მთავარი,სიახლეები

„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან

03.02.2023 • 16250
„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან

4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ათასობით ადამიანი ებრძვის კიბოს და ამარცხებს კიდეც.

„ბათუმელები“ კლინიკა „მედცენტრში“ ესაუბრა პაციენტებს, რომელთაც კიბო დაამარცხეს. ყველა მათგანის კიბოზე გამარჯვების ისტორია განსხვავებულია, თუმცა მთავარი, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს, დროული მკურნალობა და გამარჯვების რწმენაა.

  • „ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – მაკა

„კიბო განაჩენი არ არის, რომელი სტადიაც არ უნდა იყოს. მე ვიბრძოლე და დავამარცხე“- ამბობს „ბათუმელებთან“ 35 წლის მაკა კურცხალიძე. ის გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე, რწმენაზე, რამაც დაავადებაზე გამარჯვება შეაძლებინა.

„ერთ დღეს ჩემს სხეულში, მკერდში რაღაც უცხო სხეული გაჩნდა. კლინიკაში წავედი და ბიოფსიაც გავიკეთე. რამდენიმე დღეში ექიმმა დამირეკა და კლინიკაში დამიბარა.

სკამზე დამსვა და მითხრა: „მაკა, ძლიერი უნდა იყო. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოგაჩნდა, მეორე სტადია.

გავშეშდი, როცა ეს მითხრა ექიმმა. ხმა ვეღარ ამოვიღე. ასე წამოვედი სახლში. ორი დღე ძალიან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ჩემს ჯანმრთელობაზე ფიქრი დავიწყე,“ – გვიყვება მაკა.

მაკა კურცხალიძე

მაკა ამბობს, რომ ძალიან გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდა, ამიტომ როცა ექიმმა უთხრა, რომ ქიმიოთერაპიის დროს თმა გაცვივდებოდა, ძალიან განიცადა.

„ეს იყო შოკისმომგვრელი ჩემთვის. მაგრამ ექიმმა მითხრა, თმას ჩივი, სიცოცხლეს უნდა აფასებდეო.

ვნანობ, რომ თმა თავიდანვე არ გადავიპარსე. მოკლედ შევიჭერი და როცა ცვენა დამიწყო, ამან ძალიან იმოქმედა. ამიტომ ეს შეცდომა არავინ არ უნდა დაუშვას ასეთ დროს. სჯობს, თავიდანვე გადაიპარსო თმა.

გავიკეთე 8 ქიმიოთერაპია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი უკურეაქცია აქვს. იყო პერიოდი, როცა ძალიან სუსტად ვიყავი, როცა წყალს ვეხებოდი, თითქოს დენი მარტყამდა, ისეთი შეგრძნება მქონდა. ფეხის გულებში თითქოს ბურთებს ვგრძნობდი, მიჭირდა სიარულიც,“ – ამბობს მაკა.

მისი თქმით, ახლობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარება.

„შეეცადეთ, აკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გიხარიათ, რაც თქვენ გიყვართ, იქნება ეს სიმღერა თუ სხვა რამ, ამაზე გადაიტანეთ ყურადღება. თქვენ თვითონ უნდა იპოვოთ ძალა თქვენივე თავში.

მე მიყვარდა სიმღერა და ქიმიების დროსაც კი ვღიღინებდი, ვმღეროდი, ლაივებს ვრთავდი, ფოტოებს ვიღებდი. და ყველაზე მეტად მიყვარდა, როცა თავს ვიწესრიგებდი. დღე არ გავიდოდა, მაკიაჟი რომ არ გამეკეთებინა და ეს იყო ჩემი სტიმული“.

მისი თქმით, დღეს, განვითარებული მედიცინის პირობებში, ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ კიბოსთან გამკლავებას შეძლებს. თუ წამალს არ მიიღებ, არ იმკურნალებ, შეიძლება ჩვეულებრივმა გრიპმაც მოგისწრაფოს სიცოცხლეო – ამბობს მაკა.

„და კიდევ, რწმენა, რწმენა არის მთავარი. არასდროს დამიდანაშაულებია ვინმე, არასდროს მითქვამს – რატომ მაინც და მაინც მე?“ – ამბობს მაკა.

მისი თქმით, მეორე სტადიის სიმსივნის დროს, მკერდის მოკვეთა რეკომენდებულია, თუმცა მაკას შემთხვევაში ასე არ მოხდა.

„მე ვიბრძოლე და გავიმარჯვე.

თმა არ გაქვს, არ გაქვს წარბები, ეს ძალიან საშინელია ქალისთვის, მაგრამ როცა დაიწყებს თმა, წარბები და წამწამებიც ზრდას, თავიდან იბადები.

ვფიქრობ, გავლამაზდი კიდეც და სიცოცხლე უფრო დავაფასე“ – ამბობს მაკა.

ის მადლიერებით ახსენებს შვილებს და მეუღლეს, რომლებმაც მისცეს ძალა ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

„ძალიან მაგარი მეუღლე მყავს, რომელიც გვერდით მედგა. ღამეებს ათევდა, დღე და ღამე სულ ჩემთან იყო და მეამაყება. არასდროს მაგრძნობინებდა, რომ რაიმეზე ცუდად მეფიქრა,“-გვითხრა მაკამ.

  • „დავიჯერე, რომ განვიკურნებოდი“ – ასლანი 

ასლან შაინიძე 57 წლისაა და სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. მას 6 წლის წინ კუჭის სიმსივნე დაუდგინეს, მესამე სტადია.

ასლან შაინიძე

„მეტროში“ ვმუშაობდი და ერთ დღეს ტკივილი დამეწყო კუჭში, საკვებსაც ვეღარ ვიღებდი. ძალიან განვიცადე დიაგნოზი, რადგან ერთი თირკმელი არ მქონდა და ამის გამო, ოპერაციაზეც უარი ვთქვი. ქიმიოთერაპია დავიწყე და ხალხურ მედიცინასაც ვიყენებდი. ექვსი წელი გავიდა და საბოლოოდ, სიმსივნე გაქრა.

მეც არ ველოდი ასეთ შედეგს,“ – გვითხრა ასლან შაინიძემ.

მისი თქმით, ამ დროს, ბუნებრივია, რომ ადამიანის ცხოვრება იცვლება. იცვლება მისი ხასიათი, ემოციური მდგომარეობა, თუმცა საბოლოოდ, პაციენტი მაშინ იმარჯვებს, თუ შინაგან ძალებს იკრებს.

„ჩემს ძმასაც გამოუვლინდა ეს დაავადება და ძალიან განიცდიდა. მარტო ამაზე ლაპარაკობდა, დარდობდა და ემოციებში იყო.

ვცდილობდი, დამემშვიდებინა, ვეუბნებოდი, ძმაო, ხომ ხედავ 6 წელია ვმკურნალობ და კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ემოციურად დამარცხდა და სამწუხაროდ, სამ თვეში გარდაიცვალა.

მეც მქონდა ემოციური სისუსტე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებიც მეხმარებოდნენ და ნათესავებიც, მაინც არავის ნახვა აღარ მინდოდა, თუმცა დავძლიე ეს მდგომარეობა.

დავიჯერე, რომ განვიკურნებოდი. აღარ ვფიქრობდი ჩემს დაავადებაზე და ვცდილობდი სხვა რამეზე, უფრო სასიამოვნო თემებზე გადამეტანა ყურადღება. ვფიქრობდი მომავალზე“ – ამბობს ასლანი.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, იცვლება ადამიანების ცხოვრება, ზიანდები როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად, მაგრამ, „იმარჯვებ იმ შემთხვევაში, როცა შენს შიშებს სძლევ,“- გვეუბნება ასლან შაინიძე.

  • ვთქვი, რომ ჩემი დრო არ გასულა“ – არტური

კიბო დაამარცხა არტურ მარგარიანმაც. ის სომხეთის მოქალაქეა, თუმცა რამდენიმე წელია საქართველოშია და ბათუმში ცხოვრობს.

„7 წლის წინ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, გამოკვლევებზე თბილისში წავედი და მითხრეს, რომ მესამე სტადიის ლიმფომის სიმსივნე მქონდა. 5-6 თვის სიცოცხლე მითხრეს. ზრდასრული ადამიანი ვარ, მაგრამ ცრემლები წამომივიდა, ავტირდი“ – გვიყვება არტური.

არტურ მარგარიანი

შვიდი წელი იბრძოლა და დღეს ამბობს, რომ კიბო საბოლოოდ დაამარცხა.

„ასი პროცენტით განკურნებული ვარ, მაშინ, როცა თვეების სიცოცხლეს მეუბნებოდნენ.

ძალიან დამეხმარნენ მეგობრები, ახლობლები. ინტერნეტში ჩემთვის ფინანსები მოიძიეს. გარკვეული ანალიზები კი სახელმწიფომ დამიფინანსა და ამის ძალიან მადლობელი ვარ. ჩემს ქვეყანაში არ ვარ, მაგრამ აქ ვგრძნობდი თანადგომას და მხარდაჭერას როგორც ექიმების მხრიდან, ასევე ადამიანების მხრიდან,“ – ამბობს არტური.

ისევე როგორც მაკა და ასლანი,  არტურიც მიიჩნევს, რომ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან რწმენას.

„მე ვთქვი, რომ ჩემი დრო არ გასულა. მაშინ, როცა არავის სჯეროდა, რომ გადავრჩებოდი, მე მქონდა შინაგანი რწმენა, რომ გადავრჩებოდი.

მთავარია, გჯეროდეს ღმერთის, გჯეროდეს ექიმების და საკუთარი თავის.

არც შრომა შემიწყვეტია, ცემენტის მძიმე ტომრებს ვეზიდებოდი და მაინც ვფიქრობდი დადებითზე“ – ამბობს არტური.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: