მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ახალი შემოვლითი გზა გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე 2018 წელს დასრულდება

02.11.2017 • 5458
ახალი შემოვლითი გზა გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე 2018 წელს დასრულდება

2017 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ჭოროხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რატომ გადაწყდა გზის აშენება, შეეხება თუ არა მოსახლეობის კერძო საკუთრებას და როდის დასრულდება – ამ კითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს.

არჩილ ჩიქოვანი

ბატონო არჩილ, რატომ გადაწყდა ახალი  გზის აშენება?

რეგიონის მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მახოს ხიდიდან ქალაქისა და გონიო – სარფის მიმართულებით, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო (მძიმეწონიანი) ავტომობილები მოძრაობენ კეთილმოწყობილი ბათუმი – ახალციხის მაგისტრალის მეშვეობით. ეს მონაკვეთი განსაკუთრებით დატვირთულია მახოს ხიდიდან სარფისკენ მიმავალი სატვირთო (მძიმეწონიანი) ავტომანქანებით, რაც იწვევს მოძრაობის შეფერხებას და ქმნის საცობებს.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, შემოვლითი გზა იქნება გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე. უფრო ზუსტად ხომ ვერ იტყვით, სად გაივლის და შეეხება თუ არა მისი მშენებლობა იქ მცხოვრებთა კერძო საკუთრებას?

გზის მშენებლობა დაიწყო გონის ხიდთან მისვლამდე, გაფორმების ეკონომიკურ ზონის (გეზი) ტერიტორიასთან და გაგრძელდება მახოს ხიდამდე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც არ შეეხება კერძო მესაკუთრეებს და არც განსახლება გახდება საჭირო.

რამდენია პროექტის სრული ბიუჯეტი და როდის დასრულდება მშენებლობა?

პროექტის სრული ღირებულებაა 8 253 000  ლარი. სულ დაიგება 5700 მეტრი ასფალტის საფარი, მოეწყობა 197 გრძივი მეტრი გაბიონი, 190 მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 140 გრძივი მეტრი მონოლითური რკინა ბეტონის სწორკუთხა მილი და 54 გრძივი მეტრი ლითონის მილი.

შემოვლითი გზის მშენებლობა

შემოვლითი გზის მშენებლობა

წელს დაიწყო ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულება 1 031 073 ლარია. ამ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდება ამა წლის 19 დეკემბერს. დანარჩენი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება მომავალ წელს.

რა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს რეგიონი მოცემული პროექტით?

პირველ რიგში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა განიტვირთება, რაც დიდი შვებაა, როგორც იქ მცხოვრებთათვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან ამ გზაზე. გარდა ამისა, გაცილებით სიცოცხლისუნარიანი გახდება არსებული კეთილმოწყობილი გზა მძიმე მანქანების ჩამოშორებით და, ბოლოს, – კარგი ინფრასტუქტურა ნიშნავს იოლ გადაადგილებას ნაკლებ დროში. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ძალიან გაზრდილია მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით ვიზიტორების ნაკადი. შენდება ახალი კურორტები. რაც უფრო განვითარდება ინფრასტრუქტურა, უფრო გაიზრდება ტურისტული ნაკადი. ჩვენც, შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: