მთავარი,სიახლეები

ჩხრეკა იყო ქაოსური, შეფუთვა შიშველი ხელებით ამოიღეს – გალიფ ოზთურქის ადვოკატის ჩვენება

03.02.2023 • 1463
ჩხრეკა იყო ქაოსური, შეფუთვა შიშველი ხელებით ამოიღეს – გალიფ ოზთურქის ადვოკატის ჩვენება

„მე როცა მივედი ადგილზე, ოზთურქის პირადი ჩხრეკა დასრულებული იყო…

ვერანდაზე 15-ზე მეტი კაცი ირეოდა, ზოგიერთი ნიღბით იყო, სამხედრო ფორმაში,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატი იყო მაშინ, როცა ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს.

დღეს, 3 თებერვალს, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს. გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დასწრებია.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მე ორი შენიშვნა დავაფიქსირე,“ – მოსამართლე ლევან ყოლბაიას ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკის დეტალები დეტალურად მოუყვა მოწმემ და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ადვოკატის მისვლის შემდეგ დაიწყეს გამომძიებლებმა ჩხრეკის ვიდეოგადაღებაც.

„დავაფიქსირე, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ქაოსურად… მე გამომძიებელსაც მივმართე, რომ რომელიმე ერთს ჩაეტარებინა ჩხრეკა, მივყვებოდი მას ნაბიჯ-ნაბიჯ და თუ რამე იქნებოდა ამოსაღები, ამოეღოთ, მაგრამ ასე არ მოხდა,“ – თქვა დავით ჩავლეიშვილმა.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი

შემდეგ ადვოკატმა ის მომენტი გაიხსენა, სეიფის გახსნაც რომ მოსთხოვეს გამომძიებლებმა ოზთურქს, მას კი უთქვამს, ჩემი სეიფის კოდი არ ვიციო.

„სეიფის კოდი და გასაღები მე არ ვიციო, ფინანსურმა მენეჯერმა იცისო, უპასუხა გალიფ ოზთურქმა… შემდეგ ის მენეჯერი ამოვიდა და სეიფი გახსნეს,“- აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა და მოჰყვა, რა მიიჩნია მან ჩხრეკის დროს მთავარ პრობლემად.

„შიშველი ხელებით ამოიღეს შეფუთვა,“ – ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების პროცესი გაიხსენა ადვოკატმა და თქვა:

„ყველამ ვიცით კრიმინალისტიკა და ის, რომ თუ გინდა დნმ არ დაზიანდეს, მინიმალური შეხება უნდა გქონდეს, გამომძიებლებს კი, ხელთათმანიც არ ეკეთათ, მე ეს დავაფიქსირე,“ – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.

წინა სხდომებზეც ადვოკატები მიუთითებდნენ ამ ნაწილზე: კოკაინის შეფუთვა გამომძიებლებმა ხელთათმანებისა და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ამოიღეს. პროკურატურის ვერსიით, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდი დაფიქსირდა.

„სახელთათმანოდ არ შევსულვართ ჩვენ იქ,“ – ხმადაბლა აღნიშნა პროკურორმა იმის ხაზგასასმელად, რომ ოზთურქის აპარტამენტში ფინანსური დანაშაულის მტკიცებულების მოსაპოვებლად შევიდა გამოძიება და არა ნარკოტიკული ნივთიერების აღმოსაჩენად.

ფინანსურ დანაშაულზე კი, ამ დრომდე ვერაფერს ედავება პროკურატურა ოზთურქს.

„მერე ხომ შეიძლებოდა, როცა იპოვეს…“ – ადვოკატმაც მოკლედ მიანიშნა პროკურორს, რომ „სახელთათმანოდ არშესვლის“ არგუმენტი პროკურატურას ვერ გაამართლებდა, როცა დნმ-ს ეხება საქმე.

დავით ჩავლეიშვილმა სცადა აეხსნა, როგორ შეიძლება დაფიქსირდეს დნმ-ი კონკრეტულ ნივთზე მასზე ფიზიკური შეხების გარეშე, მაგალითად, ასეთ სიტუაციაში: ხელი ჩამოართვა სხვა ადამიანს, რომელიც ეხება სადავო ნივთს.

„მაგრამ ოზთურქს იმ დღეს არც ერთი გამომძიებლისთვის ხელი არ ჩამოურთმევია,“ – ადვოკატი შეაჩერა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„მე ჩამოვართვი, მაგალითად, ხელი ბატონ ოზთურქს და შემდეგ გამომძიებლებს, რომლებსაც ვიცნობდი,“ – უთხრა პროკურორს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა, უხერხული პაუზის შემდეგ კი, დასძინა:

„გარდა ამისა, მანამდეც ოზთურქი ხომ ეხებოდა იმ ნივთებს, რაც მის ბინაში ელაგა, შემდეგ კი, გამომძიებლები ეხებოდნენ იმავე ნივთებს,“ – თქვა მან.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი, რომელიც ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკას ესწრებოდა, კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

„თუკი გაიჩხრიკა მთლიანად ის სივრცე, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, რატომ არ გაიჩხრიკა ვერანდა? ან ის ოთახები, რომლებიც ღია იყო?“ – იკითხა ადვოკატმა და კიდევ ერთი დეტალი გამოყო:

„ვერანდაზე გამწვანებაა, ნარგავები, იქ ირეოდა ხალხი… თავისუფლად შეიძლებოდა მეორე სართულზეც ასვლა ისე, რომ ვერ დაინახავდი, არაფერია გამორიცხული“ – დასძინა დავით ჩავლეიშვილმა.

გამოძიების ვერსიით, ოზთურქის აპარტამენტის მეორე სართულზე (შენობის მე-19 სართული) იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი საძინებლის ტუმბოში.

„მაშინ რატომ არ გაასაჩივრეთ, რომ მე-19 სართულს არ იყენებდა საცხოვრებლად ოზთურქი და ის სივრცე არ უნდა გაეჩხრიკათ?“ – მოწმეს მიუბრუნდა პროკურორი ლევან მურვანიძე.

„არ ჩავთვალე საჭიროდ,“ – თქვა დავით ჩავლეიშვილმა და შემდეგ დაამატა, რომ ეს შეცდომა იყო.

დავით ჩავლეიშვილმა ასევე განმარტა, რომ ოქმში ის შენიშვნები დააფიქსირა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნია, ხოლო მე-19 სართულს რომ ოზთურქი საცხოვრებლად არ იყენებდა, ეს მან ვიდეოს გადაღების დროს თავადაც აღნიშნა.

„თუ ჩხრეკა ჩატარდა უკანონოდ, თქვენ, როგორც უფლებადამცველმა, მიმართეთ თუ არა რომელიმე უწყებას დარღვეული უფლებებისთვის?“ – ადვოკატს ჩაეძია ისევ პროკურორი.

„თქვენ გეტყობათ, რომ არ გაქვთ ადვოკატად მუშაობის გამოცდილება,“ – უპასუხა პროკურორს დავით ჩავლეიშვილმა.

„8 თვე ვმუშაობდი და ამიტომაც არ ვარ ადვოკატი,“ – გაეცინა პროკურორს და მოსამართლეს გახედა.

„ხშირად არის საქმეები, რომ შესაძლოა დარღვევების კასკადი იყოს, მაგრამ არ დავაფიქსიროთ ეს დარღვევები, რომ პროკურატურას არ მიეცეს ამ ხარვეზების გამოსწორების, დაფარვის საშუალება… ეს შეიძლება იყოს დაცვის მხარის სტრატეგია… აქაც ხომ განიხილება ამ ჩხრეკის კანონიერება“, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თებერვლის ბოლოს უნდა მიიღოს.

_______________________________

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: