მერიის ყველა მოთხოვნა K2-ის გაზრდაზე საკრებულომ დაამტკიცა

შპს „სმარტ დეველოპმენტი“ ბათუმში, ადლიის დასახლება „მინდაში“, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 9 745 კვ.მეტრია და კერძო სახლებით განაშენიანებულ ტერიტორიაზეა.

კომპანია კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს, სანაცვლოდ მერიას ნამატი ფართობის 5 პროცენტს ან იმავე ფართობის საბაზრო ღირებულების თანხას, ან სხვა ტერიტორიაზე ფართობების გადაცემას სთავაზობს.

გასულ კვირას საკრებულომ ამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა ისე, რომ დაზუსტებით ვერ გავიგეთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან კონკრეტულად რაზე შეუთანხმდა კომპანია მერიას. არადა ამ საკითხით საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძეც დაინტერესდა.

მერიის ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის, მამუკა რამიშვილის ინფორმაციით, კომპანია მერიას  კომპენსაციის სახით იმავე უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობას და ნამატი ფართობის ხუთი პროცენტის გადაცემასაც სთავაზობს.

პროექტი სამი ბლოკისგან შედგება და გენგეგმის მიხედვით 10, 12 და 16-სართულიან შენობებს ითვალისწინებს. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ნებართვის გაცემისას ან შემდეგ ცვლილებით შენობების სიმაღლე შეიძლება გაიზარდოს.

შპს „სმარტ დეველოპმენტის“ 51 პროცენტი გოჩა ქობულაძის საკუთრებაა, კომპანიის 49 პროცენტს კი რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი იაკოვენკო ფლობს.

იმავე სხდომაზე ზღვასთან ახლოს დაგეგმილი კიდევ ერთი სამშენებლო პროექტის კონცეფცია განიხილეს. თამარის დასახლებაში შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანია კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს, შესაბამისად, მას კვარტლის განაშენიანების გეგმის მომზადებაც მოუწევს.

ბათუმი , თამარ მეფის გამზირი 62ა

შპს „გრინ ქეიფ რეზიდენსს“ ჯემალ ირემაძე ფლობს.

საკრებულომ კიდევ ერთი პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. კერძოდ, ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან, ბაგრატიონის #135-ში შპს „ჯი. არ. აი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კოეფიციენტის გაზრდას ეს კომპანიაც ითხოვს 7.0-მდე. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 7 727 კვ.მეტრია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია აპირებს გაზრდილი კოეფიციენტით მიღებული ფართობის 10 % მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდს გადასცეს. ეს ქალაქისთვის კანონით დადგენილი ერთგვარი კომპენსაციაა: კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია სხვაობით მიღებული ფართობის 10 პროცენტი, ბინების სახით, მერიას გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდა კომპანიას საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ზონაში დადგენილზე მაღალი შენობა ააშენოს. შესაბამისად, მეტი ფართობი და მეტი სარგებელი მიიღოს.

სხდომებზე დამტკიცებული საკითხების მიხედვით, საკრებულომ დაამტკიცა ყველა ინიციატივა, რომელიც მერიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით წარადგინა.

ამით მომავალში მერიასთან ერთად საკრებულოც პირდაპირ იღებს პასუხისმგებლობას ქალაქის განაშენიანებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

გამოწვევები კი ბევრია:

ქაოსური განაშენიანება, არასაკმარისი პარკინგი და გამწვანება. კორპუსები მხოლოდ მცირე ზომის  ეზოებით, ან პროექტები ეზოების გარეშე და ასე შემდეგ.

ოპოზიცია მსგავს გადაწყვეტილებებს ძირითადად არ ეთანხმება.

გასულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ მერიის ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსს ჰკითხა, რისთვის არის დადგენილი კ2 კოეფიციენტი კონკრეტულ ზონაში.

მომხსენებელმა მას განუმარტა და კანონით დადგენილ რეგულაციებზე მიუთითა. საკრებულოს წევრის კითხვა რიტორიკული იყო, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმის ჩვენება სურდა, თუ როგორ აქცია მერიამ ტენდენციად ის, რაც გამონაკლისი უნდა იყოს.

კანონი კონკრეტულ ზონაში კონკრეტულ კოეფიციენტს ადგენს და იქვე აწესებს გამონაკლის შემთხვევებს, როცა კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობას უშვებს.

კანონის მიხედვით, განაშენიანების უკვე დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის  გადამეტება შესაძლებელია განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით.

ეს შეიძლება იყოს ქალაქთმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები.

მაგალითად, ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება, თუ ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები, არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას.

ქართულის ერთადერთი გრიფირებული წიგნი I კლასში – რატომ არ მისცეს პედაგოგებს არჩევანი

განათლების სამინისტრომ პირველ კლასში შესატანი ქართული ენის სახელმძღვანელოების რამდენიმე ვარიანტიდან გრიფი მხოლოდ ერთს მიანიჭა.

როგორც მასწავლებლები ამბობენ, გრიფირებაზე ცხრამდე სახელმძღვანელო იყო წარდგენილი, თუმცა სამინისტრომ მასწავლებლებს არჩევანის საშუალება არ მისცა.

გრიფირებულ სახელმძღვანელოს ოთხი ავტორი ჰყავს – როდონაია, მირიანაშვილი, ვაშაკიძე და ხაჭაპურიძე.

რა შეთავაზებები ჰქონდათ მანამდე სკოლებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გორის №8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს, ელენე ბეთლემიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ელენე, თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის მისაღებია თუ არა ის ფაქტი, რომ სამინისტრო ფაქტობრივად არ უტოვებს სკოლებს არჩევანს და მხოლოდ ერთ სახელმძღვანელოს სთავაზობს?

ცხადია, როცა სხვადასხვა ავტორს გაცნობენ და აზრს გეკითხებიან, შემდეგ გიჩნდება მოლოდინი, რომ მინიმუმ ორი არჩევანი მაინც გექნება. ახლა კი ფაქტის წინაშე დავდექით, მხოლოდ ერთ წიგნს მიანიჭეს გრიფირება, მაშინ როცა 9 სახელმძღვანელოს ვერსია იყო წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია, უკმაყოფილებას იწვევს.

როცა გაგვაცნეს სკოლებში სახელმძღვანელოები, ჩვენც გამოვთქვით მოსაზრებები, კოლეგებთან ერთად გადავავლეთ თვალი, რამდენიმე მოგვეწონა კიდეც, ვგულშემატკივრობდი ამ წიგნებს და ასეთ დროს, გვაქვს ხოლმე მოლოდინი, რომ რაღაც არჩევანის შესაძლებლობას მოგვცემდნენ.

ქართული ენის ერთი სახელმძღვანელო იქნება სექტემბრიდან პირველ კლასში და ასეთ დროს შესაძლოა გაგიჩნდეს პროტესტის გრძნობა – „რატომ მახვევ თავს“. თან წიგნი განსხვავებული მეთოდოლოგიისაა, რომელსაც შესაძლოა ბევრი მასწავლებელი არ იცნობს და არ იყენებს.

  • რა მეთოდოლოგიაზეა საუბარი?

კონკრეტულ წიგნზე რომ ვისაუბრო რაღაც უარყოფით კონტექსტში, ესეც არ მინდა, ბევრი წავიკითხე ამ მეთოდოლოგიაზე, მაგრამ მე წლებია, კითხვის სწავლების დროს ვიყენებ ენობრივი მთლიანობის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ კითხვის სწავლების პროცესშივე ვიწყებთ პატარა ამბების წაკითხვას.

ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი პირდაპირ იწყებს ტექსტების კითხვას, ეს ნიშნავს, რომ ტექსტზე დაფუძნებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის სახალისო ამბების წაკითხვით ვიწყებთ ასოებზე კონცენტრირებას და ასე სწავლობენ ჩემს კლასში ბავშვები კითხვას.

ასევე აქტიურად ვიყენებდი და ახლაც ვიყენებ „ჯიპრაიდის“ [დაწყებითი განათლების პროექტი G-PriEd] საანბანო წიგნებს, რომლებიც ძალიან მოსწონთ და უყვართ ბავშვებს.

როდონაიას წიგნს რომ გადავხედე, ესენი ამბობენ, რომ ასოს წერა ბადეში იწყება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ასოების ამოცნობას და წაკითხვას ისწავლიან ბავშვები. შესაძლოა ამას ჰქონდეს დადებითი მხარეები, მე უბრალოდ ვერ ვიტყვი ამაზე გადაჭრით, რადგან არ მაქვს მტკიცებულება, რაც ჩემს პრაქტიკას შეიძლება ეფუძნებოდეს და უბრალოდ მაშინებს ის, რომ ეს არ იყოს ხელოვნურად შეზღუდვა მოსწავლეების.

რეალურად, დღეს მოსწავლეები საკლასო ოთახში სხვადასხვა მზაობით მოდიან, თუმცა სხვადასხვა ქალაქში და კუთხეში შესაძლოა განსხვავებული იყოს ეს. მოსწავლეების ნაწილმა, შესაძლოა, უკვე იცოდეს კითხვა, ნაწილმა კი – მხოლოდ წერის ელემენტები.

  • თუ თქვენ, პედაგოგებს, პრაქტიკაში გაქვთ უკვე გამოცდილი მეთოდები, რომელიც ამართლებს და უკეთეს შედეგზეა ორიენტირებული, მაშინ, თქვენი აზრით, რა საჭირო იყო იმ მეთოდოლოგიის შემოტანა, რასაც ეს სახელმძღვანელო გთავაზობთ?

რადგან განათლების სამინისტრო ამბობს, რომ წიგნი არის ერთ-ერთი რესურსი და არა ერთადერთი, ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გვექნება შემოქმედების შესაძლებლობა და გამოვიყენებთ იმ მეთოდებს, რაც ჩვენს საკლასო ოთახში იქნება აქტუალური და საინტერესო.

  • ალბათ გახსოვთ, განათლების წინა მინისტრი იმეორებდა, რომ სკოლებში „დედა-ენა დააბრუნებს“. იყენებს ვინმე „დედა ენას“?

კი, არიან მასწავლებლები, ვინც იყენებს „დედა ენასაც“, თუმცა ყველა არა, რადგან მიიჩნევენ, რომ „დედა ენას“ რთული ლექსიკა აქვს და წვალება უწევთ. ეს ლექსიკური ერთეულები არ არის ავთენტური ამ ასაკის და ამ დროის ბავშვებისთვის. დღეს უკვე სხვა ლექსიკური მარაგით მოდიან ბავშვები და სხვა სიტყვებია ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული.

ამიტომ უჭირთ, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ იყოს ერთადერთი.

მე პირადად ვიყენებ kargiskola.ge-ზე განთავსებულ მასალებს და როგორც ვთქვი, ძალიან მოგვწონს „ჯიპრაიდის“ პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები, რომელსაც ანბანის სწავლების პროცესში ვიყენებ. ყველა ტექსტს ჰყავს პერსონაჟი, ყველა ტექსტში ჩანს პრობლემა, მისი გადაჭრის გზები და ამიტომ გრძელვადიან მიზნებზე როდესაც ვსაუბრობთ და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექსტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეს უნდა შეეძლოს გაიგოს, ვთქვათ, როგორი ჟანრები არსებობს, როგორ უნდა ამოიკითხოს ტექსტიდან პრობლემა, როგორ ისაუბროს პერსონაჟზე და ასე შემდეგ.

  • „ჯიპრაიდის“ პროექტზე ბევრი პედაგოგი საუბრობს, ბევრს მოსწონს ეს მეთოდოლოგია და ამ მეთოდის განვითარება რატომ არ ხდება სკოლებში?

როცა ეს პროექტი ხორციელდებოდა, 500 სკოლაში მოვიდა მატერიალური რესურსი, ეს ძალიან კარგი იყო, თუმცა შემდეგ რატომ არ ჰქონდა ამას განვითარება, ვერ გეტყვით.

ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ესა თუ ის ინოვაციები საკლასო ოთახში წამოვიწყოთ, გავიჩინოთ მხარდამჭერი კოლეგები და მოვსინჯოთ, განვახორციელოთ, დავაკვირდეთ, შევაფასოთ.

  • საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ქართველ ბავშვებს უჭირთ კითხვაც და წაკითხულის გააზრებაც, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ მეთოდზე და რესურსებზე საუბარი. ხელს რა უშლის ამ პრობლემის დაძლევას, თქვენი აზრით?

არ არის იოლი ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა.

ეს შეიძლება იყოს ის, რომ ვთქვათ სასწავლო პროცესში შესაძლოა აღმოაჩინო, რომ ბავშვმა წიგნის კონცეპტიც კი არ იცის. მაგალითად არ იცის რა არის ყდა, რა არის სათაური, როგორ გადავშალოთ წიგნი, საიდან საით იშლება, ასეთი მარტივი რამეებიც კი. ეს ხომ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ვთქვათ, არ მოუსმენიათ უფროსისგან, არ წაუკითხეს სკოლამდელ ასაკში, არადა სკოლამდელი ასაკიდანვე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ხომ?!

შემდეგ კი, როცა სკოლაში იწყებენ სიარულს, აქაც ბავშვებს სჭირდებათ მხარდამჭერი გარემო, მოდელი სჭირდებათ, ვინც კითხულობს, ვინც უკითხავს მათ წიგნებს.

მასწავლებლებს კი გვაკლია შიდა კოორდინირებული მუშაობაც.

  • კოორდინირებული მუშაობა რა მიმართულებით?

თუ მე, მაგალითად, ვიყენებ სიტყვის სტრატეგიებს, სხვადასხვა გრაფიკულ მაორგანიზებლებს, ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაო სქემებსა და მეთოდებს მეოთხე კლასის ჩათვლით, შემდეგ უკვე ამ მეთოდების გამოყენება აღარ ხდება მაღალ კლასებში და შესაძლოა, ესეც იყოს პრობლემა. ვფიქრობ, ამ საკითხში გვჭირდება მასწავლებლებს თანამშრომლობა ერთმანეთთან, რომ სხვა პედაგოგებმაც გაააქტიურონ ეს სტრატეგიები მაღალ კლასებში, ნებისმიერ საგანში.

საბოლოო ჯამში, თუ სკოლებში გვყავს პროფესიონალი კადრები, მათთვის შესაძლოა ერთი წიგნიც არ იყოს დიდი პრობლემა და სადარდებელი, რადგან მათ აქვთ თავიანთ პრაქტიკაში გამოცდილი სტრატეგიები და კიდევ სხვა, უამრავ მეთოდს იყენებენ კითხვის სწავლებისას.

კონკრეტულად ჩემთვისაც არ არის პრობლემა ერთი სახელმძღვანელო, მაგრამ მარტო ჩემით არ განისაზღვრება, ხომ?!

  • როგორც ვიცი, მათემატიკასაც ასწავლით პირველკლასელებს. ამ სახელმძღვანელოებთან მიმართებაში რა ვითარებაა, თუ მოგწონთ მათემატიკა ან ბუნება?

სხვათა შორის, ოთხი წლის წინ, როდესაც გრიფის მინიჭების პროცესში ვნახე გერმანელი ავტორის მათემატიკის სახელმძღვანელო, ძალიან მომეწონა. ელექტრონული ვერსიები იყო და მიუხედავად იმისა, რომ გრიფი არ მიანიჭეს მაშინ, გადავწყვიტე ამომებეჭდა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს წიგნი. იმდენი თამაში, იმდენი მოდელი იყო წარმოდგენილი ამ წიგნში, ინტუიციამ მიკარნახა, რომ ძალიან კარგი სამუშაო წიგნი იქნებოდა.

წელს მიანიჭეს გრიფი და კარგია. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ ეს სახელმძღვანელო, რადგან ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც ძალიან მრავალფეროვანია.

  • ქართული ენის სახელმძღვანელოებში იყო ისეთი, რომელსაც ელოდებოდით ან უფრო მეტად მოგწონდათ ვიდრე გრიფირებული წიგნი?

კი, იყო სხვათა შორის და არაერთი. ვფიქრობდი, როგორი საინტერესო და განსხვავებულია-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, აქედან არცერთ არ მიანიჭეს გრიფი.

ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

„ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია,  არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე,“ – მიიჩნევს იურისტი ანა თავხელიძე. ის განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოძალადესთან, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

„ბათუმელები“ გუშინ, 29 ივნისს, წერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ 12 წლის გოგოზე მოძალადე კაცს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, მოსამართლე ციცინო მოსიძემ კი, ეს შეთანხმება დაამტკიცა: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულს ჩაუთვალეს პირობით. ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელი არ მოუხდია.

„ბათუმელებმა“ ანა თავხელიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტია:

  • ქალბატონო ანა, მთავარი არგუმენტები გვითხარით: რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმება, როცა საქმე ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ეხება? 

საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ საშეღავათო ღონისძიებას იყენებენ. თუ სასამართლო იმსჯელებს და შედგება საქმის არსებითი განხილვა, გაცილებით მკაცრი იქნება სასჯელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რაც ეხება 12 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობას, სასამართლო, არსებითი განხილვის შემთხვევაში, დაადგენდა სექსუალურ ძალადობას და სასჯელი იქნებოდა მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის შემსუბუქება ავტომატურად გულისხმობს წახალისებას. არსებობს პოლიტიკა, როცა შესაძლებელია სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე მოძალადეებმა პასუხისმგებლობას თავი დააღწიონ. ხშირია პრაქტიკაც, როდესაც სექსუალურ კავშირს ამყარებენ 16 წლამდე ასაკის ბავშვთან, შემდეგ კი, სასჯელს რომ თავი დააღწიოს მოძალადემ, მიუთითებენ, რომ ფაქტობრივად თანაცხოვრობენ, ოჯახი შეიქმნა და საპროცესო შეთანხმებით სრულდება ამ საქმის განხილვა.

პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა იყოს მკაცრი – ბავშვებს, რომლებზეც ძალადობენ, ფიზიკური და მორალური ზიანი ადგებათ, მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა, რომ შედეგები, რისკები გაითვალისწინონ. დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, მათ არ ასწავლიან სექსუალურ განათლებას და ეს საკითხები არ იციან. არ იცის მოზარდმა, მაგალითად, არასასურველი ორსულობა როგორ უნდა აიცილოს, საკუთარი ჯანმრთელობა როგორ დაიცვას.

  • ხომ არ შეიძლება აქ არგუმენტი იყოს ის, რომ მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაინახა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგებოდა არსებითი განხილვის შემთხვევაში? 

თუ მოსამართლე ხედავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ მან არ უნდა დაამტკიცოს ასეთი საპროცესო შეთანხმება. თუ ხედავს მოსამართლე, რომ მაღალია გამამართლებელი განაჩენის მიღების ალბათობა, მაშინაც მან არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება.

  • ფეისბუქპოსტში წერდით, რომ, ფაქტობრივად, ბავშვზე მოძალადეს სასჯელი აარიდეს. თანაბრად იკვეთება ამ შემთხვევაში როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს პასუხისმგებლობა? 

დიახ, ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია, რომ არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

მოსამართლეს არ აქვს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ვალდებულება, ამავდროულად, მოსამართლეს შეუძლია შეთანხმების პირობების შეცვლაც მოითხოვოს. მოსამართლემ შეიძლება უთხრას მხარეებს, რომ კონკრეტული პირობებით შეძლებს დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. ამ დროს მოსამართლე სთხოვს მხარეებს, შეთანხმდნენ ახალ პირობებზე. 12 წლის ბავშვის საქმეზეც შეიძლებოდა მოსამართლეს მინიმუმ ეთქვა, რომ 4-წლიანი პირობითი სასჯელი არ არის ადეკვატური სასჯელი და მოთხოვნა შესაძლოა ყოფილიყო რეალურ სასჯელზე, ანუ როცა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდის სასჯელს მოძალადე.

  • თუმცა რეალური სასჯელი გააუარესებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას. 

დღევანდელი მოცემულობით, რეალურად ამ საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში, მინიმალური სასჯელი იქნებოდა 7 წელი. შუალედი რეალურად ძალიან დიდია – 4 წლით პირობით სასჯელსა და 7 წელი რეალური თავისუფლების აღკვეთას შორის.

  • უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ტერმინი „გაუპატიურება“. თქვენი დამოკიდებულება როგორია? 

გაუპატიურების დეფინიცია ჩვენს კანონმდებლობაში არის ხარვეზიანი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, მათ შორის, „სტამბოლის კონვენციას“, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც ამბობს, რომ გაუპატიურება არის სექსუალური ხასიათის ქმედება პირის თანხმობის გარეშე, ჩვენთან კი, თანხმობა არ არის დანაშაულის შემადგენელი ნაწილი.

ჩვენ კანონმდებლობაში გაუპატიურების შემადგენელი ნაწილია: ძალადობა, ძალადობის მუქარა და უმწეო მდგომარეობის გამოყენება. ეს სამი გარემოება კი, საერთაშორისო კანონმდებლობით არის გაუპატიურების დამამძიმებელი გარემოება და არა მაკვალიფიცირებელი. ჩვენს პრაქტიკაში სასამართლო ითხოვს, რომ გაუპატიურების დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გამოყენებას, ფიზიკური დაზიანებები იყო თუ არა, მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა თუ არა, ან შშმ პირია და იყო უმწეო მდგომარეობაში. გაუპატიურების მთელი რიგი შემთხვევებია, როცა თანხმობა არ გაუცია მსხვერპლს, მაგრამ სასამართლოს უმეტესად გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, 16 წლიდან არის შესაძლებელი თანხმობის ასაკი სექსუალურ ურთიერთობაზე. კანონი ამბობს, რომ 16 წლამდე ბავშვის თანხმობა ვალიდური არ არის, მით უმეტეს, როდესაც 12 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ აცნობიერებდეს, რა არის ამ ქმედების შედეგი.

ამას სამართლებრივად ჰქვია ნების დამთრგუნველი გარემოება. ფორმალურადაც არ უნდა ჩაითვალოს, რომ თანხმობა გაცემულია და მსგავსი შემთხვევები უნდა გავუტოლოთ გაუპატიურების შემთხვევებს. კანონი რომ შეიცვალოს და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ გაუპატიურება არის სექსუალური კავშირი პირის თანხმობის გარეშე.

არსებობს ნების დამთრგუნველი გარემოებები. რთულია გადაჭრით თქმა, თუმცა მსგავსი შემთხვევები უმეტესად უნდა ჩაითვალოს გაუპატიურებად. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა სახელმწიფო დაამტკიცებს იმას, რომ მოზარდს გაცნობიერებული ჰქონდა სქესობრივი კავშირი, შედეგი და რისკები, აქვს კარგი სექსუალური განათლება. გასათვალისწინებელია ასევე ასაკობრივი სხვაობა მსხვერპლსა და მოძალადეს შორის. ჩვენ შემთხვევაში კი, როცა მინიმალური სექსუალური განათლებაც არ აქვთ ბავშვებს, უმეტესწილად სახეზე გვაქვს ნების დამთრგუნველი გარემოება.

  • რატომ არ იყო ამ დრომდე საკანონმდებლო ინიციატივები, რომ შეიცვალოს, მაგალითად, გაუპატიურების დეფინიცია? 

ბევრჯერ იყო ამ კუთხით ინიციატივა, რომ შეიცვალოს კანონი, არაერთგზის ვიყავით ჩართულები სამუშაო ჯგუფებში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. 2020 წლის დასაწყისში, მაგალითად, დეტალურად გავიარეთ, რა სახის ცვლილებები იყო საჭირო, თუმცა ამ ცვლილების საპარლამენტო განხილვაზეც კი 4-ჯერ თქვეს უარი. საფუძვლიანი განხილვა არ ყოფილა.

  • გაუპატიურების მუხლი რომ შეცვლილი იყოს უკვე და „12 წლის გოგოს საქმეზე“ ბრალდებული გაუპატიურების მუხლით გაესამართლებინათ, საპროცესო შეთანხმება შესაძლოა მაინც შემდგარიყო?

კი, ეს შესაძლებელია, თუმცა პრობლემაა ის, რომ ქმედებას მინიმუმ სწორი სახელი არ ჰქვია, მით უმეტეს, როცა 12 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ.

ქობულეთშიც, როცა „14 წლის ნინის საქმეზე“ ვმუშაობდით, ვდავობდით, რომ ამ ქმედებისთვის გაუპატიურების შეფასება მიეცათ. იქაც იყო სსკ-ის 140-ე მუხლი. ბავშვი ამბობდა, იმიტომ დავთანხმდი სექსუალური ურთიერთობას, რომ დამპირდა დაქორწინებას, ასევე ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ეს კი გამორიცხავს გაცნობიერებულ თანხმობას.

მე ვიყენებ მსგავს შემთხვევებზე საუბრის დროს ზოგად ტერმინს: „სექსუალური ძალადობა“ , ეს მოიაზრებს გაუპატიურებას და სექსუალური კავშირის სხვა ფორმით იძულებასაც.

  • პროკურატურამ დაარღვია კანონი „12 წლის გოგოს საქმეზე“ ბრალდების აღწერის დროსაც, როცა ჩაწერა „ნებაყოფლობით“? 

არ უნდა დაეწერა პროკურატურას ეს სიტყვა „ნებაყოფლობითი“, მაგრამ ის მიყვება არსებულ კანონს, არ აღიარებს, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობა, ამიტომაც იყენებს ამ ტერმინს „ნებაყოფლობითი“.

რეალურად ამ ფორმულირებით ცდილობენ პასუხისმგებლობა გადაანაწილონ ბავშვზეც. როგორ შეიძლება, 12 წლის ბავშვზე პასუხისმგებლობა გადაანაწილო, რომ შენც თანახმა იყავი და ზიანი თუ მოგადგა, ეს შენი პასუხისმგებლობაცაა? ეს პროკურორის და მოსამართლის პოზიცია გამოდის ამ საქმეში.

პრობლემაა ისიც, რომ ეს ერთჯერადი ფაქტი არ იყო, რამდენჯერმე იყო და ეს კიდევ ცალკე დამამძიმებელი გარემოებაა.

  • როგორია დასავლური პრაქტიკა მსგავს საქმეებზე, მაგალითად, შეიძლება საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს პედოფილიის შემთხვევებზე? 

ზუსტად არ ვიცნობ ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკას, რაც ჩვენთვის რელევანტური იქნებოდა, მაგრამ მაგალითად, მოლდოვის წინააღმდეგ იყო ერთი საქმე, რომელიც გაუპატიურებას ეხებოდა, იქ სასჯელის სახედ გამოიყენეს თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ შემდეგ მსჯავრდებული ამნისტიით გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე E.G. v. Republic of Moldova (application no. 37882/13) განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევის შემთხვევებში, დამნაშავისთვის სასჯელის არიდება ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებს. ევროპული სასამართლო სექსუალურ ძალადობას სწორედ ამგვარ დარღვევად მიიჩნევს.

ჩვენს შემთხვევაში კი, განსხვავება 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და 4 წლით პირობით მსჯავრს შორის, ფაქტობრივად, ეს უტოლდება სასჯელისგან გათავისუფლებას. სასჯელი უნდა იყოს პროპორციული და ეფექტური. პირობითი მსჯავრი კი, ვერ იქნება პროპორციული და ეფექტური.

  • რა პრობლემა გამოჩნდა ყველაზე მწვავედ „12 წლის გოგოს საქმით“? 

ეს არის ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წახალისება, როდესაც კულტურულ-ტრადიციული გავლენების ქვეშ ექცევა მართლმსაჯულების სისტემა, როცა ხელს უწყობს პროკურატურა ადრეულ ასაკში თანაცხოვრების შესაძლებლობას.

ეს არის ბავშვების მიმართ მიყენებული ზიანის უგულებელყოფა.

უმეტეს შემთხვევებში, როცა ამ მუხლით გაუფორმებიათ საპროცესო შეთანხმება, არგუმენტი იყო ფაქტობრივი თანაცხოვრება არასრულწლოვანთან, რომ უკვე ოჯახად ცხოვრობენ, ან უკვე შვილი ჰყავთ, მაგალითად, 15 წლიდან და სახელმწიფო თვალს ხუჭავს საპროცესო შეთანხმებით.

ჩვენი, საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა, სასამართლო კი, პირიქით, უნდა დადგეს ასეთ დროს სადარაჯოზე, რომ არ დაუშვას მსგავსი შემთხვევები.

ხელვაჩაურს პარკინგი არ აქვს, მაგრამ პარკირების ფასები დაამტკიცეს

ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 28 ივნისიდან ამოქმედდა.

არის თუ არა მონიშნული მუნიციპალიტეტში პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები ან/და განსაზღვრულია თუ არა ის ადგილები, სადაც მერია მომავალში პარკირების ადგილებს მოაწყობს? – ამ კითხვაზე პასუხად ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პარკირების ადგილების მონიშვნა დაგეგმილია და მერიას განსაზღვრული აქვს ის ადგილები, სადაც პარკინგს მოაწყობს.

ამ საქმისთვის [მონიშვნა, სპეციალური ნიშნების განთავსება და სხვ.] ხელვაჩაურის 2023 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

„2024 წლის ბიუჯეტში დაიგეგმება აუცილებლად, თუმცა, რა თანხა იქნება საჭირო, ვერ გიპასუხებთ“, – მოგვწერეს მერიიდან.

მერიას ასევე ვკითხეთ, თუ ხელვაჩაურში პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები არ არსებობს, მაშინ  რა აზრი ჰქონდა ამ წესის სრულად ამოქმედებას გამოქვეყნებისთანავე? – „შევიმუშავეთ კანონმდებლობა, დავამტკიცეთ, მივიღეთ ნორმატიული აქტები და შემდგომში მოეწყობა ადგილებიც“, – მოგვწერეს მერიიდან.

ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურიც დაამტკიცა.

პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურია:

  • 1 დღე – 10 ლარი;
  • 7 დღე – 20 ლარი;
  • 30 დღე – 30 ლარი;
  • 182 დღე – 45 ლარი;
  • 365 დღე – 60 ლარი.

რაც შეეხება ტაქსებისთვის პარკირების ადგილებით [პარკირების სპეციალური ადგილები] სარგებლობის საფასურს, დღეების მიხედვით შეადგენს:

  • 10 დღე – 10 ლარი;
  • 20 დღე – 20 ლარი;
  • 30 დღე – 30 ლარი.

პარკომეტრებით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასური არის:

  • 1 საათამდე პერიოდი – 50 თეთრი;
  • 2 საათამდე პერიოდი – 1 ლარი;
  • ყოველი შემდეგი 1 საათი – 1 ლარი.

სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის პარკირებისთვის [სპეციალური ადგილები]:

  • 1 დღე – 3 ლარი;
  • 30 დღე – 30 ლარი;
  • 182 დღე – 150 ლარი;
  • 365 დღე – 250 ლარი.

„პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდეს ოპერატორის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

მერიის განმარტებით, ხელვაჩაურში პარკირების საფასურის გადახდა ნებისმიერ კომერციულ ბანკში იქნება შესაძლებელი. პარკირების საფასური ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

პარკირების ორგანიზებას და პარკირების საფასურის ამოღებას კი, ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს.


პარკირების საფასურის გადახდა მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე პრობლემაა ბათუმის ტერიტორიაზე.

მერიის „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, საფასურის გადახდა 2023 წლის პირველი ივლისიდან იქნება შესაძლებელი:

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

 

„ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც ღამე დაძინების ეშინია“ – ეკომიგრანტი კაპრეშუმიდან

ხელვაჩაურის სოფელ კაპრეშუმში, სოციალურ სახლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

სოციალური სახლები აქ 2016 და 2021 წლებში აშენდა.

მარინა ქოქოლაძე კაპრეშუმის სოციალურ სახლში უკვე ორი წელია ცხოვრობს. მისი ოჯახი აქ მაჭახლის ხეობიდან გადმოვიდა. სახლით კმაყოფილია, განცხადების დაწერიდან მალევე დააკმაყოფილეს საცხოვრებლით, მასთან ერთად აქ მისი სოფლიდან კიდევ ათზე მეტი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. 

„აქ ჩამოსვლამდე ვცხოვრობდით სოფელ ჩიქუნეთში, მაჭახლის ხეობაში. ქოქოლეთი, პატარა სოფელია.

ქვათაცვენაა ჩვენს სოფელში. სამი ოჯახი ადრე გადმოასახლეს, უკვე ექვსი წელია. ჩვენ – 13 ოჯახი კი 2 წელია რაც აქ ვართ. 

ქვები ცვიოდა ჩვენ სოფელში. დავწერეთ განცხადება, მე დავწერე პირადად და შევიტანე, 13 ოჯახის ხელმოწერით. სწრაფი, მცოცავი ქვათაცვენა დაგვიწერა გეოლოგმა, ამიტომ სასწრაფოდ გაგვასახლეს იქიდან. წამოსული ვართ ყველა” – ამბობს მარინა ქოქოლაძე. 

მარინა ქოქოლაძე

იგი ამბობს, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ გასჭირვებია:

„ჩემთვის [აქ გადმოსვლა] ადვილი იყო, იქაური მეზობლები ვიყავით, თან ფაქტობრივად, ერთმანეთის ნათესავებიც ვართ, ურთიერთობა იქაც კარგი გვქონდა და აქაც ისე ვართ. დავსაქმდი, ვმუშაობ და ვძლებ. 

ძალიან მეცოდებიან ტელევიზორში როცა ვხედავ [სტიქიით დაზარალებულ ხალხს], რა საცოდაობაა, რა საშიშროებაა, როგორც ჩვენ გვეშინოდა…

რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს სოციალური სახლების მშენებლობა. მაგალითად, ჩვენ მთავრობით კმაყოფილები ვართ, იმიტომ, რომ გადმოგვცეს ბინები, მაგრამ მარტო ჩვენზე რომ არ წყდება?  სხვაც ხომ არის გაჭირვებაში? სხვასაც ხომ აქვს შიში, რომ დაწვება, დილით თუ გაუთენდება ღამე?!

უნდა გაგრძელდეს ასეთი სახლების მშენებლობა და უნდა დაეხმარონ ხალს. სოციალური სახლი ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია ხალხისთვის”.

YouTube video player

მას შემდეგ, რაც სოფელში ეკომიგრანტები გადმოვიდნენ, აშენდა და ცენტრში გადმოვიდა საჯარო სკოლაც. ახალი სკოლა შეივსო მოსწავლეებითაც. როგორც სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, მანამდე კაპრეშუმიდან მოსწავლეების ნაწილი ქალაქში მიდიოდა სკოლაში სასწავლებლად, ახლა კი უმეტესობა ადგილობრივ სკოლაში დადის. სკოლის ბაზაზე არსებობს სხვადასხვა კლუბები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა თემებს განიხილავენ, ამზადებენ პრეზენტაციებს და აქტივობებში არიან ჩართულნი.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ანანო ხოზრევანიძეც:

„მე თავდაპირველად ვცხოვრობდი ხელვაჩაურში, სოფელ ვარშალომიძეებში. ჩვენი საცხოვრებელი ადგილი დამეწყრილი იყო. წვიმის შედეგად ჩამოდიოდა მეწყერი და ამიტომაც სახლს გაუჩნდა ბზარები, რის გამოც მოგვიხდა აქ გადმოსახლება.

არ გამჭირვებია აქ შეგუება, რადგან გარემო ძალიან კარგი დამხვდა, სკოლაშიც და სახლშიც” – ამბობს ანანო. 

ანანო ხოზრევანიძე

ბათუმში მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე კაცი დააკავეს

ბათუმში პოლიციამ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე ერთი პირი დააკავა.

ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში.

დაკავებულს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი ფიგურირებს არასრულწლოვანი შშმ გოგონების სექსუალური ძალადობის საქმეშიც.

ინფორმირებული პირის თქმით, ბრალდებულმა სხვა ქალაქიდან, მშობლების თანხმობის გარეშე, მოტყუებით ჩამოიყვანა 16 წელს მიუღწეველი გოგონა, რომელიც დაკავებულის სახლში იმყოფებოდა.

________________

ამ თემაზე:

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

თავსაფარი, როგორც ბარიერი – მუსლიმი ქალების დასაქმება

„როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ დრესკოდით მუშაობას?“, „ექნება ხალხს თქვენი მიმღებლობა?“, „თუ თავსაფარს მოიხდით, მაშინ აგიყვანთ“ – ეს ფრაზები ჯერ კიდევ ესმით სამსახურის მაძიებელ თავსაფრიან მუსლიმ ქალებს საქართველოში დამსაქმებლებისგან.

მუსლიმი ქალები გვიყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე და მიიჩნევენ, რომ დასაქმებისას თავსაფარი აღარ უნდა წარმოადგენდეს გაურკვეველი შიშისა და განსხვავებული ადამიანის მიუღებლობის საფუძველს.

ციცი დავლაძე 22 წლისაა. სტუდენტობის პერიოდში არაერთხელ სცადა მუშაობის დაწყება. ამბობს, რომ თავსაფრის გამო ზოგან პირდაპირ უთხრეს უარი, ზოგან კი აგრძნობინეს, რომ სასურველი კანდიდატი არ არის.

ციცი დავლაძე

„რადგან ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, საბანკო სექტორში მაინტერესებდა მუშაობის დაწყება. როგორც წესი, გასაუბრებაზე სტანდარტულ კითხვებს სვამენ ხოლმე, თუმცა ჩემ შემთხვევაში, ეს სტანდარტული კითხვები შეიცვალა.

მაგალითად, დამსაქმებელმა პირველი კითხვა ასე დამისვა: „ქალბატონო ციცინო, აი, ამ დრესკოდით შეძლებთ მუშაობას? რამდენად ექნება ხალხს თქვენი მიმღებლობა, თუკი ამ პოზიციაზე აგიყვანთ?“ „ამ დრესკოდში“ იგულისხმა ჩემი თავსაფარი“ – ამბობს ციცი.

მისი აზრით, ეს უტაქტო კითხვაა და დამსაქმებლები ასე არ უნდა ლაპარაკობდნენ.

„ვკითხე, თუ რა კავშირი ჰქონდა ჩემს ჩაცმულობას დასაქმებასთან, რადგან მე გონებრივად უნდა მემუშავა, მეაზროვნა და ჩემი ვიზუალი, ვფიქრობ, კავშირში არ იყო ამასთან.

რომ ეკითხა, მაგალითად, „ამ მაგალითის გამოყვანა შეგიძლიათ?“ ან კომუნიკაციის როგორი უნარი მქონდა, ეს რომ შეემოწმებინა, არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ აი, თავსაფარი გაფარიათ და ამიტომ დაგაკნინე და ახლა მიბრძანდი სახლში – ეს დამოკიდებულება იყო გულსატკენი“ – გვეუბნება ციცი.

ამ დიალოგის შემდეგ ციცის დამსაქმებელი აღარ დაჰკავშირებია. იმ ადგილას სხვა დასაქმდა. „არადა, ორივე ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით და ერთნაირი კომპეტენციები გვქონდა“ – ამბობს ციცი.

სამსახურის ძიების მეორე მცდელობაც უშედეგო გამოდგა. ციცის მოტივაცია შემცირდა, მაგრამ მოგვიანებით, მაინც შეეცადა ძალების მოკრებას.

„პირველი გასაუბრების დროს CV-ზე ჩემი ფოტო არ მქონდა მიმაგრებული, მეორე შემთხვევაში კი მივამაგრე, რადგან ფოტოზე ჩანდა, რომ თავსაფარს ვატარებ. მაინც დამირეკეს გასაუბრებაზე. რაღაც იმედი გამიჩნდა. ვიფიქრე, რომ ამას აღარ მიაქცევდნენ ყურადღებას, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

ჩემს კონკურენტს საერთოდ არ ჰქონდა გამოცდილება, თუმცა მას ბევრი კითხვა დაუსვეს. მე კი მხოლოდ ერთადერთი – რატომ გინდა ბანკში მუშაობა? ეს იყო და ეს. სხვა არაფერი უკითხავთ.

დაგიკავშირდებითო  – მითხრეს, თუმცა არც ამჯერად დამკავშირებიან.“ – ამბობს ციცი.

მისი თქმით, სიტყვიერად რომც არ გითხრან, რომ თავსაფარია პრობლემა, სხეულის ენა, მანერა, მიმიკა გეუბნება, თუ რას ფიქრობს ადამიანი შენზე. „და ეს იგრძნობოდა ჩემ მიმართაც. თუმცა ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა პირდაპირ მითხრეს – მოიხსენი თავსაფარი და დაგასაქმებ“.

ციცის აზრით, ზოგიერთ დამსაქმებელს გაუაზრებელი შიში აქვს, რადგან ფიქრობენ, რომ თავსაფრიან მუსლიმ ქალებს საზოგადოება არ მიიღებს და ეს მათ ბიზნესს შეუქმნის საფრთხეს, თუმცა ამის არც კვლევა არსებობს და არც პრეცედენტი.

„ამ იმედგაცრუებების მიუხედავად, ისევ ჩავაბარე ფინანსურ სერვისებზე და პრაქტიკას გავდივარ ბანკში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტთა სტაჟირებაზე მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბანკებთან და თავსაფრიან ქალებს ხომ ვერ ამოიღებენ სიიდან, აი, შენ თავსაფრიანი ხარ და ვერ მოხვალ – ხომ ვერ გვეტყვიან.

ხედავენ ხომ, რომ არანაირი აგრესია ან მიუღებლობა არ იგრძნობა კლიენტების მხრიდან ჩემ მიმართ, მაგრამ როცა ვეკითხები ხოლმე ხელმძღვანელებს, რომ პრაქტიკის შემდეგ ამიყვანთ? – ამაზე პასუხი არ აქვთ.

საიდან აქვთ გაუცნობიერებელი შიშები თავსაფრიანი ქალების მიმართ, რას ეყრდნობა, თვითონაც არ იციან. ისიც არ უნდათ, რომ დაასაქმონ თავსაფრიანი ქალები და პრაქტიკაში მაინც დაინახონ, რომ არ აქვს საზოგადოებას ჩვენი მიუღებლობა,“ – ამბობს ციცი დავლაძე.

ახლა ციცი ერთ-ერთ სასტუმროში დასაქმდა, რომელსაც ამერიკელი ხელმძღვანელი ჰყავს.

„საერთოდ არ აინტერესებს თავსაფარი მახურავს თუ არა. მთავარია შევასრულო ის სამუშაო, რაც მევალება“ – ამბობს ციცი.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში განსხვავებული რელიგიაა უფრო პრობლემა, რადგან სკოლაშიც და ბაღშიც უნახავს ქრისტიანი სასულიერო პირები, რომლებიც ასევე განსხვავებულ სამოსს ატარებენ, თუმცა ეს არც სახელმწიფოსთვის და არც კერძო პირისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„მე ვიცნობ ძალიან კარგ მონაზვნებს სოფელ მოხეში, რომლებსაც თმა არ უჩანთ, მაგრამ ასწავლიან სკოლაშიც და ბაღშიც. თავსაფრიან მუსლიმებსაც ხომ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ საჯარო უწყებებში და ჩვენი იდენტობის რაღაც აქსესუარი არ იყოს ვინმესთვის პრობლემა?!

ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა დასაქმების და განვითარების?!“- ამბობს ციცი დავლაძე.

დიანა აბულაძე

დიანა აბულაძეც თავსაფარს ატარებს. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების მასწავლებლის პროფესიას ეუფლება და იმედოვნებს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ თავსაფარი არ გახდება მისთვის სკოლაში შესვლის ბარიერი.

„ჩემმა მეგობარმა როცა გაიგო, რომ პედაგოგიურზე ვსწავლობდი, მითხრა, არავინ დაგასაქმეს თავსაფრიანსო,, რადგან, როგორც მითხრა, მის მეგობარს სწორედ ამის გამო უთხრეს სკოლაში დასაქმებაზე უარი.

გასაუბრებაზე უთქვამთ, ან თავსაფარი მოეხადა, ან ვერ აიყვანდნენ სამსახურში.

ეს ამბავი ფსიქოლოგიურად არ იყო ჩემთვის დამაიმედებელი, მაგრამ მე მაინც ვაპირებ ჩემი უფლებებისთვის ბრძოლას, თუკი თავსაფრის გამო მეც იმავეს მეტყვიან და ჩემი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობას არ მომცემენ“ – ამბობს დიანა.

ციცის მსგავსად, იმედგაცრუების მაგალითები მასაც ჰქონია. ერთი წლის წინ, როცა პირველად გავიდა გასაუბრებაზე, პირდაპირ უთხრეს, რომ თავსაფრის გამო ვერ აიყვანდნენ სამსახურში.

„ასეთი რამდენიმე შემთხვევა მქონდა. საჯარო სექტორში ჯერ არ მიცდია სამსახურის ძიება, უფრო კერძო სექტორში ვეძებდი.

ერთი შემთხვევა იყო, როცა გასაუბრება გავიარე, თითქოს ყველაფერზე შევთანხმდით და ბოლოს მითხრეს, რომ ამიყვანდნენ იმ შემთხვევაში, თუ თავსაფარს მოვიხდიდი.

რესტორანი იყო და მიმტანის პოზიციაზე უნდა მემუშავა,“ – გვეუბნება დიანა. მისი თქმით, დამსაქმებლის არგუმენტი, რომ „საზოგადოებისთვის თავსაფარი მიუღებელი იქნება“, სტერეოტიპულია და ხშირად არც კი ცდილობენ ამისგან გათავისუფლებას.

„ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ საზოგადოებას აქვს პრობლემა. გარკვეულწილად მესმის ამის, რადგან თავადაც ვიცი ჩვენს ქვეყანაში რა დამოკიდებულება არსებობს არსებულ საკითხზე და სამწუხაროდ, რაღაც ნაწილს მართლა აქვს ნეგატიური დამოკიდებულება თავსაფრიანი ქალების მიმართ, თუმცა საბედნიეროდ, საზოგადოების ის ნაწილიც არსებობს, ვისთვისაც უკვე გასაგებია ეს, გააზრებული აქვთ ის, რომ რელიგიური განსხვავებულობა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავრიყოთ ერთმანეთი.

საზოგადოების რაღაც ნაწილისგან იგრძნობა ტოლერანტობა“ – ამბობს დიანა. ის ამჟამად მარკეტშია დასაქმებული და მიიჩნევს, რომ განსხვავებულის მიმღებლობა ან მიუღებლობა მაინც ინდივიდუალურია და კონკრეტული დამსაქმებლის ცნობიერებისა და შეგნების დონეზეა დამოკიდებული.

„იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქვს დამსაქმებელს გააზრებული ის, რომ რელიგია არ უნდა განსაზღვრავდეს ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკას, თუნდაც იმას, რომ რელიგიის გამო შევუზღუდოთ ადამიანებს შრომის უფლება, განათლების უფლება და სხვა უფლებები.“ – ამბობს დიანა.

მისი აზრით, ახალგაზრდა თაობა ბევრად ტოლერანტულია განსხვავებული ადამიანების მიმართ და სახელმწიფოს და დამსაქმებლის დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს რელიგიური უმცირესობების მიმართ.

„მაგალითად, უნივერსიტეტში არასდროს არც ერთი სტუდენტისგან არ მიგრძნია, თავსაფრის გამო ვინმეს დავეჩაგრე ან რაიმე ცუდი დამოკიდებულება. ამიტომ სახელმწიფოც უნდა დაუდგეს თავის მოქალაქეს გვერდით და ეს შიშები, განსხვავებული ადამიანების მიმართ, შეასუსტოს,“ – გვეუბნება დიანა აბულაძე.

ჰური ცეცხლაძეც თავისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე ატარებს თავსაფარს, ის 28 წლისაა და ხულოს იუსტიციის სახლში მუშაობს.

ჰურის განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით აქვს მიღებული და ახლა მაგისტრატურაზე საჯარო მმართველობას სწავლობს.

იგი ამბობს, რომ დამსაქმებლისგან მასაც არაერთხელ მიუღია უარი, თუმცა ჰურის აზრით, უარს უთავსაფრო ქალებიც ხშირად იღებენ და ყოველთვის შესაძლოა თავსაფარი არ იყოს ამის მიზეზი.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს მუსლიმ ქალებთან მიმართებაში, გულუბრყვილობა იქნება ამის თქმა, რადგან თავსაფარი ხშირად არის ბარიერი.

ეს დამოკიდებულია დამსაქმებლის ცნობიერებაზეც და სამსახურის ტიპზეც. მაგალითად, მე ორჯერ მივიღე უარი იუსტიციის სახლიდან, მაგრამ შემდეგ მაინც ამიყვანეს და ახლა ხულოში ვმუშაობ.“ – ამბობს ჰური.

მისი აზრით, შესაცვლელია როგორც საზოგადოების ნაწილის, ასევე თავსაფრიანი მუსლიმი ქალების დამოკიდებულებაც.

„არის შემთხვევები, როცა ვერ ბედავენ ქალები სამსახურის დაწყებას, რადგან ფიქრობენ, რომ არ აიყვანენ. უნდა სცადონ. დამსაქმებელმაც უნდა დასძლიოს თვითცენზურა და თავსაფრიანმა ქალებმაც.

ერთ-ორ უარს უთავსაფრო ქალიც ხომ იღებს. საქართველოში ზოგადად ძალიან რთულია დაიწყო სამუშაო კარგი ხელფასით და თუ ამას თავსაფრის პრობლემაც ემატება, ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.“ – ამბობს ჰური ცეცხლაძე.

მისი აზრით, თავსაფრიანი ქალის დასაქმება, ზოგადად, საჯარო სამსახურებშია უფროა პრობლემა, ვიდრე კერძოში. „მაგრამ აქაც გააჩნია, თუ დამსაქმებელი ლოიალურია, მაშინ არ არის პრობლემა“.

მიმდინარე წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“, რომელიც მუსლიმების უფლებებზე მუშაობს, გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოჰკითხეს აჭარაში მცხოვრები 18-იდან 30 წლამდე მუსლიმი ქალები, სულ 14 რესპონდენტი, რომლებმაც თქვეს, რომ თავსაფრის ტარების გამო ერთხელ მაინც ყოფილან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი.

„ყველაზე ხშირად თავსაფრიანი ქალები სოციალურ სივრცეებში, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მეტწილად საზოგადოების დამოკიდებულება სიტყვიერი შეურაცხყოფით არის გამოხატული, თუმცა ყოფილა ფიზიკური თავდასხმის ფაქტიც“ – წერს „სოლიდარობის თემი“.

მაკო ღავთაძე

არასამთავრონო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (თDI) წარმომადგენელი მაკო ღავთაძე მიიჩნევს, რომ მუსლიმი ქალები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი როგორც რწმენის, ასევე სქესისა და ზოგჯერ ეთნიკური ნიშნითაც:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აშკარად არსებობს მუსლიმი ქალების მიმართ დისკრიმინაცია რელიგიური სამოსის ტარების გამო, ფაქტობრივად, არ არსებობს ამ კუთხით საქმისწარმოება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო თუ სახალხო დამცველის მექანიზმების გამოყენებით.

ამიტომ აუცილებელია, რომ როგორც საჯარო, ისე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება დაუთმონ მუსლიმი ქალების დისკრიმინაციის პრობლემას და ხელი შეუწყონ მათი უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას“- ამბობს მაკო ღავთაძე.

კვლევაში, რომელიც TDI-მ მიმდინარე წელს გამოაქვეყნა და რელიგიური სიმბოლოებისა და სამოსის ტარების უფლებასაც შეეხება, ნათქვამია, რომ რელიგიური სიმბოლოს ან სამოსის ტარების შეზღუდვა იწვევს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების, ისევე როგორც თანასწორობის უფლების შეზღუდვას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციის, მათ შორის, რელიგიის საფუძველზე, 26-ე მუხლი კი იცავს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.

საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ ასევე კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.

ის, რომ წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში ასევე დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია რელიგიური სამოსის ტარების გამო, ასახულია საქართველოს შრომის კოდექსშიც, თუმცა, როგორც მუსლიმი ქალების ისტორიები გვაჩვენებს, დამსაქმებლები ამ ნორმებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.

„მაინც არსებობს რისკი, რომ დამსაქმებლებმა ან საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დააწესონ თვითნებური შეზღუდვები.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი ეროვნულ სასამართლოებს ენიჭებათ, რომლებსაც შეუძლიათ თითოეულ შემთხვევაში სამართლიანი ბალანსის დაცვა რელიგიური ჩაცმულობის ტარების უფლებასთან მიმართებით“ – ნათქვამია TDI-ის კვლევაში.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მუსლიმია.


სტატია მომზადდა „ბათუმელების“ მიერ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის – „რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

მზია მასწავლებლის ფერების სამყარო წონიარისის სკოლაში

მზია ხალვაში ხელოვნების მასწავლებელია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი წონიარისიდან. იგი სოფლის საჯარო სკოლაში ასწავლის ხელოვნებას, და, ასევე ჩართული სხვადასხვა აქტივობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

მზია მასწავლებლის საკლასო ოთახი კალეიდოსკოპს ჰგავს და იქ შესული ბავშვებიც სხვადასხვა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან – ხან აჭარულ სახლს აშენებენ, ხან ქვებისგან აწყობენ პეიზაჟებს, ხანაც ქსოვენ ან კენჭებისგან ხიდებს აგებენ. მოკლედ, გამოგვყევით და ერთად ვნახოთ, რა ხდება მზია მასწავლებლის კლასში.

ნინი ბარამიძე წონიარისის სკოლის იდეატორთა კლუბის წევრია. ამ კლუბს ეკუთვნის აჭარული თანამედროვე ოდა-სახლის იდეაც, რომელიც გამოფენაზე ჰქონდათ წარმოდგენილი:

დავიწყეთ ქვით და ზემოდან დავადგით აჭარული ოდა-სახლი. ვიზრუნეთ, რომ გაგვეკეთებინა, გამოგვეძერწა კეცები, ჭურები, შემდეგ კი, როცა ხის მასალა მოგვიტანეს, დავიწყეთ ხის მასალით კეთება. ავაშენეთ და დავდგით ჩვენი სახლი” – გვიყვება ნინი, წონიარისის სკოლის მოსწავლე. 

ნინი ბარამიძე

კლასში ყველა მოსწავლე იპოვის თავისი გემოვნების შესაბამის საქმეს. სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე, თიკა ტაკიძე ამბობს, რომ აქ სამომავლოდ კარიერულადაც ივითარებენ უნარებს:

„ეს საკლასო ოთახი ჩვენ, წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გვეხმარება იმაში, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი უნარები, შევისწავლოთ რამე ახალი, შემოქმედებითი უნარი განვივითაროთ და ასევე ამ ოთახის მნიშვნელობა არის ის, რომ მოსწავლეებმა უკეთ დაინახონ თავიანთი უნარ-ჩვევები არამარტო ხატვაში, არამედ ქსოვაში, ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში და ასე შემდეგ” – ამბობს ის. 

YouTube video player

მზია ხალვაში იხსენებს, რომ წონიარისის სკოლაში პატარა კაბინეტიდან დაიწყო მუშაობა და ახლა უკვე მისი კლასი სავსეა სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრებით. აქვე კედლებზე კიდია პედაგოგის ნამუშევრებიც, რომლებიც სტუდენტობის პერიოდში შექმნა და სხვადასხვა გამოფენაზე გამოფინა:

„ბავშვებისთვის, ვფიქრობ, ეს პერიოდი არის საინტერესო. შეიძლება ისინი მხატვრები არ გახდნენ, მაგრამ იმდენ ცოდნას მიიღებენ, რომ ეცოდინებათ ხელოვნების ფასი, იმ სილამაზის ფასი, როცა საკუთარი ხელით ქმნი”.

მზია ხალვაში

სკოლის მოსწავლეებმა გასულ წელს შექმნეს კლუბიც, რომელშიც მოსწავლეები ქვებისგან და სხვადასხვა მასალისგან ამზადებდნენ ნამუშევრებს. ეს ტექნიკა მათ სოციალური ქსელის საშუალებით აღმოაჩინეს, მზია მასწავლებლის გაკვეთილზე დახვეწეს უნარები, შემდეგ კი სხვებსაც გაუზიარეს ცოდნა:

„რა თქმა უნდა, მხოლოდ გაკვეთილის დროს ვერ ვქმნიდით ისეთ ნამუშევრებს, როგორიც ჩვენ მოგვწონდა და გვინდოდა, რომ შეგვექმნა. შემდეგ აღმოვაჩინეთ განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სასკოლო პროექტების დაფინანსებას, გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა კონკურსში, გავიმარჯვეთ, შევქმენით კლუბი, შევიძინეთ სამუშაო მასალები: თექა, სამუშაო დაფები და ასე შემდეგ. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გარდა ძალიან ბევრი დაინტერესებული მოსწავლე იყო, რომლებსაც სურდათ კლუბში გაწევრიანება და ჩვენთან ერთად მუშაობა. 

აქ იყვნენ როგორც მაღალი კლასის მოსწავლეები, ისე პატარები, რომლებსაც ვუზიარებდით იმ ცოდნას, რაც კლუბის შექმნამდე გაკვეთილების დროს მივიღეთ და ვქმნიდით ნამუშევრებს.

გარდა ამისა, კლუბის სახელით მონაწილეობა მივიღეთ წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად“ – გვიყველა წონიარისის სკოლის მოსწავლე, თეა წულუკიძე.

პროექტებზე ჯგუფურად მუშაობა, მზია მასწავლებლის აზრით, ბავშვებში სამომავლოდ უფრო მეტ დაინტერესებას და ჩართულობას იწვევს, მოსწავლეები სწავლობენ ახალ მასალებთან მუშაობას:

„როცა აჭარული სახლის პროექტზე მუშაობა დასრულდა, დავინახე, რომ ბავშვები უფრო მეტად დაინტერესდნენ, ურთიერთობა ისწავლეს, ამ მასალებზე შრომა ისწავლეს და საბოლოოდ გამოვიდა არაჩვეულებრივი რაღაც“.

მზია ხალვაში გვიყვება, რომ ქედის საჯარო სკოლაში ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა ინკლუზიური განათლების ცენტრი – სახვითი ხელოვნების წრე, სადაც იგი სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს უტარებს ხელოვნების გაკვეთილებს:

„მათ ეს გაკვეთილები უვითარებთ წარმოსახვის უნარს, მეტყველებას, მოტორიკას, ისინი აქ სწავლობენ კომუნიკაციას და აქტიურად არიან ჩართულნი“ – ამბობს პედაგოგი.


 

„ეს არ არის შოუ, ყოველი მეტრისთვის სისხლი იღვრება“ – ზალუჟნი უკრაინის კონტრშეტევაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ  The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯარისკაცები სისხლს ღვრიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრის დეოკუპაციისთვის, ამიტომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელია.

„ეს არ არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონს დებს. ყოველ დღე ყოველი მეტრი სისხლით არის მოპოვებული“ – თქვა ზალუჟნიმ გამოცემასთან.

მისი თქმით, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ ყოველ დღე, თუნდაც ეს მხოლოდ 500 მეტრი იყოს.

ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ უკრაინული კონტრშეტევა უფრო სწრაფი იყოს, მას სჭირდება თანამედროვე ტიპის იარაღი და უპირატესობა ჰაერში – F-16-ები.

ინტერვიუში მან თქვა, რომ 24/7-ზე არის კავშირზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურთან, გენერალ მარკ მილისთან.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება: 24/7-ზე ჩვენ კავშირზე ვართ. ასე, რომ ხანდახან შემიძლია დავურეკო და ვუთხრა: „თუ კვირაში 100 000 ჭურვი არ მივიღეთ, 1000 ადამიანი მოკვდება“. ჩადექით ჩემს მდგომარეობაში. მაგრამ მილი არ წყვეტს, მივიღებთ ჩვენ საბრძოლო თვითმფრინავებს თუ არა. უბრალოდ სანამ მიიღება გადაწყვეტილება, ყოველ დღე ბევრი ადამიანი კვდება, ძალიან ბევრი. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“ – თქვა ზალუჟნიმ.

„რუსეთის ФСБ-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის დავალება“ – ბუდანოვი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს [ФСБ] დაევალა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განადგურება აჯანყების მცდელობის შემდეგ – აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი The War zone-სთან ინტერვიუში.

„ჩვენ ვიცით, რომ პრიგოჟინის მოკვლა ФСБ-ს დაევალა. იქნებიან ისინი ამაში წარმატებულები? დრო გვიჩვენებს. ასეა თუ ისე, ყველა პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ შეიმუშაონ შესაბამისი მიდგომა და მივიდნენ იმ ეტაპზე, როცა მზად იქნებიან ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის დიდი ღია კითხვა – შეძლებენ თუ არა ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?” – თქვა ბუდანოვმა.

ინტერვიუში ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია რუსეთის შიგნით დესტაბილიზაციისკენ, სასარგებლოა უკრაინისთვის.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივნისის 21 საათიდან პირველი ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – წვიმა და ზოგან ჭექა-ქუხილი, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი დღისით – 8-13 მეტრი წამში, ღამით – 17-22 მეტრი წამში.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია. მოსალოდნელია ღელვა – 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 ივლისს ბათუმში და მთელ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რუსებმა დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო ცნობების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა თანდათან დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ტელეგრამზე წერს.

დაზვერვის ცნობით, ერთ-ერთმა პირველებმა სადგური დატოვეს „როსატომის“ თანამშრომლებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსეთის კონტინგენტს სადგურზე. ასევე, ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღეს უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ „როსატომთან“. მითითების თანახმად, მათ 5 ივლისამდე უნდა დატოვონ სადგური.

დაზვერვა წერს, რომ მათ ურჩევენ გამგზავრებას დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

უკრაინის დაზვერვა ასევე ხაზს უსვამს, რომ ენერგოდარში და ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე თანდათან მცირდება სამხედრო პატრულების რაოდენობა.

„სადგურზე დარჩენილ პერსონალს მიეცა მითითება ნებისმიერი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დაადანაშაულონ უკრაინა“, – წერს დაზვერვა.

22 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ტერაქტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 4 მარტს დაიკავეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. ეს უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა სიდიდით.

________________

ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

ამავე თემაზე: 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 228 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 4 041 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 863 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 4 127 ერთეული [+11]
  • MLRS – 630 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 389 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 519 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 261 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 785 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 569 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 833 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 413 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 281 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 292 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]„რუსეთის ФСБ-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის დავალება“ – ბუდანოვი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე მილიონი ლარით ძვირდება. გარდა ამისა, სათუოა სამუშაოების მიმდინარე წელს მთლიანად დასრულებაც.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე [ორ ლოტად] ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა გზის გასწვრივ არაერთ ადგილზე გააქტიურდა მეწყერი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი მილიონები სწორედ დამეწყრილი ფერდობების გამაგრებას დასჭირდება.

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოებია.

ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ფერდობების აღდგენაზე კი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 15 359 794 ლარია, რომლის ფარგლებშიც დამეწყრილი ფერდობები 8 ადგილზე უნდა აღადგინონ.

ეს ადგილები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებშია:

  • ჯვარიქეთში
  • ტაბახმელაში [3 ადგილზე]
  • შუასოფელსა და
  • დანისპარაულში [3 ადგილზე]

„მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 9 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს დეპარტამენტის წერილობითი დავალების მიღებამდე“, – აღნიშნულია პირობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება, 2023 წლის 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

 

განახლება: აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული სატენდერო კომისიამ 2023 წლის 1-ელ აგვისტოს გამოავლინა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი  შპს „არალმა“ დააფიქსირა – 15 მილიონ 205 ათასი ლარი.

ამავე ოქმის მიხედვით „არალის“ მიერ წრმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს. გამარჯვებულლმა კომპანიამ 2023 წლის 9 აგვისტომდე უნდა წარადგინოს გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა. ამის შემდეგ გადაწყვეტს სატენდერო კომისია გააფორმებს თუ არა ხელშეკრულებას „არალთან“.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „არალი“ 2004 წელს ახალციხეშია რეგისტრირებული და მას 4 მეწილე ჰყავს. აქედან ერთ-ერთი, დემეტრე თათეშვილი, კომპანიის დირექტორიცაა.

 

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს გეოლოგიური დასკვნა და პროექტი თითოეული დამეწყრილი ადგილისთვის.

„წინამდებარე დასკვნა წარმოადგენს დამკვეთის [გზების დეპარტამენტის] ტექნიკური დავალების და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე „საშიში გეოდინამიკური პროცესებიდან გავრცელებულია მეწყერი, ჩამოქცევები და ჩამონაშალები, ხევების გადაკვეთის ადგილებში გვხვდება სიღრმითი და გვერდითი ეროზიები და იშვიათად ღვარცოფული პროცესები“, – წერია დასკვნაში. ამასთან:

„საკვლევი ტერიტორიის უბნებზე თითქმის ყველგან დაფიქსირებულია აქტიური მეწყერი, რომელთა გამომწვევი მიზეზი არის ანთროპოგენური ფაქტორი, კერძოდ, გზის მშენებლობის და მის გაფართოების დროს ხდებოდა და ხდება ფერდობების მოჭრა, რის შედეგად ხდება ფერდობების წონასწორობის პროფილების დარღვევა, რაც იწვევს უხვი ნალექების პერიოდში ფერდობების ჩამოშლა-ჩამოცურებას ე.ი. მეწყრის ჩასახვა-განვითარებას“.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ყველა მეწყერი თავისი გავრცელების და სიღრმის მიხედვით მიეკუთვნება მცირე ზომის მეწყერს, ამიტომ მათი დროებითი შეჩერება შეიძლება სპეციალური პროექტებით შედგენილი საყრდენი კედლებით“.

ამ დასკვნის მიხედვით, ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე სტიქიით გამოწვეული დაზიანებული უბნების რაოდენობა სულ 17 იყო, ტენდერი კი 8 უბნის აღდგენაზეა გამოცხადებული.

„მზადდება შესაბამისი პროექტები და დანარჩენი უბნების აღდგენა-გამაგრებაზე ცალკე ტენდერი გამოცხადდება“, – გვითხრეს „ბათუმელებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერებში [პირველი და მეორე ლოტი] ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“  გაიმარჯვა. სამუშაოები 2 ლოტად შემდეგნაირად ფინანსდება:

  • პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება [დეპარტამენტის ინფორმაციით] დაგეგმილია 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ.
  • მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – ამ მონაკვეთზეც სამუშაოების დასრულება იგეგმება ასევე 2023 წელს. პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

იყო თუ არა შესწავლილი ეს ადგილები და იყო თუ არა გეოლოგიური დასკვნა, როცა ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია დაპროექტდა [პირველი და მეორე ლოტები]; თუ ეს მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოებმა გამოიწვია, როგორც ამ 17 ადგილთან დაკავშირებულ გეოლოგიურ დასკვნაშია აღნიშნული?

ტენდერის პირობით ფერდები უნდა გამაგრდეს მაქსიმუმ 9 თვეში დავალების მიცემიდან; ანუ, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია [პირველი და მეორე ლოტები] 2023 წელს ვერ დასრულდება? – ამ კითხვებზე „ბათუმელები“ გზების დეპარტამენტისგან ელოდა პასუხებს, თუმცა მოგვიანებით გვითხრეს, რომ პასუხების მისაღებად ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.

დამეწყრილი 8 უბანი – დაზიანებული მონაკვეთის სიგრძის მითითებით:

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ყველა ამ უბანზე „საშიში გეოდინამიკური პროცესებიდან გავრცელებულია ჩამოქცევითი, ჩამონაშალები და მეწყრული პროცესი, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ, გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგია“.

  • სოფელ ჯვარიქეთის ტერიტორიაზე – დაზიანებული მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 55 მეტრი
  • სოფელ ტაბახმელას განაპირა ნაწილში – 55 მეტრი
  • სოფელ ტაბახმელას განაპირა ნაწილში – 70 მეტრი
  • სოფელ ტაბახმელაში – 120 მეტრი
  • სოფელ შუასოფელში – 150 მეტრი
  • სოფელ დანისპარაულში – 60 მეტრი
  • სოფელ დანისპარაულში – 55 მეტრი
  • სოფელ დანისპარაულში – 70-80 მეტრი

გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, გარდა ამ 8 ადგილისა, კიდევ არის 9 დამეწყრილი ადგილი, სადაც ფერდობის აღდგენა აუცილებელია. როგორც დეპარტამენტში გვითხრეს, ამ ადგილების გამაგრებაზე ტენდერი ცალკე გამოცხადდება. ბუნებრივია ამ სამუშაოებშიც დამატებითი თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან და შესრულებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება [რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო კი, შემოდგომის ბოლოდან-გაზაფხულამდე გოდერძის უღელტეხილზე რაიმე სამუშაოების ჩატარება ფაქტობრივად გამორიცხულია].

დამეწყრილი 9 უბანი – დაზიანებული მონაკვეთის სიგრძის მითითებით:

ამ უბნებზეც, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, „საშიში გეოდინამიკური პროცესები გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგია“

  • სოფელ პაქსაძეებში – დაზიანებული მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 50 მეტრი [მეწყრის წარმოშობის მიზეზია ფერდობში გამომავალი გრუნტის წყლები და ანთროპოგენური ფაქტორი [გზის გაფართოების სამუშაოები], რომელმაც ხელი შეუწყო მეწყრის ჩამოყალიბებას.
  • ცენტრალურ გზასა და სოფელ ღურტისკენ მიმავალი გზის გასაყარზე – 80-90 მეტრი [საშიში გეოდინამიკური პროცესებიდან აქ გავრცელებულია ჩამოშლითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგია]
  • სოფელ დიოკნისის ტერიტორიაზე – 200 მეტრი [უბანზე განვითარებულია ჩამოშლითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია ქანების ძლიერი გამოფიტვის, დანაპრალიანების და გზის გაფართოების მიზნით ფერდობის მოჭრის შედეგად, დარღვეულია წონასწორობის პროფილი, ამის გამო ხდება პერიოდული ჩამოშლა, უფრო მეტად უხვი ნალექის დროს.]
  • სოფელ დიოკნისის ტერიტორიაზე – 30 მეტრი [უბანზე განვითარებულია ჩამოშლითი პროცესი, რომელიც გამოწვეულია ქანების ძლიერი გამოფიტვის, დანაპრალიანებისა და გზის გაფართოების მიზნით ფერდობის მოჭრის შედეგად, დარღვეულია წონასწორობის პროფილი, ამის გამო ხდება პერიოდული ჩამოშლა, უფრო მეტად უხვი ნალექის დროს.]
  • სოფელ ჯვარიქეთის ტერიტორიაზე – 140 მეტრი [უბნის მთელ სიგრძეზე განვითარებულია მცოცავი ტიპის მეწყერი, რომლის გააქტიურება ემთხვევა უხვ ნალექს. დროებით სტაბილიზებული მეწყერია. ობიექტის ზედა ნაწილი გამაგრებულია 5 მ. სიმაღლის გაბიონებით;  ფერდობი 45 მეტრ სიგრძეზე გამაგრებულია 2-3,5 მ. სიმაღლის მსხვილი ბეტონის ბლოკებით.]
  • კურორტის („გოდერძი“) სასტუმროების კომპლექსის თავზე – 270-280 მეტრი
  • ზედა უბნიდან ქვემოთ 200-220 მ-ში მეორე სერპანტინის [მიხვეულ-მოხვეული, დაკლაკნილი გზა მთაში] ბოლოში – 70-80 მეტრი
  • გოდერძის უღელტეხილის დასავლეთ ფრთაზე მეორე სერპანტინის დასაწყისში – 120 მეტრი [გზის ქვედა მხარე გამაგრებულია გაბიონით. მაგრამ ფუძე გრუნტის არამდგრადობის გამო ადგილებში გაბიონი დაწეულია და შესაძლებელია მოხდეს მისი გარღვევა“.]
  • გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის მონაკვეთზე, უღელტეხილის დასასრულს მეორე სერპანტინზე – 50 მეტრი [„გზის გაფართოების მიზნით მოჭრილი ფერდობი, რომლის ზედა ნაწილში გავრცელებულია თიხნარი და ტექნოგენური გრუნტები. უხვი ნალექის (წვიმა) მოსვლის შედეგად გაფხვიერებულ ნალექში ჩაიჟონა საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი, რის შედეგად გრუნტი დამძიმდა და გრუნტებს შორის ურთიერთ შეჭიდულობის ძალა შემცირდა. მოჭრილ ფერდობზე დიდი დახრილობების და ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო მოხდა გზის გვერდულის დაცურება, რაც დიდ საშიშროებას უქმნის ამ სერპანტინის თავზე გამავალ გზას.“]
დამეწყრილი უბნები [1-16] ხულო-გოდერძის გზაზე / ფოტო გეოლოგიური დასკვნიდან
მთავარი ფოტო: მეწყერი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან / 14.03.2023.

კაცი აქციაზე 1988 წელს დააკავეს – ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს

„გვინდოდა სოხუმში ახალგაზრდებთან შეხვედრა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს – ჯერ მატარებელი გააჩერეს, მერე ავტობუსი მოვძებნეთ და ავტობუსით წავედით, მაგრამ მძღოლი მოგვპარეს,“ – გვიყვება თენგიზ ორჯონიკიძე, მისი სარჩელის განხილვა დღეს, 29 ივნისს დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ.

თენგიზ ორჯონიკიძე თანამებრძოლებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქციაზე 1988 წელს დააკავეს. იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს.

„სოხუმში უნდა გაგვემართა აქცია, მაგრამ ვერ ჩავედით. მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ მტერი სხვა გვყავს… ახლაც ვფიქრობ, მაშინ რომ მერაბ კოსტავა აფხაზ ახალგაზრდებს შეხვედროდა… იმ დროს უკვე მომზადებული იყო აფხაზეთის საკითხი.

აქციაში მონაწილეობისთვის მე 1988 წლის დეკემბრიდან 1989 წლის 13 თებერვლამდე ვიყავი დაკავებული,“ – ამბობს თენგიზ ორჯონიკიძე.

თენგიზ ორჯონიკიძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე, ასევე კომპენსაციის მიღებაზე.

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.“

სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ორჯონიკიძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, ასევე როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს დაჰკისრებოდა კომპენსაციის სახლი 2000 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე და მიიჩნია, რომ თენგიზ ორჯონიკიძის სარჩელი არ უნდა მიიღოს წარმოებაში, რადგან „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, პირს სასამართლოსთვის კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა მიემართა – კანონი კი 2011 წლის 18 მაისს ამოქმედდა.

„ამგვარად, სადავო ნორმა გასაჩივრებულია იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რაც საშუალებას მომცემს, რომ აღიარებულ ვიქნე პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად და მივიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაცია,“ – დასძენს მოსარჩელე.

„ეროვნული მოძრაობა უკვე დაწყებული იყო, ეს აქცია იყო საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების შესუსტებისკენ,“ – ამბობს თენგიზ ორჯონიკიძე. ის თბილისის ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრის ექიმია და მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ისტორიული სამართლიანობა იქნება მისი რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

„…გალის რაიონის ტერიტორიაზე და წყალტუბოს ზონის სოფელ ფარცხანაყანებთან, თენგიზ ორჯონიკიძემ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნებს, რასაც მოჰყვა ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება,“ – ჩაუწერეს მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებაში თენგიზ ორჯონიკიძეს.

თენგიზ ორჯონიკიძე ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლომ გაასამართლა.

„მაშინ აქციაზე გასვლა საშიში იყო სიცოცხლისთვის. ყველას გვეშინოდა, მაგრამ მაინც გავდიოდით. ასეთია სამშობლოს სიყვარული.

დაგვერივნენ იმ დღესაც – მოსახლეობამ შეგვიფარა, უკან გზაზე დაგვაწიეს „ომონი“, დაგვაკავეს ყველა, ვინც ვიყავით, მაგრამ ერთი ცუდად გახდა – მე მომცეს უფლება გავყოლოდი საავადმყოფოში, რადგან ექიმი ვიყავი… ოზურგეთის კლინიკაში მივედით და მერე ჩემი ფეხით მივედი დაკავებულებთან, მერაბ კოსტავა დამცინოდა, რომელი ცოტნე დადიანი შენ იყავიო.

სამტრედიაში გადაგვიყვანეს, ცემენტზე გვეძინა. მე საჭმელსაც არ ვჭამდი და შეშინდნენ… მერე გადაგვიყვანეს ქუთაისში.

სამ-სამი „ტელეგრეიკა“ გვეცვა მაშინ აქციაზე, იმდენს გვირტყამდნენ და მაშინ გავდიოდით,“ – გვითხრა თენგიზ ორჯონიკიძემ.

„…ჩვენ მივემართებოდით მერაბ კოსტავას მიერ 1988 წლის დეკემბერში ორგანიზებულ სანქცირებულ აქციაზე დასასწრებად, რაშიც კომუნისტურმა რეჟიმის წარმომადგენლებმა ხელი შეგვიშალეს და უფლება არ მოგვცეს ჩავსულიყავით სოხუმში, გზა გადაგვიკეტეს ენგურის ხიდზე და იძულებული გავხდით იქ ადგილზე გამოგვეთქვა ჩვენი პროტესტი, რაშიც, რა თქმა უნდა, კომუნისტურმა რეჟიმის წარმომადგენლებმა ხელი შეგვიშალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი გასამართლება და დასჯა კომუნისტურ ეპოქაში დისიდენტების წინააღმდეგ საყოველთაოდ გამოყენებული მუხლი 206 (3) პრიმა მუხლით მოხდა, რაც აშკარად პოლიტიკური რეპრესია იყო,“ – წერს მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

დავა ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გადაკეთების პროექტზე – ტენდერი 10,5 მილიონით 

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან.

ქობულეთის 2-ზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია.

შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ დავების საბჭოში გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა – 6 790 000 ლარი. შემსყიდველის ორგანიზაციის სატენდერო კომისიის #4 ოქმის შესაბამისად კი, მას მიენიჭა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

გერმანული კომპანია „კოკს კონსალტის“ ფილიალის საჩივარში აღნიშნულია, რომ მის მიერ წარდგენილი და შემდეგ დაზუსტებული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს, ამიტომ უნდა „გაუქმდეს სატენდერო კომისიის #4 სხდომის ოქმი და დაევალოს შემსყიდველ ორგანიზაციას შეერჩევა-შეფასების პროცესის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.“

შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალის“ საჩივრის განხილვის თარიღად 2023 წლის 4 ივლისია ჩანიშნული.

შემდეგი პრეტენდენტი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურებას სთავაზობს, არის სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“. ამ კომპანიის შეთავაზება 6 888 500 ლარია.

აღნიშნული სააქციო საზოგადოებაც უცხოური საწარმოს ფილიალია საქართველოში და მისი დამფუძნებელი ხორვატიული კომპანიაა. ფილიალის დირექტორი კი ორმაგი [რუსეთისა და სომხეთის] მოქალაქეობის მქონე რობერტ პეტროსიანია.

ტენდერის პირობის მიხედვით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების დეტალური პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა/კონსულტანტმა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 18 თვეში უნდა მოამზადოს.

ტენდერის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

„აქ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა“ – ემიგრანტი ქალი ირლანდიიდან

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შეფასებით საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ემიგრაციის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან.

ამავე კომისიის დაკვირვებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ ეტაპზე ემიგრაცია ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაციით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით, სამოქალაქო ომით, შეიარაღებული კონფლიქტებით იყო გამოწვეული. მოგვიანებით კი, ემიგრაციული ნაკადების ზრდაში უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა ითამაშეს.

ბოლო 4, 5 წელია, რაც საქართველოდან ხშირად მიდიან საცხოვრებლად და სამუშაოდ ირლანდიაშიც. რენა ფერცელაძე დასავლეთ ევროპის ამ ქვეყანაში 2019 წელს წავიდა. მისი თქმით, ბოლო 2, 3 წლის განმავლობაში ბევრი ქართველი ჩავიდა ირლანდიაში ცხოვრების და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად.

რენა გვიყვება, რომ ირლანდიაში ქართველები ძირითადად მშენებლობაზე საქმდებიან. ერთსაათიანი შრომის ანაზღაურება 18 ევროდან იწყება. ყოველი ზეგანაკვეთური სამუშაო საათი კი ერთნახევარჯერ ანაზღაურდება.

რენა

„აქ ქართველები საქმდებიან ასევე ფაბრიკა-ქარხნებში, სათბურებში, ხილის და ბოსტნეულის შესაფუთ პუნქტებში, ბევრი ქართველია დასაქმებული ჩიპების მწარმოებელ უდიდეს კომპანია „ინტელში“, ოჯახებში მუშაობენ დამხმარეებად ქალები.

დაახლოებით საქართველოსხელა ქვეყანაა, 1987-2007 წლებში მიაღწია განსაკუთრებულ ეკონომიკურ წარმატებას. 1973 წელს, როცა ირლანდია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ამ კავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, დღეს კი ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება.

ირლანდიაში მთავარი ევროპული ოფისები აქვთ ფეისბუქს, გუგლს, ტვიტერს, ლინკდინს, ფეიფალს, ინტელს და უამრავ სხვა დიდი კომპანიას.

შრომის საათობრივი ანაზღაურებაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და ამიტომაც იქცა ემიგრანტებისთვის ირლანდია სასურველ ქვეყნად“, – ამბობს რენა და გვიზიარებს დაკვირვებას იმის შესახებაც, რომ ხშირად, ბოლო დროს საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან არამხოლოდ უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების გამო, არამედ, ზოგადად, ბუნდოვანი მომავლისა და უპერსპექტივობის შიშით.

„ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მე არ ვიყავი მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე, მაგრამ ვიყავი რაღაცნაირად უმომავლოდ, ვერაფერს ვგეგმავდი, არ მქონდა სტაბილურობის განცდა, ადამიანის ფუნქცია ხომ მხოლოდ საკუთარი თავის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება, სხვისთვისაც უნდა იყო სასარგებლო. მინდოდა რამე შემეცვალა ჩემ ცხოვრებაში და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დონეზე ეს მოვახერხე, შეძლებისდაგვარად ვეხმარები ადამიანებს და მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს. გამიჩნდა სამომავლო გეგმებიც და აღარ ვცხოვრობ ხვალინდელი დღის შიშით“, – გვიყვება ემიგრანტი.

რენა ირლანდიაში 2019 წლის 23 აგვისტოს წავიდა. ეს დღე ძალიან კარგად ახსოვს, უჭირდა ქვეყანასთან, ოჯახთან განშორება, მაგრამ ამბობს, რომ ემიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც ცხოვრებაში მიუღია.

პროფესიით იურისტია. თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რამდენიმე წელი იყო იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, უმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციაშიც, კერძო სექტორშიც, პარალელურად ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას:

„ცხოვრების ერთ ეტაპზე სამ ადგილასაც კი ვმუშაობდი ერთდროულად, მაგრამ საქართველოში ამ შემთხვევაშიც კი არ გაქვს ისეთი ანაზღაურება ღირსეულად ცხოვრება რომ შეძლო ადამიანმა“, – ამბობს რენა.

ფეისბუქზე დარეგისტრირებული თითქმის ყველა ჯგუფის წევრია, სადაც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან. საკუთარი ჯგუფებიც აქვს: „ჩვენი გადარჩენილი ცხოველები“ და „ოთხთათა მეგობრები“. მეგობრების დახმარებით დისტანციურად პატრონობს რამდენიმე ძაღლს საქართველოში. ირლანდიიდან ეხმარება მიუსაფარ ძაღლებს მკურნალობასა და დაბინავებაში.

რამდენიმე მიუსაფარი ცხოველის გაჩუქება შეძლო გერმანიასა და ნიდერლანდებში. ამ ყველაფერს რენა მეგობრების დახმარებით ახერხებს, თუმცა ცხოველებზე ზრუნვა მისგან დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს.

რენა იხსენებს, რომ 2019 წელს, როცა თავად წავიდა ემიგრაციაში, ირლანდიაში ბევრი ქართველი არ იყო, თუმცა ამ ქვეყნის პოლიტიკამ თავშესაფრის მაძიებლების მიმართ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ემიგრანტი მიიზიდა, მათ შორის საქართველოდან.

თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთების დღიდან ირლანდიის სახელმწიფო იწყებს პირზე ზრუნვას, რაც გამოიხატება საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფით.

ხიდი ირლანდიაში საქართველოს დროშის ფერებში

„თავშესაფრები ძირითადად სასტუმროებია სამჯერადი კვებით, ან თანხით კვებისთვის, რაც ყოველკვირეულად 62 ევროა დაახლოებით. თავშესაფრის მოლოდინში მყოფებს აქვთ ასევე ყოველკვირეული სოციალური დახმარება დაახლოებით 40 ევრო, ენიშნებათ სამედიცინო დაზღვევა და ენის კურსები.

თავშესაფრის მაძიებელი მუშაობის ნებართვას ირლანდიაში 5 თვის შემდეგ იღებს, რაც საშუალებას აძლევს ემიგრანტებს დასაქმდნენ სასურველ სფეროში, უფლება აქვთ აწარმოონ საკუთარი ბიზნესიც“, – ამბობს რენა.

თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ემიგრანტები სარგებლობენ ყველა იმ სოციალური პაკეტით, რითაც ირლანდიის მოქალაქეები სარგებლობენ.

სახელმწიფო ეხმარება თავშესაფრის უფლების მქონე პირს ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებაში. არსებობს სოციალური საცხოვრებელი სახლები ან ეხმარებიან ბინის ქირის გადახდაში, რაც ერთი ადამიანისთვის შეადგენს დაახლოებით 990 – 1215 ევროს ყოველთვიურად.

უმუშევრობის შემთხვევაში ყოველკვირეული კომპენსაცია საშუალოდ 208 ევროა თითო ადამიანისთვის.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა, როცა ცხოვრებას ნულიდან იწყებ ახალ სამყაროში და არ გაქვს ხვალინდელი დღის შიში, გაქვს სტაბილურობის განცდა. ალბათ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ირლანდია ახალ და სასურველ მიმართულებად იქცა ემიგრაციისთვის“, – ამბობს რენა და დასძენს, რომ ყველა ემიგრანტის შემთხვევა ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბოლო წელს დაახლოებით 400-მდე ქართველმა დატოვა ირლანდია და საქართველოში დაბრუნდა.

ზოგადად, ემიგრაციული ნაკადების შემცირება მომდევნო ათწლეულში ნაკლებად სავარაუდოა მიგრაციის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობა და დაბრუნებულ მიგრანტთა პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვა.

განვითარების პერსპექტივა კი ემიგრანტების დიდ ნაწილს ევროინტეგრაციის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ასეა რენასთვისაც. ემიგრანტი ქალი მიიჩნევს, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მომავალი თაობების წინააღმდეგ ჩადენილი დიდი დანაშაული იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ხალხს ინფორმაცია, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ნიშნავს საქართველოს განვითარებისთვის ამოქმედებულ უამრავ პროექტს სხვადასხვა სფეროში, რასაც ფონდები მილიონობით ევროთი დააფინანსებენ.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ  ამ სტატუსს აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა და ის არაფერს ცვლის, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ევროკავშირის წევრობამდე აუცილებლადაა მისაღები კანდიდატის სტატუსი და მე არ მესმის რა სასწაულებრივი ხერხებით აპირებს ხელისუფლება ამ აუცილებელი პროცედურის გავლის გარეშე ქვეყნის შეყვანას ევროკავშირში, ან აპირებს კი საერთოდ?“ – ამბობს ემიგრანტი ქალი.

ირნალდიაში აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო.

„დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა რჩება სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული – სრულწლოვანი მ.შ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კაცს, მ.შ.-ს, რამდენჯერმე ჰქონდა სქესობრივი კავშირი 12 წლის ბავშვთან.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემდეგ ბრალდებულთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, სასამართლო კი, ამ შეთანხმებას ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე ამტკიცებს.

საპროცესო შეთანხმების გამოყენების პრაქტიკა განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როცა ბრალდებულს 16 წლამდე ასაკის მოზარდთან არა ძალადობით, არამედ ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს ედავებიან.

მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საქმეებზე ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან მოგვწერეს, რომ ეს შემთხვევები დახურულ სხდომებზე განიხილება, მიღებული განაჩენები საჯაროა, მაგრამ ის არ მუშავდება და ამიტომაც ამ მოტივით განაჩენებს ვერ მოგვაწვდიან.

„ბათუმელებს“ ქუთაისისა და თბილისის სასამართლოებიდან მხოლოდ 5 განაჩენი მიაწოდეს, რაც ღია სასამართლო სხდომაზე განიხილეს ბოლო 2 წლის განმავლობაში – ხუთივე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ეხება: „სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ [ამ მუხლის პირველი ნაწილი სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე].

განაჩენებიდან არ ჩანს დეტალები – ამ დროს ბრალდებული ბრალს აღიარებს და მტკიცებულებების სხდომაზე არ იკვლევენ. საპროცესო შეთანხმების დროს მოსამართლე ვერც მოწმეების ან დაზარალებულის ჩვენებებს ისმენს.

5 განაჩენის მიხედვით, რაც „ბათუმელებს“ მიაწოდეს ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან, მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს.

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში.

ეს განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძეს 2021 წლის 9 აპრილს მიუღია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება,“ – აღნიშნულია განაჩენში.

იგივე მუხლით წარუდგინეს ბრალი სრულწლოვან კაცს, რომელიც 13 წლის მოზარდთან სქესობრივ კავშირს პერიოდულად ამყარებდა, თუმცა მისთვის საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.

ეს დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ თბილისში ჩაიდინეს. შესაბამისად, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განიხილა 2022 წლის 17 მაისს.

ამ შემთხვევაში ბრალდებულს ბრალი უღიარებია და უდავოდ მიუჩნევია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ სასამართლოში მიიტანა. ამ დროსაც მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, უშუალოდ მოუსმინოს მოწმეებსა და დაზარალებულებს.

„სასამართლო უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში ა.გ. იყო 13 წლის, რომლის ასაკიც სრულად ჰქონდა შეცნობილი რ.ბ.-ს,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

მსჯავრდებულს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქართული კანონმდებლობა 16 წლის მიუღწეველ პირთან ნებისმიერი სახის სექსუალურ კავშირს დანაშაულად მიიჩნევს, თუმცა 16 წლამდე მოზარდებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მაინც ვხვდებით ფრაზას „ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი“. მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობით, შტატების უმრავლესობაში ე.წ. სქესობრივი თანხმობის ასაკი 16 წელია და თუ პირმა 16 წელს მიუღწეველთან დაამყარა კავშირი, კანონმდებლობა ამას მიიჩნევს ძალადობად და არავითარ შემთხვევაში არ იყენებენ სიტყვას „ნებაყოფლობითს“, რადგან მიჩნეულია, რომ „სქესობრივი თანხმობის ასაკამდე“ ბავშვს არ შეუძლია გასცეს გააზრებული თანხმობა სექსუალურ კავშირზე.

კიდევ ერთი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოდან – საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა კაცს, რომელსაც გამოძიება 15 წლის გოგოსთან სქესობრივ კავშირს ედავებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, 20 წლის ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ხვდებოდა 15 წლის მოზარდს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ისინი დაქორწინდნენ.

2022 წლის 24 ნოემბერს ამ საქმეზე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი კერატიშვილსაც დაუმტკიცებია საპროცესო შეთანხმება – აქაც დაზარალებული 15 წლის გოგოა.

„…დღის საათებში, თბილისში, ბინაში სრულწლოვანმა ბ.რ.-მ ერთიანი განზრახვით, ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი რამდენჯერმე დაამყარა წინასწარი შეცნობით 15 წლის დ.ტ.-თან“, – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლე აქ მიუთითებს, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, თუმცა არ ჩანს ნათლად, თუ სცადა მოსამართლემ იმის დადგენა, რამდენად კანონიერად გაფორმდა შეთანხმება და ემსახურებოდა თუ არა ეს მართლმსაჯულების ინტერესს. ამ განაჩენშიც ეს შაბლონური ჩანაწერი დაგხვდებათ:

„სასამართლო დარწმუნდა ასევე, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ბ.რ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საიდანაც 3 წელი მან რეალურად უნდა მოიხადოს, 3 წელი კი, ჩაეთვალა პირობით. მსჯავრდებულს მოსამართლემ ასევე შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 საათის ოდენობით.

მოსამართლე ციცინო მოსიძეს კი, კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცებია მსგავს საქმეზე – ამ შემთხვევაში სრულწლოვანი კ.ფ. 14 წლის გოგოსთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მასთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა.

ამ განაჩენშიც შეგხვდებათ ჩანაწერი: „სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე…“ – ანუ ზუსტად იგივე, რასაც, მაგალითად, ეს მოსამართლე „12 წლის მოზარდის საქმის“ განაჩენში წერდა.

ამ შემთხვევაში ბრალდებული ნასამართლევიც ყოფილა ქურდობისთვის და პირობითი მსჯავრის ქვეშ.

„ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ.ფ.-სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე.

კანონის მიხედვით, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული შეთანხმება.

ზღაპრის წიგნის გამო სულაკაურის გამომცემლობას მიუვარდნენ

სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები ლგბტქ პროპაგანდაში დაადანაშაულა. შემთხვევა 27 ივნისს მოხდა თბილისში. გამომცემლობამ პოლიციას მიმართა.

რადიკალურად განწყობილი ქალები გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ.

გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და ღიად ახალისებს ძალადობას განსხვავებული ადამიანების მისამართით.

„საუბარია, „წითელქუდას“ ავტორის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ ვთარგმნეთ და გამოვეცით.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე-17 საუკუნის ზღაპარზე მომიწევდა კომენტარის გაკეთება. გაყიდვაშიც კი აღარ არის ეს წიგნები, ამოყიდულია საერთოდ და თუ მაშინ არ გამოუწვევია ამ წიგნებს მსგავსი კითხვები, ახლა რაშია ხომ საქმე, ალბათ ვიკითხავთ.

რა ლგბტქ პროპაგანდა შეიძლება იყოს მე-17 საუკუნის ზღაპარში? ხომ ვიცით, რომ ესეც რუსული პროპაგანდის მოგონილია, რადგან შეუძლებელია პროპაგანდით ადამიანმა სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

მისი თქმით, ვისაც ელემენტარული განათლება მაინც აქვს, შეუძლებელია დაიჯეროს ასეთი სისულელე, თუმცა პროპაგანდა საზოგადოების რაღაც ნაწილზე მაინც ახდენს გავლენას.

„ამ ლოგიკით, მაშინ ქართული ხალხური ზღაპრებიც არ უნდა წავიკითხოთ, სადაც წერია, რომ მუცელი უნდა გაუფატრო, დევს თავი მოაჭრა და ასე შემდეგ.

მაშინ „ვეფხისტყაოსანიც“ ავკრძალოთ და ამოვიღოთ სასწავლო პროგრამიდან. იქ რაც ხდება, ის მისაღებია მათთვის? თუ ამ ლოგიკას მივყვებით. ან „შუშანიკის წამება“ არ არის ძალადობა ქალების მიმართ?

ვინც კითხულობს საერთოდ მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურას, ყველამ იცის, რომ ზღაპარია, ფიქციაა თუ დოკუმენტური ამბავი, ეს ყველაფერი სხვა საშუალებითაც შეიძლება წაიკითხოს ადამიანმა, თუნდაც ინტერნეტში.

უამრავ წიგნს ვთარგმნით, რომელიც აქტუალური და პოპულარულია მსოფლიოში და შესაძლოა ნაწარმოებში რომელიმე პერსონაჟი იყოს ან გეი, ან სხვა ორიენტაციის, რადგან ეს ადამიანები რეალურად არსებობენ. რა ვქნათ, პერსონაჟებს ცენზურა დავადოთ წიგნში?“ – ამბობს თინა მამულაშვილი.

მეორე წიგნი – „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგოებისთვის“, რომელსაც ერთ-ერთი ქალი პროპაგანდისტულს უწოდებდა, დოკუმენტურია. სულაკაურის გამომცემლობამ წიგნი ექვსი წლის წინ გამოსცა და დღეს არც ეს წიგნია გაყიდვაში.

„წიგნში შესულია რეალური ისტორიები ცნობილ მეცნიერ, კოსმონავტ, ლიდერ ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს ისტორია. ქალებზე, რომლებიც წავიდნენ დინების წინააღმდეგ და შეცვალეს დამოკიდებულება ქალების მიმართ. სუფრაჟისტები, თუნდაც.

ფემინისტური წიგნია ძალიან, რადგან ქალების როლსა და ქალების სიმამაცეზეა და ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ? რატომ არ საუბრობენ, მაგალითად, მარია კიურიზე, რომელიც ამავე წიგნშია?

ერთი ეპიზოდია მხოლოდ ადამიანზე, ბავშვზე, რომელიც თავის თავზე ამბობს, რომ შინაგანად თავს გრძნობს გოგოდ. არსად წერია, რომ მან სქესი შეიცვალა ან რაიმე მსგავსი. საუბარია იმაზე, რომ თავისი უფლებებისთვის იბრძოდა“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

უცნობი პირი სულაკაურის გამომცემლობაში

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ დასავლეთში ლგბტქ პროპაგანდა საბავშვო ბაღებშიც კი მიმდინარეობს და ამავე რიტორიკას აგრძელებენ პროსამთავრობო არხებიც.

თინა მამულაშვილიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ ძალადობრივი რიტორიკის გაგრძელებაა.

„ვხედავთ, რას ქადაგებენ, როგორ უწყობენ შუღლის გაღვივებას ხელს, როგორი აგრესია მოდის მათგან, ზუსტად ამ ნარატივში ჯდება ამ ქალების აქ მოვარდნაც. ცდილობენ, რაღაც გაუგებრობაში შეიყვანონ ადამიანები.

ან დასავლეთში რომელ ბაღში ნახა (ღარიბაშვილმა) ლგბტ პროპაგანდა, მისულა საერთოდ ბაღში დასავლეთში?

ან ის, რომ პარლამენტარები პირდაპირ მოუწოდებენ ხალხს ძალადობისკენ, „თავ-პირს დავულეწავთ“, ვინც „რუსს“ დაგვიძახებსო, ეს ნორმალურია? ცხადია, რიგითი „ალტ-ინფოელი“ ამას მიიღებს ბრძანებად, რომ ასე მოიქცეს.

ამიტომ არის შემდეგ ლევან ბერძენიშვილზე თუ სხვა ადამიანებზე თავდასხმები ქუჩებში, რა დამოკიდებულებაა ეს?

ან რა შუაში არიან ჩემი თანამშრომლები ამ ყველაფერთან, მუშაობს ახალგაზრდა ბიჭი, მიდიან და რაღაც ქსენოფობიურ კითხვებს უსვამენ, რაღაცებს აბრალებენ ადამიანებს, ცილს სწამებენ. ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რისკენაც მოუწოდებს ხელისუფლება ამ ხალხს.

შემდეგ ეს აგრესია ვლინდება ქუჩაში, ვლინდება ცენზურის მოთხოვნაში და იმაში, რომ მოგივარდნენ აქ, გამომცემლობაში“, – გვეუბნება თინა მამულაშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მიდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, იქითკენ, რომ აიკრძალოს თავისუფალი აზრი, ადამიანებმა ვერ გამოხატონ ის, რისი გამოხატვაც უნდათ.

„ასე წვეთწვეთობით აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან აღარ ვართ მე-19-მე-20 საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში ვერც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავ და ვერც აზრისას. თუ ჩრდილოეთ კორეაში უნდათ ცხოვრება, მიბრძანდნენ. მე, პირადად, არ ვაპირებ ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრებას.

თუ მართლმადიდებელი დედები არიან, რის საფუძველზე აყენებენ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას, აძლევს მათი რწმენა ამის უფლებას?

რეალურად, ეს არის ბრძოლა ლიბერალიზმის წინააღმდეგ. მე კი მგონია, რომ დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრება გაცილებით საინტერესოა, რადგან ყველანაირი ადამიანისთვის მოიძებნება განვითარებისა და თვითგამოხატვის საშუალება. ირანისა და რუსეთის მაგალითზე ყველამ დავინახეთ, სადამდე მიდიან მათი მსგავსი სახელმწიფოები.

მე, პირადად, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, საბჭოთა კავშირი გავიარე და ეს უკვე აღარ მინდა. თუ ვინმეს აინტერესებს რა არის ტოტალიტარიზმი, ან ირანში გადავიდეს საცხოვრებლად, ან კორეაში, ან რუსეთში.

ახლახან ვნახეთ ირანში როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს და ციხეებში აგდებენ პროტესტის გამო. იქ გვინდა ჩვენ ცხოვრება, სადაც რელიგიური ლიდერები გვკარნახობენ, რა არის მისაღები და რა არა?! თუ სეკულარულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თვითგამოხატვა. საბოლო ჯამში ხომ ამას მოაქვს პროგრესი, რადგან როცა ადამიანი ვითარდება, სახელმწიფოც ვითარდება“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

მისი აზრით, ეს პროპაგანდა ალბათ ვერ იმუშავებს, თუმცა განათლების დონე რაც უფრო დაბალია ქვეყანაში, პროპაგანდისტული იარაღებით ადამიანების მანიპულირება გაცილებით ადვილია:

„ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უნდა წაიკითხონ ადამიანებმა, მეტი იმოგზაურონ, მეტად განათლებული უნდა იყოს საზოგადოება, შეეძლოთ ადამიანებს კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა, რომ ბრმად არ გადაყლაპონ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც აქტიურად აწვდის პროპაგანდისტული მედია“.

თიბისისთან პარტნიორობით ბათუმში თანამედროვე ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ ბათუმში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა „ჩემი მეგობარი“ გახსნეს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურეობას უწევენ ოთხფეხა მეგობრებს. ბიზნესი 3 წლის წინ, პანდემიის პერიოდში, სპონტანურად, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ახლა უკვე „ჩემი მეგობარი“ ბათუმში 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

კლინიკის თანადამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ჩვენი დაინტერესება ვეტერინარიით ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. ვმუშაობდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, მე გახლდით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თემო დირექტორი. ერთხელ, უცხოეთიდან დაბრუნებულებს თანამშრომლებმა საჩუქრად ორი ლაბრადორის ლეკვი დაგვახვედრეს. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გვექნა ორივესთვის, გაჩნდა გარკვეული საჭიროებები, რომელთა შესაბამისი მომსახურება ჩვენს ქალაქში არ იყო.

გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ხალისით მოემსახურებიან შინაურ ცხოველებს და მათ პატრონებს. ვფიქრობდით ცხოველების სასტუმროზეც, თუმცა საბოლოოდ ვეტერინარული კლინიკის გაკეთება გადაწყდა. არანაირი გამოცდილება არ გვქონდა ამ სფეროში, მე განათლებით რეჟისორი ვარ, ჩემი მეგობარი კი ფინანსისტია. თუმცა ამას არ დავუბრკოლებივართ, ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში.

მინიმალური საწყისი კაპიტალით და ერთი პატარა კაბინეტით დავიწყეთ, სადაც ხარისხიან მომსახურებას ვუწევდით მომხმარებლებს. წელს კი თიბისის მხარდაჭერით, გავხსენით კლინიკა და სამი მაღაზია, სადაც შეიძლება შინაური ცხოველისთვის საჭირო საკვები, წამლები თუ სხვადასხვა აქსესუარები შეიძინოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძელით ისეთი სამედიცინო ტექნიკის შემოტანა, როგორიც აქამდე ბათუმში არ ყოფილა ხელმისაწვდომი, რენტგენის აპარატით დაწყებული დამთავრებული ექოსკოპიის, ანესთეზიის და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით. 

ასე იქცა ეს პატარა ვეტერინალური მომსახურების კაბინეტი მაღალტექნოლოგიურ ცენტრად, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, რომლებიც სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. პირადად მე შევიცვალე პროფესია და შევისწავლე ანესთეზიოლოგია და დღეს უკვე ანესთეზიოლოგად ვმუშაობ. გვყავს ძალიან გამოცდილი ვეტერინარი და ქირურგი ირაკლი თეჯოიანი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, საქართველოში პირველად, დავნერგოთ კატარაქტის ოპერაცია.

ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მიუსაფარი ცხოველებისადმი, შეფარებული გვყავს რამდენიმე მათგანი და კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციებს უსასყიდლოდ ვუტარებთ.

მთელ სულს და გულს ვდებთ ამ საქმეში და სამომავლოდ გვინდა ისეთი სერვისები შემოვიტანოთ საქართველოში, რაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ვეტერინარიაში.“

რეაბილიტაცია ინფარქტის შემდეგ – ექიმის რჩევები

გულის შეტევის, იგივე ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ცხოვრების ახალ, ჯანსაღ წესთან შეგუებაა. ამ პროცესის მთავარი კომპონენტებია თამბაქოზე თავის დანებება, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, თუმცა ეს უკანასკნელი ეტაპობრივად უნდა მოხდეს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) თანახმად, ადამიანებს, რომლებიც გულის შეტევის შემდეგ რეგულარულად ვარჯიშობენ და იღებენ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სხვა ზომებს, შეუძლიათ იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჰქონდეთ ცხოვრების უკეთესი ხარისხი.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინტერვენციული კარდიოლოგი ტატო ჯახია განმარტავს, რომ ისეთი მსუბუქი და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, როგორიცაა: სიარული, ძუნძული და სხვა მსუბუქი ვარჯიში დღეში 30-60 წუთის განმავლობაში, რეკომენდებულია გულის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის. 

  • სიმძიმის აწევა

კარდიოლოგი ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები ინფარქტის შემდეგ სიმძიმის აწევასთან დაკავშირებით არ არსებობს და სანამ პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ამა თუ იმ ფიზიკური აქტივობის შესრულებისას, მანამ შეუძლია ეს აქტივობა განახორციელოს.

„გააჩნია პაციენტის ზოგად მდგომარეობას, როგორი სისხლძარღვები აქვს, რა თანმხლები დაავადებები აქვს. თუ ადამიანს შეუძლია შეასრულოს კონკრეტული დატვირთვა, იქნება ეს სიმძიმის აწევა თუ სხვა ფიზიკური დატვირთვა და ამას არ მოჰყვება სტენოკარდიული შეტევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში ან სხვა დისკომფორტი, ჩვეულებრივ შეუძლია შეასრულოს ეს დატვირთვა“ – ამბობს ის. 

ავსტრალიის გულის ეროვნული ასოციაცია: მძიმე ნივთების აწევისას ან ამ ტიპის ვარჯიშების გაკეთებისას, თქვენ უნდა სუნთქავდეთ ნორმალურად. არასოდეს შეიკავოთ სუნთქვა, როცა აწევთ სიმძიმეს, თუნდაც შედარებით მსუბუქს. სიმძიმის აწევამ შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა.

  • როგორ გავიგოთ ზომიერია თუ არა ეს ფიზიკური აქტივობა ჩვენთვის

„თუ პაციენტს მძიმე სისხლძარღვოვანი პრობლემები აქვს, ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ და ვაფრთხილებთ, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვები არ შეასრულოს, მაგრამ მსუბუქი ან ზომიერი ფიზიკური დატვირთა, როგორიცაა სიარული, სეირნობა, თუ შეუძლია – ძუნძული, პირიქით, რეკომენდებულია.

მძიმე სისხლძარღვოვანი პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ინტენსიურმა ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა გამოიწვიოს სტენოკარდიული შეტევა. სტენოკარდიული შეტევა ეს არის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც გაშლილია მთელ ზედაპირზე, მხრებსა და ხელებში გადასვლით, მარცხენა ბეჭქვეშა არეში გადასვლით. 

თუ აქტივობის დროს პაციენტს აქვს – ძლიერი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა ან ტკივილი გულ-მკერდზე, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა გაჩერდეს“ – ამბობს ტატო ჯახია. 

  • რატომ უნდა დაანებოთ თავი მოწევას

კარდიოლოგი ამბობს, რომ გულის შეტევის შემდეგ თამბაქოსთვის თავის დანებებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადებებისგან ადრეული სიკვდილის რისკი – ის ასევე შეამცირებს გულის განმეორებითი შეტევის რისკს. 

„ეს არის პროცესი, რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს არცერთი ადამიანისთვის, პირიქით, ეს არის ერთ-ერთი პირველი მტერი სისხლძარღვებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გაუკეთოს საკუთარ თავს. 

თამბაქოს მოწევა ყველა ორგანოს უქმნის პრობლემას, იქნება ეს ფილტვები, გული, კუჭ-ნაწლავის სისტემა თუ პერიფერიული სისხლძარღვები, რადგან  ვიცით, რომ ყველა ორგანო იკვებება არტერიული სისხლძარღვებით, თამბაქო კი აზიანებს ამ სისხლძარღვებს“ – ამბობს ტატო ჯახია.

ავსტრალიის გულის ეროვნული ასოციაცია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ მოწევისთვის თავის დანებებამ შეიძლება შეამციროს გულის შეტევის რისკი 50%-ით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებმაც კვლავ დაიწყეს მოწევა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სამჯერ უფრო მეტია სიკვდილის ალბათობა ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვინც წარმატებით დატოვა მოწევა.

  • როგორი უნდა იყოს კვება

ჭარბი წონა და ქოლესტერინის მაღალი დონე გულის დაავადების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. კარდიოლოგი განმარტავს, რომ ასეთი პაციენტების კვების რაციონში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს არაჯანსაღი ცხიმი.

„ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მომზადებული საკვები, ყველაზე საზიანოა ტაფაზე შემწვარი საკვები, რაც არ უნდა იყოს ეს – ხორცი, კარტოფილი და ა.შ.“ – ამბობს ტატო ჯახია.

  • მარილის მოხმარება

კარდიოლოგი განმარტავს, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ზრდის არტერიული წნევის განვითარების რისკს, რომელიც, თავის მხრივ, ინსულტის, თირკმლისა და  გულის დაავადებების განვითარების რისკფაქტორია, ამიტომ მისი რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური დოზა 5 გრამს [1 ჩაის კოვზზე ნაკლები] არ უნდა აღემატებოდეს. ბავშვებისთვის კი ის კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს.
ჯანმო: საქართველოში მარილის საშუალო მოხმარება ჯამში 17-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დოზას, ცალკეულად კაცებში კი, რომელთაც გულის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ, 2-ჯერ.
_____________________________

აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ზოგადი  მითითებები, ინფარქტის შემდეგ ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით:

  • სიარული საუკეთესო აქტივობაა, გამოჯანმრთელების პროცესში.
  • დასაწყისისთვის, რამდენიმე კვირის განმავლობაში იარეთ ბრტყელ ადგილზე.
  • რამდენიმე კვირის შემდეგ, შეგიძლიათ სცადოთ ველოსიპედით სიარული.
  • ესაუბრეთ თქვენს ექიმს ფიზიკური დატვირთვის უსაფრთხო დონის შესახებ.

 

„ჩვენები მძიმე ბრძოლაში გლეჯენ მტერს ყოველ მეტრ მიწას“ – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლაა 1300 მეტრით, კლიშივკას მიმართულებით – 1200 მეტრით, ხოლო კურდიუმივკას მიმართულებით – 1500 მეტრით – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი წერს ტელეგრამზე.

„ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით.

ჩვენები „გლეჯენ“ მტერს მიწის ყოველ მეტრს მძიმე ბრძოლაში. წარმატებულად.

ამავდროულად, მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანსკის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებით. წარუმატებლად.

მტერს ვანადგურებთ ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიმართულებით“ – წერს ანა მალიარი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ბახმუტის მიმართულებით ისევ გრძელდება სასტიკი ბრძოლები.

ამავე თემაზე: 

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთს წაართვა სტრატეგიული ინიციატივა – რა ხდება ბახმუტის ფრონტზე

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთს წაართვა სტრატეგიული ინიციატივა – რა ხდება ბახმუტის ფრონტზე

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს წაართვეს სტრატეგიული ინიციატივა – ისინი ახორციელებენ შეტევას ფართო ფრონტზე – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმა ანდრეი კოვალევმა „ტელემარეთონის“ ეთერში განაცხადა – წერს უკრაინული მედია.

კოვალევმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ზეწოლას მტერზე, ატოვებინებენ მიტაცებულ ხაზებს და მაგრდებიან ადგილზე.

მისივე თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება და რუსეთის საოკუპაციო ძალებს აქვთ პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის უზარმაზარ დანაკარგი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, კლესჩიევკას მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ჯამურად 1200 მეტრით დაწინაურდნენ, ხოლო კურდიუმივკას მიმართულებით – 1500 მეტრზე.

უკრაინის გენერალური შტაბის 29 ივნისის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მიმართულებით რუსები უშედეგოდ მიიწევდნენ ორეხოვო-ვასილევკას, ბოგდანოვკასა და ბელაია გორას მიმართულებით.

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ, 28 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება ფრონტზე და წინ მიიწევენ.

რა ხდება, თუ აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდაზე ვერ მივიდა – ცვლილება ბრძანებაში

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში, რომლის მიხედვით, ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
  • ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
  • დაუძლეველი ძალის გამო.

სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირებაზე გამოუცხადებელმა აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

„თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარადგინოს დასაბუთებული განცხადება და არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, – ნათქვამია ბრძანებაში.

დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანის ფაქტები საზღვარზე – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, ძვირფასეულობა ბრალდებულის მიერ გადმოტანილ იქნა სხეულზე მიმაგრებული სახით.

ჯამში ამოღებულია 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 52 968 ლარს.“ – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 227 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 4 038 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 857 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 4 116 ერთეული [+27]
  • MLRS – 627 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 388 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 513 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 261 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 780 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 569 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 823 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 402 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 133 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 269 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 276 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთს წაართვა სტრატეგიული ინიციატივა – რა ხდება ბახმუტის ფრონტზე

ხელოვნური კუნძულის საჯარო განხილვა და დოკუმენტები, რომლებსაც მერია მალავს

ბათუმის მერია გვატყობინებს, რომ 2023 წლის 13 ივლისს, 13:00 საათზე, ბათუმის მერიის შენობაში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის პროექტის განხილვაა დანიშნული. საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა, ნებისმიერ პირს შეუძლია.

ამ განცხადებას ბათუმის მერია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

მერია ასევე წერს:

„წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge . შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას უნდა მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო.

ამასთან, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში“.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

ეს განცხადება საჯარო გაცნობისთვის ბათუმის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ოღონდ არა განცხადებების ნაწილში, არამედ რუბრიკაში – „საჯარო განხილვა“. არადა, განცხადებები ბევრად უფრო ხილვადია. ინფორმაცია ხელოვნური კუნძულის პროექტის განხილვის შესახებ არც მერიის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული, მიუხედავად იმისა, რომ მერიის გვერდზე, ფეისბუქზე, თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება მერიის სიახლეები.

გარდა ამისა, განცხადებაში მითითებული არ არის, სად უნდა ვიპოვოთ პროექტი, რომ მას გავეცნოთ.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია სკოპინგის [სკოპინგი – პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშები, რაც ითვალისწინებს შესაბამის კვლევებს] ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშების წარდგენის ვალდებულების შესახებ, ის ხელოვნურ კუნძულთან დაკავშირებული დოკუმენტების პოვნას და მის გაცნობას ვერ შეძლებს.

თუ პროექტი საჯარო არ არის, შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულმა პირებმა რაზე უნდა წარადგინონ? – რაც შეეხება სკოპინგის დოკუმენტს, მერიას შეეძლო მინიმუმ ლინკი მიეთითებინა – სად დევს გარემოს დაცვითი შეფასება, თუმცა, როგორც ჩანს, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ამჯერადაც მოვალეობის მოხდით შემოიფარგლა, მერე დაინტერესებულ პირებს რომ უთხრას: „როგორ არა, გამოქვეყნებული მქონდა, შესულიყავით და გენახათ“.

მერიას საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზიც ადანაშაულებს. მან ამასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 27 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა და დახმარება საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა:

„3 თვეზე მეტია ოფიციალურად გამოთხოვილი მაქვს საჯარო ინფორმაცია და არ მაძლევენ“.

ამავე სხდომაზე ორი სამშენებლო პროექტის დეტალური გეგმა და ერთი პროექტის კონცეფცია დაამტკიცეს. საკრებულოს ვებგვერდზე ამ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ დადგენილების პროექტები და განმარტებითი ბარათები ახლდა, კონცეფცია და გენგეგმები კი თანდართული არ ყოფილა.

ამ პრობლემაზე საკითხების მომხსენებელს მერიის ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსს საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემაც მიმართა სხდომაზე:

„მეუბნებიან, რომ გენგეგმები და კონცეფციები ატვირთული არ არის“.

მოგვიანებით მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დოკუმენტები მერიის ვეგვერდზეა ატვირთული, ამის დასადასტურებლად კი ჩამონათვალი კომპიუტერის დესკტოპზეც გვაჩვენეს. თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალია, დოკუმენტების სათაურები არის, თუმცა მათ გაცნობას მაინც ვერ შეძლებთ, ბმულებზე დაკლიკებისთანავე გადადიხართ სხვა ველზე, სადაც კითხულობთ, რომ დოკუმენტებზე წვდომა უნდა მოითხოვოთ.

წვდომას კი არავინ მოგცემთ და არც იმაზე გიპასუხებთ, რატომ ხდება ასე.

როდის დასრულდება შარტავას გამზირზე სამუშაოები, რაშიც 23,8 მილიონი ლარი იხარჯება

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება.

„ბათუმელები“ ამჯერად დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა სამუშაოები დროულად, როდის დასრულდება და რა თანხა იხარჯება პროექტში, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტი, მთლიანობაში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობეს.

ფონდიდან 2023 წლის 27 ივნისს მოგვწერეს, რომ 2022 წელს გათვალისწინებული იყო პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულება და დასრულდა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, დასრულების ვადა 2023 წლის 31 დეკემბერია. ანუ სკვერი [ბაგრატიონის ქუჩიდან მოცეკვავე შადრევნებამდე], თავისი საფეხმავლო ხიდებით, ახალ წლამდე უნდა გაიხსნას.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებისა და ხიდების მშენებლობისთვის 2 კონტრაქტია გაფორმებული, ჯამში 23 მილიონ 815 ათას 132 ლარზე.

ფონდისავე ინფორმაციით, ამ თანხიდან უკვე დახარჯულია 17 მილიონ 985 ათას 570 ლარი.

გმირთა ხეივანი ჟიული შარტავას მემორიალთან / აქ საფეხმავლო ხიდები აშენდება, რომლებიც ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. სამუშაოების დასრულებამდე კი მხოლოდ 6 თვეა დარჩენილი / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
ხეები, რომლებიც რატომღაც აღარ დაურგავთ და ხმება / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
მშენებარე საფეხმავლო ხიდი არკის ქვეშ აბუსერიძისა და შარტავას კვეთაში / ბათუმი, 27.06.2023

შარტავას გამზირზე სამუშაოებს „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს.

ამ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის ღირებულება, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოგვწერეს, ჯამში 21 977 912 ლარი იყო და კონტრაქტი მოიცავდა ბათუმში [შარტავას გამზირი], ქობულეთში, ხელვაჩაურში, შუახევში, ხულოსა და ქედაში პროექტირება/მშენებლობას.

„პროექტი დასრულდა ვადებში [31.12.2022] და ბათუმის ლოკაციაზე დაიხარჯა 7 315 132 ლარი. რაც მოიცავდა ბათუმში, გმირთა ხეივანში მწვანე კორიდორისა და საფეხმავლო ხიდის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას“, – მოგვწერეს ფონდიდან 2023 წლის 27 ივნისს.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა შარტავას და შერიფ ხიმშიაშვილის კვეთაში [მოცეკვავე შადრევნებთან] / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
საფეხმავლო ხიდის მშენებლობა შარტავას და შერიფ ხიმშიაშვილის კვეთაში [მოცეკვავე შადრევნებთან] / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
რაც შეეხება 2 პარალელურ ხიდს, რომლებიც იუსტიციის სახლის მიმდებარედ უნდა ააშენონ და რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს – კონტრაქტი გაფორმებულია ამხანაგობა „მეგობრობის ხიდთან“. ამ ამხანაგობაში კი, შპს „საბა კონსტრაქშენიც“ შედის.

„რაც შეეხება მოცემულ პროექტს. კონტრაქტი გაფორმდა 16 500 000 ლარზე. ამ კონტრაქტით პროექტის დასრულების ვადაა – 31.12.2023. ამ ეტაპზე კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 10 670 438 ლარია.

მოცემული პროექტი წარმოადგენს ქალაქ ბათუმში გმირთა ხეივნისა და არდაგანის ტბასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების პროექტირება/მშენებლობის მეორე ეტაპს“, – მოგვწერეს ფონდიდან 2023 წლის 27 ივნისს.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა შარტავას და აბუსერიძის კვეთაში [სტადიონთან] / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
ხეივანი შარტავას გამზირზე, რომელიც გახსნილია [პუშკინის კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში], თუმცა ინფრასტრუქტურა მოუწყობელია / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
ხეივანი შარტავას გამზირზე, რომელიც გახსნილია [პუშკინის კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში] / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
შარტავას გამზირზე ხეივნის [სასეირნო ბილიკის] ერთი ნაწილი უკვე გახსნილია [პუშკინის კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში], თუმცა ინფრასტრუქტურა მოუწყობელია – აქ მხოლოდ რამდენიმე სკამი და ნაგვის ურნა დგას, არ არის განათება, დაუმთავრებელია გამწვანების სამუშაოები.

გახსნილ ხეივანში ნათურა მხოლოდ განათების ამ ერთ ბოძზეა. განათება ჩართული არ არის. ბოძის კონსტრუქციიდან გამომდინარე კი, როგორ შეფუთავენ იმ ღია ელექტროკაბელებს, რაც ბოძის ძირშია, ჩვენთვის უცნობია / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023

ხეივანი შარტავას გამზირზე, რომელიც გახსნილია [პუშკინის კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში] – აქ რამდენიმე სკამი და ნაგვის ურნა დგას, არ არის განათება, დაუმთავრებელია გამწვანების სამუშაოები / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
ხეივანი შარტავას გამზირზე, რომელიც გახსნილია [პუშკინის კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში], თუმცა ინფრასტრუქტურა მოუწყობელია – დაუმთავრებელია გამწვანების სამუშაოებიც / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023

შარტავას გამზირზე სასეირნო ბილიკზე ბეტონის საფარი მთლიანად აყარეს ბაგრატიონის ქუჩიდან ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. თავის დროზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქვაფენილი ამორტიზებული იყო. / ფოტოზე ახალდაგებული ბეტონის საფარია, რომელიც უკვე დაზიანებულია / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023
ასე სრულდება ხეივანი ბაგრატიონის ქუჩასთან მდებარე წრიულთან. აქ არც ზებრა გადასასვლელია, არც ტროტუარი და ხეივანი ჯერ დროებით გადაღობილია. რას გადაწყვეტენ აქ უსაფრთხოების კუთხით, ჩვენთვის ესეც უცნობია / ბათუმი, შარტავას გამზირი / 27.06.2023

სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაგრატიონის ქუჩის წრიულიდან არდაგანის ტბამდე ფეხით ისე მიხვალთ, რომ ზებრაზე მხოლოდ პუშკინისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში გადახვალთ.

ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე კი ადაპტირებული საფეხმავლო ხიდები იქნება [არდაგანის ტბასთან სპეციალურ ლიფტებსაც მოაწყობენ].

ამავე თემაზე:

საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები

„დასაქმებულები“ წყალსადენზე არასდროს მინახავს – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასის მითვისების საქმეზე

დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების გამოკითხვა დაასრულა ხელვაჩაურში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“

ამ საქმეზე დასაკითხი მხოლოდ ბრალდებული დარჩა – ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს ჩვენების მიცემა სურს, თუმცა დღევანდელ პროცესზე, სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით, მისი მოსმენა გადაიდო.

„მოხალისეები გვეხმარებოდნენ მხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობა“, – ერთ-ერთი ოპერატორ-დეზინფექტორის, ამირან ცინარიძის ჩვენება წაუკითხა დღევანდელ სხდომაზე პროკურომა თორნიკე გოგეშვილმა მოსამართლეს იმის საილუსტრაციოდ, რომ კონკრეტულ წყალსადენზე 22 ადამიანი ფიქციურად იყო დასაქმებული.

ამირან ცინარიძე ხელვაჩაურში, სოფელ წინსვლაში მუშაობს წყალსადენზე და რეზერვუარსაც ასუფთავებს. მან ჩვენება პროკურატურას მისცა, თუმცა სასამართლოში მისი წარმოდგენა ვერ მოხერხდა.

„მას დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვერ ვუკავშირდებით“, – მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. პროკურორმა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის ნებართვა მიიღო.

მოწმე ამირან ცინარიძის თქმით, წყლის რეზერვუარს მხოლოდ ორი ადამიანი უვლიდა, ფორსმაჟორში კი, მათ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდა უსასყიდლოდ.

მოწმემ უარყო წინსვლის წყალსადენზე 22 ადამიანის მუშაობა. მისთვის პროკურორს კონკრეტული სახელები და გვარები დაუსახელებია, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები იყო გაფორმებული. მოწმეს უთქვამს, რომ „დასაქმებულები“ წყალსადენთან არასდროს უნახავს.

იმავე მოწმეს პროკურატურისთვის მოუყოლია, რომ სოფელ ყოროლისთავში წყლის ახალი მილის მოწყობა და შედუღება ტენდერის გარეშე შესრულდა, ვლადიმერ მიქელაძის დავალებით.

„1800 ლარი სამმა ადამიანმა გავინაწილეთ, ასევე 300 ლარამდე პროდუქტი გამოვიტანეთ სურსათის მაღაზიიდან…“, – წაიკითხა პროკურორმა მოწმის ჩვენებიდან.

ამ საქმეზე გამოსაკითხი იყვნენ გამომძიებლებიც, თუმცა პროკურორმა ისინი მოწმეთა სიიდან ამოიღო.

რა ხდება სხვა პირების, მათ შორის, ხელვაჩაურის ყოფილი მერის პასუხისგების კუთხით? – პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ „გამოძიება გრძელდება“.

———————-

ვლადიმერ [დავით] მიქელაძე „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და მას გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება – 520 920 ლარი.

ვლადიმერ მიქელაძეს ბრალი აქვს ასევე წარდგენილი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების კუთხით.

20 ივნისს ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერმა მისცა. სასამართლო სხდომის „ბათუმელებში“ გაშუქების შემდეგ, თანამდებობა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ -კახაბერ ფუტკარაძემ დატოვა. მოსამართლეს მოწმეებმა უთხრეს, რომ „ხელვაჩაურის წყალს“ კახაბერ ფუტკარაძე კურატორობდა, მისი შვილი კი, ათეულობით სხვა ადამიანის მსგავსად, ფიქციურად იყო დასაქმებული დავით მიქელაძის დირექტორობის დროს.

„ბათუმელებში“ რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ ხელვაჩაურის მერის მოადგილის პოზიცია დატოვა კახაბერ ფუტკარაძემ, თანამდებობა დატოვა ასევე ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა – ჯუმბერ ვარდმანიძემ. ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველი იყო.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

ცემა ქუჩებში პატრიარქის სახელით – რას ამბობენ საპატრიარქოში

ბოლო დღეებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ქუჩებში ცემა დაიწყეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს მიშა მშვილდაძეს, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელს ზურაბ ჯაფარიძეს, ენმ-ს სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს. თავს დაესხნენ ლევან ბერძენიშვილს.

მანამდე კი ქვები დაუშინეს ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს და  სტუდენტებს სცემეს თსუ-ში.

თავდამსხმელები ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს ზურგიდან ეპარებიან და ისე ურტყამენ. დავით ოსიყმიშვილს კი ისე სცემეს, რომ კლინიკაში მოხვდა, მას სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

მოძალადეები თავდასხმის მიზეზად ძირითადად პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფას ასახელებენ.

პირები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკოსებს თავს დაესხნენ და შემდეგ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერეს

ასე იყო, მაგალითად, მიშა მშვილდაძისა და ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში.

„დასწავლილი ფრაზა დაიძახეს, რომ პატრიარქს ვაგინებ. არ შემიგინებია პატრიარქისთვის, ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, პატრიარქისთვის მე არ მიგინებია“, – ამბობს მიშა მშვილდაძე მედიასთან.

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ პირველად მისი პარტიის წევრმა, ანა ყურაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია. სწორედ ის წერდა, რომ თავდამსხმელმა ძალადობის დროს პატრიარქის სახელი ახსენა.

„პატრიარქზე როგორ ლაპარაკობო და დაარტყა“, – წერდა ანა ყურაშვილი.

ჯაფარიძესა და მშვილდაძეზე თავდამსხმელებმა ფეისბუქზე  აღიარების იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს, სადაც ამბობენ, რომ ჯაფარიძე და მშვილდაძე „ჩვენი შვილების გარყვნისთვის, პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის იცემა“.

რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს, მას რუსთაველზე ერთი მოქალაქე მიუახლოვდა და დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

„დამინახა თუ არა, ერეკლეს დაცვა და დედის გინება დამიწყო. მომზადებული იყო, ლექსიკის მიხედვით წაიდუდუნებდა. კვერცხი ჰქონდა ჯიბეში, თურმე ასე დადიან მოქალაქეები, ჯიბეში კვერცხით“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ძალადობრივი ჯგუფები ცოტა ხნის წინ ბაკურიანში ქვებით მიუვარდნენ ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე მოზარდებს. მაშინ თავდამსხმელები ლგბტ პროპაგანდას იყენებდნენ თავდასხმის მოტივად.

უფრო ადრე კი, სტუდენტებს სცემეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებმაც ირაკლი კობახიძის პრორუსული განცხადებები გააპროტესტეს და მას რუსული რუბლები დააყარეს თავზე.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კლინიკაში იარაღითაც კი მიაკითხა ნაცემ სტუდენტს.

მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები არაერთი პირი ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად ახალისებს ძალადობას.

მაგალითად, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარიამ ღიად დააანონსა ფიზიკური ძალადობა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მათ „რუსს“ დაუძახებს.

„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს“, – განაცხადა მან პარლამენტში.

ძალადობისკენ ამ მოწოდებას იწონებს და ახალისებს მისივე კოლეგა „ოცნებიდან“ ნინო წილოსანი. ქალი დეპუტატის თქმით, დარწმუნებულია, რომ ოდიშარია და მდინარაძე ამ დანაპირებს აუცილებლად შეასრულებენ.

ოდიშარიასა და წილოსანს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ მოწოდებების შემდეგ ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ქუჩებში მათთვის მიუღებელ ადამიანებს და არის თუ არა მათი განცხადებები ძალადობის წახალისება?

კითხვებს „ოცნების“ დეპუტატებმა არ უპასუხეს.

ვინც ძალადობას აქტიურად ახალისებს „ქართული ოცნებიდან“, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

„არ დავგმობ, პირიქით, წავახალისებ და ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ! ჩემი ოჯახის ამწიოკებელზე, ჩემი გუნდის წევრის გამლანძღველზე და შემგინებელზე ძალადობას არ დავგმობ“, – წერს სამხარაძე ფეისბუქში.

რადგან მოძალადეები პატრიარქისა და ეკლესიის სახელით სდევნიან ადამიანებს ქუჩებში, ჩვენ საპატრიარქოსაც ვკითხეთ, თუ რას ფიქრობენ პატრიარქის დაცვის მოტივით ქუჩებში ადამიანების ცემაზე და იცის თუ არა ამის შესახებ თავად პატრიარქმა?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პატრიარქმა ეს ამბები არ იცის. თუმცა ის საპატრიარქოს მხრიდან რაიმე ოფიციალური განცხადების გაკეთებას და ძალადობის ამ ფორმით დაგმობის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ძალადობას ყოველთვის ვემიჯნებით, მაგრამ… ყოველ ასეთ შემთხვევაზე კომენტარს ხომ ვერ გავაკეთებთ. საპატრიარქო და პატრიარქი არასოდეს მოუწოდებს არავის ძალადობისკენ ჩვენდამი შეურაცხყოფის საპასუხოდ, მაგრამ თვითონ საპატრიარქოს მიმართ ძალიან უხამსი და ინტენსიური შეურაცხყოფები ისმის.

ამიტომ ჩვენგან ამისი დაბალანსების მოთხოვნა პარალელურად, იმის მოთხოვნის გარეშე, რომ შეწყვიტონ საპატრიარქოზე ასეთი თავდასხმები და პატრიარქზე, მე მგონი, რომ არაფრისმომცემია“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ირიბად ემხრობით ამ ძალადობას? – ვკითხეთ მას. რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა:

„ასე რატომ მისვამთ შეკითხვას? მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ. როდესაც 4 500 გადაცემა აქვთ ტელევიზიებს გაკეთებული უხამსი და ნეგატიური საპატრიარქოს მიმართ და პატრიარქის მიმართ.“

შესაძლოა ყველას არ მოსწონდეს საპატრიარქო ან ხელისუფლება, ამიტომ მათი კრიტიკა  ამართლებს ადამიანების ქუჩაში ცემას? – ისევ ვკითხეთ მას.

ჯაღმაიძემ გვიპასუხა, რომ – „არა“. თუმცა დასძინა, რომ ამ პრობლემის პრევენცია უნდა მოხდეს იმ ხალხის მხრიდან, ვინც მათ აკრიტიკებს.

მას დაახლოებით ისეთივე პოზიცია აქვს ამ საკითხზე, როგორც ბექა ოდიშარიას, რომელიც ოპონენტებს ენაზე კბილის დაჭერისკენ მოუწოდებს.

„გამოსავალი არის, რომ ცოტა დააბალანსონ თავიანთი საუბრები და მოქალაქეები არ იქნებიან ასე გაღიზიანებული“, – გვითხრა მან.

ისევე როგორც საპატრიარქო, „ქართული ოცნებაც“ ამ შემთხვევაში ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს გაბრაზებული მოქალაქეები ესხმიან თავს ადამიანებს და ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული პროცესი.

„ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი ხოლმე და ყველა ადამიანს არ აქვს ერთნაირად მოთმენის საშუალება, როგორც ჩანს. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, თორემ ჩვენგან არ მოგისმენიათ მშვიდობაზე მოწოდება?

თუ ამ მოწოდებებს არ ითვალისწინებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი მოწოდება არის ერთი და მათი ლანძღვა საპატრიარქოს მიმართ არის ასი. ამიტომ შეუძლებელია ამის პრევენცია გავაკეთოთ.

თუმცა პატრიარქის სახელით ადამიანების დევნა არ შეიძლება, ეს გვაყენებს უხერხულ მდგომარეობაში“, – გვითხრა ჯაღმაიძემ.

მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ, ოფიციალურად მოუწოდოთ ამ ადამიანებს ძალადობის წინააღმდეგ? – ისევ ვკითხეთ მას, რაზეც ჯაღმაიძემ თქვა, რომ „ეკლესიის სახელით არ შეიძლება არავისი ცემა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ“, თუმცა დასძენს, რომ ამ თემაზე ოფიციალური განცხადების გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავს.

რატომ გააუქმა კლუბმა „სფერომ“ ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტი

დღეს, 28 ივნისს, კლუბმა „სფერომ“ ფეისბუქზე დაწერა, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძეს კონცერტი გაუუქმა, რომელიც 30 ივნისს იყო დაგეგმილი.

კლუბის განცხადებით, კონცერტის გაუქმების მიზეზი ნუცას აშშ-ში დაგეგმილი ტურნეა.

„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბ „სფეროს“ ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი.

30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.

ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.

უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს“, – წერს „სფერო“.

ერთი კვირის წინ ნუცა ბუზალაძე რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც კერძო წვეულებაზე კონცერტი გამართეს.

ვიდეოკადრებში ჩანდნენ სოსო პავლიაშვილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია, მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც მართავდა რუსეთში კონცერტებს და ღიად პრორუსი, საქართველოში კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი, კონსტანტინე მორგოშია.

ნუცა ბუზალაძის ამ გარემოცვაში ყოფნამ და მოსკოვში ვიზიტმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.

___________________

ამ თემაზე:

 

ვის უმღეროდნენ ნუცა ბუზალაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში

„არ ვიცით, ბოლოს როდის შემოწმდა ბულვარში საბავშვო ატრაქციონები“ – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი თეკლა კავაზაშვილი საბავშვო ატრაქციონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მერიისგან ინფორმაციას ისევ ითხოვს.

თუმცა უშედეგოდ.

„უკვე ზაფხულია, ძალიან ბევრი ბავშვია ბათუმში, დამსვენებელიც დაემატა და გაიზარდა მიმართვიანობა საბავშვო ატრაქციონებზე. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ტრაგედია და ის საშინელი შედეგი, რაც დადგა სტიქიის დროს ბათუმში, რამდენიმე თვის წინ. ვიცი, რომ კანონი არ არის მოწესრიგებული და არ არსებობს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც გვიკარნახებს, როგორ უნდა იყოს ეს ატრაქციონები გამართული“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ განმარტა, რომ, მისი აზრით, მოქმედი ატრაქციონების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ დასკვნები, რომ ისინი უსაფრთხო და გამართულია.

თეკლა კავაზაშვილმა საკრებულოს შესთავაზა, მიმართონ საქართველოს პარლამენტს, იმუშაოს კანონის ამ მიმართულებით მოწესრიგებაზე. ამას თავმჯდომარეც დაეთანხმა.

თეკლა კავაზაშვილმა მოითხოვა ასევე შემდეგ სხდომაზე ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის დასწრება: „იქნებ ამ საკითხზე ერთად ვიმუშაოთ“.

საკრებულოს წევრმა, თეკლა კავაზაშვილმა, მოგვიანებით „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ მერია, ფაქტობრივად, ვერ აწვდის ინფორმაციას საკრებულოს, რამდენად უსაფრთხოა საბავშვო ატრაქციონები ბათუმის ბულვარში:

„ამბობენ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, მაგრამ მოწმდება თუ არა, ამას ვერ გვეუბნება ვერავინ, ვერც მერია და ვერც ბულვარის ადმინისტრაცია. არც ის ვიცით, ბოლოს როდის შემოწმდა ატრაქციონები.“

იგივე მოთხოვნა რამდენიმე სხდომის წინ  საკრებულოს წევრმა „ლელოდან“ ვაჟა დარჩიამაც გაახმოვანა. მისი თქმით, მას ამ საკითხზე ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაც სურდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა და არც პასუხები აქვს მერიისგან.

ატრაქციონების უსაფრთხოების საკითხს „ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, მაღალი კონსტრუქციის მქონე ატრაქციონების შემოწმება წელიწადში ერთხელ ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.

„რაც შეეხება ბატუტს, ამასთან დაკავშირებით გეთანხმებით, უნდა შემუშავდეს წესები, რადგან ყველაზე რბილი ატრაქციონი იყო და აღმოჩნდა ტრაგიკული“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ „დაწყებულია შრომის უსაფრთხოების ინჟინრების გადამზადება – ყველა სამსახური ვალდებული იქნება ჰყავდეს ასეთი სპეციალისტი, ბევრ სამსახურში უკვე დანერგილია ასეთი შტატი.“

___

12 მარტს, გვიან ღამით, ბათუმის ბულვარში ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი ძლიერი ქარის გამო გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი მცირეწლოვანი ძმები დაშავდნენ, ერთ-ერთი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. მეორე ბავშვი კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.

პოლიციამ 1 პირი დააკავა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო,“ – განმარტეს შსს-ს განცხადებაში.

ბავშვის დაღუპვის შემდეგ „ბათუმელებმა“ შესაბამის უწყებებს წერილობით მიმართა იმის გასარკვევად, რამდენად უსაფრთხოა ბათუმის ბულვარში სხვა ატრაქციონები და შეამოწმეს თუ არა ეს ატრაქციონები საერთოდ. ყველა სამსახურმა ეს კითხვები უპასუხოდ დატოვა. უპასუხოდ რჩება ასევე კითხვა, რატომ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე მხოლოდ მისი მესაკუთრე პასუხისმგებელი და რატომ ტოვებს სახელმწიფო ბავშვის უსაფრთხოებას ბატუტის მფლობელის კეთილსინდისიერებაზე?

თუ მართლაც საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან, რატომ არ არის მისი შეცვლა პირველი რიგის ამოცანა, მაშინ, როცა უკანონო შენობების დაკანონებაზე კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო? – პასუხი ჯერჯერობით არც ამაზე გვაქვს

მახინჯაურში ტრაილერი ამოყირავდა, მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 28 ივნისს, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, გზაზე ტრაილერი ამოყირავდა.

შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში გვითხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.

გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილი არ არის. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

მახინჯაურში ტრაილერი ამოყირავდა / 28.06.2023

დღევანდელი შემთხვევის ადგილთან ახლოს, ოღონდ გზის მეორე მხარეს, დაახლოებით სამი თვის წინაც ამოყირავდა მანქანა, რომელსაც არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა:

ბათუმში სატვირთო მანქანა გადაყირავდა

ხვალ გაავდრდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 29 ივნისიდან პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ჭექა-ქუხილი, აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან სეტყვა.

30 ივნისს და პირველ ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს სააგენტო.

რაც შეეხება უშუალოდ აჭარას, მეტეოროლოგების ცნობით, 30 ივნისსა და პირველ ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ჭექა-ქუხილი.

დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

„სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული.

ვინაიდან მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობაზე არ ფიქსირდებოდა ბათუმის მერიისთვის მიმართვის ფაქტი, სასამართლომ ეს მოცემულობა არ ჩათვალა საკმარისად ამ ორი ჯგუფის შედარებისათვის დისკრიმინაციის გამოსაკვეთად.

უზენაესი სასამართლო ვიწროდ დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება,“ – აღნიშნულია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ორგანიზაციები მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

„უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ საფუძვლიანად შეაფასოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო გარემოება და ამაზე დაყრდნობით დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში რომელი ინტერესია უპირატესი – მუსლიმების რელიგიური ინტერესი თუ ადგილობრივ მცხოვრებთა საცხოვრებელი ინტერესი,“ – ვკითხულობთ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. – „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ მუსლიმთა უფლებების, არამედ, ზოგადად, თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით, რაც მომავალში საზიანო იქნება ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობისთვის.

მაგალითად, სასამართლომ თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მუსლიმები კი არიან არსებითად თანასწორნი, მაგრამ მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაზე არასდროს გაცემულა ზონალური შეთანხმება „საცხოვრებელ ზონა 6-ში“ ტაძრის აშენებისთვის და ეკლესიას არც არასდროს მიუმართავს მერისთვის ამ მოთხოვნით.

ამგვარი მსჯელობით უზენაესმა სასამართლომ სრულიად ჩამოაშორა საქმეს ის კონტექსტი, რომ მხოლოდ ფორმალურად ნებართვის გაცემა და არგაცემა კი არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ ერთი მხრივ, ერთი გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა, ხოლო სხვის მიერ მშენებლობის უნებართვო განხორციელების იგნორირება.

საკასაციო სასამართლომ კონტექსტის გაუთვალისწინებლად მოიშველია პრინციპი „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. თუმცა, არ იმსჯელა იმაზე, რომ ეს პრინციპი, შესაძლოა, სახელმწიფომ გამოიყენოს დისკრიმინაციის ლეგიტიმაციისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო შეეხო კონსტიტუციურ შეთანხმებასაც, როდესაც იმსჯელა ბათუმის კონკრეტულ ზონაში 7 მართლმადიდებელი ტაძრის უნებართვო მშენებლობაზე.

„უზენაესი სასამართლო ერთობ უცნაურ მსჯელობას ავითარებს. სასამართლოს არგუმენტად მოჰყავს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული”.

ამის საფუძველზე კი ასკვნის, რომ ბათუმის მერია შეზღუდულია სამართლებრივი ბერკეტით, რაიმე ზემოქმედება განახორციელოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არასწორად განმარტა. ეს დებულება, თავისი არსით, ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ უკანონო მშენებლობის განხორციელებისა და, შემდეგ, ლეგიტიმაციის უფლებას.

შეუძლებელია, კონსტიტუციური შეთანხმების მიზანი იყოს საკუთრების უფლების წინასწარი დადგენა სამომავლო და უკანონოდ მოპოვებულ/აშენებულ ქონებაზე.

ცალსახაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულიად სუბიექტური, მცდარი და რელიგიის თავისუფლების უფლების არსთან შეუთავსებელი ინტერპრეტაციები წარმოადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების და გამოყენებული საქმეების კონტექსტის შეცვლა, გარდა იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს, ეწინააღმდეგება, სეკულარული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს,“ – აღნიშნულია TDI-ის და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

—————————–

მუსლიმი თემი 2017 წლიდან ამ დრომდე სასამართლოში დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს,ასევე ბათუმის მერიის დავალდებულებას, მან მეჩეთის აშენებაზე ნებართვა გასცეს. ეს საკითხები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს.

„ამ გადაწყვეტილებით 7 წლის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო განხილვა და, შესაბამისად, მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევა, კვლავ განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივდება, რითაც ირღვევა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპი,“ –  მიიჩნევენ ორგანიზაციებში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ბათუმში მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებას მათ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა თემს ამის ნებართვას არ აძლევენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას დაუდგინა დისკრიმინაციული მოპყრობა მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა არ დაავალდებულა ნებართვის გაცემა.  სასამართლო ბათილად მიიჩნია ბათუმის მერიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიამ „ახალი მეჩეთის საქმეზე“ ხელახლა უნდა გასცეს ნებართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოს კი, არ გაუცია პასუხი კითხვაზე: რატომ არ განიხილა საქმე 2 წლის განმავლობაში?

რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

„ინტერნეტბიბლიოთეკა, შეკრების ადგილი ახალგაზრდებისთვის, უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. არის რაღაცები, რაც განსაკუთრებით გვჭირდება,“ – ასე უპასუხა მეათეკლასელმა ნინი დევაძემ კითხვას, რა სჭირდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სკოლის მოსწავლეებს.

სოფელში კულტურის სახლი დგას, თუმცა დაკეტილია და სარემონტო. ბავშვებს არ აქვთ სივრცე, სადაც სკოლის შემდეგ აქტივობებისთვის შეიკრიბებიან.

ლარისა ქოქოლაძე ახალშენის პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ის ერთ-ერთი იყო იმ მასწავლებლებს შორის, ვინც ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ CERN-ში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარა.

„ცერნიდან“ დაბრუნებულ მასწავლებელს უნდოდა პრაქტიკული გამოცდილება გაეზიარებინა მოსწავლეებისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

სკოლას ფიზიკის ლაბორატორია არ აქვს.

„ჩვენთან არ არის ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ის მოწყობილობები და ის ტექნოლოგიები, რაც მჭირდება  გაკვეთილზე.

ჩვენი ლაბორატორია ძალიან მოძველებულია. მე ამ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მოსწავლეობის პერიოდში შეძენილი, მოძველებული ხელსაწყოებია. ეს არ არის რესურსი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე სწავლების დროს.

უკეთესი იქნება, თუ რაიმე საშუალება გაჩნდება – ან დაგვაფინანსებენ, ან მოგვიტანენ ისეთ ლაბორატორიებს, როგორიც, მაგალითად, სხვა სკოლებს აქვთ,“ – ამბობს ლარისა ქოქოლაძე.

ფიზიკის მასწავლებელი ამბობს, რომ ლაბორატორიების არარსებობაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ საბუნებისმეტყველო საგნებით სულ უფრო ნაკლები ბავშვი ინტერესდება.

„თუკი მოსწავლეს ეცოდინება, რომ მაგალითად, ამ სკოლაში არის მაღალი ხარისხის ლაბორატორია, საჭირო ხელსაწყოები, შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმიტომ, რომ მოტივაცია უფრო მეტი ექნება ბავშვებს. მე ახლა ვაკვირდები, მეათე კლასში ელექტრობაზე ჰქონდა ბავშვებს გაკვეთილები და ჩემი ხელით რაღაც მოვაგროვე. რომ ჩავუტარე ასეთი გაკვეთილი, ბავშვები უფრო დაინტერესდნენ. რომ იყოს ასეთი საშუალებები და შეგვეძლოს ყველა კლასში რაღაც ლაბორატორიული მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება, ვფიქრობ, უკეთესი შედეგები გვექნება,“ – ამბობს ლარისა ქოქოლაძე.

რა სჭირდებათ მოსწავლეებს ახალშენის სკოლაში

ახალშენის პირველი საჯარო სკოლის საჭიროებებზე საუბრობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა თურმანიძე.

„რაც შეეხება ახალშენის სკოლის საჭიროებებს. ჩვენი სკოლა ჩასმულია რეაბილიტაციის გეგმაში, ველოდებით მის დაწყებას. დანარჩენი კეთილმოწყობილია. გვჭირდება, რა თქმა უნდა, მინირემონტიც.

ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სოფლის სკოლიდან მოსწავლეები წავიდნენ ქალაქის სკოლებში. ჩვენი მისია, მოვალეობაა, რომ ეს მოსწავლეები დავაბრუნოთ და დავუბრუნოთ ჩვენს სკოლას ძველი სახელი,“ – ამბობს გოჩა თურმანიძე.

სკოლიდან მოსწავლეთა გადინებაზე საუბრობს ქართულის მასწავლებელიც.

„სასურველია, სკოლას ჰქონდეს უფრო კარგი პირობები. შეგვიმცირდა მოსწავლეთა რაოდენობა. მე ამ სკოლაში ავიდგი ფეხი, აქ ვსწავლობდი. მახსოვს, ოთხი მეათე კლასიც კი იყო. იმედია, ეს პრობლემა დროებითია და მალე გამოსწორდება,“ – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუბა შამილაძე.

ლუბა შამილაძე

ახალშენის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ალექსანდრე ჩხიკვაძე ამბობს, რომ აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ გართობის და განათლების მიღების ალტერნატიული სივრცე.

„სოფელში მუშაობს მხოლოდ ერთი ცეკვის ჯგუფი სკოლასთან და ფეხბურთის კლუბი. ახალშენის ცენტრში დგას კულტურის სახლი, რომელიც ბოლო ათი წელია რემონტდება. ორი ეტაპი შესრულდა, მესამე ეტაპია, სცენის მოწყობა, რომელიც არ სრულდება. აქ გამგეობას და მერიას უფრო ნაკლები დანაშაული აქვთ, ვიდრე მშენებლებს. მშენებლების უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ მერიამ არ მიიღო ექსპლუატაციაში ეს შენობა.

კულტურის სახლი რომ მუშაობდეს, აქ შეიძლება მოეწყოს ინტერნეტბიბლიოთეკა, პატარა მინითეატრი და ბავშვები დაკავდებიან. მაგალითად, სკოლის შენობაში იყო თოჯინების თეატრი. ახლა სკოლას აღარ აქვს საშუალება, რომ თოჯინების თეატრმა იმუშაოს, მაგრამ შეიძლება აქ მოეწყოს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბავშვებზე,“ – ამბობს ალექსანდრე ჩხიკვაძე.

ალექსანდრე ჩხიკვაძე

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. მერიაში გვითხრეს, რომ ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას.

მთავარი ფოტო: ნინი დევაძე და ანა აბულაძე, ახალშენის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები


Exit mobile version