მთავარი,სიახლეები

„მარტში თოვლი გალღვება, რაც რუსეთის შეტევას გააძნელებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

03.02.2023 • 1283
„მარტში თოვლი გალღვება, რაც რუსეთის შეტევას გააძნელებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„С-300 უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლების შეიარაღებაა და იმის მერე აგროვებენ რუსები. ისინი იმას იყენებენ, რაც ბევრი აქვთ,“ – გადამდგარი გენერლის, გიორგი სურმავას დაკვირვებით, რუსებს ირანული დრონები შემოაკლდათ და ამიტომ დაიწყეს ძველი რაკეტების გამოყენება.

გიორგი სურმავას იმედი აქვს, რომ უკრაინა კონტრდარტყმითი დაჯგუფების შექმნას შეძლებს. „ბრედლის“ ჯავშანტრანსპორტიორებზე საუბრის დროს კი ერაყის ომის ახსენდება: „ეს ჯავშანმანქანა გამოცდილია რუსულ ტანკებთან ბრძოლაში, იქაც რუსული ტანკების წინააღმდეგ „ბრედლი“ იბრძოდა და საკმაოდ წარმატებული იყო“.

გადამდგარი გენერლის აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინისთვის შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიწოდებაა, ვიდრე „რუსეთი ერთ და იგივე ადგილს ტკეპნის“, თორემ რამდენიმე თვეში შესაძლოა რუსეთმა იერიშის განახლება ისევ მოინდომოს და შეძლოს.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, პირველ რიგში, გვითხარით, როგორია თქვენი მოლოდინი რუსეთის მორიგ შეტევაზე უკრაინაში? უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი ჩერნიაკი ამბობს, რომ პუტინმა რუს სამხედროებს უბრძანა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთლიანად დაპყრობა 2023 წლის მარტამდე. მისივე თქმით, რუსული ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჰყავთ დამატებით თავდასხმის ჯგუფები და დანაყოფები, გადააქვთ იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა.

ეს დავალება დიდი ხანია აქვთ რუს სამხედროებს, რომ ლუგანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ. ფაქტობრივად, დონეცკია ამოცანა, რადგან ლუგანსკში მათ მეტ-ნაკლებად ჰქონდათ წარმატება.

ძირითადი შეტევა ხორციელდება ბახმუტის მიმართულებაზე. რაღაც წარმატება ჰქონდათ რუსებს და აქტივობა შეინიშნება, მაგრამ ის, რომ უცებ რაღაც შეიცვლება, ეს მოლოდინი არა მაქვს. ეს გადაჯგუფებები და ცოცხალი ძალის თავმოყრა ყოველთვის იყო, რაც აუცილებელია, შეტევაში ხარ, თუ თავდაცვაში. არ ვიცი, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რომ ახალი ბრძანება მისცა პუტინმა რუს სამხედროებს. ფაქტია, რომ ეს ბრძანება დიდი ხანია არსებობს.

არა მგონია, რამე რადიკალური ცვლილება იყოს უახლოეს მომავალში.

არის ერთი მომენტი: დროში შეზღუდულია რუსული მხარე. მარტისთვის უკვე გალღვება თოვლი და მეტად გაუვალი გახდება ეს ტერიტორიები, რაც გაუძნელებს რუსებს შეტევით მოქმედებებს. შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ, რომ დააჩქარონ მოვლენები. გარდა ამისა, ტანკები და ტექნიკა ემატება უკრაინელებს, ისინი ძლიერდებიან. მოკლედ, რუსებს სჭირდებათ ტემპის აჩქარება, თუმცა მეორე საკითხია – რამდენად შეუძლიათ ეს.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის დიდი შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ადრე გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ეფექტური არ იქნება. ამ ორგანიზაციის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს საკმარისი საბრძოლო ძალა აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული ძალების დასამარცხებლად. თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა რუსეთს ამჯერად? 

დიდ შეტევას და დარტყმას სჭირდება დიდი დაჯგუფების შექმნა, რაც არ მოჩანს ჯერჯერობით არცერთ მხარეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით სხვადასხვა ღია წყაროს. არის ასევე ორივე ქვეყნის გენშტაბის განცხადება, თუმცა მათ ვერ დაეყრდნობი, რადგან იგი საინფორმაციო ომის ელემენტსაც შეიძლება შეიცავდეს.

სხვა დამატებითი წყაროებიც მეტნაკლებად ტენდენციურია, თუმცა ზოგადი სურათის დანახვა შესაძლებელია. ამ ინფორმაციით, არცერთი წყარო არ მიუთითებს, რომ დიდი ძალების თავმოყრა ხდება.

  • რის რესურსი აქვს ამ გადასახედიდან რუსეთს? ნახავდით პუტინის განცხადებას, როცა დასავლეთმა ტანკები გამოუგზავნა უკრაინას და პუტინმა განაცხადა, პასუხი გვექნებაო. რა შეიძლება იყოს პუტინის „პასუხი“? 

პუტინი ამას ხშირად ამბობს, რომ პასუხის საშუალება აქვს… პუტინის ეს განცხადება ამჯერად ძირითადად ეხებოდა ტანკებს. რა შეიძლება იყოს ტანკის საწინააღმდეგო? – ერთია, რომ ეს შეიძლება იყოს თავად ტანკი. ამ შემთხვევაში, რუსებს შეიძლება ჰქონდეთ ბევრად მეტი ტანკი, მაგრამ იქ მაინც შეზღუდული მიმართულებებია და ბევრს ვერ გამოიყენებ. თანაც, უპირატესობა არ არის მხოლოდ რაოდენობრივი უპირატესობა.

მეორეა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. საუბარია „ლეოპარდსა“ და „ჩელენჯერზე“, დავუშვათ. ცნობილია, რას წარმოადგენს უკვე რუსული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ერთმანეთთან ამ ტექნიკას არ უომია და გამოჩნდება, ვინ რამდენად არის მზად, ან რომელი სჯობს. მშრალი ტექნიკური მონაცემებით ძნელია მსჯელობა, რადგან ბოლომდე არცერთი მხარე არ ამჟღავნებს მონაცემებს სრულად, ასევე ყველა მხარე იძახის, რომ მისი იარაღია საუკეთესო.

ეს დამოკიდებულია ასევე პირობებზე: მაგალითად, შესაძლოა, ერთი სჯობდეს დღისით, მეორე კი – ღამე. კომპლექსურად თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დასავლური ტექნიკა სჯობს რუსულ ტექნიკას.

  • რამდენად გააქტიურდა პუტინის „პასუხზე“ აქცენტით ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე? რა როლი აქვს ამ ეტაპზე ატომურ იარაღს, როცა საქმე ეხება დასავლეთიდან უკრაინისთვის საკმარისი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას? 

სულ არის ამაზე მინიშნება, მაგრამ ეს არის შეშინება, საინფორმაციო ომის ელემენტია. იქ ბევრი ეტაპია ატომური იარაღის გადაწყვეტილების მიღებამდე. რომც მიიღონ ეს გადაწყვეტილება, მისი შესრულება არ არის ადვილი.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად მუშაობს აქცენტი ატომურ იარაღზე დასავლეთის აუდიტორიაზე? ამ დრომდე გაურკვეველია, მიაწვდიან თუ არა უკრაინას საკმარის აღჭურვილობას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის.  

არა, ეს გარკვეულია, უბრალოდ, იმდენს ვერ აწვდიან დასავლეთიდან ტექნიკას უკრაინას, რამდენიც საჭიროა.

ეს ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ზემოქმედება აქეთკენაც არის მიმართული, რომ ევროპაში ობივატელს გაუჩინონ განცდა, რომ ბირთვული ომის რისკია. მეორეა ის, რომ დასავლეთის ქვეყნებსაც კეთილდღეობა მოაკლდათ: რაღაც აღარ აქვთ, რაღაც გაძვირდა. ობივატელის ეს განწყობა კი აისახება მთავრობაზე. იქ ხომ რეალური არჩევნები ტარდება და ობივატელის აზრი თამაშობს დიდ როლს. ეს არის რუსეთის საინფორმაციო ომის მოქმედების მიზანი, რომ აუდიტორიის განწყობა შექმნას.

ჩემი აზრით, რუსეთის ეს გზავნილები მაინც უფრო რუსეთის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რადგან შიდა მხარდაჭერა სჭირდებათ, ევროპის მხარდაჭერის იმედი დიდად არ აქვთ.

დასავლეთი ჩამოყალიბებულია, რომ უნდა მიაწოდოს შესაბამისი აღჭურვილობა უკრაინას, მაგრამ ჯიბეში არავის არ უდევს ეს ტექნიკა, რომ ადგნენ და მისცენ. ფაქტობრივად ნატოს ახალი თაობის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რაც ჰქონდათ საბჭოთა სტანდარტების ტექნიკა, ყველაფერი მისცეს უკრაინას.

რომც მისცენ, მაგალითად, თვითმფრინავი F-16, მხოლოდ სააეროდრომო მომსახურებას სჭირდება რამდენიმე ათეული სპეციალისტი. თავი დავანებოთ სათადარიგო ნაწილებს, სპეციალურ სითხეებს და ასე შემდეგ. ამ თვითმფრინავმა რომ შეასრულოს თავისი ამოცანა, მთელი სერვისი სჭირდება. ამ ყველაფრის მომზადებას ხომ დრო სჭირდება?!

პირადი შემადგენლობის მომზადების გარდა, საჭიროა გამართული ლოჯისტიკა. ჩვეულებრივი ავტომანქანა ასფალტზე რომ დადის, ის გამოდის მწყობრიდან და სამხედრო ტექნიკა სად და როგორ მოძრაობს, რა დაზიანების ქვეშაა? ამას ყოველდღიური მომსახურება სჭირდება, თორემ იგი ჩვეულებრივ ჯართად იქცევა.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: რა დრო დასჭირდება ამ რესურსის მობილიზებას, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა შეძლოს? 

ჩემი აზრით, ამას დიდი დრო დასჭირდება.

უკრაინამ თუ შეძლო და შექმნა დამრტყმელი მუშტი, ეს ტანკებიც, მაგალითად, უფრო არის შეტევით შეიარაღება, ვიდრე თავდაცვის. ყველაზე მეტად, სავარაუდო მიმართულება იქნება ზაპოროჟიეს მხრიდან აზოვის ზღვის მიმართულება. აქ უნდა გაიჭრას რუსული დაჯგუფება, დარჩეს ყირიმის დაჯგუფება სამხრეთით, ხოლო ჩრდილოეთით დონეცკის და ლუგანსკის დაჯგუფება.

ეს იქნება ყველაზე სასურველი სცენარი, რომ უკრაინელებმა ეს გაჭრან.

  • ეს „გაჭრა“ იქნება გადამწყვეტი ეტაპი ამ ომში? ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლის ველი ყირიმია. მან გამოცემა „ინსაიდერთან“ განაცხადა, რომ „უკრაინა არასდროს იქნება უსაფრთხოდ და დაცული, ან მზად თავისი ეკონომიკის ხელახლა ასაშენებლად მანამ, სანამ რუსეთს ყირიმი აქვს დაპყრობილი“.

კი, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ყირიმი იქნება მოჭრილი ძირითადი ძალებისგან, რაც  თავისთავად მოახდენს ყირიმის იზოლირებას. იქ რჩება ხიდი, რომელიც მოწყვლადია. პირდაპირ რომ ყირიმს შეუტიო, ეს რთულია, რადგან დაცვის ორგანიზება ადვილია. ამ გზით და მოწინააღმდეგის თანდათანობით გამოფიტვით კი, იოლია ყირიმის დაბრუნება.

ამიტომაც ყველაზე ვიწრო მონაკვეთი აქაა, აი,  ზაპოროჟიეს წყალსაცავის მხრიდან.

  • ხედავთ ამის წინაპირობებს, რომ უკრაინამ ეს შეძლოს და შექმნას ახალი, დარტყმითი დაჯგუფება? 

მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე უახლოეს პერიოდში სერიოზული დაჯგუფების შექმნის წინაპირობას. იგივე ტანკები, ნათქვამია, რომ აძლევენ, მაგრამ სანამ ეს ჩამოვა, ამას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება, ზაფხულამდე ეს ვერ იქნება.

მხოლოდ ეს არ არის პირობა იმისთვის, რომ განხორციელდეს კონტრდარტყმა. პირობათა კომპლექსი უნდა შესრულდეს, რომ შესაძლებელი გახდეს კონტრდარტყმის განხორციელება. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის პირობას და ზაფხულისთვის ვნახოთ, რა დაჯგუფების შექმნას მოახერხებენ უკრაინელები. იმედი მაქვს, რომ მოახერხებენ.

გააჩნია ასევე, ამ დროისთვის რუსებს როგორ ექნებათ საქმე. რუსებმაც შეიძლება მოახერხონ ძალების თავმოყრა და თუ მოწინააღმდეგე ძლიერი დაგხვდება, მაშინ ვერ განახორციელებ კონტრდარტყმას. მოწინააღმდეგე უნდა იყოს გამოფიტული, გაძნელებული უნდა იყოს ძალების შევსების შესაძლებლობა, რომ კონტრდარტყმა შეძლო.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები დანაკარგების მიუხედავად აგრძელებენ შეტევას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. რას აჩვენებს თქვენთვის ის, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებს რუსეთი ბახმუტის აღებას? 

ეს ფაქტობრივად არის ბახმუტის და კრამატორსკის მიმართულება. როცა ხარკოვის მიმართულებით ჰქონდათ უკრაინელებს წარმატება, როცა გავიდნენ დნეპრზე და გაასწორეს ხაზი, მაშინ მათ მოიპოვეს ეს სტრატეგიული ინიციატივა, მაგრამ მას შემდეგ უკრაინელებს უკვე ეს სტრატეგიული ინიციატივა აღარ აქვთ. ეგ ინიციატივა დაიკარგა მაშინ, რადგან ეტყობა, მეტი რესურსი აღარ ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ.

რუსეთი კი, ამდენი ხანი ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის.

  • რუსები რომ ერთ ადგილს ტკეპნიან, ეს რამდენად ზრდის უკრაინელების მხარეს წარმატებული კონტრშეტევის შესაძლებლობას? 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს არ აქვთ შეტევის რესურსი.

რუსებს შესაძლოა არ აქვთ შეტევის რესურსი, მაგრამ შეიძლება ჰქონდეთ თავდაცვის რესურსი. თავდაცვას უფრო ნაკლები რესურსი სჭირდება, ვიდრე შეტევას.

  • უკრაინაში უკვე გააგზავნეს აშშ-დან Bradley-ის ტიპის 60 ჯავშანტრანსპორტიორი. რა სახის ჯავშანტრანსპორტიორია Bradley? თქვენ რას გვეტყვით, რამდენად გაზრდის ეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს? 

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის სამხედრო შესაძლებლობას, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ გარდატეხის შეტანა შეძლოს უკრაინამ.

60 და 80 და 100 – ეს რაოდენობა გარდატეხას ვერ შეიტანს ომში. თავად ეს ჯავშანმანქანა გამოცდილია რუსულ ტანკებთან ბრძოლაში, დაწყებული ერაყის ომიდან – იქაც რუსული ტანკების წინააღმდეგ „ბრედლი“ იბრძოდა და ის საკმაოდ წარმატებული იყო. ამ ჯავშანმანქანებს აქვთ კომპლექტში ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ეფექტური იყო ერაყის პირველ და მეორე კამპანიაში.

  • ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონი კვლავაც რჩება დონბასის გარეთ, ყველაზე მძიმე მუდმივი დაბომბვების სამიზნედ.  

მარტო ხერსონი არაა სამიზნე, თუმცა ხერსონი ახლოსაა და არ სჭირდებათ რაკეტები, არტილერიიდან შეიძლება ხერსონზე თავდასხმა, მაგალითად, ლვოვს კი, არტილერიით ვერ მიწვდებიან. შესაძლოა, რუსეთს რაკეტები ნაკლები აქვს და ეს ჩანდეს.

  • რამდენიმე დღის წინ ირანში იარაღის ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. თქვენი ინფორმაციით, რამდენად შეაფერხებს ეს ამბავი ირანიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდების კუთხით?

ძალიან მცირეა  ინფორმაცია, თუ რა ზიანი მიადგა რეალურად ამ ქარხანას, რას აწარმოებდნენ და ასე შემდეგ. რუსები აპირებდნენ ამ ირანული დრონების წარმოების გადატანას რუსეთში. თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა წარმოებას, რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს, თუმცა ისედაც დრონების გამოყენების აქტიურობა ბოლო დროს ნაკლებია. არ ვიცი, ეს რითაა გამოწვეული. შესაძლოა, რუსებს დრონები მართლაც აღარ აქვთ, ან უკრაინელებმა ტაქტიკა და საშუალებები გააუმჯობესეს დრონებთან ბრძოლის.

ახლა უფრო სარაკეტო დარტყმებია, იყენებენ С-300-ის რაკეტებს, რაც საჰაერო თავდაცვის კომპლექსია, მას შეუძლია სახმელეთო მიზნების დაზიანება, მაგრამ ისეთი ეფექტური არ არის, როგორც თვითმფრინავების წინააღმდეგ. მისი ძირითადი დანიშნულება არ არის სახმელეთო მიზანი. ამას რომ იყენებენ, ამითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ იგივე „ისკანდერი“ და „კალიბრი“ ნაკლებად აქვთ. რუსები იყენებენ იმას, რაც ბევრი აქვთ.

ეს С-300 უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლების შეიარაღებაა და იმის მერე აგროვებენ და აგროვებენ.

ამავე დროს, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს მცირე აქტივობები ბახმუტის და დონეცკის ფონზე, შესაძლოა, ერთგვარი ფანდი იყოს დროის მოსაგებად. შესაძლოა, რესურსებს უყრიდეს ფარულად რუსეთი თავს და მერე უცებ შეიძლება რამე მოხდეს.

  • რა შეიძლება, რომ უცებ მოხდეს?

დღეს ძალიან ძნელია, რომ რესურსების მობილიზება გამოაპარო დაზვერვას, მაგრამ შეიძლება, უცებ, რამდენიმე დღეში მოხდეს ამ რესურსების თავმოყრა.

ომი ხომ არაა ჭადრაკის დაფა, რომ აი, ფიგურა გადასვა და საპასუხოდ მზად იყო. ომში ვინ როგორ დაასწრებს, ამაზეცაა. გამორიცხული არაა, რომ რუსეთი ამზადებდეს რამეს და ამას არ ამჟღავნებდეს.

არცერთ მხარეს ჯერ არ უთქვამს, რომ დიდი თავმოყრაა რესურსების რომელიმე მიმართულებაზე, მაგრამ მაინც.

  • რუსეთის მიმართ ექსპერტების ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ ნაწილობრივ მობილიზაციას ის ხელახლა გამოაცხადებს. 

დიდი ხანია უკვე ჩანს, რომ რუსეთი მიმართავს სარაკეტო თავდასხმებს, რაც არის რეალურად გრავიტაციის ცენტრზე შეტევა. გრავიტაციის ცენტრი ამ შემთხვევაში არის უკრაინელი ხალხის სურვილი, იომოს ბოლომდე.

რუსები ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნით გარდატეხონ ხალხის სურვილი. მერე შიგნით გაჩნდება მოთხოვნა: მოდი, დავზავდეთ, მოვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ეს არის ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზეც იერიშის მიზანიც.

მეორეა, რომ რუსეთმა შეიძლება თავი მოუყაროს დამრტყმელ დაჯგუფებას და სცადოს განახორციელოს შეზღუდული მიზანი, რაც აქვს, რომ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს.

  • მიგაჩნიათ, რომ დონეცკის გარდა, სხვა მიმართულებით იერიშზე აღარ ფიქრობს რუსეთი? 

აქამდეც ვერ მისულა და ამ ეტაპზე, არა მგონია, მეტი მიზანი ჰქონდეს. დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა არ არის პატარა ამოცანა. ამ ეტაპზე ამოცანად ეს აქვთ დასახული, როგორც თვითონ იძახიან, ცხადია, ომის დაწყების პირველი ეტაპისგან განსხვავებით.

რუსებს აქვთ გათვლა შიდა აუდიტორიაზეც, რომ აი, დასავლეთი ვერ აწვდის საკმარის აღჭურვილობას უკრაინას, ცოტაც მივაწვეთ. ცოტაც და მოვიგებთ. ობიექტურად კი, დასავლეთს რაც შეუძლია, იმას აწვდის უკრაინას. ობიექტურად რთულია ყველაფრის გაკეთება, რადგან ლოჯისტიკური ამოცანების გადაჭრის გარეშე აზრი არც აქვს აღჭურვილობის მიწოდებას.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ: როცა უცხოური ავტომანქანები ნაკლები იყო აქ, „მერსედესის“ რემონტისთვის ხალხი დადიოდა ერევანში, იქ ჰქონდათ რაღაც ცენტრები. თუ არ გაქვს აწყობილი ლოჯისტიკა და ერთი დაზიანების გამო მრავალმილიონიანი ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან, რა აზრი აქვს ასეთ მიწოდებას? შეიძლება ყველაფერი არ იყოს უკრაინაში, მაგრამ ახლოს უნდა იყოს. ხომ არ შეიძლება დონეცკში დაზიანებული ტანკი წაიყვანო გერმანიაში?

უკრაინას სჭირდება სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომ  ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურა დაიცვას და, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინა ამ გზით შეინარჩუნებს მუხტს, რომ ბრძოლა შესაძლებელია და საჭირო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: