მთავარი,სიახლეები

ცემა ქუჩებში პატრიარქის სახელით – რას ამბობენ საპატრიარქოში

28.06.2023 •
ცემა ქუჩებში პატრიარქის სახელით – რას ამბობენ საპატრიარქოში

ბოლო დღეებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ქუჩებში ცემა დაიწყეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს მიშა მშვილდაძეს, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელს ზურაბ ჯაფარიძეს, ენმ-ს სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს. თავს დაესხნენ ლევან ბერძენიშვილს.

მანამდე კი ქვები დაუშინეს ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს და  სტუდენტებს სცემეს თსუ-ში.

თავდამსხმელები ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს ზურგიდან ეპარებიან და ისე ურტყამენ. დავით ოსიყმიშვილს კი ისე სცემეს, რომ კლინიკაში მოხვდა, მას სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

მოძალადეები თავდასხმის მიზეზად ძირითადად პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფას ასახელებენ.

პირები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკოსებს თავს დაესხნენ და შემდეგ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერეს

ასე იყო, მაგალითად, მიშა მშვილდაძისა და ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში.

„დასწავლილი ფრაზა დაიძახეს, რომ პატრიარქს ვაგინებ. არ შემიგინებია პატრიარქისთვის, ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, პატრიარქისთვის მე არ მიგინებია“, – ამბობს მიშა მშვილდაძე მედიასთან.

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ პირველად მისი პარტიის წევრმა, ანა ყურაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია. სწორედ ის წერდა, რომ თავდამსხმელმა ძალადობის დროს პატრიარქის სახელი ახსენა.

„პატრიარქზე როგორ ლაპარაკობო და დაარტყა“, – წერდა ანა ყურაშვილი.

ჯაფარიძესა და მშვილდაძეზე თავდამსხმელებმა ფეისბუქზე  აღიარების იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს, სადაც ამბობენ, რომ ჯაფარიძე და მშვილდაძე „ჩვენი შვილების გარყვნისთვის, პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის იცემა“.

რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს, მას რუსთაველზე ერთი მოქალაქე მიუახლოვდა და დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

„დამინახა თუ არა, ერეკლეს დაცვა და დედის გინება დამიწყო. მომზადებული იყო, ლექსიკის მიხედვით წაიდუდუნებდა. კვერცხი ჰქონდა ჯიბეში, თურმე ასე დადიან მოქალაქეები, ჯიბეში კვერცხით“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ძალადობრივი ჯგუფები ცოტა ხნის წინ ბაკურიანში ქვებით მიუვარდნენ ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე მოზარდებს. მაშინ თავდამსხმელები ლგბტ პროპაგანდას იყენებდნენ თავდასხმის მოტივად.

უფრო ადრე კი, სტუდენტებს სცემეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებმაც ირაკლი კობახიძის პრორუსული განცხადებები გააპროტესტეს და მას რუსული რუბლები დააყარეს თავზე.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კლინიკაში იარაღითაც კი მიაკითხა ნაცემ სტუდენტს.

მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები არაერთი პირი ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად ახალისებს ძალადობას.

მაგალითად, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარიამ ღიად დააანონსა ფიზიკური ძალადობა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მათ „რუსს“ დაუძახებს.

„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს“, – განაცხადა მან პარლამენტში.

ძალადობისკენ ამ მოწოდებას იწონებს და ახალისებს მისივე კოლეგა „ოცნებიდან“ ნინო წილოსანი. ქალი დეპუტატის თქმით, დარწმუნებულია, რომ ოდიშარია და მდინარაძე ამ დანაპირებს აუცილებლად შეასრულებენ.

ოდიშარიასა და წილოსანს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ მოწოდებების შემდეგ ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ქუჩებში მათთვის მიუღებელ ადამიანებს და არის თუ არა მათი განცხადებები ძალადობის წახალისება?

კითხვებს „ოცნების“ დეპუტატებმა არ უპასუხეს.

ვინც ძალადობას აქტიურად ახალისებს „ქართული ოცნებიდან“, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

„არ დავგმობ, პირიქით, წავახალისებ და ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ! ჩემი ოჯახის ამწიოკებელზე, ჩემი გუნდის წევრის გამლანძღველზე და შემგინებელზე ძალადობას არ დავგმობ“, – წერს სამხარაძე ფეისბუქში.

რადგან მოძალადეები პატრიარქისა და ეკლესიის სახელით სდევნიან ადამიანებს ქუჩებში, ჩვენ საპატრიარქოსაც ვკითხეთ, თუ რას ფიქრობენ პატრიარქის დაცვის მოტივით ქუჩებში ადამიანების ცემაზე და იცის თუ არა ამის შესახებ თავად პატრიარქმა?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პატრიარქმა ეს ამბები არ იცის. თუმცა ის საპატრიარქოს მხრიდან რაიმე ოფიციალური განცხადების გაკეთებას და ძალადობის ამ ფორმით დაგმობის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ძალადობას ყოველთვის ვემიჯნებით, მაგრამ… ყოველ ასეთ შემთხვევაზე კომენტარს ხომ ვერ გავაკეთებთ. საპატრიარქო და პატრიარქი არასოდეს მოუწოდებს არავის ძალადობისკენ ჩვენდამი შეურაცხყოფის საპასუხოდ, მაგრამ თვითონ საპატრიარქოს მიმართ ძალიან უხამსი და ინტენსიური შეურაცხყოფები ისმის.

ამიტომ ჩვენგან ამისი დაბალანსების მოთხოვნა პარალელურად, იმის მოთხოვნის გარეშე, რომ შეწყვიტონ საპატრიარქოზე ასეთი თავდასხმები და პატრიარქზე, მე მგონი, რომ არაფრისმომცემია“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ირიბად ემხრობით ამ ძალადობას? – ვკითხეთ მას. რაზეც ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა:

„ასე რატომ მისვამთ შეკითხვას? მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ. როდესაც 4 500 გადაცემა აქვთ ტელევიზიებს გაკეთებული უხამსი და ნეგატიური საპატრიარქოს მიმართ და პატრიარქის მიმართ.“

შესაძლოა ყველას არ მოსწონდეს საპატრიარქო ან ხელისუფლება, ამიტომ მათი კრიტიკა  ამართლებს ადამიანების ქუჩაში ცემას? – ისევ ვკითხეთ მას.

ჯაღმაიძემ გვიპასუხა, რომ – „არა“. თუმცა დასძინა, რომ ამ პრობლემის პრევენცია უნდა მოხდეს იმ ხალხის მხრიდან, ვინც მათ აკრიტიკებს.

მას დაახლოებით ისეთივე პოზიცია აქვს ამ საკითხზე, როგორც ბექა ოდიშარიას, რომელიც ოპონენტებს ენაზე კბილის დაჭერისკენ მოუწოდებს.

„გამოსავალი არის, რომ ცოტა დააბალანსონ თავიანთი საუბრები და მოქალაქეები არ იქნებიან ასე გაღიზიანებული“, – გვითხრა მან.

ისევე როგორც საპატრიარქო, „ქართული ოცნებაც“ ამ შემთხვევაში ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს გაბრაზებული მოქალაქეები ესხმიან თავს ადამიანებს და ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული პროცესი.

„ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი ხოლმე და ყველა ადამიანს არ აქვს ერთნაირად მოთმენის საშუალება, როგორც ჩანს. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, თორემ ჩვენგან არ მოგისმენიათ მშვიდობაზე მოწოდება?

თუ ამ მოწოდებებს არ ითვალისწინებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი მოწოდება არის ერთი და მათი ლანძღვა საპატრიარქოს მიმართ არის ასი. ამიტომ შეუძლებელია ამის პრევენცია გავაკეთოთ.

თუმცა პატრიარქის სახელით ადამიანების დევნა არ შეიძლება, ეს გვაყენებს უხერხულ მდგომარეობაში“, – გვითხრა ჯაღმაიძემ.

მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ, ოფიციალურად მოუწოდოთ ამ ადამიანებს ძალადობის წინააღმდეგ? – ისევ ვკითხეთ მას, რაზეც ჯაღმაიძემ თქვა, რომ „ეკლესიის სახელით არ შეიძლება არავისი ცემა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ“, თუმცა დასძენს, რომ ამ თემაზე ოფიციალური განცხადების გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: