მთავარი,სიახლეები

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსებს აღარ აქვთ რესურსი“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

07.04.2023 • 1839
„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსებს აღარ აქვთ რესურსი“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ფინეთს 280 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია ომის პირობებში და მილიონიანი რეზერვი ჰყავს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო სისტემებს აწარმოებს, უახლესი გამანადგურებლები აქვს…“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის დასუსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ფინეთის ნატოში შესვლას მიიჩნევს, რადგან რუსეთს რესურსის დახარჯვა ამ მიმართულებით მოუწევს, ფინეთის საზღვართან, სადაც საზღვარიც კი მოწყობილი არ არის.

„თუ შვედეთიც შევა ნატოში და ალბათ შევა კიდეც, ეს დროის საკითხია, მაშინ საერთოდ ბალტიის ზღვაზე ყველა ქვეყანა იქნება ნატოს წევრი, თვითონ რუსეთის გარდა. გოტლენდის კუნძული, რომელიც შვედეთის იყო, ესეც ნატოს თუ გახდა, ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ყირიმია შავ ზღვაში. ასე რომ, კარგი დღეები არ უდგას პუტინს, გაიჩალიჩა ეს ყველაფერი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, ფრონტის ხაზზე ჯერ კონტრშეტევის წინაპირობები არ ჩანს, თუმცა იგი არ გამორიცხავს, ძალის კონცენტრაციის შემთხვევაში უკრაინამ რუსული არმიის გარღვევა შეძლოს.

„თუმცა გარღვევას უნდა მოჰყვეს შემდგომი განვითარება – გარღვეულ დერეფანს სჭირდება შენარჩუნება. როცა გაარღვევ, იქ უკვე უნდა შეიყვანო მეორე დივიზიონი, შეინარჩუნო დაკავებული ტერიტორია“, – აღნიშნავს გადამდგარი გენერალი. იგი დარწმუნებულია, რომ რუსები ადამიანების მასობრივად ომში წაყვანით შედეგს ვეღარ დადებს.

„ამ ჯარისკაცებს ჩასვამენ სანგრებში და ისინი იძულებული იქნებიან, იყვნენ სანგრებში, პერიოდულად ამოყონ ავტომატი და ისროლონ დასავლეთის მიმართულებით, სხვა ამოცანა ამ ჯარისკაცებს არ ექნებათ,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში კრემლი ბირთვულ შანტაჟს უბრუნდებაო – მიიჩნევენ ომის კვლევის ინსტიტუტში. რამდენად ჩანს კონტრშეტევის პირობა?

კონტრშეტევის ნიშნებს ჯერ მე ვერ ვხედავ, მაგრამ ალბათ ეს კარგიც არის, როცა არ ჩანს ეს ღიად. ეს არის საიდუმლოდ შესანახი, თუმცა რა ინფორმაციაც გამოდის და არსებობს, დაახლოებით 40-ათასიანი დაჯგუფება შეიქმნა, ხდება სამხედრო ტექნიკის კუმულაციაც. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რუსეთი კარგავს შეტევით იმპულსს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ უკრაინა გადავიდეს კონტრშეტევაზე.

ახლა მთავარია, რამდენად დროულად იქნება მიღებული აღჭურვილობა და ის საბრძოლო მასალა, რაც სჭირდება უკრაინას კონტრშეტევისთვის.

კონტრშეტევის მზადების ინდიკატორია ისიც, რომ უკრაინამ მიიღო დიდი რაოდენობით ჯავშან-სატანკო დანაყოფების მხარდამჭერი ტექნიკა, საევაკუაციო გადამზიდავი, საინჟინრო ტექნიკა და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მიიღოს უშუალოდ საბრძოლო ტექნიკა.

  • აღჭურვილობა, რასაც იღებს უკრაინა, რამდენად ქმნის კონტრშეტევის პირობას? 

რაც უკვე მიიღო უკრაინამ, ეს არის დაახლოებით ერთი სატანკო ბატალიონი და ერთი მექანიზებული დანაყოფის ტექნიკა, ამათი გაერთიანებით შეიძლება შეიქმნას ორი მექანიზებული, ან ჯავშან-სატანკო დანაყოფი, სადაც იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტანკებიც. ეს არ არის საკმარისი კონტრშეტევისთვის, თუმცა გააჩნია მასშტაბს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სადღაც 90-მდე პოლონური მოდერნიზებული T-72 მიიღეს უკრაინელებმა, ერთიანობაში შეიძლება რაღაც დანაყოფი შეიქმნას. 40 ათასი კაცი კი, არის დაახლოებით 3 – 4 დივიზიის დანაყოფისთვის საკმარისი, პატარა ძალა არაა და თუ კონცენტრაცია მოხდება გარღვევის წერტილში, მათ შესაძლოა განახორციელონ კიდეც ეს გარღვევა.

თუმცა გარღვევას უნდა მოჰყვეს შემდგომი განვითარება – გარღვეულ დერეფანს სჭირდება შენარჩუნება. როცა გაარღვევ, იქ უკვე უნდა შეიყვანო მეორე ეშელონი, გააფართოვო გარღვევის მონაკვეთი, მოიგერიო კონტრშეტევა და შეინარჩუნო დაკავებული ტერიტორია. თუ საუბარია აზოვის ზღვა-ზაპოროჟიე-ხერსონის მიმართულებაზე, რაც ყველაზე მოწყვლადია რუსეთის თავდაცვის სისტემაში, უკრაინელებს გარღვევის შემდეგ მოუწევთ ორივე მხრიდან რუსების მოგერიება, ეს იქნება დონეცკიდან და ხერსონიდან. ეს საკითხი განსახილველია და ალბათ განხილულია კიდეც.

ყველასთვის ხელის გულზე დევს ეს მიმართულება, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, უკრაინელებმა სულ სხვა მიმართულებას დაარტყან. შესაძლოა, მაგალითად, ეს იყოს სვატოვოს მიმართულება. ეს უფრო მტკივნეული დარტყმა იქნება რუსებისთვის.

  • იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ადგილია ლოჯისტიკური თვალსაზრისით? 

დიახ, აქედან ეხსნებათ გზა რუსეთისკენ, ბელარუსისკენ და ლუგანსკისკენ, გადაბმულია გზები… არაა გამორიცხული, რაღაც მიმართულებით გააკეთონ ყურადღების გადამტანი დარტყმა, ძირითადი დარტყმა კი მიმართონ სხვა მიმართულებაზე.

  • სამხრეთის მიმართულებაზე რატომ არის რუსული არმია უფრო მოწყვლადი? 

თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ აქ არის ყველაზე ვიწრო წერტილი – რუსების თავდაცვის ყველაზე ვიწრო სიღრმე. თანაც, ეს სიღრმე მოქცეულია აზოვის ზღვასა და დნეპრს შორის, კახოვკის წყალსაცავიდან რომ ავიღოთ. შესაბამისად, გეოგრაფიულად ვიწრო ყელია და სიღრმეც დაბალი.

უგლედარის მიმართულებით ამიტომაც იყო რუსების მცდელობა, როგორმე გაეზარდათ ეს სიღრმე. უგლედარიდან პირდაპირი, ძალიან მოკლე მანძილია მარიუპოლამდე.

  • შოიგუმ ნატო დაადანაშაულა რუსეთ-ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებისა და დაზვერვის გააქტიურებაში და ამ მოტივით გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. რამდენად იზრდება რეალურად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ფინეთიც უკვე ოფიციალურად ნატოს წევრი გახდა?

დღევანდელი მოცემულობით ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ტაქტიკურ-ბირთვული იარაღი გამოიყენოს რუსეთმა, თუმცა რუსებზე ვერასდროს იტყვის „ვერასოდეს“. დღეს ამის ნიშნები არ ჩანს და რუსეთს არც ამის შესაძლებლობა აქვს, ვინაიდან იცის, რომ მძიმე პასუხს მიიღებს.

შოიგუმ რაღაც ხომ უნდა თქვას სამხედრო საქმესთან მიახლოებული? შოიგუს ნათქვამზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ის არც სამხედროა და არც პოლიტიკოსი, შოიგუ კომიკური პიროვნებაა.

  • რა ხდება ამ ეტაპზე ბახმუტში? ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები ბახმუტის ცენტრისკენ დაიძრნენ, მათ ასევე აიღეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო… ქალაქის დასავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების ძირითად მარშრუტს, სავარაუდოდ, სერიოზული საფრთხე ემუქრება. ეს რეალობა რას ცვლის?

ვამბობდი კიდეც, რომ ამის მოლოდინი მქონდა, როცა ამხელა ძალას ხარჯავს რუსეთი მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას. აქ ჯერ „ვაგნერმა“ მიაღწია გარკვეულ წარმატებას და შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტად დაეხმარნენ, ამას უკავშირდება ძირითადად ეს წინსვლა. დიდი გარღვევა არ მომხდარა ბახმუტში, მაგრამ ნელი ტემპით გამოდევნა ხდება უკრაინელების.

ბახმუტის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს ახლა ეს ბრძოლები, სადაც არის მაღლივი კორპუსები და სამრეწველო ზონა. ამის აღებას ცდილობენ ახლა ვაგნერელები. ცდილობენ, რომ უკრაინელები გაიყვანონ უფრო დასავლეთით, ერთსართულიანი, სააგარაკე დასახლებისკენ. ამ შემთხვევაში სიმაღლე იქნება რუსების მხარეს, რაც მათ მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.

რაც შეეხება მომარაგების მარშრუტის დაკარგვას, ეს არის რისკი ბახმუტის დაცვის გარნიზონისთვის, თუმცა რუსები მაქსიმუმ შეძლებენ ბახმუტის აღებას. ბახმუტის შემდეგ რუსებს უბრალოდ მეტი რესურსი აღარ აქვთ.

თანაც, ბახმუტის აღებას აზრი ჰქონდა მაშინ, როცა იზიუმი იყო რუსების კონტროლქვეშ, შეიძლება ეფიქრათ სლავიანსკი – კრამატორსკის თავდაცვის რაიონის შემხვედრი მოძრაობით ალყაში მოქცევაზე, მაგრამ იზიუმი რუსების არ არის და ერთი მიმართულებით შუბლით მიეჯახო და მიაწყდე ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვის რაიონს, არა მგონია, ეს რუსებისთვის რაიმე წარმატების მომტანი იყოს.

  • თქვენი დაკვირვებით, კრემლი დონბასის აღების პერსპექტივას რეალურად აღარ განიხილავს? 

მე ეჭვი მეპარება, რომ ამას განიხილავდეს. რუსეთის შიდა აუდიტორიას რაღაც ხომ უნდა უთხრან? ხალხს ხომ არ ეტყვიან იმას, რომ იცით რა, ჩვენ ხელი ავიღეთ ამაზე, ამიტომაც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაიღონ.

  • ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტში ასევე ფიქრობენ, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვეთრი რეაქცია რუსი სამხედრო ბლოგერის მკვლელობაზე მიუთითებს, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, სჯერა, რომ თავდასხმა ნაწილობრივ მის წინააღმდეგ იყო მიმართული. თქვენთვის რა გამოჩნდა ამ პროცესში – რამდენად შეიძლება ველოდოთ არეულობას რუსეთის შიგნით?

რთულია აქედან რაიმეს თქმა, მაგრამ აშკარაა, რომ იქ მიდის ძალიან მძიმე შიდა დაპირისპირებები. პრიგოჟინს ხელს ვერ კიდებენ, რადგან უკვე ისეთი სახელი აქვს „ვაგნერს“, რომ ეს მომგებიანი არ იქნება. პრიგოჟინმა დააყენა სამი პირობა, რაც მას სჭირდება, ეს არის: აღჭურვილობის დროული მიწოდება, სადაზვერვო ინფორმაცია და მისი საქმიანობის მხარდაჭერა.

თუ დააკვირდებით, პრიგოჟინმაც შემდეგ შეცვალა ტონი და ისეთი მკაცრი აღარ არის, როგორც მანამდე იყო. კი გააკრიტიკა სუროვიკინი და თქვა, რომ არ უნახავს ფრონტის ხაზთან ახლოს, თუმცა ზოგადად მაინც შერბილებული ტონი აქვს.

  • პოდოლიაკმა თქვა, რომ ყველა „ომის ლოგიკა, იარაღის მათემატიკა და რესურსების შესაძლებლობები“ აჩვენებს, რომ რუსეთი ერთდროულად ყირიმს, დონეცკს და ლუგანსკს ვერ შეინარჩუნებს. ის ამბობს, რომ ყირიმს რამდენიმე თვეში გაათავისუფლებს უკრაინა. როგორია სამხედრო რესურსები ამ დროისთვის, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხარეს? რამდენად ჩანს, რომ რუსეთი იფიტება და ის ვეღარ შეძლებს უახლოეს პერიოდში ომის წარმოებას და, ასევე, ვერ შეძლებს უკრაინაში დაკავებული ტერიტორიის დაცვას?

მე ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინას, გასაგებია, რასაც პოდოლიაკი ამბობს, მაგრამ ყირიმს რამდენ ხანში აიღებს უკრაინა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ხერსონს რამდენ ხანში დაიბრუნებენ. ჯერ ხერსონი უნდა აიღონ, ზაპოროჟიე და შემდეგ შეიძლება საუბარი ყირიმზე. სხვა მხრივ, უკრაინას არ ყავს შესაბამისი საზღვაო ძალები, რათა შეძლოს სადესანტო ოპერაცია განახორციელოს თავისი
ყირიმის ბლოკირებით და საჰაერო სივრცეში ბატონობის მოპოვებით.

ამას გარდა, დონეცკი და ლუგანსკი, სამწუხაროდ, უკვე აღარ არის უკრაინული ტერიტორიები, უკრაინელი იქ აღარავინ დარჩა. იქ დასახლებული ადამიანები უკრაინელებს უკვე აღიქვამენ მტრებად, ემზადებიან კიდეც მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს 9 წლის განმავლობაში თავდაცვისთვის ძალიან მძიმედ მომზადებული რაიონებია. მოსახლეობაც იბრძოლებს თავისი სახლებისთვის. ასე რომ, უკრაინას ამ ტერიტორიის განთავისუფლება კი არა, არამედ კონტროლქვეშ მოქცევა მოუწევს, რაც სხვა რესურსებს და სამხედრო-
პოლიტიკურ პირობებს მოითხოვს.

ის, რომ რუსეთი ამხელა გადაჭიმულ ფრონტზე ვერ ახერხებს ისე აქტიურად არსებული რესურსების გამოყენებას, მართალია.

მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ეტაპზე არის ის, რომ ფინეთი შეუერთდა ნატოს – დაახლოებით 1400 კილომეტრამდე ნატოს საზღვარი იზრდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ დავუმატებთ, ეს საზღვარი არის სადღაც 2500 კილომეტრამდე. განსაკუთრებულია აქ ის, რომ რუსეთს ფინეთთან საზღვარი მოწყობილი არ აქვს. რუსები იძულებული ხდებიან, რომ ნატოს ამ რაიონში მოაწყონ ეს საზღვარი, რაც მარტივი არაა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ მავთულის ღობის გაბმას. ამისთვის საჭიროა სისტემების შექმნა, ძალების გადასხმა, სასაზღვრო დაჯგუფების შექმნა, საარტილერიო – სარაკეტო დაჯგუფების ჩამოყალიბება, ზუსტი დამიზნების შორი და საშუალო მანძილის რაკეტების განთავსება.

იმ 11 რეფორმაში, რაზეც შოიგუმ ისაუბრა, ერთ-ერთი იყო კარელიის საარმიო კორპუსის შექმნა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის აღდგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალების გადასროლა მოუწევს რუსეთს ამ მიმართულებით, რადგან ფინეთი არაა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსი შემთხვევა, სადაც სულ რაღაც რამოდენიმე ათასამდე ჯარისკაცი ჰყავთ, ისინიც ვაჟკაცები არიან და აქტიურობენ, მაგრამ აქტიურობენ ძირითადად იმიტომ, რომ ნატოში არიან უკვე. მათ არ აქვთ ის ძალა, რომ საფრთხეს წარმოადგენდეს ეს რუსეთისთვის.

ფინეთს კი 280 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია ომის პირობებში და მილიონიანი რეზერვი ჰყავს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო სისტემებს აწარმოებს, უახლესი გამანადგურებლები აქვს და ასე შემდეგ.

თუ შვედეთიც შევა ნატოში და ალბათ შევა კიდეც, ეს დროის საკითხია, მაშინ საერთოდ ბალტიის ზღვაზე ყველა ქვეყანა იქნება ნატოს თვითონ რუსეთის გარდა და რუსეთს ძალიან გაუჭირდება. გოტლენდის კუნძული, რომელიც შვედეთის იყო, ნატოს თუ გახდა, ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც არის ყირიმი შავ ზღვაში. ასე რომ, კარგი დღეები არ უდგას პუტინს, თვითონ გაიჩალიჩა ეს ყველაფერი.

  • რამდენად მოახერხებს, თქვენი აზრით, რუსეთი დამატებით 400 ათასი კაცის მობილიზებას და რას შეცვლის ეს? 

ეს მისცემს რუსეთს საშუალებას, ეფექტურად შეძლონ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა. ეს არ არის ის ძალა, რაც შესაძლოა გამოიყენონ შეტევისთვის.

რუსებს აღარ აქვთ იმის პოტენციალი, რომ შეძლონ შეტევითი მოქმედებების გაგრძელება, მით უფრო – ფართომასშტაბიანის. ეს იქნება საზარბაზნე ხორცი – ამ ჯარისკაცებს ჩასვამენ სანგრებში და იძულებული იქნებიან, იყვნენ სანგრებში, პერიოდულად ამოყონ ავტომატი და ისროლონ დასავლეთის მიმართულებით, სხვა ამოცანა ამ ჯარისკაცებს არ ექნებათ.

  • წინა ინტერვიუებში ამბობდით, რომ გაზაფხულისთვის ელოდით ომის გარდატეხის ნიშნების გამოჩენას. რა ჩანს თქვენთვის ამ ეტაპზე?

ჯერ არ გამოკვეთილა ეს ნიშნები, თუმცა ჯერ გაზაფხულიც არ დასრულებულა.

მნიშვნელოვანია ამინდიც – ზამთარი მობრუნდა და თოვლ-ჭყაპი წამოვიდა, დამძიმდა გრუნტი. აპრილის შუა რიცხვებიდან ალბათ, როცა გაშრება მიწა, გააქტიურდება სამხედრო მოქმედებები.

თუმცა ნიშნებში შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უკრაინა ფიქრობს კონტრშეტევაზე. ჩანს ისიც, რომ რუსებს აღარ აქვთ რესურსი, ფართომასშტაბიანი შეტევა გააგრძელონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: