მთავარი,სიახლეები

თამარა და თინიკო – გარემოვაჭრეები ბათუმის ქუჩებიდან

03.02.2023 • 5972
თამარა და თინიკო – გარემოვაჭრეები ბათუმის ქუჩებიდან

დღეს ბათუმელ გარემოვაჭრე ქალებზე, 77 წლის თინიკო მელაძესა და 81 წლის თამარა გიორგაძეზე მოგიყვებით.

თამარა – 30, თინიკო კი 15 წელია რაც გარემოვაჭრეები არიან. ორივეს ქუჩაში წინ პატარა დახლი უდგას და ყიდიან: პარკებს, სავარცხლებს, ხელსახოცებს, წებოებს, ელემენტებსა და ასეთ წვრილმანებს.

როცა თინიკოს შევხვდით, იგი ცელოფნის გრძელ პარკს სარეცხის სამაგრი სარჭებით პატარა, ძველი მაგიდის კიდეებს ამაგრებდა. საუბარზე დაგვთანხმდა, დახლზე გასაყიდი ნივთების ამოლაგება დაიწყო და პარალელურად გვიყვებოდა იმის შესახებ, რომ პროფესიით მედდაა, კლინიკაშიც უმუშავია და იმაზე, თუ რატომაა იძულებული სიცივეში, ქარში მთელი დღე 5-სართულიანი კორპუსის კედელთან, ქუჩის კიდეში იდგეს და ყიდდეს ნივთებს, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი მყიდველი არც ჰყავს.

„ამ მთავრობის შემხედველი რა უნდა გავაკეთო, რა ვიცი, არ ეხმარებიან არავის. მე ისეთი ხალხი ვნახე ტელევიზიაში, სახლიც რომ არ ჰქონიათ და ქუჩაში ათენებენ ღამეს. ძალიან მეტკინა გული.

პენსიონერი, ასაკოვანი, მარტოხელა ვარ. რომ მივედი სოციალური დახმარება მომცეთ იქნებ-მეთქი, ქულა მეტი გაქვსო, არ მომცეს. ძველებური ავეჯის, რაღაც ჯართი საწოლისა და ტელევიზორის მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ ქულა მაღალი გაქვსო.

ქმარი რომ მყოლოდა, 2 პენსიით ვირჩენდით თავს, არ გამოვიდოდი, მაგრამ რა ვქნა, უცებ დამაკლდა ქმარი გულის შეტევით. ეს ცხოვრება ვერ აიტანა.

6 შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები მყავს, მაგრამ ყველას ოჯახები, თავიანთი პრობლემები აქვთ. დღეს ისეთი დაძაბული ცხოვრებაა ამ ქვეყანაში, მე როგორ უნდა მომხედონ, ისინიც წვალობენ, ბანკის ვალები, ეს, ის… და ვარ ასე, ვწვალობ და ვჯახირობ მარტო.

მე როგორ უნდა დავეხმარო [შვილებს], მარტო პენსია მაქვს და აქ რას გავაკეთებ, 5-6 ლარი.

არ მეყო პენსია და ამიტომ გამოვედი გარეთ. კი არ მინდა, არ შემიძლია გარეთ გამოსვლა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, უნდა შევძლო და თავი ვირჩინო.

ერთი წერტილი მაქვს ამორჩეული, მოვალ აქ, დავდგები და ვყიდი წვრილმან ნივთებს, რომლებიც ნისიად მომაქვს.

შაქარს ვიყიდი, პურს ვიყიდი, თავი ხომ უნდა ირჩინო. ხომ ხედავთ, ცეცხლის ფასი ეკიდება ყველაფერს. კარაქი, ყველი… ყველაფერი ძალიან ძვირია.

ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი ცხოვრებით, ძალიან ცუდ სიბერეს მოვესწარი“, – გვითხრა თინიკომ.

თინიკო 15 წელია ცხოვრობს ბათუმში, გვითხრა, რომ მანამდე გურიაში ცხოვრობდა.

თინიკო წუხს, რომ დილით სახლიდან 12, პირველ საათამდე ადრე ვაჭრობისთვის გამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან აუცილებლად უნდა დალიოს წამლები დილაობით. ვერც გვიანობამდე მუშაობს, ეშინია, სიბნელეში სახლისკენ მიმავალი გზა არ აებნეს.

ავდარშიც იძულებულია სახლში დარჩეს, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუუარესდეს.

თინიკო ამბობს, რომ მარტო ცხოვრობს: „ყველა შორს არიან წასულ-წამოსულები. ჩემი შვილი საზღვარგარეთ წავიდა. აქ რომ იმუშავა, ხელფასი არავინ არ გადაუხადა და არაფერი. საზღვარგარეთ წავიდა და დამეკარგა“.

თინიკო მელაძე

თინიკოს დახლის ახლოს დგას თამარა გიორგაძის დახლიც.

თამარა დილით ადრე იწყებს მუშაობას და დახლსაც შებინდების შემდეგ ალაგებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მეც მხოლოდ 5-6 ლარს თუ გამოვიმუშავებო – გვითხრა.

წლების წინ თამარა საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. ეს ქარხანა 30 წლის წინ დაიხურა და მას შემდეგ გარემოვაჭრეობით ვირჩენ თავსო – ამბობს თამარა.

„რა უნდა გაყიდო, ყველას ასე აქვს [ნივთები გასაყიდად] გამოტანილი ქუჩაში. ჩემისთანა მილიონი გარემოვაჭრეა.

რა უნდა გააკეთო პენსიით. 250 ლარი წამლებში არ მყოფნის. აქაც, [გარემოვაჭრედ] წამლების გულისთვის ვარ გამოსული. გული მაწუხებს.

ჩემი ძმისშვილის სახლში ვცხოვრობ, შვილები არ მყავს.

საკვების ფასი გაიზარდა. ფული ვის ჰყოფნის ახლა. ფულს ფასი, კურსი აღარ აქვს.

ძვირიან პროდუქტებს ვერ ვყიდულობ. ხორცს ვერ იყიდი, ვერც ყველს, ძვირია. 20 ლარი ღირს ერთი კილო ყველი და ამხელა ნაჭერს ხომ არ იყიდი [ხელებით გვაჩვენებს მომცრო ოთხკუთხედის ფორმას].

ბოლოს ხორცი არ ვიცი როდის ვჭამე“, – გვითხრა ქალმა.

თამარა მხოლოდ კვირა დღე არ გამოდის ქუჩაში სავაჭროდ, ეკლესიაში დავდივარ კვირაობითო, ასე გვითხრა.

თამარა გიორგაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: