მთავარი,სიახლეები

რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

01.07.2021 • 4768
რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

ავტორი: ანა თურაძე 

ზღვისპირას თუ გაივლით, სანაპიროზე პლასტმასის ბოთლს ან ცელოფნის ძველ პარკს აუცილებლად შენიშნავთ. ზღვაში მოხვედრის შემდეგ პლასტმასსა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის საზღვაო ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ. რა საფრთხეებს შეიცავს ზღვის პლასტმასით დაბინძურება და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე? – ამ თემაზე ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ საზღვაო ნარჩენების ექსპერტს, მაია ოჩიგავას ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო მაია, რა მონაცემები არსებობს, რამდენად დაბინძურებულია შავი ზღვა პლასტმასის ნარჩენებით?

პირველ რიგში განვმარტოთ, რა არის საზღვაო ნარჩენი. ეს არის მდგრადი, წარმოებული ან დამუშავებული მყარი მასალა, რომელიც გვხვდება ზღვაში ან სანაპიროზე.  საზღვაო ნარჩენები ზღვაში ხვდება არაპირდაპირი გზითაც, მაგალითად, მდინარეებით, კანალიზაციით, წვიმის წყლით ან ქარის მეშვეობით.

მაია ოჩიგავა, საზღვაო ნარჩენების ექსპერტი

საზღვაო ნარჩენების მონიტორინგი საქართველოში არ ხდება, იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ჩატარდა მონიტორინგი. ეს მოხდა პირველად გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ემბლას“ფარგლებში და ასევე – შავი ზღვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე პროექტის ფარგლებში.

ერთ-ერთი პროექტი არის „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მიერ განხორციელებული. 2021 წლის ივნისში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და ფოთში შავი ზღვის საზღვაო ნარჩენებით დაბინძურების მონიტორინგი სანაპიროზე.

მონიტორინგის დროს დასუფთავდა სანაპირო ზოლიც. 12 დღის მანძილზე დასუფთავდა და აღიწერა 1000 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი 8 წერტილში და შეგროვდა 600 კილოგრამი საზღვაო ნარჩენი. მონიტორინგის ჩატარების ადგილის, ნარჩენების სახეობისა და რაოდენობის შესახებ მონაცემები განთავსდა ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს სპეციალურ რუკაზე.

ჩვენ მიერ შეგროვებული და აღწერილი საზღვაო ნარჩენების 87%-ს შეადგენდა პლასტიკატის ბოთლები, თავსახურები და სხვა მცირე ზომის პლასტიკატის ნივთები.

  • ვინ მონაწილეობდა უშუალოდ მონიტორინგის პროცესში?

იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონის სკოლებში აგვემაღლებინა ცნობიერება საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით ჩავატარეთ ეს მონიტორინგი.

ბათუმის, ქობულეთის, ურეკისა და ფოთის ოთხი სკოლის 200-მა მოსწავლემ და 20-მა პედაგოგმა  გაიარა თეორიული სწავლება შავი ზღვის გარემოსდაცვითი პრობლემებისა და საზღვაო ნარჩენების შესახებ.

მონიტორინგის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები აღვჭურვეთ შესაბამისი ხელთათმანებით, პირბადეებით, პარკებით, ყუთებითა და საჭირო ინვენტარით. ასევე, ჩავუტარეთ ინსტრუქცია უსაფრთხოების შესახებ, თუ როგორ უნდა ემუშავათ მონიტორინგის დროს. მჭრელ საგნებსა და ნემსებს მოსწავლეები არ აგროვებდნენ. მათი შეგროვება და სპეციალურ ყუთებში განთავსება იყო ჩვენი და მასწავლებლების ვალდებულება.

თავიდან ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებდა უშუალოდ მონიტორინგს, მაგრამ გაგვიჩნდა ამის შესაძლებლობა, რადგან პანდემიის გამო ონლაინჩატარდა პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის რეგიონული შეხვედრა და გამოგვითავისუფლდა ბიუჯეტი, რამაც მოგვცა მონიტორინგის საშუალება.

სანაპიროს დასუფთავების აქცია. ფოტო: შავი ზღვის ეკო აკადემია

სანაპიროს დასუფთავების აქცია. ფოტო: შავი ზღვის ეკო აკადემია

  • რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ზღვის პლასტმასით დაბინძურება? რა შეიძლება იყოს ამის შედეგი? მაგალითად, რა მოხდება, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება 10, 20 წლის განმავლობაში?

შავი ზღვის საზღვაო ნარჩენებით დაბინძურება დაახლოებით 10-12 წლის წინ გახდა აქტუალური შავი ზღვის ქვეყნებისთვის, მაგრამ შავი ზღვის ქვეყნებში, ბულგარეთისა და რუმინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს საზღვაო ნარჩენების მართვის გამოცდილება.

პლასტიკატი ასეულობით წლის განმავლობაში არ იშლება ბუნებრივ გარემოში, რითაც საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პლასტიკატი არ მოხვდეს ეკოსისტემაში, მით უფრო საზღვაო გარემოში, რადგან მისი ამოღება საკმაოდ რთულია წყლიდან. ნარჩენი უნდა განთავსდეს შესაბამის ურნაში, ლეგალურ ნაგავსაყრელზე, სადაც არის დაცული ყველა წესი.

ბიომრავალფეროვნების გარდა, ეს პრობლემურია ესთეტიკური თვალსაზრისითაც, რადგან დაბინძურებული წყალი და გარემო არ არის ტურისტისთვის მომხიბვლელი.

ამ ეტაპზე შავი ზღვის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია არალეგალური ნაგავსაყრელები, რომლებიც სტიქიურადაა მოწყობილი ხევებში, მდინარეებთან ახლოს და ზღვის სანაპიროზე.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობა ზღვის პლასტმასით დაბინძურების კუთხით? როგორ შეიძლება ებრძოლოს ერთი, ცალკე აღებული ადამიანი ზღვის პლასტმასით დაბინძურებას?

იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზღვაო ნარჩენების შემცირებასა და აღმოფხვრაში, არ უნდა დავყაროთ ნაგავი და არ უნდა დავტოვოთ სანაპიროზე ნარჩენი და უნდა განვათავსოთ აუცილებლად სანაგვე ურნაში.

სოფლებში არ არის შესაბამისი რაოდენობის ურნები და მოწყობილია სტიქიური ნაგავსაყრელები, მოსახლეობამ უნდა შეწყვიტოს ხევებში და  არალეგალურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე  ნაგვის დაყრა.

მაგრამ როგორ მოიქცეს მოსახლეობა, სადაც საერთოდ არაა ან არ არის საჭირო რაოდენობის ურნა?

პლასტიკატის ნარჩენთან ბრძოლა სხვადასხვა გზით შეიძლება. პლასტიკატის ბოთლით პროდუქტის ყიდვა შეძლებისდაგვარად შეიძლება შევამციროთ ან შევიძინოთ, მაგრამ შესაძლებელი უნდა იყოს მათი დაგროვება და ჩაბარება.

ამასთან, შეგვიძლია პლასტმასის ბოთლი ჩავანაცვლოთ მინის ბოთლით.

დღეს გამოჩნდნენ ქართული კომპანიები, რომლებიც იბარებენ ნარჩენებს, მათ შორის, პლასტიკატს მათი შემდგომში გადამუშავების მიზნით. მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისა და თავსახურების ჩაბარების წასახალისებლად ეს კომპანიები ნარჩენის ჩამბარებელს განსაზღვრული რაოდენობის პლასტიკატის ჩაბარების შემთხვევაში ამ ნარჩენების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს საჩუქრად ატანენ.

ბოლო წლების მანძილზე შემცირდა პოლიეთილენის პარკების გამოყენებაც, რადგან ისინი უკვე ფასიანი გახდა და პოლიეთილენი ჩანაცვლდა ქაღალდის პარკებით ან ნაჭრის ჩანთებით.

ჩვენი ორგანიზაცია 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს შავი ზღვის რეგიონში ნარჩენების მართვის საკითხებზე ცნობიერებისა ამაღლების მიმართულებით. ამ ინიციატივის ფარგლებში ბათუმში, ფოთში, ურეკსა და ქობულეთში პირველად საქართველოში განთავსდა შავი ზღვის ეკოინსტალაცია საზღვაო ნარჩენების შემცირების მიზნით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბათუმსა და ქობულეთში საზღვაო პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ინსტალაციები ნაწილობრივ დაზიანდა ვანდალურად. დამნაშავენი არ არიან გამოვლენილნი და დაჯარიმებულნი, რადგან იმ ტერიტორიაზე არ არის ვიდეოთვალთვალის კამერები.

ინსტალაცია – ავტორი ირინა ტორონჯაძე

ინსტალაციების განახლება დაგეგმილია უახლოეს მომავალში, რათა ტურისტული სეზონის განმავლობაში დამსვენებლებს ჰქონდეთ მათი ნახვის საშუალება.

  • ოლო პერიოდში შავმა ზღვამ არაერთი დელფინი გამორიყა ნაპირზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის მთავარი მიზეზი შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს?

სამწუხაროდ, ამას ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან რომ დადგინდეს იყო თუ არა დელფინის ორგანიზმში პლასტიკატის მიკრონარჩენები, საჭიროა კვლევა.

  • „შავი ზღვის ეკოაკადემიის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერნეტპლატფორმა, ვის შეუძლია ამ პლატფორმის გამოყენება და როგორ?

ევროპის გარემოსდაცვის სააგენტოს ვებგვერდზე ავტვირთეთ საზღვაო ნარჩენების მონაცემები მათ მიერ შექმნილი სპეციალური მობილურის აპლიკაცია Marine LitterWatch-ის საშუალებით.

ეს საზღვაო ნარჩენების დაკვირვების აპლიკაციაა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს და ასევე ორგანიზაციას შეუძლია დარეგისტრირდეს და თავადვე აწარმოოს საზღვაო ნარჩენების მოხალისეობრივი მონიტორინგი.

პროექტის ვებგვერდი ონლაინინსტრუმენტია საზღვაო ნარჩენების მართვის საკითხებზე შავი ზღვის ოთხი ქვეყნის: საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ასევე – საბერძნეთის მასშტაბით. აქ ნახავთ ინფორმაციას როგორც საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის შესახებ, ასევე გარემოს მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციას საკანონმდებლო ბაზაზე, საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით ვიდეოებს და ქართულად ნათარგმნ პრეზენტაციებს და ფილმებს, ქართულ ენაზე მომზადებულ ქვიზებსა და სხვა მასალას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: