თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
მუხლი 2 . პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო.
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი;
ბ) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;
გ) სუბსიდია – საქონლის შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;
დ) ბარათი – საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ე) საქონელი – თხილის მოვლისთვის ან/და მოყვანისთვის საჭირო საქონელი;
ვ) საქონლის მიმწოდებელი – საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების – „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;
ზ) ბანკი – სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით;
თ) თხილის ბაღი – ამ პროგრამის მიზნებისთვის არანაკლებ 0.2 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინტენსიურად, ნახევრად ინტენსიურად ან ტრადიციულად არის გაშენებული თხილის კულტურა;
ი) თხილის ბაღების კადასტრი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აეროგადაღების საფუძველზე შექმნილი ორთოფოტო გეგმების, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაში (ABACO) ინტეგრირებული სატელიტური გადაღების მასალების გამოყენებით, ბენეფიციართა განაცხად(ებ)ისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს მონაცემებს თხილის ბაღ(ებ)ისა და მის მესაკუთრეთა (მოსარგებლეთა) ან/და ფაქტობრივ მფლობელთა შესახებ;
კ) სამუშაო ჯგუფი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სააგენტოს, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჯგუფი.
მუხლი 4. თხილის ბაღების კადასტრის წარმოების წესი
1. თხილის ბაღების კადასტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. თხილის ბაღების კადასტრში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი ან/და ბენეფიციარი.
მუხლი 5. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
პროგრამის მე-6 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საქართველოში საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა ჰქონდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა-ისა და არაუმეტეს 3 ჰა-ისა.
მუხლი 6. პროგრამის პირობები და სუბსიდიის მოცულობა
1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი პირობებით სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას:
ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად აქვს არანაკლებ 0.2 ჰა-იდან არაუმეტეს 3 ჰა-ის ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე;
ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში აქვთ არანაკლებ 0.2 ჰა-იდან არაუმეტეს 3 ჰა-ის ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ ბენეფიციარებზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს თხილის ბაღ(ებ)ი აქვს/აქვთ, როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებაში, თანასაკუთრებასა და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;
დ) თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე ან/და თანამოსარგებლეზე ან/და ფაქტობრივ თანამფლობელზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია, ან – ყველა თანამესაკუთრის ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე ან/და თანამოსარგებლე ან/და ფაქტობრივი თანამფლობელი და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლეების ან/და ფაქტობრივი თანამფლობელების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
2. თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მონაცემები გავლენას ვერ იქონიებს უძრავ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების აღიარებაზე ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, ასევე საკუთრების ან სხვა მართლზომიერი უფლების წარმოშობაზე.
მუხლი 7. სუბსიდიის გაცემა
1. სამუშაო ჯგუფის მიერ თხილის ბაღების კადასტრიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.
2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.
3. ბანკი სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი ოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.
4. სააგენტო, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთანავე, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.
6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მუხლი 8. სუბსიდიის გაცემის პროცედურა
1. სუბსიდიის გაცემის პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
2. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში სააგენტო განსაზღვრავს განაცხადების მიღების ბოლო ვადას.
მუხლი 9. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.