განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

07.04.2023 • 2826
ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

ელექტრო, კოსმოსური ინჟინერია და მედიცინა – ეს ის სფეროებია, რომლებიც მეცხრეკლასელმა თამარმა, თორნიკემ და მიხეილმა მომავალ პროფესიად აირჩიეს. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო მეცნიერებების მიმართულებით კომაროვის სკოლისა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიის ფარგლებში ცოდნას STEM სკოლაში აიმაღლებენ და მათთვის საინტერესო მიმართულებით ახალ მოდულებს შეისწავლიან.

კონკურსში ორი ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა,  მათგან 60 გამარჯვებული უნდა გამოევლინათ.

თამარ ზაქარაძე კოსმოსური ინჟინერიითაა დაინტერესებული და სურს, ცოდნა ამ მიმართულებით გაიღრმაოს. თუმცა წუხს იმის გამო, რომ საქართველოში ეს მიმართულება არ არის კარგად განვითარებული, არც უნივერსიტეტებში არსებობს კოსმოსური ინჟინერიის ფაკულტეტი, ამიტომ შეეცდება, სამომავლოდ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტში მოიპოვოს დაფინანსება.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, ჩვენს ქვეყანაში მაინც ნაკლები ყურადღება ექცევა კოსმოსურ ინჟინერიას.

ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს მექანიკის ინჟინერია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას კოსმოსურ ინჟინერიასთან და თუ სხვა არაფერი გამოვიდა, ალბათ აქ გავაგრძელებ სწავლას.

ზოგადად, კოსმოსი ბავშვობიდან მაინტერესებს, მიყვარს, ჩემი ინტერესის სფეროა რაკეტების აწყობა, მათი გაშვება და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ამიტომ კარგი იქნებოდა, ამ სფეროს ჩვენს ქვეყანაშიც რომ ექცეოდეს ყურადღება“, – ამბობს თამარი.

როგორც თამარმა გვითხრა, სტიპენდიის ფარგლებში ორ მოდულს გაივლის, რობოტექნიკის და პროგრამირების მიმართულებით, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზოგადად, ჩვენს სკოლებში რობოტექნიკასაც ნაკლები ყურადღება ეთმობა, ამიტომ ეს მოდული დამეხმარება ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.

კარგი იქნება, თუ რაიმე პროექტი გაკეთდება ამ მიმართულებითაც, რომ ბევრმა ბავშვმა განივითაროს უნარები“, – გვეუბნება თამარი.

თამარს საგნებს შორის ყველაზე მეტად ფიზიკა აინტერესებს, გასულ წელს რეგიონულ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველი ადგილიც აიღო.

„ფიზიკა ძალიან საინტერესოა, რადგან ბუნებრივი პროცესების გაგება და შესწავლა უფრო ახლოდან გიწევს“, – გვითხრა მან.

მიხეილ დონაძეც მეექვსესკოლელია და, ბუნებრივია, ძალიან კარგად სწავლობს მათემატიკასა და ფიზიკას. თუმცა უპირატესობას მაინც ბიოლოგიას და ქიმიას ანიჭებს, რადგან მის მომავალ პროფესიასთან ყველაზე ახლოსაა.

„ექიმობას ვაპირებ და, ცხადია, ბიოლოგია და ქიმია უფრო მაინტერესებს. ეს სტიპენდია დამეხმარება იმაში, რომ ავიმაღლო ჩემი ცოდნა სტემშიც და ბიოლოგიაშიც.

ფიზიკაში ახლა გავდივართ წრედებს, ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და ამ მიმართულებითაც გამომადგება ეს მოდული“, – გვეუბნება მიხეილი.

მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე სკოლა ფიზიკა-მათემატიკურია და გაძლიერებულია ამ მიმართულებით სწავლება, მიხეილ სურს ექსპერიმენტების კეთების მეტი შესაძლებლობა იყოს სკოლაში.

„კი, მასწავლებლებიც კარგი გვყავს და კარგად გვიხსნიან, მაგრამ თეორიაზე უფრო მეტად ვმუშაობთ, ვიდრე ექსპერიმენტებზე. ქიმიასა და ბიოლოგიაზე ვუყურებ ხოლმე გადაცემებს „იუთუბიზე“ და აქედანაც ვიღრმავებ ცოდნას.

რობოტიკის შესწავლაც ცხადია დამეხმარება, რადგან მედიცინაშიც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მოწყობილობას და ამ სფეროს განვითარებაც მნიშვნელოვანია“, – ამბობს მიხეილი.

რაც შეეხება თორნიკე შერვაშიძეს, მას თამარის მსგავსად ინჟინერია აინტერესებს, ოღონდ ელექტროინჟინერია.

„სტემი ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან მიყვარს ტექნიკური საგნები. მომავალში ან ელექტროინჟინერიას დავეუფლები პროფესიულად ან პროგრამისტი გავხდები. ორივე ძალიან მაინტერესებს.

ამიტომ სტემპროგრამაში მოხვედრა, ვფიქრობ, ძალიან გამომადგება, ზოგად სასკოლო შეფასებაზეც დადებითაც აისახება ალბათ და ჩემს სამომავლო ინტერესებზეც. სამყარო ამ საგანს უკავშირდება და მინდა, მეტი ვიცოდე ამ სფეროში“ ,- ამბობს თორნიკე.

ექსპერიმენტების კეთება მასაც მოსწონს, თუმცა ისე ხშირად ვერ მუშაობს, როგორც სურს. „თუ მასალა ჩახლართულია, მაშინ უფრო მეტად ვატარებთ ექსპერიმენტებს.

ასეთი ჩახლართული თემები ძირითადად ფიზიკასა და ქიმიაშია და აქ ვატარებთ უფრო ცდებს, ესენი ჩემი საყვარელი საგნებია და მომწონს ექსპერიმენტები. თუმცა დამოუკიდებლად, სახლში ვერ ვაკეთებ, რადგან არ მაქვს ამის რესურსები“, – გვეუბნება ის.

მისთვის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი, რაც ბოლოს გააკეთა, სითხის გამოდევნა და აირად ქცევა იყო.

„ჩემი აზრით, სტემ მიმართულების საგნების მეტი პოპულარიზაცია რომ იყოს სკოლებში, უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება მეცნიერებით. ადრე ამერიკულ კუთხეში გვასწავლიდნენ რობოტიკას და გრაფიკულ დიზაინს და სიამოვნებით დავდიოდი.

ქალაქშიც არის ტექნოპარკი და იქაც დავდივარ ხოლმე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ ვახერხებ მისვლას.

ადრე პროგრამირების კურსზეც დავდიოდი და ვსწავლობდი კოდების წერას, ანიმაციებს, მუსიკას ვაკეთებდით“, – ამბობს თორნიკე.

სტიპენდიის ფარგლებში თორნიკე ფიზიკაში გაიღრმავებს ცოდნას და მოდულის ფარგლებში ელექტრონული წრედების შესახებ ელოდება ცოდნის გაღრმავებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: