მთავარი,სიახლეები

ჯარში რომ არ წავიდე, ვცდილობ, სტუდენტობა გავიხანგრძლივო – ინტერვიუ

07.04.2023 • 3198
ჯარში რომ არ წავიდე, ვცდილობ, სტუდენტობა გავიხანგრძლივო – ინტერვიუ

„იმისთვის, რომ არ წავიდე ჯარში, ვცდილობ შევინარჩუნო სტუდენტის სტატუსი და ამისთვის საგნებსაც კი ვიტოვებ“ – ამბობს მაგისტრატურის სტუდენტი სანდრო გიგაური, რომელიც უმაღლესი განათლების ადმინისტრირებას სწავლობს.

რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს ჯარს და რას ფიქრობენ ~ცვლილებებზე, რაც ახალი კოდექსით იგეგმება? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა სტუდენტს.

  • სანდრო, როგორც ვიცით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, 18-იდან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქემ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაიაროს. ახალი კოდექსით, ჯარის გადავადება პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ და ისიც ათი ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

ჩემს შემთხვევაში პრობლემა გვარდება იმით, რომ 2015 წლის შემდეგ არ შემიწყვეტია სტუდენტის სტატუსი და ახლაც მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობ.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გავიარე მაგისტრატურა და შემდეგ აქ რომ დავბრუნდი, ისევ მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა.

ახლა ვფიქრობ იმაზეც, რომ არ ჩავაბარო კონკრეტული საგნები და გადავიტანო მომდევნო წლისთვის, რომ მინიმუმ ერთი წლით გავიხანგრძლივო სტუდენტის სტატუსი.

  • შემდეგ რას იზამთ, რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე ხომ მივა ეს ყველაფერი?

საბოლოო ჯამში, რაღაც ეტაპზე ალბათ მაინც მომიწევს სწავლის დასრულება, რადგან სტუდენტის სტატუსის შემთხვევაშიც შეიძლება არ გქონდეს სრული გარანტია, რადგან ძალიან ძნელია სამსახურის და უნივერსიტეტის ერთმანეთთან შეთავსება.

ამას ემატება ისიც, რომ სტუდენტის სტატუსი არ უნდა იყოს ფორმალური. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დადიოდე უნივერსიტეტში, ესწრებოდე ლექციებს, რადგან თუ ერთი სემესტრი მაინც ვერ მოახერხე საჭირო კრედიტების დაგროვება, შემდეგ ვეღარ შეინარჩუნებ აქტიურ სტატუსს. ამიტომ, სტატუსის შენარჩუნებაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს.

თუმცა, ახლა მე ვარ 25 წლის და 27 წლამდე ერთი წელია შუალედი. სავარაუდოდ სწავლას დოქტორანტურაში გავაგრძელებ და ასე შევინარჩუნებ სტატუსს. მომიწევს ეს ზომები მივიღო.

  • როცა სწავლის ვადები იწელება დროში, ამას ფინანსური რესურსიც სჭირდება, ხომ? თქვენ ამჯობინებთ გადაიხადოთ სწავლის საფასური ვიდრე წახვიდეთ ჯარში?

კი ბატონო. ახლა მე მაქვს სახელმწიფო გრანტი და ორი წლის განმავლობაში ფარავდა სწავლის საფასურს, მაგრამ რადგან მომიწია ერთი წლის დამატება, ჩემი სახსრებით უნდა გადავიხადო დამატებითი კრედიტების საფასური. ერთ წელიწადში, სავარაუდოდ, ეს იქნება ათასი ლარი, რისი გადახდაც მომიწევს და თავისთავად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაზე უკეთესია.

  • რატომ არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ასეთი მიუღებელი თქვენთვის, რა არის მთავარი პრობლემა?

სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, როგორც იცით, ვერ მიიღებთ ვერანაირი ტიპის შემოსავალს. არის ოჯახები, სადაც ერთი ადამიანია შემომტანი და მთელი ოჯახი მასზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, ერთი წელი იქნება თუ წელიწადნახევარი, ეს პერიოდი ადამიანს სჭირდება როგორც მატერიალური რესურსის დასაგროვებლად, ასევე გამოცდილების მისაღებად იმ სფეროში, სადაც მუშაობს და თუ მე შევწყვეტ მუშაობას, ვერც შემოსავალს მივიღებ და პროფესიულადაც ნაკლებად კონკურენტუნარიანი ვხვდები, რადგან ვეღარ მოვახერხებ განვითარებას ჩემს სფეროში.

  • ეს ერთი წელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეიძლება დაკარგოთ?

ალბათ გააჩნია სფეროსაც, სად არის ადამიანი დასაქმებული. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ეს იქნება პრობლემა, რადგან ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებები და თავისთავად, ეს ნიშნავს პროცესებისგან გათიშვას.

  • ვთქვათ ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტში აღარ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი და მოგიწიათ არჩევანის გაკეთება, გადაიხდით ათი ათას ლარს თუ წახვალთ ჯარში?

ათი ათასი ლარის გადახდა ნამდვილად უსამართლობაა, რადგან ჯერ ერთი, კოდექსში წერია, რომ მხოლოდ ერთხელ შემიძლია გადავავადო და თუ მეორე წელს მაინც უნდა გამიწვიონ, მაშინ ეს უბრალოდ ფინანსური ტვირთი იქნება.

თუმცა დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ამხელა თანხის გადახდა ალბათ ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რაც, თავისთავად, ადამიანების უთანასწორო პირობებში ჩაყენებაა.

თუ მე მექნებოდა იმის გარანტია, რომ ეს ათი ათასი ლარი გამათავისუფლებდა სრულად ან გრძელვადიანი პერიოდით, ამის დაშვება შეიძლებოდა, იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ამ თანხის გადახდას.

  • იყო ასეთი კითხვებიც, რომ თუ არავინ არ წავა ჯარში, მაშინ ვინ უნდა დაიცვას ქვეყანა. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავიცვათ სახელმწიფო?

ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს სამხედრო სამსახური იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იმსახურონ ამ სფეროში.

მაღალანაზღაურებადი პროფესიული ჯარი უფრო გაამართლებდა, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. შესთავაზებენ ადამიანებს ნორმალურ პირობებს, შესაბამისად, ეს პრობლემაც მოგვარდება.

იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზებაც. რატომ არ შეიძლება სამხედრო სამსახურში ჩაგვეთვალოს რომელიმე ალტერნატიულ სამსახურში მუშაობა?!

უფრო დახვეწილი სისტემაა მოსაფიქრებელი, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს ადამიანს, რომ თვითონ შეძლოს დროის უფრო მოქნილად განსაზღვრა.

ან აკადემიურ ნაწილს დამატებოდა სამხედრო კომპონენტი და ესეც იქნებოდა კარგი გამოსავალი.

გასაგებია, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ მოქალაქეების მოთხოვნებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • სამხედრო სამსახურს იგივე სტუდენტის სტატუსით თავს არიდებენ დეპუტატების, მინისტრის თუ სხვა მაღალჩინოსნების შვილებიც, რადგან მათი უმრავლესობა უცხოეთში სწავლობს ან ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, ახალი კოდექსი მათაც ისევე შეზღუდავს როგორც სხვა, სოციალურად ნაკლებად დაცულ ადამიანებს?

თუ სამხედრო სამსახური საყოველთაოა, მაშინ თანამდებობის პირების შვილებიც უნდა გაიწვიონ და ყველა სოციალურ კლასზე უნდა გავრცელდეს კანონი. სხვა შემთხვევაში, თავისთავად უთანასწორობა იქნება.

ვისაც აქვს ამ ათი ათასი ლარის გადახდის საშუალება, მათთვის პრობლემა მოგვარდება და ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა ჩვენს ქვეყანაში. ათი ათას ლარს ბევრი წლის განმავლობაშიც კი ვერ გამოიმუშავებს.

ამან შესაძლოა ისედაც გაზრდილ მიგრაციასაც შეუწყოს ხელი, რადგან ადამიანები ისედაც მიდიან სოციალური პირობების გამო უცხოეთში და ჯარისგან თავის არიდება დამატებითი მიზეზი გახდება.

  • ახალგაზრდების ხმა ნაკლებად ისმის კოდექსის განხილვის პერიოდში. როგორ ფიქრობთ, რატომ ?

სავარაუდოდ იმიტომ, რომ აქამდე ახალგაზრდები მაინც პოულობდნენ რაღაც გზებს, რომ ამ ყველაფრისთვის თავი აერიდებინათ. თუმცა, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გზები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ გახდება ხმის ამოღების საჭიროება, თუმცა შესაძლოა იყოს გვიან.

გარდა ამისა, საზოგადოებაც არ არის ბოლომდე შეთანხმებული ამ საკითხზე. ხშირ შემთხვევაში ჯარში წასვლა ასოცირდება პატრიოტიზმთან და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვერ ხერხდება თემის წინ წამოწევა და მოსახლეობის კონსოლიდაცია ამის ირგვლივ.

მთლიანობაში, ეს კოდექსი არის პრობლემური და მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო იმ მიმართულებით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ბევრი ალტერნატივა შეიქმნას, ისეთი, რაც არ მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ცხოვრების გვერდზე გადადებას, რომ საბოლოო ჯამში ადამიანებმა არ მიმართონ უკიდურეს ზომებს, თუნდაც ემიგრაციას ან მუდმივად სტუდენტის სტატუსის ქონას და ასე შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: