მთავარი,სიახლეები

რა შეცვალა ამ ომმა ჩემში – კობა ხაბაზი ბახმუტის ფრონტიდან

02.02.2023 • 4073
რა შეცვალა ამ ომმა ჩემში –  კობა ხაბაზი ბახმუტის ფრონტიდან

კობა ხაბაზი, ყოფილი პარლამენტარი და აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში, ბახმუტში იბრძვის. იგი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა მოხალისედ. კობა ხაბაზი „ბათუმელებს“ ფრონტის ხაზიდან ესაუბრა.

  • ბატონო კობა, რა ვითარებაა ახლა ბახმუტში, რამდენი ხანია, რაც მანდ იმყოფებით და კონკრეტულად რა დავალებებს ასრულებთ?

ომის დაწყებიდან მალევე ჩამოვედი, თებერვლის ბოლოს უკვე აქ ვიყავი. აგვისტოში ჩამოვედი საქართველოში და შემდეგ ისევ დავბრუნდი უკრაინაში.

ზაპოროჟიეში ვიყავი თითქმის მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა კი გადმოგვიყვანეს ბახმუტში. როცა წამოვედი, ვთქვი, რომ მე ვიქნები ჯარისკაცი და ის ვიცი, რომ უკან არ დავიხევ- მეთქი.

  • ალბათ არ არის მარტივი, მიიღო ომში წასვლის გადაწყვეტილება. თქვენი მოტივი რა იყო?

როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი იყო ცალსახა, მარტივი და ცხადი და რატომ?! აქ არ არის ლაპარაკი ორი ნეიტრალური სახელმწიფოს ომზე ერთმანეთს შორის, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ, ვთქვათ, შენი მეგობარი სახელმწიფო ეომება იმ ქვეყანას, ვისთანაც, შენ, ვთქვათ, ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვს, არამედ საუბარია იმაზე, რომ შენი მეგობარი სახელმწიფო ეომება მტერს, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის ტერიტორია, ანწუხელიძის მკვლელებს ეომება.

მეორე მიზეზი ალბათ არის ისიც, რომ მე დაჯილდოებული ვარ ორი ქვეყნის – საქართველოს და უკრაინის ღირსების ორდენით. მაიდანზე განვითარებული მოვლენების გამო მე დამაჯილდოვა უკრაინის პატრიარქმა და ამიტომ უნდა ვიყო აქ.

გარდა ამისა, აქ ჩემი ბევრი ახლობელი და მეგობარი იბრძვის და მინდოდა, მათთან ერთად ვყოფილიყავი.

  • როგორც ვიცით, სამხედრო გამოცდილება არ გქონდათ ომამდე, უკრაინაში კი არტილერისტი გახდით. როგორ ისწავლეთ, რამდენად რთული იყო ეს გზა?

აქ რომ ჩამოვედი, სხვადასხვა მიმართულებით აყალიბებდნენ ჯგუფებს, იყვნენ მოიერიშეები, სნაიპერების, ტანკისტების ჯგუფი და ასე შემდეგ. ჩემი თავი დავინახე საარტილერიო ჯგუფში, რადგან მოწინააღმდეგის კოორდინატების გამოთვლა გიწევს და უნდა განსაზღვრო სროლის მანძილი.

ეს ხელსაწყო ძალიან ჰგავს სამშენებლო ნიველირს და რადგან მე სამშენებლოზე საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, უფრო გამიადვილდა ამ საქმის ათვისება. არ მიწევდა მექანიკური დაზეპირება, არამედ შინაარსობრივად მესმის, რატომ შემყავს ეს მონაცემები, როგორ ვიღებ ამ კუთხეს და ასე შემდეგ.

მაინც ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი არტილერისტი ვარ, რადგან ჩვენ გვყავს საოცარი ხელმძღვანელი, მიხეილ ქამხაძე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არტილერისტად მიიჩნევა.

ეს ადამიანი შეეცადა ყველაფერი ესწავლებინა ჩვენთვის, ანიდან ჰოემდე, ძალიან მოკლე დროში. უსაფრთხოების წესები ლამის დაგვაზეპირებინა, შემდეგ გადაგვიყვანა გამოთვლებზე, შემდეგ ნაღმების შერჩევაზე და ასე შემდეგ.

მაგრამ მაინც გვხვდება სირთულეები. მაგალითად, სატყორცნის სასროლი მექანიზმი თუ დაზიანდა, ასეთ დროს ვხვდებით, რომ მიშას გარეშე მაინც არაფერი არ ვართ.

კობა ხაბაზი

  • რა მდგომარეობაა ახლა ფრონტის იმ ნაწილში, სადაც იმყოფებით?

ამჟამად ვარ ბახმუტის მიმართულებით. ძალიან ძნელია იმ ჯოჯოხეთზე საუბარი, რომელიც აქ, ბახმუტში ტრიალებს. საშინელებაა. მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული, ცარიელი ქალაქები. ყოველ წუთს, ყოველ წამს ისმის სროლის ხმა, სულ რაკეტების მოფრენის, დაბომბვის, ნაღმების აფეთქების ხმები გვესმის.

საიდანღაც, ზომბებივით ამოძვრებიან ხოლმე ოკუპანტები, რომლებსაც ყოველგვარი ადამიანური აქვთ წაშლილი და მოიწევენ. 21-ე საუკუნის არმაგედონი – ეს არის ბახმუტის რეალობა.

ამ ყველაფერს თუ შეიძლება პოზიტიური კუთხით შეხედო ადამიანმა არის ის, რომ მეორე მხარეს დგას საოცარი ხალხი, თავისუფლებისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები. ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი სინათლე, ასე ვეძახი მე უკრაინელებს და იმ ქართველებს, რომლებიც აქ იბრძვიან, რომელთა გვერდითაც ვართ ჩვენ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბოროტება დამარცხდეს.

  • როგორია შიშის გრძნობა ომში? რით განსხვავდება ეს შიში სხვა სიტუაციაში გაჩენილი შიშის გრძნობისგან?

როცა აქ მოვდიოდი, ბევრი მეკითხებოდა გაოცებული სად მიდიხარო. ეს ის პერიოდია, როცა კიევს ალყა აქვს შემორტყმული, ბუჩა, ირპენი აღებულია და ყველაფერი იბომბება. ზოგადად, არც უშიშარი ვარ და არც მშიშარა. თუმცა პირველად მაშინ დავფიქრდი შიშზე, როცა ჩემი მეგობრები დავალების შესასრულებლად გადიოდნენ.

არ მეძინა, სანამ დავალებიდან არ დაბრუნდებოდნენ. ამ დროს გეშინია, რაიმე არ მოუვიდეთ. საკუთარ თავზე არ გვეშინია, სხვებზე ვშიშობთ, სხვებზე ვნერვიულობთ და ასე ვარ მეც.

ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ზუსტად ვიცი, რომ თუ დასჭირდება ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას, ყველა მზად ვართ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უკრაინის ბრძოლა იგივე საქართველოს ბრძოლაა ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის.

ყველას, ვინც აქ არის, შეუძლია თავი გასწიროს სამშობლოსთვის.

  • საქართველოს მთავრობის განცხადებებს თუ ადევნებთ თვალს და რას ფიქრობთ მათ განცხადებებზე ქართველ მებრძოლებთან, უკრაინასთან დაკავშირებით?

საქართველოს ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მაშინ ვილაპარაკებდი ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არის რუსეთის მიერ დასმული „ნამესტნიკები“ და სხვა რას ილაპარაკებენ.

ვინც მოიყვანა და დასვა, იმათ ინტერესებს იცავენ. დარწმუნებული ვარ, ღამის კოშმარში ესიზმრებათ რუსეთის დამარცხება, რადგან იციან, რომ ეს მათი პოლიტიკური მომავლის დასასრულია.

  • მესმის, რომ ომში ხართ და სხვა რამეზეა კონცენტრირებული თქვენი ყურადღება, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ ენმ-ში ჩატარებულ არჩევნებზე, რადგანაც ამ პარტიის ნაწილი ხართ. რატომ არ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, გაუცხოებას გრძნობთ მათთან?

ვერ მივაღწიე იმას, რასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი, რომ პარტია გამხდარიყო უფრო თანამედროვე, სცოდნოდა, როგორ ეპასუხა გამოწვევებისთვის, ყოფილიყო არჩევითი, დემოკრატიული, ციფრულ ტექნოლოგიებზე, პროგრამული მართვის პრინციპებზე ორიენტირებული და მობილური ჯგუფების პრინციპით შექმნილიყო პარტია, მაგრამ ვერ ვახერხებდი.

თუ ადრე ვცდილობდი, რომ ეს ყველაფერი პოლიტსაბჭოს სხდომებზე მეთქვა ან ინდივიდუალურ დონეზე მომეპოვებინა მხარდაჭერა, ახლა მინდა ღიად ვთქვა.

სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანია წარიმართა უმძიმესი ფორმით, ნამდვილად არ ველოდი, თუ ამ მასშტაბის დაპირისპირებაზე, ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდოდნენ, რადგან როცა გამარჯვებაზე ფიქრობ, მაშინ პოზიტივს წარმოაჩენ, მაგრამ როცა ფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურებაზე, მაშინ ცუდზე ლაპარაკობ მხოლოდ.

ენმ-ს არჩევნები გადაიქცა არა გამარჯვებისკენ სწრაფვად, არამედ მოწინააღმდეგის განადგურების და დამარცხების საარჩევნო კამპანიად. ამიტომ არც კი დავრეგისტრირდი ხმის მისაცემად.

რაც შეეხება გაუცხოებას, ვერ გავუცხოვდები, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, იმ ადამიანებთან ერთად მომიხდება ისევ ყოფნა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა.

უბრალოდ, ან ისინი უნდა შეიცვალონ, ან განწირული ვართ იმისთვის, რომ ყოველთვის ვიქნებით მეორე პარტია და ყველა არჩევნები ერთი და იმავე სცენარით წარიმართება.

თუ ჩვენ პრინციპულად არ შევიცვალეთ, საბოლოო ჯამში მოვერგებით რუსულ კალკს და ყველაზე უფრო ეს მაშინებს.

რა არის რუსული კალკი? – რომ ყოველთვის ილაპარაკო მოწინააღმდეგის ცუდზე. ის, რასაც აკეთებს რუსეთი, რომ აი, ამერიკა ცუდია, ევროპა ცუდია, იქ გარყვნილებაა და ასე შემდეგ. დაახლოებით, ასე წარიმართა ენმ-ს საარჩევნო კამპანიაც. თუ ეს გაგვიჯდა მენტალიტეტში და ვილაპარაკეთ მხოლოდ სხვის ცუდზე და არა იმაზე, რით ვართ კარგი, რას გავაკეთებთ და რას მოვუტანთ ამ ქვეყანას, მაშინ არ ვიცი, რა იქნება.

თუ არ მოხდა პრორუსული ხელისუფლების ჩანაცვლება, ჩვენს ქვეყანა არ აქვს მომავალი და მე ეს მაწუხებს.

ბოღმით, ზიზღით და სიძულვილით აღვსილი ადამიანები სამომავლოდ კარგს ვერ შექმნიან. კაცობრიობის პროგრესს განაპირობებს სიყვარული და წარმატებისკენ სწრაფვა.

  • სასამართლოდან სააკაშვილის კადრები გავრცელდა, ხომ არ გინახავთ ეს კადრები?

არ ვნახე, იმიტომ, რომ არ შემიძლია. არ შემიძლია, რადგან სააკაშვილის თითოეულ დაუძლურებულ ნაკვთში, თითოეულ სიტყვაში მე ვხედავ საქართველოს ძალიან მძიმე მომავალს და ეს მიკლავს გულს.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი მიყვარს და ამიტომ. ასე იქნებოდა მაშინაც, ჩვენ რომ შევარდნაძე იგივე მდგომარეობამდე მიგვეყვანა.

გავიხსენოთ, რით დამთავრდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა – დამთავრდა მხედრიონებით, უბედურებით. ქვეყანა განწირულია, თუ ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, რადგან საქართველოში მიხეილ სააკაშვილს სულ მცირე, ნახევარი მილიონი მომხრე ჰყავს და ეს ნიშნავს, რომ მისი სიკვდილით ამდენივე ადამიანს აბოროტებ და რა მომავალი აქვს იმ ქვეყანას, რომელშიც ამდენი ადამიანი გაბოროტებულია.

ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ დაუძლურებულ სააკაშვილში მე საქართველოს მომავალ ტკივილს ვხედავ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს ნახევარი მილიონი ადამიანი დაიცვას პატიმარი პრეზიდენტის უფლება. რატომ დუმან ადამიანები, რას ვერ გაართვა პარტიამ თავი?

ჩვენ დღეს ვიმკით იმას, რაც 2012 წლის შემდეგ უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მეორე მხრივ, რაც არასწორად ვაკეთეთ – იმის შედეგს.

პარტია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ვერ მოვახერხეთ თანამედროვე პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება და დავრჩით კოორდინატორებისა და რაღაც ინსტიტუტების დონეზე, რომელიც წინა საუკუნეში იყო ალბათ პოპულარული.

  • სააკაშვილის კადრების შემდეგ, ზელენსკიმ გვკითხა – სად დგას საქართველო. აქვთ უკრაინელებს განცდა, რომ არ ვართ მათ გვერდით, მათგან ხშირად გესმით იგივე?

აი, ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, შვიდი ქართველია ჩემთან ერთად. თითოეული ამ ბიჭის დამსახურებაა ის, თუ უკრაინა საქართველოზე კიდევ რაიმე დადებითს ამბობს.

ეს არის ხალხი, რომელიც ცხოვრობს, სუნთქავს გამარჯვებით, ღირსებით და შეუპოვრობით. ქუჩაში როცა გავდივართ, ყველა ვგრძნობთ საოცარ სითბოს, თუმცა ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც ომში იბრძვის, ძალიან ჩუმად მკითხა, რატომ გყავთ ასეთი ხელისუფლება, თუ ასეთი კარგები ხართ ქართველებიო. გავშრი, ვერაფერი ვუპასუხე, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, სიმართლე მითხრა.

სადღაც მაინც ვუშვებთ დიდ შეცდომებს, რადგან ვერ ვახერხებთ იმას, რომ რუსებს კავკასიონის აქეთ ფეხი ამოვაკვეთინოთ ჩვენს ქვეყანაში. სხვა მხრივ, უკრაინელებისგან პატივისცემის და სითბოს გარდა არაფერი მოგვისმენია. ეს ბიჭები უკრაინაში საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ, ხელისუფლების ნაცვლად.

  • თქვენ თქვით, რომ ჯარისკაცი ხართ. ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში როდის არის ჯარისკაცი, თუკი ამას კომფორტი შეიძლება ვუწოდოთ?

სხვათა შორის, გუშინ ვლაპარაკობდით მე და ჩემი ერთი მეგობარი ამაზე, რომ შეიძლება მთელი ღამე პოზიციაზე იყო, ტალახში, თოვლში, ყინვაში, წვიმაში, ჭურვების ფრენის ხმაში გაატარო, მაგრამ თუ დავალება კარგად შეასრულე, აი, მაშინ ხარ კარგად.

კარგად ხარ მაშინ, როდესაც მეგობრები მიდიან დავალებაზე, ასრულებენ და ხედავ, რომ უკან ბრუნდებიან ჯანმრთელები. აქ ბედნიერებაა დავალების წარმატებით შესრულება.

  • საქართველოდან თუ მოდის დახმარება, უშუქობას როგორ უმკლავდებით?

ახლა ნაკლებად არის ტალახი, რადგან თოვს და მოყინულია. დაიბომბება რაღაც და ისეთი სისწრაფით აღადგენენ შუქს, გაოგნებული ვარ. მართალია, დენი გრაფიკითაა, მაგრამ ეს არ ხდება დაზიანების გამო, თანაბრად რომ მიეწოდოს მოსახლეობას, ამიტომ.

რაც შეეხება დახმარებას. ახლახან ფეხსაცმელები ჩამოგვივიდა ბათუმიდან და დამიჯერეთ, ეს არ არის მხოლოდ ფეხსაცმელი, გულიც გითბება, როცა იცი, რომ ვიღაცამ 5-10 ლარი გაიღო ამისთვის.

ბათუმელები ყველგანმავალი პიკაპის შეძენაშიც დაგვეხმარნენ, რომლითაც პოზიციებზე გავდივართ ხოლმე და ნაღმმტყორცნები გადაგვაქვს. ასე, რომ სითბოს და ყურადღების მეტს არაფერს ვგრძნობთ ადამიანებისგან.

  • ამ ერთმა წელმა, ომმა, რა შეცვალა თქვენში? რა გადააფასეთ, რა არის ის, რაც ყოველთვის გემახსოვრებათ ამ ომის შემდეგ?

თითქოს ველოდი ამ შეკითხვას, თუ რა შეცვალა ამ ომმა ჩემში.

ადამიანებს მინდა ვუთხრა – რომ ნახოთ, რა ხდება დღეს აქ, რომ ნახოთ დანგრეული სახლები, რომ ნახოთ დედა, რომელსაც ხელი, მის პატარა შვილს კი ფეხი როგორ მოაგლიჯა ყუმბარამ, ნახოთ ის საშინელებები, რაც აქ ტრიალებს, მიხვდებით, რა სასაცილოა ის პატარა ვნებათაღელვები, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ და ვკამათობთ დღეს.

რომ ნახოთ ეს ყველაფერი, მიხვდებით, რამდენად წვრილმანია ეს განცდები იმ ტრაგედიასთან შედარებით, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ამიტომ, როცა რაღაც პრობლემას შევეჯახებით, მოდი რა, ნუ დავიწუწუნებთ, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ჩვენი პატარა პრობლემები და როგორ ვიბრძოლოთ უკეთესისთვის. რაღაცებზე მაღლა დგომა უნდა ვისწავლოთ, იმიტომ, რომ ჩვენი ადამიანური განცდები, – ტკივილი, წყენა და ასე შემდეგ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც აქ, უკრაინაში ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: