ჯამში 83 ტონა კარტოფილი, ხახვი და კივი საქართველოს საბაჟოდან უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 42 500 კგ. ხახვისა და 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

„ასევე, გაბრუნებას დაექვემდებარა საბაჟო გამშვებ პუნქტში – „წითელი ხიდი“ უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 735 კილოგრამი კივი. ტვირთს თანმხლები დოკუმენტაციის შეუსაბამობა გამოუვლინდა.“ – აცხადებს სამსახური.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას – ინტერვიუ პედიატრთან

მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან როგორც ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის პედიატრი და ოჯახის ექიმი, ციცი ჟორჟოლიანი ამბობს, ამის მიზეზი ბავშვების ჯერ კიდევ უმწიფარი იმუნური სისტემაა

  • ქალბატონო ციცი, რა მიიჩნევა ხშირ ავადობად ბავშვებში და რა არის ამის მიზეზი?

პირველ რიგში, უმთავრესია ვიცოდეთ, რომ ხშირი ავადობა ბავშვებში განპირობებულია ზოგადად იმით, რომ ბავშვებს აქვთ ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, გარკვეული ინფექციების გადატანის შემდეგ, მათი ეს იმუნური სისტემა მწიფდება, რის შემდეგაც უფრო ნაკლებად ავადდებიან ისინი ამა თუ იმ ინფექციებით. 

ჩვილებთან იმუნიტეტი სულ სხვა პრინციპით მუშაობს, ერთი წლის მერე (მაგალითად, 5-6 წლამდე) უკვე შედარებით მაღალია იმუნიტეტი, მაგრამ მაინც ჩამოუყალიბებელი.

ამიტომ ის, რომ ბავშვი სხვადასხვა ინფექციით ავადდება ხშირად (4-7-ჯერ), განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და სეზონურად, არ ნიშნავს, რომ ის ხშირად მოავადეა. ბავშვისთვის ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი – მანამ, სანამ რაიმე ინფექციას გადაიტანს და ამ ინფექციის მიმართ ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი.

  • როგორ ყალიბდება ერთ წლამდე ბავშვის იმუნიტეტი?

ზოგადად, ჩვილ ბავშვს იმუნიტეტი არ აქვს, ამიტომ ის იმუნური აგენტები, რომლებიც იმუნურ პასუხს განსაზღვრავენ, ბავშვს გადაეცემა დედისგან, კერძოდ, დედის რძიდან ანტისხეულების სახით. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვილის ძუძუთი კვება. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში  ეს იმუნიტეტი თანდათან ყალიბდება, შემდეგ უკვე იწყება პროფილაქტიკური აცრები, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დაავადებების მიმართ.

ერთი წლის შემდეგ ბავშვს გადააქვს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები, რომელთა მიმართაც უყალიბდება გარკვეული სახის იმუნიტეტი. ამიტომ არის, რომ ჩვილი უფრო ადვილად იტანს ამა თუ იმ ინფექციას, ვიდრე ერთი წლის შემდგომ ბავშვი.

  •  რა კავშირია ორსულობისას გადატანილ დაავადებებსა და ბავშვის იმუნურ სისტემას შორის?

აქ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ორსულობის რომელ ტრიმესტრში გადაიტანა დედამ ესა თუ ის ინფექცია. თუ კი ინფექცია [დედამ] გადაიტანა ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ამას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები, ორგანოთა სისტემების განვითარების მანკები, შესაძლოა განვითარდეს თვითნებური აბორტი.

მეორე და (განსაკუთრებით) მესამე ტრიმესტრში გადატანილი ინფექციები ნაყოფზე ვეღარ ახდენენ გავლენას, დედის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც გაივლიან პლაცენტის ბარიერს და ნაყოფს გადაეცემა. შესაბამისად, ამა თუ იმ ინფექციის მიმართ ნაყოფს გარკვეული, დედიდან გადაცემული იმუნიტეტი აქვს ანტისხეულების სახით.

  • რამდენად შეესაბამება რეალობას, რომ ბავშვის გაჩენა ფიზიოლოგიური მშობიარობით დადებითად აისახება მის იმუნურ სისტემაზე?

რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მშობიარობას, მუცლადყოფნის დროს, საშვილოსნოში სულ სხვა წნევაა, გარეთ კი – სხვა. სამშობიარო გზების გავლის შედეგად ახალშობილის წნევა თანდათანობითი ეგუება გარემოს წნევას. მაგრამ ის შეხედულება, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა იმუნიტეტს განსაზღვრავს – მცდარია, ჩვილი იბადება დაბალი იმუნიტეტით და ერთადერთი გზა, რითაც ძლიერდება მისი იმუნიტეტი, ძუძუთი კვებაა, რა დროსაც ჩვილს გადაეცემა მზა ანტისხეულები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ქალი ვერ იმშობიარებს ფიზიოლოგიურად, რადგან გარკვეული დაავადებების დროს, რომელიც აქვს დედას, მშობიარობა აკრძალულია. სწორედ ამიტომ არის საკეისრო კვეთა მიღებული და ინიშნება სამედიცინო ჩვენებით, რადგანაც ფიზიოლოგიური მშობიარობა კატეგორიულად იკრძალება ზოგიერთ დედასთან. 

  • რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია მშობლების მიერ თვითნებურად დანიშნული ესა თუ ის ვიტამინები ბავშვის იმუნიტეტისთვის?

თქვენ ალბათ მხედველობაში გაქვთ C ვიტამინი, რომელიც ასე პოპულარულია დედებში. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იმუნიტეტს რომელიმე ცალკეული  ვიტამინი აძლიერებს, არ არის, თუმცა მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მიკროელემენტი და ვიტამინი, ოღონდ კომპლექტში და არა ცალ-ცალკე, გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. 

ეს მიკროელემენტები და ვიტამინებია: თუთია, რკინა, ფოლის მჟავა, A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინი,  D ვიტამინი, E ვიტამინი, მაგრამ უნდა იყოს მიღებული საკვებიდან და არა ცალკეული ვიტამინების სახით.

პოლივიტამინების მიცემა ისე, რომ მოდი, ამას მივცემ და გაგვიძლიერებს იმუნიტეტს – არ არის სწორი. ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად, ჯანსაღი საკვების მიცემის სახით.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად კვება უნდა იყოს დაბალანსებული ვიტამინებით, მიკროელემენტებით, პროტეინებით, ნაცვლად ცალკეული ვიტამინებისა და ცალკეული მიკროელემენტის მიწოდებისა.

  • რა ასაკში  უყალიბდება ბავშვს იმუნიტეტი?

იმუნიტეტი ყალიბდება 6-7 წლის შემდეგ და უკვე 60-65 წლის ასაკამდე ადამიანს მყარი იმუნიტეტი აქვს. თუმცა 60-65 წლის შემდეგ იმუნური სისტემა თანდათან იწყებს დაქვეითებას. ამიტომაც არის, რომ როგორც ბავშვთა ასაკში, ხანდაზმულ ასაკშიც ხშირია სხვადასხვა სახის ინფექცია. ხშირად იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული სამედიცინო ჩვენების გამო იღებენ იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს.

  • იმუნიტეტის გათვალისწინებით, რამდენად მისაღებია, როცა ჩვილს უფროსები კოცნიან სახეზე, ხელებზე?

არანაირად გამართლებული არ არის, რადგან, როგორც აღვნიშნე, ჩვილებს აქვთ ყველაზე უმწიფარი იმუნური სისტემა. 

ჩვენს ორგანიზმს აქვს რამდენიმე ბარიერი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი არის კანი, შემდეგ – ლორწოვანი გარსები. ჩვილს არც კანის ბარიერული სისტემა აქვს ჩამოყალიბებული და არც ლორწოვანი გარსი. ამიტომ აუცილებელია უფროსებმა მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვილებში კანით კანთან კონტაქტი; და ყველაზე ცუდი, რასაც ვერ ვიცავთ უფროსები, ეს არის ჩვილის ჩაკოცნა, რაც არაფრით არ შეიძლება.

პედიატრები ყველას ვაფრთხილებთ – მინიმალური კონტაქტი ჩვილთან; ვიცით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედისა და ახალშობილის კანით კანთან კონტაქტს, ამიტომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაზე ხშირად უნდა იყოს ჩვილთან და შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს მასთან კონტაქტი, არის დედა, რადგან დედისა და ბავშვის იმუნური სისტემა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული – ეს იწყება მუცლად ყოფნის პერიოდში და გრძელდება ძუძუთი კვების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ არა თუ კოცნა და ახლო კონტაქტი, იმ ოთახში, სადაც ჩვილია, უცხო პირის შესვლაც არასასურველია.

  • ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰიგიენის წესების დაცვა, დიდებთან და განსაკუთრებით ბავშვებთან.
  • უნდა მივაჩვიოთ ბავშვები ხელების ხშირ დაბანას.
  • იმ ოთახში, სადაც ბავშვებს უწევთ ყოფნა, თუნდაც პერიოდულად, უნდა შეიზღუდოს თამბაქოს მოწევა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად გავანიავოთ ბავშვების თავშეყრის ადგილები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბაღებსა და სკოლებში, სადაც ბავშვები მთელი დღე არიან ერთად. უნდა განიავდეს ეს ოთახები ხშირად და დღის ბოლოს სველი წესით დალაგდეს.
  • ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველაზე მძიმედ მიმდინარე ვირუსული ინფექცია არის გრიპი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ (ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში) ყველამ, მათ შორის ბავშვებმა 6 თვის ასაკიდან, გავიკეთოთ გრიპის ვაქცინაცია.
  • ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი პროფილაქტიკური აცრები, რომლებიც ტარდება იმ სერიოზული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც ბავშვებში და შემდეგ მოზრდილებშიც საკმაოდ დიდ გართულებებს იწვევს. ეს არის დიფთერია, ტეტანუსი, მყივანა ხველა, წითელა, წითურა, ყბაყურა და პოლიომიელიტი. ზოგიერთი დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელია, როგორიცაა ტეტანუსი, დიფთერია. პოლიომიელიტი იწვევს უნარების მნიშვნელოვან შეზღუდვას ბავშვებში; წითელა, წითურა და ყბაყურას შემდეგ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები განვითარდეს.
  • აუცილებელია ვაქცინაცია და არა უშავს თუ კი თავის დროზე, რაიმე დაავადების გამო, ვერ მოვახდინეთ ბავშვის ვაქცინაცია მის ასაკობრივ ჯგუფში; არა უშავს თუ დაგვიანდა, მთავარია გავუკეთოთ – თუნდაც არა ასაკობრივ ჯგუფში.

ბიუჯეტის თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

„ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

ხოლო, 9 223 ლარის ფიქტიურ აქტივს ბრალდებულები თაღლითური გზით დაეუფლნენ“ – წერს საგამოძიებო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

რა უნდა ვქნათ, როცა კაფე-ბარებში სერვისს ქართულ ენაზე ვერ ვიღებთ

ბათუმში არაერთი კაფე, ბარი, რესტორანი და კლუბია, რომლებზეც არც აბრაა განთავსებული ქართულ ენაზე, მენიუც მხოლოდ უცხო ენებზეა შედგენილი და დასაქმებული მომსახურე პერსონალიც სახელმწიფო ენაზე ვერ მოგემსახურებათ, სანაცვლოდ კი მოგთხოვთ, რომ ისაუბროთ რუსულად. თუ  რუსულად არ გსურთ საუბარი, მიგითითებენ, რომ ინგლისურადაც შეგიძლიათ ყველაფრის შეკვეთა.

თუ დააზუსტებთ, რომ უბრალოდ გსურთ საკუთარ, სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიღება, რისი უფლებაც გაქვთ, მხრებს აიჩეჩავენ და გეტყვიან, რომ არ ესმით, რას ამბობთ. შედეგად დაწესებულებას ტოვებთ და არაფერსაც არ უკვეთთ.

კაფე-ბარები, სადაც ქართულად მომსახურებას არ თვლიან საჭიროდ, მას შემდეგ გაჩნდა ბათუმში, რაც მობილიზაციას გამოქცეული რუსი დეზერტირები საქართველოს მოაწყდნენ. ისინი დემონსტრაციულად არღვევენ საქართველოს კანონს, თუმცა, საქართველოში ამაზე ჯერ არავინ რეაგირებს.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა №8 – ში მდებარე ბარ Sea View-ი ვაკანსია მხოლოდ რუსულ ენაზე

ბათუმში, ზღვის პირას, ბარი Sea Vew-ი ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა №8-შია გახსნილი – ახალაშენებული კორპუსის პირველ სართულზე. დასაქმებულ მომსახურე პერსონალს ბარში სახელმწიფო ენაზე ვერაფერს გააგებინებთ, შეკვეთის დეტალებზე, შეკვეთილი კერძის ინგრედიენტებსა და თავისებურებებზე რომ მოგინდეთ კითხვის დასმა.

მენიუ მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე აქვთ. პერსონალი გთხოვთ, ისაუბროთ რუსულად ან ინგლისურად.

აქ გვეუბნებიან, რომ ბარში 21 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სახელმწიფო ენას არც ერთი მათგანი მინიმალურ დონეზეც კი არ ფლობს. საქართველოში დასაქმების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონი არ ავალდებულებს სახელმწიფო ენის მინიმალურ ცოდნასაც კი.

„არასდროს დაგვჭირვებია გვყოლოდა ქართულის მცოდნე თანამშრომელი, რომ დაგვჭირვებოდა, ავიყვანდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ბათუმში ყველა ლაპარაკობს რუსულად,“ – გვიპასუხა ბარ „Sea Vew“-ის მენეჯერმა, რომელსაც ვკითხეთ, რატომ არ ჰყავდათ 21 დასაქმებულს შორის ერთი მიმტანი მაინც, ვინც საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე მოემსახურებოდა მომხმარებლებს.

„Sea Vew“-ი ერთადერთი ბარი არ არის, სადაც მენიუ არ აქვთ სახელმწიფო ენაზე და არც გესაუბრებიან ქართულად, აბრაც მხოლოდ ლათინური შრიფტით აქვთ.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა №8 – ში მდებარე ბარ Sea View-ი ქართული ენა არც ერთ თანამშრომელს მინიმალურ დონეზეც კი არ ესმის

კაფე-ბარი „ორიენტალი“ ბათუმის მთავარ ქუჩაზე, მემედ აბაშიძეზეა. ფასადზე კაფეს სახელწოდება „Oriental”-ი მხოლოდ ლათინური შრიფტითაა დატანილი. სახელმწიფო ენაზე შესრულებული წარწერა კი მხოლოდ ფანჯრის მინაზე, მქრქალადაა მიწერილი.

მომცრო კაფეში ერთი მიმტანი გვხვდება ბართან. მენიუ ქართულ და ინგლისურ ენებზეა, თუმცა საუბარს ქართულად ვერ იგებს მიმტანი, ვერც ელემენტარულ ინფორმაციას გაწვდის. მაგალითად, ნამცხვრებისა და სენდვიჩების შემადგენლობით თუ დაინტერესდებით, პასუხს ვერ მიიღებთ. მიუხედავად ამისა, მიმტანი რუსულ ენაზე გვიმტკიცებს, რომ ის ქართულად ვერ საუბრობს, მაგრამ ყველაფერს იგებს.

– წვნიანი გაქვთ? – ვეკითხებით.
– нет.
– იცით, რა არის „წვნიანი?”, მიმიხვდით?
– конечно, это альтернативное молоко. – გვიპასუხა მიმტანმა.

ლადო ასათიანის №12-ში მდებარე გაურკვეველი სახელწოდების ბარი, სადაც არც მენიუ აქვთ სახელმწიფო ენაზე და ვერც ქართულად მოგემსახურებიან
მემედ აბაშიძის №60-ში მდებარე კაფე-ბარი Rhino coffee, სადაც მენიუ სახელმწიფო ენაზე არ არის ხელმისაწვდომი
ბარი სკა/Ska რუსთაველის №13-ში მდებარეობს. ბარის სახელწოდება მხოლოდ ლათინური შრიფტითაა ბანერზე დატანილი
„მონო ჰოლი”/„Mono Hall” ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია, რომელიც ზაფხულის სეზონზე უამრავი არტისტის მასპინძელია. ქართული შრიფტით სახელწოდება არც ამ კლუბს აქვს დატანილი მთავარ აბრაზე.
„გეითიც“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია ბათუმში. სახელწოდება მთავარ აბრაზე მასაც მხოლოდ ლათინური შრიფტით აწერია.
ბარი „ხურმა” ფარნავაზ მეფის ქუჩაზე №116. ფასადზე ბარის სახელწოდების დომინანტური წარწერა მხოლოდ ლათინური შრიფტითაა შესრულებული

[red_box]რას ამბობს კანონი სახელმწიფო ენის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ[/red_box]

საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ამბობს, რომ:

  • მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არცოდნა კი არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს. [თავი VIII, მუხლი29]
  • საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.
  • ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს. [მუხლი 25]

იგივე რამ წერია რეკლამის შესახებ კანონშიც, რომ:

  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. [თავი II, მუხლი 4]

სახელმწიფო ენის შესახებ კანონი ასევე განმარტავს, რომ:

  • საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც.

კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ ამბობს, რომ ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის) [საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, თავი II, მუხლი მე-5].

[red_box]რას ამბობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი[/red_box]

ქართული ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური სამსახურები არეგულირებენ, აბრები რამდენად კანონიერადაა განთავსებული კაფე-ბარების, რესტორნების ფასადებსა თუ მაღაზიებზე, თუმცა აშკარაა, რომ ბათუმის მუნიციპალური სამსახური კანონდარღვევებს ვერ ან არ იმჩნევს – ყველა ზემოთ ჩამოთლილი კაფე-რესტორანი, რომლის სახელწოდებაც სახელმწიფო ენის უგულებელყოფითა და შესაბამისად კანონდარღვევითაა განთავსებული, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა და შეუძლებელია დაინტერესებულმა ინსტანციამ ვერ შენიშნოს.

თუ შენიშნავთ, რომ სხვადასხვა სახის ობიექტზე მხოლოდ უცხოურადაა დატანილი მისი სახელწოდება, ან სახელმწიფო ენაზე წარწერა არ არის უპირატესი, შეგიძლიათ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას მიმართოთ ცხელი ხაზის ნომერზე და შესაბამისი რეაგირება მოითხოვოთ:

T.: 0422 27 90 01.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტი, ქეთი მჭედლიშვილი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აბრებსა და გარე რეკლამებს მუნიციპალიტეტებში უნდა არეგულირებდნენ სწორედ მუნიციპალური ინსპექციები.

„მუნიციპალური ინსპექცია, წესით, უნდა აკვირდებოდეს აბრებსა და გარე რეკლამებს  ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ზოგ შემთხვევაში ჯარიმა-სანქციას იყენებენ, ზოგ შემთხვევაში – მოლაპარაკებას. თუმცა სხვა სახის სანქცია არ არის,“ – ამბობს იურისტი და დასძენს:

„როცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მომართავენ ამ პრობლემით, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, დაჯარიმებისა და სანქცირების უფლებამოსილება არ გვაქვს, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პირდაპირ უთითებს, რომ გარე რეკლამების განთავსების პირობების დარღვევის ან ნებართვის გარეშე გამოქვეყნებისას სანქცია 60-დან 500 ლარია მუნიციპალიტეტებში. თბილისში ეს სხვანაირად რეგულირდება: 1000-დან 3000 ლარამდეა ჯარიმა“, – ამბობს ქეთი მჭედლიშვილი.

„როცა შედიხარ კაფეში და ქართულად მომსახურების გაწევაზე უარს გეუბნებიან, ან როცა მენიუ არ აქვთ სახელმწიფო ენაზე, ან ორივე შემთხვევა ერთადაა, ასეთ დროს ენის დეპარტამენტი ვერაფერს იზამს?“ – ვკითხეთ დეპარტამენტის იურისტს:

„აბრებსა და გარე რეკლამებს არეგულირებს მუნიციპალური ინსპექციები, მაგრამ მენიუებსა და სხვა ტიპის საინფორმაციო საშუალებებს – ვერა, სანქციების თვალსაზრისით ამ შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომა გვაქვს, მენიუც და საინფორმაციო ტექსტიც საჯარო ინფორმირების საშუალებებია და როცა მათ ეხება საქმე, ენის დეპარტამენტი გასცემს რეკომენდაციას, მიმართავს უშუალოდ ობიექტს და აწარმოებს მოლაპარაკებას ხარვეზის აღმოფხვრამდე. თუმცა არსებობს მეორე ინსტრუმენტიც.

მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონშიც წერია, რომ უფლება აქვს მომხმარებელს, მიიღოს მომსახურება სახელმწიფო ენაზე. კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დეპარტამენტი ახალშექმნილია, ამ დეპარტამენტში ახლა სანქციების განსასაზღვრად მუშაობენ. მომსახურებისას სახელმწიფო ენის მდგომარეობა უნდა კონტროლდებოდეს“, – ამბობს ქეთი მჭედლიშვილი.

[red_box]რას ამბობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი[/red_box]

კონკურენციის სააგენტოს ამ დეპარტამენტს წერილობით მივმართეთ. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როცა მომხმარებელს არ ხვდება მენიუ სახელმწიფო ენაზე ან მას ვერ ემსახურებიან სახელმწიფო ენაზე (ვერ იგებენ რისი შეკვეთა გსურთ, ვერ გიხსნიან ქართულ ენაზე რისგანაა დამზადებული ესა თუ ის კერძი, დესერტი და ა.შ.), მოქალაქეებმა ამ დროს უნდა მიმართონ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს.

მომხმარებელმა უნდა წარადგინოს განაცხადი უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პლატფორმის საშუალებით: gnca.gov.ge. საჯარო ინფორმაციის ველში მომხმარებელმა უნდა აირჩიოს სააგენტოსთვის მიმართვის ფორმების ოფცია და შეავსოს განცხადების ფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე.

საქმის შესწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტო გამოიტანს გადაწყვეტილებას დარღვევის დადასტურების ან არ დადასტურების თაობაზე.

მოვაჭრეს დარღვევის დადგენის შემთხვევაში განესაზღვრება კონკრეტული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას.

განმცხადებელს ცხელ ხაზზე დარეკვა არ დასჭირდება, საქმის შესწავლის ყველა ეტაპზე, საქმის მიმდინარეობის თაობაზე მხარეებს ეცნობება კანონით და პროცედურით დადგენილი წესის შესაბამისად.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 7 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 133 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1030]
  • ტანკი – 3 245 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 6 443 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 2 232 ერთეული [+1]
  • MLRS – 461 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 227 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 294 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 958 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 107 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 208 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 7 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 382 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 036 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 771 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 010 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 020 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 282 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი თავისი შეტევითი ოპერაციების თავიდან დაწყებას ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა

გამოძიება არ დაიწყო – რა მოხდა დელფინარიუმთან ადამიანების თრევის შემდეგ 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება ბათუმის დელფინარიუმთან გუშინ, 5 თებერვალს, მომხდარ შემთხვევაზე: დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებმა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს პლაკატი წაართვეს და ქვაფენილზე ათრიეს.

შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რის გამო დატოვა რეაგირების გარეშე სამართალდამცავმა უწყებამ ფიზიკური ძალადობის ეს შემთხვევა.

დელფინარიუმთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯიამ“ მოაწყო ლოზუნგით – „დელფინარიუმი ციხეა“. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებთან დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებით პლაკატი წაართვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვის ფილებზე ათრიეს.

„ვწუხვართ“ – მოგვწერეს დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის დელფინარიუმიდან, სადაც ვიკითხეთ, რა რეაგირება მოჰყვა დელფინარიუმის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ ძალადობას.

„ვწუხვართ დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებისა და საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო. დელფინარიუმის ადმინისტრაცია დაელოდება გამოძიების შედეგებს,“ – მოგვწერეს ბათუმის დელფინარიუმის ოფიციალურ ფეისბქუჩათში. დელფინარიუმის პრესცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, ცხელ ხაზზე კი, დაგვპირდნენ, რომ თავად დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა არავინ დაგვკავშირებია.

აქ გვინდოდა გვეკითხა, მაგალითად, დაიწყო თუ არა საქმისწარმოება დელფინარიუმმა ძალადობის ამ შემთხვევაზე.

ბათუმის დელფინარიუმთან შეკრების მონაწილეები გუშინ, 5 თებერვალს, ქვის ფილებზე ათრიეს

„როცა ასეთ ფაქტებზე რეაგირება არ ხდება, ეს იწვევს ძალადობრივი ქმედების წახალისებას. სახელმწიფო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენს შსს, ახალისებს ძალადობას. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაიცვას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საიას იურისტის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის შემადგენლობა, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს ბოლოდროინდელ ტენდენციაზე, როცა სამართალდამცავი უწყება არათუ რეაგირებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ხელყოფის შემთხვევებზე, არამედ თავად არღვევს ადამიანის უფლებებს, მაგალითად, მოქალაქე ზურაბ ქარჩავას ასევე მშვიდობიანი აქციის ფორმით სურდა აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის გამოხატვა, თუმცა მას 2022 წლის 29 დეკემბერს პოლიციელებმა კარავი ჩამოართვეს და დააკავეს.

სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ზურაბ ქარჩავას დაკავების დროს პოლიციელებმა შეადგინეს, ამ დრომდე არ შესულა სასამართლოში. არც რომელიმე პოლიციელი დაუსჯია ვინმეს ამ საქმეზე.

„ეს ფაქტობრივი აღიარებაა, რომ არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა ზურაბ ქარჩავას მხრიდან.

სახელმწიფოს მხრიდან არასათანადოდ, უმნიშვნელო ფაქტად აღიქმება კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევა. მსგავს შემთხვევებზე უნდა ხდებოდეს მყისიერი და ადეკვატური რეაგირება, უმოქმედობა კი, ახალისებს ძალადობრივ ქმედებას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

თურქეთის დასახმარებლად საქართველომ მაშველები და ტექნიკა გაგზავნა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს მთავრობამ თურქეთს სამაშველო ტექნიკა და მაშველები გაუგზავნა.

„ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა ფოტო: შსს
ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა ფოტო: შსს

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. დანგრეულია ასობით სახლი.

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში  იყო. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს, თურქეთის დროით 13:25  წუთზე, განმეორებითი მიწისძვრა მოხდა.

BBC-ისა და AFP-ის ინფორმაციით, როგორც თურქეთის, ასევე სირიის მხარეს, მიწისძვრას ემსხვერპლა  სულ მიცრე 1700 ადამიანი, ათასობით კი დაშავდა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში | ფოტორეპორტაჟი

6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უკანასკნელი ცნობებით [15:00 საათი, 6.02.2023] დაღუპულია სულ მცირე 900 ადამიანი.

გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც თურქეთის სამხრეთში მომხდარ მიწისძვრის შედეგებს ასახავს.

დიარბაქირში მიწისძვრის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშველები და ადგილობრივები ცდილობენ დაშავებულთა დახმარებას.
ფოტო: EPA-EFE/REFIK TEKIN

 

დიარბაქირი – სამაშველო სამსახური შენობის ნანგრევებში ეძებს გადარჩენილებს.
ფოტო: EPA-EFE/DENIZ TEKIN
დიარბაქირი – მაშველები ეძებენ მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. ნანგრევებში მოყოლილთა ნათესავები ელიან ბოლო ცნობებს მათი ახლობლების შესახებ.
ფოტო: EPA-EFE/DENIZ TEKIN
სირია, ქალაქი ჰამა, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ კორპუსში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ფოტო: EPA-EFE/SANA HANDOUT EDITORIAL
სირია, ქალაქი ჰამა, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ კორპუსში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ფოტო: EPA-EFE/SANA HANDOUT EDITORIAL
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა გაზიანთეფის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც II-IV საუკუნეებშია აშენებული. ფოტოზე: მარცხნივ გაზიანთეფის ციხესიმაგრე მიწისძვრის შემდეგ, მარჯვნივ მიწისძვრამდე
მიწისძვრის შედეგად სანლიურფაში ჯანმრთელობის ცენტრი დაინგრა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC-ი წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

განმეორებითი მიწისძვრა თურქეთში – ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც

დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს დროით 14:25 საათზე, განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში.

პირველადი ინფორმაციით მიწისძვრის ბიძგები 7.8 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, ელბისტანის რაიონში იყო.

მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგიერთ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა.

დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა წუხელ თურქეთისა და სირიის საზღვარზე. პირველადი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 900 ადამიანი, დაშავებულია – ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

_________________

ფოტოზე: ბათუმი, 6 თებერვალი. მიწისძვრის დროს ადამიანები კორპუსებიდან გამოვიდნენ.

უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება დაიწყო – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით დღეს, 6 თებერვალს მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება დაიწყო. რეგისტრაციისათვის საჭიროა განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
  • ოჯახის შემთხვევაში: ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.
  • ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ოჯახი უფლებამოსილია მერიას წარუდგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

განაცხადების მიღება 2023 წლის 30 აპრილს დასრულდება. მერიის განმარტებით განაცხადებს კომისია განიხილავს ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, რომელიც მოიცავს უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურასა და რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმას ბათუმი საკრებულომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.

უსახლკაროთა რეგისტრაციის უკვე მომზადებული წესის მიხედვით ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

კრიტერიუმებს დეტალურად გაეცანით აქ.

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების თარიღი გამოაცხადა – ბრიტანეთის დაზვრევა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 6 თებერვლის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების თარიღის გამოცხადებას მიმოიხილავს, როგორც ამ ტერიტორიების რუსიფიკაციის გეგმის გაგრძელებას.

2023 წლის პირველ თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ რეგიონული არჩევნები უკრაინის ახლახან ანექსირებულ ტერიტორიებზე 2023 წლის 10 სექტემბერს, ანუ იმავე დღეს ჩატარდება, როგორც განსაზღვრულია რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნები რუსეთის რეგიონებთან ერთად ჩაინიშნა, ხაზს უსვამს რუსეთის ხელმძღვანელობის ამბიციას, ეს ტერიტორიები წარმოადგინონ ფედერაციაში ინტეგრირებულ ნაწილად.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციის იმ მუდმივი მცდელობის გაგრძელებაა, რომელიც განათლების, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტირების სისტემებს მოიცავს.

ბრიტანული დაზვერვის ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში რეგიონულ დონეზეც კი აღარ არსებობს დემოკრატიული არჩევანი ამომრჩევლისთვის, ხელმძღვანელები, სავარაუდოდ, თავიანთ თავს უმტკიცებენ, რომ ახალი არჩევნები კიდევ უფრო ამართლებს ოკუპაციას.

ბათუმში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი, მთაში კი – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 თებერვალს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში კი ზოგან ძლიერი თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში კვირის ბოლოს თოვლჭყაპი და თოვაა მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 6 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 132 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 3 231 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 6 415 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 231 ერთეული [+5]
  • MLRS – 461 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 227 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 294 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 958 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 104 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 203 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 382 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 027 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 759 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 009 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 012 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 276 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების თარიღი გამოაცხადა – ბრიტანეთის დაზვრევა

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში, არის მსხვერპლი

დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში, კაჰრამანმარაშში იყო. განმეორებით ბიძგებმა კი სამხრეთის სხვა პროვინციებამდეც მიაღწია.

პირველადი ინფორმაციით დაღუპულია 76 ადამიანი. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ თურქეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 23 ადამიანი დაიღუპა მალატიის პროვინციაში, 17 ადამიანი – შანლიურფაში, შვიდი – ოსმანიეში და ექვსი  – დიარბაქირში. თუმცა იმის გამო, რომ ათობით შენობაა დანგრეული და სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დილის 4:17 საათზე დაფიქსირდა პაზარჯიკის რაიონში.

მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მას მოჰყვა მეორე,  6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ გაზიანტეპის პროვინციაში იყო. მესამე მიწისძვრა, რომელიც 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, გაზიანთეფში მოხდა.

პირველი მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა პროვინციებში, მათ შორის დიარბაქირში. ასევე თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, ლიბანსა და სირიაში.

„დელფინარიუმი ციხეა“ – ბათუმში აქციის მონაწილები დელფინარიუმის დაცვამ ასფალტზე ათრია

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში, დელფინარიუმთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა ლოზუნგით – „დელფინარიუმი ციხეა“.

აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯია“ იყო. აქციის მონაწილეები და აქტივისტები დელფინარიუმის არსებობას აპროტესტებდნენ.

„თბილისიდან ჩამოვედი ჩემს მეგობარ, თანამებრძოლ აქტივისტებთან ერთად. დელფინარიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაწესებულება, ისევე როგორც ცირკი და ზოოპარკი, სადაც ხდება ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა.

ჩამოვედით აქ, რათა გავაპროტესტოთ აღნიშნული და მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გზას გადის დელფინი მანამ, სანამ შეასრულებს გარკვეულ პერფორმანსს. ამას წინ უძღვის დელფინის ჩამოშორება საკუთარი საცხოვრებელი გარემოსგან, ოჯახისგან მოწყვეტა, ისინი იღუპებიან მალე.

ჩვეულებრივ პირობებში, როცა დელფინს შეუძლია დღეში 100 კილომეტრამდე იცუროს, დელფინარიუმში ისინი მთელ ცხოვრებას პატარა, ჩაკეტილ აუზში ატარებენ, რის გამოც  განიცდიან მენტალურ და ფიზიკურ ტანჯვას.

დავამზადეთ ფლაერები ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დელფინარიუმი არის ციხე და დელფინები იტანჯებიან ტყვეობაში“. – უთხრა ბათუმელებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინი ტურიაშვილმა.

აქცია ბათუმის დელფინარიუმთან

აქციის მონაწილეების თქმით, დელფინები რეაბილიტაციის შემდეგ მათ ბუნებრივ არეალში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო ისეთი დაწესებულება, როგორიც დელფინარიუმია, უნდა დაიხუროს.

მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებთან დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს ჯერ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მოკლე ხანში კი, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადნენ პლაკატი წაერთმიათ მათთვის, რა დროსაც აქციის მონაწილეები ასფალტზე ათრიეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს.

ბათუმის დელფინარიუმი ბათუმის მერიას ეკუთვნის. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, დელფინარიუმში 20 დელფინი ბინადრობს.

რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო

ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ათიათასობით ტონა ხრეში აეროპორტისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, იმ ადგილებში შეიტანეს, რომელიც ზღვამ შტორმის დროს დაანგრია.

სანაპიროს ხელოვნური კვება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც სხვა ადგილები წაირეცხა.

სანაპირო ზოლს ზღვა ამჯერად ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ ანგრევს:

ზღვისგან დანგრეული სანაპირო ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ. 4.02.2023წ.

პროექტის ფარგლებში ზღვაში, ჭოროხის დელტიდან ამოღებული 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ, რაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რამდენად დაიცავს ხელოვნურად შეტანილი ხრეში სანაპიროს წარეცხვისგან და რა მანძილზე გადააადგილებს ამ ხრეშს ზღვა, ეს დამოკიდებულია შტორმულ პროცესებზე. სპეციალისტთა დასკვნებით კი, ბათუმის სანაპიროს დასაცავად ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.

ხელოვნურად შეტანილ ხრეშს ზღვა პერიოდულად უკვე რეცხავს და პლაჟებსაც ქმნის, თუმცა, კვლავ რჩება ადგილები სანაპიროზე, რომელიც ირეცხება. მოსალოდნელი შტორმების შემთხვევაში კი, მაღალია ნაპირისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნგრევის რისკიც.

რა მდგომარეობაა ხრეშის ხელოვნურად შეტანიდან დღემდე, ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპიროზე, ამას ფოტორეპორტაჟით გაჩვენებთ:

დანგრეული სანაპირო და ხელოვნურად შეტანილი ხრეში ახალ ბულვართან. 4.02.2023
ხელოვნურად შეტანილი ხრეში და ამ ხრეშით ზღვის ღელვის შედეგად შექმნილი პლაჟი ახალ ბულვართან. 4.02.2023
ხელოვნურად შეტანილი ხრეში და ამ ხრეშით ზღვის ღელვის შედეგად შექმნილი პლაჟი ახალ ბულვართან. 4.02.2023

ხელოვნურად მოწყობილი ტერიტორია დანგრეულ სანაპიროსთან, რომელსაც ზღვა უკვე რეცხავს:

აქ რამდენიმე კვირის უკან ზღვა იყო. დანგრეულ პრომენადსა და ზღვას შორის ეს ტერიტორია ხრეშის ხელოვნურად შეტანით შეიქმნა. 4.02.2023
ზღვა ახალ ბულვართან ხელოვნურად შეტანილ ხრეშს რეცხავს და პლაჟს ქმნის. სწორედ ამ მიზნით ხდება აქ ხრეშის შეტანა, რათა ზღვამ უკვე დანგრეული სანაპირო კვლავ არ წარეცხოს. 4.02.2023
ხრეში ხელოვნურად ამ ტერიტორიაზეც უნდა შეიტანონ. მიზანი ველობილიკის შენარჩუნებაა, ზღვამ რომ არ დაანგრიოს. ახალი ბულვარი, სადაც ზღვამ პრომენადი დაანგრია / 4.02.2023

დანგრეულ ტერიტორიებს და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ბულვარის ადმინისტრაციაში თავის დროზე განაცხადეს, რომ აღდგენა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა სანაპირო ზოლში ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოები დასრულდება.

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ზოლამდე მონაკვეთში აშენებულმა ნაპირდამცავმა ნაგებობამ ეს ზოლი პლაჟის გარეშე დატოვა. აქ რომ პლაჟი იყოს, ხრეშის შეტანა ყოველწლიურადაა საჭირო.

პლაჟი კი, აქ თავად ამ ნაგებობის დასაცავადაცაა აუცილებელი, რომელიც ლოდებითაა აშენებული.

ნაპირდამცავი ნაგებობა ახალი ბულვარის გასწვრივ. 4.02.2023

მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეტანილი ხრეშით ნაპირდამცავი ნაგებობის გარკვეულ ადგილებში ხელოვნური პლაჟები მოეწყო, თუმცა, ზოგიერთ ადგილებში ზღვა ამ ნეგებობას ნელ-ნელა ისევ შლის:

ლოდებით მოწყობილი ნაპირდამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა ნელ-ნელა შლის / 4.02.2023
ლოდებით მოწყობილი ნაპირდამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა ნელ-ნელა შლის. 4.02.2023

ხელოვნურად შეტანილი ხრეშით ზღვის მიერ მოწყობილი პლაჟი ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ:

დაახლოებით 2 თვის წინ აქ ზღვა დამცავ ნაგებობამდე აღწევდა და პლაჟი საერთოდ არ იყო. პლაჟი ხელოვნურად შეტანილი ხრეშით წარმოიქმნა. ბათუმის სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ. 4.02.2023
ბათუმის სანაპირო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ. 4.02.2023

დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა და რომლის საფუძველზეც ამჯერად სანაპიროზე ხრეში შეაქვთ, აღნიშნულია ასევე, რომ

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

ბახმუტი სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის 5 თებერვლის ცნობების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში რუსეთის არმიას ჰქონდა  მცირე პროგრესი უკრაინის ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობისას.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა წერს, რომ უკრაინელ დამცველებს ქალაქისკენ მიმავალ ორ მთავარი გზაზე, სავარაუდოდ, პირდაპირ ცეცხლის ქვეშ აღმოჩენა ემუქრებათ რუსული სამხედროების წინსვლის შემდეგ.

ასევე, დაზვერვის ცნობით, კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ჯგუფმა, დიდი ალბათობით, დაიკავა მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ბახმუტს ქალაქ სევერსკთან.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ძალებისთვის ხელმისაწვდომი რჩება მრავალი ალტერნატიული მარშრუტი, ბახმუტი სულ უფრო იზოლირებულია“ – წერს დაზვერვა.

ამავე თემაზე: 

რა შეცვალა ამ ომმა ჩემში – კობა ხაბაზი ბახმუტის ფრონტიდან

ბულვარის შესასვლელში დაზიანებული ფილების შესაცვლელად 420 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დაზიანებული გრანიტის ფილების შეცვლას გეგმავს.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ფილების შესაცვლელად ბულვარმა ტენდერი 420 ათასი ლარით გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში.

ბულვარში დაზიანებულ ფილებს შეცვლიან. ბულვარის ცენტრალური შესასვლელი. 4.02.2023 წ.

ტენდერში გამარჯვებულმა არსებული დაზიანებული ბუნებრივი გრანიტის ფილების დემონტაჟის სამუშაოები უნდა შეასრულოს და ქვემოთ დასახელებული ახალი ბუნებრივი გრანიტის ფილები უნდა დააგოს წებო-ცემენტის ხსნარზე:

  • ნაცრისფერი ფილა Azul Platino სისქით 30-მმ ზედაპირი თერმულად დამუშავებული; სულ 208,5 კვ.მ. მათ შორის: დიდი 118,5 კვ.მ. პატარა 90 კვ.მ;
  • შავი ფილა Nero Zimbabwe სისქით 30-მმ ზედაპირი თერმულად დამუშავებული; სულ 195,5 კვ.მ. მათ შორის: დიდი 110,5 კვ.მ. პატარა 85 კვ.მ;
  • თეთრი ფილა Kashmir White სისქით 30-მმ ზედაპირი თერმულად უნდა იყოს დამუშავებული; 30 კვ.მ;
  • წითელი ფილა Eagle Red სისქით30-მმ ზედაპირი თერმულად უნდა იყოს დამუშავებული; 30 კვ.მ;
  • თეთრი ფილა Azul Platino სისქით 30-მმ ზედაპირი თერმულად უნდა იყოს დამუშავებული; 135 კვ.მ;
  • და ბუნებრივი გრანიტის შავი ფილა Nero Zimbabwe სისქით 30-მმ ზედაპირი თერმულად დამუშავებული; 61 კვ.მ.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 8 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება.

„ყველა ის ფილა, რომლებიც დაზიანებულია, ანალოგიური ახალი ფილებით შეიცვლება“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

რახან ფილები ზიანდება, რატომ გადაწყდა ანალოგიური ფილების დაგება და არა სხვა, თუნდაც გამძლეობით განსხვავებული ფილების დაგება? – ამ კითხვაზე პასუხად ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „ეს ფილები დიდი ხნის წინ დაიგო, პერიოდულად, საკუთარი ძალებით ვცვლიდით, თუმცა ამჯერად მთლიანად ახალი ფილებით ჩავანაცვლებთ და ეს გამძლეობის კუთხითაც მისაღებია, ვინაიდან, ამ ტერიტორიაზე არ იმართება კონცერტები, არ გადაადგილდება მძიმე ტექნიკა“.

ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელი / 4.02.2023

ახალი ფილების საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 2 წელია.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 თებერვლის 21 საათიდან 6 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 თებერვალს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი ზოგან ძლიერი თოვა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 5 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 131 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700]
  • ტანკი – 3 220 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 405 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 226 ერთეული [+6]
  • MLRS – 460 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 227 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 294 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 958 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 091 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 203 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 5 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 382 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 023 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 750 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 007 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 003 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 272 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ბახმუტი სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება – ბრიტანული დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„მარტში თოვლი გალღვება, რაც რუსეთის შეტევას გააძნელებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

უკრაინაში 116 სამხედრო დაბრუნდა ტყვეების გაცვლის შედეგად

დღეს, 4 თებერვალს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინაში დაბრუნდა 116 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან მარიუპოლის მცველები, ხერსონელი პარტიზანები და ბახმუტის მიმართულების სნაიპერები.

გათავისუფლებულებიდან ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.

ერმაკის ცნობით, უკრაინამ ასევე შეძლო დაღუპული უცხოელი მოხალისეების ცხედრების დაბრუნება.

ამავე დროს, რუსული მხარე აცხადებს, უკრაინის ტყვეობიდან 63 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაბრუნების შესახებ. რუსული მედია წერს, რომ „გათავისუფლებული რუსი სამხედროების ჯგუფში შედიან „სენსიტიური კატეგორიის“ პირები, რომელთა გაცვლა შესაძლებელი გახდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის შუამავლობით“.

_______________

ფოტო ერმაკის ტელეგრამ არხიდან

აჭარის მთავრობა ბათუმში ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს და შენობებს ყიდის

აჭარის მთავრობა ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩაზე, #14-ში მდებარე შენობას და მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონით ყიდის.

ქონების ნაწილი თვითნებურად არის დაკავებული და აქ რვაწევრიანი ოჯახი ცხოვრობს. რა ბედი ელის ამ ოჯახს ქონების გაყიდვის შემდეგ, ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს.

აუქციონი 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.

გასაყიდი ფართობის ფასი 10 855 კვ.მეტრია, შენობების საერთო ფართობი კი 938.6 კვ. მეტრი. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 520 000 ლარია, ბიჯი 35 000 ლარი. ქონების შემძენმა საპრივატიზებო საფასური სამ ეტაპად 2024 წლის ივნისამდე უნდა გადაიხადოს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უძრავი ქონება შემოღობილია და დაცულია შპს ,,ბაკარა პლიუსის“ მიერ. შენობებში დამონტაჟებულია სამაცივრე დანადგარები, სასაკლაო მეურნეობისათვის საჭირო მოწყობილობები და პერსონალის ცხოვრებისა და დასვენებისათვის საჭირო ინვენტარი.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების შემსყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში შესყიდულ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს. ნებართვა არ უნდა ითვალისწინებდეს საცხოვრებელი სახლების ან აპარტამენტების მშენებლობას. ნებართვის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში კი შემსყიდველმა აქ ობიექტი [ სავარაუდოდ საწარმო] უნდა აამოქმედოს, სადაც დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება.

საერთო ჯამში შემსყიდველმა აქ 500 000 ლარის ინვესტიცია  უნდა განახორციელოს, ობიექტს კი პროფილი 15 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასაყიდ მიწის ნაკვეთზე ერთ-ერთ შენობაში რვაწევრიანი ოჯახი ცხოვრობს, შენობის ნაწილში კი ოფისია განთავსებული.

ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 78 მილიონიან ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა, ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სამმართველოს შესყიდვების კომისიის ოქმში დაფიქსირებულია, რომ  გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.

შესყიდვის საწყისი ღირებულება 78 მილიონ 589 607 ლარი იყო, შპს „ანაგმა“ მერიას სამუშაოს შესრულება ზუსტად იგივე ფასად შესთავაზა. ეს გარემოება მიანიშნებს, რომ „ანაგი“ ამ შემთხვევაში უკონკურენტო იყო და სხვა პრეტენდენტი არ დაფიქსირებულა.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • კახაბრის ქუჩაზე #30-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა – პროექტის საწყისი ღირებულება 15 მილიონ 926 420 ლარია [ტენდერის შემდეგ შესაძლოა შემცირდეს].
  • ხიმშიაშვილის #94/96-ში ავარიული სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა – პროექტისთვის მერიას 21 მილიონ 550 123 ლარი აქვს გათვალისწინებული.
  • საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში – აქ კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, 3  ბავშვის. სახლის მშენებლობისთვის 8 მილიონ  015 860 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია 45 მილიონ 492 403 ლარის დახარჯვას გეგმავს.
  • გარდა ამისა, ბათუმის მერია იმავე დაფინანსების ფარგლებში ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გეგმავს. პროექტის ღირებულება 33 მილიონ 097 204 ლარია.

რამდენიმე პროექტის გაერთიანებული ტენდერით შესყიდვის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში თავიდანვე გააჩინა კითხვები:

რატომ ყიდულობს მერია ამ მასშტაბის მომსახურებას ერთიანად?
რატომ არ შეიძლებოდა ტენდერების ცალ-ცალკე გამოცხადება კონკურენტულ გარემოში?
პროექტის განხორციელების რისკები ხომ არ გაიზრდება მაშინ, როცა გასულ წლებში მერია გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენასა და კონტრაქტორების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე აქტიურად წერდა?

საქალაქო სამმართველოს უფროსმა, აკაკი ბერიძემ  ოთხი პროექტის გაერთიანების იდეა, შემსრულებელი კომპანიისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაზრდის საჭიროებით ახსნა: „ სამმართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც აიღებს ამ პასუხიმგებლობას, იყოს ავტორიტეტული და მაღალი რეპუტაციით სარგებლობდეს.“

საკრებულოს ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ მერიამ ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო და ეს კორუფციაა.  პროექტების შესრულების სამუშაოების ერთიანად შესყიდვის იდეას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

შპს „ანაგის“ 100 პროცენტს ნანა აროშიძე, ბიზნესმენ ზაზა გოგოტიშვილის მეუღლე ფლობს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 130 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 3 218 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 394 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 220 ერთეული [+5]
  • MLRS – 460 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 225 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 294 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 956 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 081 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 203 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 4 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 382 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 021 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 737 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 007 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 996 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 262 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„მარტში თოვლი გალღვება, რაც რუსეთის შეტევას გააძნელებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მარტში თოვლი გალღვება, რაც რუსეთის შეტევას გააძნელებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„С-300 უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლების შეიარაღებაა და იმის მერე აგროვებენ რუსები. ისინი იმას იყენებენ, რაც ბევრი აქვთ,“ – გადამდგარი გენერლის, გიორგი სურმავას დაკვირვებით, რუსებს ირანული დრონები შემოაკლდათ და ამიტომ დაიწყეს ძველი რაკეტების გამოყენება.

გიორგი სურმავას იმედი აქვს, რომ უკრაინა კონტრდარტყმითი დაჯგუფების შექმნას შეძლებს. „ბრედლის“ ჯავშანტრანსპორტიორებზე საუბრის დროს კი ერაყის ომის ახსენდება: „ეს ჯავშანმანქანა გამოცდილია რუსულ ტანკებთან ბრძოლაში, იქაც რუსული ტანკების წინააღმდეგ „ბრედლი“ იბრძოდა და საკმაოდ წარმატებული იყო“.

გადამდგარი გენერლის აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინისთვის შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიწოდებაა, ვიდრე „რუსეთი ერთ და იგივე ადგილს ტკეპნის“, თორემ რამდენიმე თვეში შესაძლოა რუსეთმა იერიშის განახლება ისევ მოინდომოს და შეძლოს.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, პირველ რიგში, გვითხარით, როგორია თქვენი მოლოდინი რუსეთის მორიგ შეტევაზე უკრაინაში? უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი ჩერნიაკი ამბობს, რომ პუტინმა რუს სამხედროებს უბრძანა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთლიანად დაპყრობა 2023 წლის მარტამდე. მისივე თქმით, რუსული ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჰყავთ დამატებით თავდასხმის ჯგუფები და დანაყოფები, გადააქვთ იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა.

ეს დავალება დიდი ხანია აქვთ რუს სამხედროებს, რომ ლუგანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ. ფაქტობრივად, დონეცკია ამოცანა, რადგან ლუგანსკში მათ მეტ-ნაკლებად ჰქონდათ წარმატება.

ძირითადი შეტევა ხორციელდება ბახმუტის მიმართულებაზე. რაღაც წარმატება ჰქონდათ რუსებს და აქტივობა შეინიშნება, მაგრამ ის, რომ უცებ რაღაც შეიცვლება, ეს მოლოდინი არა მაქვს. ეს გადაჯგუფებები და ცოცხალი ძალის თავმოყრა ყოველთვის იყო, რაც აუცილებელია, შეტევაში ხარ, თუ თავდაცვაში. არ ვიცი, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რომ ახალი ბრძანება მისცა პუტინმა რუს სამხედროებს. ფაქტია, რომ ეს ბრძანება დიდი ხანია არსებობს.

არა მგონია, რამე რადიკალური ცვლილება იყოს უახლოეს მომავალში.

არის ერთი მომენტი: დროში შეზღუდულია რუსული მხარე. მარტისთვის უკვე გალღვება თოვლი და მეტად გაუვალი გახდება ეს ტერიტორიები, რაც გაუძნელებს რუსებს შეტევით მოქმედებებს. შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ, რომ დააჩქარონ მოვლენები. გარდა ამისა, ტანკები და ტექნიკა ემატება უკრაინელებს, ისინი ძლიერდებიან. მოკლედ, რუსებს სჭირდებათ ტემპის აჩქარება, თუმცა მეორე საკითხია – რამდენად შეუძლიათ ეს.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის დიდი შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ადრე გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ეფექტური არ იქნება. ამ ორგანიზაციის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს საკმარისი საბრძოლო ძალა აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული ძალების დასამარცხებლად. თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა რუსეთს ამჯერად? 

დიდ შეტევას და დარტყმას სჭირდება დიდი დაჯგუფების შექმნა, რაც არ მოჩანს ჯერჯერობით არცერთ მხარეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით სხვადასხვა ღია წყაროს. არის ასევე ორივე ქვეყნის გენშტაბის განცხადება, თუმცა მათ ვერ დაეყრდნობი, რადგან იგი საინფორმაციო ომის ელემენტსაც შეიძლება შეიცავდეს.

სხვა დამატებითი წყაროებიც მეტნაკლებად ტენდენციურია, თუმცა ზოგადი სურათის დანახვა შესაძლებელია. ამ ინფორმაციით, არცერთი წყარო არ მიუთითებს, რომ დიდი ძალების თავმოყრა ხდება.

  • რის რესურსი აქვს ამ გადასახედიდან რუსეთს? ნახავდით პუტინის განცხადებას, როცა დასავლეთმა ტანკები გამოუგზავნა უკრაინას და პუტინმა განაცხადა, პასუხი გვექნებაო. რა შეიძლება იყოს პუტინის „პასუხი“? 

პუტინი ამას ხშირად ამბობს, რომ პასუხის საშუალება აქვს… პუტინის ეს განცხადება ამჯერად ძირითადად ეხებოდა ტანკებს. რა შეიძლება იყოს ტანკის საწინააღმდეგო? – ერთია, რომ ეს შეიძლება იყოს თავად ტანკი. ამ შემთხვევაში, რუსებს შეიძლება ჰქონდეთ ბევრად მეტი ტანკი, მაგრამ იქ მაინც შეზღუდული მიმართულებებია და ბევრს ვერ გამოიყენებ. თანაც, უპირატესობა არ არის მხოლოდ რაოდენობრივი უპირატესობა.

მეორეა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. საუბარია „ლეოპარდსა“ და „ჩელენჯერზე“, დავუშვათ. ცნობილია, რას წარმოადგენს უკვე რუსული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ერთმანეთთან ამ ტექნიკას არ უომია და გამოჩნდება, ვინ რამდენად არის მზად, ან რომელი სჯობს. მშრალი ტექნიკური მონაცემებით ძნელია მსჯელობა, რადგან ბოლომდე არცერთი მხარე არ ამჟღავნებს მონაცემებს სრულად, ასევე ყველა მხარე იძახის, რომ მისი იარაღია საუკეთესო.

ეს დამოკიდებულია ასევე პირობებზე: მაგალითად, შესაძლოა, ერთი სჯობდეს დღისით, მეორე კი – ღამე. კომპლექსურად თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დასავლური ტექნიკა სჯობს რუსულ ტექნიკას.

  • რამდენად გააქტიურდა პუტინის „პასუხზე“ აქცენტით ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე? რა როლი აქვს ამ ეტაპზე ატომურ იარაღს, როცა საქმე ეხება დასავლეთიდან უკრაინისთვის საკმარისი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას? 

სულ არის ამაზე მინიშნება, მაგრამ ეს არის შეშინება, საინფორმაციო ომის ელემენტია. იქ ბევრი ეტაპია ატომური იარაღის გადაწყვეტილების მიღებამდე. რომც მიიღონ ეს გადაწყვეტილება, მისი შესრულება არ არის ადვილი.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად მუშაობს აქცენტი ატომურ იარაღზე დასავლეთის აუდიტორიაზე? ამ დრომდე გაურკვეველია, მიაწვდიან თუ არა უკრაინას საკმარის აღჭურვილობას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის.  

არა, ეს გარკვეულია, უბრალოდ, იმდენს ვერ აწვდიან დასავლეთიდან ტექნიკას უკრაინას, რამდენიც საჭიროა.

ეს ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ზემოქმედება აქეთკენაც არის მიმართული, რომ ევროპაში ობივატელს გაუჩინონ განცდა, რომ ბირთვული ომის რისკია. მეორეა ის, რომ დასავლეთის ქვეყნებსაც კეთილდღეობა მოაკლდათ: რაღაც აღარ აქვთ, რაღაც გაძვირდა. ობივატელის ეს განწყობა კი აისახება მთავრობაზე. იქ ხომ რეალური არჩევნები ტარდება და ობივატელის აზრი თამაშობს დიდ როლს. ეს არის რუსეთის საინფორმაციო ომის მოქმედების მიზანი, რომ აუდიტორიის განწყობა შექმნას.

ჩემი აზრით, რუსეთის ეს გზავნილები მაინც უფრო რუსეთის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რადგან შიდა მხარდაჭერა სჭირდებათ, ევროპის მხარდაჭერის იმედი დიდად არ აქვთ.

დასავლეთი ჩამოყალიბებულია, რომ უნდა მიაწოდოს შესაბამისი აღჭურვილობა უკრაინას, მაგრამ ჯიბეში არავის არ უდევს ეს ტექნიკა, რომ ადგნენ და მისცენ. ფაქტობრივად ნატოს ახალი თაობის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რაც ჰქონდათ საბჭოთა სტანდარტების ტექნიკა, ყველაფერი მისცეს უკრაინას.

რომც მისცენ, მაგალითად, თვითმფრინავი F-16, მხოლოდ სააეროდრომო მომსახურებას სჭირდება რამდენიმე ათეული სპეციალისტი. თავი დავანებოთ სათადარიგო ნაწილებს, სპეციალურ სითხეებს და ასე შემდეგ. ამ თვითმფრინავმა რომ შეასრულოს თავისი ამოცანა, მთელი სერვისი სჭირდება. ამ ყველაფრის მომზადებას ხომ დრო სჭირდება?!

პირადი შემადგენლობის მომზადების გარდა, საჭიროა გამართული ლოჯისტიკა. ჩვეულებრივი ავტომანქანა ასფალტზე რომ დადის, ის გამოდის მწყობრიდან და სამხედრო ტექნიკა სად და როგორ მოძრაობს, რა დაზიანების ქვეშაა? ამას ყოველდღიური მომსახურება სჭირდება, თორემ იგი ჩვეულებრივ ჯართად იქცევა.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: რა დრო დასჭირდება ამ რესურსის მობილიზებას, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა შეძლოს? 

ჩემი აზრით, ამას დიდი დრო დასჭირდება.

უკრაინამ თუ შეძლო და შექმნა დამრტყმელი მუშტი, ეს ტანკებიც, მაგალითად, უფრო არის შეტევით შეიარაღება, ვიდრე თავდაცვის. ყველაზე მეტად, სავარაუდო მიმართულება იქნება ზაპოროჟიეს მხრიდან აზოვის ზღვის მიმართულება. აქ უნდა გაიჭრას რუსული დაჯგუფება, დარჩეს ყირიმის დაჯგუფება სამხრეთით, ხოლო ჩრდილოეთით დონეცკის და ლუგანსკის დაჯგუფება.

ეს იქნება ყველაზე სასურველი სცენარი, რომ უკრაინელებმა ეს გაჭრან.

  • ეს „გაჭრა“ იქნება გადამწყვეტი ეტაპი ამ ომში? ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია. მან გამოცემა „ინსაიდერთან“ განაცხადა, რომ „უკრაინა არასდროს იქნება უსაფრთხოდ და დაცული, ან მზად თავისი ეკონომიკის ხელახლა ასაშენებლად მანამ, სანამ რუსეთს ყირიმი აქვს დაპყრობილი“.

კი, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ყირიმი იქნება მოჭრილი ძირითადი ძალებისგან, რაც  თავისთავად მოახდენს ყირიმის იზოლირებას. იქ რჩება ხიდი, რომელიც მოწყვლადია. პირდაპირ რომ ყირიმს შეუტიო, ეს რთულია, რადგან დაცვის ორგანიზება ადვილია. ამ გზით და მოწინააღმდეგის თანდათანობით გამოფიტვით კი, იოლია ყირიმის დაბრუნება.

ამიტომაც ყველაზე ვიწრო მონაკვეთი აქაა, აი,  ზაპოროჟიეს წყალსაცავის მხრიდან.

  • ხედავთ ამის წინაპირობებს, რომ უკრაინამ ეს შეძლოს და შექმნას ახალი, დარტყმითი დაჯგუფება? 

მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე უახლოეს პერიოდში სერიოზული დაჯგუფების შექმნის წინაპირობას. იგივე ტანკები, ნათქვამია, რომ აძლევენ, მაგრამ სანამ ეს ჩამოვა, ამას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება, ზაფხულამდე ეს ვერ იქნება.

მხოლოდ ეს არ არის პირობა იმისთვის, რომ განხორციელდეს კონტრდარტყმა. პირობათა კომპლექსი უნდა შესრულდეს, რომ შესაძლებელი გახდეს კონტრდარტყმის განხორციელება. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის პირობას და ზაფხულისთვის ვნახოთ, რა დაჯგუფების შექმნას მოახერხებენ უკრაინელები. იმედი მაქვს, რომ მოახერხებენ.

გააჩნია ასევე, ამ დროისთვის რუსებს როგორ ექნებათ საქმე. რუსებმაც შეიძლება მოახერხონ ძალების თავმოყრა და თუ მოწინააღმდეგე ძლიერი დაგხვდება, მაშინ ვერ განახორციელებ კონტრდარტყმას. მოწინააღმდეგე უნდა იყოს გამოფიტული, გაძნელებული უნდა იყოს ძალების შევსების შესაძლებლობა, რომ კონტრდარტყმა შეძლო.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები დანაკარგების მიუხედავად აგრძელებენ შეტევას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. რას აჩვენებს თქვენთვის ის, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებს რუსეთი ბახმუტის აღებას? 

ეს ფაქტობრივად არის ბახმუტის და კრამატორსკის მიმართულება. როცა ხარკოვის მიმართულებით ჰქონდათ უკრაინელებს წარმატება, როცა გავიდნენ დნეპრზე და გაასწორეს ხაზი, მაშინ მათ მოიპოვეს ეს სტრატეგიული ინიციატივა, მაგრამ მას შემდეგ უკრაინელებს უკვე ეს სტრატეგიული ინიციატივა აღარ აქვთ. ეგ ინიციატივა დაიკარგა მაშინ, რადგან ეტყობა, მეტი რესურსი აღარ ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ.

რუსეთი კი, ამდენი ხანი ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის.

  • რუსები რომ ერთ ადგილს ტკეპნიან, ეს რამდენად ზრდის უკრაინელების მხარეს წარმატებული კონტრშეტევის შესაძლებლობას? 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს არ აქვთ შეტევის რესურსი.

რუსებს შესაძლოა არ აქვთ შეტევის რესურსი, მაგრამ შეიძლება ჰქონდეთ თავდაცვის რესურსი. თავდაცვას უფრო ნაკლები რესურსი სჭირდება, ვიდრე შეტევას.

  • უკრაინაში უკვე გააგზავნეს აშშ-დან Bradley-ის ტიპის 60 ჯავშანტრანსპორტიორი. რა სახის ჯავშანტრანსპორტიორია Bradley? თქვენ რას გვეტყვით, რამდენად გაზრდის ეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს? 

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის სამხედრო შესაძლებლობას, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ გარდატეხის შეტანა შეძლოს უკრაინამ.

60 და 80 და 100 – ეს რაოდენობა გარდატეხას ვერ შეიტანს ომში. თავად ეს ჯავშანმანქანა გამოცდილია რუსულ ტანკებთან ბრძოლაში, დაწყებული ერაყის ომიდან – იქაც რუსული ტანკების წინააღმდეგ „ბრედლი“ იბრძოდა და ის საკმაოდ წარმატებული იყო. ამ ჯავშანმანქანებს აქვთ კომპლექტში ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ეფექტური იყო ერაყის პირველ და მეორე კამპანიაში.

  • ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონი კვლავაც რჩება დონბასის გარეთ, ყველაზე მძიმე მუდმივი დაბომბვების სამიზნედ.  

მარტო ხერსონი არაა სამიზნე, თუმცა ხერსონი ახლოსაა და არ სჭირდებათ რაკეტები, არტილერიიდან შეიძლება ხერსონზე თავდასხმა, მაგალითად, ლვოვს კი, არტილერიით ვერ მიწვდებიან. შესაძლოა, რუსეთს რაკეტები ნაკლები აქვს და ეს ჩანდეს.

  • რამდენიმე დღის წინ ირანში იარაღის ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. თქვენი ინფორმაციით, რამდენად შეაფერხებს ეს ამბავი ირანიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდების კუთხით?

ძალიან მცირეა  ინფორმაცია, თუ რა ზიანი მიადგა რეალურად ამ ქარხანას, რას აწარმოებდნენ და ასე შემდეგ. რუსები აპირებდნენ ამ ირანული დრონების წარმოების გადატანას რუსეთში. თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა წარმოებას, რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს, თუმცა ისედაც დრონების გამოყენების აქტიურობა ბოლო დროს ნაკლებია. არ ვიცი, ეს რითაა გამოწვეული. შესაძლოა, რუსებს დრონები მართლაც აღარ აქვთ, ან უკრაინელებმა ტაქტიკა და საშუალებები გააუმჯობესეს დრონებთან ბრძოლის.

ახლა უფრო სარაკეტო დარტყმებია, იყენებენ С-300-ის რაკეტებს, რაც საჰაერო თავდაცვის კომპლექსია, მას შეუძლია სახმელეთო მიზნების დაზიანება, მაგრამ ისეთი ეფექტური არ არის, როგორც თვითმფრინავების წინააღმდეგ. მისი ძირითადი დანიშნულება არ არის სახმელეთო მიზანი. ამას რომ იყენებენ, ამითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ იგივე „ისკანდერი“ და „კალიბრი“ ნაკლებად აქვთ. რუსები იყენებენ იმას, რაც ბევრი აქვთ.

ეს С-300 უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლების შეიარაღებაა და იმის მერე აგროვებენ და აგროვებენ.

ამავე დროს, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს მცირე აქტივობები ბახმუტის და დონეცკის ფონზე, შესაძლოა, ერთგვარი ფანდი იყოს დროის მოსაგებად. შესაძლოა, რესურსებს უყრიდეს ფარულად რუსეთი თავს და მერე უცებ შეიძლება რამე მოხდეს.

  • რა შეიძლება, რომ უცებ მოხდეს?

დღეს ძალიან ძნელია, რომ რესურსების მობილიზება გამოაპარო დაზვერვას, მაგრამ შეიძლება, უცებ, რამდენიმე დღეში მოხდეს ამ რესურსების თავმოყრა.

ომი ხომ არაა ჭადრაკის დაფა, რომ აი, ფიგურა გადასვა და საპასუხოდ მზად იყო. ომში ვინ როგორ დაასწრებს, ამაზეცაა. გამორიცხული არაა, რომ რუსეთი ამზადებდეს რამეს და ამას არ ამჟღავნებდეს.

არცერთ მხარეს ჯერ არ უთქვამს, რომ დიდი თავმოყრაა რესურსების რომელიმე მიმართულებაზე, მაგრამ მაინც.

  • რუსეთის მიმართ ექსპერტების ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ ნაწილობრივ მობილიზაციას ის ხელახლა გამოაცხადებს. 

დიდი ხანია უკვე ჩანს, რომ რუსეთი მიმართავს სარაკეტო თავდასხმებს, რაც არის რეალურად გრავიტაციის ცენტრზე შეტევა. გრავიტაციის ცენტრი ამ შემთხვევაში არის უკრაინელი ხალხის სურვილი, იომოს ბოლომდე.

რუსები ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნით გარდატეხონ ხალხის სურვილი. მერე შიგნით გაჩნდება მოთხოვნა: მოდი, დავზავდეთ, მოვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ეს არის ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზეც იერიშის მიზანიც.

მეორეა, რომ რუსეთმა შეიძლება თავი მოუყაროს დამრტყმელ დაჯგუფებას და სცადოს განახორციელოს შეზღუდული მიზანი, რაც აქვს, რომ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს.

  • მიგაჩნიათ, რომ დონეცკის გარდა, სხვა მიმართულებით იერიშზე აღარ ფიქრობს რუსეთი? 

აქამდეც ვერ მისულა და ამ ეტაპზე, არა მგონია, მეტი მიზანი ჰქონდეს. დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა არ არის პატარა ამოცანა. ამ ეტაპზე ამოცანად ეს აქვთ დასახული, როგორც თვითონ იძახიან, ცხადია, ომის დაწყების პირველი ეტაპისგან განსხვავებით.

რუსებს აქვთ გათვლა შიდა აუდიტორიაზეც, რომ აი, დასავლეთი ვერ აწვდის საკმარის აღჭურვილობას უკრაინას, ცოტაც მივაწვეთ. ცოტაც და მოვიგებთ. ობიექტურად კი, დასავლეთს რაც შეუძლია, იმას აწვდის უკრაინას. ობიექტურად რთულია ყველაფრის გაკეთება, რადგან ლოჯისტიკური ამოცანების გადაჭრის გარეშე აზრი არც აქვს აღჭურვილობის მიწოდებას.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ: როცა უცხოური ავტომანქანები ნაკლები იყო აქ, „მერსედესის“ რემონტისთვის ხალხი დადიოდა ერევანში, იქ ჰქონდათ რაღაც ცენტრები. თუ არ გაქვს აწყობილი ლოჯისტიკა და ერთი დაზიანების გამო მრავალმილიონიანი ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან, რა აზრი აქვს ასეთ მიწოდებას? შეიძლება ყველაფერი არ იყოს უკრაინაში, მაგრამ ახლოს უნდა იყოს. ხომ არ შეიძლება დონეცკში დაზიანებული ტანკი წაიყვანო გერმანიაში?

უკრაინას სჭირდება სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომ  ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურა დაიცვას და, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინა ამ გზით შეინარჩუნებს მუხტს, რომ ბრძოლა შესაძლებელია და საჭირო.

თამარა და თინიკო – გარემოვაჭრეები ბათუმის ქუჩებიდან

დღეს ბათუმელ გარემოვაჭრე ქალებზე, 77 წლის თინიკო მელაძესა და 81 წლის თამარა გიორგაძეზე მოგიყვებით.

თამარა – 30, თინიკო კი 15 წელია რაც გარემოვაჭრეები არიან. ორივეს ქუჩაში წინ პატარა დახლი უდგას და ყიდიან: პარკებს, სავარცხლებს, ხელსახოცებს, წებოებს, ელემენტებსა და ასეთ წვრილმანებს.

როცა თინიკოს შევხვდით, იგი ცელოფნის გრძელ პარკს სარეცხის სამაგრი სარჭებით პატარა, ძველი მაგიდის კიდეებს ამაგრებდა. საუბარზე დაგვთანხმდა, დახლზე გასაყიდი ნივთების ამოლაგება დაიწყო და პარალელურად გვიყვებოდა იმის შესახებ, რომ პროფესიით მედდაა, კლინიკაშიც უმუშავია და იმაზე, თუ რატომაა იძულებული სიცივეში, ქარში მთელი დღე 5-სართულიანი კორპუსის კედელთან, ქუჩის კიდეში იდგეს და ყიდდეს ნივთებს, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი მყიდველი არც ჰყავს.

„ამ მთავრობის შემხედველი რა უნდა გავაკეთო, რა ვიცი, არ ეხმარებიან არავის. მე ისეთი ხალხი ვნახე ტელევიზიაში, სახლიც რომ არ ჰქონიათ და ქუჩაში ათენებენ ღამეს. ძალიან მეტკინა გული.

პენსიონერი, ასაკოვანი, მარტოხელა ვარ. რომ მივედი სოციალური დახმარება მომცეთ იქნებ-მეთქი, ქულა მეტი გაქვსო, არ მომცეს. ძველებური ავეჯის, რაღაც ჯართი საწოლისა და ტელევიზორის მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ ქულა მაღალი გაქვსო.

ქმარი რომ მყოლოდა, 2 პენსიით ვირჩენდით თავს, არ გამოვიდოდი, მაგრამ რა ვქნა, უცებ დამაკლდა ქმარი გულის შეტევით. ეს ცხოვრება ვერ აიტანა.

6 შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები მყავს, მაგრამ ყველას ოჯახები, თავიანთი პრობლემები აქვთ. დღეს ისეთი დაძაბული ცხოვრებაა ამ ქვეყანაში, მე როგორ უნდა მომხედონ, ისინიც წვალობენ, ბანკის ვალები, ეს, ის… და ვარ ასე, ვწვალობ და ვჯახირობ მარტო.

მე როგორ უნდა დავეხმარო [შვილებს], მარტო პენსია მაქვს და აქ რას გავაკეთებ, 5-6 ლარი.

არ მეყო პენსია და ამიტომ გამოვედი გარეთ. კი არ მინდა, არ შემიძლია გარეთ გამოსვლა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, უნდა შევძლო და თავი ვირჩინო.

ერთი წერტილი მაქვს ამორჩეული, მოვალ აქ, დავდგები და ვყიდი წვრილმან ნივთებს, რომლებიც ნისიად მომაქვს.

შაქარს ვიყიდი, პურს ვიყიდი, თავი ხომ უნდა ირჩინო. ხომ ხედავთ, ცეცხლის ფასი ეკიდება ყველაფერს. კარაქი, ყველი… ყველაფერი ძალიან ძვირია.

ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი ცხოვრებით, ძალიან ცუდ სიბერეს მოვესწარი“, – გვითხრა თინიკომ.

თინიკო 15 წელია ცხოვრობს ბათუმში, გვითხრა, რომ მანამდე გურიაში ცხოვრობდა.

თინიკო წუხს, რომ დილით სახლიდან 12, პირველ საათამდე ადრე ვაჭრობისთვის გამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან აუცილებლად უნდა დალიოს წამლები დილაობით. ვერც გვიანობამდე მუშაობს, ეშინია, სიბნელეში სახლისკენ მიმავალი გზა არ აებნეს.

ავდარშიც იძულებულია სახლში დარჩეს, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუუარესდეს.

თინიკო ამბობს, რომ მარტო ცხოვრობს: „ყველა შორს არიან წასულ-წამოსულები. ჩემი შვილი საზღვარგარეთ წავიდა. აქ რომ იმუშავა, ხელფასი არავინ არ გადაუხადა და არაფერი. საზღვარგარეთ წავიდა და დამეკარგა“.

თინიკო მელაძე

თინიკოს დახლის ახლოს დგას თამარა გიორგაძის დახლიც.

თამარა დილით ადრე იწყებს მუშაობას და დახლსაც შებინდების შემდეგ ალაგებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მეც მხოლოდ 5-6 ლარს თუ გამოვიმუშავებო – გვითხრა.

წლების წინ თამარა საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. ეს ქარხანა 30 წლის წინ დაიხურა და მას შემდეგ გარემოვაჭრეობით ვირჩენ თავსო – ამბობს თამარა.

„რა უნდა გაყიდო, ყველას ასე აქვს [ნივთები გასაყიდად] გამოტანილი ქუჩაში. ჩემისთანა მილიონი გარემოვაჭრეა.

რა უნდა გააკეთო პენსიით. 250 ლარი წამლებში არ მყოფნის. აქაც, [გარემოვაჭრედ] წამლების გულისთვის ვარ გამოსული. გული მაწუხებს.

ჩემი ძმისშვილის სახლში ვცხოვრობ, შვილები არ მყავს.

საკვების ფასი გაიზარდა. ფული ვის ჰყოფნის ახლა. ფულს ფასი, კურსი აღარ აქვს.

ძვირიან პროდუქტებს ვერ ვყიდულობ. ხორცს ვერ იყიდი, ვერც ყველს, ძვირია. 20 ლარი ღირს ერთი კილო ყველი და ამხელა ნაჭერს ხომ არ იყიდი [ხელებით გვაჩვენებს მომცრო ოთხკუთხედის ფორმას].

ბოლოს ხორცი არ ვიცი როდის ვჭამე“, – გვითხრა ქალმა.

თამარა მხოლოდ კვირა დღე არ გამოდის ქუჩაში სავაჭროდ, ეკლესიაში დავდივარ კვირაობითო, ასე გვითხრა.

თამარა გიორგაძე

ქობულეთის მერია მალავს ახალი პროექტის განაშენიანების გეგმას

ქობულეთის სანაპიროზე, აღმაშენებლის #285-ში შპს „ქობულეთი რიზორთი“ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. პროექტის  განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] მერიის ინიცირებით ქობულეთის საკრებულომ 31 იანვარს დაამტკიცა ისე, რომ დოკუმენტი საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ.

იმის გამო, რომ განაშენიანების დეტალური გეგმა არ გაასაჯაროვეს, არ ვიცით, ზუსტად რა მასშტაბის შენობის ან შენობების აშენებას გეგმავს აქ კომპანია – ეს ინფორმაცია წარმომადგენლობითმა ორგანომ საკუთარ ამომრჩეველს დაუმალა. 

განკარგულების პროექტის მიხედვით მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლება, რომ ზღვასთან ახლოს, ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ობიექტი უნდა აშენდეს. მშენებელ კომპანიას, შპს „ქობულეთი რიზორთს“, აქ 2 ჰექტრამდე ფართობი [ 19 767 კვ. მეტრი] აქვს დარეგისტრირებული.

შპს „ქობულეთი რიზორთის“  მიერ წარდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტი  საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა გამოგვიგზავნა, განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] კი არც მისთვის მიუწოდებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საჯაროობასა და ღიაობას საკრებულოს თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს, განკარგულებების პროექტების გამოქვეყნების პრაქტიკა ქობულეთის საკრებულოს ჯერ კიდევ არ აქვს დანერგილი.  სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხების პროექტებს ქობულეთის საკრებულო ვებგვერდზე არც  მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს, ქვეყნდება მხოლოდ ჩამონათვალი.

  • როგორ დამალა განაშენიანების გეგმა ქობულეთის მერიამ 

ამ შემთხვევაში ქობულეთის მერიამ  დამალა განაშენიანების დეტალური გეგმა, არ გამოაქვეყნა და დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ის არც ჩვენ მოგვაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მერიას, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს, მსგავსი შინაარსის დოკუმენტის არამხოლოდ  გასაჯაროების, არამედ მისი საჯაროდ განხილვის, დაინტერესებულ მოქალაქეებთან შეხვედრის უზრუნველყოფის ვალდებულებაც აქვს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა ვერ მოგვაწოდა ბმული, სადაც დოკუმენტი ატვირთული იქნებოდა ვერც მისი ჩვენთვის გადმოგზავნა შეძლო. ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე კი სატელეფონო საუბარში გვიმტკიცებდა, რომ კანონით მოთხოვნილი პროცედურა დაცულია და დოკუმენტი ატვირთულია. „მე როგორც ვიცი, არის“ – გვითხრა მან.

იმის დასამტკიცებლად, რომ კანონით მოთხოვნილი პროცედურა დაცულია, მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ ორი ბმული გადმოგვიგზავნა. აქედან ერთზე  შპს „ქობულეთი რიზორთის“ დირექტორის განცხადებაა ატვირთული, რომლითაც ის ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს სამშენებლო მოედანზე აინფორმაციო ბანერის განთავსების თაობაზე ატყობინებს, მეორე ბმულზე კი სხვა კომპანიის და  შესაბამისად, სხვა პროექტის შესახებაა ინფორმაცია განთავსებული.

მოგვიანებით ქობულეთის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დოკუმენტს მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოაქვეყნებდა და იქ შეგვეძლებოდა დოკუმენტს გავცნობოდით. ასე სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ბასილაშვილმა გადაწყვიტა.  პრესსამსახურმა გვითხრა ასევე, რომ დოკუმენტს „მალე“ ატვირთავდნენ.

ნათია ბასილაშვილი არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს, მას შემდეგ რაც ეს თანამდებობა ასლან ქათამაძემ დატოვა. განაშენიანების დეტალური გეგმის საჯაროდ განხილვის მოწყობა, მანამდე კი დოკუმენტის გასაჯაროება, მისი მოვალეობაც არის, თუმცა როგორც ჩანს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისთვის კანონის მოთხოვნა არაფერს ნიშნავს.

საკანონმდებლო მაცნეზე „მალე“ ატვირთეს მხოლოდ  დამტკიცებული დადგენილება, განაშენიანების გეგმა კი, სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ამჯერად არც საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნეს. მეტი სიზუსტისთვის ბმულის გადამოწმება სხვა ორგანიზაციებსაც ვთხოვეთ, მათაც დაგვიდასტურეს, რომ შპს „ ქობულეთი რიზორთის“ განაშენიანების დეტალური გეგმა საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთული არ არის.

გარდა იმისა, რომ წარმომადგენლობით ორგანოს საჯაროობის პრინციპის დაცვას თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს, სივრცის დაგეგმარების ნებისმიერი დოკუმენტის გამოქვეყნების წესს ნებართვის გამცემ უწყებას ასევე ავალდებულებს საქართველოს მთავრობის 260-ე დადგენილება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სივრცის დაგეგმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროექტის საჯარო განხილვა სავალდებულოა.  საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ინიციატორის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე. ამ წესით ასევე დადგენილია, რას უნდა მოიცავდეს განცხადება საჯარო განხილვის შესახებ.

„ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/ პროექტის განხილვის პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში, რომელიც იმართება ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 40 სამუშაო დღისა.

ასვე, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების წესის მიხედვით საჯარო განხილვის დასრულებიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ინიციატორს წერილობით წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები გეგმარებით დოკუმენტთან დაკავშირებით.

  • რა კავშირი აქვს კახი კალაძეს შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთთან“

მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ის კრედიტორად ფიქსირდება. საქმე ისაა, რომ  ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთმა“  კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარი [ეკვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს:

„ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთს“ გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთის“ კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

„ქობულეთი რიზორთის“ 100 პროცენტი „ქობულეთი რიზორთ დეველოპმენტს“ ეკუთვნის. ამ კომპანიას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ – თენგიზ წულაია.

31 დეკემბერს ქობულეთის საკრებულომ  კიდევ ერთი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა – პროექტი მეგობრობის ქუჩაზე სამი საკადასტრო ერთეული გაერთიანებას [ N10, N12, N14-ში]  და აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი ქობულეთის საკრებულოს არ დაუმალავს და ის საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთეს.

  • „მახინჯი პრაქტიკა და კანონდარღვევა“ – საიას შეფასება

„ეს არის არა მხოლოდ  მახინჯი პრაქტიკა, არამედ კანონის დარღვევა“ – ასე აფასებს ქობულეთის  მერიისა და საკრებულოს მიერ გდგ დოკუმენტის დამალვას საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

პაატა დიასამიძე თავადაც უწევს მონიტორინგს როგორც ქობულეთის, ასევე აჭარაში მოქმედი სხვა მუნიციპალიტეტების მუშაობას და ამბობს, რომ არამხოლოდ გდგ დოკუმენტი, არამედ დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტები საჯარო და მისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის:

„საკრებულოს მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ წარმომადგენლობით დემოკრატიას.

როცა ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე, ის ანგარიშვალდებულია ამომრჩეველთან და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რაც საზოგადოებას ეხება,  მით უმეტეს, როცა ეს ქალაქის განაშენიანებასთან არის კავშირში, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინფორმაცია.

როცა გადაწყვეტილების შემდეგაც დოკუმენტის ხელმისაწვდომობაზე პრობლემაა… ვნახეთ ჩვენ, რომ მაცნეზეც კი არ აქვთ განთავსებული, გარდა დადგენილებისა. ამ დადგენილებაში არაფერი იკითხება იმის გარდა, რომ დამტკიცდა პროექტი, რომელიც დადგენილებას თან ახლავს. მაგრამ მაცნეზე ეს დანართი არ არის. მით უმეტეს, რომ მიმართეთ ამ დოკუმენტზე და არ მოგცეს.

ეს არის მახინჯი პრაქტიკა. რა ფორმითაც არ უნდა მოგეთხოვათ დოკუმენტი, რომელიც ვებგვერდზე უნდა იყოს განთავსებული, ყველა შემთხვევაში უნდა მიგეღოთ“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:  საყურადღებოა ისიც, რომ 31 იანვარს საკრებულომ კიდევ ერთი გდგ დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც ატვირთა კიდეც. საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, ეს დამატებითი ეჭვების საფუძველი შეიძლება იყოს:

„ეჭვი გვიჩნდება უკვე, რომ რაღაც ინფორმაცია დამალეს. მით უმეტეს, რომ იციან, რომ საზოგადოებაში კითხვა გაჩნდა და ამაზე თქვენ მათ ესაუბრეთ ტელეფონით, თუმცა ამ კითხვებს რეაგირება არ მოჰყვა.

ეს ეჭვებს ამძაფრებს. ეს არის კანონის დარღვევა“.

„ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი – რა მნიშვნელობა აქვს კვებას | ინტერვიუ ექიმთან

ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებული დონე გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის. გულის იშემიური დაავადების მესამედი გამოწვეულია მაღალი ქოლესტერინით – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. ჯანმოს შეფასებით, გლობალურად, მაღალი ქოლესტერინი იწვევს 2.6 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ყოველწლიურად.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი ბექა ვერძაძე ამბობს, რომ ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი ყველაზე ხშირად კვების ფაქტორით არის განპირობებული. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს კვებას და რას ნიშნავს „კარგი“ და „ცუდი“ ქოლესტერინი.

  • ბატონო ბექა, რას ნიშნავს „ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი?

ქოლესტერინი არის ცხიმოვანი მოლეკულები, რომლებიც ცირკულირებენ ორგანიზმში. არის ე.წ. მაღალი სიმკვრივის და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი. მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი ითვლება „კარგ“ ქოლესტერინად, რადგანაც მას აქვს უნარი, გამოიტანოს ორგანიზმიდან დაბალი სიმკვრივის, ანუ „ცუდი“ ქოლესტერინი.

  • რატომ არის საშიში ქოლესტერინის მაღალი დონე?

ქოლესტერინის მაღალ მაჩვენებელთან ასოცირდება ათეროსკლეროზული დაავადების ჩამოყალიბება, რომელიც თავის მხრივ აყალიბებს გულის იშემიურ დაავადებას და სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, რომლებიც ავიწროებენ სისხლძარღვებს, წარმოქმნიან თრომბს და ა.შ., რაც იწვევს ე.წ. იშემიას.

დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს უნარი აქვს არტერიის შიდა შრეში, ანუ ენდოთელიუმში ჩაჯდეს. 

სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა დრო სჭირდება, მაგრამ ზოგან პირობითად ერთი წელში, ზოგან ათ წელში, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მოლეკულები, უხეშად რომ ვთქვათ, ეჭედებიან ენდოთელიუმში, შემდეგ კი აღწევენ მედიალურ შრესაც, ანუ შუა შრეს, რომელიც აქვს არტერიას და შესაბამისად, ამ შრეში ლიპიდების რაოდენობა იზრდება, რაც იწვევს ანთებითი პროცესის ჩამოყალიბებას და არტერიის სანათურის ანუ დიამეტრის შევიწროებას, დაპატარავებას.

  • რა როლი აქვს არაჯანსაღ კვებას ქოლესტერინის ზრდაში?

ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი მაინც უფრო ალიმენტურია, ანუ კვებითი. არაჯანსაღი კვება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

ახლა დიდია ამ პრობლემის მქონე პაციენტების კონტინგენტი, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები არიან, შეიძლება 40 წლამდეც და პრობლემა, ძირითადად, განვითარებულია ალიმენტური ანუ არასწორი კვების ფონზე,  ნივთიერებათა ცვლის და არასათანადო ფიზიკური აქტივობის გამო.

  • სხვა რა მიზეზი განაპირობებს ქოლესტერინის მატებას?

ძირითადი მიზეზი მაინც ალიმენტურია, მაგრამ გარდა ამისა არსებობს მთელი კასკადი მექანიზმის, რაც განაპირობებს ქოლესტერინის მატებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება.

მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც  ვითარდება ღვიძლის პათოლოგიები, რა დროსაც  ღვიძლი კარგავს თავის ფუნქციას, გამოიმუშაოს „კარგი“ თუ „ცუდი“ ქოლესტერინი.

ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო არტერიულ ჰიპერტენზიაზე, ანუ მაღალ წნევებზე. მაღალი წნევის ფონზე  დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი ადვილად ეჭედება არტერიის კედელში და მეტი შანსია, რომ მალე ჩამოყალიბდეს ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, შესაბამისად, მალე შევიწროვდეს სისხლძარღვის სანათური და მივიღოთ შევიწროება.

ასევე, რისკ-ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

მიზეზებს შორის ერთ-ერთი წამყვანია ე.წ. ჩიყვი – ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, რომლითაც სამწუხაროდ ძალიან ბევრია დაავადებული, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ჰიპერქოლესტერმიის ჩამოყალიბება ხდება ჰორმონალურ ფონზე.

  • რა საკვებია საზიანო?

ეს არის საკვები გაჯერებული ცხიმითა და ტრანს ცხიმებით.

Mayoclinic: გაჯერებული ცხიმებია: ხორცი, კარაქი, ყველი და სხვა სრულცხიმოვანი რძის პროდუქტები. ტრანს ცხიმები, რომლებიც ზოგჯერ მითითებულია საკვების ეტიკეტზე, როგორც „ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი“, ხშირად გამოიყენება მარგარინებში და მაღაზიაში ნაყიდ ფუნთუშებში, კრეკერებსა და ნამცხვრებში.

ჩვენი სამზარეულო კი იცით როგორია, სამწუხაროდ, ძალიან ცხიმიანია, მეტი ცომეულით. აშშ-ში, ვიცით, რომ აქტიურად დგას სიმსუქნის პრობლემა, რაც ძირითადად ნახევარფაბრიკატებით არის გამოწვეული, ამ საკვებში კი ბევრი ქოლესტერინია. 

ცხოველურ საკვებზე, მაგალითად ხორცზე თუა საუბარი, ისიც უნდა ითქვას, რომ არის ხორცეული, რომელშიც ქოლესტერინის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობაა.

მაგალითად, ქათმის ბარკალი, რომელსაც კანი ახვევია – ხორცში შეიძლება არა, მაგრამ კანში ძალიან დიდი რაოდენობით ქოლესტერინია; შემწვარი ხორცი მოხარშულზე საზიანოა;  ღორის ხორცში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ქოლესტერინია. 

აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, განსაკუთრებით მძიმე საკვების მიღების შემდეგ, რათა მიღებული საკვები ადვილად მოინელოთ, ცხიმები არ შეინახოს ორგანიზმმა და გამოიყენოს ფიზიკური აქტივობის დროს.

  • როგორ ვიკვებოთ ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად?

საკვები ძირითადად უნდა იყოს ბოსტნეული, შეიძლება ზღვის პროდუქტებიც, მაგრამ ეს არა მხოლოდ ქოლესტერინის გამო, არამედ ზოგადადაც.

ზოგადად, არსებობს ცხიმების კატეგორია, რომელშიც უფრო მეტი რაოდენობითაა „კარგი“ ქოლესტერინი და არის ცხიმების კატეგორია, რომელშიც უფრო მეტია „ცუდი“ ქოლესტერინი, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

„კარგი“ ქოლესტერინის გამომუშავებისთვის ძალიან კარგია ბოსტნეული. უნდა შევეცადოთ, რომ უფრო ბოსტნეულით დავტვირთოთ რაციონი, ვიდრე ცხოველური პროდუქტებით. ამასთანავე, დიეტა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ პაციენტმა არაფერი ჭამოს და საერთოდ გამოფიტოს ორგანიზმი.

Mayoclinic: საკვები, რომელსაც შეუძლია ქოლესტერინის დონის დაწევას დაეხმაროს:

შვრიის ფაფა, შვრიის ქატო და ბოჭკოვანი საკვები; შვრიის ფაფა შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს. ხსნადი ბოჭკო ასევე გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ლობიო, ბრიუსელის კომბოსტო, ვაშლი და მსხალი; ნუში და სხვა თხილი; ავოკადო; ზეითუნის ზეთი. 

Health.harvard.edu: ლობიო განსაკუთრებით მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით. ვაშლი, ყურძენი, მარწყვი, ციტრუსები – ეს ხილი მდიდარია პექტინით, ხსნადი ბოჭკოს ტიპით, რომელიც ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს; ასევე, ბადრიჯანი – ეს დაბალკალორიული ბოსტნეული ხსნადი ბოჭკოს კარგი წყაროა.

  • როგორია ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის მედიკამენტური მკურნალობა?

არსებობს პრეპარატების, ე.წ. სტატინების ჯგუფი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. სრულად აღკვეთა შეუძლებელია, მაგრამ ეს პრეპარატები ბლოკავენ ღვიძლში აცეტას, აცეტა კი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ბიოქიმიურ ჯაჭვში, რომლის დაბლოკვის დროსაც ქოლესტერინის გამომუშავება აღარ ხდება. იმ რაოდენობის ელიმინაციას კი, რაც რჩება ორგანიზმში, თავად ორგანიზმი ახერხებს.

  •  ამ ჯგუფის პრეპარატები რა ხნით ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა?

პირველ რიგში პაციენტი იკეთებს ლიპიდოგრამას, რომელიც აჩვენებს, როგორც საერთო, ისე „კარგ“ და „ცუდ“ ქოლესტერინს და მოცემულია შესაბამისი ნორმები, რის მიხედვითაც განისაზღვრება მაღალ რისკის მაჩვენებელია თუ დაბალი რისკის. ამის მიხედვით პაციენტს ენიშნება შესაბამისი დოზა. მაქსიმალური დოზა არის 80 მილიგრამი, მინიმალური – 5 მილიგრამი. როგორც წესი, პაციენტთა უმრავლესობას ენიშნება 20 მილიგრამი. 

იმის გამო, რომ სტატინების ჯგუფის მედიკამენტებს პირველი დარტყმა აქვთ ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, უფრო მეტად ღვიძლზე, მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ვამოწმებინებთ ღვიძლის ფუნქციას, ე.წ. ALT და AST-ს, რაც აჩვენებს, თუ რა დონეზეა ღვიძლი დაზიანებული. თუ ღვიძლის მაჩვენებლები ნორმაშია, მკურნალობას ვიწყებთ საშუალოდ 20 მილიგრამით.

ერთი თვის შემდეგ პაციენტს ისევ ვაბარებინებთ ლიპიდოგრამას, ვამოწმებთ ლიპიდური სპექტრის კონტროლს, ჩამოიკლო თუ მოიმატა, ვუყურებთ „კარგი“ და „ცუდი“ ქოლესტერინის შეფარდებას და პასუხების შესაბამისად დოზას ვტოვებთ იმავეს ან ვეხმარებით სხვა პრეპარატით, რომელიც შეავსებს ორგანიზმში „კარგ“ ქოლესტერინს.

  • ვისთვის არის რეკომენდებული პროფილაქტიკის მიზნით შემოწმება?

პროტოკოლით, ქოლესტერინსა და გულის იშემიურ დაავადების ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორის გამო, ელექტროკარდიოგრამა და ლიპიდური ცვლის კონტროლი უკეთდება 40-45 წლის ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაავადება გაახალგაზრდავდა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისკ-ფაქტორების მქონე უფრო ახალგაზრდა ადამიანებმა არ ჩაიტარონ შემოწმება.

მაგალითად, 25-27 წლის ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ მაინც ლიპიდოგრამის გაკეთება.

ასევე, თუ ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავთან, მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ღვიძლის პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებები – აუცილებელია, რომ ჩაიტაროს ელექტრო კარდიოგრამა და ლიპიდური ცვლის კონტროლი, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი [ენდოკრინული] დაავადებების დროს, ასაკის მიუხედავად შესაძლებელია იყოს მომატებული ქოლესტერინი, რომლის ელიმინაცია უჭირს ორგანიზმს.

ამავე თემაზე:

ამოიღეთ კვების რაციონიდან ტრანს ცხიმები – ჯანმოს ახალი ანგარიში და გაფრთხილება

რა შემთხვევაში აღიდგენენ დავალიანების მქონე სტუდენტები სტატუსს ბსუ-ში

ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე ბსუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ იანვრის ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო.

  • საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი იმ შემთხვევაში აღუდგებათ, თუ უნივერსიტეტში შიდა მობილობისას სწავლის საფასურს დაფარავენ.

ამ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის დასაბრუნებლად ახალგაზრდებს ფაქტობრივად 10 დღე აქვთ – ბსუ-ში შიდა მობილობა 2023 წლის 6 თებერვალს იწყება და 15 თებერვალს მთავრდება.

თუ დავალიანებას სტატუსშეჩერებული სტუდენტები შიდა მობილობის დამთავრებამდე ვერ დაფარავენ, მათ შეუძლიათ სტუდენტის სტატუსის გააქტიურება, ოღონდ:

  • პირადი განცხადების საფუძველზე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს – იმ შემთხვევაში შეუძლია სტატუსის აღდგენა, თუკი შესაბამისი სემესტრის დაწყებამდე [გამონაკლის შემთხვევებში – არაუგვიანეს სემესტრის დაწყებიდან 14 დღეში] სრულად დაფარავს სწავლის საფასურის დავალიანებას;
  • დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს კი – იმ შემთხვევაში, თუკი მას სტატუსის შეჩერებამდე სრულად აქვს შესრულებული შესაბამისი პროგრამის მოთხოვნები, სრულად დაფარავს სწავლის საფასურის დავალიანებას და წარმოადგენს განცხადებას კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე.

ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებით:

  • „სწავლის საფასურის დავალიანების მქონე დამატებითი სემესტრის სტუდენტს უწყდება ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი“.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით:

  • 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით სწავლის საფასურის დავალიანების მქონე იმ სტუდენტთა მიმართ, რომლებსაც გადაუვადდათ სწავლის საფასურის გადახდა 2022 წლის 30 ივნისი/30 ივლისი/30 აგვისტოს ჩათვლით, მათთან გაფორმებული შეთანხმებების თანახმად, ასევე გააგრძელეს სწავლა 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში და 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში და დამატებით დაერიცხათ მომდევნო სემესტრების სწავლის საფასურის დავალიანება, ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 13 იანვრის №01-02/03 ბრძანებით განსაზღვრული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ბრძანება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუკი 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით ვადაში სრულად არ დაფარავენ მათზე დარიცხულ სწავლის საფასურის დავალიანებას.
  • 100 ლარზე მეტი ოდენობით ბსუ-ს სწავლის საფასურის დავალიანების მქონე იმ სტუდენტთა მიმართ, რომელთა მიმართ ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 18 იანვრის №01-08/06 ბრძანებით 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუკი 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით ვადაში სრულად არ დაფარავენ მათზე დარიცხულ სწავლის საფასურის დავალიანებას.
  • 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით პერიოდში სწავლის საფასურის დავალიანების მქონე იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ან 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში არ ჰქონდათ აქტიური სტუდენტის სტატუსი, თუმცა კვლავ ერიცხებათ სწავლის საფასურის დავალიანება [კურსდამთავრებულები ან სხვა კატეგორიის სტუდენტები], მათ მიმართ საქმისწარმოება განხორციელდეს ბსუ-ს რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების/სამართლებრივი აქტების შესაბამისად, მათ შორის სწავლის საფასურის დავალიანების მქონე პირებთან გააფორმონ სწავლის საფასურის გადახდის განწილვადების თაობაზე [ასეთის საჭიროების შემთხვევაში].“

 

 

 

 

 

 

 

„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან

4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ათასობით ადამიანი ებრძვის კიბოს და ამარცხებს კიდეც.

„ბათუმელები“ კლინიკა „მედცენტრში“ ესაუბრა პაციენტებს, რომელთაც კიბო დაამარცხეს. ყველა მათგანის კიბოზე გამარჯვების ისტორია განსხვავებულია, თუმცა მთავარი, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს, დროული მკურნალობა და გამარჯვების რწმენაა.

  • „ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – მაკა

„კიბო განაჩენი არ არის, რომელი სტადიაც არ უნდა იყოს. მე ვიბრძოლე და დავამარცხე“- ამბობს „ბათუმელებთან“ 35 წლის მაკა კურცხალიძე. ის გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე, რწმენაზე, რამაც დაავადებაზე გამარჯვება შეაძლებინა.

„ერთ დღეს ჩემს სხეულში, მკერდში რაღაც უცხო სხეული გაჩნდა. კლინიკაში წავედი და ბიოფსიაც გავიკეთე. რამდენიმე დღეში ექიმმა დამირეკა და კლინიკაში დამიბარა.

სკამზე დამსვა და მითხრა: „მაკა, ძლიერი უნდა იყო. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოგაჩნდა, მეორე სტადია.

გავშეშდი, როცა ეს მითხრა ექიმმა. ხმა ვეღარ ამოვიღე. ასე წამოვედი სახლში. ორი დღე ძალიან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ჩემს ჯანმრთელობაზე ფიქრი დავიწყე,“ – გვიყვება მაკა.

მაკა კურცხალიძე

მაკა ამბობს, რომ ძალიან გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდა, ამიტომ როცა ექიმმა უთხრა, რომ ქიმიოთერაპიის დროს თმა გაცვივდებოდა, ძალიან განიცადა.

„ეს იყო შოკისმომგვრელი ჩემთვის. მაგრამ ექიმმა მითხრა, თმას ჩივი, სიცოცხლეს უნდა აფასებდეო.

ვნანობ, რომ თმა თავიდანვე არ გადავიპარსე. მოკლედ შევიჭერი და როცა ცვენა დამიწყო, ამან ძალიან იმოქმედა. ამიტომ ეს შეცდომა არავინ არ უნდა დაუშვას ასეთ დროს. სჯობს, თავიდანვე გადაიპარსო თმა.

გავიკეთე 8 ქიმიოთერაპია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი უკურეაქცია აქვს. იყო პერიოდი, როცა ძალიან სუსტად ვიყავი, როცა წყალს ვეხებოდი, თითქოს დენი მარტყამდა, ისეთი შეგრძნება მქონდა. ფეხის გულებში თითქოს ბურთებს ვგრძნობდი, მიჭირდა სიარულიც,“ – ამბობს მაკა.

მისი თქმით, ახლობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარება.

„შეეცადეთ, აკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გიხარიათ, რაც თქვენ გიყვართ, იქნება ეს სიმღერა თუ სხვა რამ, ამაზე გადაიტანეთ ყურადღება. თქვენ თვითონ უნდა იპოვოთ ძალა თქვენივე თავში.

მე მიყვარდა სიმღერა და ქიმიების დროსაც კი ვღიღინებდი, ვმღეროდი, ლაივებს ვრთავდი, ფოტოებს ვიღებდი. და ყველაზე მეტად მიყვარდა, როცა თავს ვიწესრიგებდი. დღე არ გავიდოდა, მაკიაჟი რომ არ გამეკეთებინა და ეს იყო ჩემი სტიმული“.

მისი თქმით, დღეს, განვითარებული მედიცინის პირობებში, ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ კიბოსთან გამკლავებას შეძლებს. თუ წამალს არ მიიღებ, არ იმკურნალებ, შეიძლება ჩვეულებრივმა გრიპმაც მოგისწრაფოს სიცოცხლეო – ამბობს მაკა.

„და კიდევ, რწმენა, რწმენა არის მთავარი. არასდროს დამიდანაშაულებია ვინმე, არასდროს მითქვამს – რატომ მაინც და მაინც მე?“ – ამბობს მაკა.

მისი თქმით, მეორე სტადიის სიმსივნის დროს, მკერდის მოკვეთა რეკომენდებულია, თუმცა მაკას შემთხვევაში ასე არ მოხდა.

„მე ვიბრძოლე და გავიმარჯვე.

თმა არ გაქვს, არ გაქვს წარბები, ეს ძალიან საშინელია ქალისთვის, მაგრამ როცა დაიწყებს თმა, წარბები და წამწამებიც ზრდას, თავიდან იბადები.

ვფიქრობ, გავლამაზდი კიდეც და სიცოცხლე უფრო დავაფასე“ – ამბობს მაკა.

ის მადლიერებით ახსენებს შვილებს და მეუღლეს, რომლებმაც მისცეს ძალა ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

„ძალიან მაგარი მეუღლე მყავს, რომელიც გვერდით მედგა. ღამეებს ათევდა, დღე და ღამე სულ ჩემთან იყო და მეამაყება. არასდროს მაგრძნობინებდა, რომ რაიმეზე ცუდად მეფიქრა,“-გვითხრა მაკამ.

  • „დავიჯერე, რომ განვიკურნებოდი“ – ასლანი 

ასლან შაინიძე 57 წლისაა და სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. მას 6 წლის წინ კუჭის სიმსივნე დაუდგინეს, მესამე სტადია.

ასლან შაინიძე

„მეტროში“ ვმუშაობდი და ერთ დღეს ტკივილი დამეწყო კუჭში, საკვებსაც ვეღარ ვიღებდი. ძალიან განვიცადე დიაგნოზი, რადგან ერთი თირკმელი არ მქონდა და ამის გამო, ოპერაციაზეც უარი ვთქვი. ქიმიოთერაპია დავიწყე და ხალხურ მედიცინასაც ვიყენებდი. ექვსი წელი გავიდა და საბოლოოდ, სიმსივნე გაქრა.

მეც არ ველოდი ასეთ შედეგს,“ – გვითხრა ასლან შაინიძემ.

მისი თქმით, ამ დროს, ბუნებრივია, რომ ადამიანის ცხოვრება იცვლება. იცვლება მისი ხასიათი, ემოციური მდგომარეობა, თუმცა საბოლოოდ, პაციენტი მაშინ იმარჯვებს, თუ შინაგან ძალებს იკრებს.

„ჩემს ძმასაც გამოუვლინდა ეს დაავადება და ძალიან განიცდიდა. მარტო ამაზე ლაპარაკობდა, დარდობდა და ემოციებში იყო.

ვცდილობდი, დამემშვიდებინა, ვეუბნებოდი, ძმაო, ხომ ხედავ 6 წელია ვმკურნალობ და კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ემოციურად დამარცხდა და სამწუხაროდ, სამ თვეში გარდაიცვალა.

მეც მქონდა ემოციური სისუსტე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებიც მეხმარებოდნენ და ნათესავებიც, მაინც არავის ნახვა აღარ მინდოდა, თუმცა დავძლიე ეს მდგომარეობა.

დავიჯერე, რომ განვიკურნებოდი. აღარ ვფიქრობდი ჩემს დაავადებაზე და ვცდილობდი სხვა რამეზე, უფრო სასიამოვნო თემებზე გადამეტანა ყურადღება. ვფიქრობდი მომავალზე“ – ამბობს ასლანი.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, იცვლება ადამიანების ცხოვრება, ზიანდები როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად, მაგრამ, „იმარჯვებ იმ შემთხვევაში, როცა შენს შიშებს სძლევ,“- გვეუბნება ასლან შაინიძე.

  • ვთქვი, რომ ჩემი დრო არ გასულა“ – არტური

კიბო დაამარცხა არტურ მარგარიანმაც. ის სომხეთის მოქალაქეა, თუმცა რამდენიმე წელია საქართველოშია და ბათუმში ცხოვრობს.

„7 წლის წინ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, გამოკვლევებზე თბილისში წავედი და მითხრეს, რომ მესამე სტადიის ლიმფომის სიმსივნე მქონდა. 5-6 თვის სიცოცხლე მითხრეს. ზრდასრული ადამიანი ვარ, მაგრამ ცრემლები წამომივიდა, ავტირდი“ – გვიყვება არტური.

არტურ მარგარიანი

შვიდი წელი იბრძოლა და დღეს ამბობს, რომ კიბო საბოლოოდ დაამარცხა.

„ასი პროცენტით განკურნებული ვარ, მაშინ, როცა თვეების სიცოცხლეს მეუბნებოდნენ.

ძალიან დამეხმარნენ მეგობრები, ახლობლები. ინტერნეტში ჩემთვის ფინანსები მოიძიეს. გარკვეული ანალიზები კი სახელმწიფომ დამიფინანსა და ამის ძალიან მადლობელი ვარ. ჩემს ქვეყანაში არ ვარ, მაგრამ აქ ვგრძნობდი თანადგომას და მხარდაჭერას როგორც ექიმების მხრიდან, ასევე ადამიანების მხრიდან,“ – ამბობს არტური.

ისევე როგორც მაკა და ასლანი,  არტურიც მიიჩნევს, რომ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან რწმენას.

„მე ვთქვი, რომ ჩემი დრო არ გასულა. მაშინ, როცა არავის სჯეროდა, რომ გადავრჩებოდი, მე მქონდა შინაგანი რწმენა, რომ გადავრჩებოდი.

მთავარია, გჯეროდეს ღმერთის, გჯეროდეს ექიმების და საკუთარი თავის.

არც შრომა შემიწყვეტია, ცემენტის მძიმე ტომრებს ვეზიდებოდი და მაინც ვფიქრობდი დადებითზე“ – ამბობს არტური.

ჩხრეკა იყო ქაოსური, შეფუთვა შიშველი ხელებით ამოიღეს – გალიფ ოზთურქის ადვოკატის ჩვენება

„მე როცა მივედი ადგილზე, ოზთურქის პირადი ჩხრეკა დასრულებული იყო…

ვერანდაზე 15-ზე მეტი კაცი ირეოდა, ზოგიერთი ნიღბით იყო, სამხედრო ფორმაში,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატი იყო მაშინ, როცა ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს.

დღეს, 3 თებერვალს, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს. გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დასწრებია.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მე ორი შენიშვნა დავაფიქსირე,“ – მოსამართლე ლევან ყოლბაიას ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკის დეტალები დეტალურად მოუყვა მოწმემ და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ადვოკატის მისვლის შემდეგ დაიწყეს გამომძიებლებმა ჩხრეკის ვიდეოგადაღებაც.

„დავაფიქსირე, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ქაოსურად… მე გამომძიებელსაც მივმართე, რომ რომელიმე ერთს ჩაეტარებინა ჩხრეკა, მივყვებოდი მას ნაბიჯ-ნაბიჯ და თუ რამე იქნებოდა ამოსაღები, ამოეღოთ, მაგრამ ასე არ მოხდა,“ – თქვა დავით ჩავლეიშვილმა.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი

შემდეგ ადვოკატმა ის მომენტი გაიხსენა, სეიფის გახსნაც რომ მოსთხოვეს გამომძიებლებმა ოზთურქს, მას კი უთქვამს, ჩემი სეიფის კოდი არ ვიციო.

„სეიფის კოდი და გასაღები მე არ ვიციო, ფინანსურმა მენეჯერმა იცისო, უპასუხა გალიფ ოზთურქმა… შემდეგ ის მენეჯერი ამოვიდა და სეიფი გახსნეს,“- აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა და მოჰყვა, რა მიიჩნია მან ჩხრეკის დროს მთავარ პრობლემად.

„შიშველი ხელებით ამოიღეს შეფუთვა,“ – ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების პროცესი გაიხსენა ადვოკატმა და თქვა:

„ყველამ ვიცით კრიმინალისტიკა და ის, რომ თუ გინდა დნმ არ დაზიანდეს, მინიმალური შეხება უნდა გქონდეს, გამომძიებლებს კი, ხელთათმანიც არ ეკეთათ, მე ეს დავაფიქსირე,“ – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.

წინა სხდომებზეც ადვოკატები მიუთითებდნენ ამ ნაწილზე: კოკაინის შეფუთვა გამომძიებლებმა ხელთათმანებისა და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ამოიღეს. პროკურატურის ვერსიით, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდი დაფიქსირდა.

„სახელთათმანოდ არ შევსულვართ ჩვენ იქ,“ – ხმადაბლა აღნიშნა პროკურორმა იმის ხაზგასასმელად, რომ ოზთურქის აპარტამენტში ფინანსური დანაშაულის მტკიცებულების მოსაპოვებლად შევიდა გამოძიება და არა ნარკოტიკული ნივთიერების აღმოსაჩენად.

ფინანსურ დანაშაულზე კი, ამ დრომდე ვერაფერს ედავება პროკურატურა ოზთურქს.

„მერე ხომ შეიძლებოდა, როცა იპოვეს…“ – ადვოკატმაც მოკლედ მიანიშნა პროკურორს, რომ „სახელთათმანოდ არშესვლის“ არგუმენტი პროკურატურას ვერ გაამართლებდა, როცა დნმ-ს ეხება საქმე.

დავით ჩავლეიშვილმა სცადა აეხსნა, როგორ შეიძლება დაფიქსირდეს დნმ-ი კონკრეტულ ნივთზე მასზე ფიზიკური შეხების გარეშე, მაგალითად, ასეთ სიტუაციაში: ხელი ჩამოართვა სხვა ადამიანს, რომელიც ეხება სადავო ნივთს.

„მაგრამ ოზთურქს იმ დღეს არც ერთი გამომძიებლისთვის ხელი არ ჩამოურთმევია,“ – ადვოკატი შეაჩერა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„მე ჩამოვართვი, მაგალითად, ხელი ბატონ ოზთურქს და შემდეგ გამომძიებლებს, რომლებსაც ვიცნობდი,“ – უთხრა პროკურორს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა, უხერხული პაუზის შემდეგ კი, დასძინა:

„გარდა ამისა, მანამდეც ოზთურქი ხომ ეხებოდა იმ ნივთებს, რაც მის ბინაში ელაგა, შემდეგ კი, გამომძიებლები ეხებოდნენ იმავე ნივთებს,“ – თქვა მან.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი, რომელიც ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკას ესწრებოდა, კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

„თუკი გაიჩხრიკა მთლიანად ის სივრცე, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, რატომ არ გაიჩხრიკა ვერანდა? ან ის ოთახები, რომლებიც ღია იყო?“ – იკითხა ადვოკატმა და კიდევ ერთი დეტალი გამოყო:

„ვერანდაზე გამწვანებაა, ნარგავები, იქ ირეოდა ხალხი… თავისუფლად შეიძლებოდა მეორე სართულზეც ასვლა ისე, რომ ვერ დაინახავდი, არაფერია გამორიცხული“ – დასძინა დავით ჩავლეიშვილმა.

გამოძიების ვერსიით, ოზთურქის აპარტამენტის მეორე სართულზე (შენობის მე-19 სართული) იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი საძინებლის ტუმბოში.

„მაშინ რატომ არ გაასაჩივრეთ, რომ მე-19 სართულს არ იყენებდა საცხოვრებლად ოზთურქი და ის სივრცე არ უნდა გაეჩხრიკათ?“ – მოწმეს მიუბრუნდა პროკურორი ლევან მურვანიძე.

„არ ჩავთვალე საჭიროდ,“ – თქვა დავით ჩავლეიშვილმა და შემდეგ დაამატა, რომ ეს შეცდომა იყო.

დავით ჩავლეიშვილმა ასევე განმარტა, რომ ოქმში ის შენიშვნები დააფიქსირა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნია, ხოლო მე-19 სართულს რომ ოზთურქი საცხოვრებლად არ იყენებდა, ეს მან ვიდეოს გადაღების დროს თავადაც აღნიშნა.

„თუ ჩხრეკა ჩატარდა უკანონოდ, თქვენ, როგორც უფლებადამცველმა, მიმართეთ თუ არა რომელიმე უწყებას დარღვეული უფლებებისთვის?“ – ადვოკატს ჩაეძია ისევ პროკურორი.

„თქვენ გეტყობათ, რომ არ გაქვთ ადვოკატად მუშაობის გამოცდილება,“ – უპასუხა პროკურორს დავით ჩავლეიშვილმა.

„8 თვე ვმუშაობდი და ამიტომაც არ ვარ ადვოკატი,“ – გაეცინა პროკურორს და მოსამართლეს გახედა.

„ხშირად არის საქმეები, რომ შესაძლოა დარღვევების კასკადი იყოს, მაგრამ არ დავაფიქსიროთ ეს დარღვევები, რომ პროკურატურას არ მიეცეს ამ ხარვეზების გამოსწორების, დაფარვის საშუალება… ეს შეიძლება იყოს დაცვის მხარის სტრატეგია… აქაც ხომ განიხილება ამ ჩხრეკის კანონიერება“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თებერვლის ბოლოს უნდა მიიღოს.

_______________________________

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ქუთაისში ავტობუსით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. გაზრდილი ტარიფი შეეხო როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ისე სამარშრუტო ტაქსებს.

ავტობუსით მგზავრობა ამიერიდან 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი ეღირება, ხოლო „მარშუტკით“ მგზავრობა – 50 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი.

მგზავრობის გაძვირებაზე გადაწყვეტილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. საკრებულოში უმრავლესობა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ცვლილების მიზანია მოსახლეობისთვის საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება,  სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების  მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესება და მათი გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა,“ – ასე ახსნა ქუთაისის საკრებულომ ტარიფის გაზრდის აუცილებლობა.

როგორც „ბათუმელებს“ ქუთაისის მერიაში უთხრეს, ცვლილება ძალაში 10 დღეში შევა.

ქუთაისში მგზავრებს გაზრდილი ტარიფის გადახდა 13 თებერვლიდან მოუწევთ.

ვის დაუფინანსდება აჭარაში თვალის ბადურის მედიკამენტური მკურნალობა

„მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურის ძვირადღირებული, მაღალეფექტური, ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება.

ამ ეტაპზე პროგრამით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და 200 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მომდევნო პერიოდისათვის ჩვენ ვგეგმავთ პროგრამის გაფართოებას“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მედიკამენტების ღირებულება უფინანსდებათ სრულად. პროგრამა ვაუჩერული მეთოდით ხორციელდება. ასევე, პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მოსარგებლე ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

______________

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

დააკავეს პირი, რომელიც 15 წლის გოგოს ქორწინებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის გოგოზე ძალადობის და ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„ერთი პირი დაკავებულია ცხელ კვალზე, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 150-ე პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით“- თქვეს შსს-ში.

აღნიშნული მუხლები  გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას და არასრულწლოვნის იძულებით ქორწინებას.

როგორც შსს-ში გვითხრეს, არასრულწლოვანი გოგო უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მარნეულში 15 წლის გოგო 2 თებერვალს გაუჩინარდა. მედიის ცნობით, მოზარდი იძულებით დანიშნეს, რის გამოც 15 წლის გოგო სახლიდან გაიქცა. „მარნეულის რადიოს“ ინფორმაციით, დაკავებულია არასრულწლოვნის ოჯახის წევრი.

შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

„ეს არის კორუფციის სქემა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი სამშენებლო ამნისტიის პროექტზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, შეუსაბამო იქნება იმ დოკუმენტთან, რასაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლის ბოლოს მერიას ჩააბარებს. ამასთან დაკავშირებით მან დღეს, 3 თებერვალს, ბრიფინგი გამართა.

„ყველა კომპანია, რომელიც ბათუმში ამ მიმართულებით ოპერირებს, არიან ამ მაჟორიტარების დამფინანსებლები წინასაარჩევნოდ, უმეტესობა ამ კომპანიებისა.

მთავარი პრობლემა და შეუსაბამობა არის ის, რომ ჩვენ ასეულობით ათას ლარს ვიხდით დოკუმენტში, რომელიც წლის ბოლოს იქნება მზად. ეს არის გენგეგმის ჯგუფის დოკუმენტი. ვიდრე გენგეგმაზე მუშაობა დასრულდება, ამ ინიციატივის დაკანონება არის მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული სქემა.

ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ  განსაზღვრავს ბათუმში უკანონო და კანონიერ მშენებლობებს.  დოკუმენტზე მუშაობა აგვისტოში უნდა დასრულდეს. ასე ვთქვათ, ასწრებენ გენგეგმის მიღებამდე ამ კანონპროექტის დამტკიცებას,“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

საუბარი ეხება კანონპროექტს, რომლითაც დეპუტატები აჭარიდან სამშენებლო კოდექსში ცვლილებას სპეციალურად ბათუმისთვის კიდევ ერთხელ ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ცვლილება ბათუმისთვის სამშენებლო კოდექსში „ავარიული სახლების პროგრამის“ განსახორციელებლად შევიდა.

ინიციატივის ავტორები არიან: რესან კონცელიძე – ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ზაალ მიქელაძე – ქობულეთის მაჟორიტარი და ანზორ ბოლქვაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი.

ინიცირებული პროექტით ავტორები ითხოვენ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.

ბათუმის საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, გენგეგმაში შესაძლოა ბევრი შენობა ჩაიწეროს, როგორც შეუსაბამო კონკრეტული ზონისთვის, ამ კანონპროექტის დამტკიცებით კი, მშენებლები გენგეგმის დამტკიცებამდე შეძლებენ უკანონო შენობების დაკანონებას:

„ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მოსწრება კომპანიებისთვის, რომლებიც დაახლოებულნი არიან „ოცნებასთან“ და რიგითი ბათუმელი ამისთვის სიტყვიერ თანხმობასაც ვერ მიიღებდა. მათ კი, ვისაც აქვს სიტყვიერი თანხმობა, რა თქმა უნდა, წინასწარვე იცოდნენ, რომ ეს კანონპროექტი მზადდებოდა“. 

საკრებულოს წევრის შეფასებით, ამ ამბავში განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ინიციატივების ავტორები არიან დეპუტატები, რომლებმაც კარგად იციან, რა პრობლემებია ბათუმში ქაოსური განაშენიანების გამო, თუმცა „ისინი, ამავდროულად, არიან ადამიანები, რომლებმაც საარჩევნო კამპანია ბათუმში დაიფინანსეს და დეპუტატები გახდნენ ბათუმში მოქმედი კომპანიების უმეტესობით. უმეტესობა [კომპანიების] არის მათი შემწირველი. ამიტომაც, ამ გადაწყვეტილებას დავარქვათ ხარკი მშენებლებისთვის“.

მაჟორიტარების მიერ შემუშავებული წესის მიხედვით, კოდექსში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს ისეთი შენობები, რომლებიც ნებართვით აშენდა 2022 წლის 26 სექტემბრამდე და დასრულებულია. ასევე, შენობები, რომლებიც უნებართვოდ აშენდა, თუმცა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია და მათი მშენებლობა 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დამთავრებულია.

ამავე თემაზე: 

დეპუტატები აჭარიდან ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებას ითხოვენ

„ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ ქურდობას“- TV პირველის ჟურნალისტის სახლი ორჯერ გაქურდეს

ტელეკომპანია „პირველის“ კორესპონდენტი ნატო გოგელია ამბობს, რომ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე არსებულ მის საცხოვრებელ სახლში ორჯერ შევიდნენ უცხო პირები და სახლი გაქურდეს და დაარბიეს.

ნატო გოგელიას თქმით, პირველად 31 იანვარს და მეორედ გუშინ, 2 თებერვალს, შეაღწიეს მის ბინაში.

„პირველად ვიფიქრე, რომ ეს ჩვეულებრივი ქურდობა იყო, რადგან წაიღეს მიმღები, ტელევიზორი და „ფლეშკა“, მაგრამ 2 თებერვალს ღირებული არაფერი წაუღიათ, უბრალოდ დარბეული იყო ბინა, ყველაფერი გადმოყრილი იყო კარადებიდან.

მიზანმიმართულად გააფუჭეს და დაამსხვრიეს ნივთები, უთოებს დააჭრეს დენის კაბელები,“- ამბობს ნატო გოგელია „ბათუმელებთან“.

ნატო გოგელიას თქმით, სახლში ყველაფერი გადმოყრილი და დამსხრეული დახვდა. სახლი ორჯერ გაქურდეს.

მის თქმით, სამ დღეში ორჯერ შეღწევა სახლში ეჭვს ბადებს, რადგან, მისი თქმით,  პოლიცია სახლთან ახლოს იმყოფებოდა.

მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს შემთხვევები მის პროფესიულ საქმიანობას. ნატო გოგელია ამბობს, რომ „ეს შემთხვევა არ ჰგავს ჩვეულებრივ ქურდობას, როცა სახლს არბევენ, ამსხრევენ და ყირაზე აყენებენ ყველაფერს“.

ნატო გოგელიას სახლი ოზურგეთში

მისი თქმით, გამოძიება 31 იანვარს დაიწყო, თუმცა მეორე დღეს მისი სახლი ისევ დაარბიეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება გაჭიანურებულია.

„ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიას სახლში ქურდობის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ფაქტები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას“ – აცხადებს ქარტია.

მომხდართან დაკავშირებით „ბათუმელები“ შსს-ში ინფორმაციას აზუსტებს.

Exit mobile version