მთავარი,სიახლეები

ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

30.06.2023 • 1723
ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

„ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია,  არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე,“ – მიიჩნევს იურისტი ანა თავხელიძე. ის განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოძალადესთან, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

„ბათუმელები“ გუშინ, 29 ივნისს, წერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ 12 წლის გოგოზე მოძალადე კაცს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, მოსამართლე ციცინო მოსიძემ კი, ეს შეთანხმება დაამტკიცა: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულს ჩაუთვალეს პირობით. ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელი არ მოუხდია.

„ბათუმელებმა“ ანა თავხელიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტია:

  • ქალბატონო ანა, მთავარი არგუმენტები გვითხარით: რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმება, როცა საქმე ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ეხება? 

საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ საშეღავათო ღონისძიებას იყენებენ. თუ სასამართლო იმსჯელებს და შედგება საქმის არსებითი განხილვა, გაცილებით მკაცრი იქნება სასჯელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რაც ეხება 12 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობას, სასამართლო, არსებითი განხილვის შემთხვევაში, დაადგენდა სექსუალურ ძალადობას და სასჯელი იქნებოდა მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის შემსუბუქება ავტომატურად გულისხმობს წახალისებას. არსებობს პოლიტიკა, როცა შესაძლებელია სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე მოძალადეებმა პასუხისმგებლობას თავი დააღწიონ. ხშირია პრაქტიკაც, როდესაც სექსუალურ კავშირს ამყარებენ 16 წლამდე ასაკის ბავშვთან, შემდეგ კი, სასჯელს რომ თავი დააღწიოს მოძალადემ, მიუთითებენ, რომ ფაქტობრივად თანაცხოვრობენ, ოჯახი შეიქმნა და საპროცესო შეთანხმებით სრულდება ამ საქმის განხილვა.

პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა იყოს მკაცრი – ბავშვებს, რომლებზეც ძალადობენ, ფიზიკური და მორალური ზიანი ადგებათ, მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა, რომ შედეგები, რისკები გაითვალისწინონ. დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, მათ არ ასწავლიან სექსუალურ განათლებას და ეს საკითხები არ იციან. არ იცის მოზარდმა, მაგალითად, არასასურველი ორსულობა როგორ უნდა აიცილოს, საკუთარი ჯანმრთელობა როგორ დაიცვას.

  • ხომ არ შეიძლება აქ არგუმენტი იყოს ის, რომ მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაინახა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგებოდა არსებითი განხილვის შემთხვევაში? 

თუ მოსამართლე ხედავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ მან არ უნდა დაამტკიცოს ასეთი საპროცესო შეთანხმება. თუ ხედავს მოსამართლე, რომ მაღალია გამამართლებელი განაჩენის მიღების ალბათობა, მაშინაც მან არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება.

  • ფეისბუქპოსტში წერდით, რომ, ფაქტობრივად, ბავშვზე მოძალადეს სასჯელი აარიდეს. თანაბრად იკვეთება ამ შემთხვევაში როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს პასუხისმგებლობა? 

დიახ, ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია, რომ არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.

მოსამართლეს არ აქვს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ვალდებულება, ამავდროულად, მოსამართლეს შეუძლია შეთანხმების პირობების შეცვლაც მოითხოვოს. მოსამართლემ შეიძლება უთხრას მხარეებს, რომ კონკრეტული პირობებით შეძლებს დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. ამ დროს მოსამართლე სთხოვს მხარეებს, შეთანხმდნენ ახალ პირობებზე. 12 წლის ბავშვის საქმეზეც შეიძლებოდა მოსამართლეს მინიმუმ ეთქვა, რომ 4-წლიანი პირობითი სასჯელი არ არის ადეკვატური სასჯელი და მოთხოვნა შესაძლოა ყოფილიყო რეალურ სასჯელზე, ანუ როცა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდის სასჯელს მოძალადე.

  • თუმცა რეალური სასჯელი გააუარესებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას. 

დღევანდელი მოცემულობით, რეალურად ამ საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში, მინიმალური სასჯელი იქნებოდა 7 წელი. შუალედი რეალურად ძალიან დიდია – 4 წლით პირობით სასჯელსა და 7 წელი რეალური თავისუფლების აღკვეთას შორის.

  • უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ტერმინი „გაუპატიურება“. თქვენი დამოკიდებულება როგორია? 

გაუპატიურების დეფინიცია ჩვენს კანონმდებლობაში არის ხარვეზიანი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, მათ შორის, „სტამბოლის კონვენციას“, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც ამბობს, რომ გაუპატიურება არის სექსუალური ხასიათის ქმედება პირის თანხმობის გარეშე, ჩვენთან კი, თანხმობა არ არის დანაშაულის შემადგენელი ნაწილი.

ჩვენ კანონმდებლობაში გაუპატიურების შემადგენელი ნაწილია: ძალადობა, ძალადობის მუქარა და უმწეო მდგომარეობის გამოყენება. ეს სამი გარემოება კი, საერთაშორისო კანონმდებლობით არის გაუპატიურების დამამძიმებელი გარემოება და არა მაკვალიფიცირებელი. ჩვენს პრაქტიკაში სასამართლო ითხოვს, რომ გაუპატიურების დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გამოყენებას, ფიზიკური დაზიანებები იყო თუ არა, მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას უწევდა თუ არა, ან შშმ პირია და იყო უმწეო მდგომარეობაში. გაუპატიურების მთელი რიგი შემთხვევებია, როცა თანხმობა არ გაუცია მსხვერპლს, მაგრამ სასამართლოს უმეტესად გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, 16 წლიდან არის შესაძლებელი თანხმობის ასაკი სექსუალურ ურთიერთობაზე. კანონი ამბობს, რომ 16 წლამდე ბავშვის თანხმობა ვალიდური არ არის, მით უმეტეს, როდესაც 12 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ აცნობიერებდეს, რა არის ამ ქმედების შედეგი.

ამას სამართლებრივად ჰქვია ნების დამთრგუნველი გარემოება. ფორმალურადაც არ უნდა ჩაითვალოს, რომ თანხმობა გაცემულია და მსგავსი შემთხვევები უნდა გავუტოლოთ გაუპატიურების შემთხვევებს. კანონი რომ შეიცვალოს და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ გაუპატიურება არის სექსუალური კავშირი პირის თანხმობის გარეშე.

არსებობს ნების დამთრგუნველი გარემოებები. რთულია გადაჭრით თქმა, თუმცა მსგავსი შემთხვევები უმეტესად უნდა ჩაითვალოს გაუპატიურებად. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა სახელმწიფო დაამტკიცებს იმას, რომ მოზარდს გაცნობიერებული ჰქონდა სქესობრივი კავშირი, შედეგი და რისკები, აქვს კარგი სექსუალური განათლება. გასათვალისწინებელია ასევე ასაკობრივი სხვაობა მსხვერპლსა და მოძალადეს შორის. ჩვენ შემთხვევაში კი, როცა მინიმალური სექსუალური განათლებაც არ აქვთ ბავშვებს, უმეტესწილად სახეზე გვაქვს ნების დამთრგუნველი გარემოება.

  • რატომ არ იყო ამ დრომდე საკანონმდებლო ინიციატივები, რომ შეიცვალოს, მაგალითად, გაუპატიურების დეფინიცია? 

ბევრჯერ იყო ამ კუთხით ინიციატივა, რომ შეიცვალოს კანონი, არაერთგზის ვიყავით ჩართულები სამუშაო ჯგუფებში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. 2020 წლის დასაწყისში, მაგალითად, დეტალურად გავიარეთ, რა სახის ცვლილებები იყო საჭირო, თუმცა ამ ცვლილების საპარლამენტო განხილვაზეც კი 4-ჯერ თქვეს უარი. საფუძვლიანი განხილვა არ ყოფილა.

  • გაუპატიურების მუხლი რომ შეცვლილი იყოს უკვე და „12 წლის გოგოს საქმეზე“ ბრალდებული გაუპატიურების მუხლით გაესამართლებინათ, საპროცესო შეთანხმება შესაძლოა მაინც შემდგარიყო?

კი, ეს შესაძლებელია, თუმცა პრობლემაა ის, რომ ქმედებას მინიმუმ სწორი სახელი არ ჰქვია, მით უმეტეს, როცა 12 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ.

ქობულეთშიც, როცა „14 წლის ნინის საქმეზე“ ვმუშაობდით, ვდავობდით, რომ ამ ქმედებისთვის გაუპატიურების შეფასება მიეცათ. იქაც იყო სსკ-ის 140-ე მუხლი. ბავშვი ამბობდა, იმიტომ დავთანხმდი სექსუალური ურთიერთობას, რომ დამპირდა დაქორწინებას, ასევე ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ეს კი გამორიცხავს გაცნობიერებულ თანხმობას.

მე ვიყენებ მსგავს შემთხვევებზე საუბრის დროს ზოგად ტერმინს: „სექსუალური ძალადობა“ , ეს მოიაზრებს გაუპატიურებას და სექსუალური კავშირის სხვა ფორმით იძულებასაც.

  • პროკურატურამ დაარღვია კანონი „12 წლის გოგოს საქმეზე“ ბრალდების აღწერის დროსაც, როცა ჩაწერა „ნებაყოფლობით“? 

არ უნდა დაეწერა პროკურატურას ეს სიტყვა „ნებაყოფლობითი“, მაგრამ ის მიყვება არსებულ კანონს, არ აღიარებს, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობა, ამიტომაც იყენებს ამ ტერმინს „ნებაყოფლობითი“.

რეალურად ამ ფორმულირებით ცდილობენ პასუხისმგებლობა გადაანაწილონ ბავშვზეც. როგორ შეიძლება, 12 წლის ბავშვზე პასუხისმგებლობა გადაანაწილო, რომ შენც თანახმა იყავი და ზიანი თუ მოგადგა, ეს შენი პასუხისმგებლობაცაა? ეს პროკურორის და მოსამართლის პოზიცია გამოდის ამ საქმეში.

პრობლემაა ისიც, რომ ეს ერთჯერადი ფაქტი არ იყო, რამდენჯერმე იყო და ეს კიდევ ცალკე დამამძიმებელი გარემოებაა.

  • როგორია დასავლური პრაქტიკა მსგავს საქმეებზე, მაგალითად, შეიძლება საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს პედოფილიის შემთხვევებზე? 

ზუსტად არ ვიცნობ ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკას, რაც ჩვენთვის რელევანტური იქნებოდა, მაგრამ მაგალითად, მოლდოვის წინააღმდეგ იყო ერთი საქმე, რომელიც გაუპატიურებას ეხებოდა, იქ სასჯელის სახედ გამოიყენეს თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ შემდეგ მსჯავრდებული ამნისტიით გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე E.G. v. Republic of Moldova (application no. 37882/13) განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევის შემთხვევებში, დამნაშავისთვის სასჯელის არიდება ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებს. ევროპული სასამართლო სექსუალურ ძალადობას სწორედ ამგვარ დარღვევად მიიჩნევს.

ჩვენს შემთხვევაში კი, განსხვავება 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და 4 წლით პირობით მსჯავრს შორის, ფაქტობრივად, ეს უტოლდება სასჯელისგან გათავისუფლებას. სასჯელი უნდა იყოს პროპორციული და ეფექტური. პირობითი მსჯავრი კი, ვერ იქნება პროპორციული და ეფექტური.

  • რა პრობლემა გამოჩნდა ყველაზე მწვავედ „12 წლის გოგოს საქმით“? 

ეს არის ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წახალისება, როდესაც კულტურულ-ტრადიციული გავლენების ქვეშ ექცევა მართლმსაჯულების სისტემა, როცა ხელს უწყობს პროკურატურა ადრეულ ასაკში თანაცხოვრების შესაძლებლობას.

ეს არის ბავშვების მიმართ მიყენებული ზიანის უგულებელყოფა.

უმეტეს შემთხვევებში, როცა ამ მუხლით გაუფორმებიათ საპროცესო შეთანხმება, არგუმენტი იყო ფაქტობრივი თანაცხოვრება არასრულწლოვანთან, რომ უკვე ოჯახად ცხოვრობენ, ან უკვე შვილი ჰყავთ, მაგალითად, 15 წლიდან და სახელმწიფო თვალს ხუჭავს საპროცესო შეთანხმებით.

ჩვენი, საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა, სასამართლო კი, პირიქით, უნდა დადგეს ასეთ დროს სადარაჯოზე, რომ არ დაუშვას მსგავსი შემთხვევები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: