოთ. ბსუ-ში სულ 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს და მათგან, როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან, 450 სტუდენტი მიმდინარე დასკვნით გამოცდებზე გასვლას, სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით ვერ ახერხებს.

საგამოცდო აუდიტორიებში გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ სტუდენტების ნამუშევრები გადაუხდელობის შემთხვევაში არ შეფასდება.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სტუდენტებს სემესტრის დასკვნით გამოცდაზე გასვლა, ანუ გამოცდის გადაბარება თვის ბოლოდან შეუძლიათ, თუ გადაიხდიან სწავლის საფასურს. რა ელით სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურს ვერც თვის ბოლომდე იხდიან? – ბსუ-ს პრესსამსახური ამბობს, რომ „აღნიშნულზე უნივერსიტეტი თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას [სტუდენტის] დავალიანების მოცემულობიდან გამომდინარე და სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“.

ბსუ-ში სწავლის საფასური დავალიანების მქონე 450 სტუდენტიდან 88-ს კორონავირუსის პერიოდის, ანუ ონლაინსწავლების დროინდელი დავალიანებაც აქვთ გადასახდელი. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სტუდენტებთან ბსუ-მ ინდივიდუალური შეთანხმება გააფორმა – დაგროვილი სწავლის საფასური ეტაპობრივად, 2022 წლის 30 აგვისტომდე უნდა გადაეხადათ.

სტუდენტებმა მაშინ გადახდა ვერ შეძლეს, თუმცა უნივერსიტეტს სტატუსი მათთვის არ შეუჩერებია და ახალი შეთანხმების მიხედვით, სწავლის საფასურის თარიღი 2023 წლის 30 იანვრამდე გადაწიეს.

ანრი ქამადაძე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. ის მიმდინარე დასკვნით გამოცდებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აბარებს. „ბათუმელებმა“ ანრის ჰკითხა, თუ მიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გადახდის თარიღის გადაწევის თხოვნით, რატომ ვერ იხდის სწავლის საფასურს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას და ა.შ.

ამ ეტაპზე ანრის დავალიანება 1125 ლარია. გვიყვება, რომ სწავლის საფასური აქამდე რამდენჯერმე სახელმწიფომ დაუფინანსა, როგორც სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რამდენჯერმე კი – თავად გადაიხადა.

„2020 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, კოვიდი იყო. პირველი კურსის პირველი სემესტრის სწავლის საფასური სრულიად დამიფინანსა სახელმწიფომ. მეორე სემესტრი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჭირდა, მაინც გადავიხადე. მეორე კურსზე მქონდა სწავლის საფასურის დავალიანების პრობლემა, რაც ასევე სოციალურად დაუცველი სტუდენტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, მეორე სემესტრის თანხა კი ისევ მე გადავიხადე. ახლა კიდევ შევეჯახე მსგავს პრობლემას“, – ამბობს ანრი.

ანრის, როგორც სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ახლა სწავლის საფასური იმიტომ არ უფინანსდება, რომ მისი ნიშნების საშუალო მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, რასაც ამ პროგრამით სარგებლობა ითვალისწინებს და პროგრამაში მონაწილეობის მიღებაც დააგვიანა. ანრის თქმით, გასულ წლებთან შედარებით დაბალი ქულები იმიტომ აქვს, რომ მეცადინეობისთვის დრო არ რჩება.

ანრი ამ ეტაპზე ერთ = ერთ სასტუმროში მუშაობს. მისი ხელფასი 900 ლარია, თუმცა ხელფასიდან სწავლის საფასური მაინც ვერ დაზოგა, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„სამსახურის გამო ყოველთვის ვერ დავდივარ უნივერსიტეტში. ცოტა რთული, 8 საათიანი გრაფიკი მაქვს. ძირითადად დილის საათებში ვმუშაობ. დილის 6 საათიდან 2 საათამდე, ან 8-დან 4 საათამდე. კვირაში 2 დღე მაქვს დასვენება და ვცდილობ [დასვენების დღეები] მაშინ ავიღო, როცა უნივერსიტეტში უნდა ვიყო. კვირაში 4 დღეს ვსწავლობ ბსუ-ში, აქედან გამომდინარე 2 დღეს დავდივარ, 2 დღის გაცდენა მიწევს, რადგან სამსახურს ვერაფრით გავაცდენ.

ქირით არ ვცხოვრობ, მაგრამ ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით ვარ. დიდია ყოველდღიური გზის ხარჯი და პლუს, ოჯახური პრობლემები… მეტწილად მე ვარ ოჯახში შემომტანი. ჩემი მშობლები პენსიონერები არიან, ვერ მუშაობენ. დედაჩემს ეპილეფსია აქვს, მამა პირველი ჯგუფის ინვალიდია…“ – გვიყვება ანრი.

ანრი ფიქრობდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო მხოლოდ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე შეეზღუდებოდა წვდომა და არა დასკვნით გამოცდებზე გასვლა.

„როცა აუდიტორიაში შევედი და ვიწყებდი გამოცდის წერას, იქ თქვეს, რომ არ გასწორდება სტუდენტების ნაშრომი, ვისაც 400 ლარზე მეტი აქვს დავალიანება. დაწერთ რექტორის სახელზე განცხადება და თვის ბოლომდე თუ გადაიხდით დავალიანებას, მოგეცემათ გამოცდაზე გასვლის საშუალება გადაბარების კვირაშიო. პირველ სემესტრის საფასური სულ 1125 ლარია და ფინალურ გამოცდამდე თანხის 70 % მაინც უნდა გქონდეს გადახდილი.

აუდიტორიიდან გამოვედი. დამსწრე დამედევნა და თუ შემდეგ გამოცდამდე ახერხებ დავალიანების გადახდას, შეგიძლია ახლაც დაწერო ეს გამოცდაო. 2 დღეში მქონდა შემდეგი გამოცდა. ვერაფრით მოვახერხებდი დავალიანების გადახდას. ვარჩიე განცხადება დამეწერა რექტორის სახელზე. ველოდები ბატონი მერაბ ხალვაშისგან პასუხს. იმედია, მომეცემა შანსი, რომ თვის ბოლოს დავწერო ფინალური გამოცდები“, – ამბობს ანრი.

ანრი ამბობს, რომ ფაკულტეტის დეკანატში ვერ უპასუხეს კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი სწავლის საფასურის გადავადება.

„ახლა, როგორც კი ხელფასი დამიჯდება ანგარიშზე, ვაპირებ დავალიანების გადახდას. ჩემი ოჯახისთვის ჩემი სწავლა პირველ ადგილზე“, – ამბობს ანრი.

იცის, რომ მას და მის ოჯახს გაუჭირდება, მაგრამ სემესტრის დასასრულებლად გადაწყვეტილი აქვს ფინალურ გამოცდებზე გასვლა. ანრი სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ ფიქრობს. უნდა შემდეგ სემესტრებში მოახერხოს მობილიზება და სწავლის საფასურის პრობლემად აღარ შეიქმნას.

____

მთავარ ფოტოზე: ანრი ქამადაძე

ჩემი ცხოვრების 11 წელი

ავტორი: ნინი თურაძე

მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ჰო – 11. მაშინ ექვსი წლის ვიყავი, ორ თვეში კი ჩვიდმეტის ვხდები.

მამაჩემისგან არაფერი ისმოდა ახალი. ომი იყოო. ბევრი აღარ დაბრუნებულა უკან, არც მამა. ვისზე რა ლეგენდა დადიოდა, ვისზე – რა.

სოფელში ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდებოდა ცხოვრება. მე, დედას და ბებოს არაფერი გვებადა მამაჩემისგან დანატოვარი მიწისა და პატარა ფიცრულის გარდა.

მახსოვს, შუა ღამით ტუალეტი რომ მომინდებოდა ხოლმე, წამოვხტებოდი და ძილ-ბურანში გახვეული მივდიოდი გარეთ. ჯერ დედას ოთახთან უნდა ჩამევლო, შემდეგ ბებოს და მოვხვდებოდი კიდეც დანიშნულების ადგილზე.

ერთ ღამეს, დედის საძინებელთან ჩავლისას, უჩვეულო ხმები მომესმა. კართან შევიყუჟე და ჭუჭრუტანაში შევიჭყიტე. რატომღაც ვერ გავბედე შესვლა, ალბათ შემეშინდა ან ვინერვიულე. დედა იყო, შფოთავდა რაღაცაზე: ხან ლოგინზე ჩამოჯდებოდა, ხან ნერვიულად გაივლ-გამოივლიდა, ქვითინებდა. ჩემდა უნებურად სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, რამე ხომ არ სტკივა, შევალ ვნახავ-მეთქი. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ასე არ იყო.

საბოლოოდ, ის-ის იყო კარი უნდა შემეღო, რომ ბებო გამოჩნდა – აქ მოდიო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცას გადავურჩი, დაუფიქრებლად გავიქეცი და მივეხუტე ბებოს. აღვუწერე – ეს ვნახე-მეთქი. ბებომ დამამშვიდა, ალბათ ცუდი სიზმარი ნახა და მაგიტომო.

მივხვდი, რაღაც დამიმალა.

მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე ქალაქში გადავდიოდით. აქ აღარ დაგვედგომებოა. მიწაც გავყიდეთ.

ნელ-ნელა ბარგის ჩალაგება დავიწყეთ. მეც ჩემი ორი წყვილი ტანსაცმელი დავკეცე, რამდენიმე სათამაშო ძველ, გახუნებულ ჩანთაში ჩავტენე და ჩემი ნივთებით დედას ვეახელი. მკითხა, მიხაროდა თუ არა ქალაქში წასვლა. არ ვიცი-მეთქი ვუთხარი. იქ ბევრ ბავშვს გაიცნობო, ასე მითხრა.

ქალაქში, უსახური, პატარა ბინა ვიყიდეთ. ძალიან პატარა. დედამ მალევე მკერავად დაიწყო მუშაობა, ბებო ჩემთან იყო მუდამ. ასე გაგვქონდა თავი.

ამასობაში, ჩემი სკოლაში შესვლის დროც დადგა.

პირველ დღეს გაგვაფრთხილეს აუცილებელი ნივთები გვეყიდა. დღის ბოლოს დედამ გამომიყვანა სკოლიდან, მერე ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. გზაში გამომკითხა სკოლის ამბები – როგორ მოგეწონაო. ძალიან მომეწონა-მეთქი.

ბევრი ამბავი მოვუყევი, ყველაფერი, რაც შემეძლო. ბოლოს ვუთხარი მასწავლებელმა რვეულების, კალმების და ასეთი რაღაცების ყიდვა დაგვავალა-მეთქი. მხიარულად მომიგო, აბა რას ვიზამთო. წამო, გავიაროთ, ახლა გიყიდიო. სიცილ-კისკისით შევედით საკანცელარიო მაღაზიაში და ავიღეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა.

ქალბატონო, მობრძანდით სალაროსთან – 33.35.

მხოლოდ ის მახსოვს, რაც გამყიდველმა გვითხრა. მერე დედამ და გამყიდველმა რაღაცაზე ისაუბრეს. საბოლოოდ, რამდენიმე კალმის, ფლომასტერის, რვეულის, ფანქრის და ამგვარი რამერუმეების მაგივრად, 2 კალამი, რვეული და ერთიც საშლელი ვიყიდეთ. დედას ხასიათი გაუფუჭდა.

მომერიდა, მაგრამ გზად დედას მაინც ვთხოვე, ჩურჩხელა ვიყიდოთ-მეთქი. დღეს ვერაო, მითხრა და სახლში მისვლამდე ხმა აღარ ამოუღია. მახსოვს, რომ სახეზე წამოწითლდა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. ისღა ჩამჩურჩულა, წესიერად იარე, არ წაიქცეო.

რამდენიმე თვეში დედამ პატარა, წითელი ჩემოდანი და წითელი კაბა იყიდა. მას შემდეგ, ყველა მოგონებაში დედა წითელი კაბითა და წითელი ჩემოდნით ხელში ცოცხლდება. იმ დღეებში დედა და ბებო გამუდმებით რაღაცას ჩურჩულებდნენ. არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი.

ერთ დღესაც დედამ ხელი დაავლო წითელ ჩემოდანს, ჩაიცვა წითელი კაბა და გაიხურა ჩვენი პატარა ბინის პატარა კარი. ზამთრის მიწურული იყო. წასვლამდე გვერდით დამისვა და მითხრა – არ ინერვიულო, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, უკან დავბრუნდებიო.

მას შემდეგ ბევრჯერ მოვასწარი თვალის დახამხამება, მაგრამ დედას ჩვენი ბინის პატარა კარი აღარ შემოუღია.

წამოვიზარდე და უკვე კარგად ვიცოდი, რომ დედა სხვა ქვეყანაში, მომვლელად მუშაობდა.

ხშირად ველაპარაკებოდი დედას. ბევრ საჩუქარს მიგზავნიდა – ტანსაცმელს, ძალიან ბევრ რვეულსა თუ კალამს, ფულსაც მიგზავნიდა. არც ერთი თვე არ ჩაუგდია ისე, რვეული რომ არ გამოეგზავნა. ძალიან ლამაზი რვეულები იყო, საუცხოო, უცნაური. მენანებოდა შიგ წერა და ვაგროვებდი. აი, ახლაც მიწყვია მაგიდის კუთხეში, ასე 125-მდე იქნება ან 225-მდე.

ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდა, რომ, აი, სულ ცოტა დარჩა, მალე წამოვალ აუცილებლადო. დანაზოგი მაქვსო, მოვდივარო. ხშირად იმეორებდე. ამასობაში, ერთ წელს მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე და მეათეს მეთერთმეტე. ერთ დღესაც ვუთხარი, ვერასდროს ჩამოხვალ-მეთქი. შეიძლება მაშინ სიმართლე ვუთხარი. ჩემი დაბადების დღე იყო. წესით უნდა ჩამოსულიყო, ასე დამპირდა.

მისი წასვლიდან მეშვიდე წელს, მე ჩავაკითხე. უცნაურად გამოიყურებოდა. ისე არა, როგორც ვიდეოში. ისე არა, როგორც მახსოვდა. უფრო ჩამომხმარიყო, სახე ჩავარდნოდა, თვალები ჩაშავებოდა, ნაოჭები გასჩენოდა. თითქოს შვიდ წელში თხუთმეტი წელი მოემატა. თითქოს დაბერდა. ზუსტად ერთი კვირით დავრჩი. უკან ისევ იმ წითელი კაბით გამომაცილა.

დედის გახსენებისას რამდენიმე კადრი წარმომიდგება ხოლმე:

ღამის სიბნელეში, თავის ოთახში მოსიარულე, ანერვიულებული და მშფოთვარე დედა.

ახალნაყიდი რვეულით ხელში მოსიარულე დედა.

წითელი ჩემოდნით ხელში, ლამაზ წითელ კაბაში გამოპრანჭული დედა.

ამავე ჩემოდნით ხელში უმისამართოდ მიმავალი ახალგაზრდა დედა.

ჩამომხმარი, გაძვალტყავებული, უდროოდ დაბერებული, არაქათგამოცლილი, წითლებში გამოწყობილი დედა.

თითქოს მე და დედა ხიდის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. ვერც მე გადავკვეთე ხიდი ბოლომდე და ვერც მან.

***

აქეთ რთულია, შეუგუებელი.

26 წლის ვიყავი ჩემი გოგონა რომ დავტოვე. ახლა 37-ის ვხვდები. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აქ გავლიე. ჩემი შვილი უჩემოდ გაიზარდა. ცხოვრების დევნაში ბევრი რამ დავკარგე და გამომრჩა.

ვუყურებ ხოლმე შორიდან ჩემს გოგონას, ჩემს ანგელოზს. ყოველ დარეკვაზე, ყოველი საუბრისას თითქოს იცვლება. თმა ჩამოეზარდა, ყურები გაიხვრიტა, სხვანაირად იცვამს, სულ სხვანაირია. მაგის იმედით ვაგრძელებ ასე ფესვებამოგლეჯილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ცხოვრებას. დედამთილი მამშვიდებს ხოლმე, ძალიან კარგი დადგებაო, აი ნახავო. ასე მეუბნება. კარგი ქალია.

წამოსვლიდან, დიდი ხნის შემდეგ, პირველად რომ ვნახე, ვიგრძენი, როგორ გამიუცხოვდა. მივხვდი აქაურობა არ მოეწონა. ბილეთიც მალე მაყიდვინა და უყოყმანოდ დაუბრუნდა თავის ბუდეს. მინდოდა მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. ის დრო, რომელსაც ვერ დავიბრუნებ და რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა ორივეს.

წასვლამდე მითხრა ჩემოდნები გავცვალოთო – შენსას წავიღებ და ჩემსას დაგიტოვებო. ვიცოდი, რომ ძალიან უნდოდა, მაგრამ არა-მეთქი, ვუთხარი. აბა, ასეთ ძველ ჩემოდანს როგორ გავატანდი. მეტი, არც არაფერი უთხოვია ისე დაბრუნდა უკან. ის დაბრუნდა, მე და წითელი ჩემოდანი კი ისევ ერთად დავრჩით.

ნეტა გამეტანებინა.

***

საღამოობით, ძილის წინ, როცა ნოსტალგია მომაწვება, დავფიქრდები ხოლმე ჩემს ცხოვრებაზე. იმ 11 წელზე, რომელიც აქ გავატარე. ვფიქრობ, აქამდე როგორ მოვედი-მეთქი. გამუდმებით ვეძებ პასუხებს. იქნებ რამის შეცვლა შემეძლო.

მახსოვს, როგორ დამაქორწინეს, როგორ გამიჩნდა შვილი, როგორ წამოვედი აქ. ბუნდოვნად მახსოვს, ისე, ვითომც ეს სხვისი მოგონებები იყოს.

20 წლისა გარიგებით დავქორწინდი, როგორც სოფლებში იციან ხოლმე. დიდად არ მინდოდა, მაგრამ არც შევწინააღმდეგებივარ ჩემს ხვედრს. ცოლისა და დედის მოვალეობაც ისე შევასრულე და შევითავსე, როგორც შემეძლო. არ მყოლია ცუდი ქმარი. კარგი კაცი იყო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდა და დაუზოგავად მუშაობდა ოჯახი რომ ერჩინა. მისი წასვლის შემდეგ, პატარა ბავშვი და მოხუცი ქალი დამრჩა მოსავლელი.

რა უნდა მექნა? ხომ უნდა გვეჭამა? ხომ უნდა გვეარსება? მას შემდეგ მარტომ მოვიკიდე ეს გაცვეთილი და მტკივნეული ცხოვრება ზურგზე. ნელ-ნელა, დროის გასვლასთან ერთად, ვგრძნობ, როგორ მძიმდება და მამტვრევს ძვლებში.

ახლაც ვნანობ, რომ ჩემი ქმრის დატოვებული ბოლო ნაგლეჯი ქონება გავყიდე და გავანიავე…

არავინ მოგვეხმარა.

არ მინდოდა წამოსვლა.

ის დღე მახსოვს, ჩემი გოგო პირველად რომ მივიყვანე სკოლაში. არ მინდოდა რამე დაჰკლებოდა. არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, სხვა ნივთები. ახლაც მწარედ მახსოვს ის დღეს, ჩურჩხელა რომ ვერ ვუყიდე. ფული არ მქონდა. მაშინ ვიფიქრე ასე ვეღარ გავაგრძელებ, დღეს თუ ჩურჩხელა ვერ ვუყიდე, ხვალ უნივერსიტეტშიც ვერ გავუშვებ-მეთქი.

წამოსვლა ჩემი შვილის, მისი უკეთესი, ჩემგან განსხვავებული მომავლისთვის გადავწყვიტე.

ბავშვი მოხუც დედამთილს დავუტოვე, ავიღე წითელი ჩემოდანი და წამოვედი. ეს პერიოდი სულ იმას ვუმეორებდი თავს, რომ 2-3 წელიწადში უკან გავბრუნდებოდი. მოვკიდებდი ჩემ შვილს ხელს, კარგ ბინაში გადავიდოდით, კარგად ისწავლიდა, ზრუნვას არ მოვაკლებდი. ყველაფერ იმას ავისრულებდით, რაც არასდროს გვქონია.

უკან დაბრუნება მწყუროდა. დღეში 13-14  საათიც მიმუშავია, საკმარისი ფული რომ მომეგროვებინა. ვზოგავდი – ვცდილობდი არც საჭმელში დამეხარჯა და არც ტანსაცმელში. აქ ისე კარგად ცხოვრობენ, მინდა ჩვენც ასე ვიცხოვროთ.

სათანადო განათლება არასდროს მიმიღია, ამის გამო ცხოვრებაში ბევრჯერ მომატყუეს: მამუშავეს და ხელფასი არ მომცეს. შუა ღამით გარეთაც გამოვუგდივარ პატრონს. ბევრი შეურაცხყოფა ამიტანია უსიტყვოდ.

***

ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ წამოსვლიდან 8 წლის თავზე ოჯახს ახალი ბინა ვუყიდე. ახლა იქ ცხოვრობენ. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბინის ყიდვის შემდეგ უკან დავბრუნდებოდი. ვერ შევძელი: ჩემი გოგო უკვე გაიზარდა. მალე  თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაიწყებს – სტუდენტობის პერიოდი დაუდგება. ამიტომაც დავრჩი.

მგონია, რომ უკან დაბრუნება არც მიწერია.

არ მინდა ჩემსავით იცხოვროს. მინდა ისწავლოს და კარგი სამუშაო იპოვოს. არ იყოს ჩემსავით დაჩაგრული.

ახლა ესღა დამრჩა იმედად.

___

შენიშვნა: ნინი თურაძის „ჩემი ცხოვრების 11 წელი“ არის ბათუმის ამერიკული კუთხის ესსეების კონკურსის გამარჯვებული. კონკურსის თემა – „ადამიანის უფლებები.“ ნინი თურაძე არის ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე.

ბათუმში ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ არაფერი იციან

ბათუმში, დაახლოებით 10 დღის წინ, ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები გამოჩნდა – გასაქირავებლად. ბათუმი ველოსგან განსხვავებით, ამ ველოსიპედებს სპეციალური საპარკინგე ადგილები, ველოტერმინალი არ სჭირდება. ველოსიპედის დაქირავება შეიძლება აპლიკაციით, გაჩერება კი დასაშვებია ყველგან, ოღონდ სხვა გამვლელებს ხელი არ უნდა შეეშალოთ.

ბათუმის მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი და ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ჩვენ მაგის შესახებ არაფერი არ ვიცით“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ველოსიპედები განთავსებულია ბათუმის ბულვარშიც, ბულვარის ადმინისტრაციას ვკითხეთ, თუ აქვთ რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობა ველოსიპედების ახალი სერვისის წარმომადგენელთან. „ჩვენი მოიჯარე არ არის“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი, აპლიკაციის თანახმად, შპს kolobike-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის დამფუძნებელი, გურამ თებიძე ადასტურებს, რომ ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები ნამდვილად მისი კომპანიის საკუთრებაა. გურამ თებიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ სატესტო რეჟიმში უკვე ჩაუშვა 70 ველოსიპედი და ვიდრე ნებართვას მიიღებს ოფიციალურად, ცდილობს სისტემური ხარვეზები აღმოფხვრას.

„ბათუმის მერიას ნებართვისთვის უკვე მივმართე. როგორც ვიცი, ჩემი წერილობითი მიმართვა გადაუგზავნეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ამ დღეებში ველოდები პასუხს. ბათუმი ტურისტული ქალაქია, ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ვფიქრობ, ბათუმის განლაგება და არსებული ინფრასტრუქტურა საუკეთესო შესაძლებლობაა ბათუმი ვაქციოთ ველოქალაქად. აღარ გვექნება საცობები, ტროტუარებზე მანქანები. მე, პირადად, სამსახურში ველოსიპედით დავდივარ და იმავეს ვურჩევ სხვებსაც“.

გურამ თებიძის თქმით, მისი ველოსიპედის დაქირავება – 1 წუთი 12 თეთრი ღირს. აქციის ფარგლებში კი უფრო ნაკლებად შეიძლება ველოსიპედის გაყვანა.

ბათუმში ამჟამად 26 კმ სიგრძის ველოინფრასტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ზღვისპირა პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

ბათუმში 2011 წელს ამოქმედდა ველოსიპედების გაზიარების მუნიციპალური სისტემა. მის განკარგულებაშია 370 ველოსიპედი და 23 ტერმინალი. მათი უმეტესობა მდებარეობს ქალაქის სანაპირო და ცენტრალურ რაიონებში. თუმცა 2020 წლიდან სისტემის მუშაობა შეიზღუდა: 370 ველოსიპედიდან უმეტესობა აღარ არის გამოსაყენებლად ვარგისი, ბევრი ტერმინალი მწყობრიდან გამოსულია.

გასული წლის ბოლოს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა გენგეგმა, რომლის მიხედვითაც ბათუმში ახალი ველობილიკები უნდა მოეწყოს.

ბათუმში ამჟამად 26 კმ სიგრძის ველოინფრასტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ზღვისპირა პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

___

ამავე თემაზე:

___

ამავე თემაზე:

ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს.

თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან.

„ქუჩის/გარე განათების 2023 წლის მომსახურების შესაძენად 2022 წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. ვინაიდან სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს [140 000 ევრო] საჭირო გახდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების ვადად განსაზღვრულიყო არანაკლებ 30 კალენდარული დღე და შესაბამისად ელექტრონული ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 30 იანვარი.

საჭირო გახდა იანვრის თვის მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში შესყიდვა, ვინაიდან იანვრის თვე რჩება მომსახურების გარეშე; ამასთან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი საახალწლო დეკორაციების მონტაჟი-დემონტაჟის მომსახურებას ყოველწლიურად სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს და, შესაბამისად, პრობლემად რჩება იანვრის თვეში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის საკითხიც“, – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

ქობულეთში ქუჩის/გარე განათების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე 2022 წლის 29 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ეს ტენდერი ქობულეთმა პრეისკურანტით გამოაცხადა, სადაც შესყიდვის ღირებულება 500 ათასი ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

რატომ გამოაცხადა 2023 წლის მომსახურების შესყიდვაზე ქობულეთის მერიამ ტენდერი 2022 წლის 29 დეკემბერს და რატომ არ გამოაცხადა გაცილებით ადრე? – ამ საკითხზე ქობულეთის მერიის განმარტება ასეთია:

  • „მსგავსი ტენდერების მომზადებისთვის გარკვეული ვადაა საჭირო და მუნიციპალიტეტსაც გარკვეული დრო დასჭირდა… ვინაიდან ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების შედეგად საჭირო გახდა არანაკლებ 30-დღიანი პერიოდი, იანვრის თვისა და თებერვლის თვის მომსახურების საკითხი ღიად დარჩა. შესაბამისად 1-თვიანი მომსახურების შესყიდვის შეძენა საჭირო გახდა გადაუდებელი აუცილებლობით.
  • შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობა დადგა მაშინ, როცა სატენდერო პროცედურებიდან გამომდინარე იანვრის თვე, განსაკუთრებით პირველი ნახევარი (19 იანვრამდე), როცა საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო ქუჩის განათებების დემონტაჟის განხორციელების პერიოდია, დარჩა მომსახურების გარეშე.
  • იმ შემთხვევაშიც, მუნიციპალიტეტს გაცილებით ადრე, რომ გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი, შერჩევა-შეფასებას, გამარჯვებულად გამოვლენასა და ხელშეკრულების გაფორმებას საორიენტაციოდ მაინც დასჭირდებოდა ის დრო რა დროშიც, შესაბამისი პერიოდისთვის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდებოდა.“

მერიის განმარტებით, „ვინაიდან იანვრის თვეში უნდა განხორციელდეს ქობულეთში ნაძვის ხისა და საახალწლო ქუჩის განათებების დემონტაჟი, დაზუსტების შედეგად, სააგენტოსგან თანხმობის მისაღებად, წარადგინეს მხოლოდ ნაძვის ხის დემონტაჟისა და საახალწლო ქუჩის განათებების დემონტაჟის მომსახურების ხარჯები. ასევე მხოლოდ ის ფაქტობრივი ხარჯები, რომელიც უკვე დამდგარია მუნიციპალიტეტში [დაზიანებულია გარეგანათების ნაწილები].“

ქობულეთის მერია ტენდერის გარეშე იანვარში 22 420 ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟისთვის 1 250 ლარი, ხოლო საახალწლო ქუჩის განათებების [სულ 490 ცალი] დემონტაჟისთვის – 9 800 ლარია საჭირო.

მერიის დოკუმენტების მიხედვით, დანარჩენი თანხა გარეგანათების ქსელის დაზიანებული ნაწილების გამოცვლას მოხმარდება.

ქობულეთის მერიის განაცხადის განხილვის საბოლოო ვადად, შესყიდვების სააგენტოს, 18 იანვარი აქვს მითითებული.

ქობულეთი / საახალწლო ნაძვის ხე /31.12.2022
მთავარი ფოტო: ქობულეთი / მუნიციპალიტეტის ფოტო

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად გთავაზობთ

14 იანვარს, სილქფესტის აქციით,  შეძლებთ გაიაქტიუროთ ერთი ან რამდენიმე პაკეტი კომბინაციით  *202# , აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან:  

  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14 ₾
  • 200 ადგილობრივი წუთი – 5 ₾
  • 150 ადგილობრივი წუთი და 5000 MB – 10 ₾
  • 25,000 MB – 16 ₾

პაკეტის შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვისაც USSD კომბინაციით  – *202#.

სილქფესტის აქციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

ბახმუტსა და სოლედართან რუსებმა 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან – ბახმუტსა და სოლედართან 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

მან აღნიშნა, რომ დამპყრობელი ადამიანურ დანაკარგებს არ ითვალისწინებენ და ბრძოლისუნარიანი დანაყოფები კვლავაც მთლიანად სოლედარის რაიონში ჰყავთ კონცენტრირებული.

„რუსებმა იქ პრაქტიკულად თავი მოუყარეს ყველაფერს, რაც ჰქონდათ ბრძოლისუნარიანი, მათ შორის არიან საკონტრაქტო არმიის ნარჩენები – სპეცრაზმი და დესანტი, მაგრამ ეს მხოლოდ „ნარჩენებია“. იქ თავმოყრილია მსაჯვრდებულებისგან შემდგარი „ბნელი ძალები“, ვისთვისაც სულ ერთია, სად წაიყვანენ და როგორ იბრძოლონ. ასევე არიან კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები.

რუსეთს ეს ჯარები ჰყავს ბახმუტსა და სოლედართან კონცენტრირებული. მაგრამ მათ ბახმუტის შემოგარენშიც კი ვერ მოახერხეს რაღაც ტერიტორიის დაპყრობა, ამიტომაც წავიდნენ სოლედარში“, – განაცხადა მან უკრაინულ „24-ე არხთან“ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ რუსები ისევ საბჭოთა კავშირის მეთოდებით იბრძვიან: „ისინი ერთ მიმართულებაზე ახდენენ ყველა ცოცხალი ძალის, არტილერიისა და საბრძოლო მასალების კონცენტრაციას“.

პოდოლიაკის თქმით, „შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა დანაკარგები აქვთ ამ მიმართულებზე რუსულ ჯარებს, თუმცა ეს არ არის ათასი და არც ორი ათასი – ეს არის 10, 15, 20 ათასიც კი, რაც ბახმუტსა და სოლედარზე შეტევაში დაკარგეს.

ისინი ადამიანურ დანაკარგებს არც კი ითვლიან. მათთვის პრინციპული საკითხია იქ რაღაც დაიპყრონ, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში რომ ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ, მაგალითად, პირობითად „აიღეს ქალაქ სოლედარის ჩრდილოეთი გარეუბნები“, რომ „სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ სოლედარის ცენტრში“, რომ ეს გადაწყვეტს „ომისა და მშვიდობის“ საკითხს და ასე „უკრაინა დაეცემა“.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავის აუდიტორიასთან რუსები უკვე ერთი კვირაა საუბრობენ „ეფექტურ წინსვლაზე ბახმუტის მიმართულებით და ახლა სოლედარსკიში“.

„მაგრამ მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ასე არ არის – რუსებს არ აუღიათ ინიციატივა და ისინი ისევე იბრძვიან, როგორც აქამდე – მათ სოლედართან დიდი ოდენობით ძალებს მოუყარეს თავი, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ომში გარდატეხას.

ერთადერთი, რაც იქ ხდება და რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს – ჩვენი ბიჭებია, რომლებიც დღეების განმავლობაში, 17 გრადუს ყინვაში, ხელიდან ვერ უშვებენ ტყვიამფრქვევებს. ეს მძიმეა. ჩვენ ხალხს ვკარგავთ, მაგრამ რუსეთი უკვე ვეღარ შეძლებს ამ ომის შემობრუნებას“, – ასკვნის პოდოლიაკი.

რუსეთი ომის მხარდასაჭერად პატიმრების შრომას იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 13 იანვრის ანგარიშში ომის დროს წარმოებაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რუსეთის მიერ პატიმართა შრომის გამოყენებაა განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დიდი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის [შეიარაღების] საწარმოო სექტორი სწორედ პატიმართა შრომას იყენებს.

ბრიტანული დაზვერვა 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის ტანკების უმსხვილესი საწარმოს – ურალვაგონზავოდის [UVZ] წარმომადგენლის განცხადებას იშველიებს. მაშინ საწარმოს ხელმძღვანელობამ ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურთან (FSIN) შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საწარმო 250 პატიმარს დაასაქმებდა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პატიმართა შრომის გამოყენება რუსეთში ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება, მაგრამ ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლიდან იძულებითი შრომა კონკრეტულ კრიმინალურ სასჯელად აღდგა.

როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთს მსოფლიოში პატიმართა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 400 000-პატიმრიან „იმპერიას“ კი ზედამხედველობს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ უკიდურეს სისასტიკესა და კორუფციაში.

ბრიტანელი დაზვერვის ექსპერტების შეფასებით, პატიმართა ეს ოდენობა რუსეთის ხელმძღვანელობას უნიკალურ ადამიანურ რესურსებს სთავაზობს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დეფიციტურია მოხალისეები, რომლებიც ომში წასვლას მოინდომებენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულთა შრომა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება შედარებით დაბალტექნოლოგიური იარაღის მწარმოებლებისთვის, როგორიცაა მაგალითად ურალვაგონზავოდი. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საწარმო, წარმოების გაზრდის მოთხოვნით, მოსკოვის ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის.

რუსეთმა სავარაუდოდ სოლედარი აიღო – ISW

ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსების ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქალაქი სოლედარი აიღეს, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის ალყაში მოქცევას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსული ძალები აკონტროლებენ სოლედარს თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. როგორც ჩანს, რუსებმა წარმატებით გამოდევნეს უკრაინის დამცველები ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან.

ამავე დროს, ISW აღნიშნავს, რომ სოლედარის სავარაუდო მიტაცება არ გამოიწვევს ოპერატიული თვალსაზრისით მოვლენების მნიშვნელოვან განვითარებას. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შედეგი არც იმაზე მიუთითებს, რომ ბახმუტს სწრაფად მოაქცევენ ალყაში და ეს გარდაუვალია.

ომის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 12 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები სოლის დასახლებაზე, რომელიც სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრში მდებარეობს. მაგრამ წინა დღეებისგან განსხვავებით, უკრაინელ სამხედროებს არ უთქვამთ, რომ თავად სოლედარზე განხორციელებული შეტევის მოგერიება მოახერხეს.

ყველა არსებული მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები აღარ იცავენ სოლედარს ორგანიზებულად – ნათქვამია ინსტიტუტის მოხსენებაში.

ISW კვლავაც თვლის, რომ სოლედარის [14,2 კვ. კილომეტრი დასახლებული პუნქტის] აღება არ მისცემს რუსულ ძალებს იმის შესაძლებლობას, კონტროლი მოიპოვონ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახმელეთო კომუნიკაციის ხაზებზე ბახმუტთან და არ შეუქმნის მათ მომგებიან პოზიციას მოკლე ვადაში მოაქციონ ქალაქი ალყაში.

„რუსულ ძალებს შეუძლიათ ბახმუტთან თავდასხმების მაღალი ტემპის შენარჩუნება, მაგრამ ეს ძალისხმევა არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ოპერატიულ შედეგებს, რადგან მათ დაკარგეს/გამოეფიტათ საბრძოლო ძალები“, – წერენ ომის კვლევის ამერიკელი ანალიტიკოსები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო 

შიგამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში კი:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების პროგნოზით 15 და 16 იანვარს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ტრაილერის მძღოლებმა 6 კგ ოქროს ნაკეთობები საქართველოში მალურად შემოიტანეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით, თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანზიტულად ტრანსპორტირებას, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოიტანეს საერთო ჯამში 6 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს.

საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 114 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740]
  • ტანკი – 3 098 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 167 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 086 ერთეული [+4]
  • MLRS – 437 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 218 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 286 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 865 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 833 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 184 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 13 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 372 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 876 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 495 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 982 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 820 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 027 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი ომის მხარდასაჭერად პატიმრების შრომას იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთმა სავარაუდოდ სოლედარი აიღო – ISW

რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ მერია

9 წლის ლუკა სკოლიდან ოჯახის წევრებთან ხშირად რეკავს მას შემდეგ, რაც ბათუმის მე-16 სკოლა დაანგრიეს და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები დაიწყეს. მოზარდი ასე ამოწმებს, არიან თუ არა ოჯახის წევრები უსაფრთხოდ. „როგორ ხართ სახლში, კარგად ხომ ხართ?“ – კითხულობს ის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცდები მოზარდს მას შემდეგ გაუძლიერდა, როცა სახლთან ახლოს მე-16 სკოლის შენობა ჯერ დაანგრიეს, შემდეგ კი მის ადგილზე ახლის მშენებლობა დაიწყეს.

ბიჭის დედის თქმით, „ლუკა ერთ-ერთი იმ ბავშვის სკოლელია, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა [ბავშვის სახელი შეცვლილია. ჩვენი მისვლის დროს მამამ ბავშვები სახლიდან საგანგებოდ წაიყვანა, რომ ჩვენი საუბარი არ მოესმინათ].

ლუკას ოჯახის წევრებმა ძალიან სცადეს, რომ ჯერ ნგრევის, შემდეგ კი მშენებლობის პროცესის შესაძლო გავლენის შესახებ საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე ვარაუდები ბავშვებთან არ განეხილათ. არ გამოუვიდათ. ლუკამ იცის, რომ ვიბრაცია, რომელსაც სკოლის მშენებლობა იწვევს, მისი კორპუსისთვის შესაძლოა დამატებითი საფრთხის მიზეზი იყოს – კორპუსს ავარიული სახლის სტატუსი აქვს.

ლუკას დედა გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში ბავშვმა ტელეფონში ისეთი ახლობლების ნომრებიც ჩაიწერა, რომლებიც ამ დრომდე არ ჰქონია, მათ შორის არის მაგალითად დეიდა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს: „რამე რომ მოხდეს?“ – ეს ლუკას სიტყვებია.

ლუკას დედა ამ ამბავს ემოციურად გვიყვება, ხმა ეცვლება, ჩერდება, ცრემლს იწმენდს… მასთან ერთად არიან მეზობლებიც, რომლებსაც „ბათუმელებისთვის“ ანალოგიური ამბები აქვთ მოსაყოლი.

ლუკას ოჯახი #16-ე სკოლის მიმდებარედ ცხოვრობს. მათი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაშია – ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მასში ცხოვრება სახიფათოა. აქ ამბობენ, რომ სახლი აშენებიდან მალევე გადაიხარა და „თავიდანვე შეაფასეს როგორც ავარიული“, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ახლა კი შიშობენ, რომ ავარიული სახლის გვერდით ახალი მშენებლობა მის მდგომარეობას დაამძიმებს.

#16-ე სკოლის სამშენებლო მოედანი, გადაღებულია ავარიული კორპუსის აივნიდან

სახლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით მაიაკოვსკის 3ა-ში მცხოვრებლებმა ბათუმის მერიას ჯერ კიდევ ავარიული სახლების პროგრამის შექმნამდე მიმართეს. მათივე ინფორმაციით, მერია სახლის გამაგრებასაც განიხილავდა, თუმცა ხარჯების დათვლის შემდეგ ახლის მშენებლობა გადაწყვიტეს. ავარიული სახლების პროგრამის დაწყების შემდეგ მერიამ ამ კორპუსის ექსპერტიზაც თავად შეისყიდა.

დასკვნის მიღებიდან მალევე კორპუსის ამხანაგობამ მერიისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომ კორპუსის „ავარიული სახლების პროგრამაში“ ჩართვის მიზნით მესაკუთრეთა ასპროცენტიანი თანხმობა სჭირდება. შეთანხმების პროცესი დროში გაიწელა მთელი რიგი პრობლემების გამო, რომლებიც ანალოგიურია ყველა ავარიულ სახლში მცხოვრებლებისთვის. შემდეგ კი კორპუსის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რამაც კორპუსში მცხოვრებლები ააფორიაქა.

„სამუშაოები სერიოზულ ვიბრაციას იწვევს, ამიტომაც ახლა განსაკუთრებით გვეშინია. მერიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ სკოლის მშენებლობა არ დაიწყებოდა, ვიდრე ჩვენი კორპუსის პრობლემა არ გადაწყდებოდა. სახლის გვერდით გაბურღვითი სამუშაოც ჩაატარეს, გრუნტი უნდა შევისწავლოთო. ასევე გვითხრეს, რომ პროექტი შეისყიდა მერიამ, მაგრამ რა პროექტია, როდის უნდა დაიწყოს მშენებლობა, ჩვენ რას გვიპირებენ, დაზუსტებით არაფერი ვიცით. ისიც გვითხრეს, რომ უკვე შენდება კორპუსები და იქ შემოგვთავაზებენ, აქ კი შეიძლება სკვერს გავაკეთებთო“, – გვიყვება ნინო მეძმარიაშვილი, ავარიული სახლში მცხოვრები.

„ამ ამბის შემდეგ ღამეებს ვათენებ, ძალიან ვნერვიულობ“, – ამბობს შორენა გიორგაძე.

ავარიული კორპუსის სადარბაზო

არ არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმის დადგენა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სამშენებლო პროცესს ავარიულ სახლზე. სამხარაულის ექსპერტიზის ორივე დასკვნის მიხედვით, სახლი მდგრადობის თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელია, მისი ცალკეული ნაწილები კი ავარიული და საფრთხის შემცველი. ექსპერტები აქცენტირებენ მიშენებებზე, რომლებიც ავარიულ სახლზე ფიქსირება. ამ მიშენებების კანონიერებაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ამბობენ, რომ „ძველი, 30 წლის წინანდელი მიშენებებია“.

ამონარიდი სამხარაულის დასკვნიდან

ექსპერტი წერს ასევე, რომ მდგომარეობა ნებისმიერ დროს შესაძლოა გაუარესდეს:

სალომესა და მისი მეზობლების ინფორმაციით, მერიამ მათ „ქირით გაყვანა“ შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე ავარიულ კორპუსში რჩებიან.

„600-800 ლარს გადაგიხდით ქირის ღირებულებას, ვიდრე ახალაშენებულ კორპუსში ბინებს გადმოგცემთო. 800 ლარის ფარგლებში ბინის დაქირავება დღეს ბათუმის გარეუბანშიც კი ჭირს. ხუთი ან ხუთზე მეტ-წევრიანი ოჯახი კი ამ ფასად ბინის დაქირავებას საერთოდ ვერ შეძლებს. ისიც შემოგვთავაზა მერიის წარმომადგენელმა, თქვენ დაამატეთო. დავამატებთ, ვისაც შეგვიძლია, მაგრამ 3 წელი ვერ დასრულდება ახალი ბინა და შევძლებთ? – ყველა ვერც ახლა შეძლებს დამატებას. ამ სამი წლის განმავლობაში ისევ რომ მოიმატოს ქირის ფასმა რა ვქნათ? ძალიან ბევრი პრობლემაა დღის წესრიგში, რაზეც პასუხები არ გვაქვს“, – ამბობს სალომე.

სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს კიდევ ერთი წერილით მიმართეს:

ეს წერილი მერიაში 2022 წლის 12 დეკემბერს გააგზავნეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ

ერთ-ერთი მცხოვრების, ეკა ბუბუტეიშვილის თქმით, მათთვის მთავარი უსაფრთხოებაა და სამშენებლო კომპანიისგან არ ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას თუ ფართობების გაზრდას:

„თუ ვინმე დადებს დასკვნას და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, აქ დავრჩებით. პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი, რომ რყევების გამო, რასაც სამშენებლო სამუშაოები იწვევს, ჩვენ არაფერი გვემუქრება?“

იმავეს ამბობს როზა ბუბუტეიშვილიც: „ვიცით, რომ ბათუმში ბევრი სახლია ავარიულ მდგომარეობაში და შეიძლება უარეს მდგომარეობაშიც, მაგრამ ჩვენ გარემოება შეგვეცვალა სკოლის სამუშაოების გამო. სრულ ინფორმაციას არავინ გვაწვდის, არიან ისეთი მეზობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პროექტი მართლაც არსებობს, ნანახი აქვთ და ის 12-სართულიანია“.

ბათუმის მერიაშიც აცხადებენ, რომ მაიაკოვსკის #3ა-ში ავარიული სახლის პროექტი უკვე შეისყიდეს, რომლის მშენებლობაზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. თუმცა პროექტის ესკიზი არ გვაჩვენეს. არც ის გვითხრეს, ვინ იმუშავა პროექტზე და არც შესყიდვის კოდი მოგვაწოდეს. როგორც ჩანს მერიაში მოსახლეობის წუხილი მათი კორპუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დიდად არ ადარდებთ, ყოველ შემთხვევაში მათთვის დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად თავს არავინ იწუხებს.

მერიის პასუხი უცვლელად:

„მაიაკოვსკის ქუჩაზე, #3-ა-ში არსებულ კორპუსთან დაკავშირებით, უკვე შეძენილია პროექტი, რომელზეც უახლოეს პერიიოდში გამოცხადდება ტენდერი.. მოსახლეობის ალტენატიულ ფართში გადასაყვანად მობინადრეებისთვის შეთავაზებულია ქირის ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია საკრებულოს მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზონირების რუკის შსაბამისად, ბინების დაცლის შემდეგ დაიწყება შესაბამისი პროცედურების განხორციელება ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში.

მაიაკოვსკის #3ა-ში 45 ოჯახი ცხოვრობს, ავარიული სახლების ნუსხაშია გვერდითი კორპუსიც, რომელიც ამავე ქუჩაზე #2-ში მდებარეობს.

ავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს.

„მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატები უკვე დამონტაჟებულია. თუმცა, ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი.

არ შეცვლილა და არც შეიცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია. არის ერთი გამონაკლისი: ახალი აპარატებით შესაძლებელია უცხოური ბანკების ბარათებითაც გადახდა, თუმცა, მგზავრს ბარათზე 30-ის ნაცვლად 80 თეთრი ჩამოეჭრება.

გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს, შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც.

რაც შეეხება ავტოპარკს, ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს, 5 ავტობუსს კი, ბათუმის მერია სავარაუდოდ, ქობულეთს გადასცემს.

ახალ ავტობუსებს ბათუმი 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, და ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

ამავე თემაზე:

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

საჯარო სკოლის მოსწავლეების ვაუჩერი გაიზარდა – ახალი დადგენილება

2023 წლის იანვრიდან გაიზარდა საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა. საჯარო სკოლებს გაეზარდათ საბაზო დაფინანსებაც.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სკოლებისთვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვრება ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. მთავრობამ აღნიშნული კოეფიციენტები გაზარდა.

შესაბამისად, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით:

ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 525 ლარი [მაგალითად, იყო 516 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 522 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 519 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 495 ლარი [იყო 483 ლარი];

მაღალმთიან დასახლებაში კი:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 723 ლარი [იყო 708 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 720 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 702 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 690 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 666 ლარი [იყო 654 ლარი];

არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი [იყო 504 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 501 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 477 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 474 ლარი [იყო 468 ლარი];

მაღალმთიან დასახლებაში კი:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 711 ლარი [იყო  699 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 708 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 693 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 672 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 660 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 651 ლარი [იყო 645 ლარი].

საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 621 ლარი [იყო 612 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 618 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 606 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 594 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 579 ლარი [იყო 567 ლარი];

მაღალმთიან დასახლებაში კი:

  • 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 852 ლარი [იყო 837 ლარი];
  • 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 849 ლარი;
  • 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 828 ლარი;
  • 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 810 ლარი;
  • 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 801 ლარი;
  • სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 786 ლარი [იყო 774 ლარი].

ახალი დადგენილებით, 2023 წლის იანვრიდან:

„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისთვის:

  • სკოლის ექიმის შემთხვევაში − 660 ლარი [იყო 600 ლარი],
  • ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 550 ლარის ოდენობით [იყო 500 ლარი];

ასევე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“

ამასთან, „არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის შრომის ანაზღაურებისათვის 685 ლარის ოდენობით [ასევე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით]“.


2023 წლის იანვრიდან სტატუსის გაზრდილ დანამატებს მიიღებენ მასწავლებლებიც.

შესაბამისი ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

რა შეიცვალა დენის მოხმარების წესებში – ახალი პირობები

ელექტროენერგიის მომხმარებლები ენერგოკომპანიისგან იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დენის მოხმარების წესებში ცვლილებების შესახებ. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფებს.

„გაცნობებთ, რომ სემეკის მიერ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელთა ნაწილიც ამოქმედდა 2022 წლის 29 დეკემბერს. შედეგად შეიცვალა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფს“, – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მოკლე ტექსტური შეტყობინება.

რა შეიცვალა?

ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები მოხმარებული დენის საფასურს შესაბამისი კომპანიის მიერ ქვითრის მომზადებიდან 15 დღის შემდეგ იხდიან. სემეკის ახალი დადგენილებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ეს წესი შეიცვალა.

ახალი ცვლილების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან, მიმწოდებელსა და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, გარდა მცირე საწარმოსი, შეუძლიათ მიწოდების ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მომსახურების საფასურის გადახდის სხვა ვადაზე. ამ შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

სემეკის დადგენილებით, „იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ან მიმწოდებელი და მომხმარებელი არ შეთანხმდებიან ვალდებულების ეტაპობრივ შესრულებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ამ მომხმარებლისთვის [დენის] მიწოდების შეწყვეტა [ამ პუნქტის მიზნებისთვის, გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები]“.

ამასთან, „თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი არ იყენებს [მისთვის მინიჭებულ] უფლებამოსილებას და საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, არ წარუდგენს შესაბამის სისტემის ოპერატორს მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნას, კომისია [სემეკი] უფლებამოსილია, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განსაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმა.

კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ეტაპობრივი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას“.

ელექტროენერგიის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დენის „მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მიწოდების ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პირგასამტეხლო“.

თუმცა, პირგასამტეხლოს დაკისრება დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის [მოსახლეობისთვის] და ეს წესი მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ვრცელდება.

სემეკის ახალი დადგენილებით კი, „მომხმარებელს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო საანგარიშო პერიოდში. მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების გამოუყენებლობა ჩაითვლება ამ უფლებაზე უარად“.

მოქმედი წესებით, გარკვეულ შემთხვევებში დენის მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს [როგორც არასაყოფაცხოვრებო ისე საყოფაცხოვრებო] მომხმარებელს დეპოზიტის წარდგენაც.

სემეკის ახალი დადგენილებით, 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან:

„მიმწოდებელი ვალდებულია, დეპოზიტის დასაბუთებული მოთხოვნა ასახოს ქვითარში, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია:

  • მომხმარებლის მიერ 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში მომსახურების საფასურის გადახდის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს აცნობოს მომსახურების საფასურის გადახდის ვადის მესამედ დარღვევისას დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ;
  • მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელმა, მიწოდების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, მომხმარებელს უნდა აცნობოს მომსახურების საფასურის 5 ან მეტი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ“.

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“ სემეკმა 2020 წლის აგვისტოში დაამტკიცა და მასში ცვლილებები იმავე წლის ნოემბერში შეიტანა. ამ ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები.“

შესაბამისად, დენის მიწოდება-მოხმარებას დღეს „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“ არეგულირებს, რომელშიც სემეკმა ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა.

ნაზარბაევს „ერის მამის“ და საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორისა და „ერის მამის“ („ელბასი“) წოდებები ჩამოართვეს – ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

პარლამენტის ზედა პალატის, სენატის თავმჯდომარის, მაულენ აშიმბაევის განცხადებით, საპატიო სენატორის წოდება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სენატის რეგლამენტიდან ამოიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“, რომლითაც ნაზარბაევს პრივილეგიებისა და გარანტიების გარდა, „ელბასის“ წოდება მიანიჭა.

სენატის თავმჯდომარე მაულენ აშიმბაევმა უკვე მოიწვია პარლამენტის ორივე პალატის სხდომა, რომელზეც კანონს საბოლოოდ გააუქმებენ. სხდომა 13 იანვარს უნდა შედგეს.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს პრეზიდენტის რანგში 28 წლის განმავლობაში მართავდა. მანამდე, საბჭოთა პერიოდშიც, თავად იყო ამ ქვეყნის პირველი პირი – ცეკას პირველი მდივანი. 2010 წელს კი მას „ერის მამის“ წოდება მიენიჭა. გასული წლის საპროტესტო აქციებამდე, 82 წლის ნაზარბაევი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის ხელმძღვანელობდა მმართველ პარტიასაც.

2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა ნაზარბაევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო. მოგვიანებით, ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც ნაზარბაევმა და მისმა ოჯახის წევრებმა რიგი პრივილეგიები დაკარგეს.

___

სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერელი“, რომელმაც დედა მოკლა

რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლი, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლამდე ციხეში დედის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, იუწყება „მედუზა“.

46 წლის სერგეი მოლოდცოვის დაკრძალვა 5 იანვარს, ქალაქ სეროვში შედგა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, „მებრძოლის კუბო სამხედროებს მოჰქონდათ. სიტყვით გამოვიდნენ ვეტერანები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სერგეის სიმამაცისა და გმირობისთვის“.

მოლოდცოვი 2017 წელს ცნეს დამნაშავედ საკუთარი დედის ცემის გზით სიკვდილამდე მიყვანის ბრალდებით. მას 11,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ იგი მსგავსი ბრალდებით იქამდეც იყო ნასამართლევი.


„ვაგნერის“ დაჯგუფების  ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ციხეში დადიოდა და მსჯავრდებულებს საომრად წასვლის სანაცვლოდ სამომავლო ამნისტიას სთავაზობდა.

რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს – ISW მიზეზებს ასახელებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] დღევანდელი ანგარიში განიხილავს ფრონტის ხაზზე რუსების მიერ ცეცხლის შენელების ინტენსივობას და ამის მიზეზებს ასახელებს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად, რაც უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებს ეფუძნება, ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა უკვე 75%-ით შემცირდა. ეს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზა ვერ აღმოფხვრის საბრძოლო მასალების ნაკლებობას. ეს შეაფერხებს 2023 წელს საოკუპაციო ძალების შესაძლებლობას მხარი დაუჭირონ შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთ უკრაინაში.

ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, რუსულმა ჯარებმა დაბომბვა შეამცირეს მარაგების შემცირების გამო, ან აპირებენ გადახედონ საბრძოლო ტაქტიკას. ISW-ს განცხადებით, რუსებმა 122 მმ და 152 მმ კალიბრის მარაგები და ასევე სხვა რეზერვები 2022 წლის ზაფხულში ამოწურეს. ისინი ელოდნენ, რომ მასირებული საარტილერიო თავდასხმები შედეგს უფრო სწრაფად გამოიღებდა.

„რუსეთის ფედერაცია ახლა იძულებულია საბრძოლო ჭურვები წამოიღოს ზურგის რაიონებიდან და შეიძინოს დამატებითი საბრძოლო მასალები უცხო ქვეყნებში, რათა აღმოფხვრას დეფიციტი, რამაც გამოიწვია ცეცხლის ტემპის შენელება. რუსეთში სულ უფრო ხშირად აღიარებენ, რომ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას სერიოზულად აფერხებს ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა უუნარობა უზრუნველყონ ჯარი და საბრძოლო მასალების დეფიციტი“, – განმარტავენ ანალიტიკოსები.

  • „ჭურვების შიმშილი“ რუსეთში

სამხედრო ექსპერტები ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში აცხადებდნენ, რომ რუსეთში „ჭურვების შიმშილი“ დაიწყო. მათი გათვლებით, გასულ ზაფხულში საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეში დაახლოებით 60-80 ათას ჭურვს ისროდნენ. ამ ეტაპზე კი ოკუპანტები ყოველდღიურად იყენებენ დღეში 18-20 ათას ჭურვს, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლებს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსულ არმიაში, კონკრეტულად კი არტილერიაში 2023 წლის მარტამდე საბრძოლო მასალების პრობლემები ძალია შესამჩნევი იქნება.

წლის დასაწყისში ISW-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიას საარტილერიო საბრძოლო მასალები ეწურება. შედეგად, ოკუპანტებს უჭირთ უკრაინის ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე ოპერაციების ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნება.

რუსეთმა კრემენაიას ფრონტზე საჰაერო-სადესანტო ძალები განალაგა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 12 იანვრის ანგარიშში რუსეთის მიერ საჰაერო-სადესანტო ძალების გამოყენებისა და ბოლო დროს მათი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაში დისლოცირების საკითხებია განხილული.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, როგორც დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის ირგვლივ, ასევე ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას მისადგომებთან.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან რუსეთმა თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების 76-ე გვარდიის დივიზია კრემენაიას ფრონტის ხაზზე განალაგა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ეს სექტორი შეფასდა, როგორც მნიშვნელოვნად დაუცველი.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ნოემბრამდე რუსეთი თითქმის მთელ თავის დისლოცირებად საჰაერო-სადესანტო ძალებს იყენებდა, როგორც გრძელვადიან, სახმელეთო ძალებს ხერსონის ფრონტის ხაზის გასწვრივ.

ახლა ისინი გადაიყვანა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაში, სადაც, სავარაუდოდ, მეთაურები ცდილობენ საჰაერო-სადესანტო ძალები, როგორც შედარებით ელიტური სწრაფი რეაგირების ძალები,  მათი დოქტრინული როლის შესაბამისად გამოიყენონ.

უვარგისი კარტოფილი და ხის მასალა „ყაზბეგიდან“ რუსეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსხურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

„ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, კანონით დადგენილი კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ფიტოსანიტრების მიერ, შეჩერებული იქნა 69,867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა.

აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 113 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
  • ტანკი – 3 094 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 6 159 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 2 082 ერთეული [+4]
  • MLRS – 437 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 218 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 276 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 865 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 826 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 184 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 12 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 372 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 873 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 486 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 979 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 813 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 019 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს – ISW მიზეზებს ასახელებს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინელები ყველაფერს გააკეთებენ საომარი მოქმედებების რუსეთში გადასატანად – ჰოჯესი

ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული.

კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია:

  • ე.წ „შანხაის დასახლებაში“ 2 სოციალური სახლის მშენებლობა
  • 26 მაისის N13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა
  • კახაბრის ქ. N30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა
  • ს. ხიმშიაშვილის ქ. N94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 16 იანვარს დასრულდება.

შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“ მერიის სამმართველოს წინააღმდეგ საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოში 9 იანვარს შეიტანა.

მომჩივანის აზრით:

  • „ტენდერში მონაწილე კომპანიისთვის კონკრეტული გამოცდილების დასადასტურებლად ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების მოთხოვნა წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს და კანონსაწინააღმდეგო დანაწესს“;
  • „ცალსახად აბსურდულია სატენდერო პირობების მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს პრეტენდენტს წარმოადგინოს იმ დამკვეთ(ებ)ის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული აქვს შესაბამისი სამუშაოები“;
  • „ამხანაგობის მიმართ დაწესებულია სრულად კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნა, რომელიც ასევე თავდაყირა აყენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ამხანაგობის მიმართ“;
  • „შემსყიდველს აქვს გასაოცარი დანაწესი და მოთხოვნა აუდიტორული კომპანიების მიმართ, რაც გარდა ჩვენს მიერ სადავოდ გამხდარი სრულად არაკვალიფიციური დანაწესებისა, ასევე წარმოადგენს ნულოვანი კვალიფიკაციის მაჩვენებელს.“

 

[toggle title=”მომჩივანის პოზიციის ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

შპს უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფის საჩივრიდან:

„სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დაწესებულია შემდეგი მოთხოვნა: სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა-ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

ხელშეკრულებების გაფორმების წესი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე კარით და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი, ხოლო ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

გარდა გარიგებაზე/ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არანაირ დამატებით მოთხოვნებს არ უწესებს ხელშეკრულების მხარეებს და ამასთან არ ავალდებულებს გარიგებაზე/ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებას.

აღნიშნული ასევე მოწესრიგებულია საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით, რაც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.

შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზე, ვერც ერთი ბიზნეს სუბიექტი ვერ დაუშვებს იმ გარემოებას, რომ მას მომავალში, კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, კონკრეტული გამოცდილების დასადასტურებლად დასჭირდებოდა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას, რაც წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს და კანონსაწინააღმდეგო დანაწესს.

სატენდერო კომისიის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გარდა ზემოაღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერისა, ცალსახად აბსურდულია სატენდერო პირობების 2.2.1. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს პრეტენდენტს წარმოადგინოს იმ დამკვეთ(ებ)ის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული აქვს (ა) და (ბ) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი სამუშაოები.

პრეტენდენტს მოთხოვნილი აქვს კონკრეტული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ ანალოგიური სამუშაოების შესრულებას, შესაბამისად, გაუგებარია, სარეკომენდაციო წერილების წარდგენის დავალდებულებით, რისი დადგენა სურს შემსყიდველს და იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი აკმაყოფილებს მოთხოვნილ გამოცდილებას და შესაბამისი ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებითა და სხვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციით დასტურდება შესრულება, სარეკომენდაციო წერილის მოთხოვნის დაწესება არის სრულად ზედმეტი და არაპროპორციული მოთხოვნა.

2.2.1. პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ამხანაგობის მიმართ დაწესებულია სრულად კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნა, რომელიც ასევე თავდაყირა აყენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ამხანაგობის მიმართ.

პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N 12 ბრძანება ამხანაგობის შექმნის პერიოდთან/თარიღთან დაკავშირებით არანაირ შეზღუდვას არ აწესებს, შესაბამისად, კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება კონკრეტულ ტენდერში მონაწილეობის მიზნით შექმნან ამხანაგობა და მიიღონ მონაწილეობა ტენდერში და თავისუფლად წარადგინონ სატენდერო შეთავაზება.

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 24-ე მუხლით ამხანაგობის მიმართ დაწესებულია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ამხანაგობა და ასევე დაწესებულია ამხანაგობის წევრთა გამოცდილების დადასტურების წესი.

გარდა ზემოაღნიშნული დარღვევებისა, შემსყიდველს აქვს გასაოცარი დანაწესი და მოთხოვნა აუდიტორული კომპანიების მიმართ, რაც გარდა ჩვენს მიერ სადავოდ გამხდარი სრულად არაკვალიფიციური დანაწესებისა, ასევე წარმოადგენს ნულოვანი კვალიფიკაციის მაჩვენებელს.

2.6.1.3. პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნა : ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს ისეთ ქსელში შემავალი ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოში ჰყავს წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი, რომელთანაც სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და სამსახურის უფროსის ბრძანებით, აუდიტორულ ფირმას, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის დასკვნითი შეფასება.

უცხოური კომპანიების მიერ მათი ანგარიშგების აუდიტი ტარდება იმ წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც აწესებს კონკრეტული რეზიდენტი ქვეყნის კანონმდებლობა, შესაბამისად, ნებისმიერი უცხოური საწარმო მოქმედებს მისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც საქართველოს რეზიდენტი კომპანიები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ უცხოური კომპანიების ანგარიშგების აუდიტი ჩატარებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედი აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც კონკრეტული რეზიდენტი ქვეყნისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის აუდიტორული დასკვნის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა კონკრეტულ აუდიტორულ კომპანიას, რომელიც ასევე წარმოადგენს ბრენდულ და რეპუტაციულ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტის ქსელის წევრ კომპანიას და არ გააჩნია საქართველოში ფილიალი.“

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ბათილად ცნოთ სატენდერო პირობების 2.2.1. პუნქტის „ე“ , „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები და სატენდერო პირობების 2.1.6.3. პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი და დაავალოთ შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო პირობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა“

[/toggle]

 

მომჩივანი კომპანია დავების საბჭოსგან ითხოვს ბათილად ცნოს სატენდერო პირობების სადავო პუნქტები და დაავალოს ბათუმის მერიის სამმართველოს „სატენდერო პირობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა“.

საჩივრის განხილვის თარიღად დავების საბჭოში 12 იანვარია ჩანიშნული.

ერთიანი ტენდერის გამოცხადებაზე მერიამ თანხმობისთვის 2022 წლის ბოლოს მიმართა საკრებულოს.

დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის მერია 78-მილიონიანი ტენდერის გამოცხადებაზე საკრებულოს თანხმობას ითხოვს

უკრაინელები ყველაფერს გააკეთებენ საომარი მოქმედებების რუსეთში გადასატანად – ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს საბჭოთა კავშირში უკრაინის როლზე და დასძენს, რომ ამ გიგანტური სახელმწიფოს ინდუსტრიული ცენტრი უკრაინა იყო. სწორედ უკრაინას ჰქონდა ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ბაზები და ცოდნა.

ბენ ჰოჯესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსებისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს და მათ ეს უნდა გაიაზრონ – ქვეყანამ შეიძლება დარტყმა მიიღოს ყველა აეროპორტსა და სამხედრო ბაზაზე.

უკრაინელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ. და ეს იმიტომ, რომ რუსებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმა“, – განაცხადა ჰოჯსმა.

ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა სარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინელები არ სხედან და არ ელიან, როდის მისცემს ამერიკა მათ ATACMS-ებს.

უკრაინა დღემდე არ ადასტურებს, რომ რამენაირად მონაწილეობს იმ აფეთქებებში, რაც რუსეთში ხდება. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქებები ტერორისტი ქვეყნის მიერ დაწყებული ომის პირდაპირი შედეგია.

„ალიანსის“ მფლობელმა 16.5 მილიონად ბათუმის სანაპიროზე მიწა იყიდა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, თამარის დასახლების #1-ში მდებარე ნაკვეთი, რომლის ფართობიც ერთ ჰექტარზე მეტია [16 433 კვ.მეტრი], აჭარის მთავრობამ 16 მილიონ 500 000 ლარად გაყიდა. ქონების საწყისი ღირებულება 10 მილიონ 500 000 ლარი იყო, თუმცა მისი ფასი კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა. ელექტრონული ვაჭრობა 24-ე ბიჯის დადების შემდეგ შპს „სიტი გაიდის“ გამარჯვებით დასრულდა.

შპს „სიტი გაიდი“ 2022 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნეს, კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე, მედეა ბოჭორიშვილია.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ საპრივატიზებო საფასური 3 ეტაპად, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, 2024 წლის ივნისამდე უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

თამარის დასახლება #1 – გაყიდული მიწის ნაკვეთი

აუქციონის პირობის მიხედვით, კომპანიამ აქ მშენებლობა უნდა დაიწყოს, თუმცა პირობაში დაზუსტებული არ არის შენობის ფუნქცია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი საცხოვრებელ ზონაშია – ამ დროისთვის არ ვიცით, კომპანია აქ საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს თუ სასტუმროს.

აუქციონის პირობების მიხედვით, „სიტი გაიდმა“ სამშენებლო პროექტის ესკიზი, შენობის გაბარიტებისა და მოსაპირკეთებელი მასალების შესახებ მონაცემები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს.  გარდა ამისა, კომპანიამ 24 თვეში, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 48 თვის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება-ამოქმედება უნდა შეძლოს.

მიწის ნაკვეთს [ზღვის მხარეს] სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორია ესაზღვრება, რომლის ფართობიც 5 859კვ.მეტრია. დოკუმენტებით დგინდება, რომ სამინისტროს ამ ნაკვეთის გასხვისებაც სურდა, მაგრამ ნაკვეთი საინჟინრო დაცვის მუდმივი მეთვალყურეობის ზოლშია [„საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად] და მასზე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას საჭიროებს.

ღია ფერით მონიშნულია გაყიდული მიწის ნაკვეთი, ხოლო შედარებით უფრო მუქ ფერში მონიშნულია ნაკვეთი, რომლის გაყიდვაც ამ ეტაპზე მთავრობამ გადაიფიქრა

დოკუმენტების თანახმად, გზების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობას აცნობა, რომ ნაკვეთის გასხვისების წინააღმდეგი არ არის.

ამავე თემაზე:

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

 

 

 

 

თევზსაჭერი გემები ბათუმის აკვატორიაში | ფოტო

ბათუმის ზღვის აკვატორიაში დღეს, 11 იანვარს, ოცამდე თევზმჭერი გემია, რომლებიც ქაფშიას იჭერენ.

სეინერები ბათუმის აკვატორიაში / 11.01.2023 / გურამ მურვანიძის ფოტოები

საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია ფლობს. ლიცენზიები 2016-2019 წლებშია გაცემული. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმთან. ბათუმში ხელოვნურ კუნძულს კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აშენებს. უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავი ჯებირი“ აშენდება, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება.

თევზჭერის ქართველი ლიცენზიატები ძირითადად თურქული კომპანიების გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ.

ამავე თემაზე:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

აშშ უკრაინას „ბრედლის“ მიაწვდის, თურქეთი კი უკვე აწვდის კასეტურ ბომბებს – მედია

მედია უკრაინისთვის ახალი იარაღის გადაცემაზე იუწყება. კერძოდ, საუბარია DPICM ტიპის კასეტურ ბომბებსა და „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანებზე.

საბრძოლო მანქანა „ბრედლი“

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონი) განცხადებით, უკრაინა „ბრედლის“ ტიპის ქვეით საბრძოლო მანქანებს რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებს.

„განვაგრძობთ მუშაობას რამდენადაც შეგვიძლია სწრაფად. არ ვაპირებთ წინასწარ განვაცხადოთ, როდის გადაეცემა ეს სისტემები უკრაინას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები მათ მიღებისთანავე გამოაჩენენ“, – აღნიშნა პენტაგონის პრეს-სპიკერმა, პეტ რაიდერმა და დაამატა, რომ აშშ უკრაინას არა მარტო თავდაცვაში, არამედ ტერიტორიების გათავისუფლებაშიც დაეხმარება.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს მანქანის მართვას გერმანიაში ასწავლიან.

„ბრედლის“ ტიპის მანქანები 6 იანვარს გამოცხადებული სამხედრო დახმარების ნაწილია. მანქანას სახელი გენერალ ომარ ბრედლის პატივსაცემად ეწოდა და შეიქმნა 1970-იან წლებში. ამ საბრძოლო მანქანას აშშ-ის ჯარი ერაყსა და ავღანეთში იყენებდა.

კასეტური ბომბები

ჟურნალ „ფორინ პოლისის“ წყაროების ცნობით, 2022 წლის ბოლოს თურქეთმა უკრაინაში „ცივი ომის“ დროინდელი კასეტური იარაღის, DPICM-ის გაგზავნა დაიწყო.

საუბარია ე.წ. ორმაგი დანიშნულების კონვენციურ იარაღზე. ყოველი გასროლისას, თითო ჭურვი 88 უფრო პატარა ჭურვად იშლება.

„ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ზოგიერთი თვალსაზრისით რუსეთს უახლოვდება, იგი ხდება უკრაინის მართლაც რომ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სამხედრო თვალსაზრისით“, – ამბობს გამოცემის წყარო.

კიევი და ანკარა ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

DPICM „დაახლოებით ხუთ-ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სტანდარტული ჭურვები“.

Exit mobile version