მთავარი,სიახლეები

ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”

11.04.2023 • 2441
ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”

„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან.

ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის.

„მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო.

დაინტერესებული და მონდომებული ვარ. მიყვარს ჩემი საქმე და აქედან გამომდინარე ვაკეთებ, შემოსავლის და რაღაც მატერიალური მხარის გამო არა. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი შემოსავალი არ არის, რომ ადამიანმა ამაზე დაკარგოს დრო“, – გვითხრა სულხანმა.

ცეკვის მასწავლებლის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი სტიმულის მიმცემი კმაყოფილი მოსწავლის სახეა – „ის, რომ ბავშვები ბედნიერები არიან, ერთ-ერთი ძლიერი მოტივაციაა ჩემთვის. მათ ნამდვილად უყვართ ცეკვა“.

სულხანის თქმით, მის მოსწავლეებს არაერთ ქვეყანაში უცეკვიათ: იყვნენ უკრაინაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.

სულხან ფასანიძე მოსწავლეებთან ერთად

„დიდაჭარასა და ღორჯომში სპორტულ დარბაზებში, ხოლო საციხურში კულტურის სახლში ვასწავლი.

პირველ რიგში, გარემო უნდა იყოს მისაღები. სარეპეტიციო დარბაზი სულ სხვაა. დარბაზში, სადაც ფეხბურთს თამაშობენ, არ უნდა ვარჯიშობდეს ცეკვაში ბავშვი. დამლაგებელიც გვყავს, მაგრამ მაინც პრობლემებია.

მუსიკაც ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის. ფონოგრამებზე ვაკეთებთ დადგმებს. ეს ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება. სტუდიებში რომ ვწეროთ მუსიკა, ამის კომფორტი არ გვაქვს, რადგან სოფელში არ თვლიან საჭიროდ, ამაში ფული გადაიხადონ.

ფორმა გვაქვს, მაგრამ ეს ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია. ხან ერთ ჯგუფს ვაცმევ, ხან – მეორეს და ასე დამყავს ერთი წყვილი ფორმით, რა ვიცი. ეს ფორმაც ასე შემოგველია.

პირველი ფორმა მუნიციპალიტეტის დახმარებით შევიძინეთ. შემდეგ აჭარის მასშტაბით [ცეკვის] ოლიმპიადაში მივიღეთ მონაწილეობა, პირველ ადგილზე გავედით და 1 წყვილი ფორმა დავიმსახურეთ.

რაღაც ელემენტარული ფორმები, მაგალითად, რაჭული, რაც ძვირი არ ჯდება, მშობლების დახმარებით შევიძინეთ“ – სულხან ფასანიძე.

ქორეოგრაფი ისე აბალანსებს გრაფიკს, რომ ერთ სკოლაში კვირის განმავლობაში სამი გაკვეთილი მაინც ჩაატაროს.

სულხანისთვის შაბათი-კვირა ადრე დილით იწყება, რადგან სამივე სკოლის მოსწავლეებთან აქვს ჩანიშნული რეპეტიციები. სოფლები, სადაც ასწავლის, ერთმანეთს 3 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ შეხვედრას ყველასთან ასწრებს.

ხულოს ბევრი სოფლის სკოლას არ ჰყავს ცეკვის მასწავლებელი. სულხანის თქმით, ბევრი შეთავაზება აქვს სხვადასხვა სკოლიდან, მაგრამ ამას ფიზიკურად ვეღარ ახერხებს.

„სამი სკოლაც ძალიან ბევრია. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ბევრი ბავშვი მირეკავს, უნდათ ინდივიდუალურად ვასწავლო, მაგრამ უარის თქმა მიწევს უდროობის გამო“, – გვითხრა სულხანმა.

გარდა იმისა, რომ სულხანი ცეკვას ასწავლის, მას მცირე ფერმაც აქვს, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად უვლის.

წლების წინ მისი ფერმა 15 000 ლარით დააფინანსეს პროგრამის – „აწარმოე საქართველოსთვის“ ფარგლებში, რითაც მეწარმეობა გააფართოვა.

სულხანის თქმით, ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს – „მოგვიანებით საქონლის ჯიშებზეც გავამახვილეთ ყურადღება. მივხვდით, თუ რომელია უკეთესი ჯიში ჩვენი პირობებისთვის, მეტი რძე რომ მოეცათ და მოგებაც მეტი გვქონოდა.

საქონლის სადგომი ჯერ ხის გვქონდა. შემდეგ ჩვენი ხარჯით გავაკეთეთ ქვის სადგომი წყლის სისტემით და შევიძინეთ საწველი აპარატიც. შესაძლოა, ჩვენი მცირე ფერმა ბოლომდე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, მაგრამ ჩვენს პირობებში ნორმალურია“, – ამბობს სულხანი. მისი თქმით, ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია, თუ რის გაკეთება იქნებოდა უკეთესი საქონლის ახალ სადგომში.

„კარგი ჯიშის 12 მეწველი ძროხა მყავს ამ ეტაპზე. მყავს მოზარდი საქონელიც. 100 ლიტრამდე რძე გვაქვს, რძით ვკვებავთ ხბოებსაც. ვაწარმოებთ აჭარულ დაწნულ ყველს და რძის სხვა ნაწარმს“, – გვიყვება სულხანი. მისი თქმით, ახლა საქონელს, ძირითადად, მისი მშობლები უვლიან.

„რა თქმა უნდა, როცა დრო გვაქვს, მე და ჩემი მეუღლეც ვართ საქონლის მოვლაში ჩართული. ზაფხულში ბალახს საქონლისთვის უმეტესად ჩვენ ვაგროვებთ.

გასულ წელს ძალიან გაიზარდა თივის ფასი. ყველა საქმე რთულია, მაგრამ თუ არ ცდი, არაფერი გამოვა.

ჩემი აზრით, მესაქონლეობა უფრო შემოსავლიანია ამ ეტაპისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში, მცირემიწიანობიდან გამომდინარე, კარტოფილი ან სხვა რამის წარმოება არ გამოვიდა“ – ამბობს სულხანი.

მისი თქმით, მისი ოჯახის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტს ითხოვენ კერძო მაღაზიები თუ სხვა დაწესებულებები, მაგრამ რელიეფიდან და პირობებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწოდებას ვერ ახერხებენ:

„კვირაში ორჯერ ვაბარებთ ყველს თუ რძის სხვა პროდუქტებს ბათუმის ბაზარში. სოფლის „მარშუტკის“ მძღოლებს ვატანთ და ისინი აბარებენ“.

სულხანის თქმით, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ცხოვრება განსაკუთრებით რთულია ხანგრძლივი და სასტიკი ზამთრის გამო. ფიზიკურადაც ბევრს შრომობენ ადამიანები.

„ცეკვას 200-მდე ბავშვს ვასწავლიდი. ახლა ეს რიცხვი 100-ზე ჩამოვიდა და ყოველდღიურად იკლებს, სამწუხაროდ. ქალაქისკენ მიდის მოსახლეობა. ხშირად მეუბნებიან, ამდენს მოძრაობ, ამდენ მოსწავლეს ასწავლი ცეკვას, კიდევ ფერმერობას და სხვა საქმეებს როგორ ახერხებო. მე კი ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: